განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310118002444235 (N3ბ/599-19)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე- გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები - ილონა თოდუა
შოთა გეწაძე
აპელანტები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე - ვ--–----- მ----------ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება
სააპელაციო საჩივრის განხილვის ფორმა- ზეპირი მოსმენის გარეშე
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტების მოთხოვნა
1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ--–----- მ----------ი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 2 თებრვლის N EL0----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის დაკისრების ნაწილში. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 მარტის ბრძანება N7--- ნაწილობრივ ავტომანქანის ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 26 აპრილის N5---------- გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესახებ სახდელის დაკისრების გაუქმების თაობაზე. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა 2018 წლის 2 თებერვალს ვ--–----- მ----------ის მიმართ შეადგინა N EL0----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც მითითებულია, რომ 2018 წლის 2 თებერვალს, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან ს.გ.პ. სადახლოში შემოვიდა მსუბუქი ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით 3------, რომელსაც მართავდა სომხეთის მოქალაქე ვ--–----- მ----------ი (V---------------- პასპ.ნომ A--------). ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას ავტომანქანის ბენზინის ავზისა და ჰაერის ფილტრის განყოფილებაში აღმოჩნდა არადეკლარირებული სიგარეტი BLACK TIP-500 კოლოფი (1000). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მას სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 2 თებერვლის NEL0----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.15).
ვ--–----- მ----------ის ჩამოერთვა სიგარეტი BLACK TIP-500 კოლოფი და ავტომანქანა VAZ 217--- რაზედაც 2018 წლის 2 თებერვალს შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი N6----------.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი N6---------- (ს.ფ. 80).
ვ--–----- მ----------მა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 2 თებერვლის NEL0----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 მარტის N7--- ბრძანებით ვ--–----- მ----------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 მარტის N7--- ბრძანება (ს.ფ. 22-26).
ვ--–----- მ----------მა N5---------- საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 2 თებერვლის NEL0----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 მარტის N7--- ბრძანების ბათილად ცნობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ვ--–----- მ----------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში ასახულია დავების განხილვის საბჭოს დასაბუთება, რომლის მიხედვითაც, არსებობს მნიშვნელოვანი ალბათობა იმისა, რომ ავტომობილი მომავალშიც იქნეს გამოყენებული არადეკლარირებული საქონლის მალულად გადასატანად. ამასთან, ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ, აღნიშნული სამართალდარღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენებაც საბჭომ მართლზომიერად მიიჩნია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება (ს.ფ. 28-36).
2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მხოლოდ ავტომანქანის ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად.
ამავე კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 2 თებერვლის N EL0----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 მარტის N7--- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი წარმოადგენს საგადასახადო მოთხოვნას და განიხილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, თუმცა, იგი იმავდროულად საგადასახადო სამართალდარღვევის დადგენისა და დამრღვევისთვის სანქციის შეფარდებას ახდენს, რის გამოც მისი კანონიერების შეფასების მიზნით უნდა შემოწმდეს ასევე სამართალდარღვევის დადგენისა და სახდელის დაკისრების ზოგად პრინციპებთან შესაბამისობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სახდელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება ის ზოგადი საწყისები, რომლებიც განაპირობებს სამართლიანი სახდელის დაკისრებას, პირის დასჯას მის მიერ ჩადენილი ქმედების თანაზომიერად. მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რაც სანქციის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გატარების აუცილებელი პირობათაგანია (სუს 11/04/2012 Nბს-1655-1627(კ-11) გადაწყვეტილება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა ვ--–----- მ----------ის მიმართ შეადგინა N EL0----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად შემოტანის გამო. მას საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის საფუძველზე შეეფარდა საგადასახადო სანქცია: ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო სრულად არ დააკმაყოფილებს მის მოთხოვნას, ითხოვდა სანქციის შემსუბუქებას, კერძოდ დაკისრებულ სანქციათაგან - სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში გაუქმებას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულად ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რადგან სამართალდარღვევის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით და საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებით, ვ--–----- მ----------ს ერთი და იმავე ქმედების ჩადენისთვის ორჯერ დაეკისრა პასუხისმგებლობა. კერძოდ, მის მიმართ შეადგინეს ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის #4/ა-44-18 დადგენილებით მას დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. ამ არგუმენტზე დაყრდნობით, მოსარჩელის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ დაუშვებელი იყო ერთი ქმედებისთვის ორი სხვადასხვა ნორმის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრება. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის ეს არგუმენტი, რადგან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსარჩელეს პასუხისმგებლობა დაეკისრა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის გადაზიდვისთვის. კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად: აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა - გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ორი ათას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით 15 დღემდე ვადით.
განსახილველი დავის ფარგლებში სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ვ--–----- მ----------ს პასუხისმგებლობა დაეკისრა არა ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, არამედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის საფუძველზე, რომელიც პასუხისმგებლობას აწესებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანის ან გადმოტანისათვის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
ამდენად, სამართალდარღვევის ქმედების შემადგენლობა არის სხვადასხვა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე დარღვევა ერთი და იმავე საქონლის საბაჟო საზღვარზე გადაადგილებით იყოს ჩადენილი. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა პასუხისმგებლობას აწესებს დეკლარირების გარეშე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საქონლის გადაადგილებისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე და 218-ე მუხლებით დადგენილი წესების დარღვევით, ხოლო ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსი - სავალდებულო აქციზური მარკის დართვის გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისთვის, რაც თავისი შინაარსით წარმოადგენს სხვა დარღვევას, კერძოდ - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე და 192-ე მუხლებით დადგენილი წესის დარღვევას. სწორედ ამით არის განპირობებული ორი სხვადასხვა ნორმით პასუხისმგებლობის დაწესება.
ამგვარად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ მომხდარა კანონის დარღვევა და იმ ქმედებისთვის სანქციის დაკისრება, რომლისთვისაც მას ერთხელ უკვე დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულად ბათილად ცნობის თაობაზე არ არის დასაბუთებული.
სასამართლომ მიიჩნიაა, რომ მოსარჩელეს ჩადენილი დარღვევისთვის დაეკისრა ზედმეტად მკაცრი სახის ღონისძიება და მიიჩნია, რომ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში დაკისრებული სახდელი უნდა გაუქმდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ამ ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
მოცემული ნორმის გრამატიკული განმარტებიდან გამომდინარე, მისი შინაარსი გულისხმობს, რომ პირის მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქონლის შემოტანის შემთხვევის გამოვლენისას სამართალდამრღვევს შეიძლება, შეეფარდოს სამი სახის სანქციათაგან ერთ-ერთი, ორი ან - სამივე ერთდროულად. სასამართლო განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული სამივე სანქციის გამოყენება გულისხმობს გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის ყველაზე უფრო მკაცრი ზომის გამოყენებას. ,,ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (სუს 11/04/2012 Nბს-1655-1627(კ-11) გადაწყვეტილება).
მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა როგორც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, ისე - სასამართლო განხილვის ფარგლებში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების დასაბუთების მიზნით მიუთითეს მათ მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაზე, რაც უფლებას ანიჭებდა მათ, თავისუფლად შეერჩიათ რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტილებიდან ერთ- ერთი.
დისკრეციული უფლებამოსილების ცნება, მისი გამოყენების ფარგლები და წესი მოწესრიგებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, რომლის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ხოლო ამავე კოდექსის მე-6-7 მუხლების თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორ ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგს ადგენს და აძლევს ორგანოს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს. თუმცა, როდესაც საკითხი ეხება ადმინისტრაციული გადაცდომისთვის პასუხისმგებლობის დამდგენ სამართლებრივ ნორმებს, მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში დაწესებულია რამდენიმე ალტერნატიული სანქცია, მათ შორის - რამდენიმე სანქციის კუმულატიურად გამოყენების შესაძლებლობა, ამგვარი ალტერნატივის დაწესება გამოწვეულია ჩადენილი სამართალდარღვევის სიმძიმის, ასევე - კონკრეტული საქმის ობიექტური თუ სუბიექტური მახასიათებლების მრავალფეროვნებით. სახდელის სახეები ერთმანეთისგან განსხვავდება სიმძიმის მიხედვით და შეუძლებელია, კანონმდებელი აწესებდეს სხვადასხვა სიმძიმის სახდელთაგან ერთ-ერთის თვითნებურად შერჩევის შესაძლებლობას. ამდენად, რამდენიმე სახდელის ალტერნატივის დაწესებით კანონი მათი შერჩევის თავისუფლებას კი არ ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს, არამედ - სახდელის შერჩევა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ჩადენილი ქმედების სიმძიმის და სხვა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების ადეკვატურად. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, იგი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ მინიმალურ სტანდარტს, ხოლო კანონით შეთავაზებული არჩევანის გამოყენების მიზანშეწონილობას სასამართლო ვერ შეაფასებს. სახდელის შეფარდებისას კი ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია სახდელის შეფარდებისათვის დადგენილი ზოგადი პრინციპებით. პასუხისმგებლობის ზომის შერჩევა სწორედ კანონიერების მკაცრი დაცვის ფარგლებში უნდა განხორციელდეს და საქმის გარემოებათა მიხედვით ყოველთვის არის შესაძლებელი შერჩეული სანქციის შესაბამისობის შემოწმება.
საგადასახადო სანქციის ცნებას განმარტავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლიც მიხედვითაც, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოთვლის საგადასახადო სანქციის სხვადასხვა სახეებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიმძიმის მიხედვით. ეს მუხლი აწესებს ასევე საგადასახადო სანქციის დაკისრების ზოგად პრინციპებს, როგორიცაა ერთი და იმავე ქმედებისთვის ორჯერ დასჯის აკრძალვა, სახდელთა შეკრების პრინციპი, ასევე აწესრიგებს სხვა საკითხებს. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა არ შეიცავს პირდაპირ რეგულირებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მონაცემები უნდა მიიღოს მხედველობაში სახდელის შემფარდებელმა ორგანომ სახდელის შერჩევისას, თუმცა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული საყოველთაო თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ სხვადასხვა სიმძიმის სახდელების დაწესება, სულ მცირე, არ უნდა იწვევდეს ერთსა და იმავე პირობებში უთანასწორო მოპყრობას. შესაბამისად, სახდელის შეფარდებისას, სამართალდარღვევის ბუნებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი მახასიათებლები, როგორიცაა: ჩადენილი ქმედების ხასიათი, სიმძიმე და ქმედების სხვა ობიექტური ფაქტორები, დამრღვევის პიროვნება, ბრალის ხარისხი და სხვა სუბიექტური მახასიათებლები. სწორედ ამ მონაცემების მიხედვით ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს სანქციის კონკრეტული სახე.
სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო სანქციის სახე დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, შესაბამისად, სანქციის ამ სახის გამოყენება სხვა სახის სახდელთან ერთად, რომელიც თავის მხრივ, ასევე საკუთრების უფლების ჩამორთმევას გულისხმობს, დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დარღვევების შემთხვევაში და მის გასამართლებლად არ არის საკმარისი მოპასუხეთა არგუმენტი მასშტაბურად გავრცელებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანთან დაკავშირებით. სამართალდარღვევის ჩადენის ინდივიდუალური თუ ზოგადი პრევენცია, თავისთავად, წარმოადგენს სანქციის ერთ-ერთ მიზანს, განსაკუთრებით კი - ისეთი სახის სამართალდარღვევის, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, თუმცა, ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას და დაუშვებელია, ერთი სახის სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა მიმართ განურჩევლად ერთგვაროვანი მიდგომა. გასათვალისწინებელია საქონლის ოდენობა, მისი შემდგომი რეალიზაციით გამოწვეული სავარაუდო ზიანის მოცულობა, დამრღვევის პიროვნება, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესაძლო გავლენა მის ქონებრივ მდგომარეობაზე და სხვა ფაქტორები. მოცემულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ მიიღეს მხედველობაში ამგვარი ინდივიდუალური გარემოებები.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ--–----- მ----------ის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 მუხლით გათვალისწინებული სანქციის სამივე სახის გამოყენება, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წარმოადგენს ზედმეტად მკაცრ ღონისძიებას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი სანქციის - 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის და ქონების ჩამორთმევის გამოყენება სრულად უზრუნველყოფს სანქციის მიზნების მიღწევას და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეუსაბამოდ ამძიმებს სანქციას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლომ ნაწილობრივ ბათილად ცნო სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 2 თებერვლის N EL0----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 მარტის N27--- ბრძანება, სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება - სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის თაობაზე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის №3/2904-18 გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში უკანონოა, იურიდიულად დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2018 წლის 2 თებერვალს სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ საბაჟო კონტროლის ზონაში სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა მსუბუქი ავტომანქანა სომხეთის სახელმწიფო ნომრით 3------, რომელსაც მართავდა სომხეთის მოქალაქე ვ--–----- მ----------ი. ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა არადეკლარირებული, დამალული საქონელი, 500 კოლოფი (10000 ღერი) სიგარეტი BLACK TIP, რომელიც მოთავსებული იყო ავტომანქანის ბენზინის ავზსა და ჰაერის ფილტრში.
სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე შედგენილია №EL0----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 2018 წლის 5 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.03.2018 წლის №7--- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულს არ დაეთანხმა გადასახადის გადამხდელი და საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, რომლის 2018 წლის 26 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ვ--–----- მ----------ის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 მუხლით გათვალისწინებული სანქციის სამივე სახის გამოყენება, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წარმოადგენს ზედმეტად მკაცრ ღონისძიებას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს აზრით, ნაკლებად მკაცრი სანქციის - 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის და ქონების ჩამორთმევის გამოყენება სრულად უზრუნველყოფს სანქციის მიზნების მიღწევას და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეუსაბამოდ ამძიმებს სანქციას.
აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და მიაჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას, ხოლო საქონლის დეკლარირება არის ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას. საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა. ზოგადი დეკლარირება კი არის საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენა, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის. დეკლარირებული მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით კი საბაჟო კონტროლი ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ნაწილია.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილია, რომ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე საქონელი ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ ადგილზე გაფორმებას“, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმებიდან საქონლის გატანამდე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას“.
სსკ-ის 215-ე მუხლით დადგენილია საქონლის შემოტანის, გატანის და გაფორმების წესები, რომლის მიხედვით საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან შემოტანილი საქონლის წარდგენისას კი ხორციელდება ზოგადი დეკლარირება.
სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის გაფორმების მიზნით წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო დეკლარაცია, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება სასაქონლო ოპერაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი რეგისტრაციის დღიდან საბაჟო დეკლარაცია არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, აგრეთვე შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები. ხოლო საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
სსკ-ის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საგადასახადო სამართალდარღვევის შემადგენლობისას საკმარისია მხოლოდ სახეზე იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც განასხვავებს სწორედ მას სხვა ადმინისტრაციული სამართალდღვევებისგან.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
აღსანიშნავია, რომ საბაჟო დეპარტამენტის 17.04.2018 წლის №3---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ინტერვიურებისას მოსარჩელემ განაცხადა, რომ იგი არ გადაადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, მათ შორის სიგარეტს, ამასთან, სადავო ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალით დაფიქსირებულია დამალული საქონელი.
მოსარჩელე არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. მაგრამ მიაჩნია, რომ ერთი ქმედებისათვის, კერძოდ 500 კოლოფი სიგარეტის საბაჟო საზღვარზე უკანონო გადმოტანისათვის დაეკისრა როგორც ადმინისტრაციული, ასევე საგადასახადო პასუხისმგებლობა, მაშინ როცა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთიდაიმავე დანაშაულისათვის.
გადამხდელის არგუმენტი, რომ ერთი ქმედებისათვის დაეკისრა როგორც ადმინისტრაციული, ასევე საგადასახადო პასუხისმგებლობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლს, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ვ--–----- მ----------ს სანქცია შეეფარდა არა ერთიდაიმავე სამართალდარღვევისათვის, არამედ ერთი ქმედებით ჩადენილი ორი სამართალდარღვევის გამო (პირველი - საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილება - რაც განიხილება საგადასახადო სამართალდარღვევად სსკ 284-ე მუხლის მე-14 ნაწილის საფუძველზე, და მეორე - აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა - რაც დასჯადია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155-ე სეკუნდა მუხლით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.
ამავე კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ.“ და „ო“ ქვეპუნქტების თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ:
დ.გ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 1 კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, აგრეთვე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;
ო) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი, აგრეთვე 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, აგრეთვე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელებისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
ამდენად, 2018 წლის 2 თებერვალს სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ საბაჟო კონტროლის ზონაში შემოსული ავტომობილის დათვალიერების შედეგად ავტომანქანის ბენზინის ავზსა და ჰაერის ფილტრში აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი (10000 ღერი სიგარეტი) რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ოდენობას აღემატება და ექვემდებარება დეკლარირებას და გაფორმებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ხოლო მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
ამასთანავე, სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 3000 ლარამდე ღირებულების აქციზური საქონლის გადაადგილებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მისგან მალულად. მოსარჩელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ, აღნიშნული სამართალდარღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენებაც მართლზომიერად უნდა იქნეს მიჩნეული. ვინაიდან არსებობს მნიშვნელოვანი ალბათობა იმისა, რომ ავტომობილი მომავალშიც იქნას გამოყენებული არადეკლარირებული საქონლის მალულად გადასატანად.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული პირი ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე (91 შესვლა/გასვლა) და მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოქმედი საბაჟო პროცედურები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სანქციების გადასახადის გადამხდელის მიმართ სრულად გამოყენება კანონშესაბამისია. ამდენად, აპელანტს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.
წარმომადგენელი აპელირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "ლ" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი, რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, საგადასახადო სამართალდარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ვალდებულია გამოიკვლოს სამართალდარღვევის ჩადენის ის გარემოება, რომლებიც მნიშვნელოვანია სანქციის შეფარდებისათვის, შეაჯეროს საჯარო და კერძო ინტერესები და მიიღოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სანქციის შეფარდებისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ისეთ საკითხს, როგორიცაა საგადასახადო პასუხისმგებლობის მიზნები.
აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს პოზიციას დისკრეციულ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ვ--–----- მ----------ის მიმართ მიღებული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მასში განსაზღვრული შესაბამისი სანქცია კანონიერია. განმარტავს, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობა წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება საჯარო ქონებრივი ინტერესების აღსადგენად, წარმოშობილი ზიანის კომპენსირებისთვის, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.
შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა დისკრეციულ უფლებამოსილების ფარგლებში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, როგორიცაა სამართალდამრღვევის პიროვნება, ქმედების განზრახულობა, სამართალდამრღვევის საზოგადოებრივი საშიშროება, სამართალდარღვევის სიხშირის ზრდის ტენდეციები და მსუბუქი სახდელის შეფარდების შესაძლო უარყოფითი შედეგები. მიუთითებს, რომ გახშირებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, მიუთითებს, რომ 2017 წლიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გაზრდამ განაპირობა ფასების მნიშვნელოვანი სხვაობა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, სადაც აღნიშნული საქონელი საგრძნობლად იაფია. ამდენად, მსუბუქი სანქციის გამოყენება ვეღარ უზრუნველყოფს სამართალდარღვევის ჩადენის პრევენციას.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მითითებებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილი ადგენს: საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოების განმარტებებს და მიიჩნევს, ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო სანქციის დაკისრების პროცესში მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას სახდელის დადების პროცესში გაითვალისწინოს და მხედველობაში მიიღოს სანქციის პროპორციულობა და თანაზომიერება.
სააპელაციო სასამართლო კვლავაც ყურადღებას მიაქცევს საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსს და აღნიშნავს, ამ შემთხვევაშიც, როგორც პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმათა უმეტეს ნაწილში, დაწესებულია რამდენიმე ალტერნატიული სანქციის, მათ შორის რამოდენიმე სანქციის კუმულატიურად გამოყენების შესაძლებლობა, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ცალკეული გადაცდომა მათი ერთგვაროვანი შინაარსის მიუხედავად, ყოველთვის ხასიათდება კონკრეტული ობიექტური თუ სუბიექტური მახასიათებლებით, გადაცდომის სიმძიმით, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადექვატურობას.
ზაკ-ის მე-7 მუხლი ადგენს: 1. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; 2. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მითითებული ნორმის შინაარსს და თვლის, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულვებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების პროცესში ყურადღების მიღმა ვერ დარჩება ცალკეული პირის სუბიექტური უფლებები, მათ შორის საკუთრების უფლება, რომლის შეზღუდვა საჭიროებს განსაკუთრებულ დასაბუთებას. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების პროცესში პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც ის იქნა გატარებული.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტების მითითება იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და სანქცია დაკისრებულია კერძო და საჯარო ინტერესთა პროპორციულობის საფუძველზე. აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოები ვერ ასაბუთებენ, რითია განპირობებული გამოყენებული სანქციის, კონკრეტულად სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარდაუვალობა და, რატომ ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზანს სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე სანქციის შეფარდება.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოთვლის საგადასახადო სანქციის სხვადასხვა სახეებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიმძიმის მიხედვით. ეს მუხლი აწესებს ასევე საგადასახადო სანქციის დაკისრების ზოგად პრინციპებს, როგორიცაა ერთი და იმავე ქმედებისთვის ორჯერ დასჯის აკრძალვა, სახდელთა შეკრების პრინციპი, ასევე აწესრიგებს სხვა საკითხებს. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა არ შეიცავს პირდაპირ რეგულირებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მონაცემები უნდა მიიღოს მხედველობაში სახდელის შემფარდებელმა ორგანომ სახდელის შერჩევისას, თუმცა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული საყოველთაო თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ სხვადასხვა სიმძიმის სახდელების დაწესება, სულ მცირე, არ უნდა ატარებდეს რეპრესიულ ხასიათს და ეწინააღმდეგებოდეს სამართლიანობის პრინციპს.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ სადავო სანქციის სახე დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, შესაბამისად, სანქციის ამ სახის გამოყენება სხვა სახის სახდელთან ერთად, რომელიც თავის მხრივ, ასევე საკუთრების უფლების ჩამორთმევას გულისხმობს, დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დარღვევების შემთხვევაში და მის გასამართლებლად არ არის საკმარისი მოპასუხის არგუმენტი მასშტაბურად გავრცელებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანთან დაკავშირებით. სამართალდარღვევის ჩადენის ინდივიდუალური თუ ზოგადი პრევენცია, თავისთავად, წარმოადგენს სანქციის ერთ-ერთ მიზანს, განსაკუთრებით კი ისეთი სახის სამართალდარღვევის, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, თუმცა, ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას და დაუშვებელია, ერთი სახის სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა მიმართ განურჩევლად ერთგვაროვანი მიდგომა. გასათვალისწინებელია საქონლის ოდენობა, მისი შემდგომი რეალიზაციით გამოწვეული სავარაუდო ზიანის მოცულობა, დამრღვევის პიროვნება, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესაძლო გავლენა მის ქონებრივ მდგომარეობაზე და სხვა ფაქტორები. მოცემულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ მიიღეს მხედველობაში ამგვარი ინდივიდუალური გარემოებები.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის საგადასახადო კოდექსის 1552-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის სამივე სახის გამოყენება, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წარმოადგენს ზედმეტად მკაცრ ღონისძიებას. სანქციის სახით 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება და საქონლის ჩამორთმევა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სრულად უზრუნველყოფს სანქციის მიზნების მიღწევადობას და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეუსაბამოდ ამძიმებს სამართალდამრღვევის მდგომარეობას.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტები სააპელაციო საჩივრებში ვერ უთითებენ იმ გარემოებებზე, რომელიც გაამართლებდა შეფარდებული სანქციის ერთობლიობაში გამოყენების აუცილებლობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული იმ გარემოებებზე, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
საპროცესო ხარჯები:
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე: გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები: ილონა თოდუა
შოთა გეწაძე