განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.08.2019
საქმის ნომერი
020210018002726919
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
20.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020210018002726919

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-449-2019 20 აგვისტო, 2019 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

აპელანტი - შპს მ-----

წარმომადგენელი - ს--–--------------–--ე

მოწინააღმდეგე მხარე - ც---- ს---------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს მ-----ს ც---- ს---------ს სასარგებლოდ დაეკისრა 8000 ლარის გადახდა. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 24.01.2017 წ ც---- ს---------მ ინტერნეტის მეშვეობით მიიღო ინფორმაცია, რომ მოქალაქე ზ------ ჭ-------- ყიდდა სატრანსპორტო საშუალებას (,,მერსედეს ბენც“ 350, გამოშვების წელი 2007, ძრავის მოცულობა 3500, ფერი თეთრი) 21665 ლარად და გადაწყვიტა მისი შეძენა (ყიდვა). თვითონ მხოლოდ 8000 ლარი ჰქონდა და გადაწყვიტა 13500 ლარის დამატება საკრედიტო დაწესებულებებისგან სესხის მიღების გზით. ნაცნობის რჩევით მივიდა შპს მ-----ში სადაც აღუთქვეს დახმარება ავტომანქანის შეძენაში. საბოლოოდ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლითაც გაერთიანდა მისი თანხა 8000 ლარი (მოპასუხის ზეპირი მოთხოვნით იგი შეიტანა შპს მ-----ს ანგარიშზე), შპს მ-----ს თანხა 13500 ლარი, რაც კონვერტაციის შემდეგ გადაურიცხეს გამყიდველს და შეიძინეს ავტომანქანა. ავტომობილი დარეგისტრირდა შპს მ-----ს კუთვნილებაში, თუმცა მფლობელობაში გადაეცა მოსარჩელეს. ხელი მოეწერა ხელშეკრულებას სათაურით ფინანსური ლიზინგის ხელსეკრულება. შედგა შპს მ-----სთვის მისი კუთვნილი ავტომანქანის შესაძენად გამოყენებული თანხის დაბრუნების გრაფიკი, რომელიც ითვალისწინებდა ყოველთვიურ გადახდას მოპასუხის სასარგებლოდ. ხელშეკრულებაში, შესაბამისად გადახდის გრაფიკში მხარეთა შეთანხმებით შევიდა რამდენიმე ცვლილება, თუმცა მისი შესრულება ცვლილებების მიუხედავად მოსარჩელემ ვერ შეძლო. 13.04.2017 წ–დან 04.03.2018 წ–მდე ც---- ს---------ს შპს მ-----ს სასარგებლოდ გადახდილი აქვს 8600 ლარი. 01.06.2018 წ მდგომარეობით მას დაუგროვდა მოპასუხის დავალიანება 15658 ლარის ოდენობით. ამის გამო შპს მ-----მ განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და 07.06.2018 წ მიიღო ბრძანება, რომლითაც შპს მ-----ს დაუბრუნდა ც---- ს---------ს მფლობელობაში არსებული ავტომანქანა. ც---- ს---------მ გაასაჩივრა აღნიშნული ბრძანება. ამ საჩივრის საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.10.2018 წ განჩინებით გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 07.06.2018 წ ბრძანება და შპს მ-----ს განცხადება დარჩა განუხილველად. ამ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ც---- ს---------ს შპს მ-----სგან ავტომობილი სარგებლობაში კი არ მიუღია და მისი ქირავნობის საზღაურს კი არ იხდიდა, არამედ მან ფული ისესხა ავტომანქანის შესაძენად, რაც შპს მ-----მ თავად გადაურიცხა გამყიდველს (ზ------ ჭ--------ს) და სწორედ, ამ თანხის დაბრუნების ვალდებულება იკისრა ც---- ს---------მ დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად. სასამართლომ მიუთითა, რომ სინამდვილეში ც---- ს---------ს ქირა კი არ უნდა გადაეხდა, არამედ ანიუტეტური მეთოდით, ე.ი. პერიოდულად, თანაბარი გადახდებით სესხი უნდა დაეფარა. სააპელაციო პალატის დასკვნით 24.01.2017 წ ,,ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება“ და მასში ცვლილების შეტანის თაობაზე 08.05.2017 წ ხელშეკრულება რეალურად უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაა, რაც ნიშნავს, რომ განმცხადებელს სასამართლოსთვის ლიზინგის ხელშეკრულება არ წარუდგენია. 2.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 10.10.2018 წ განჩინების გამოტანამდე აღსრულდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 07.06.2018 წ ბრძანება. 29.09.2018 წ ავტომანქანა სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულების ფარგლებში გადაეცა შპს მ-----ს. ავტომანქანა გაიყიდა აუქციონზე 14840 ლარად და ამჟამად იგი შპს ლ------ ჯ--------ს საკუთრებაშია. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.10.2018 წ განჩინება იმავე მხარეებს შორის, რომლითაც დადგენილია, რომ 24.01.2017 წ სადავო ხელშეკრულებით მხარეები ერთმანეთთან არიან არა ლიზინგის, არამედ სესხის სამართლებრივ ურთიერთობაში. 2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317–ე მუხლის 1 ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. 2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385–ე მუხლით ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი. 2.6. უსაფუძვლოდ გამდიდრება გვაქვს მაშინ, როცა ერთი პირის ქონებრივი ზრდა ხდება მეორე პირის ქონების შემცირების ხარჯზე და აღნიშნული ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი წარმოადგენს უსაფუძვლოდ გამდიდრების ზოგად ნორმას, რომლის საფუძველზეც შეიძლება მოთხოვნის დაყენება უსაფუძვლოდ გამდიდრებული პირის მიმართ, რომ მან აღადგინოს სტატუს კვო. ხოლო სამოქალაქო კოდექსის 976-990-ე მუხლები შეიცავს უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებულ სპეციალურ შემთხვევებს. 2.8. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ც---- ს---------მ ვალდებულების გარეშე სესხის 13500 ლარის მისაღებად 8000 ლარი ჩაურიცხა შპს მ-----ს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს მ-----მ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. 2017 წლის 24 იანვარს შპს მ-----სა და ც---- ს---------ს (პ/ნ 1----------) (შემდგომში ლიზინგის მიმღები) შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება L24012017/0063 , რომლთაც ლიზინგის მიმღებს მფლობელობაში გადაეცა ავტომობილი MERCEDES BENZ E350, VIN კოდი W----------------, გამოშვების წელი 2007, ძრავის მოცულობა 3500, ფერი თეთრი. მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს გააჩნდათ ხელშეკრულების დადების თავისუფლება, რაც თავის თავში მოიცავს როგორც კონტრაჰენტის არჩევის თავისუფლებას, ისე ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის თავისუფლებას. ცხადია თავად ც---- ს---------ს ინიციატივას წარმოადგენდა შპს მ-----სთვის მიმართვა, რომელსაც უნდა შეეძინა ავტომობილი და სალიზინგო ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე აღერიცხა შპს მ-----ს სახელზე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებული იყო ანიუტეტური მეთოდით გადაეხადა ლიზინგის ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხა. ცხადია, შპს მ-----სა და ლიზინგის მიმღებ ც---- ს---------ს შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება და ამასთანავე დეტალურად განემარტა მას ხელშეკრულების პირობები, რის შემდგომაც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შევიდა სახელშკრულებო ურთიერთობაში შპს მ-----სთან. სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა დაყრდნობოდა მოსარჩელე მხარის ზეპირ განმარტებას ვითომ მან 13500 ლარი შპს მ-----სგან მიიღო სესხის სახით, რადგან საქმეში დაცული მასალებიდან ნათლად ირკვევა, რომ მხარეეს შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება და აღნიშნული 13500 ლარი წარმოადგენს ავტომობილის ღირებულების საფასურს - ლიზინგის თანხას. შესაბამისად, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია სადავო ფაქტობრივი გარემოების და მით უფრო არასწორი გარემოების უდავო ფაქტობრივ გარემოებად მითითება სასამართლოს მიერ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ევალებოდა დეტალურად შეესწავლა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა და ისე უნდა მიეღო გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ შპს მ-----სა და ლიზინგის მიმღებ ც---- ს---------ს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, ლიზინგის მიმღებმა შეარჩია ზ------ ჭ--------ს საკუთრებაში არსებული ავტომობილი, რომლის შესაძენადაც მიმართა მ-----ს. მხარეთა შეთანხმების შედეგად ავტომობილის მთლიანი საფასურის 21500 ლარის ნაწილი, 8000 ლარი წარმოადგენდა თავად ლიზინგის მიმღების თანადაფინანსებას, შესაბამისად სწორედ მის მიერ განხორციელდა შპს მ-----სათვის ლიზინგის ხელშეკრულების მიზნიდან გამომდინარე 8000 ლარის ჩარიცხვა, რომელიც ლიზინგის გამცემმა ლიზინგის თანხასთან (13 500 ლარი) ერთად გადაურიცხა ავტომობილის მესაკუთრე ზ------ ჭ--------ს, რასაც ნათლად ადასტურებს სს თ----- ბანკის 2017 წლის 24 იანვრის N1485254588 საგადახდო დავალება. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ შპს მ-----ს ანგარიშის გავლით გადაცემული თანამონაწილეობის თანხის 8000 ლარის ლიზინგის თანხასთან 13500 ლართან ერთად ავტომობილის გამყიდველისათვის გადაცემის (გადარიცხვის) ფაქტი ც---- ს---------ს არ გაუხდია სადავოდ. მეტიც ლიზინგის მიმღები დეტალურად იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ სწორედ ლიზინგის მიზნებიდან გამომდინარე განხორციელდა როგორც თანამონაწილეობის თანხის გადარიცხვა, ისე ავტომობილის შპს მ-----ს საკუთრებად აღრიცხვა. 3.2. შპს მ-----მ ლიზინგის მიმღებ ც---- ს---------ს შესთავაზა სალიზინგო ურთიერთობაში შესვლა, რაც გულისხმობდა შპს მ-----ს მიერ ავტომობილის შეძენას და ც---- ს---------სთვის მის მხოლოდ მფლობელობაში გადაცემას ლიზინგის საფასურის სრულად გადახდის შემდეგ მისი გამოსყიდვის უფლებით. ც---- ს---------ს დეტალურად განემარტა ხელშეკრულების პირობები, რის შემდგომაც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ლიზინგის მიმღები შევიდა სახელშკრულებო ურთიერთობაში შპს მ-----სთან. 3.3. სს თ----- ბანკის 2017 წლის 24 იანვრის N1485254588 საგადახდო დავალებიდან ნათლად ჩანს, რომ ზ------ ჭ--------ს გადაერიცხა 21500 ლარი. ამასთანავე ც---- ს---------მ თანამონაწილეობის თანხა 8000 ლარიც ეროვნულ ვალუტაში ჩარიცხა შპს მ-----ს ანგარიშზე, შესაბამისად ნათელია, რომ არავითარ კონვერტაციას ადგილი არ ქონია. გაურკვევლია საიდან დაადგინა სასამართლომ, რომ მოპასუხის მოთხოვნით ჩარიცხა ც---- ს---------მ მითითებული 8000 ლარი. შპს მ-----ს აღნიშნული თანხა ჩაერიცხა მოსარჩელის სურვილით ავტომობილის გამყიდველისთვის ნასყიდობის თანხის სრულად გადარიცხვის მიზნით, რაც შპს მ-----მ კეთილსინდისიერად განახორციელა და რასაც სასამართლო თვითნაც ადასტურებს. 3.4. ავტომობილის გაყიდვა არ მომხდარა აუქციონის მეშვეობით, ავტომობილის გასხვისება მოხდა პირდაპირი მიყიდვის წესით შპს ლ------ ჯ--------სთვის NAD2018112994 ინვოისის საფუძველზე, ამასთანავე ზემოაღნიშნული ინვოისიდან ირკვევა, რომ შპს მ-----მ ავტომობილი შპს ლ------ ჯ--------ს მიჰყიდა არა 14840, არამედ 14850 ლარად. 3.5. ც---- ს--------- ვალდებული იყო ხელშერულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით ყოველთვიურად გადაეხადა ლიზინგის საზღაური, თუმცა მრავალგზის მოხდა მის მიერ ხელშეკრულების გრაფიკის დარღვევა, რაც საბოლოოდ დასრულდა მის მიერ შპს მ-----სათვის ლიზინგის თანხის გადახდის შეწყვეტით. 27.04.2018 წლის მდგომარეობით ც---- ს---------ს დაუგროვდა 15658,25 ლარის ოდენობით დავალიანება. სწორედ აღნიშნული დავალიანების საფუძველზე მოხდა შპს მ-----ს მიერ მის საკუთრებაში არსებული ავტომობილის დაბრუნება. ხელშეკრულების შეწყვეტიდან (2018 წლის 27 აპრილიდან) 7 თვის შემდგომ 2018 წლის 12 ნოემბერს განხორციელდა ავტომობილის შპს ლ------ ჯ--------სათვის მიყიდვა 14850 ლარად. ავტომობილის გაყიდვის შედეგად ამონაგები თანხა (14850 ლარი) არ ეყო ც---- ს---------ს დავალიანების დაფარვას, იმდენად რამდენადაც ხელშეკრულების შეწყვეტიდან შვიდი თვის განმავლობაში ვერ მოხდა ავტომობილის რეალიზაცია ც---- ს---------ს დავალიანება გაიზარდა 17 585.64 ლარამდე. ავტომობილის რეალიზაციის დღეს ავტომობილის რეალიზაციიდან მიღებული თანხით 14850 ლარით დაიაფარა ლიზინგის ძირი თანხა, პროცენტი და პირგასამტეხლო და დარჩა დავალიანება 1927,39 ლარის ოდენობით, რაზეც მოპასუხე უთითებდა როგორც თავდაპირველ შესაგებლში ასევე სასამართლო პროცესზე. 3.6. ც---- ს---------მ პროცესზე რამდენჯერმე აღნიშნა და მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მას ნამდვილად გააჩნდა დავალიანება შპს მ-----ს მიმართ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, ამასთანავე მისივე თქმით მისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინდა და ლიზინგის თანხა გადაეხადა, თუმცა დისშვილი გაუხდა ცუდად, რის შემდგომაც ვეღარ შეძლო თანხის გადახდა. სამართლებრივი საფუძვლები 3.7. სასამართლომ არასწორად განმარტა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა, კერძოდ მან მცდარად მიიჩნია, რომ მხარეები ერთმანეთთან იმყოფებოდნენ არა სალიზინგო არამედ სასესხო ურთიერთობაში. ზუგდიდის რაიონული სასამართლო 2019 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებაში უთითებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც დაადგინა, რომ ც---- ს---------ს შპს მ-----სგან ავტომობილი სარგებლობაში კი არ მიუღია არამედ მან ფული ისესხა შპს მ-----სგან, რასაც აპელანტი არ ეთანხმება, რადგან როგორც უკვე აღინიშნა მხარეები იმყოფებოდნენ ლიზინგის ხელშეკრულბით გათვალისწინებულ ურთიერთობაში, რადგან დადასტურებული ფაქტია, რომ შპს მ-----მ ც---- ს---------ს სარგებლობაში მართლაც გადასცა ხელშეკრულებით განსაზღვრული ქონება (ავტომობილი), დათქმული ვადით და ამ ქონების შესყიდვის უფლებით, ხოლო ლიზინგის მიმღებმა ც---- ს---------მ იკისრა ვალდებულება გადაეხადა საზღაური ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდულობით. მნიშვნელოვანია, რომ თავად ც---- ს---------ც განმარტავს, რომ სწორედ მის მიერ ინტერნეტის საშუალებით იქნა შერჩეული და განსაზღვრული ქონებაც და სწორედ მის მიერ შეირჩა მიმწოდებელიც (ზ------ ჭ--------). აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, თითქოს შპს მ-----ს და ც---- ს---------ს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო, რადგან ეჭვგარეშეა, რომ სახეზეა სალიზინგო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი კრიტერიუმები, კერძოდ ლიზინგის სამმხრივი ურთიერთობა შესაძლებელია დავყოთ ფუნქციონალური და ქრონოლოგიური თვალსაზრისით შემდეგ ეტაპებად: 1) სასამართლოს მიერ დადასტურებულ ფაქტს წარმოადგენს, რომ ლიზინგის მიმღებმა ც---- ს---------მ თავად შეარჩია, როგორც მიმწოდებელი, ისე ლიზინგის საგანი (ავტომობილი MERCEDES BENZ E350). 2)ც---- ს---------მ ლიზინგის გამცემ შპს მ-----სთან ყოველგვარი ძალდატანების და შეცდომაში შეყვანის გარეშე დადო ლიზინგის ხელშეკრულება და მას დეტალურად განემარტა ხელშეკრულების არსებით პირობებთან დაკავშირებით, ამასთანავე მხარეთა შორის როგორც უკვე აღინიშნა რამდენეჯერმე განხორციელდა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა. 3) ავტომობილის გადაცემის PL24012017/0063 ხელშეკრულება ცხადყოფს, რომ ლიზინგის გამცემმა მიმწოდებელ ზ------ ჭ--------სთან (პ/ნ 1----------), რომელიც თავად ც---- ს---------ს მიერ შერჩეული იყო დადო ნასყიდობის ხელშეკრულება და სწორედ ლიზინგის მიმღები ც---- ს---------სთვის შეიძნა ავტომობილი. 4) ამასთანავე სწორად ხელშეკრულებიდან და მხარის ახსნა განმარტებიდან უტყუარად დასტურდება, რომ ლიზინგის მიმწოდებელმა შპს მ-----მ ც---- ს---------ს გადასცა მფლობელობაში ავტომობილი საბოლოო გამოსყიდვის უფლებით. ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე ცხადია რომ მხარეთა შორის არსებობდა ნამდვილი სალიზინგო ურთიერთობა. 3.8. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე -991-ე მუხლებით გათვალისწინებული უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი, კერძოდ მან ც---- ს---------ს მიერ შპს მ-----სათვის გადარიცხული თანამონაწილეობის თანხა 8000 ლარი მიიჩნია შპს მ-----ს უსაფუძვლოდ გამდიდრების მიზეზად. საკასაციო პალატა საქმეზე ას-472-448-2013 ადგენს პრაქტიკას და ნათლად განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი სუბსიდიარული ხასათისაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ინსტიტუტის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ურთიერთობის სპეციალური მომწესრიგებელი ფორმა, როდესაც იკვეთება უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის გამოყენების უპირატესობა. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ცხადია სსკ-ს 991-ე მუხლი დიდი სიფრთხილით და სიზუსტით უნდა იქნას გამოყენებული, კერძოდ მხოლოდ მაშინ, თუ ვინმე სხვისი ქმედებიდან გამომდინარე სარგებელს ნახულობს. სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებაში საქმეზე N2ბ/4211-13 განმარტებულია, რომ სსკს- 976-ე - 991-ე მუხლებიდან გამომდინარე, პირის ქონების გაზრდა ან დაზოგვა სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილის ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას. მოცემულ ნორმათა ძირითადი დებულება ისაა, რომ სხვა პირის ხარჯზე მიღებული სარგებლის (რაც შეიძლება გამოიხატოს ქონების დაზოგვაშიც) უკან დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი სახეზე არ არის, მაშინ მხოლოდ ქონების დაზოგვა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის დანაწესით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ერთი პირის გამდიდრება, მეორის ხარჯზე. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ობიექტურ შედეგს, კერძოდ, ერთი პირის მიერ, მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელ პირობას წარმოადგენს ასევე ისიც, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა მოხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. მოცემულ შემთხვევაში კი ცალსახაა, რომ ც---- ს---------ს მიერ ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8000 ლარის თანამონაწილეობით შპს მ-----ს უსაფუძვლოდ გამდიდრება არ მომხდარა, რადგან ზემოაღნიშნული ფაქტით მ-----ს ქონების არც გაზრდა მომხდარა და არც ქონების დაზოგვა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა და შპს მ----- ც---- ს---------სთან იმყოფებოდა სასესხო ურთიერთობაში ლიზინგის ურთიერთობის ნაცვლად, ცხადია მაინც იგივე დასკვნამდე მივდივართ, რადგან ც---- ს---------ს მიერ გადახდილი თანამონაწილეობის თანხა შპს მ-----მ მთლიანად ავტომობილის გამსხვისებელს გადაურიცდა და ამით მ-----ს არავითარი სარგებელი არ უნახავს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2017 წლის 24 იანვარს შპს მ-----სა (აპელანტი) და ც---- ს---------ს (მოსარჩელე) შორის დაიდო ხელშეკრულება. 4.2. ამ ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება აპელანტისათვის საკუთრებაში გადაეცა სატრანსპორტო საშუალება, ხოლო აპელანტს მოსარჩელის ან გამყიდველისათვის უნდა გადაეხადა ნასყიდობის ფასი. 4.2.1. ავტომობილის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემის შემდეგ, აპელანტს იგი მისთვის ფლობის, სარგებლობისა და გამოსყიდვის უფლებით უნდა გადაეცა. 4.2.2. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება გადაეხადა სატრანსპორტო საშუალების გამოსყიდვის შენატანები და დარიცხული სარგებელი იმ ვადაში, ოდენობით და ვალუტით, რაც დადგენილი იყო გრაფიკით. 4.2.3. ხელშეკრულების 7.1. პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს აპელანტისათვის უნდა გადაეხადა პროცენტი „სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელი ნაწილისგან დაფინანსებით სარგებლობის მთელი ფაქტობრივი პერიოდის განმავლობაში“ - ე.ი. ფაქტობრივად, თანხის სრულად დაბრუნებამდე. 4.2.4. ხელშეკრულების 12.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში იყო დადგენილ ვალდებულებათა სრულ შესრულებამდე და ითვლებოდა შესრულებულად მას შემდეგ, რაც მოსარჩელე აპელანტს გადაუხდიდა სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელ ნაწილს, დარიცხულ სარგებელს სრულად, აგრეთვე დარიცხულ საჯარიმო პროცენტსა და პირგასამტეხლოს, ხოლო აპელანტი მოსარჩელეს გადასცემდა ავტომობილს საკუთრებაში. 4.2.5. ხელშეკრულების 14.7. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, აპელანტს ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ ფასად გასხვისების უფლება და, იმ შემთხვევაში, თუ ამის შედეგად მიღებული თანხა ვალდებულების სრულად შესასრულებლად საკმარისი არ იქნებოდა, მოსარჩელეს მოთხოვნის მიღებიდან ხუთი დღის განმავლობაში ეს განსხვავება უნდა დაეფარა. 4.2.6. ხელშეკრულების 14.8. პუნქტის თანახმად, სახელშეკრულებო ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემდეგ, მოსარჩელეს ავტომობილი მომსახურების სააგენტოში საკუთარ სახელზე უნდა დაერეგისტრირებინა. მხარეებმა ამ ვალდებულების დარღვევისათვის მნიშვნელოვანი სახელშეკრულებო პასუხისმგებლობაც გაითვალისწინეს. 4.3. ავტომობილის ფასი, რომლის შეძენაც მოსარჩელეს სურდა 21 500 ლარი იყო, თუმცა, მის შესაძენად აპელანტმა მოსარჩელეს მხოლოდ „ლიზინგის (კრედიტის) თანხა“ - 13 500 ლარი გამოუყო. 4.3.1. ავტომობილის შესაძენად საჭირო დანარჩენი თანხა, 8 000 ლარი მოსარჩელემ გადაიხადა. 4.4. მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება აპელანტისათვის გადაეხადა ყოველთვიური სარგებელი, 5% და კრედიტი, 13 500 ლარი, ანუიტეტური მეთოდით დაეფარა 2018 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით. 4.5. 2017 წლის 24 იანვარს აპელანტმა ავტომობილის შესაძენად საჭირო თანხა გამსხვისებელს საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა. 4.5.1. ამის შემდეგ, ავტომობილი შსს მომსახურების სააგენტოში აპელანტის საკუთრებად დარეგისტრირდა, თუმცა აპელანტს იგი ფლობასა და სარგებლობაში არ გადასცემია და ავტომობილს მოსარჩელე ფლობდა. 4.6. ე.ი. საბოლოოდ დადგენილია, რომ: ა) აპელანტმა ავტომობილის შესაძენად გადაიხადა 13 500 ლარი, ხოლო მოსარჩელემ - 8000 ლარი; ბ) მოსარჩელემ იკისრა აპელანტისათვის 13 500 ლარის დაბრუნებისა და საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება; გ) შეძენილი ავტომობილი დარეგისტრირდა აპელანტის საკუთრებად, თუმცა იგი სარგებლობაში მოსარჩელეს გადაეცა; დ) ვალის დაბრუნების შემდეგ ავტომობილი მოსარჩელის საკუთრებად უნდა დარეგისტრირებულიყო; ე) თუ მოსარჩელე ვალდებულებას ვერ შეასრულებდა, ავტომობილი უნდა დაებრუნებინა აპელანტისათვის, რომელიც მოახდენდა მის რეალიზაციას და ვალის დაფარვას; ვ) თუ ამის შედეგად მიღებული თანხა ვალის, ე.ი. 13 500 ლარის, მასზე დარიცხული სარგებლის, პირგასამტეხლოსა და სხვა გადასახდელების დასაფარად საკმარისი არ იქნებოდა, მოსარჩელეს დარჩენილი თანხა უნდა აენაზღაურებინა. 4.7. მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად ვერ შეასრულა და აპელანტმა ავტომობილის მფლობელობაში დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა. 4.8. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის ბრძანებით აპელანტს ავტომობილი დაუბრუნდა. 4.9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ეს ბრძანება გაუქმდა და აპელანტის განცხადება განუხილველად დარჩა. 4.9.1. თუმცა, ამის მიუხედავად, 2018 წლის 12 ნოემბერს აპელანტმა ავტომობილი 14 850 ლარად მაინც გაასხვისა და ამჟამად იგი შპს ლ------ ჯ--------ს ეკუთვნის. სამართლებრივი დასაბუთება 4.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს. 4.10.1. მხარეებმა გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ნაწილში გაასაჩვრეს, რომლითაც აპელანტს მოსარჩელის სასარგებლოდ ავტომობილის შესაძენად გადახდილი 8 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. 4.10.2. ამის შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და პალატა მას ვერ შეამოწმებს. 4.11. პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ, სინამდვილეში, მხარეთა შორის ლიზინგის ხელშეკრულება არ დადებულა. 4.11.1. პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, არსებულ სამართალურთიერთობაში სამი მხარე მონაწილეობდა, მაგრამ ყველა შერეული ხელშეკრულება, რომელშიც რამდენიმე მხარე მონაწილეობს, ცხადია, ლიზინგი არ არის. 4.12. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია. 4.13.1. ამ ნორმიდან ჩანს, რომ ლიზინგის ხელშეკრულება, შინაარსობრივად, შერეული ხელშეკრულებაა. იგი თავისთავაში მოიცავს შუამავლობას, ნარდობას, ქირავნობასა და ნასყიდობას. 4.12.2. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ლიზინგის მიმღები ირჩევს ქონებას, რომლის ლიზინგით აღებაც სურს და, ასევე - მიმწოდებელს, რომლისგანაც ქონება უნდა მიიღოს. 4.12.3. ამის შემდეგ, ლიზინგის გამცემი მიმწოდებლისაგან იძენს ამ ქონებას. 4.12.4. შეძენილ ქონებას ლიზინგის გამცემი სარგებლობაში გადასცემს ლიზინგის მიმღებს. ლიზინგის მიმღები ქონებით სარგებლობისათვის იხდის საზღაურს, ქირას. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, კი ლიზინგის მიმღებს, შესაძლებელია, ჰქონდეს ქონების შეძენის უფლებაც. 4.12.5. საყურადღებოა, რომ პრაქტიკაში გავრცელებულ ე.წ. სამომხმარებლო ლიზინგის შემთხვევაში (იგი, ჩვეულებრივ, საყოფაცხოვრებო ნივთებზე და, მათ შორის, ავტომობილებზე ვრცელდება), ხშირად, ლიზინგის საგნის ნასყიდობის საფასური პერიოდული გადახდებითაც გამოიხატება და ლიზინგის მიმღები მას ქირასთან ერთად იხდის. 4.13. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ლიზინგის საგნის შესყიდვა ლიზინგის მიმღების უფლებაა და მოვალეობა. 4.13.1. ამის შესაბამისად, სხვა, მსავსი ტიპის ხელშეკრულებებისაგან (სამომხმარებლო კრედიტი, ნასყიდობა გადახდის განვადებით და მისთ.) განსხვავებით ლიზინგის ხელშეკრულება მიმღებს ლიზინგის, ე.ი. ქირავნობის საგნის შეძენის ვალდებულებას არ აკისრებს. 4.13.2. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ლიზინგის მიმღებმა შეიძლება ნივთი ლიზინგის გამცემს დაუბრუნოს და იგი მისგან ნივთის საფასურის გადახდას ვერ მოითხოვს. 4.14. ამრიგად, ლიზინგის ხელშეკრულების საგანი არის ქონება, ჩვეულებრივ - ნივთი და ლიზინგის მიმღების ძირითადი ინტერესი ამ ქონებით სარგებლობა და სარგებლობისათვის ქირის გადახდაა. სწორედ, ამიტომ, ზოგიერთ ქვეყანაში ამ ხელშეკრულებას „ფინანსური ლიზინგის“ ხელშეკრულებას უწოდებენ, რითაც ლიზინგსა და ქირავნობას შორის განსხვავებას უსვამენ ხაზს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თავდაპირველი რედაქციის 580-ე მუხლის თანახმადაც, ლიზინგის ხელშეკრულების მოსაწესრიგებლად ქირავნობის ხელშეკრულების წესები გამოიყენებოდა. 4.14.1. ლიზინგის ხელშეკრულების ამ თავისუბურების გამო, იგი, ჩვეულებრივ, ხანგრძლივი, უმეტეს შემთხვევაში, ნივთის ექსპლუატაციის ვადით იდება. 4.15. საერთაშორისო ფინანური ლიზინგის შესახებ კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის კონვენციაც - UNIDROIT CONVENTION ON INTERNATIONAL FINANCIAL LEASING (Ottawa, 28 May 1988) - ლიზინგის ხელშეკრულების მხარეებს მოიჯარედ (the lessee), მეიჯარედ (the lessor) და მიმწოდებლად (the supplier) აკვალიფიცირებს. 4.15.1. მნიშვნელოვანია, რომ ამ კონვენციის 1 მუხლის მე-3 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, ლიზინგის მიმღებს შესაძლებელია ჰქონდეს ლიზინგის საგნის შეძენის უფლება და არა ვალდებულება. 4.15.2. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი ლიზინგის საზღაურში, ე.ი. გადასახდელ ქირაში ლიზინგის საგნის ამორტიზაციაც და მისი არსებითი ღირებულებაც უნდა იქნას გათვალისწინებული. 4.15.3. ეს მეტად საყურადღებოა ე.წ. სამომხმარებლო ლიზინგის შემთხვევაში. 4.15.4. როგორც აღინიშნა, ამ დროს, ლიზინგის მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, შესაძლოა, ქონების ნასყიდობის საფასურსაც მოიცავდეს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს საფასური ხელშეკრულების პერიოდში ქონების ამორტიზაციას შეესაბამებოდეს - მართლაც, ყოვლად არაგონივრულია, ხელშეკრულების ვადის გასვლისას ლიზინგის მიმღებმა, დავუშვათ, 10 000 ლარად ღირებული ქონება 30 000 ლარად შეიძინოს. 4.15.5. ამის გამო, როგორც სალიზინგო ქირის, ისე ქონების შესყიდვის საფასურის დასადგენად, ჩვეულებრივ, სალიზინგო კომპანიები რთულ და მრავალმნიშვნელიან ფორმულებს იყენებენ. 4.16. თუმცა, რა ფორმულითაც არ უნდა გამოითვალონ მხარეებმა გადასახდელი საზღაურის ოდენობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ლიზინგის ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, ლიზინგის მიმღებს ქონების შესაძენად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს - მან, მხოლოდ, სარგებლობის პერიოდში ქონებით სარგებლობის საფასური უნდა გადაიხადოს. 4.16.1. როგორც აღინიშნა, ლიზინგის საგნის მესაკუთრე ლიზინგის გამცემია. 4.16.2. ამ ვითარებაში, სავსებით ბუნებრივია, რომ ლიზინგის მიმღებს, სხვისი ქონებით სარგებლობისათვის ქირის გადახდა ევალება. 4.16.3. თუმცა, ყოვლად წარმოუდგენელია, მოვალეს დაეკისროს იმ ქონების შესყიდვის საფასური, რომელიც მას არ შეუსყიდია. 4.16.4. სწორედ ამის გამო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის 1 ნაწილისა და 352-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, სამომხმარებლო ლიზინგის მოშლის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემმა ლიზინგის მიმღებს ქონების შესაძენად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნოს. 4.17. ამისგან განსხვავებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 4.17.1. ეს ნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულების საგანი ფული ან სხვა გვაროვნული ნივთია. ამ ხელშეკრულებით გამსესხებელი მსესხებელს ნივთს გადასცემს საკუთრებაში და მსესხებელმა მას იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი უნდა დაუბრუნოს. 4.17.2. სესხი, ჩვეულებრივ, სასყიდლიანია და მას საპროცენტო სარგებელი ერიცხება. 4.18. ამრიგად, ლიზინგის ხელშეკრულების დადების დროს გარიგების საგანი ლიზინგით გაცემული ქონებაა და მხარეთა ინტერესი სწორედ მისკენაა მიმართული. 4.18.1. პალატა აღნიშნავს, რომ ხშირად, სხვადასხვა მიზეზით, პირს ნივთით სარგებლობა სურს, თუმცა მისი შეძენის ინტერესი ან შესაძლებლობა არ გააჩნია. 4.18.2. ეს შეიძლება მოხდეს, მაგ: სამეწარმეო საქმიანობის საწყის ეტაპზე, როცა მისი რენტაბელობა, პერსპექტიულობა და, ამის შესაბამისად, საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარის აუცილებლობა საეჭვოა. 4.18.3. ამ შემთხვევაში, ნივთის შესაძენად ხარჯის გაწევა და მისი შეძენა, შესაძლებელია, მიზანშეუწონელიც იყოს. 4.19. გარდა ამისა, ჩვეულებრივ, ექსპლუატაციის პროცესში ნივთის ღირებულება იკლებს, სწორედ ამიტომ ითვალისწინებს UNIDROIT-ის ზემოხსენებული კონვენცია გადასახდელი ქირის ოდენობის განსაღვრისას ამორტიზაციის ხარჯების გათვალისწინების შესაძლებლობას. 4.20.1. მაგალითისათვის, ავიღოთ ნივთი, რომლის საბაზრო ღირებულებაც, შეძენის მომენტისათის, 50000 ლარია. 4.20.2. თუ პირი ამ ნივთის შესაძენად 5 წლიან სამომხმარებლო კრედიტს აიღებს წლიური 10% სარგებლის შემთხვევაში, ჯამში, დაახლ. 64000 ლარის გადახდა მოუწევს. 4.20.3. თუმცა, ამ დროისათვის ნივთის ღირებულება შეიძლება 2-ჯერაც შემცირდეს და, საბოლოოდ, შემძენი 64000 ლარად გახდება დაახლ. 25000 ლარად ღირებული ნივთის მესაკუთრე. 4.21.4. მეტიც, შესაძლებელია სესხის ვადის გასვლის შემდეგ მას ამ ნივთის შეძენის სურვილი აღარც გააჩნდეს, თუმცა ამაზე უარის თქმის შესაძლებლობა უკვე აღარ ექნება. 4.22. ამისგან განსხვავებით, ლიზინგის შემთხვევაში, იგი არა ნასყიდობის ფასს, არამედ საიჯარო ქირას გადაიხდის, რაც ჩვეულებრივ, ქონების საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. 4.22.1. თუ ზემოთ მოყვანილ მაგალითში საიჯარო ქირა ყოველთვიურად 500 ლარით განისაზღვრება, 5 წლის განმავლობაში მოიჯარეს ქირის სახით 30000 ლარის გადახდა მოუწევს, რაც 64000 ლარზე ბევრად ნაკლებია. 4.22.2. ხოლო თუ ხელშეკრულების ბოლოს საგნის შეძენის სურვილი ექნება, დამატებით, მის ნარჩენ ღირებულებას, ე.ი. 25000 ლარს გადაიხდის. 4.22.3. თავის მხრივ, ლიზინგის გამცემი ლიზინგის საგნით თანაბარ მოგებას მიიღებს - შეძენის შემთხვევაში, ფულით, ხოლო შეძენაზე უარის შემთხვევაში - ნივთის ღირებულებით. 4.23. სწორედ ამიტომ არის ლიზინგი ორმხრივად ხელსაყრელი და ეფექტური საშუალება, როგორც მხარეთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად, ისე წარმოებისა და, ზოგადად, მეწარმეობის განვითარებისათვის. 4.24. როგორც აღინიშნა, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მხარეთა შორის, რეალურად, ლიზინგის ხელშეკრულება დაიდო. 4.25. პირველ ყოვლისა, როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულების საგანი ნივთია. 4.25.1. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ფული არ შეიძლება ლიზინგის საგანი იყოს. 4.25.2. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით კი დასტურდება, რომ, სინამდვილეში, მხარეთა შორის გარიგების საგანი არა ქონებით სარგებლობისათვის საზღაურის გადახდა, არამედ აპელანტის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული ხარჯისა მასზე დარიცხული სარგებლის ანაზღაურება იყო. 4.25.3. ამის შესაბამისად, მოსარჩელეს გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა აპელანტის მიერ თანხის გადახდის ფაქტის საფუძველზე. 4.25.4. ე.ი. ვალდებულებას არა ქონების მიწოდების ფაქტი, არამედ ფულის გადახდა წარმოშობდა. 4.25.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 580-ე მუხლის 1 ნაწილისა და 5801 მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, კი ლიზინგის ხელშეკრულებით ვალდებულების წარმოშობის საფუძველი და ამ ხელშეკრულების მიზანი, სწორედ სარგებლობაში ქონების გადაცემა და მოსარგებლის მიერ მისი მიღებაა. 4.26. ხელშეკრულების 14.8. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემდეგ შეძენილი ქონება, დამატებითი პირობების გარეშე, უნდა გადასულიყო მოსარჩელის საკუთრებაში. 4.26.1. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოსარჩელეს აპელანტისათვის პირგასამტეხლოც კი უნდა გადაეხადა. 4.26.2. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ ხელშეკრულების თანახმად, საგნის საკუთრებაში მიღება არა უფლება, არამედ ვალდებულება იყო, რაც, როგორც აღინიშნა, ლიზინგის ხელშეკრულების არსს ეწინააღმდეგება. 4.27. როგორც აღინიშნა, ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელეს აპელანტისათვის სარგებლის სახით წლიური 60% უნდა გადაეხადა. 4.27.1. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2017 წლის 1 კვარტალში სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 12,2% იყო. 4.27.2. ამის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი იმ დროისათვის კომერციული ბანკების მიერ განსაზღვრულ სარგებელს, თითქმის 5-ჯერ აღემატებოდა. 4.27.3. ე.ი. მოსარჩელეს ნივთის შესაძენად კრედიტი კომერციულ ბანკში რომ აეღო, ბევრად ნაკლები თანხის გადახდა დასჭირდებოდა. ეს კი ლიზინგს ყოველგვარ აზრს უკარგავს. 4.28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. 4.28.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულება საკრედიტო ხელშეკრულებასთან ერთად ქმნის ურთიერთდაკავშირებულ გარიგებას, თუ კრედიტი ემსახურება შესასყიდი ფასის დაფინანსებას და ორივე ხელშეკრულება განიხილება როგორც ეკონომიკური ერთიანობა. ეკონომიკურ ერთიანობად ჩაითვლება, როცა კრედიტის მიმცემი საკრედიტო ხელშეკრულების მომზადების ან დადების დროს გამყიდველის მონაწილეობას იყენებდა. 4.28.2. პალატა აღნიშნავს, რომ ამ ნორმით გათვალისწინებული სამომხმარებლო კრედიტი, ისევე, როგორც ლიზინგი შერეული ხელშეკრულებაა. 4.28.3. სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება სესხსა და ნასყიდობას მოიცავს, ოღონდ, ამ შემთხვევაში, უპირატესად, მხარეთა ინტერესი ფულადი თანხისა და მისი დაბრუნებისკენაა მიმართული. სწორედ ამიტომ ემსახურება ეს ხელშეკრულება შესასყიდი ფასის დაფინანსებას. 4.28.4. როგორც სამომხმარებლო კრედიტის, ისე ლიზინგის ხელშეკრულების შემთხვევაში, კრედიტორი, მოვალის მიერ შერჩეული ნივთის შესაძენად, გამყიდველს უხდის თანხას; ორივე შემთხვევაში იდება ნასყიდობის ხელშეკრულება და ორივე შემთხვევაში შეძენილი ნივთი გადაეცემა მოვალეს. 4.28.5. თუმცა, როგორც აღინიშნა, ლიზინგის დროს მოვალე ამ ნივთის დამქირავებელია და, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, შეიძლება მისი შეძენის უფლებაც ჰქონდეს. 4.28.6. სამომხმარებლო კრედიტის შემთხვევაში, კი ნივთის მესაკუთრე იმთავითვე მოვალეა, თუმცა, შესაძლებელია, ამ ნივთით კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფაც განხორციელდეს. 4.28.7. ვალდებულების შესრულების, ე.ი. ვალის გადახდის შემდეგ ნივთი უზრუნველყოფისაგან გათავისუფლდება. 4.29. პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის, სინამდვილეში, სწორედ სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება დაიდო. 4.29.1. უდავოა, რომ აპელანტმა მოსარჩელის მიერ შესასყიდი ნივთის ფასი დააფინანსა და მოსარჩელეს, სარგებლის ჩათვლით, სწორედ ამ ფასის დაებრუნება დაეკისრა. 4.29.2. სწორედ ამიტომ წამოეშვა მას გადახდის ვალდებულება არა შესყიდული ნივთის მიღების, არამედ აპელანტის მიერ ნივთის შესასყიდად თანხის გადახდის, ე.ი. სესხის გაცემის მომენტიდან. 4.29.3. პალატას მიაჩნია, რომ კრედიტის საფუძველზე შეძენილი ქონებაც აპელანტის საკუთრებად სესხის უზრუნველყოფის მიზნებისათვის ჩაითვალა. 4.29.4. ამას ამტკიცებს ისიც, რომ ვალის გასტუმრების შემდეგ ქონება მოსარჩელეს საკუთრებაში უნდა გადასცემოდა ხელშეკრულების დადებისა და ნასყიდობის ფასის გადახდის გარეშე. 4.29.5. ე.ი. სინამდვილეში, ვალის გადახდის გამო ქონება უზრუნველყოფისაგან უნდა გათავისუფლებულიყო. 4.29.6. პალატის აზრით, სინამდვილეში, მხარეებმა საქართველოში გავრცელებული ე.წ. საკუთრების უზრუნველმყოფი გადაცემა გამოიყენეს. 4.29.7. უზრუნველყოფის ეს ღონისძიება, თავისი შინაარსით, რეგისტრირებული გირავნობის მსგავსია და, ძირითადად, რეგისტრაციასავალდებულო ნივთებზე გამოიყენება. 4.29.8. ამ შემთხვევაში, ქონებაზე გირავნობის რეგისტრაციის ნაცვლად მხარეები უზრუნველყოფის საგანს კრედიტორის საკუთრებად არეგისტრირებენ. ვალდებულების შესრულების შემდეგ კი ქონება კვლავ მესაკუთრეს უბრუნდება. 4.29.9. ამ გარემოებას არ ცვლის ის, რომ გარიგების დადების შემდეგ ავტომობილი შსს მომსახურების სააგენტოში აპელანტის სახელზე აღირიცხა. 4.29.10. როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ #3კ/624-02 საქმეზე 2002 წლის 9 სექტემბერს გამოტანილ გადაწყვეტილებაში განმარტა: „საგზაო პოლიციაში რეგისტრაცია არ არის აუცილებელი პირობა მოძრავ ქონებაზე (მათ შორის, ავტომანქანაზე) საკუთრების გადაცემისთვის. საგზაო პოლიციაში აღრიცხვაზე დადგომა არ არის სამოქალაქო-სამართლებრივი აქტი, იგი ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება, მაგრამ შეიძლება გამოდგეს ერთ-ერთ მტკიცებულებად, რომ ავტომანქანა იმ პირის საკუთრებაა, ვინც რეგისტრირებულია საგზაო პოლიციაში“. 4.30. საინტერესოა, რომ თავად ხელშეკრულებაშიც მოსარჩელის მიერ დასაბრუნებელ თანხას „კრედიტი“, ხოლო გადასახდელ სარგებელს „პროცენტი“ ეწოდებოდა. 4.30.1. ვალიც მოსარჩელეს ანუიტეტური მეთოდით, ე.ი. პერიოდულად, თანაბარი გადახდებით უნდა დაეფარა. ეს მეთოდი კი, ძირითადად, გამოიყენება, სწორედ სასესხო ვალდებულებების დასაფარად და არა გადასახდელი ქირის ოდენობის განსასაზღვრად. 4.31. საყურადღებოა ისიც, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლში განხორციელდა ცვლილებები. 4.31.1. კერძოდ, 2018 წლის 21 ივლისის კანონით მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი და ლიზინგის დაფინანსების თანხა (ლიზინგის საზღაურში შემავალი ყველა დამატებითი გადასახდელისა და ხარჯის გარეშე) 100 000 (ასი ათას) ლარზე ნაკლებია, ლიზინგის გამცემის მიერ ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული“. 4.31.2. 2018 წლის 22 დეკემბრის კანონით ნორმა კვლავ შეიცვალა და, ამჟამად, მისი მე-5 და მე-6 ნაწილები შემდეგი შინაარსისაა: „თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი და ლიზინგის დაფინანსების თანხის გაცემის შედეგად ლიზინგის მიმღების ჯამური ვალდებულებები ამავე ლიზინგის გამცემის მიმართ 200 000 (ორასი ათას) ლარზე ნაკლებია, ლიზინგის გამცემის მიერ საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული. „6. თუ ლიზინგის გამცემი მეწარმეა, ლიზინგის გაცემისას ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთანავე, ლიზინგის გამცემი ვალდებულია დაიცვას ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები საკომისიოსთან, ფინანსურ ხარჯთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით. ამ მიზნებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გამოთვლის წესი“. 4.31.3. ამ ცვლილებების შესაბამისად, სალიზინგო სამართალურთიერთობა, ფაქტიურად, სასესხო სამართალურთიერთობას დაუახლოვდა. 4.31.4. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ არც-ერთ ზემოხსენებულ ნორმატიულ აქტს უკუქცევითი ძალა არ მინიჭებია. 4.31.5. ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე მათი წარმოშობის დროისათვის მოქმედი კანონი უნდა გავრცელდეს. 4.32. თუმცა, სწორედ ამის გამო, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა. 4.33. პალატის აზრით, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იმ შემთხვევაში იქნებოდა, მხარეთა შორის მართლაც ლიზინგის ხელშეკრულება რომ დადებულიყო. 4.33.1. როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის 1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიმწოდებლისაგან ქონებას ლიზინგის გამცემი იძენს და იგი მისი საკუთრება ხდება. 4.33.2. ამრიგად, მხარეთა შორის ლიზინგის ხელშეკრულება რეალურად რომ დადებულიყო, შეძენილი ავტომობილის მესაკუთრე აპელანტი გახდებოდა, ხოლო მოსარჩელე 8 000 ლარს აპელანტის ნაცვლად და მის სასარგებლოდ გადაიხდიდა. 4.33.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). 4.33.5. ამ ნორმის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ, მოსარჩელე ვალდებული იქნებოდა აპელანტისათვის დაებრუნებინა ავტომობილი, ხოლო აპელანტი ვალდებული იქნებოდა მოსარჩელისათვის დაებრუნებინა მის შესაძენად გადახდილი თანხა და, მათ შორის, ცხადია, 8 000 ლარიც. 4.34. მაგრამ, როგორც აღინიშნა, სინამდვილეში, მხარეთა შორის სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც ავტომობილი არა აპელანტმა, არამედ მოსარჩელემ შეიძინა. 4.34.1. ამის შესაბამისად, მოსარჩელემ ვალდებულება არა აპელანტის, არამედ გამყიდველის მიმართ შეასრულა და ამ შესრულებით აპელანტს სარგებელი არ მიუღია. 4.34.2. ამ ვითარებაში, კი მოსარჩელის მიერ გამყიდველისათვის გადახდილი თანხის დაბრუნების ვალდებულება აპელანტს არ გააჩნია. 4.35. ამის გამო, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და რაიონულმა სასამართლომ შეცდომით დააკმაყოფილა იგი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს მ-----ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება ც---- ს---------ს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ც---- ს---------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ც---- ს---------ს შპს მ-----ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 320 ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა

 

1. შპს მ-----ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება ც---- ს---------ს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში;

3. ც---- ს---------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ც---- ს---------ს შპს მ-----ს სასარგებლოდ დაეკისროს 320 ლარის გადახდა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე