განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002229406
საქმე №2ბ/7665-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები - ნატალია ნაზღაიძე,ირაკლი ბონდარენკო
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტები - დ------------–-----–-–---–ი, ზ----ა ს--–-----–-–---–ი
წარმომადგენელი - დ-----------–-–---–ი, გ-----------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე _ დ----- ყ------–-–---–ი
წარმომადგენელი - პ-------------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – აქციების გადაცემის შესახებ გარიგების ბათილად ცნობა, აქციებზე საკუთრების აღდგენა
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ----- ყ------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სს „მ-------------ის“ აქციონერებს - დ----- ყ------–-–---–სა და დ------------–-----–-–---–ს შორის 2015 წლის 5 სექტემბერს, ასევე - დ----- ყ------–-–---–სა და ზ----ა ს--–-----–-–---–ს შორის 2015 წლის 7 ნოემბერს დადებული აქციათა გასხვისების შესახებ შეთანხმება და სს „მ-------------ის“ აქციათა 43.92%-ის მესაკუთრედ ცნობილი იქნა დ----- ყ------–-–---–ი;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. სს „მ-------------ი“ იურიდიულ პირად დარეგისტრირდა 2014 წლის 22 მაისს, რომლის აქციონერებიც იყვნენ - დ----- ყ------–-–---–ი, დ------------–-----–-–---–ი და ზ----ა ს--–-----–-–---–ი.
2.2. კომპანიის საწესდებო კაპიტალმა შეადგინა 440 000 ლარი, რომელიც დაიყო 4 400 ჩვეულებრივ აქციად და ნომინალურ ღირებულებად განესაზღვრა 100 ლარი. საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებაზე თითოეული ჩვეულებრივი აქცია მფლობელს ანიჭებს ერთი ხმის უფლებას.
2.3. საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა აქციონერთა საერთო კრება. სს „მ--------------ის“ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც აირჩევა აქციონერთა საერთო კრების მიერ. ყოველდღიური საქმიანობის მენეჯმენტი კი ხორციელდება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დანიშნული დირექტორის მეშვეობით.
24. დღეის მდგომარეობით, საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ზ----ა ს--–-----–-–---–ი (თავმჯდომარე), დ---- ს---–-----–-–---–ი (თავმჯდომარის მოადგილე/წევრი) და დ------------–-----–-–---–ი (წევრი), რომელიც ამავდროულად საზოგადოების დირექტორია.
2.5. 2014 წლის 30 დეკემბერს განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე შპს „G--------” შეერწყა სს „მ-------------ს“, რომლის საფუძველზედაც სს „მ-------------ის“ კაპიტალი განისაზღვრა 740 000 ლარის ოდენობით, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი დაიყო 7 400 ცალ ჩვეულებრივ აქციად. ერთი ჩვეულებრივი აქციის ნომინალურ ღირებულებად განისაზღვრა 100 ლარით. აქციები აქციონერებს შორის კი განაწილდა შემდეგნაირად:
- დ------------–-----–-–---–ი - 31.08%;
- დ----- ყ------–-–---–ი - 43.92%;
- ზ----ა ს--–-----–-–---–ი - 25%.
2.6. დ----- ყ------–-–---–ს, გარდა სს „მ-----–--------ის“ აქციებისა, საკუთრებაში ჰქონდა შპს „ქ--------------–ის“ 100%-იანი წილი, იგი ამავდროულად იყო მითითებული საწარმოს დირექტორი და მოპასუხეთაგან დამოუკიდებლად ახორციელებდა კონკრეტული საწარმოს ფარგლებში ბიზნეს საქმიანობას.
2.7. შპს „ქ--------------–ი“, როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა სხვადასხვა სუბიექტებთან, მათ შორის სახელმწიფოსთან, რის ფარგლებში ნაკისრი ჰქონდა სხვადასხვა ვალდებულებები.
2.8. შპს „ქ--------------–ის“ მიმართ მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა, რომლის ფარგლებშიც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ედავებოდა საწარმოს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის და ითხოვდა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრებას.
2.9. 2015 წლის 5 სექტემბერს დ----- ყ------–-–---–ს, დ------------–-----–-–---–სა და ზ----ა სალთხუიშვილს შორის დაიდო სამეწარმეო იურიდიული პირის აქციების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც სს „მ--------------ის“ აქციათა 43.92%-ის მფლობელმა დ----- ყ------–-–---–მა კუთვნილი აქციების 18.92% გადასცა დ------------–-----–-–---–ის, ხოლო 25% - ზ----ა ს--–-----–-–---–ს.
2.10. მითითებულ გარიგებაზე 2015 წლის 5 სექტემბერს ხელი მოაწერეს დ----- ყ------–-–---–მა და დ------------–-----–-–---–მა, რაც იმავე დღეს დამოწმდა სანოტარო წესით, ხოლო ზ----ა ს--–-----–-–---–მა ხელმოწერა სანოტარო ბიუროში განახორციელა მოგვიანებით 2015 წლის 7 ნოემბერს.
2.11. იმავე დღეს - 2015 წლის 5 სექტემბერს მხარეთა შორის შედგა დამატებითი შეთანხმება - სს „მ-------------ში“ აქციების განაწილების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც საწარმოს აქციები აქციონერთა შორის გადანაწილდა შემდეგნაირად:
- დ------------–-----–-–---–ი - 33%;
- დ----- ყ------–-–---–ი - 34%;
- ზ----ა ს--–-----–-–---–ი - 33%.
2.12. კონკრეტულ ხელშეკრულებაზეც (მსგავსად აქციების გასხვისების შესახებ გარიგებისა) 2015 წლის 5 სექტემბერს ხელი მოაწერეს მხოლოდ დ------------–-----–-–---–მა და დ----- ყ------–-–---–მა, თუმცა აქციების გასხვისების შესახებ ხელშეკრულებისაგან განსხვავებით იგი სანოტარო წესით არ დამოწმებულა, არამედ გარიგება შედგა მარტივი წერილობითი ფორმის დაცვის გზით.
2.13. 2015 წლის 5 სექტემბრის აქციების განაწილების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, განაწილებამ მოიცვა, როგორც სს „მ-------------ის“ აქტივები, ასევე იმ სხვა სამეწარმეო იურიდიული პირების აქტივებიც, რომლებშიც მონაწილეობენ ხელშეკრულების ხელმომწერი პირები. ამავდროულად, შეთანხმდა, რომ კონკრეტული ხელშეკრულებით აქციების განაწილება არის საბოლოო და ყველა სხვა შეთანხმება ითვლება ძალადაკარგულად.
2.14. მითითებულ ხელშეკრულებაზე ზ----ა ს--–-----–-–---–ს ხელი არ მოუწერია, არც ხელშეკრულების გაფორმებისას და არც მოგვიანებით, განსხვავებით აქციათა გასხვისების შესახებ ხელშეკრულებისა.
2.15. სს „მ--------------ის“ აქციონერებს - დ----- ყ------–-–---–ს, ზ----ა ს--–-----–-–---–სა და დ------------–-----–-–---–ს შორის 2015 წლის 5 სექტემბრის აქციების გასხვისების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ დაიძაბა ურთიერთობა და პერიოდულად მიმდინარეობდა მოლაპარაკება აქციების დაბრუნების ან/და შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ აქციების დათმობასთან მიმართებით.
2.16. ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ისანი-სამგორის სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში 2016 წლის 30 დეკემბერს, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, დ----- ყ------–-–---–ის მიმართ განხორციელებული თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით. სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.17. 2015 წლის 5 სექტემბრის აქციების გასხვისების შესახებ ხელშეკრულება სს „მ-------------ის“ აქციონერებს შორის ხელშეკრულებაში მითითებული შესაბამისი იურიდიული შედეგის (აქციების გასხვისება) დადგომის მიზნით არ დადებულა. აქციონერებს ნამდვილი ნება აქციების გასხვისებასთან მიმართებით არ გამოუვლენიათ და გარიგების დადება რეალურად ემსახურებოდა საზოგადოების ერთ-ერთი აქციონერის - დ----- ყ------–-–---–ის ვალდებულებებისათვის სს „მ-------------ის“ აქციებზე შესაძლო ყადაღისაგან თავის არიდებას.
სადავო გარიგების მოჩვენებითი ხასიათი ვლინდება საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, უპირველესად, კი თავად სადავო გარიგებით, იმავე თარიღში გაფორმებული აქციების განაწილების შესახებ გარიგებითა და ასევე მოწმეთა ჩვენებითაც. ზოგადად მოჩვენებითობის საფუძვლით გარიგების ბათილობის კვლევისას გადამწყვეტია მხარეთა ნამდვილი ნების შეფასება-დადგენა გარიგების გაფორმებისას, რასთან მიმართებითაც მოწმეებმა, როგორც კონკრეტულ ბიზნეს საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებულმა პირებმა დეტალურად აღწერეს გარიგების გაფორმების წინა და შემდგომი პერიოდში მოდავე მხარეთა შორის მიმდინარე საუბრები და რეალური მიზნები, კერძოდ:
- მოწმე ლ---------–---–ის განმარტებით, იგი ბავშვობიდან მეგობრობს დ----- ყ------–-–---–თან, ზ----ა ს--–-----–-–---–თან და დ------------–-----–-–---–თან. მისი მითითებით მოდავე მხარეებმა ერთად დაიწყეს ბიზნეს საქმიანობა, რომელიც კარგად აეწყო და მოგვიანებით სხვა მეგობრებიც დაასაქმეს კონკრეტულ ბიზნესში, მათ შორის პირადად ლ---------–---–იც. მოწმის განმარტებით, ბიზნესის ფარგლებში მხარეებს ყველაფერი საერთო ჰქონდათ, ამასთან დ----- ყ------–-–---–ის სახელზე ირიცხებოდა აქციათა უმეტესი პროცენტი. მოწმის მითითებით, დ----- ყ------–-–---–ს დამოუკიდებლად გააჩნდა სხვა საწარმო - შპს „ქ--------------–ი“, რომელსაც ტენდერი ჰქონდა მოგებული, რის ფარგლებშიც გარკვეული ვალდებულება ჰქონდა ნაკისრი სხვადასხვა პირის, მათ შორის სახელმწიფოს წინაშე. მითითებულ კომპანიას პრობლემები შეექმნა და დადგენილ ვადაში ვერ ახერხებდა ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რასაც შესაძლოა პირადად დ----- ყ------–-–---–თან მიმართებით გამოეწვია გარკვეული თანხების დაკისრება და შესაბამისად მის კუთვნილ ქონებასა და წილებზე ყადაღის დადება. ზ----ა ს--–-----–-–---–მა და დ------------–-----–-–---–მა საერთო კომპანიისათვის პრობლემების არიდების მიზნით დ----- ყ------–-–---–ს სთხოვეს აქციები გადაეფორმებინა მათთვის. დ----- ყ------–-–---–მა თავიდან უარი განაცხადა აქციონერებისათვის გადაეფორმებინა კუთვნილი აქციები და შესთავაზა თავისი ნათესავებისათვის ქონების გადაფორმება, რაზეც წინააღმდეგი იყვნენ მოპასუხეები და ითხოვდნენ აქციები მათ სახელზე გადაფორმებულიყო. მოწმის მითითებით, იმისათვის, რომ სს „მ-------------ს“ არ შექმნოდა პრობლემები დ----- ყ------–-–---–ის ვალდებულებებისათვის, უმჯობესი იყო მოსარჩელეს გადაეფორმებინა კუთვნილი აქციები. ლ---------–---–ის მითითებით, თვითონაც ურჩია დ----- ყ------–-–---–ს აქციების გადაფორმება, რათა ყადაღა არ დადებოდა თავის აქციებს. ზ----ა და დ------------–-----–-–---–ების მითითებითაც პრობლემები შეექმნებოდა მათ საერთო საწარმოს, დაყადაღდებოდა ფირმა და შესაბამისად საფრთხე შეექმნებოდა ყველას ქონებას. აქციების გადაცემის სანაცვლოდ თანხა მიიღო თუ არა დ----- ყ------–-–---–მა მოწმისათვის უცნობია, თუმცა თანხასთან მიმართებით მხარეთა შორის საუბარი არ ყოფილა. მოწმის განმარტებით, თავდაპირველად დ----- ს--–-----–-–---–ი უარს აცხადებდა აქციების გადაცემაზე, მხოლოდ ოჯახის წევრებისათვის დათმობაზე იყო თანახმა, თუმცა გარშემომყოფების რჩევით არ იქნებოდა პრობლემა აქციები დანარჩენი აქციონერებისათვის გადაეცა, რადგანაც ბავშვობის მეგობრები იყვნენ და ამ მხრივ უნდობლობის საფუძველი არ არსებობდა. მოწმისათვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ დ----- ყ------–-–---–მა კუთვნილი აქციები გადაუფორმა მოპასუხეებს. ამავდროულად ცნობილი იყო, რომ ეს წილი უკან უნდა დაებრუნებინა დ----- ყ------–-–---–ს.
- ა-–-------------–----–---–ის ჩვენებით, იგი 2008 წლიდან მუშაობდა მხარეთა საერთო საწარმოში, მეგობრობდა მათთან და იცის, რომ მოდავე მხარეებმა ნულიდან დაიწყეს ყველაფერი. თავდაპირველად ბიზნეს-საქმიანობა დ----- ყ------–-–---–მა და ზ----ა ს--–-----–-–---–მა წამოიწყო და მოგვიანებით დ------------–-----–-–---–იც შეუერთდა მათ. მოწმის განმარტებით, დ----- ყ------–-–---–ს სხვა დამოუკიდებელი კომპანიაც გააჩნდა, სადაც პრობლემები შეექმნა და სწორედ აღნიშნულმა წარმოშვა მხარეთა შორის კონფლიქტი, რადგანაც ძმები ს--–-----–-–---–ები მოითხოვდნენ აქციების დროებით მათთვის გადაფორმებას და პირდებოდნენ დ----- ყ------–-–---–ს, რომ მიღებულ აქციებს უკან დაუბრუნებდნენ. აქციების გადაფორმების შემდგომ დაახლოებით 2016 წლის თებერვალში მხარეთა შორის პერიოდულად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რასაც მამაოც ესწრებოდა. აქციების გადაფორმებასთან მიმართებით ძმები დ----- ყ------–-–---–ს ეუბნებოდნენ, რომ მას პრობლემები შეექმნებოდა, რაც საშიშროებას შეუქმნიდა საერთო კომპანიას და შესთავაზეს აღნიშნულის თავიდან არიდების მიზნით გადაეფორმებინა აქციები დროებით, რომელიც ისევ უკან დაუბრუნდებოდა. მოწმის მითითებით, იგი ერთხელ თუ ორჯერ დაესწრო მათ საუბარს, რა დროსაც ყველაფრის გადაცემას ითხოვდნენ ძმები, დაახლოების 2015 ან 2016 წელი იყო. აქციების გადაფორმების შემდგომ დ----- ყ------–-–---–ი დადიოდა კომპანიაში და აგრძელებდა ჩვეულ საქმიანობას. მოწმის მითითებით, დ----- ყ------–-–---–მა თავდაპირველად განაცხადა, რომ იგი აქციებს გადაუფორმებდა თავის ახლობლებს, თუმცა ძმების განმარტებით, ისინი ახლობლები იყვნენ და მათთვის უნდა გადაფორმებულიყო აქციები, რეალურად კი ვითარება არ შეიცვლებოდა და მაინც ყ------–-–---–ის საკუთრებაში იქნებოდა გადაცემული აქციები. მოწმის განმარტებით, მას შემდგომ რაც გადაფორმდა აქციები და მხარეთა შორის დაიძაბა ურთიერთობა ს--–-----–-–---–ებმა ყ------–-–---–ს აქციები აღარ დაუბრუნეს, თუმცა განუმარტეს, რომ ის თავისას მიიღებდა. მოწმის განმარტებით, აქციების გადაფორმების მიზანი, იყო პრობლემის თავიდან არიდება, დ----- ყ------–-–---–ს ჰქონდა დამოუკიდებელი საწარმო, რომელსაც შეექმნა ფინანსური პრობლემები და იმ მიზნით, რომ მხარეთა საერთო საწარმოზე არ გავრცელებულიყო აღნიშნული, ს--–-----–-–---–ებმა ითხოვეს აქციების მათთვის გადაფორმება. მოწმის მითითებით, გადაფორმების შემდეგ მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, დ----- ყ------–-–---–ს პირდებოდნენ კუთვნილი აქციების დაბრუნებას, თუმცა საბოლოოდ აქციები არ დაბრუნებულა.
- ვ--–------------------ის განმარტებით, იგი 2006 წლიდან დ----- ყ------–-–---–თან, ზ----ა ს--–-----–-–---–თან და დ------------–-----–-–---–თან ერთად ღებულობდა მონაწილეობას აუქციონებში და არსებული ქონებრივი გაუგებრობის გამო 2014-2015 წლებში ჩამოშორდა მათ. მოწმის მითითებით, მხარეებთან ერთად გააჩნდა ერთობლივი საწარმოები და მათთან დაკავშირებული იყო საქმიანი ურთიერთობით, უშუალოდ სს „მ-------------ის“ პარტნიორი იგი არ ყოფილა, თუმცა მისთვის ცნობილია კონკრეტული საწარმოსა და მასში მიმდინარე პროცესების შესახებ. ვ--–------------------ის განმარტებით, ერთ-ერთ საწარმოს, რომელიც დ----- ყ------–-–---–ზე იყო გაფორმებული სახელმწიფოს წინაშე ჰქონდა ვალდებულებები ნაკისრი, თუმცა დადგენილ დროში ვერ ახერხებდა ვალდებულების შესრულებას, რომელიც ეხებოდა დემონტაჟის განხორციელებას. აღნიშნულის გამო მხარეები შეთანხმდნენ, რომ პრობლემების თავიდან არიდების მიზნით აქციები გადაფორმებულიყო დანარჩენი აქციონერებისათვის. მოწმის მითითებით, იგი ესწრებოდა მხარეთა შორის მიმდინარე მოლაპარაკებას, რა დროსაც ძმები მოითხოვდნენ აქციების გადაფორმებას იმ მიზნით, რომ დ---- ყ------–-–---–ზე დაკისრებული სანქციები არ გავრცელებულიყო სს“მ-------------ში“ დ----- ყ------–-–---–ის წილზე და არ დაკარგულიყო კომპანიის ქონება, დ----- ყ------–-–---–მა განმარტა, რომ იგი კუთვნილ აქციებს გადაუფორმებდა ძმას, რაზეც იმ ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ, თუმცა საბოლოოდ აქციები გადაფორმდა ძმებ ს--–-----–-–---–ებზე. მოწმის მითითებით, ძმები კატეგორიულად მოითხოვდნენ ქონების გადაფორმებას, რათა აქციები არ ყოფილიყო დ----- ყ------–-–---–ის სახელზე, საბოლოოდ კი მათ სახელზე გადაიფორმეს. ვ--–------------------ის განმარტებით, იგი უშუალოდ გადაფორმების პროცესს არ შესწრებია, თუმცა იცის, რომ გადაფორმების შემდგომ წილთან დაკავშირებით მხარეთა შორის წარმოიშვა კონფლიქტი.
ამდენად, მოწმეთა ჩვენებებით ცალსახაა, რომ საწარმოს აქციონერთა შორის სადავო გარიგება გაფორმდა რეალურად არა აქციების გასხვისების მიზნით, არამედ სახელმწიფოს წინაშე დ----- ყ------–-–---–ის ვალდებულების არსებობის გამო, რასაც შესაძლოა უარყოფითად ემოქმედა სს „მ--------------ის“ ინტერესებისათვის, კერძოდ ყადაღა დადებოდა კომპანიის აქციებს და საფრთხე შექმნოდა საწარმოს ქონებას. რეალურად ხელშეკრულება გაფორმდა აქციების დროებით გადაფორმების მიზნით, რასაც გარდა მოწმეთა ჩვენებებისა ადასტურებს იმავე თარიღის აქციების განაწილების შესახებ გარიგება, რომლითაც ახლებურად განაწილდა აქციები აქციონერთა შორის. მითითებულ გარიგებასთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ მართალია იგი კონკრეტული დავის საგანი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია მისი შეფასება სადავო გარიგებასთან მიმართებით, რადგანაც კონკრეტული გარიგების გაფორმება, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ადასტურებს, რომ რეალურად დ----- ყ------–-–---–ს აქციების გასხვისების მიზანი არ ჰქონია, არამედ სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულების თავიდან არიდების მიზნით დროებით გადააფორმა იგი დანარჩენ აქციონერებზე.
სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხეთა მტკიცება, თითქოს აქციათა განაწილების შესახებ გარიგებას არ უნდა მიენიჭოს სამართლებრივი მნიშვნელობა, კერძოდ აღნიშნული გარიგება ვერ მიიჩნევა სამართლებრივი ძალის არ მქონედ იმ საფუძვლით, რომ იგი ხელმოწერილია მხოლოდ ორი სუბიექტის მიერ და არ არის დამოწმებული სანოტარო წესით, ასევე არ გაიზიარა მოპასუხეთა მტკიცება, რომ აღნიშნული გარიგება დადებული იყო აქციების გასხვისების შესახებ ხელშეკრულების დადებამდე, რასაც აქარწყლებს თუნდაც ის გარემოება, რომ აქციების გასხვისების ხელშეკრულებით დ----- ყ------–-–---–მა გაასხვისა მისი კუთვნილი 43%, ხოლო აქციების განაწილების შესახებ ხელშეკრულებით დ----- ყ------–-–---–ის აქციები განისაზღვრა 33%-ით, შესაბამისად იმ ვითარებაში თუ წინსწრებად დ----- ყ------–-–---–ისათვის განაწილებული იყო 33%, იგი ვერ შეძლებდა 43%-ის გასხვისებას. ამასთან განაწილების შესახებ გარიგებით პირდაპირ არის განმარტებული, რომ კონკრეტული გარიგებით საბოლოოდ განისაზღვრა წილები და სხვა ცვლილება აღარ დაიშვებოდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს გარემოებას, რომ განაწილების შესახებ გარიგება დაიდო მას შემდგომ, რაც გასხვისდა წილები. ამასთან, აღნიშნულ გარემოებას ვერ აქარწყლებს, ვერც ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი გარიგება დამოწმდა სანოტარო წესით, ხოლო მეორე შედგენილია მხოლოდ მარტივი წერილობითი ფორმის დაცვით, რაც ვერ გააიგივებს მითითებულ დოკუმენტს ე.წ. „სამუშაო“ დოკუმენტად. უპირველესად სასამართლომ აღნიშნა, რომ აქციების გასხვისებისა თუ განაწილების თაობაზე გარიგება ფორმათავისუფალია და მისი ნამდვილობისათვის კანონი არ ადგენს გარკვეული სავალდებულო ფორმის საჭიროებას, მსგავსი ვალდებულება არც კომპანიის წესდებით არის განსაზღვრული, შესაბამისად სანოტარო ფორმის არ არსებობა კონკრეტულ გარიგებას ვერ გახდის სამართლებრივი ძალის არ მქონედ. ამასთან, სასამართლომ დამაჯერებლად მიიჩნია მოსარჩელის მტკიცება, რომ გარიგების სანოტარო წესით დაუდასტურებლობა შესაძლოა ემსახურებოდა გარკვეულ მიზანს, რაც დაკავშირებულია საგადასახადო ვალდებულებების თავიდან არიდებისაკენ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ გარიგების დადების მიზნად მიიჩნია პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება, ლოგიკურია გარიგება, რომელიც ითვალისწინებდა დ----- ყ------–-–---–ისათის წილების დაბრუნებას არ დამოწმდებოდა სანოტარო წესით, რამეთუ მხარეთა მიზანი იყო დროებით გასხვისებულიყო აქციები და არ ყოფილიყო ისინი დ. ყ------–-–---–ის სახელზე, შესაბამისად კონკრეტული დოკუმენტი მას შემდგომ გამოჩნდებოდა, რაც საფრთხე აღარ იარსებებდა. აღნიშნულ ფაქტს ვერ აქარწყლებს ვერც ის გარემოება, რომ დ----- ყ------–-–---–მა თავდაპირველად გაასხვისა 43%, ხოლო განაწილების შესაბამისად მასზე განაწილდა 33%, აღნიშნული გარემოებაც ემსახურებოდა იმ საერთო მიზანს, რაც დაკავშირებული იყო სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულების თავიდან არიდებისაკენ და სამომავლოდ მოჩვენებითი გარიგებით მხარეთა არაკეთილსინდისიერი მიზნების დაფარვისაკენ. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული დოკუმენტის შედგენით დ----- ყ------–-–---–მა ერთგვარად უზრუნველყო სამომავლოდ აქციების დაუბრუნებლობის საფრთხე და გარკვეულწილად განაწილების შესახებ ხელშეკრულების შედგენა ემსახურებოდა შესაძლო რისკების დაცვას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აქციების გასხვისების შესახებ ხელშეკრულების მოჩვენებით ხასიათს.
ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა გარემოებაზე, რომ აქციების განაწილების შესახებ გარიგებას, მსგავსად აქციების გასხვისების შესახებ გარიგებისა, 2015 წლის 5 სექტემბერს ხელი მოაწერა ამ გარიგების მონაწილე მხოლოდ ორმა სუბიექტმა - დ----- ყ------–-–---–მა და დ------------–-----–-–---–მა, შესაბამისად აპელირება, რომ სადავო გარიგების გაფორმებისას მხარეებს რეალურად სურდათ აქციების გასხვისება, უსაფუძვლოა, მხოლოდ იმ გარემოების მოხმობით, რომ განაწილების შესახებ გარიგება არ არის ხელმოწერილი ზ----ა ს--–-----–-–---–ის მიერ. კონკრეტული ორი გარიგება ერთობლიობაში ნათლად წარმოაჩენს მხარეთა რეალურ მიზანს, რაც მდგომარეობდა აქციების დროებით გადაფორმებაში. ამასთან, მოჩვენებითად მოქმედებდა ამ გარიგების („აქციათა გადაცემის შეთანხმება“) მონაწილე სამივე სუბიექტი, მათ შორის - ზ----ა ს--–-----–-–---–ი, რომელმაც მოგვიანებით მხოლოდ აქციების გასხვისების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, ხოლო გარიგებას, რომელიც ახლებურად ანაწილებდა აქციონერებს შორის აქციების პროცენტულ ოდენობას და რომლითაც დ----- ყ------–-–---–ის საკუთრებაში განაწილდა 33% აქცია, არ იქნა ხელმოწერილი ზ----ა ს--–-----–-–---–ის მიერ, რაც ვერ გააქარწყლებს მხარეთა რეალურ მიზანს კონკრეტული გარიგებების გაფორმებასთან მიმართებით. აღნიშნული მტკიცება მყარდება იმ გარემოებითაც, რომ ზ----ა ს--–-----–-–---–ს 2015 წლის 5 სექტემბერს ხელმოწერა არც აქციების გასხვისების ხელშეკრულებაზე დაუფიქსირებია და მხოლოდ 2015 წლის 7 ნოემბერს მოახდინა ნების გამოვლენა.
ამავდროულად, სასამართლოს შეფასებით, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს სათანადო შედავება არ განუხორციელებია და აქციების გადაცემის სანაცვლოდ არ მიუთითებია მათი მხრიდან თანხის გადახდის ფაქტი, ან გარკვეული გაცვლის ან/და ვალდებულების ურთიერთგაქვითვის არსებობა, რითაც მოპასუხე უზრუნველყოფდა გაემყარებინა კონკრეტული გარიგების მიზანი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის ბუნდოვანია, თუ რა ინტერესით განახორციელებდა მოსარჩელე აქციათა უსასყიდლო გასხვისებას. ყოველივემ ერთობლიობაში სასამართლოს შეუქმნა რწმენა, რომ აქციების გასხვისების შესახებ გარიგება არის მოჩვენებითი და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნისაგან (სუსგ, საქმე Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.) არსებული დავის ფარგლებში, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - გარიგების ბათილობის საფუძვლების დამტკიცება, რისი გაქარწყლება მოპასუხემ ვერ უზრუნველყო პროცესში განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად [სსსკ-ს მე-4, 102-ე მუხლები].
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.18. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ სადავოდ გამხდარი - 2015 წლის 5 სექტემბრის აქციების გასხვისების შესახებ შეთანხმების კანონიერების საკითხის გამოკვლევამდე, აუცილებელია შეფასება მიეცეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესს. ანუ, სავალდებულოა იმის გარკვევა – დადგენა, რა შედეგის მომტანი იქნება და რა უფლებაში აღადგენს მოსარჩელეს მითითებული გარიგების ბათილად ცნობა.
დ----- ყ------–-–---–ის მიერ აღძრულია აღიარებითი სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იურიდიული ინტერესის არსებობა, ამგვარი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელემ უნდა მოიპოვოს კონკრეტული უფლება ან აღიკვეთოს მის უფლების რეალიზაციაში ხელშეშლა. ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების (სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის) აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებისას. საკითხის ამგვარი წესით გადაწყვეტის პირობებში, ყურადღება უნდა გამახვილდეს მატერიალური მოთხოვნის პროცესუალურ სარჩულზე, რომელიც წარმოადგენს ურთიერთგადაჯაჭვულ სისტემას, რომლის ელემენტები ერთმანეთს ემყარება და ერთმანეთის საფუძველს ქმნის და თავს იყრის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლში, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
აღიარებითი მოთხოვნის განხილვისას გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად ნამდვილი ინტერესი გააჩნია ამ მოთხოვნის მიმართ მოსარჩელეს და თუნდაც მის მიერ მითითებული გარემოებების გაზიარების შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებით მიიღწევა თუ არა იურიდიული ინტერესი - დარღვეული უფლების ეფექტური დაცვა, ანუ აღიარებითი სარჩელის წარმატებულობა, თანახმად სსსკ-ს 180-ე მუხლისა. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე დ----- ყ------–-–---–ის ითხოვს იმ გარიგების ბათილად ცნობას, რომლის საფუძველზედაც გასხვისდა მისი აქციები, შესაბამისად მოცემული გარიგების ბათილობასთან მიმართებით მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ნათელია, რამდენადაც სადავო გარიგების ბათილად ცნობა განაპირობებს თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენას, რაც მოიაზრებს დ----- ყ------–-–---–ის საკუთრების უფლების აღდგენას სადავო აქციებზე.
2.19. მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დადგენის შემდგომ სასამართლოს შეფასების საგანია აქციების გასხვისების შესახებ გარიგების ბათილობის მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების კვლევა.
სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. გარიგების საფუძველი - ნება, როგორც სუბიექტური კატეგორია, გარიგების აუცილებელი ელემენტია. სამართლებრივ შედეგს იწვევს მხოლოდ ნამდვილი ნების გამოვლენა, რაც გულისხმობს ნების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ნამდვილია ნების გამოვლენა, თუ დაცულია მისი გამოხატვის სამართლებრივი წინაპირობები (მატერიალური და ფორმალური). ნების გამოვლენის მიზანი უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის დადგომა, რომელიც გამოიხატება სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაში, შეცვლასა და შეწყვეტაში. სსკ-ს 50-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი შედეგის დადგომა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ცალმხრივმა, ისე ორმხრივმა ან მრავალმხრივმა ნების გამოვლენამ.
სსკ-ს 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). 327.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხელშეკრულება წარმოადგენს მრავალმხრივ გარიგებას, რომელშიც უნდა მონაწილეობდეს ორი პირი მაინც. მხარეთა მიერ ურთიერთმიმართ გამოვლენილი ნება კი ერთმანეთთან შესაბამისობაში უნდა იყოს. უნდა განიმარტოს, რომ სსკ-ის 56-ე მუხლი ვრცელდება მხოლოდ მიღებასავალდებულო ნების გამოვლინებების მიმართ, სადაც მიზნის მისაღწევად, სულ ცოტა, ორი მხარის მონაწილეობაა სავალდებულო. სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით, მოპასუხეთა ქმედების მართლზომიერების გამოსარკვევად არსებული მოცემულობის შემოწმება უნდა განხორციელდეს მოყვანილი (სსკ-ის 56(1)) მუხლის კონტექსტში. ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. სასამართლოების მიერ არაერთხელ განიმარტა, რომ მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ამგვარი გარიგების შემთხვევაში გამოვლენილია გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედება, რა დროსაც მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის დადგომა და მისი დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. მოჩვენებით გარიგება მხოლოდ გარეგნულად გამოხატული ნების საფუძველზე იდება და მხარეებს არ გააჩნიათ შინაგანი ნება, შესაბამისად მათთვის არც ამ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები არის მისაღები. გარიგება, როგორც წესი, ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მისი უფლება შეილახა. სსკ-ის 56.1-ე მუხლის მიხედვით გარიგების ბათილობის საფუძველი ხელშეკრულების მონაწილე მხარეების ის ფარული (და არა აშკარა) ნებაა, რაც ფორმალურად ხელშეკრულების გაფორმების სურვილს გამოხატავს, რეალურად კი არ ემსახურება იმ მიზანს, რაც გარიგების დადებას უნდა მოჰყვეს შედეგად. სწორედ ამიტომ იწოდება ამგვარი გარიგებები მოჩვენებითად (იხ. სუსგ. №ას-976-908-2017, 22.01.2018წ.)
კონკრეტულ შემთხვევაში, 2015 წლის 5 სექტემბრის აქციების გასხვისების შესახებ ხელშეკრულება სს „მ--------------ის“ აქციონერებს შორის ხელშეკრულებაში მითითებული შესაბამისი იურიდიული შედეგის დადგომის მიზნით არ დადებულა. აქციონერებს ნამდვილი ნება აქციების გასხვისებასთან მიმართებით არ გამოუვლენიათ და გარიგების დადება რეალურად ემსახურებოდა საზოგადოების ერთ-ერთი აქციონერის - დ----- ყ------–-–---–ის ვალდებულებებისათვის სს „მ--------------ის“ აქციებზე შესაძლო ყადაღისაგან თავის არიდებას. სადავო გარიგების მოჩვენებითი ხასიათი დადასტურდა, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, უპირველესად, კი თავად სადავო გარიგების შინაარსით, იმავე თარიღში გაფორმებული აქციების განაწილების შესახებ გარიგებით, ასევე მოწმეთა ჩვენებით. ყოველივემ ერთობლიობაში სასამართლოს შეუქმნა რწმენა, რომ აქციების გასხვისების შესახებ გარიგება არის მოჩვენებითი და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2.20. 2015 წლის 5 სექტემბრის აქციების გასხვისების შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა განაპირობებს კონკრეტული გარიგების დადებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას და შესაბამისად დ----- ყ------–-–---–ის საკუთრების უფლების აღდგენას სადავო 43.92% აქციასთან მიმართებით.
სსკ-ს 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ - ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედებების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად, ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებასა თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას), შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. სასამართლომ კოდექსის 976-ე-991-ე მუხლებიდან გამომდინარე განმარტა, რომ პირის ქონების გაზრდა ან დაზოგვა სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილის ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, არ არის მნიშვნელოვანი რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, სახეზეა შესრულების კონდიქციის სპეციალური შემთხვევა, კერძოდ დ------------–-----–-–---–ისა და ზ----ა ს--–-----–-–---–ის გამდიდრება განპირობებულია 2015 წლის 5 სექტემბრის აქციების გასხვისების შესახებ გარიგებით, რომელიც ბათილად იქნა ცნობილი, შესაბამისად ბათილი გარიგების საფუძველზე გადაცემული ექვემდებარება ვითომ-კრედიტორისაგან დაბრუნებას.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51.1 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სააქციო საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის კაპიტალი დაყოფილია წესდებით განსაზღვრული კლასისა და რაოდენობის აქციებად. აქცია არის არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით. მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით კი, თუ აქციონერთა რაოდენობა 50 ან 50-ზე ნაკლებია, საზოგადოებას შეუძლია აწარმოოს აქციათა რეესტრი თვითონ ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით. შესაბამისად, მოხმობილი ნორმების საფუძველზე, დ----- ყ------–-–---–ს, როგორც სს „მ-------------ის“ აქციონერს, უნდა აღუდგეს საკუთრების უფლება აქციების 43.92%-ზე და მისი აღნიშნული უფლება უნდა დარეგისტრირდეს საწარმოს შესაბამის აქციათა რეესტრში.
2.21. სასამართლომ ასევე მიზანშეწონილად მიიჩნია კონკრეტული გადაწყვეტილების ფარგლებში მოსარჩელის მიერ გარიგების ბათილობისათვის მოხმობილი სხვა ნორმების შეფასება, კერძოდ მოსარჩელემ გარიგების ბათილობის საფუძვლად, გარდა მისი მოჩვენებითობისა, მიუთითა სსკ-ს 53-ე და 360-ე მუხლებით განსაზღვრულ ბათილობის საფუძვლებზე, ასევე - გარდა გარიგების ბათილობისა, ალტერნატიულ საფუძვლად საკუთრების უფლების აღდგენისათვის მითითებულია ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება.
სასამართლომ განმარტა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სადავო გარიგება ვერ იქნება ბათილად მიჩნეული სსკ-ს 53-ე, 360-ე მუხლების საფუძველზე, ასევე დადგენილი ფაქტები არ მიესადაგება ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების წარმოშობას. კერძოდ, სსკ-ს 53-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი. მოხმობილი ნორმა, გარიგების ნამდვილობის წინაპირობად არსებით პირობებზე განჭვრეტადი ნების გამოვლენას მიიჩნევს, რამდენადაც, გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო გარიგება ვერ მიიჩნევა ბათილად სსკ-ს 53-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ დგინდება ის სამართლებრივი საფუძველი, რაც გახდა აქციების გასხვისების წინაპირობა. გარიგების ნამდვილობის მიზნებისათვის გადამწყვეტია ცალსახა იყოს გარიგების შინაარსი, რაც არსებულ ვითარებაში განჭვრეტადია, შედეგობრივი თვალსაზრისით დგინდება მხარეთა ნება აქციაზე საკუთრების უფლების გადაცემასთან მიმართებით. სამართლებრივი კვალიფიკაციის დაუდგენლობა ვერ გახდება გარიგების ბათილობის საფუძველი, რამდენადაც კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედებს „ნების ავტონომიის“ პრინციპი, რაც სამოქალაქო სამართლის სუბიექტებს ანიჭებს კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ხელშეკრულების დადების უფლებას. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავოა ის სამართლებრივი საფუძველი, რაც უდევს საფუძვლად კონკრეტულ გარიგებას, კერძოდ სახეზეა უსასყიდლო (მაგ: ჩუქება), თუ სასყიდლიანი (მაგ: ნასყიდობა, გაცვლა) გარიგება, რაც ზოგადად შედეგს არ ცვლის და ამ მხრივ არ წარმოშობს გარიგების ბათილობის წინაპირობას.
სასამართლოს შეფასებით, სადავო გარიგების ბათილობის საფუძვლად ასევე ვერ გამოდგება, სსკ-ს 360-ე მუხლი, („შეცდომა მორიგების საფუძვლებში“), რომლის შესაბამისადაც - ბათილია ხელშეკრულება, რომლითაც მხარეთა შორის დავა ან დაურწმუნებლობა აღმოიფხვრება ურთიერთდათმობის (მორიგების) გზით, თუ, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ეს მორიგება ემყარება სინამდვილის შეუსაბამო გარემოებებს, და დავა ან დაურწმუნებლობა არ წარმოიშობოდა, მხარეებს რომ საქმის ნამდვილი მდგომარეობა სცოდნოდათ. დაურწმუნებლობას უთანაბრდება, როცა რაიმე მოთხოვნის განხორციელება საეჭვოა. არსებულ ვითარებაში ცალსახაა, რომ გარიგება დაიდო მოჩვენებითად, ანუ მხარეებს კონკრეტული გარიგების დადების მიზანი არ ჰქონიათ, შესაბამისად აღნიშნული საფუძვლის პარალელურად სსკ-ს 360-ე მუხლზე აპელირება არასწორია, რადგანაც ნორმით რეგულირებული შემთხვევა მეტ წილად ეფუძნება გარიგების მონაწილე სუბიექტთა შეცდომას, რა დროსაც ნების გამომვლენ პირს ჰგონია, რომ კონკრეტული გარიგების გაფორმებით მოაგვარებს ამა თუ იმ დავასა თუ დაურწმუნებლობას. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელე ერთ შემთხვევაში ასაბუთებს, რომ მათი მხრიდან გარიგება დაიდო რეალური მიზნის გარეშე, რის გვერდითაც შეცდომასა და გარკვეული მიზნის არსებობაზე მითითება ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდის მოჩვენებით საფუძველთან, რის გამოც მიზანშეუწონელია კონკრეტულ საფუძვლებზე აპელირება და ბათილობისათვის დამატებით საფუძვლად მათი მითითება. ამასთან, კონკრეტული ნორმით რეგულირებულია შემთხვევა, როდესაც არსებობს მხარეთა შორის გარკვეული დავა ან/და დაურწმუნებლობა, ხოლო მოჩვენებითი გარიგებისას სახეზეა მხარეთა ერთობლივი მოქმედება და საერთო მიზანი. კონკრეტულ შემთხვევაში გარიგების გაფორმება არ ისახავდა მიზნად აქციებზე საკუთრების უფლების გადაცემას და შესაბამისად ვერ ვიმსჯელებთ მისი მონაწილე სუბიექტების შეცდომაზე ამგვარი გარიგების გაფორმებისას, რადგანაც თავად მიზნის არ არსებობამ განაპირობა სადავო გარიგების ბათილობა და წინააღმდეგობრივია 360-ე მუხლის კონკრეტულ ვითარებაზე მოხმობა.
ასევე წინააღმდეგობრივია ბათილობისა და გასვლის ნორმების ერთმანეთთან კავშირში განხილვა. მართალია, მოსარჩელემ გასვლაზე მხოლოდ ალტერნატიული საფუძვლით მიუთითა, თუმცა ბათილობისას სახეზეა არანამდვილი გარიგება, ხოლო გასვლის უფლება დაკავშირებულია ნამდვილ გარიგებასთან. კონკრეტული საფუძვლების ალტერნატიულად მითითება გაუმართლებელია მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო კოდექსის 61.2 მუხლით რეგულირებულია უცილოდ ბათილი გარიგების დადასტურების შემთხვევა, რაც გარიგების ხელახლა დადებასთან არის გათანაბრებული. ამასთან, არსებულ ვითარებაზე გასვლის ნორმების მოხმობა მიზანშეუწონელია იმ მხრივაც, რომ გასვლის უფლება დაკავშირებულია ორმხრივ ხელშეკრულებასთან (სსკ-ს 405.1 მუხლი). კონკრეტულ შემთხვევაში კი, 2015 წლის 5 სექტემბრის აქციათა გასხვისების შესახებ ხელშეკრულება თავისი შინაარსით ვერ მიიჩნევა ორმხრივ ხელშეკრულებად, იგი ორმხრივი გარიგებაა, რომელიც მოითხოვს გარიგების მონაწილეთა ნების გამოვლენას, თუმცა კონკრეტული ხელშეკრულება არ წარმოშობს მხარეთა შემხვედრ (ორმხრივ) უფლება-მოვალეობებს. აქციათა გასხვისების შესახებ შეთანხმება ცალმხრივი ხელშეკრულებაა, რა დროსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აღიჭურვა მხოლოდ უფლებით, ხოლო მეორე მხოლოდ ვალდებულებით. სადავო შემთხვევაში საყურადღებოა ფაქტი, რომ მხარეთა შორის სადავოა და დაუდგენელია თავად გარიგების სამართლებრივი კვალიფიკაცია, რაც გადამწყვეტია ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების რეალიზებისათვის, მოცემული გარიგებით არ დგინდება მოპასუხეთა შემხვედრი ვალდებულება, შესაბამისად გასვლის უფლება, რომელიც დაკავშირებულია ორმხრივ ხელშეკრულებასთან კონკრეტულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ,,ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ’’). ამიტომ, სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს სხვა საფუძვლებზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2015 წლის 5 სექტემბრის აქციათა გასხვისების შესახებ გარიგება, მხარეთა ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად არ დადებულა და იგი ბათილია მისი მოჩვენებით დადების საფუძვლით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილების 3.1.11-3.1.13 პუნქტებით სასამართლომ არასწორად დაადგინა 2015 წლის 05 სექტემბერს მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების (სს „მ-------------ში“ აქციების განაწილების შესახებ ხელშეკრულების) დადების ფაქტი. გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტით სასამართლომ არასწორად დაადგინა ასევე ის გარემოება, რომ 2015 წლის 5 სექტემბრის აქციების გასხვისების შესახებ ხელშეკრულება სს „მ-------------ის“ აქციონერებს შორის ხელშეკრულებაში მითითებული შესაბამისი იურიდიული შედეგის (აქციების გასხვისება) დადგომის მიზნით არ დადებულა და აქციონერებს ნამდვილი ნება აქციების გასხვისებასთან მიმართებით არ გამოუვლენიათ, გარიგების დადება რეალურად ემსახურებოდა საზოგადოების ერთ-ერთი აქციონერის - დ----- ყ------–-–---–ის ვალდებულებებისათვის სს „მ-------------ის“ აქციებზე შესაძლო ყადაღისაგან თავის არიდებას. აპელანტის შეფასებით, 2015 წლის 05 სექტემბრის აქციათა გადაცემის ხელშეკრულება დაიდო სწორედ აქციათა გასხვისების მიზნით და იგი არ ემსახურებოდა დ----- ყ------–-–---–ის ვალდებულებების გამო სს „მ-------------ი“-ს აქციებზე შესაძლო ყადაღისაგან თავის არიდებას.
აპელანტი მხარე შენიშნავს, რომ სასამართლომ 2015 წლის 5 სექტემბრის ხელშეკრულება აქციების გადაცემის შესახებ მიიჩნია მოჩვენებით გარიგებად და აღნიშნული დასკვნა უპირატესად დააყრდნო მოწმეთა ჩვენებებს, აგრეთვე, ე.წ. აქციების განაწილების გარიგების დოკუმენტს. აპელანტების მითითებით, აღნიშნული მტკიცებულებები არ ადასტურებდნენ სადავო ხელშეკრულების მოჩვენებით ხასიათს და სახეზე არ იყო სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი თუ სამართლებრივი წინაპირობები. ამის საწინააღმდეგოდ, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ) 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით არ შეაფასა საქმის მასალები, მხარეთა ახსნა-განმარტებები და მოწმეთა ჩვენებები, რომელთა ობიექტური შეფასება არ იძლეოდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. აპელანტები განმარტავენ, რომ სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის ვერსია თითქოსდა დ----- ყ------–-–---–ის აქციათა გადაცემის განმაპირობებელი და მიზანი იყო შპს „ქ--------------–სა“ (რომლის დამფუძნებელი და დირექტორიც იყო დ----- ყ------–-–---–ი) და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის არსებული სამოქალაქო დავა, რომლის ფარგლებშიც სააგენტო ითხოვდა შპს „ქ--------------–ისათვის“ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრებას. აპელანტთა შეფასებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება და მისცა მას მცდარი სამართლებრივი შეფასება, რამდენადაც, როგორც საქმის მასალები ცხადყოფს, შპს „ქ--------------–სა“ და სააგენტოს შორის არსებული ზემოხსენებული დავის მაქსიმალური ღირებულება შეადგენდა 5000 ლარს, ხოლო შპს „ქ--------------–ზე“ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა სულ 1230 ლარით. მოცემულ დავაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული და იგი დასრულდა 2015 წლის 16 ივლისს - სადავო გარიგების დადებამდე ორი თვით ადრე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს უნდა გასჩენოდა მინიმუმ საფუძვლიანი ეჭვი, თუ რამდენად რეალური და ლოგიკური იყო ასეთი მცირე ღირებულების დავის გამო აქციების გასხვისებაზე შეთანხმება, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც დავის ფარგლებში საერთოდ არ წარმოშობილა რაიმე ყადაღის საფრთხე და გათვალისწინებით იმისა, რომ, სადავო გარიგების დადების მომენტისათვის, იგი უკვე დასრულებული იყო. ამ მნიშვნელოვან საკითხებზე სასამართლოს არათუ არ უმსჯელია, არამედ არც ერთი მათგანი არ ასახულა გადაწყვეტილებაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ თაობაზე მოპასუხე მხარემ წარმოადგინა ვრცელი არგუმენტაცია.
3.2. აპელანტები შენიშნავენ ასევე, რომ სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა მოპასუხეთა მიერ სადავოდ გამხდარი მოწმეთა ჩვენებები, რის გამოც არასწორად მიიჩნია დადგენილად გარიგების მოჩვენებითი ხასიათი. აპელანტები თვლიან, რომ მოცემულ საქმეზე, მოწმეთა ჩვენებები სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად უნდა გაანალიზებულიყო და სასამართლოს არგუმენტირებულად უნდა გადაეჭრა საკითხი იმის შესახებ, მოწმეთა ჩვენება აქარწყლებდა თუ არა სანოტარო წესით გაფორმებული გარიგების შინაარსს, ვინაიდან რეალურად არც ერთი მოწმისათვის ცნობილი არ ყოფილა სადავო გარიგების შინაარსი და არც ერთი არ ესწრებოდა უშუალოდ გარიგების დადების მომენტს. თითოეული მათგანი შეესწრო ერთ ან მაქსიმუმ ორ დიალოგს მხარეთა შორის, რომლის შინაარსიც იყო ზედმეტად ზოგადი და ფრაგმენტული იმისათვის, რომ გადამწყვეტი დასკვნები გაკეთებულიყო მხარეთა მიერ გამოვლენილ ნებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოწმეების ჩვენებები სარწმუნოობის თვალსაზრისით უნდა შეფასებულიყო სწორედ მოსარჩელესთან მათი დამოკიდებულების (მათ შორის, ნათესაური და მეგობრული კავშირის) კრიტერიუმის გათვალისწინებით. აღნიშნული გარემოებები კი სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა.
3.3. აპელანტი მხარე ასევე განმარტავს, რომ როგორც შესაგებელშია აღნიშნული, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ე.წ. „სს „მ-------------ის“ აქციების განაწილების ხელშეკრულებაა“ არ ჰქონია მბოჭავი იურიდიული ძალა, ვინაიდან მასზე ხელმოწერები არ განუხორციელებია სამივე მხარეს. აქ ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ დოკუმენტის ტექსტში მითითებული იყო სამი მხარე, ხოლო მას ხელს აწერდა მხოლოდ ორი პირი. სკ-ის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან და 71-ე მუხლიდან გამომდინარე, გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას, სახეზე უნდა იყოს გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა. ამ ნორმათა განმარტებით, დგინდება ზოგადი წესი: წერილობითი ნების გამოვლენა ერთ მთლიანობას უნდა ქმნიდეს და მას ხელს ერთად უნდა აწერდნენ მისი გამომვლენი მხარეები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ ე.წ. „სს „მ-------------ის“ აქციების განაწილების ხელშეკრულება“ საერთოდ არ დადებულა, ვინაიდან ამ დოკუმენტზე ხელმოწერა არ განუხორციელებია ყველა მხარეს და, შესაბამისად, მისი შინაარსიც არარელევანტური უნდა ყოფილიყო მხარეთა ურთიერთობისათვის. ამის საწინააღმდეგოდ, სასამართლო აცხადებს, რომ გარიგება „შედგენილია მარტივი წერილობითი ფორმის დაცვით“ და ყურადღებას ამახვილებს სანოტარო წესით დაუდასტურებლობის შედეგებზე. დოკუმენტის მოცემულ შემთხვევაში კი არარელევანტურობას განსაზღვრავდა არა მისი სანოტარო წესით დაუდასტურებლობა, არამედ ის ფაქტი, რომ მასზე ხელმოწერა არ ჰქონდა შესრულებული ყველა მხარეს და, შესაბამისად, იგი ვერ განიხილებოდა, როგორც დადებული გარიგება. ამასთან, სადავო გარიგების მოჩვენებითობა არც ამ დოკუმენტის შინაარსით ვლინდებოდა. სადავო გარიგებით, დ----- ყ------–-–---–მა გაასხვისა თავისი აქციების 43.92%, ხოლო აქციათა განაწილების დოკუმენტში საუბარი იყო დ----- ყ------–-–---–ისათვის 33% აქციების განაწილებაზე. თუ ეს დოკუმენტი „ემსახურებოდა შესაძლო რისკების დაცვას,“ სასამართლოს უნდა გასჩენოდა კითხვა, რატომ ითვალისწინებდა აღნიშნული დოკუმენტი დ----- ყ------–-–---–ისათვის მხოლოდ 33% (და არა 43.92%) აქციების განაწილებას.
აპელანტები თვლიან, რომ გადაწყვეტილებაში აღნიშნული დოკუმენტი არ არის სამართლებრივად შეფასებული, რაც თავისთავად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. აქვე, აპელანტთათვის გაურკვეველია და ლოგიკას მოკლებულია სასამართლოს მსჯელობა, რომ „განაწილების შესახებ გარიგებით პირდაპირ არის განმტკიცებული, რომ კონკრეტული გარიგებით საბოლოოდ განისაზღვრა წილები და სხვა ცვლილება არ დაიშვებოდა.“
გარიგების მოჩვენებითობის განსაზღვრისას, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის ფაქტიც, რომ დ----- ყ------–-–---–მა სარჩელში წარმოადგინა ურთიერთგამომრიცხავი სამართლებრივი საფუძვლები. გარიგების ბათილობის არგუმენტაცია, ერთი მხრივ, ემყარებოდა მის მოჩვენებით ხასიათს (სკ, 56.1 მუხლი), მეორე მხრივ, გარიგების არარსებობას მისი შინაარსის დაუდგენლობის გამო (სკ, 53-ე მუხლი), ხოლო, მესამე მხრივ - შეცდომას მორიგების საფუძვლებში (სკ, 360-ე მუხლი - 2018 წლის 08 ოქტომბრის სხდომაზე, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მოცემულ ურთიერთობას ყველაზე ადეკვატურად ასახავდა სწორედ 360-ე მუხლი). ასევე, განვითარებული იყო მსჯელობა ხელშეკრულებიდან გასვლისა და პირვანდელი რესტიტუციის მოთხოვნის უფლებებზე (სკ, 352-ე და 405-ე მუხლები). გადაწყვეტილებაში ასახულია არგუმენტაცია „ალტერნატიული“ სამართლებრივი დასაბუთების მიზანშეუწონლობაზე, თუმცა არ არის არსებითად შეფასებული ამგვარი პოზიციის მატერიალური შედეგები. ამის გათვალისწინებით, აპელანტებს მიაჩნიათ, რომ ურთიერთგამომრიცხავი სამართლებრივი საფუძვლების მითითება იმთავითვე ამცირებდა სარჩელის წარმატებას. უპირველეს ყოვლისა, იგი ქმნიდა არათანაბარ მდგომარეობას მოპასუხე მხარისათვის, რომელსაც უწევდა თითოეული სამართლებრივი საფუძვლისა და განსხვავებული ფაქტობრივი შემადგენლობების წინააღმდეგ შედავება. გარდა ამისა, იგი ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფდა მხარის წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებას სადავო გარიგების მიმართ. აღნიშნული წარმოადგენდა მორიგ დადასტურებას იმისა, რომ დ----- ყ------–-–---–ი არ აღიქვამდა შეთანხმებას, როგორც იურიდიული შედეგის არმქონე, მოჩვენებით გარიგებას. ეს მაშინ, როდესაც გარიგების მოჩვენებითად დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელია, მხარეებს გაცნობიერებული ჰქონდეთ, რომ მათი ნების გამოვლენას არ მოჰყვება სამართლებრივი შედეგი.
აპელანტები თვლიან, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, რადგან მან, სარწმუნოობის მინიმალური სტანდარტითაც კი, ვერ დაამტკიცა არათუ მოპასუხეების, არამედ მოჩვენებითი გარიგების დადების საკუთარი განზრახვაც კი. საქმეზე არსებული მტკიცებულებები არ მიუთითებდნენ, რომ გარიგების მონაწილეებს ჰქონდათ საერთო და ურთიერთშეთანხმებული მიზანი იმისა, რომ სადავო გარიგებას არ მოჰყოლოდა სამართლებრივი შედეგი. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი და დადასტურებული პასუხი კითხვაზე, თუ რატომ იყო მოჩვენებითი გარიგება, რომელიც მხარეებმა არათუ მხოლოდ წერილობით გააფორმეს, არამედ ნოტარიულადაც დაამოწმეს მაშინ, როდესაც კანონმდებლობა არ ითხოვს იმპერატიული წესით ამ ფორმის დაცვას აქციათა გადაცემის მიზნებისათვის და აქციონერთა შესახებ ინფორმაცია არც სამეწარმეო რეესტრშია დაცული. რეალურად, გადაწყვეტილება ეყრდნობა მხოლოდ არასარწმუნო, მოსარჩელესთან ნათესაურ და მეგობრულ კავშირში მყოფ მოწმეთა ჩვენებებსა და იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტზე აგებულ დაუსაბუთებელ ვარაუდს, რის გამოც აპელანტი მხარე თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც, სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სს „მ-------------ი“ იურიდიულ პირად დარეგისტრირდა 2014 წლის 22 მაისს, რომლის აქციონერებიც იყვნენ - დ----- ყ------–-–---–ი, დ------------–-----–-–---–ი და ზ----ა ს--–-----–-–---–ი.
კომპანიის საწესდებო კაპიტალმა შეადგინა 440 000 ლარი, რომელიც დაიყო 4 400 ჩვეულებრივ აქციად და ნომინალურ ღირებულებად განესაზღვრა 100 ლარი. საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებაზე თითოეული ჩვეულებრივი აქცია მფლობელს ანიჭებს ერთი ხმის უფლებას.
საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა აქციონერთა საერთო კრება. სს „მ--------------ის“ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც აირჩევა აქციონერთა საერთო კრების მიერ. ყოველდღიური საქმიანობის მენეჯმენტი კი ხორციელდება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დანიშნული დირექტორის მეშვეობით.
დღეის მდგომარეობით, საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ზ----ა ს--–-----–-–---–ი (თავმჯდომარე), დ---- ს---–-----–-–---–ი (თავმჯდომარის მოადგილე/წევრი) და დ------------–-----–-–---–ი (წევრი), რომელიც ამავდროულად საზოგადოების დირექტორია.
2014 წლის 30 დეკემბერს განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე შპს „G--------” შეერწყა სს „მ-------------ს“, რომლის საფუძველზედაც სს „მ-------------ის“ კაპიტალი განისაზღვრა 740 000 ლარის ოდენობით, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი დაიყო 7 400 ცალ ჩვეულებრივ აქციად. ერთი ჩვეულებრივი აქციის ნომინალურ ღირებულებად განისაზღვრა 100 ლარით. აქციები აქციონერებს შორის კი განაწილდა შემდეგნაირად:
- დ------------–-----–-–---–ი - 31.08%;
- დ----- ყ------–-–---–ი - 43.92%;
- ზ----ა ს--–-----–-–---–ი - 25%.
დ----- ყ------–-–---–ს, გარდა სს „მ-----–--------ის“ აქციებისა, საკუთრებაში ჰქონდა შპს „ქ--------------–ის“ 100%-იანი წილი, იგი ამავდროულად იყო მითითებული საწარმოს დირექტორი და მოპასუხეთაგან დამოუკიდებლად ახორციელებდა კონკრეტული საწარმოს ფარგლებში ბიზნეს საქმიანობას.
შპს „ქ--------------–ი“, როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა სხვადასხვა სუბიექტებთან, მათ შორის სახელმწიფოსთან, რის ფარგლებში ნაკისრი ჰქონდა სხვადასხვა ვალდებულებები.
შპს „ქ--------------–ის“ მიმართ მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა, რომლის ფარგლებშიც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ედავებოდა საწარმოს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის და ითხოვდა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრებას.
2015 წლის 5 სექტემბერს დ----- ყ------–-–---–ს, დ------------–-----–-–---–სა და ზ----ა სალთხუიშვილს შორის დაიდო სამეწარმეო იურიდიული პირის აქციების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც სს „მ--------------ის“ აქციათა 43.92%-ის მფლობელმა დ----- ყ------–-–---–მა კუთვნილი აქციების 18.92% გადასცა დ------------–-----–-–---–ის, ხოლო 25% - ზ----ა ს--–-----–-–---–ს.
მითითებულ გარიგებაზე 2015 წლის 5 სექტემბერს ხელი მოაწერეს დ----- ყ------–-–---–მა და დ------------–-----–-–---–მა, რაც იმავე დღეს დამოწმდა სანოტარო წესით, ხოლო ზ----ა ს--–-----–-–---–მა ხელმოწერა სანოტარო ბიუროში განახორციელა მოგვიანებით 2015 წლის 7 ნოემბერს.
იმავე დღეს - 2015 წლის 5 სექტემბერს მხარეთა შორის შედგა დამატებითი შეთანხმება - სს „მ-------------ში“ აქციების განაწილების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც საწარმოს აქციები აქციონერთა შორის გადანაწილდა შემდეგნაირად:
- დ------------–-----–-–---–ი - 33%;
- დ----- ყ------–-–---–ი - 34%;
- ზ----ა ს--–-----–-–---–ი - 33%.
კონკრეტულ ხელშეკრულებაზეც (მსგავსად აქციების გასხვისების შესახებ გარიგებისა) 2015 წლის 5 სექტემბერს ხელი მოაწერეს მხოლოდ დ------------–-----–-–---–მა და დ----- ყ------–-–---–მა, თუმცა აქციების გასხვისების შესახებ ხელშეკრულებისაგან განსხვავებით იგი სანოტარო წესით არ დამოწმებულა, არამედ გარიგება შედგა მარტივი წერილობითი ფორმის დაცვის გზით.
2015 წლის 5 სექტემბრის აქციების განაწილების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, განაწილებამ მოიცვა, როგორც სს „მ-------------ის“ აქტივები, ასევე იმ სხვა სამეწარმეო იურიდიული პირების აქტივებიც, რომლებშიც მონაწილეობენ ხელშეკრულების ხელმომწერი პირები. ამავდროულად, შეთანხმდა, რომ კონკრეტული ხელშეკრულებით აქციების განაწილება არის საბოლოო და ყველა სხვა შეთანხმება ითვლება ძალადაკარგულად.
მითითებულ ხელშეკრულებაზე ზ----ა ს--–-----–-–---–ს ხელი არ მოუწერია, არც ხელშეკრულების გაფორმებისას და არც მოგვიანებით, განსხვავებით აქციათა გასხვისების შესახებ ხელშეკრულებისა.
სს „მ--------------ის“ აქციონერებს - დ----- ყ------–-–---–ს, ზ----ა ს--–-----–-–---–სა და დ------------–-----–-–---–ს შორის 2015 წლის 5 სექტემბრის აქციების გასხვისების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ დაიძაბა ურთიერთობა და პერიოდულად მიმდინარეობდა მოლაპარაკება აქციების დაბრუნების ან/და შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ აქციების დათმობასთან მიმართებით.
ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ისანი-სამგორის სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში 2016 წლის 30 დეკემბერს, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, დ----- ყ------–-–---–ის მიმართ განხორციელებული თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით. სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.
4.2. მოცემულ შემთხვევაში მხარეები სადავოდ ხდიან 2015 წლის 5 სექტემბერს დ----- ყ------–-–---–ს, დ------------–-----–-–---–სა და ზ----ა ს---–-----–-–---–ს შორის დადებული ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხს. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარიგება არ წარმოადგენს ნამდვილ გარიგებას ქვემოთ მითითებულ გარემოებათა გამო. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მოხდა სამეწარმეო იურიდიული პირის აქციების გადაცემა, რომლითაც სს „მ--------------ის“ აქციათა 43.92%-ის მფლობელმა დ----- ყ------–-–---–მა კუთვნილი აქციების 18.92% გადასცა დ------------–-----–-–---–ის, ხოლო 25% - ზ----ა ს--–-----–-–---–ს. უპირველეს ყოვლისა პალატა თვლის, რომ მეტად საინტერესოა აღნიშნული მტკიცებულების გამოკვლევა როგორც შინაარსობრივი, ისე სხვა მტკიცებულებებთან შედარებისა და მათი ერთობლიობაში განხილვის თვალსაზრისით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასება უნდა ემყარებოდეს მათ ობიექტურ , ყოველმხრივ და სრლ განხილვას. მითითებულ პროცესში მოსამართლე იყენებს სხვადასხვა მექანიზმებს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დასადგენად. მათ შორის ლოგიკის კანონებს, შედარების მეთოდს და ა.შ. ამ პროცესში ხდება წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსობრივი არსის დადგენა, მათი შედარება სხვა მტკიცებულებებთან, და ერთობლობაში მათი ანალიზი საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად. ეს პროცესი უნდა იყოს სრული და ობიექტური. მხოლოდ ასეთი კვლევის შედეგად სასამართლო აკეთებს შესაბამის დასკვნებს და ადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მითითებულ გარიგებაზე 2015 წლის 5 სექტემბერს ხელი მოაწერეს დ----- ყ------–-–---–მა და დ------------–-----–-–---–მა, რაც იმავე დღეს დამოწმდა სანოტარო წესით, ხოლო ზ----ა ს--–-----–-–---–მა ხელმოწერა სანოტარო ბიუროში განახორციელა მოგვიანებით 2015 წლის 7 ნოემბერს.
თუ შევაფასებთ აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსსა და მის სტრუქტურას, ცალსახად იკვეთება ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მთელი თავისი აქციები დაუთმო მოწინააღმდეგე მხარეს., რაც მოხდა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ის გარემოება, რომ სს „მ--------------ის“ აქციათა 43.92%-ის შემძენებმა მიღებულ ქონებაში თანხა გადაიხადეს არ დასტურდება არც ხელშეკრულების შინაარსიდან და არც საქმეში წარმოადგენილი სხვა მტკიცებულებების საფუძველზე.
აღნიშნულ გარემოებათა დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ აქცია ფასიანი ქაღალდია და მისი უსასყიდლოდ გადაცემა სამეწარმეო საქმიანობის პარტნიორისათვის უნდა ემყარებოდეს ნებისმიერ, ადამიანისათვის გასაგებ მიზეზს, ან გადაცემული ქონების ღირებულება ისეთი უმნიშვნელო უნდა იყოს, რომ მის გადახდას აზრიც უნდა ჰქონდეს დაკარგული. ამ თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია აპელანტის განმარტებები ამ საკითხთან მიმართებაში. სააპელაციო სასამართლოში (ეს განმარტება გაკეთდა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში) აპელანტმა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ (იხ. სხდომის ოქმი) აღნიშნული ქონება ეკუთვნოდა ს---–-----–-–---–ების ოჯახს და იგი მოსარჩელეზე მხოლოდ ფორმალურად იყო გაფორმებული, რათა ქონება დაეცვათ სახელმწიფოს მხრიდან ხელყოფისაგან. პალატა თვლის, რომ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც სარწმუნოს ხდის აქციებში თანხის გადაუხდელობის ფაქტს. ჯერ ერთი, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც მითითებულ გარემოებას დაადასტურებდა. უფრო მეტიც, ამ გარემოებაზე მითითება მოხდა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, რაც თავისთავად ამ გარემოების არსებობის ალბათობის დაბალ ხარისხზე მიუთითებს. და საერთოდ ამ გარემოების მიღება-გათვალისწინება მეტად შეზღუდულია სამოქალაქო საპროცედო კოდექსის 380-ე მუხლის შესაბამისად, რადგან გაურკვეველია მისი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარუდგენლობის მიზეზი. საქმის მასალებიდან არც ის გარემოება იკვეთება, რომ მხარეებს ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ, რომ აღნიშნული ქონება სრულიად უსასყიდლოდ გადაეცათ მხარისათვის.
შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება არც კი დადებულა, რადგან მხარეები ხელშეკრულების არსებით პირობებზე არ შეთანხმებულან. ფასი მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას გარიგების დადების დროს და მასზე მიუთითებლობა სრულიად გაუგებარს ხდის დ----- ყ------–-–---–ის მხრიდან ქონების გასხვისების ლეგიტიმურ მოტივს.
შესაბამისად, პალატა თვლის, რომ მითითებული გარიგება შეუძლებელია სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის საფუძველზე დადებულად ჩაითვალოს. მითითბეული ნორმის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. საინტერესია ის გარემოება, რომ ხელშეკრულება არ შეიცავს არანაირ მითითებას ხელშეკრულების ფასზე, არც იმის თაობაზე, რომ იგი უსასყიდლოდ გადაეცათ შემძენებს. ქონების გადაცემის ხელშეკრულება კი აუცილებლად უნდა შეიცავდეს აღნიშნულზე მითითებას შესაბამისი ფორმთ.
პალატა ამასთან ერთად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება რომც შეიცავდეს განხილულ არსებით პირობას, იგი მაინც არ წარმოადგენს ნამდვილ გარიგებას, რადგან იგი არ დადებულა ხელშეკრულებიდან გამომდინარე შედეგის მისაღწევად. აღნიშნულ მოსაზრებას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ არსებობს იმავე დღეს შედგენილი შეთანხმება - სს „მ-------------ში“ აქციების განაწილების შესახებ, რომლითაც საწარმოს აქციები აქციონერთა შორის გადანაწილდა პირველი შემთხვევისაგან განსხვავებული სახით. ანუ ერთიდაიგივე დღეს შედგენილი შეთანხმებით აქციები გადანაწილად სხვადასვა სახით. აქციათა განაწილების ხელსეკრულების თანახმად, დ------------–-----–-–---–ს მიეკუთვნა 33%; დ----- ყ------–-–---–ს 34%; ზ----ა ს--–-----–-–---–ს კი 33%. ამ ხელშეკრულებაშიც არ ჩანს აქციათა გადანაწილების საფუძველი.
ამ კონკრეტულ ხელშეკრულებაზეც (მსგავსად აქციების გასხვისების შესახებ გარიგებისა) 2015 წლის 5 სექტემბერს ხელი მოაწერეს მხოლოდ დ------------–-----–-–---–მა და დ----- ყ------–-–---–მა, თუმცა აქციების გასხვისების შესახებ ხელშეკრულებისაგან განსხვავებით იგი სანოტარო წესით არ დამოწმებულა. გარიგება შედგა მარტივი წერილობითი ფორმით. პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას ამ გარიგებასან მიმართებაში იმ თვალსაზრისით, რომ მას არ შეიძლება კონკრეტული სამართლებრივი მნიშვნელობა მიენიჭოს აქციათა გადანაწილების თვალსაზრისით. თუმცა პალატა მიიჩნევს, რომ იგი არის მტკიცებულება, რომელიც გარკვეულ შთაბეჭდილებას ქმნის მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობაზე. ამ თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამ მტკიცებულებას ხალს აწერს სამი პარტნიორიდან 2 მათგანი. მათ შორის ერთ-ერთი ხელშეკრულებაში მითითებული პარტნიორი, რომელიც ხელს აწერს გარიგებას, არის იმ პარტნიორის ძმა, რომელსაც სანოტარო წესით დადასტურებული ხელშეკრიულების საფუძველზე ძმასთან ერთად გადაეცა აქციათა მთელი პაკეტი. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ზ----ა ს---–-----–-–---–ს იმ დღეს არცერთ ხელშეკრულებაზე არ მოუწერია ხელი და მხოლოდ შემდგომში მოხდა მისი დადასტურება.
აპელანტთა მიერ აღნიშნულთან დაკავშრებით გამოითქვა არაერთი მოსაზრება, რომ იგი წარმოადგენდა სამუშაო ვარიანტს და, რომ იგი შედგა ნოტარიულად დამოწმებული გარიგების წინ. ეს მოსაზრებებიც ნაკლებად სარწმუნოდ მიაჩნია სასამართლოს, რადგან გაუგებარია გარიგების სამუშაო ვარიანტზე ხელის მოწერა. სამუშაო ვარიანტის შექმნისას იცვლება გარიგების შინაარსი, ხდება მისი სხვადასხვა ვარიანტების სახით გადმოცემა. მაგრამ ხელი ეწერება მხოლოდ მზა, შეთანხმებულ ვარიანტს. დ-------- ს---–-----–-–---–ის მიერ ამ გარიგებაზე ხელმოწერა გულისხმობს იმას, რომ ხელშეკრულების ეს ვარიანტი შეთანხმდა ხელმომწერ მხარესთან, რომელმაც იმავე დღეს დაადასტურა სრულიად განსხვავებული შეთანხმებაც. აღნიშნული გარემოებები ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მხარეთა შორის ნება არ იყო მიმართული რეალურ შედეგზე, რომელიც მომდინარეობდა ხელშეკრულებათა შინაარსიდან. ანუ მხარეთა მიერ არ გამოუვლენილა ნება ხელშეკრულებებში მითითებულ შედეგის დადგომასთან დაკავშირებით, რაც ხელშეკრულების მოჩვენებით ხასიათს ადასტურებს. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად იგი ბათილად უნდა ჩაითვალოს.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტთა პოზიციას მასზედ, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი და დადასტურებული პასუხი კითხვაზე, თუ რატომ იყო მოჩვენებითი გარიგება, რომელიც მხარეებმა არათუ მხოლოდ წერილობით გააფორმეს, არამედ ნოტარიულადაც დაამოწმეს მაშინ, როდესაც კანონმდებლობა არ ითხოვს იმპერატიული წესით ამ ფორმის დაცვას აქციათა გადაცემის მიზნებისათვის და აქციონერთა შესახებ ინფორმაცია არც სამეწარმეო რეესტრშია დაცული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი ადგენს სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა შეჯიბრებითობა და განსაზღვრავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ წესისაგან გამონაკლისი (ნორმის მე-2 ნაწილი) გამართლებულია, თუ ეს შესაბამისი საპროცესო მოქმედების მარეგულირებელი ნორმითაა გათვალისწინებული, ასევე, მხარეთა თანასწორობის საყოველთაო უფლების დაცვის მიზანს ემსახურება. შეჯიბრებითობა, როგორც სამართლიანი სასამართლოს ქვაკუთხედი, არაერთ საპროცესო ნორმაშია გადმოცემული და იგი, ბუნებრივია, მათ შორის მტკიცების ტვირთზე ახდენს გავლენას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულია რა ფაქტზე მიმთითებული მხარის ვალდებულება, წარადგინოს ამ ფაქტის დამადასტურებელი განკუთვნადი მტკიცებულებები, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერთოს ამ პროცესში, რამეთუ აქსიომატურია, რომ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები (იხ. სსსკ-ის 83-ე, ასევე, 103-ე მუხლები).
ზემოხსენებული პრინიციპის გათვალისწინებით, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ 2015 წლის 5 სექტემბრის აქციების გასხვისების შესახებ ხელშეკრულება სს „მ-------------ის“ აქციონერებს შორის ხელშეკრულებაში მითითებული შესაბამისი იურიდიული შედეგის (აქციების გასხვისება) დადგომის მიზნით არ დადებულა და აქციონერებს ნამდვილი ნება აქციების გასხვისებასთან მიმართებით არ გამოუვლენიათ.
პალატა ასევე, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ აღნიშნულ გარემოებას ვერ აქარწყლებს, ვერც ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი გარიგება დამოწმდა სანოტარო წესით, ხოლო მეორე შედგენილია მხოლოდ მარტივი წერილობითი ფორმით , რაც ვერ გააიგივებს მითითებულ დოკუმენტს ე.წ. „სამუშაო“ დოკუმენტად, რამდენადაც აქციების გასხვისებისა თუ განაწილების თაობაზე გარიგების ნამდვილობისათვის კანონი არ ადგენს გარკვეული სავალდებულო ფორმის საჭიროებას, მსგავსი ვალდებულება არც წინამდებარე საქმეში მოდავე მხარეების კომპანიის წესდებით არის განსაზღვრული. შესაბამისად, სანოტარო ფორმის არ არსებობა კონკრეტულ გარიგებას ვერ გახდის სამართლებრივი ძალის არ მქონედ. ყოველივე აღნიშნულის საპირისპიროდ კი, სასამართლომ სწორად გაიზიარა დ----- ყ------–-–---–ის მოსაზრება, რომ გარიგების სანოტარო წესით დაუდასტურებლობა შესაძლოა ემსახურებოდა გარკვეულ მიზანს, რაც დაკავშირებულია საგადასახადო ვალდებულებების თავიდან არიდებისაკენ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ გარიგების დადების მიზნად მიიჩნია პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება, ლოგიკურია გარიგება, რომელიც ითვალისწინებდა დ----- ყ------–-–---–ისათის წილების დაბრუნებას არ დამოწმდებოდა სანოტარო წესით, რამეთუ მხარეთა მიზანი იყო დროებით გასხვისებულიყო აქციები და არ ყოფილიყო ისინი თავდაპირველი მოსარჩელის სახელზე. შესაბამისად, კონკრეტული დოკუმენტი მას შემდგომ გამოჩნდებოდა, რაც აღარ იარსებებდა შესაბამისი საფრთხე
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად და მართებულად არ გაიზიარა მოპასუხეთა მტკიცება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული გარიგება დადებული იყო აქციების გასხვისების შესახებ ხელშეკრულების დადებამდე. აღნიშნულს აქარწყლებს ის გარემოება, რომ აქციების გასხვისების ხელშეკრულებით დ----- ყ------–-–---–მა გაასხვისა მისი კუთვნილი 43%, ხოლო აქციების განაწილების შესახებ ხელშეკრულებით დ----- ყ------–-–---–ის აქციები განისაზღვრა 33%-ით, შესაბამისად, იმ ვითარებაში, თუ წინსწრებით დ----- ყ------–-–---–ისათვის განაწილებული იყო 33%, იგი ვერ შეძლებდა 43%-ის გასხვისებას. ამასთან განაწილების შესახებ გარიგებით პირდაპირ არის განმარტებული, რომ კონკრეტული გარიგებით საბოლოოდ განისაზღვრა წილები და სხვა ცვლილება აღარ დაიშვებოდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ განაწილების შესახებ გარიგება დაიდო მას შემდგომ, რაც გასხვისდა წილები.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ხსენებულ იმ გარემოებაზეც, რომ აქციების განაწილებისა და აქციების გასხვისების შესახებ გარიგებები არ ქმნიან იმ შთაბეჭდილებას, რომ სადავო გარიგების უარყოფა შეუძლებელია მხოლოდ იმ გარემოების მოხმობით, რომ განაწილების შესახებ გარიგება არ არის ხელმოწერილი ზ----ა ს--–-----–-–---–ის მიერ. პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული ორი გარიგება ერთობლიობაში ნათლად წარმოაჩენს მხარეთა რეალურ მიზანს, რაც მდგომარეობდა აქციების დროებით გადაფორმებაში, რაც განპირობებული იყო სახელმწიფოსათვის დ----- ყ------–-–---–ის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაში.
პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტებს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და არც სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სათანადო შედავება არ განუხორციელებიათ და აქციების გადაცემის სანაცვლოდ არ მიუთითებიათ მათი მხრიდან თანხის გადახდის ფაქტზე, ან გარკვეული გაცვლის ან/და ვალდებულების ურთიერთგაქვითვის არსებობაზე, რითაც აპელანტი მხარე უზრუნველყოფდა გაემყარებინა კონკრეტული გარიგების მიზანი. ამ პირობებში კი პალატა თვლის, რომ ხელშეკრულება არ არის ნამდვილი და არ მისგან მომდინარე სამართლებრივი შედეგებზე ვიმსჯელოთ.
4.3. გარიგების მოჩვენებით ხასიათზე საუბარია მოწმეთა ჩვენებებშიც. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მხარეთა მეგობრები, თანმშრომლები და საერთო ნაცნობები არინ. ანუ მათ თანაბარი ურთიერთობა ჰქონდათ როგორც ერთ, ისე მეორე მხარესთან. საქმეში წარმოადგენილი არ არის ამ გარემოების უარმყოფელი მტკიცებულება. ამ თვალსაზრისით პალატისთვის დაუსაბუთებელია აპელანტების მტკიცება, რომ რეალურად გადაწყვეტილება ეყრდნობა მხოლოდ არასარწმუნო, მოსარჩელესთან ნათესაურ და მეგობრულ კავშირში მყოფ მოწმეთა ჩვენებებსა და იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტზე აგებულ დაუსაბუთებელ ვარაუდს. ის გარემოება, რომ დაკითხულ მოწმეებს მხოლოდ მოსარჩელესთან გააჩნდათ ახლო მეგობრული ურთიერთობა საქმოს მასალებით არ დგინდება.
პალატა ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად მოწმის ჩვენება დასაშვებ მტკიცებულებას წარმოადგენს, თუმცა სასამართლომ მისი შეფასებისას უნდა დაიცვას ამავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესი, რომელიც გულისხმობს მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს - „სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას“ (იხ. სუსგ №ას-839-805-2016, 06.03.2017).
მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით რეგლამენტირებულია პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე წარმართვა და დადგენილია, რომ მხარეებს აქვთ მტკიცებულებათა წარდგენის გზით საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა. ამ პროცესში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის დაცვას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე სასამართლო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და მოსამართლეს მიუკერძოებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების გზით უყალიბდება შინაგანი რწმენა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის თაობაზე.
ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით „მიუკერძოებლობის“ მოთხოვნა ორი ასპექტისაგან შედგება. პირველი, სასამართლო სუბიექტურად თავისუფალი უნდა იყოს პიროვნული ზრახვებისა და მიდრეკილებებისაგან. მეორე, იგი ასევე მიუკერძოებელი უნდა იყოს ობიექტური თვალსაზრისით, ანუ მან უნდა უზრუნველყოს საკმარისი გარანტიები ამ თვალსაზრისით ნებისმიერი კანონიერი ეჭვის გამოსარიცხად (იხ. გოტრინი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება, 1998-III, გვ. 1030- 31, §58; მორისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №38784/97, §58, E2002-I). რაც შეეხება სუბიექტურობას, მოსამართლე პიროვნულად მიუკერძოებლად უნდა იქნას მიჩნეული, ვიდრე ამის საწინააღმდეგო არ დამტკიცდება (იხ. ჰაუსშიდტი დანიის წინააღმდეგ, 1989 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება, სერია №154, გვ. 21, §47; დაკტარასი ლიტვის წინააღმდეგ, №42095/98, §30,E2000-X). სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია თავის თავში მოიცავს სასამართლოს მხრიდან მხარისათვის საკუთარი პოზიციის დაცვის მოსამზადებლად ადეკვატური დროის განსაზღვრას და დაცვის მომზადების შესაძლებლობის მიცემას (იხ. Case of Galstyan v, Armenia, საჩივარი N26986/03), რაც მოცემულ შემთხვევაში, უზრუნველყოფილ იქნა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო სადავო ფაქტებს შეაფასებს საპროცესო წესების დაცვით მიღებული განმარტებების ფარგლებში.
პალატა მიუთითებს, რომ ევროსასამართლოს განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მოწმეთა კომპეტენცია, პირველ რიგში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად წესრიგდება (იხ.the Lüdi v. Switzerland, გადაწყვეტილება 15.06.1992, სერია A, N238, გვ. 20, პარაგრაფი 43 და the Schuler-Zgraggen v. Switzerland გადაწყვეტილება 24.06.1993. სერია N263, გვ.21. პარაგრაფი 66). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 140-ე მუხლების ანალიზიდან კი, გამომდინარეობს, რომ მოწმის ჩვენების მიღებისას ეროვნულმა სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განისაზღვრება ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა. პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ №ას-406-383-2014, 2015 წლის 17 აპრილი). შესაბამისად, მოწმის ჩვენებაც, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულებების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განისაზღვრება ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა.
წინამდებარე შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ საწარმოს აქციონერთა შორის სადავო გარიგება გაფორმდა რეალურად არა აქციების გასხვისების მიზნით, არამედ კომპანიისათვის და აქციონერთა წილისათვის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად მიზნით, რასაც შესაძლოა უარყოფითად ემოქმედა სს „მ--------------ის“ ინტერესებზე. კერძოდ ყადაღა დადებოდა კომპანიის აქციებს და საფრთხე შექმნოდა საწარმოს ქონებას. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ რეალურად ხელშეკრულება გაფორმდა აქციების დროებით გადაფორმების მიზნით, რასაც გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, ასევე ადასტურებს იმავე თარიღის აქციების განაწილების შესახებ გარიგება, რომლითაც ახლებურად განაწილდა აქციები აქციონერთა შორის. მითითებულ გარიგებასთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ მართალია იგი კონკრეტული დავის საგანი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია მისი შეფასება სადავო გარიგებასთან მიმართებით, რადგანაც კონკრეტული გარიგების გაფორმება, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ადასტურებს, რომ რეალურად დ----- ყ------–-–---–ს აქციების გასხვისების მიზანი არ ჰქონია, არამედ სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულების თავიდან არიდების მიზნით დროებით გადააფორმა იგი დანარჩენ აქციონერებზე.
ზემოხსენებული მსჯელობის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში თითქმის ყველა მოწმე დაკავშირებულია თავდაპირველ მოსარჩელესთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, აღნიშნული ფაქტი არ ამცირებს მოწმეების ჩვენებების, როგორც მტკიცებულებების იურიდიული სანდოობის ხარისხს, მით უფრო, რომ მხარეები არ ხდიან სადავოდ არც იმ გარემოებას, რომ დაკითხული მოწმეები ასევე იცნობდნენ აპელანტებს და ახლო ურთიერთობაში იყვნენ მათთან. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ აპელანტთა მხრიდან არ არის განხორციელებული კვალიფიციური შედავება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი იმგვარი გარემოებების მიმართ, რომლებითაც გამოირიცხებოდა სარწმუნოობის კუთხით დაკითხულ მოწმეთა ჩვენების უპირობოდ გაზიარების შესაძლებლობა. ხოლო აპელანტის მითითება იმ გარემოებაზე, რომ გარიგების დადასტურების მომენტისათვის უკვე დამთავებული იყო დავა შპს „ქ--------------–თან“, არ ნიშნავს იმას, რომ მას სხვა შეუსრულებელი ვალდებულებები არ გააჩნდა.
4.4. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტთა მტკიცებას მასზედ, რომ გადაწყვეტილებაში ასახულია არგუმენტაცია „ალტერნატიული“ სამართლებრივი დასაბუთების მიზანშეუწონლობაზე, მაგრამ არ არის არსებითად ასახული ამგვარი პოზიციის მატერიალური შედეგები. აპელანტებს მიაჩნიათ, რომ ურთიერთგამომრიცხავი სამართლებრივი საფუძვლების მითითება იმთავითვე ამცირებს სარჩელის წარმატებას, უპირველეს ყოვლისა, იგი ქმნის არათანაბარ მდგომარეობას მოპასუხე მხარისათვის, რომელსაც უწევს თითოეული სამართლებრივი საფუძვლისა და განსხვავებული ფაქტობრივი შემადგენლობების წინააღმდეგ შედავება. გარდა ამისა, იგი ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფს მხარის წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებას სადავო გარიგების მიმართ და აღნიშნული წარმოადგენს მორიგ დადასტურებას იმისა, რომ დ----- ყ------–-–---–ი არ აღიქვამდა შეთანხმებას, როგორც იურიდიული შედეგის არმქონე, მოჩვენებით გარიგებას.
პალატა შენიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა.
მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ამ თვგალსაზრისით მეტად საინტერესოა საქრთველოს უზენესი სასამართლოს პოზიცია, რომლითაც იგი ეთანხმება პრინციპს, რომ მოთხოვნის საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და მხარის მიერ სარჩელის დამფუძნებელ ნორმად კანონის ამა თუ იმ დანაწესის მითითება არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოსათვის ხელისშემშლელი, ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს სამართალაში დამკვიდრებული პრინციპიდან: „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი). საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში იქნა ასახული ხსენებული მიდგომა (პრაქტიკის თვალსაზრისით მრავალთა შორის იხ. სუსგ-ეგები: №ას-1170-1125-2016, 13 ივნისი, 2017 წელი; Nას-877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი, ასევე, სუს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი), თუმცა, შეჯიბრებითობის, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით გარანტირებული პირთა თანასწორობის პრინიცებიდან გამომდინარე, მხარეები უნდა იყვნენ ინფორმირებული სასამართლოს მიერ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრის თაობაზე და მიეცეთ სრული შესაძლებლობა, წარადგინონ საკუთარი პოზიცია.
4.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა განუმარტავს აპელანტებს, რომ გარიგების ბათილობის ლეგალურ დეფინიციას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს და მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ განსაზღვრული პირობების დარღვევით დადებულ გარიგებებს ბათილად აღიარებს. ამიტომ გარიგების ბათილობის ცნება და შინაარსი კანონის ნორმებსა და ლიტერატურაში არსებული მოსაზრებების ანალიზის საფუძველზე უნდა განისაზღვროს. ბათილია გარიგება, თუ ის არ იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, რადგან მოქმედი კანონმდებლობა გარიგების მონაწილეთა მიერ განხორციელებულ ნების გამოვლენას სამართლებრივად დაუშვებლად მიიჩნევს.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გარემოება, როდესაც გარიგება არ შეიცავს მითითებული ხელშეკრულებისსათვის აუცილებელი არსებით პირობას დ ეს პირობა რომ არსებობდეს კიდეც მითითებლი მთლიანად ეს გარიგება ატარებს მოჩვენებით ხასიათს, რის გამოც იგი არ შეიძლება ნამდვილ გარიგებად იქნეს მიჩნეული.
4.5. სააპელაციო სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტმა მხარემ ვერ დაამტკიცა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რის გამოც პალატა თვლის, რომ აპელანტის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რაც განაპირობებს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ-------- და ზ----ა ს--–-----–-–---–ების სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ------------–-----–-–---–ისა და ზ----ა ს--–-----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები ნატალია ნაზღაიძე
ირაკლი ბონდარენკო