განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100119002984805
საქმე № 1ბ/1259-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - ვ-----–- კ-----–---–-ა, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ჩ-------–---ს რაიონი, სოფელი მ------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ჩ------–---–---------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილი.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ-----–- კ-----–---–-ამ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება იმ მოტივით, რომ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, არის სოციალურად დაუცველი, ჰყავს ასაკოვანი მშობლები, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და იმყოფებიან მის კმაყოფაზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით ვ-----–- კ-----–---–-ამ მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
ბრალდების მხარეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
ვ-----–- კ-----–---–-ამ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება იმის მიერ, ვინც ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განაჩენით, ვ-----–- კ-----–---–-ა მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2019 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 01:45 საათზე, თბილისში, პეკინის გამზირის #19-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ-----–- კ-----–---–-ა ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენით ვ-----–- კ-----–---–-ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განაჩენით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2----–-–----------------ს №------------ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განაჩენით ვ-----–- კ-----–---–-ას მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, ნაწილობრივ დაემატა - 6 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ვ-----–- კ-----–---–-ას განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვ-----–- კ-----–---–-ას ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ვ-----–- კ-----–---–-ას ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით - მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ ვ-----–- კ-----–---–-ას გამოკითხვის ოქმით, პირის ზედაპირული შემოწმების ოქმით, ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 15 მარტის #----–- ექსპერტის დასკვნით და ნივთიერი მტკიცებულებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განაჩენით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ვ-----–- კ-----–---–-ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ-----–- კ-----–---–-ამ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება იმის მიერ, ვინც ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ-----–- კ-----–---–-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
ვ-----–- კ-----–---–-ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება დანაშაულის ჩადენა პირობით გამოსაცდელ ვადაში.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ-----–- კ-----–---–-ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
სასჯელის დანიშვნისას, პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ვ-----–- კ-----–---–-ამ დანაშაული ჩაიდინა პირობით გამოსაცდელ ვადაში), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას (ვ-----–- კ-----–---–-ა არაერთხელაა ნამყოფი კანონთან კონფლიქტში), პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (2019 წლის 19 ივლისს, ვ-----–- კ-----–---–-ა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გასამართლებულია განზრახი დანაშაულის ჩადენისათავის). პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის და მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, არ იძლევა სასჯელის შემცირების საფუძველს. პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, რაც გახდება მსჯავრდებულ ვ-----–- კ-----–---–-ას რესოციალიზაციის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავდებულ ვ-----–- კ-----–---–-ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
ცივი იარაღი - დანა განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ-----–- კ-----–---–-ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ვ-----–- კ-----–---–-ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს ვ-----–- კ-----–---–-ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განაჩენით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2----–-–----------------ს №------------ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განაჩენით ვ-----–- კ-----–---–-ას მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, ნაწილობრივ დაემატოს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ-----–- კ-----–---–-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
ვ-----–- კ-----–---–-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 28 ივნისიდან.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
ცივი იარაღი - დანა განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო სანდოძე