განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2019
საქმის ნომერი
330100118002745215
ინსტანცია
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002745215

საქმე №1ბ/909-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლ-–----------–--ე;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ა---------–---–---–ი (დაბადებული 19---–-–------------ს, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თბილისში, მისამართის გარეშე და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-------------–--------------------------------------------------------ში);

 

ადვოკატი - ი--------------ე;

 

დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ქურდობის ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის);

 

სასჯელი: განაჩენთა ერთობლიობით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2016 წლის 24 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ა---------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19,177 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

2018 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 07:40 საათზე, ქ-------–--–-------------–----------------------------------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ა---------–---–---–მა ჩაამტვრია ლ-------------–---–ის კუთვნილი „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით - L--------, წინა მარცხენა კარის საქარე მინა, შეაღწია ავტომობილში და იქიდან შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა თანხას 17 ლარის ოდენობით.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის განაჩენით, ა---------–---–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 4 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა---------–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 4 წლის ვადით;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა---------–---–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ი--------------ემ და ითხოვეს მისი გაუქმება.

 

მეორე მხარემ - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-–----------–--ემ ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

აპელანტის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან მოსამართლემ მხედველობაში არ მიიღო ა---------–---–---–ის განცხადება იმასათან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის ე.წ. თვითმხილველი მოწმეები იყვნენ სწორედ ის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც იცნობდნენ ა---------–---–---–ს და იცოდნენ მისი წარსული ნასამართლეობის შესახებ. ა---------–---–---–ის განცხადება, რომ სიმართლეს შეესაბამებოდა დასტურდებოდა თუნდაც იმით, რომ დაზარალებულმა ლ-------------–---–მა, რომელმაც ასევე გაიგონა მსხვრევის ხმა და ამ ხმაზე დაახლოებით 10 წუთში ჩავიდა თავის მანქანასთან, ვერ იხსენებს პოლიციელებთან მყოფ პირს გარეგნულად და არ უნახავს პოლიციელებთან მყოფი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირის არც ჩხრეკის პროცესი და ასევე არ უნახავს, არც ამ უკანასკნელის და არც პოლიციელების ხელში თითქოსდა მისი მანქანიდან მოპარული ხურდა ფული. თუ პოლიციელები არ ცრუობდნენ, რატომ ვერ დაინახა დაზარალებულმა ჩხრეკის პროცესი ან/და მისი შედეგები საერთოდ, რატომ ვერ შეძლო იმის თქმა, რომ შემთხვევის ადგილზე მან ნახა სწორედ ა---------–---–---–ი. ამასთან, გარდა პოლიციელი მოწმეების არასანდო და არადამაჯერებელი ჩვენებებისა, ასევე არასანდოა ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან მისი ჩატარების მონოპოლია ხელთ უპყრია შინაგან საქმეთა სამინისტროს ანუ სწორედ იმ სტრუქტურას ვის ხელშიცაა გამოძიება. შესაბამისად მათი მიუკერძოებლობა ეჭვის ქვეშ დგება ისედაც და ამას ემატება ის ფაქტი, რომ ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობენ თითქოსდა ძაღლები, რომელთა იდენტიფიკაცია საერთოდ არ ხდება. ასევე, გასათვალისწინებულია ის ფაქტიც, რომ იქ სადაც არ დარჩა ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა, საინტერესოა სუნის კვალისთვის საჭირო ბიოლოგიური მასალა როგორღა დარჩა, რადგანაც ფაქტია, რომ სუნის კვალიც რჩება იმ მოლეკულურ მასალაზე, რომელსაც ბრალდებული ტოვებს ადგილზე და რომელი ბიოლოგიური მასალის არსებობაც არ იქნა დადასტურებული გენეტიკური ექსპერტიზის ფარგლებში.

მეორე მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

4. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომელშიც აღნიშნა: მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომელშიც აღნიშნა: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხისთავიდან აცილებას. მსჯავრდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ უნდა იქნეს დასუსტებულიისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 43.).

 

თავის მხრივ, მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ–ის 82–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, თითოეული მტკიცებულება, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ, ასევე ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და,საერთოდ, ნებისმიერი – გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებულობისათვის (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და განმარტავს, რა ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ამ მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ლ-------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 18 ოქტომბერს, სამუშაოდან დაბრუნების შემდეგ, კუთვნილი ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსი“ (სახელმწიფო №L--------) დააყენა ეზოში, რომელიც იყო დაკეტილი. ავტომანქანის სათავსოში დატოვა ხურდა ფული - დაახლოებით 17 ლარის ოდენობით. გამთენიისას შემოესმა შუშის მსხვრევის ხმა. იგი ჩავიდა კორპუსის ეზოში, სადაც ნახა პოლიციის თანამშრომლები. ლ-------------–---–მა პოლიციელებისგან შეიტყო, რომ მისი ავტომანქანა იყო გატეხილი, ხოლო დამნაშავე ჰყავდათ დაკავებული. დაზარალებულის განმარტებით, ავტომანქანის მძღოლის მხარეს განთავსებული დიდი შუშა ჩატეხილი იყო. პოლიციელები ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს, რის გამოც მანქანას არ მიახლოვებია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში ზ--------------მ (დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი) განმარტა, რომ 2018 წლის 19 ოქტომბერს, იგი, თანამშრომლებთან - ლ-–------------------------------------თან ერთად იმყოფებოდა სამსახურებრივ შემოვლაზე ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-4 მ/რაიონი, მე-3 კვარტლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გაიგო შუშის მსხვრევის ხმა და გზის საპირისპირო მხარეს დაინახა გაჩერებული ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსი“, რომელშიც იყო კაპიუშონიანი პირი. მანქანასთან მიახლოვებისას შეამჩნია, რომ ავტომანქანის მარცხენა საქარე შუშა იყო ჩამსხვრეული. პოლიციელები მიუახლოვდნენ ავტომანქანაში მყოფ პირს, რომელმაც გაქცევა დააპირა, რა დროსაც დააკავეს. პირადი ჩხრეკისას დაკავებულს ამოუღეს ფულადი თანხა - 17 ლარის ოდენობით და პირადი ნივთები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში კ------------ემ (დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი) განმარტა, რომ 2018 წლის 19 ოქტომბერს, დილის საათებში, თანამშრომლებთან ლ-–----------ესთან და ზ--------------სთან ერთად ქვეითად პატრულირებდა ქ-------–--–-------------–-----------------–-----------------––------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გაიგო მინის ჩამსხვრევის ხმა და დაინახა „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილის წინა მარცხენა ფანჯარაში ნახევარი ტანით გადასული პირი, რომელმაც გაქცევა სცადა, თუმცა დააკავეს. როგორც აღმოჩნდა დაკავებული იყო ა---------–---–---–ი, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, ამოუღეს მობილური ტელეფონი, მაჯის საათი და ფულადი თანხა დაახლოებით 17 ლარის ოდენობით. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, მათთან მივიდა ავტომანქანის მეპატრონე, რომელსაც განუმარტეს მომხდარის შესახებ.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში ლ-–----------ემ (გამომძიებელი).

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ ი--------------–-–---–ი (გამომძიებელი), ა-----------–---–ი (გამომძიებელი), ზ---------–----ე (ექსპერტი), ლ------------–---–ი (ექსპერტი), რ--------------–-–---–ი (ექსპერტი), გ-------------------ი (ექსპერტი), ლ--------–-–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მათი ჩვენებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია, სასამართლო მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.

 

საქართველოს შს სამინსიტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 12 დეკემბრის №--------- დასკვნის თანახმად, ქ.------–--–-------------–----------------------------------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქე ლ-------------–---–ის კუთვნილი ა/მანქანა „ტოიოტა პრიურის“ სახ. №L---------ის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი ზემოაღნიშნული ავტომანქანიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებული ა---------–---–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ბ----------------ემ.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 მარტის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: „...ანაწმენდები ორ ცალ ნიმუშად..“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებულ ბიოლოგიური მასალის (ობ. №2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ა---------–---–---–ის (ობ.№3. პაკეტი წარწერით: „.. ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე, აღებული მოქალაქე ა---- ჯიმშერის ძე დ--–---–---–ისგან...“) გენეტიკური პროფილისგან.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ--------------მ და დამატებით აღნიშნა, რომ საგანზე პირის გენეტიკური კვალის დარჩენა დამოკიდებულია კონტაქტის ხანგრძლივობაზე, საგნის ზედაპირზე, ასევე იმ გარემოებებზე, თუ რა მოქმედებები განხორციელდა საგნის მიმართ შეხების შემდეგ; ასევე მნიშვნელოვანია, მოხდა თუ არა გამოსაკვლევი საგნის ულტრაიისფერი დასხივება, დამუშავდა თუ არა იგი ქიმიური და ფიზიკური წესით. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ საგანზე შეიძლება დარჩეს ორი ადამიანის გენეტიკური მასალა, თუმცა ავთენტურობის დადგენა უტყუარად მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ერთი მათგანი 50-ჯერ აჭარბებს მეორეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენით, ა---------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,177-ე უხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ორი წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში ა---------–---–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 17 ოქტომბერს, მეგობრებთან ერთად მოწია „მარიხუანა“. სახლში დაბრუნებისას, ვარკეთილში გააჩერა „ტოიოტას“ მარკის პოლიციის ავტომანქანამ. ვინაობის დადგენის შემდეგ, პოლიციელები დაინტერესდნენ, თუ რას აკეთებდა გვიან ღამით ქუჩაში. პოლიციელებს აუხსნა, რომ სახლში მიდიოდა. პოლიციის თანამშრომელმა - ლ-–----------ემ კაპიშონზე ჩაავლო ხელი და კედელს მიახეთქა, რის შემდეგ ჩასვეს ავტომანქანაში, სადაც პოლიციელებმა განაგრძეს მისი ცემა. პოლიციელებისგან მალულად მოახერხა სახლში დარეკვა და ოჯახის წევრებს შეატყობინა, რომ იგი დააკავეს. პოლიციელები მისგან ითხოვდნენ არჩადენილი დანაშაულის აღიარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ ცემით. იგი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც შეადგინეს დოკუმენტები, რომლის გაცნობის საშუალება არ მისცეს. მან მოითხოვა ადვოკატი, თუმცა პოლიციელებმა აღიარების გარეშე ადვოკატზე უარი უთხრეს. შაბათ დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში მას შეხვდა პროკურორი, რომელმაც საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა. პროკურორის თანდასწრებით მან კვლავ მოითხოვა ადვოკატის დანიშვნა, თუმცა ამჯერადაც უარი მიიღო. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული 17 ლარი მის საკუთრებას წარმოადგენს. მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა შედეგი დღემდე არ უცნობებიათ. დაკავებამდე მეგობრებთან ერთად პარკში ალკოჰოლურ სასმელი მიირთვა, თუმცა მათი ვინაობა ვერ გაიხსენა. მისი პირადი ჩხრეკისას დაზარალებული არ დაუნახავს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

პოლიციელი მოწმეების ჩვენებების შეფასებისას, სააპელაციო პალატა იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, სადაც სასამართლომ შენიშნა, რომ ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებიდან აშკარად ჩანდა, რომ ისინი დაეყრდნენ, ძირითადად, ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს. შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლომ არ მიიჩნია, რომ განმცხადებლის ჩვენება მის მიმართ არააუცილებელი და არათანაბარზომიერი ძალის გამოყენებაზე იყო სანდო, ვინაიდან ეს ჩვენება ასახავდა პირად აზრს და ბრალდებულის მიერ პოლიციელების დადანაშაულებას წარმოადგენდა. თუმცა იმავდროულად, ეროვნული სასამართლოებისათვის მისაღები იყო პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ისე, რომ ამასთან დაკავშირებით დამაჯერებელი დასაბუთება არ მოუყვანიათ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ პოლიციელთა ჩვენებები, ასევე შესაძლოა, რომ სუბიექტური ყოფილიყო და, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა მათი მხრიდან ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ამ თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ასევე უნდა დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან გამოძიებას უნდა დაედგინა, იყვნენ თუ არა პოლიციელები არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებლები (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Mikiashvili v. Georgia, განაცხადი no. 18996/06, 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება §82).

 

ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი სტანდარტის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.) შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, კრიტიკულად შეისწავლა იმ პოლიელთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ა---------–---–---–ის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში და ამხელდნენ მას დანაშაულის ჩადენაში. დაცვის მხარის მითითებით, პოლიციელების ჩვენებები, მათი სტატუსიდან გამომდინარე იმთავითვე არის არასანდო, ამასთან წინააღმდეგობაშია დაზარალებულის ჩვენებასთან. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პოლიციელების ჩვენებების, ისევე როგორც სხვა მტკიცებულებების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება/არგაზიარება, საპირწონე არგუმენტების შეფასების გარეშე არსებითად მცდარია, ამასთან მიაჩნია, რომ პოლიციელების ჩვენებებს შორის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რომლებიც ეჭქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, არ არსებობს. სამივე მოწმე, დაკავების საფუძვლების, საგამოძიებო მოქმედების - პირადი ჩხრეკისა და ამ საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულ თანხასთან დაკავშირებით არიან თანმიმდევრულნი და არ იძლევიან ობიექტურ საფუძველს მათ სანდოობაში ეჭვის შესატანად. სამივე მათგანი ცალსახად მიუთითებს, რომ ისინი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, ფეხით პატრულირებდნენ, რა დროსაც შემოესმათ მტვრევის ხმა. სამივე მოწმე ზუსტად უთითებს შემთხვევის ადგილს, სადაც მოხდა ა---------–---–---–ის დაკავება და პირადი ჩხრეკა. სამივე მოწმის ჩვენება იდენტურია ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებისა და მათი მიმდინარეობის თანმიმდევრობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამივე მოწმემ მიუთითა, რომ ჯერ ჩატარდა ა-----------–---–---–ის პირადი ჩხრეკა, ხოლო შემდეგ - დაკავება. ამოღებულ თანხასთან მიმართებით, სამივე მოწმე ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ამოღებული იქნა რკინის მონეტები დაახლოებით 17 ლარის ოდენობით. საყურადღებოა, რომ თავად დაზარალებულიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მანქანაში ინახავდა სწორედ ამ ოდენობის თანხას, გაიგო მტვრევის ხმა და შემთხვევის ადგილზე ნახა, რომ მის მანქანასთან ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, რაც აქვე გამორიცხავს დაცვის მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელები ცრუობენ, მათ შორის იმის გამო, რომ მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება დაზარალებულის ჩვენებას. ამასთან, სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რაიმე სახის ფაქტი ან მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა პოლიციელების ობიექტურობას და მიუკერძოებლობას ან გააჩენდა საფუძვლიან კითხვებს მათ არაჯანსაღ ინტერესთან დაკავშირებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დადგენილა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საგამოძიებო მოქმედებიდან, მოწმეების სასამართლოში დაკითხვამდე გასულია დრო და არ არის გამორიცხული, რომ მოწმეებს არ ახსოვდეთ საქმისთვის უმნიშვნელო დეტალები და იმის განურჩევლად მნიშვნელოვანია ეს დეტალები თუ არა, არ უნდა გახდეს იმის მტკიცების საფუძველი, რომ მოწმეები აპრიორი ცრუობენ. მითუმეტეს, როდესაც მოწმეები სხვა, საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით იძლევიან თანმიმდევრულ და დეტალურ ჩვენებებს. პირიქით, მოწმეების მიერ ყველა დეტალის ზედმიწევნით აღდგენა და გადმოცემა უფრო მეტად საეჭვოს გახდიდა მათ სანდოობას და წარმოშობდა ეჭვს, ხომ არ მოხდა მოწმეების მიერ ზემოხსენებულ მტკიცებულებასთან საკუთარი ჩვენების სპეციალურად თანხვედრა. ამდენად, სასამართლომ შეაფასა პოლიციელთა ჩვენებები და მიაჩნია, რომ უმნიშვნელო განსხვავებები, რაც შეინიშნება მათ მონათხრობში, ვერ დაუკარგავს მათ ჩვენებებს სანდოობას. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ოდოროლოგიური ექსპერტის დასკვნა არასანდო მტკიცებულებაა, რომლის ჩატარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშია, რომელიც აწარმოებს გამოძიებას და ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტული კვლევის ფარგლებში, სასამართლოში, მხარეთა მონაწილეობით დაიკითხა ექსპერტი ბ----------------ე, რა დროსაც დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა ჯვარედინად დაეკითხა იგი, დაესვა საინტერესო შეკითხვები და შეკამათებოდა მოსამართლის წინაშე. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, როდესაც დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე წამოჭრის ამგვარ არგუმენტს, თითქოს ექსპერტის დასკვნა არის არასანდო, სააპელაციო პალატას უჩნდება საფუძვლიანი მოლოდინი იმისა, რომ მხარე, როგორც მინიმუმ წარმოადგენს ამის დამადასტურებელ რაიმე სახის გონივრულ არგუმენტს და არ შემოიფარგლება უსაფუძვლო ვარაუდებით, რაც არამც და არამც არ იქნებოდა მტკიცების ტვირთის შეცვლა და რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც საწინააღმდეგო მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ექსპერტის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნა, არ ბადებს ობიექტურ კითხვებს მის არასანდოობასთან მიმართებით. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას იმის თაობაზე, როგორ შეიძლება შემთხვევის ადგილზე დარჩენილიყო ა---------–---–---–ი სუნის კვალი და არ აღმოჩენილიყო ბიოლოგიური მასალა, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ჰაერში სუნის კვალის დასატოვებლად აუცილებელი არ არის საგანთან პირის შეხება და ამდენად, ვერ ხედავს პირდაპირ კავშირს ჰაერში ა---------–---–---–ის სუნის კვალის აღმოჩენასა და მისი ბიოლოგიური მასალის აღმოუჩენლობას შორის. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მის არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, ,,როდესაც მოწმეთა ჩვენებები ურთიერთთავსებადია, საგამოძიებო თუ სხვა პროცესუალური დოკუმენტები, მაგალითად, როგორიცაა ჩხრეკის ოქმი, შედგენილია კანონის დარღვევის გარეშე, ასევე, რელევანტურია სხვა მტკიცებულებები, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც არ შეიძლება კატეგორიულად დადგინდეს შეხების შემთხვევაში გენეტიკური პროფილის დარჩენა, არ არის პირის გამართლების საფუძველი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის N96აპ-17 გადაწყვეტილებაში მითითებულია: ,,... იმ პირობებში, როდესაც არსებობს: მოწმე პოლიციელების - რ. დ-ს, ლ. ჯ-ს, ა. რ-სა და თ. კ-ს თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია; ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან გ. ვ-ს მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება; მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, მით უფრო, იმ მოცემულობით, როდესაც ექსპერტები განმარტავენ, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი და რომელი გარემოებები გამორიცხავს კვალის დარჩენის შესაძლებლობას, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს‘‘. 2017 წლის 13 ოქტომბრის N262აპ-17 გადაწყვეტილების მიხედვით ,,მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ბრალდებულის გენეტიკური პროფილის აღმოუჩენლობა ნივთზე ადასტურებს მის უდანაშაულობას, დაუსაბუთებელია. მეტიც, თუკი სასამართლოები მსგავს პოზიციას განამტკიცებენ, ამით შესაძლოა, წახალისდეს კრიმინალი იმ თვალსაზრისით, რომ ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ა.შ., ისეთი საშუალებით (მაგ. ხელთათმანებით), რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ნივთზე არ დარჩება პირის გენეტიკური პროფილი, უპირობოდ იქნება გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რაც მიუღებელია“.

 

ამდენად, სააპელაციო პალატამ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ასევე გულდასმით გააანალიზა აპელანტის საკვანძო არგუმენტები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 19 ოქტომბერს, ქურდობისთვის ნასამართლევმა ა---------–---–---–მა ჩაამტვრია ლ-------------–---–ის კუთვნილი ავტომობილის მინა და იქიდან შეეცადა ფარულად დაუფლებოდა თანხას 17 ლარის ოდენობით, თუმცა დააკავეს პოლიციელებმა, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ ა---------–---–---–ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა---------–---–---–ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს.

 

ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, დანაშაული ჩადენილი არაერთგზის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენით, ა---------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,177-ე უხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და დანაშაულის ჩადენის დროს - 2018 წლის 19 ოქტომბერს, მისი ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა.

 

ამდენად, ვინაიდან უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 19 ოქტომბერს, ქურდობისთვის ნასამართლევმა ა---------–---–---–მა ჩაამტვრია ლ-------------–---–ის კუთვნილი ავტომობილის მინა და იქიდან შეეცადა ფარულად დაუფლებოდა თანხას 17 ლარის ოდენობით, თუმცა თანხის განკარგვა ვერ მოასწრო, ისე დააკავეს პოლიციელებმა, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის - შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც ა---------–---–---–ი უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა---------–---–---–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ა---------–---–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რითაც სასჯელი უნდა დაენიშნოს ა---------–---–---–ს ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს ა---------–---–---–ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (დანაშაული ჩადენილია ანგარებითი მოტივითა და სხვისი ქონების დაუფლების მიზნით) ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დამნაშავის ურყევ ნებას ჩაედინა დანაშაული), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ჩაამტვრია მანქანის საქარე მინდა და ამ გზით დაეუფლა ფულად თანხას), ასევე იმ გარემოებას, რომ ზიანი ფაქტობრივად ანაზღაურებულია (ფულადი თანხა, რომლის დაუფლებასაც ცდილობდა ა---------–---–---–ი, ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის დროს) მის პიროვნებას (წარმოდგენილი მტკიცებულებები ა---------–---–---–ის უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა), ოჯახურ ვითარებას (ჰყავს მცირეწლოვანი შვილი) და მიიჩნევს, რომ მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ამასთან, ა---------–---–---–მა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რისი გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები, ჩაწერილი 1 კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალის ნიმუში 1 ქილად, ხელის კვლები 2 დაქტილოფირზე, ანაწმენდი 2 ნიმუშად, ა---------–---–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, სუნის კვალის ნიმუში და ხელის კვალის ნიმუში - უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ა---------–---–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი და მაჯის საათი, 17 ერთლარიანი მონეტა, 4 ცალი ოცთეთრიანი მონეტა, 1 ორმოცდაათეთრიანი მონეტა და 1 ხუთთეთრიანი მონეტა, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ა---------–---–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის განაჩენი;

 

ა---------–---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით და ა---------–---–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით;

 

ა---------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 19 ოქტომბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები, ჩაწერილი 1 კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალის ნიმუში 1 ქილად, ხელის კვლები 2 დაქტილოფირზე, ანაწმენდი 2 ნიმუშად, ა---------–---–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, სუნის კვალის ნიმუში და ხელის კვალის ნიმუში, განადგურდეს სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ა---------–---–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი და მაჯის საათი, 17 ერთლარიანი მონეტა, 4 ცალი ოცთეთრიანი მონეტა, 1 ორმოცდაათეთრიანი მონეტა და 1 ხუთთეთრიანი მონეტა, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი