განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002534180
საქმე №1ბ/704-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატა შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მაია თეთრაული
სხდომის მდივანი - ლელა ბახტაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ----– ს--------ე;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ს------ ა----–-----ი, დაბადებული 1----–-–----------------–ს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, პირადი №0----------- მცხოვრები: ქ. თ---–-----------------------–--–-------------ში;
ადვოკატი - მ-----ა ჭ---–---–ი;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა; 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება;
სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
თარჯიმანი - ი----- მ---------ე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ს------ ა----–-----მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ 0,00288 გრამის ოდენობით, რაც 2018 წლის 26 მაისს გაასაღა ზ------ გ------–--ეზე თბილისში, ქე-------–-------–-------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ თბილისში, წ-------–ის ქუჩა N5----ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის განაჩენით:
ს------ ა----–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ს------ ა----–-----ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს------ ა----–-----ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ - მსჯავრდებულ ს------ ა----–-----ის ადვოკატებმა რ--------- ქ-------–--ამ და მ-----ა ჭ---–---–მა.
3. მხარეთა პოზიციები:
აპელანტების პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დაცვის მხარის მტკიცებით, ბრალდებამ ს------ ა----–-----ის წინააღმდეგ სასამართლოზე რეალურად წარმოადგინა სამი მტკიცებულება: მოწმე ზ------ გ------–--ის ჩვენება, ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერი და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ნარკოტიკზე, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს. კერძოდ:
1) დაცვის მტკიცებით, მოწმე ზ------ გ------–--ის ჩვენებაში არის წინააღმდეგობები - მოწმემ განმარტა, რომ დაახლოებით ორკვირიანი შუალედით იძენდა ნარკოტიკულ საშუალებებს ს------ ა----–-----ისგან, თუმცა დამატებით შეკითხვაზე უპასუხა, რომ სულ სამჯერ ჰქონდა ნარკოტიკი შეძენილი მისგან, რაც ეწინააღმდეგება მისივე ჩვენებას; ასევე განმარტა, რომ მხოლოდ ს------ ა----–-----ისგან იძენდა ნარკოტიკულ საშუალებას, თუმცა მერე შეცვალა ჩვენება და აღნიშნა, რომ სხვა პირისგანაც იძენდა ნარკოტიკს, რომელიც დაახლოებით 2018 წლის 26 მაისამდე ერთი თვით ადრე დააჭერინა პოლიციას, თუმცა დადგენილია, რომ ზ------ გ------–--ეს პოლიციისთვის მიმართული აქვს ერთდღიანი შუალედით. ზ------ გ------–--ის სანდოობის შეფასებისას გასათვალისწინებელია თანამშრომლობის კონტექსტი - მოტივი რითიც თანამშრომლობის სურვილის გაჩენას ხსნის ზ------ გ------–--ე: მისი ნარკოტიკებზე დამოკიდებულება, ნასამართლობა და სხვა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, რომელიც მან სასამართლოს მიაწოდა. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ ზ------ გ------–--ე არ არის სანდო მოწმე. მას შეეძლო, თავისი მიზნებიდან გამომდინარე (ა----–-----ისთვის ვალის არდაბრუნება, პოლიციისგან ხელშეუხებლობა, ნარკოტიკული შიმშილის დროს პოლიციის დახმარებით დღიური დოზის მიღება და ა.შ.) ეცრუა და შეცდომაში შეეყვანა პოლიციის მუშაკები ა----–-----თან დაკავშირებით, თავისი კუთვნილი აბი შეეხვია ფოლგაში და ეთქვა, თითქოს იგი ა----–-----ისაგან შეიძინა და ამისათვის გამოეყენებინა ა----–-----ისაგან წინასწარ მალულად აღებული სიგარეტის კოლოფი. აღსანიშნავია, რომ ფარულ ვიდეოკადრებში რეალურად არ ჩანს, თუ რა გადასცა ა----–-----მა გ------–--ეს. გ------–--ე ა----–-----ის ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ დაახლოებით 2-3 წუთი იყო უმეთვალყურეოდ და ამის შემდეგ მოხდა მისგან ნარკოტიკის ამოღება. ეს კი გ------–--ეს საშუალებას აძლევდა, თვითონ მოეხდინა ნარკოტიკის შეძენის იმიტაცია ასეთის სურვილის არსებობის შემთხვევაში. დაცვის მხარის მოსაზრებით, გამომძიებელი ზ------ ბ------–---–ი სრულად ვერ გაუწევდა ვიზუალურ კონტროლს ზ------ გ------–--ეს, რადგან ა----–-----ი და გ------–--ე ერთმანეთს შეხვდნენ ქეთევან წამებულის 53/ა-სთან, ხოლო ბ------–---–ი ავტომანქანით წ-------–ის 5----თან იდგა. ზემოაღნიშნული ქუჩები ერთმანეთს კვეთენ და ზ------ ბარუაშვილსა და ა----–-----ის ავტომანქანას შორის ქეთევან წამებულის 53/ა-ში არსებული შენობა ქმნიდა ვიზუალურ ბარიერს, წინააღმდეგ შემთხვევაში ა----–-----ს ავტომანქანა სავალი გზების კვეთაზე ან, უკიდურეს შემთხვევაში, ზებრა გადასასვლელზე უნდა გაეჩერებინა. გარდა ამისა, ეჭვს ბადებს ის გარემოება, რომ დაკითხვისას ბ------–---–მა უტყუარად ვერ აღწერა, საიდან უწევდა თვალთვალს ბრალდებულის მანქანას და სად იყო იგი გაჩერებული, არ ახსოვდა, რა ფერის ავტომანქანაში ჩაჯდა გ------–--ე. ბ------–---–ი მანძილს მას და ა----–-----ის ავტომანქანას შორის 15-20 მეტრით განსაზღვრავს, როცა გ------–--ე 50-60 მეტრზე საუბრობს (ეს დეტალი პირველი ინსტანციის სასამართლოსაც აქვსო განაჩენში აღნიშნული, მაგრამ იგი შეფასების გარეშეაო დარჩენილი), ბ------–---–ი აღნიშნავს, რომ გ------–--ე რამდენიმე წუთში გადმოვიდა მანქანიდან, მაშინ როდესაც ვიდეო ჩანაწერი მანქანაში ჩაჯდომამდე იწყება და გადმოსვლის შემდეგ სრულდება და მისი ხანგრძლივობა სულ 50 წამია.
2) რაც შეეხება ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას, აღნიშნულ ჩანაწერში ჩანს, რომ ა----–-----ს ვიღაც პიროვნება, ვინც ჩაუჯდა მას ავტომანქანაში, გადასცემს ფულს (ყოველ შემთხვევაში ფულის კუპიურებს ჰგავს აღნიშნული ნივთი), ა----–-----ი კი მას გადასცემს გაურკვეველ ნივთს, რომლის გარჩევაც კადრში შეუძლებელია. საქმეზე ჩატარებული ფონოსკოპიური ექსპერტიზით ვერ დადგინდა, რომ მოსაუბრის ხმა ა----–-----ისაა, თუმცა გამოძიებას არც ზ------ გ------–--ის საუბრის იდენტიფიცირება მოუხდენია. აღსანიშნავია აგრეთვე ის გარემოება, რომ ზ------ გ------–--ეს არ წარდგენია მოცემული ჩანაწერი, რომლის რეალობასაც ის ან დაადასტურებდა, ან უარყოფდა. როგორც ექსპერტმა მ.ტ----–---–---–მა განაცხადა, აუდიო მასალა იმდენად უხარისხო იყო (ქუჩის ხმაური, ა----–-----ის ხმის დაბალი ტემბრი, საუბრის გადაფარვა მეორე პიროვნების საუბრით), რომ ვერ შეძლო ა----–-----ის ხმის ნიმუშთან შედარება.
3) ბიოლოგიური ესქპერტიზის დასკვნის თანახმად, მოწითალო ფერის ფოლგის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია და ეკუთვნის სულ მცირე სამ მამრობითი სქესის პირს, რომელშიც ვლინდება ს------ ა----–-----ის გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო ზ------ გ------–--ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ამასთან დაკავშირებით გაუგებარია, რატომ არ გამოვლინდა ზ------ გ------–--ის გენეტიკური კვალი აღნიშნულ ქაღალდზე, როდესაც, მისივე თქმით, დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში ხელში ეჭირა მოცემული ქაღალდი. იქნებ ეს ის ფოლგის ქაღალდია, რაც მან მიიღო ს------ ა----–-----ისგან 2018 წლის 26 მაისს.
ბრალდების მხარის - პროკურორ ვ----– ს--------ის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან არის კანონიერი და დასაბუთებული.
4. მტკიცებულებების ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სააპელაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ასევე რამდენად ქმნის მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმის (26.05.2018) თანახმად, 2018 წლის 26 მაისს, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელ ზ------ ბ------–---–ის მიერ ზ------ გ------–--ეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაეცა ფულადი თანხა 350 ლარის ოდენობით (ექვსი 50 ლარიანი კუპიურა და ხუთი 10 ლარიანი კუპიურა).
მოწმე ზ------ გ------–--ემ დაადასტურა ს------ ა----–-----ისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის ფაქტი და განმარტა, რომ იგი დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გაიცნო. პოლიციას ნებაყოფლობით მიმართა განცხადებით და მიაწოდა ინფორმაცია ს------ ა----–-----ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების თაობაზე. თანხმობა განაცხადა სამართალდამცავებთან თანამშრომლობაზე, რის შემდეგაც აღჭურვეს სათვალთვალო ვიდეო კამერით და ნარკოტიკული საშუალების შესაძენად გადაეცა 350 ლარი. 2018 წლის 26 მაისს დაუკავშირდა ს------ ა----–-----ს, რომელსაც უთხრა, რომ ნარკოტიკული საშუალების შეძენა სურდა და შეუთანხმდა შეხვედრის ადგილზე (ავლაბარში, მეტრო „სამასი არაგველის“ წინ). ბრალდებული შეხვედრაზე შავი ფერის „ტოიოტა კამრის“ მარკის ავტომანქანით მივიდა. ავტომანქანაში მძღოლის გვერდით მდებარე სავარძელზე დაჯდა და ს------ს გადასცა 350 ლარი. მან კი თანხის დათვლის შემდეგ გადასცა ფრანგული „სუბოტექსის“ ნახევარი აბი. მათი შეხვედრა დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა. ავტომანქანაში მათ გარდა სხვა პიროვნება არ იმყოფებოდა. ს------ ა----–-----ის ავტომანქანიდან გადასვლის შემდეგ მივიდა დაახლოებით 50-60 მეტრში მყოფ პოლიციის თანამშრომლებთან და გადასცა ბრალდებულისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის შესახებ შედგა სათანადო ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერა, ნარკოტიკული საშუალება კი დაილუქა. ს------ ა----–-----თან შეხვედრას იწერდა მაისურზე დამაგრებული ვიდეო კამერით. პოლიციის თანამშრომლები ნარკოტიკების გადაცემის ადგილიდან დაახლოებით 50-60 მეტრში იმყოფებოდნენ. იგი პოლიციის თანამშრომლებს ხედავდა.
ამოღების ოქმის (26.05.2018) თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ - გამომძიებელ ზ------ ბ------–---–ის მიერ ქ.თბილისში, წ-------–ის ქუჩა №5----ის მიმდებარე ტერიტორიაზე ზ------ გ------–--ისგან ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ფოლგის მაგვარ ქაღალდში მოთავსებული მოთეთრო ფერის აბის ნატეხი, რომელიც, ზ------ გ------–--ის განმარტებით, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას.
მოწმე ზ------ ბ------–---–მა (გამომძიებელი) დაადასტურა მის მიერ (მისი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და განმარტა, რომ 2018 წლის მაისში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების განყოფილებაში ზ------ გ------–--ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ს------ ა----–-----ის მიერ ნარკოტიკულ საშუალების გასაღების ფაქტზე. მოპოვებულ იქნა მოსამართლის განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ, ზ------ გ------–--ე აღიჭურვა შესაბამისი მოწყობილობით და 2018 წლის მაისში მეტროსადგურ სამასი არაგველის მიმდებარე ტერიტორიაზე ს------ ა----–-----ისგან განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა. ზ------ გ------–--ის მიერ შესყიდულ იქნა მოთეთრო ფერის აბი, რომელიც აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება. შესყიდული ნარკოტიკული საშუალება დაუყოვნებლივ ამოიღო, დალუქა და შეადგინა შესაბამისი ოქმი. ბრალდებულის დაკავების, პირადი, ავტომანქანისა და ბინის ჩხრეკის თაობაზე მოსამართლის განჩინების მოპოვების შემდეგ 2018 წლის 6 ივნისს შედგა რამდენიმე ოპერატიული ჯგუფი და გავიდნენ ს------ ა----–-----ის საცხოვრებელ მისამართზე. ბრალდებულის სახლთან მისვლამდე შეამჩნიეს შავი ფერის „ტოიოტას მარკის“ ავტომანქანა. მიუახლოვდნენ ბრალდებულს, თარჯიმნის მეშვეობით განუმარტეს უფლებები და ქ. თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩა №69-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და გაჩხრიკეს. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ ბრალდებული გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ განყოფილებაში. საკონტროლო შესყიდვა მიმდინარეობდა პოლიციის თანამშრომლების უწყვეტი ვიზუალური კონტროლის ქვეშ საკონტროლო შესყიდვამდე, შესყიდვის მიმდინარეობისას და მას შემდეგაც ნარკოტიკული საშუალების ამოღების ჩათვლით. ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და შემდგომში ზ------ გ------–--ისგან მისი ამოღება განხორციელდა ქ. თბილისში, მეტრო სადგურ „სამასი არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, წ-------–ის ქუჩის პირდაპირ, დაახლოებით 15-20 მეტრში. საკონტროლო შესყიდვას თვალს ავტომანქანიდან ადევნებდა. ზ------ გ------–--ე ბრალდებულს ჩაუჯდა მანქანაში, საიდანაც რამდენიმე წუთში გადავიდა, მიუახლოვდა მათ და გადასცა ნარკოტიკული საშუალება. ს------ ა----–-----ის ავტომანქანაში უცხო პიროვნება არ შეუნიშნავს.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს №1--------------- დასკვნის (27.05.2018) თანახმად, ზ------ გ------–--ისგან ამოღებული, ცალ მხარეს ოვალური ფორმის თეთრი ფერის აბის ერთი ცალი ნატეხი, ნაწილობრივი ამოტვიფრული ლოგოთი: „B“, წონით 0.1450 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ წონით 0.00288 გრამს.
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს ექსპერტებმა ნ---- ნ----–---–მა და ს-----ო ც-------ამ. ექსპერტების განმარტებით, გამოკვლევა ჩატარდა კანონმდებლობის სრული დაცვით. გამოსაკვლევი ნივთიერება ექსპერტიზას წარედგინა დალუქული სახით და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. დადგინდა, რომ გამოკვლეული ობიექტი წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველ აბის ნატეხს. ექსპერტ ნ---- ნ----–---–ის განმარტებით, ექსპერტიზაზე წარდგენილ აბის ნატეხს აღენიშნებოდა ლათინური ასო „B-ს“ ფრაგმენტი.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ზ------ გ------–--ისა და ზ------ ბ------–---–ის ჩვენებებიდან ცალსახად დგინდება 2018 წლის 26 მაისს ს------ ა----–-----ისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის დეტალები. ზ------ გ------–--ემ დეტალურად განმარტა მისი ს------ ა----–-----თან ურთიერთობის შესახებ, დაადასტურა, რომ ნებაყოფლობით ითანამშრომლა სამართალდამცავ ორგანოებთან, აღიჭურვა ჩამწერი მოწყობილობით, ხოლო ნარკოტიკული საშუალების შესაძენად გადაეცა თანხა. მოწმის განმარტებით, ბრალდებულთან მისი შეხვედრა შედგა მეტროსადგურ „სამასი არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. შეხვედრაზე ს------ ა----–-----ი მივიდა შავი ფერის „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით, ჩაჯდა მძღოლის გვერდით სავარძელში, გადასცა 350 ლარი, ხოლო სანაცვლოდ მიიღო „სუბოტექსის“ ნატეხი. ზ------ გ------–--ემ ასევე დაადასტურა, რომ მისგან დაახლოებით 50-60 მეტრში იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც აკვირდებოდნენ ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის პროცესს. ბრალდებულთან მის შეხვედრას სხვა მესამე პირი არ დასწრებია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა გამომძიებელმა ზ------ ბ------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმე ზ------ ბ------–---–მა განმარტა, რომ ზ------ გ------–--ემ ნებაყოფლობით ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიჭურვა ჩამწერი მოწყობილობით და ს------ ა----–-----ისგან შეიძინა ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება. ზ------ ბ------–---–მა ასევე აღნიშნა, რომ საკონტროლო შესყიდვის პროცესი მიმდინარეობდა ზ------ გ------–--ის ვიზუალური კონტროლის პირობებში. უყურებდა, თუ როგორ ჩაჯდა ზ------ გ------–--ე ბრალდებულის მუქი ფერის ავტომანქანაში, როგორ გადმოვიდა ა/მანქანიდან რამდენიმე წუთის შემდეგ და როგორ მიუახლოვდა მას, რის შემდეგაც ამოიღო შეძენილი ნივთიერება. ს------ ა----–-----ის ავტომანქანიდან გადასვლის შემდეგ პოლიციის ავტომანქანასთან მიახლოებამდე ზ------ გ------–--ეს სხვა პირთან ურთიერთობა არ ჰქონია.
ამდენად, მოწმეების - ზ------ გ------–--ისა და ზ------ ბ------–---–ის ჩვენებებით, ფულადი თანხის გადაცემის ოქმით, ამოღების ოქმითა და ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 2018 წლის 26 მაისს, დღის საათებში ზ------ გ------–--ემ გამომძიებლის მიერ გადაცემული ფულადი თანხით - 350 ლარით ს------ ა----–-----ისაგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი აბის ნატეხი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 სექტემბრის №0-------- ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით: „...ნარკ. საშ ბუპრენორფინის შემცველი ტაბლეტის ნატეხი, წონით - 0,1374 გრ (საწყ - 0,1450 გრ)...“, მოთავსებულ მოწითალო ფერის ფოლგის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის (ობ.N1) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც ვლინდება ს------ ა----–-----ის გენეტიკური თანამონაწილეობა. ობ. N1-ის გენეტიკურ პროფილში ზ------ გ------–--ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ი------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მისი განმარტებით, რა დრო სჭირდება საგანზე ადამიანის გენეტიკური კვალის დარჩენას, წარმოადგენს თეორიულ საკითხს ბიოლოგიური კვალის წარმოშობის მექანიზმის შესახებ, რაც მისი კვლევის საგანი არ ყოფილა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 სექტემბრის №0-------- ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ამყარებს ბრალდების მხარის პოზიციას და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ს------ ა----–-----ს ნამდვილად ჰქონდა შემხებლობა ნარკოტიკულ საშუალებასთან.
სასამართლოში გამოკვლეული 2018 წლის 26 მაისის ვიდეოჩანაწერის თანახმად, კადრში ჩანს ქუჩაში, გზის პირას გაჩერებული ა/მანქანა, რომლის კარიც სწრაფად იღება და წინა სავარძელზე, მძღოლის (ს------ ა----–-----ის) გვერდით ჯდება ზ------ გ------–--ე. ავტომანქანაში სხვა პირი არ იმყოფება. აღსანიშნავია, რომ მტკიცებულებებით (მათ შორის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ზ------ გ------–--ისა და ბრალდებულ ს------ ა----–-----ის ჩვენებებით) უტყუარად დგინდება, რომ მძღოლი არის ს------ ა----–-----ი, ხოლო პირი, რომელიც აღჭურვილია ვიდეო კამერით, არის ზ------ გ------–--ე. ეს დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა ს------ ა----–-----მაც და, ფაქტობრივად, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს.
რაც შეეხება ზ------ გ------–--ესა და ს------ ა----–-----ს შორის კომუნიკაციას, სასამართლოში გამოკვლეული ჩანაწერის მიხედვით, იგი შემდეგი შინაარსისაა:
ზ------ გ------–--ე: „აუ, ჩემი დედა მოვ....“; ს------ ა----–-----ი: „ბარო“! როგორა ხარ, „ბრატ“? /მამაკაცები ერთმანეთს გადაკოცნით ესალმებიან/; ზ------ გ------–--ე: „რავა ხარ? აუ, დავიბრიდე“; ს------ ა----–-----ი: „გუშინ ჩამოვედი მეც, ბოზიშვილი ვიყო“; ზ------ გ------–--ე: „ბიჭო, „სირეცი“ ვერაფერი იმას ჰქენი?“; ს------ ა----–-----ი: „ვერა, ვერა“; ზ------ გ------–--ე: „350, ჰო, ძმა?“ /იგი თანხას უთვლის და აწვდის მძღოლს ს------ ა----–-----ს. ს------ ა----–-----ი: „ჰო, და ვერა, „ბრატ“, „სირეცზე“ რავი, აი, დავდივარ რა, ძლივს დავანებე თავი“; ზ------ გ------–--ე: „თვალებიდან ვეღარ ვიყურები, გადათვალე, აბა!“; ს------ ა----–-----ი: „არ მინდა, რა, ჩალიჩი „სირეცზე“, უნდა...“; ს------ ა----–-----ი ითვლის თანხას. ს------ ა----–-----ი: „ჰო. ნახე „ბრატ“! უნდა გავიჩხირო და გაჩხერვა არ მინდა, ბოზიშვილი ვიყო“; ზ------ გ------–--ე: „არა ბიჭო, ვიჩხირავ, 5 კაცი მელოდება“; ს------ ა----–-----ი: „სირეცზე“ მოკვდები. მართლა, გავხსნი თუ გინდა?“; ზ------ გ------–--ე: „რავი, გახსენი“; ს------ ა----–-----ი: „ნახევარია, რა, „ბრატ“.
კადრში ჩანს თუ როგორ ხსნის ს------ ა----–-----ი ქაღალდს, აჩვენებს ზ------ გ------–--ეს და აწვდის.
ზ------ გ------–--ე: „ის არის, ფრანგული, ჰო?“; ს------ ა----–-----ი: „ჰო, ფრანგული. ნახე“; ზ------ გ------–--ე: „კაი, ძმა, რა ვიცი“; ს------ ა----–-----ი: „ეხლა მაგისგან მოვდივარ“; ს------ ა----–-----ი: „დავაი“, წავედი“; ს------ ა----–-----ი: „დავაი“.
ზ------ გ------–--ე გადადის მანქანიდან და ვიდეოჩანაწერი სრულდება.
სააპელაციო პალატამ გულდასმით შეისწავლა ფარული ვიდეო-ჩანაწერი, რომლითაც უტყუარად არის დადგენილი, რომ კომუნიკაციის მხარეებს წარმოადგენენ სწორედ ზ------ გ------–--ე და ს------ ა----–-----ი, ჩანაწერის შინაარსიდან ცალსახად დგინდება, რაზე საუბრობენ ზ------ გ------–--ე და ს------ ა----–-----ი, რის სანაცვლოდ იღებს თანხას ს------ ა----–-----ი და რას გადასცემს ზ------ გ------–--ეს, კერძოდ:
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 24 ივნისის №4--------- დასკვნის თანახმად: გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამას არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები;
სისხლის სამართლის №0----------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათზე და ექსპერტიზის ხელთ არსებულ, ვიდეოგრამებიდან ამოღებული 15.02.1973 წელს დაბადებული ს------ი გ----–ას ძე ა----–-----ის სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა გ------ი გ------აძემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას და დამატებით განმარტა, რომ მის მიერ გამოკვლეულ ვიდეოგრამას მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნებოდა. ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე პიროვნების გამოსახულება ვარგისი იყო იდენტიფიკაციისთვის. დისკზე არსებულ ფოტოსურათზე და მის მიერ შს სამინისტროს ბაზაში მოძიებულ ფოტოსურათზე გამოსახული იყო ერთიდაიგივე პიროვნება - ს------ ა----–-----ი.
ამდენად, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 24 ივნისის №4--------- დასკვნით ცალსახად დგინდება, რომ 2018 წლის 26 მაისს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვისას ვიდეოკამერით აღჭურვილ ზ------ გ------–--ეს შეხვდა სწორედ ს------ ა----–-----ი და არა სხვა პირი.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 9 ივლისის №1----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ აუდიოგრამაზე და ვიდეორგამაში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. ექსპერტიზაზე წარდგენილ ფონოგრამაზე საიდენტიფიკაციო კვლევის ჩატარება ს------ ა----–-----ის ხმისა და მეტყველების მიხედვით ვერ მოხერხდა, რადგან ვერ აკმაყოფილებს ექსპერტიზის მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნას - თავსებადობას. სადავო და ეტალონური ჩანაწერები არ არის ერთმანეთთან თავსებადი, ანუ გამოსაკვლევად წარდგენილი სადავო ჩანაწერში საუბარი მიმდინარეობს ქართულ ენაზე, ხოლო ნიმუშის ფონოგრამაში საუბარი მიმდინარეობს რუსულ ენაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საიდენტიფიკაციო კვლევის ჩატარება შეუძლებელია.
ექსპერტმა ე----- კ-----–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ აუდიოგრამაზე და ვიდეორგამაში არსებულ აუდიოჩანაწერს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. ხმისა და მეტყველების მიხედვით პიროვნების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რადგან სადავო ფონოგრამაში საუბარი მიმდინარეობდა ქართულ ენაზე, ხოლო ხმის ნიმუში აღებულ იქნა რუსულ ენაზე. ამასთან, დასკვნაზე გავლენა იქონია ჩანაწერის სიმცირემ (გრძელდებოდა რამდენიმე წამი).
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ალტერნატივას“ 2018 წლის 17 ივლისის N-1---- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ვიდეოჩანაწერში რაიმე სახის მონტაჟის კვალი არ შეინიშნება; გამოსაკვლევად წარდგენილი ვიდეოჩანაწერიდან შეუძლებელია ბრალდებულ ს------ ა----–-----ის პიროვნების იდენტიფიკაცია მისი ხმისა და მეტყველების მიხედვით. შეუძლებელია იმის დადგენა, ვიდეომასალაში დაფიქსირებულ ტექსტს წარმოთქვამს თუ არა ბრალდებული ს------ ა----–-----ი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ. ტ----–---–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ვიდეოჩანაწერში რაიმე სახის მონტაჟის კვალი არ შეინიშნება, ხოლო ხმაურისა და ჩანაწერის მცირე მოცულობის გამო შეუძლებელი გახდა პიროვნების იდენტიფიკაცია.
ამდენად, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 9 ივლისის N1----- დასკვნითა და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ალტერნატივას“ 2018 წლის 17 ივლისის N-1---- დასკვნის მიხედვით ცალსახად დგინდება, რომ ჩანაწერი რაიმე სახის მონტაჟის ნიშნებს არ შეიცავს. საექსპერტო კვლევებით სხვადასხვა მიზეზის გათვალისწინებით ვერ მოხერხდა სადავო ჩანაწერებში არსებული მამაკაცის ხმის იდენტურობის დადგენა ს------ ა----–-----ის ხმის ნიმუშთან, თუმცა უტყუარად არის დადგენილი, თუ ვის და ვის შორის მიმდინარეობდა საუბარი და სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა, უშუალოდ მოესმინა ამ საუბრის შინაარსი, რაც სათანადოდ შეაფასა სააპელაციო პალატამ და აღნიშნავს, რომ ს------ ა----–-----ი და ზ------ გ------–--ე ცალსახად საუბრობენ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით (მათ შორის ახსენებენ ნარკოტიკულ საშუალება ე.წ. ,,სირეცს“). ზ------ გ------–--ე აძლევს თანხას ს------ ა----–-----ს, ეს უკანასკნელი კი ხსნის ფოლგის ქაღალდს, აჩვენებს და აწვდის ზ------ გ------–--ეს. ჩანაწერში ისმის, რომ ე.წ. ,,სირეცი“ ვერ იშოვა და აძლევს სხვა საშუალებას, რომელიც არის ფრანგული წარმომავლობის. ვიდეო-აუდიო ფაილში ასევე საუბარია ნარკოტიკის მიღებაზე/,,გაჩხერვაზე“. ამავე ჩანაწერით დგინდება, რომ ერთმანეთს ესაუბრება მხოლოდ ორი ადამიანი. სხვა პირი მანქანაში არ იმყოფება. არცერთი სიტყვა არ არის ნახსენები რაიმე ბიზნესზე, ვალზე ან ბიზნეს ურთიერთობაზე (როგორც ამაზე ჩვენებაში ს------ ა----–-----ი უთითებს), ხოლო საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სიტყვიერი კომუნიკაცია არის ორმხრივი და შეეხება ნარკოტიკული საშუალების შეძენას. ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია ასევე, რომ ჩანაწერს (არც აუდიო და არც ვიდეო ნაწილს) მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. ყველა აღნიშნული გარემოების საღი და გონივრული შეფასების პირობებში უტყუარად დგინდება, რომ ს------ ა----–-----მა ზ------ გ------–--ეზე გაასაღა ნარკოტიკული საშუალება და რაიმე გონივრული ეჭვი ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ არ არსებობს.
თავად ს------ ა----–-----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და აღნიშნა, რომ ზ------ გ------–--ესთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა და კატეგორიულად უარყო ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი. ბრალდებულის განმარტებით, ლილოს ბაზრობაზე ფეხსაცმლის რეალიზაციით არის დაკავებული. ზ------ გ------–--ემ რამდენჯერმე წაიღო მისგან სხვადასხვა ღირებულების ფეხსაცმელი და თანხა დათქმულ დროს დაუბრუნა. ნდობაში შევიდა მასთან და გაატანა რამდენიმე ათასი ლარის საქონელი, რომლის რეალიზაციაც ბათუმში უნდა მოეხდინა მეგობართან ერთად. ზ------ გ------–--ემ თანხა დათქმულ დროს არ დააბრუნა, ხშირად ატყუებდა, სხვადასხვა მიზეზს იგონებდა და სწორედ ამან გამოიწვია მასთან არაერთი შეხვედრა. 2018 წლის 26 მაისს სწორედ ვალთან დაკავშირებულ საკითხზე სასაუბროდ შეხვდა ზ------ გ------–--ეს მეტროსადგურ „სამასი არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. საუბარი მის კუთვნილ ავტომანქანაში რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ზ------ გ------–--ეს მან გადასცა ფურცელი, სადაც ჩამოწერილი იყო ზ------ის მიერ გადახდილი და ასევე ვალად დარჩენილი თანხები. მასთან ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით საუბარი არ ჰქონია. ავტომანქანაში მათ გარდა მესამე პიროვნება არ იმყოფებოდა. კონკრეტული თარიღი განუსაზღვრა თანხის დასაბრუნებლად, რის შემდეგაც დასცილდნენ ერთმანეთს. რამდენიმე დღის შემდეგ კი მის სახლთან ახლოს დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. ს------ ა----–-----მა დაადასტურა, რომ წარსულში იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
1) მოწმე ზ------ გ------–--ის ჩვენების სანდოობის შეფასებისას, სააპელაციო პალატა იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
სააპელაციო პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად შეაფასა მოწმე ზ------ გ------–--ის სანდოობა და აღნიშნავს, რომ ზ------ გ------–--ის ჩვენება თანმიმდევრულია და არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს. მცირე უზუსტობები, რომელზეც დაცვის მხარე უთითებს - ასე მაგალითად, რა ინტერვალით და რამდენი ხნის განმავლობაში იძენდა ნარკოტიკულ საშუალებას ს------ ა----–-----ისგან, სულ რამდენჯერ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, კიდევ ვისგან ჰქონდა შეძენილი და რამდენ დღიანი შუალედით მიმართა პოლიციას თანამშრომლობისთვის, არ არის არსებითი ხასიათის, მით უფრო, რომ ზ------ გ------–--ის ჩვენება ზედმიწევნით ემთხვევა საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებს - ვიდეო-აუდიო ჩანაწერს, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას, ქიმიური ექსპერტიზისა და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას. იგივე შეიძლება ითქვას გამომძიებელ ზ------ ბ------–---–ის ჩვენებაზე, რომელმაც, როგორც დაცვის მხარე უთითებს, ზედმიწევნით ზუსტად ვერ აღწერა, სად იდგა მისი მანქანა, ვერ გაიხსენა, რა ფერის მანქანაში ჩაჯდა ზ------ გ------–--ე, ზუსტად რა მანძილი იყო მას და ს------ ა----–-----ის მანქანას შორის და რამდენ წუთს გაგრძელდა არუშანიანისა და გ------–--ის შეხვედრა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა უთითებს, რომ საგამოძიებო მოქმედებიდან მოწმეების სასამართლოში დაკითხვამდე გასულია დრო და არ არის გამორიცხული, რომ მოწმეებს არ ახსოვდეთ საქმისთვის უმნიშვნელო დეტალები და იმის განურჩევლად, მნიშვნელოვანია ეს დეტალები თუ არა, ეს არ უნდა გახდეს იმის მტკიცების საფუძველი, რომ მოწმეები აპრიორი ცრუობენ. მითუმეტეს, როდესაც მოწმეები სხვა, საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით იძლევიან თანმიმდევრულ და დეტალურ ჩვენებებს. პირიქით, მოწმეების მიერ ყველა დეტალის ზედმიწევნით აღდგენა და გადმოცემა უფრო მეტად საეჭვოს გახდიდა მათ სანდოობას და წარმოშობდა ეჭვს, ხომ არ მოხდა მოწმეების მიერ მტკიცებულებასთან საკუთარი ჩვენების სპეციალურად თანხვედრა. ამდენად, სააპელაციო პალატამ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები და მიაჩნია, რომ უმნიშვნელო განსხვავებები, რაც შეინიშნება მათ მონათხრობში, მთლიანობაში ვერ დაუკარგავს მათ ჩვენებებს სანდოობას. დაცვის მხარე ასევე ეჭვქვეშ აყენებდა გამომძიებელ ზ------ ბ------–---–ის ჩვენების სანდოობას იმ მოტივით, რომ გამომძიებელს, შემთხვევის ადგილზე შენობების განლაგების გათვალისწინებით, არ შეეძლო, უწყვეტად თვალთახედვის არეში ჰყოლოდა ზ------ გ------–--ე, თუმცა თავად ზ------ ბ------–---–მა ცალსახად დაადასტურა, რომ ზ------ გ------–--ის სრული ვიზუალური კონტროლი ხორციელდებოდა საკონტროლო შესყიდვამდეც, საკონტროლო შესყიდვის მიმდინარეობისას და მას შემდეგ ნარკოტიკული საშუალების ამოღების ჩათვლით. სააპელაციო პალატას სურს, ხაზგასმით აღნიშნოს, როდესაც მხარე სასამართლოს წინაშე აჟღერებს ამგვარ არგუმენტს, სასამართლოს უჩნდება გონივრული მოლოდინი იმისა, რომ წარმოდგენილი იქნება ამ არგუმენტის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, თუნდაც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რაც არ იქნებოდა მტკიცების ტვირთის დაცვის მხარისათვის გადაკისრება და ეს სააპელაციო პალატას მისცემდა შესაძლებლობას, გადაეწყვიტა სამხილებს შორის არსებული შესაძლო კონფლიქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
დაცვის მხარემ მოწმე ზ------ გ------–--ის სანდოობა ასევე ეჭვქვეშ დააყენა მის მიერ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე თანამშრომლობის გამო, მიუთითა, რომ ზ------ გ------–--ე შესაძლოა, მოქმედებდა პირადი მიზნებით, მათ შორის პოლიციისგან ხელშეუხებლობის ან/და ნარკოტიკული შიმშილის დროს პოლიციის დახმარებით ნარკოტიკის დღიური დოზის მიღებისათვის. პალატა მიიჩნევს, რომ ამგვარი მსჯელობა მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ საფუძველს, გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან და წარმოადგენს არა მარტო მოწმის, არამედ მთლიანად სამართალდამცავი სისტემის დისკრედიტაციის მცდელობას. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა არ უკრძალავს პირს, ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან დამნაშავეთა მხილების მიზნით და აღნიშნულის განმაპირობებელ მოტივს (შურისძიება, დანაშაულში მხილების გზით მევალის ჩამოცილება და ა.შ) მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. საყურადღებოა, რომ რაიმე სახის მტკიცებულება, რაც სააპელაციო პალატას გაუჩენდა გონივრულ ეჭვს ზ------ გ------–--ის შესაძლო მიკერძოების ან/და მსჯავრდებულის მიმართ რაიმე სახის არაჯანსაღი ინტერესის არსებობის თაობაზე, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა. პირველი ინსტანციის სასამართლომ დეტალურად შეისწავლა და დაადგინა, რომ ზ------ გ------–--ის თანამშროლობა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების პირობებში საკონტროლო შესყიდვის განხორციელება სრულად შეესაბამებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილ სტანდარტებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სახელისუფლებო ორგანოებს განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდებისთვის მიმართვა უწევთ, რაც განსაკუთრებით საჭიროა ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების პროცესში. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდები, კერძოდ, ფარული ოპერაციების ჩატარების ტექნიკა თავისთავად არ არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 51). სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია უფლებამოსილია, ჩაატაროს ფარული ოპერაციები, მაგრამ არა წააქეზოს დანაშაული (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Khudobin V. Russia, პარ. 128). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე Miliniene v. Lithuania ასევე განმარტებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ გავლენა იქონია მოვლენების მსვლელობაზე იმით, რომ კერძო პირს ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა საუბრების ჩასაწერად და ხელს უწყობდა მომჩივანისთვის ფინანსური შეთავაზების გაკეთებას, პოლიციის ქმედებები კვალიფიცირებული იქნა, როგორც დანაშაულებრივ საქმიანობასთან ,,მიერთება“ და არა როგორც ამ საქმიანობის ინიცირება, რადგან მოცემულ შემთხვევაში ინიციატივა კერძო პირისგან მოდიოდა. ამ უკანასკნელმა იჩივლა პოლიციასთან, რომ მომჩივანი ქრთამს მოითხოვდა მისი საქმის მისთვის ხელსაყრელი შედეგით დასრულებისთვის. სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე არ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Miliniene v. Lithuania, პარ. 37-38, 41).
პალატა უთითებს, რომ საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის რეალური მიზანი უნდა იყოს დანაშაულის გამოვლენა და აგილი არ უნდა ჰქონდეს დანაშაულის წაქეზებას (პროვოცირებას). მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საგამოძიებო ორგანოს მოქმედებები სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოაღნიშნულ სტანდარტებს. მოწმეთა ჩვენებებით, ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით ცალსახად დგინდება, რომ ს------ ა----–-----ი აბსოლუტურად ნებაყოფლობით, მომზადებული ხვდება ზ------ გ------–--ეს, იღებს ფულად თანხას, ხოლო სანაცვლოდ გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას. ვიდეო ჩანაწერებიდან არ იკვეთება, რომ ს------ ა----–-----ი ყოყმანობს, ჩაიდინოს თუ არა დანაშაული. პირიქით, იგი მომზადებული მიდის ზ------ გ------–--ესთან შეხვედრაზე, ესაუბრება ნარკოტიკებზე და შეთანხმებისამებრ გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას. ზ------ გ------–--ე არის არსებითად პასიური და მის მოქმედებებში რაიმე ფორმით არ შეინიშნება იძულების, დაყოლიების, თავის შეცოდების მცდელობა, რაც ს------ ა----–-----ს უბიძგებდა (წააქეზებდა) დანაშაულის ჩადენისაკენ. საგამოძიებო ორგანოების მოქმედებებიც შეესაბამება ევროპული სასამართლოს სტანდარტებს, ვინაიდან მხოლოდ კერძო პირის - ზ------ გ------–--ის განცხადების შემდეგ ჩაერთო საგამოძიებო ორგანო საქმეში და დაგეგმა ფარული საგამოძიებო მოქმედებები. ის გარემოება, რომ ს------ ა----–-----ი ჩართული იყო დანაშაულებრივ (ნარკოტიკულ) საქმიანობაში, დაადასტურა მოწმე ზ------ გ------–--ემ, დადასტურდა ფარული საგამოძიებო მოქმედებებით, ხოლო ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულება ჩვენებაში არ უარყო თავად ს------ ა----–-----მაც. ამდენად, საგამოძიებო ორგანოები შემოიფარგლნენ მხოლოდ დანაშაულის პასიური გამოძიებით და მიუერთდნენ დაწყებულ დანაშაულს, რაც სრულად შეესაბამება დანაშაულის წაქეზების საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს.
დაცვის მხარის მტკიცებით, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარად ვერ დადგინდა, ვინ საუბრობდა ვიდეო-აუდიო ჩანაწერში, ეს მტკიცებულება ვერ გამოდგება ს------ ა----–-----ის ბრალეულობის დასადასტურებლად. ამათან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამავე ექსპერტიზის დასკვნებით (დაცვის და ბრალდების) უტყუარად დადგინდა, რომ ვიდეო-აუდიო ჩანაწერს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით ხმის იდენტურობის დაუდგენლობას ჰქონდა ობიექტური მიზეზი (ერთ შემთხვევაში ნიმუში იყო რუსულ ენაზე და შედარება ვერ მოხერხდა, ხოლო მეორე შემთხვევაში ექსპერტი განმარტავს, რომ იყო ხმაური და ჩანაწერი იყო მცირე მოცულობის). ვიდეო-აუდიო ჩანაწერით დადგინდა, რომ ს------ ა----–-----ი და ზ------ გ------–--ე საუბრობდნენ მხოლოდ ნარკოტიკულ საშუალებაზე (სხვა რაიმე თემაზე არ უსაუბრიათ), ს------ ა----–-----ის იდენტიფიკაცია ხდება ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით და თავად მსჯავრდებულიც არ უარყოფს ვიდეოჩანაწერში მის არსებობას. საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, კომუნიკაცია ცალსახად არის ორმხრივი, თანხას ზ------ გ------–--ე იხდის და მას სანაცვლოდ ფოლგის ქაღალდში არსებულ ნივთიერაბას გადასცემს ს------ ა----–-----ი. მათ საუბარს სხვა მესამე პირი არ ესწრება. ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით დაცვის მტკიცება მოკლებულია გონივრულ საფუძველს და სააპელაციო პალატა მას ვერ გაიზიარებს. ამასთან, ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერის არარსებობის პირობებშიც კი სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილია საკმარისი ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც უტყუარად ადასტურებს ს------ ა----–-----ის ბრალეულობას.
ბიოლოგიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ხაზს უსვამს კონკრეტული მტკიცებულების მაღალ სტანდარტს, რაც სისხლის სამართლის საქმეში ენიჭება "დნმ"-ის (გენეტიკური პროფილის) კვალის არსებობას და ამ მტკიცებულების წონას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საყურადღებო იყო ის ფაქტი, რომ ბრალდებულის "დნმ" არ იყო აღმოჩენილი დაზრალებულისგან ამოღებულ ძირითად ნივთმტკიცებაზე. ეს იყო ის გარემოება, რომლის საფუძველზეც ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულება არ იყო გადამწყვეტი მნიშვნელობისა ბრალდებულის ბრალეულობის დასადგენად. აღნიშნულის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ბრალდებულმა ვერ ისარგებლა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, როგორც ეს გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Vronchenko v. Estonia no. 59632/09 2013 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება §19, 64 და 66). ამდენად, თვალნათელია, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო "დნმ"-ის მტკიცებულებას პირის ბრალეულობის დასაბუთებისთვის. "დნმ"-ის ექსპერტიზით დადგენილი მონაცემები გაცილებით უტყუარია და ითვლება უალტერნატივო საშუალებად დანაშაულის ჩამდენი პირის დასადგენად.
ამდენად, სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რაოდენ მნიშვნელოვანია ნარკოტიკული საშუალების შეფუთვაზე მსჯავრდებულის გენეტიკური კვალის არსებობა მისი დამნაშავეობის გადაწყვეტისას ყოველგვარი გონივრული ეჭვის გასაქარწყლებლად, რაოდენ დიდია ამ მტკიცებულების სამართლებრივი ფასი და როგორი სუსტია დაცვის მხარის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ ზ------ გ------–--ემ ნარკოტიკული საშუალების გასაღების სიმულირება განახორციელა. დაცვის მხარის მიერ გამოთქმული ეჭვების საპირწონედ, რატომ დარჩა ნარკოტიკული საშუალების შეფუთვაზე მსჯავრდებულის გენეტიკური კვალი და არ დარჩა ზ------ გ------–--ისა, როდესაც ამ უკანასკნელს რამდენიმე წუთის განმავლობაში ეკავა ხელში ფოლგის ქაღალდი, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გენეტიკური პროფილის დარჩენა კონკრეტულ ნივთზე დამოკიდებულია გარემო პირობებზე, ხანგრძლივობაზე, ნივთის ზედაპირის სახეობაზე და შესაძლოა, ყოველთვის არ დარჩეს კონკრეტულ ნივთზე გენეტიკური პროფილი, რაც ცალსახად დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი------------ემ. ამასთან განმარტა, რა დრო სჭირდება საგანზე ადამიანის გენეტიკური კვალის დარჩენას, წარმოადგენს თეორიულ საკითხს ბიოლოგიური კვალის წარმოშობის მექანიზმის შესახებ, რაც მისი კვლევის საგანი არ ყოფილა.
ამდენად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ს------ ა----–-----ის განმარტებებს, რომ თითქოს მას ნარკოტიკული საშუალებები არ გაუსაღებია, ავტომანქანაში მხოლოდ ფურცელი გადასცა ზ------ გ------–--ეს და არა ნარკოტიკული საშუალება, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან და სააპელაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს------ ა----–-----მა უკანონოდ შეიძინა, შეინახა და ზ------ გ------–--ეზე გაასაღა ნარკოტიკული საშუალება, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების ნაწილში იმსჯელებს.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ ს------ ა----–-----ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის განხილვა და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა სწორედ ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით კრიმინალიზებულია, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებაა ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.
ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენაში, შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება, გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის დაუფლებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას - აღნიშნული დანაშაული დასრულებულია, როდესაც გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით სხვას გადასცემს მას, რაც შეიძლება, გამოიხატოს სასყიდლიან გადაცემაში, გაჩუქებაში, სხვა ნივთში გაცვლაში და სხვა, რასაც დანაშაულის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში, სხეულში ან სხვაგვარად. იმავე მუხლის ,,წ“ პუნქტის თანახმად, გასაღება - ეს არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით, რომელშიც ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №2-ში, ჰორიზონტალური გრაფა №10-ში მითითებულია ,,ბუპრენორფინი“.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ ს------ ა----–-----მა უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ 0,00288 გრამის ოდენობით, რაც 2018 წლის 26 მაისს გაასაღა ზ------ გ------–--ეზე.
ამდენად, სააპელაციო პალატას ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს------ ა----–-----ის ქმედებაში სახეზეა დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების შემადგენლობის ყველა სამართლებრივი ნიშანი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.
ს------ ა----–-----ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ს------ ა----–-----ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითიც მსჯავრი დაედო ს------ ა----–-----ს, ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი ექვსიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამათუიმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო პალატა სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ს------ ა----–-----ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე და მძიმე კატეგორიის ნარკოტიკული დანაშაულების ერთობლიობა, რაც მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველია), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/შემოსავლის მიღება), ასევე მსჯავრდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს ოჯახი, იყო დასაქმებული, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მსჯავრდებულის უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა) და მიაჩნია, რომ, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ს------ ა----–-----ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ს------ ა----–-----ის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, ს------ ა----–-----ს სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად - შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს------ ა----–-----ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 5 წლით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით უნდა ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით უნდა ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც უნდა ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
5.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
• დისკები შენახულ უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
• ნერწყვის ნიმუში, ნარკოტიკული საშუალება და მისი შესაფუთი მასალა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ს------ ა----–-----ის ადვოკატების რ--------- ქ-------–--ას და მ-----ა ჭ---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი მსჯავრდებულ ს------ ა----–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ს------ ა----–-----ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით ს------ ა----–-----ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ს------ ა----–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
ს------ ა----–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 6 ივნისიდან;
ს------ ა----–-----ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს;
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
დისკები შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
ნერწყვის ნიმუში, ნარკოტიკული საშუალება და მისი შესაფუთი მასალა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე
მ. თეთრაული