განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №050310018002435324 (3/ბ-284-2019წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) – გ---- ძ----------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დავის საგანი - ფულადი კომპენსაციის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 07 მაისს გ---- ძ----------–---–მა სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის ფულადი კომპენსაციის, ბოლო თვის ხელფასის სამმაგი ოდენობის დაკისრება.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელე 2014 წლის 02 აგვისტოს აირჩიეს ოზურგეთის საკრებულოს ს--------------------–-------------------ის კომისიის თავმჯდომარედ, ხოლო 2015 წლის 04 მაისს მოპასუხე ორგანიზაციის წინამორბედმა ქ. ოზურგეთის საკრებულომ მოახდინა მოსარჩელე - გ---- ძ----------–---–ის გადაყენება დაკავებული თანამდებობიდან. სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელის გადაყენების კანონიერებაზე და დაადგინა, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელის ხელფასი თანამდებობიდან გადაყენების მომენტისთვის შეადგენდა თვეში 1500 ლარს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პირის სამსახურიდან გაშვების შემთხვევაში ეკუთვნის კომპენსაცია ხელფასის სამმაგი ოდენობით, ე.ი. მოსარჩელემ იმის გათვალისწინებით, რომ არ მიუღია კომპენსაცია, რაც ეკუთვნოდა სამსახურიდან გაშვების შემდეგ ითხოვს კომპენსაციას 4 500 ლარის ოდენობით.
მოპასუხე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ---- ძ----------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 02 აგვისტოს მოსარჩელე აირჩიეს ოზურგეთის საკრებულოს ს--------------------–-------------------ის კომისიის თავმჯდომარედ, ხოლო 2015 წლის 04 მაისს ქ. ოზურგეთის საკრებულომ ის გადააყენა დაკავებული თანამდებობიდან. შესაბამისად, ვინაიდან თანამდებობიდან გადაყენების მომენტში ხელფასი შეადგენდა 1500 ლარს მოსარჩელე ითხოვს კომპენსაციას 4500 ლარის ოდენობით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ი'' ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიტიკური თანამდებობის პირი არის სახელმწიფო რწმუნებული, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილე. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირსა და პოლიტიკური თანამდებობის პირზე.
რაიონულმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ'' საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. ანაზღაურებადია მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის საქმიანობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
,,საქართველოს შრომის კოდექსის'' პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელის შემთხვევაზე ვრცელდება სპეციალური კანონის მოქმედება, შრომის კოდექსით გათვალისწინებული დანაწესი მოცემულ შემთხვევაში არ უნდა გავრცელებულიყო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ---- ძ----------–---–მა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რითაც დაირღვა მოსარჩელის კანონიერი ინტერესები. სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მოსარჩელე (აპელანტი) გ---- ძ----------–---–ი იყო საჯარო მოხელე და რომ მასზე ვრცელდებოდა შრომის კოდექსი, ვინაიდან ღებულობდა ხელფასს და გათავისუფლების შემთხვევაში ეკუთვნოდა კომპენსაცია, თუმცა სასამართლომ რატომღაც ჩათვალა, რომ ეს ასე არ იყო.
აბსურდია იმის მტკიცება, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში თურმე არ უნდა გავრცელდეს შრომის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, რადგანაც სწორედ, რომ სპეციალური კანონია შრომის კოდექსი, ვიდრე საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’, ან ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონი, რადგანაც ანაზღაურების საკითხებს სწორედ რომ სპეციალურად აწესრიგებს შრომის კოდექსი, სადაც დარეგულირებულია ის საკითხი, რის გადაწყვეტასაც აპელანტი (მოსარჩელე) ითხოვს.
აპელანტის განმარტებით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ კანონი ანაზღაურებასთან დაკავშირებით საუბრობს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის სარგოსთან დაკავშირებით და არა კომისიის თავმჯდომარის ანაზღაურებაზე, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ აპელანტის (მოსარჩელის) შემთხვევაში მოქმედებს შრომის კოდექსის შესაბამისი ნორმები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ გარემოებებზე:
2014 წლის 02 აგვისტოს მოსარჩელე აირჩიეს ოზურგეთის საკრებულოს ს--------------------–-------------------ის კომისიის თავმჯდომარედ.
2015 წლის 23 აპრილს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა განცხადებით მიმართეს საკრებულოს თავმჯდომარეს და გ---- ძ----------–---–ის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 04 მაისის N43 განკარგულებით დამტკიცდა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ს--------------------–----------------------–---------------------ის კომისიის 2015 წლის 4 მაისის N11 სხდომის ოქმი და გ---- ძ----------–---–ი გადაყენებულ იქნა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ს--------------------–----------------------–---------------------ის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ს--------------------–----------------------–---------------------ის კომისიის 2015 წლის 04 მაისის N11 სხდომის ოქმი გ---- ძ----------–---–ის მიერ გასაჩივრებულ იქნა ოზურგეთის რაიონული სასამართლოში.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ---- ძ----------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აპელანტის (მოსარჩელე) მტკიცება, რომ იყო რა საჯარო მოხელე, მასზე ვრცელდებოდა შრომის კოდექსის შესაბამისი ნორმები და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანადებობიდან გადაყენების გამო ეკუთვნოდა კომპენსაცია ხელფასის სამმაგი ოდენობით, გაზიარებული ვერ იქნება შემდეგი სამართლებრივი დასაბუთებით:
საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების (ამჟამად მოქმედი რედაქციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი) თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის სახელმწიფო სამსახური არის პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის #1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დაცვით საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის, ერთი მხრივ, უზრუნველყოს მოქალაქეთა თანაბარი დაშვება სახელმწიფო სამსახურში გონივრული და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას სახელმწიფო მოსამსახურე მის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან, რათა მან შეძლოს კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის #1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულება „გულისხმობს, რომ საჯარო მოსამსახურეთა სტატუსი, თანამდებობის დაკავების წესი, მოხელეთა უფლება-მოვალეობები, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები უნდა განისაზღვროს კანონით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 15 ივნისის #1/4/419 განჩინება საქმეზე „ბესიკ გვაჯავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, ხოლო ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად კი, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
სასამართლო, აგრეთვე, მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული მოთხოვნების მხედველობაში მიღებით, სასამართლო განმარტავს, რომ კერძო თუ საჯარო სექტორში პირთა შრომითი უფლებების დაცვისათვის გარანტიების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომლის ზედმიწევნით შესრულების საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან მით უფრო საჭიროა საჯარო სექტორში, სადაც სახელმწიფო ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ერთი მხრივ, თავად წარმოადგენს დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო, მეორე მხრივ, გვევლინება დამსაქმებლის როლში, რაც ამაღლებს საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტს.
,,საჯარო სამსახურის შესახებ'' 31/10/1997წ. საქართველოს კანონის 14.1 მუხლით, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. 14.2 მუხლით, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის'' პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. დასაქმებულზე კომპენსაციის გაცემის საფუძველები დეფინიცირებულია „საქართველოს შრომის კოდექსის“ 38-ე მუხლში. მოსარჩელე არ წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს და შესაბამისად, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია.
,,საჯარო სამსახურის შესახებ'' 31/10/1997 წ. საქართველოს კანონის (01/05/2015 - 24/06/2015 პერიოდში მოქმედი რედაქცია) 1.1. საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. 2.4 მუხლით, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ: ა) საკრებულო; ბ) გამგეობა, მერია; გ) მუნიციპალიტეტი. მე-11 .1 მუხლის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის 11 და 12 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრზე, მუნიციპალიტეტის გამგებელზე/მერზე, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილეზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მოადგილეზე, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელზე. 11.11 მუხლით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრზე ვრცელდება ამ კანონის პირველი–მე-6, მე-9, მე-10, 38-ე, 39-ე, 391, 411, 66-ე და 121-ე მუხლების მოქმედება.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის” მე-3 მუხლი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფციას და მიუთითებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ნიშნავს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლებასა და შესაძლებლობას, კანონის ფარგლებში მოაწესრიგონ და მართონ საზოგადოებრივი საქმეების მნიშვნელოვანი წილი მათი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად. ამ უფლების განხორციელება ხდება საბჭოების ან ასამბლეების მიერ, რომლებიც შედგებიან პირდაპირი, თანაბარი და თანასწორი ხმის მიცემის საფუძველზე ფარული კენჭისყრით არჩეული წევრებისაგან და რომლებთანაც შეიძლება არსებობდნენ მათ წინაშე პასუხისმგებელი აღმასრულებელი ორგანოები.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ (19/02/2014 - 30/07/2014 წ. მოქმედი რედაქცია) 23-ე მუხლით, მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო − მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის საკრებულო აირჩევა 4 წლის ვადით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. 24.1 მუხლის „ბ.დ” ქვეპუნქტით, ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შექმნა, კომისიის თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება, კომისიის პერსონალური შემადგენლობისა და დებულების დამტკიცება და მათში ცვლილების შეტანა. 28-ე მუხლით, მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის/მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით იქმნება კომისიები, რომელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5-ს (28.1 მუხლი). მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე აირჩევა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთაგან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში, ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ, დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით შეიძლება სხვა პირთა მოწვევაც (28.2 მუხლი). მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შექმნისა და საქმიანობის წესები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (28.3 მუხლი). 32-ე მუხლის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები არიან: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 37.3 მუხლით მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვან მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, შესაბამისი კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 41.1 მუხლით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. ანაზღაურებადია მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის (მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე; მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე) საქმიანობა.
ზემაოღნიშნულიდან გამომდინარე საკრებულოს წევრი არის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში არჩეული პირი, რომელიც ვალდებულია დაიცვას კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა და რეგლამენტი, მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს სხდომებსა და საკრებულოს კომისიათა მუშაობაში და მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს იმ მიზნით, რომლის მისაღწევად აქვს მინიჭებული ეს უფლებამოსილება. საქართველოს კანონმდებლობა ამ შემთხვევაში საკრებულოს წევრს ანიჭებს დისკრეციას, მოახდინოს სხდომაზე დასმული საკიხთის ადეკვატური, ობიექტური შეფასება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, საკრებულოს წევრს აქვს სრული უფლებამოსილება დამოუკიდებლად განსაზღვროს და მიიღოს გადაწყვეტილება სხდომაზე დასმულ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. საკრებულოს წევრების მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება, მათ შორის ამა თუ იმ საკითხზე ხმის მიცემა ან არ მიცემა საკუთარ უფლებამოსლებათა რიგს განეკუთვნება, რაც შესაძლოა პოლიტიკური შეხედულებებითაც იყოს განპირობებული, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეობიდან საკრებულოს წევრის გადაყენება არ წარმოშობს მისთვის, როგორც დასაქმებული პირისთვის კომპენსაციის გაცემის ვალდებულებას და ეს სამართლებრივი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსით რეგულირებად ურთიერობებს არ განეკუთვნება.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონულმა სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ---- ძ----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მის.: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32).
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე