განაჩენი

სისხლის სამართლის 22.11.2019
საქმის ნომერი
010100119003065899
ინსტანცია
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100119003065899

საქმე №1/ბ-713-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

14 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლერი თედორაძე

 

ბრალდების მხარე: ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ------–-–--–--ე

 

გამართლებული: ო------------–---–ი, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები მისამართზე: ქ------–-----------–----–----------------–-------------ი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი (სამი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აღწერილობითი ნაწილი

ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ო------------–---–ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 20 მარტს, ქ------–-----------–----–----------------–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ო------------–---–მა თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, თავის მეუღლე ვ---------------–---–ს, ხელის სახის არეში დარტყმებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

-

 

2019 წლის 01 აპრილს, საღამოს საათებში, ქ------–-----------–----–----------------–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ო------------–---–მა თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, თავის მეუღლე ვ---------------–---–ს, ხელის სახისა და მკლავის არეში დარტყმებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

-

 

2019 წლის 14 მაისს, საღამოს საათებში, ქ------–-----------–----–----------------–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ო------------–---–მა თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, თავის მეუღლე ვ---------------–---–ს, ხელის სახის არეში დარტყმით, თმების მოქაჩვით, ხელის კისრის არეში მოჭერით, ფეხის ზურგის არეში და ხელების სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

- ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 14 მაისს, საღამოს საათებში, ქ------–-----------–----–----------------–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ო------------–---–მა თავის მეუღლე ვ---------------–---–ს, ასევე, თავის შვილებს: ე-–-----------–---–-------------------–-----ეს, ნაჯახის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ვ---------------–---–ს, ე-–-----------–---–ს და მ-----------–-----ეს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზემოაღნიშნულის გამო, ო------------–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 აგვისტოს განაჩენით: ო------------–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდა; ო------------–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 01 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდა; ო------------–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 14 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდა; ო------------–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდა; გამართლებულ ო------------–---–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ; ო------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან; დადგინდა, რომ ნივთიერი მტკიცებულება - საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს ამოღებული ნაჯახი, რომელიც ინახება ქობულეთის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, ო------------–---–ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) სსკ-ის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პ------–-–--–--ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ო------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით სამივე ეპიზოდში, ასევე საქართველოს სსკ-ის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით: მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულებმა ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ ო------------–---–მა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული, მით უმეტეს, რომ ბრალდებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილ დანაშაულთა ჩადენა, რაც არ გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

 

დაცვის მხარე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 აგვისტოს განაჩენი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ო------------–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ო------------–---–ის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ო------------–---–ი წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის სუბიექტს. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიციისთვის აუცილებელია, რომ ქმედება განხორციელდეს ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება როგორც მეუღლე, შვილი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, მუქარად ითვლება: „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. მაშასადამე, ამ ნორმით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ამასთან დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში (კერძოდ მუქარა); ბ) შედეგში (შიში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის (მათ შორის დანის) დემონსტრირებით. მუქარის შინაარსი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობაში, ქონების განადგურებაში და სხვა. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ (ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის) უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი, იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთ ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგან ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალის ფორმის მიხედვით კი მუქარა არის განზრახი დანაშაული. მისი ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი.

 

დაზარალებულმა ვ---------------–---–მა, რომელიც არის ბრალდებულ ო------------–---–ის მეუღლე, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენება არ მისცა და გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 და 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება.

 

დაზარალებულმა მ-----------–-----ემ, რომელიც არის ბრალდებულ ო------------–---–ის შვილი, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენება არ მისცა და გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 და 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება.

 

დაზარალებულმა ე-–-----------–---–მა, რომელიც არის ბრალდებულ ო------------–---–ის შვილი, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენება არ მისცა და გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 და 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება.

 

ბრალდებულმა ო------------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ არც ძალადობას და არც მუქარას ოჯახის წევრების მიმართ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია, იყო ნასვამ მდგომარეობაში და მხოლოდ სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს, რაც აღარ განმეორდება, არის მძიმე ავადმყოფი და თავად საჭიროებს მოვლას (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს- ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილს, კერძოდ: ნ-----–---------–---–ის, მ----------–------–ის, მ--------------ის გამოკითხვის ოქმებს; ექსპერტიზის დასკვნებს და ექსპერტების: ღ----------------–---–ის, მ-----------------ის, გამომძიებლების: მ------------------ის, მ------------–--–---–ის, ზ--------------ის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედების ოქმებსა და მასთან დაკავშირებულ საპროცესო დოკუმენტაციას.

 

შესაბამისად, გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები (თვითმხილველები) და მათ მიერ სასამართლოსთვის თუ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდება პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, ზემომითითებული მოწმეების ჩვენებები ვერ აკმაყოფილებენ ირიბი მტკიცებულების სტანდარტსაც კი, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. კანონში არსებული მითითება ინფორმაციის წყაროს და პირის იდენტიფიცირების არსებობის შესახებ არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფორმალური ხასიათის ჩანაწერი, რადგან აუცილებელია, რომ სწორედ ინფორმაციის მატარებელმა პირმა დაადასტუროს, რომ ნამდვილად მის მიერ გაცემულ ინფორმაციას უთითებენ თავიანთ ჩვენებებში ირიბი მოწმეები. ამ შემთხვევაში კი, დაზარალებულებმა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. შესაბამისად, საერთოდ შეუძლებელია იმ პირის ვინაობის დადგენა, თუ ვის მიერ გაცემულ ინფორმაციას ყვებიან გამოძიებაში მოწმეები (სავარაუდოდ ეს პირები შესაძლოა იყვნენ დაზარალებულები). რაც შეეხება უდავოდ მიჩნეულ სხვა მტკიცებულებებს, არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ო------------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს.

 

საქმეში არსებული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით და შეტყობინებით, დადგენილია, რომ 2019 წლის 15 მაისს ე-–-----------–---–მა შეატყობინა 112-ს სამსახურს, რომ ქ------–-----------–----–----------------–------------ში ო------------–---–მა ცულით გამოეკიდა ოჯახის წევრებს;

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ო------------–---–ი დაკავებულია 2019 წლის 14 მაისს დაკავების ზუსტი დრო: 20:25სთ; დაკავების ადგილი: ქ------–-----------–----–---------------–-------------ი, თავის საცხოვრებელ სახლში. დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა: დაკავებულს ვიზუალური დათვალიერებით სხეულზე რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნება;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერება ჩატარდა ქ------–-----------–----–------ში ვ---------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, 2019 წლის 15 მაისს 04:05 სთ-დან 04:55 სთ-მდე, დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა ერთი ცალი ნაჯახი, რომელსაც გააჩნია მეტალის მჭრელი კუთხე და ხის სახელური, რომლიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით მ-----------–-----ეს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით ვ---------------–---–ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა.

 

შემაკავებელი ორდერის ოქმებით დადგენილია, რომ ხუცუბნის პოლიციის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის დ------------ის, ქობულეთის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის მ------------–--–---–ის მიერ 2019 წლის 14 მაისს და 15 მაისს გამოიცა შემაკავებელი ორდერები;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმის სასამართლო განხილვის დროს ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდებოდა მსჯავრდებულის მიერ წარდგენილი ქმედების ობიექტური შემადგენლობა.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი, თუ გარემოება. მოცემულ შემთხვევაში, საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია რომ ფაქტის უშუალო შემსწრე პირებმა ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცეს მათი ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება.

 

მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

 

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სწორად არ იქნა მიჩნეული უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულიყო ო------------–---–ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც, საქმეზე დაზარალებულებად ცნობილმა მ-----------–-----ემ და ვ---------------–---–მა, რომლებიც მას გამოძიების ეტაპზე ამხელდნენ ძალადობის ჩადენაში, უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ბრალდებულის წინააღმდეგ, უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ასევე ე-–-----------–---–მა. ხოლო, რაც შეეხება, ო------------–---–ის ჩვენებას, ამ მიმართებით პალატა განმარტავს, რომ ბრალის აღიარება ბრალდებულის უფლებაა და არა მოვალეობა, მისი ჩვენება კი ნაკარნახევია მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების გრძნობით, ამიტომ ბრალდებულის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან, რადგან ის პასუხს არ აგებს ცრუ ჩვენების ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, პირველ ინსტანციაში საქმის სასამართლო განხილვის დროს, მსჯავრდებულმა არ დაადასტურა მეუღლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და მუქარის ფაქტი და განმარტა, რომ დაზარალებულს მიაყენა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა ო------------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხულ ძალადობრივ დანაშაულთა ჩადენის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია.

 

მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდებოდა ვარაუდს, რადგანაც ისინი არსებობდა მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძველი გამხდარიყო პირის დამნაშავედ ცნობასათვის, აღნიშნული შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ და ო------------–---–ი სწორად იქნა ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

აღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ო------------–---–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 01 აგვისტოს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ------–-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 01 აგვისტოს განაჩენი, ო------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

3.ო------------–---–ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 01 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 14 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში;

 

4.გამართლებულ ო------------–---–ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

5.ო------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა -გაუქმებულია;

 

6.ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს ამოღებული ნაჯახი, რომელიც ინახება ქობულეთის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლ.თედორაძე/