განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001848597
საქმე №1ბ/1193-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატა შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: მაია თეთრაული
ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----- მ---------–---–ი;
დაცვის მხარე:
გამართლებული - გ------- შ----ე (პ/ნ 0----------, დაბადებული 1----–-–----------სს, რეგისტრირებული: თ---–------------------------------------–----------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–-----–------------------------------------ში);
ადვოკატი - ლ--------------ე;
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა;
სხდომის სახე - ღია.
ღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
გ------- შ----ემ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით - 5,1962 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,კანაფის ფისი“-ს შემცველი ნივთიერება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 3,3450 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმ-ის შემცველი ნივთიერება.
2017 წლის 17 თებერვალს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქ. თბ--–--–-----–--------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნა გ------- შ----ე, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ნაწილი: ვერცხლისფერ ფოლგის ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული მოთეთრო-მოყავისფრო ნივთიერება კრისტალური გრანულებისა და ფხვნილის სახით, წონით 1,0371 გრამი (ობ.№1), რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3-4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), წონით 0,2643 გრამს, 2) მრგვალი ფორმის მოყავისფრო-მოშავო სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება წონით 1,1196 გრამი (ობ.№2), რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კანაფის ფისს წონით 0,0638 გრამს, 3) მრგვალი ფორმის მოყავისფრო-მოშავო სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება წონით 0,9717 გრამი (ობ.№3), რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კანაფის ფისს წონით 0,0728 გრამს, ხოლო იმავე დღეს გ. შ----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დარჩენილი ნაწილი 1) ვერცხლისფერ ფოლგის ქაღალდის ნაჭრებში 12 (თორმეტ) ცალად დაფასოებული მოთეთრო-მოყავისფრო ნივთიერება კრისტალური გრანულებისა და ფხვნილის სახით საერთო წონით 10,64 გრამი (ობ. №5), რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) წონით 2,1394 გრამს, 2) ვერცხლისფერ ფოლგის ქაღალდის ნაჭრებში დაფასოებული 36 (ოცდათექვსმეტი) ცალი მოწითალო მართკუთხა ფორმის აბი, ერთ მხარეს ამოტვიფრული ფიგურული ლოგოთი, საერთო წონით 14,55 გრამი (ობ.№6), რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) წონით 0,9413 გრამს, 3) მრგვალი ფორმის მოყავისფრო-მოშავო სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება წონით 0,9702 გრამი (ობ. №7), რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კანაფის ფისს წონით 0,0805 გრამს, 4) გამჭვირვალე, უფერო პოლიეთილენის ნაჭრებში 14 (თოთხმეტ) ცალად დაფასოებული მრგვალი ფორმის მოყავისფრო-მოშავო, სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება საერთო წონით 13,5798 გრამი (ობ. №8), რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კანაფის ფისს წონით 1,561 გრამს და 5) გამჭვირვალე, უფერო პოლიეთილენის ნაჭერში გახვეული მოყავისფრო-მოშავო სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება, წონით 26,91 გრამი (ობ. №9), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კანაფის ფისს წონით 3,4175 გრამს.
2. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა გ------- შ----ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვის ფაქტი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივნისის განაჩენით: გ------- შ----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ - საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა დ----- მ---------–---–მა.
4. მხარეთა პოზიციები:
აპელანტის პოზიციით: პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან განაჩენი უნდა ემყარებოდეს ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ახლო წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებულმა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა გამომძიებელმა მ--–---- ქ---------ემ მართალია, არ დაადასტურა მის მიერვე შედგენილი საგამოძიებო მოქმედებების ოქმების სისწორე და მათზე არსებული მისივე ხელმოწერები, თუმცა არც უარყო. მოცემულ შემთხვევაში მ--–---- ქ---------ის მიერ შედგენილი ოქმების სისწორე და მისი ხელმოწერების ავთენტურობა დადასტურებულია ჩხრეკაში მონაწილე სხვა პირების, კერძოდ: ბ------------ის და კ-------------------------–-ილის ჩვენებებით, რომლებმაც დეტალურად აღწერეს, თუ სად, როდის და რა ვითარებაში იქნა დაკავებული გ------- შ----ე და გამომძიებელ მ--–---- ქ---------ის მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად როგორ აღმოაჩნდა გ------- შ----ეს გარკვეული ნივთიერებები პირადად და საცხოვრებელ ბინაში. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით კი დადასტურდა, რომ ამოღებული ნივთიერებები წარმოადგენენ ნარკოტიკულ საშუალებას.
დაცვის მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავიანთი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).).
ამდენად, სააპელაციო პალატა შეაფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს, იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
5. მტკიცებულებების ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს მტკიცებულებების შინაარსზე, განმარტავს, იძლევა თუ არა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას ცალ-ცალკე და ერთობლიობაში აღნიშნული მტკიცებულებები და განსაზღვრავს, რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.
№3----- პატაკის (17.02.2017) მიხედვით, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ფსიქოაქტიური ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილემ ანა ბასილაშვილმა მიმართა სამმართველოს უფროსს გ--–-----–--ეს და აცნობა, რომ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმებით დაადგინა შემდეგი: საქართველოს მოქალაქე - ქ. თბილისში, დი---------------------------–----------------------------ში რეგისტრირებული და ქ. თ---–--–-----–------------------------------------ში მცხოვრები, 1----–-–----------სს დაბადებული გ------- თ------ს ძე შ----ე არის ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი და ეწევა მის უკანონო შეძენასა და შენახვას. ამავე ინფორმაციით გ------- შ----ე იმჟამად იყო ქვეითად ქ. თბილისში, ყ-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და თან უნდა ჰქონოდა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება. გ------- შ----ე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას შესაძლოა, ასევე ინახავდა მის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თ---–--–-----–------------------------------------ში.
მოწმე ანა ბასილაშვილმა დაადასტურა მის მიერ შედგენილი პატაკის სისწორე და ის ფაქტი, რომ პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას. ზემოაღნიშნული პატაკის საფუძველზე შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ადგილზე გავიდა გ------- შ----ის დასაკავებლად.
პირადი ჩხრეკის ოქმის (17.02.2017) მიხედვით 2017 წლის 17 თებერვალს, 16:45-17:20 საათებს შორის შუალედში ქ. თბ--–--–-----–--------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა გ------- შ----ეს, რა დროსაც მისი ქურთუკის მარცხენა გარეთა ზედა ელვაშესაკრავიანი ჯიბიდან ამოღებული იქნა მცირე ზომის გამჭვირვალე შესაკრავიანი პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მომწვანო ფერის მცენარეული ნივთიერება და მოვერცხლისფრო ფოლგის ქაღალდში გახვეული კრისტალური ნივთიერება. ასევე მისი შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მოყავისფრო ფერის ტყავის საფულე, სადაც მოთავსებულია ფულადი თანხა 30 აშშ დოლარი და 20 ლარი, მონეტები 2 ლარის და 50 თეთრის ოდენობით, ასევე გ.შ----ის პირადობის მოწმობა. მისი შარვლის წინა ჯიბიდან კი ამოღებული იქნა ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი. პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია გამომძიებელ მ--–---- ქ---------ის მიერ.
ბრალდებულის დაკავების ოქმის (17.02.2017) მიხედვით 2017 წლის 17 თებერვალს, 17:22 საათზე ქ. თბ--–--–-----–--------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული იქნა გ------- შ----ე. დაკავების ოქმი შედგენილია გამომძიებელ მ--–---- ქ---------ის მიერ.
ბინის ჩხრეკის ოქმის (17.02.2017) მიხედვით, 2017 წლის 17 თებერვალს, 18:00-20:00 საათებს შორის შუალედში ჩატარდა გ------- შ----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რომელიც მდებარეობს ქ. თ---–--–-----–------------------------------------ში, რა დროსაც საძინებელი ოთახიდან, კერძოდ, იქ განთავსებული მცირე ზომის კარადის უჯრიდან ამოღებული იქნა 1 მრგვალი ფორმის მუქი ნივთიერება, ასევე გაზეთის ნახევში გახვეული მომწვანო მცენარეული ნივთიერება. საწოლის გვერდით დადებული ზურგჩანთიდან კი ამოღებული იქნა მუყაოს ყუთში მოთავსებული პოლიეთილენის პარკის ნაჭრებში ცალ-ცალკე შეხვეული მრგვალი ფორმის 14 ცალად დაფასოებული მუქი ნივთიერება, პოლიეთილენის პარკის ნაჭერში დაფასოებული მუქი ფერის ოთხკუთხედი ფორმის ნივთიერება, მოვერცხლისფრო ფოლგის ქაღალდში გახვეული 6 ცალად დაფასოებული 36 ცალი ოთხკუთხედი ფორმის მოწითალო აბი, თითოეული გახვეული პოლიეთილენის პარკის ნაჭერში, ასევე მოვერცხლისფრო ფოლგის ქაღალდის ნაჭრებში 12 ცალად ცალ-ცალკე დაფასოებული კრისტალური ნივთიერება. ოქმი შედგენილია გამომძიებელ მ--–---- ქ---------ის მიერ.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის №3------------- დასკვნით (18.02.2017) გ------- თ------ს ძე შ----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: ვერცხლისფერ ფოლგის ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული მოთეთრო-მოყავისფრო ნივთიერება კრისტალური გრანულებისა და ფხვნილის სახით, წონით 1,0371გრამი (ობ.№1) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) წონით 0,2643 გრამს;
- მრგვალი ფორმის, მოყავისფრო–მოშავო, სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება, წონით 1,1196 გრამი (ობ.№2) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კანაფის ფისს წონით 0,0638 გრამს.
- მრგვალი ფორმის, მოყავისფრო–მოშავო, სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება, წონით 0,9717 გრამი (ობ.№3) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კანაფის ფისს წონით 0,0728 გრამს.
- მომწვანო მცენარეული მასა გამომშრალ მდგომარეობაში სპეციფიკური სუნით, წონით 0,2557 გრამი (ობ.№4) წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას.
გ------- თ------ს ძე შ----ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული:
- ვერცხლისფერ ფოლგის ქაღალდის ნაჭრებში 12 (თორმეტ) ცალად დაფასოებული მოთეთრო–მოყავისფრო ნივთიერება კრისტალური გრანულებისა და ფხვნილის სახით საერთო წონით 10,64გრამი (ობ.№5) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4– მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) წონით 2,1394გრამს;
- ვერცხლისფერ ფოლგის ქაღალდის ნაჭრებში დაფასოებული 36 (ოცდათექვსმეტი) ცალი მოწითალო მართკუთხა ფორმის აბი, ერთ მხარეს ამოტვიფრული ფიგურული ლოგოთი, საერთო წონით 14,55გრამი (ობ.№6) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა–ს (3,4–მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) წონით 0,9413 გრამს.
- მრგვალი ფორმის მოყავისფრო–მოშავო სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება, წონით 0,9702 გრამი (ობ.№7) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კანაფის ფისს წონით 0,0805 გრამს.
- გამჭვირვალე, უფერო პოლიეთილენის ნაჭრებში 14 (თოთხმეტი) ცალად დაფასოებული მრგვალი ფორმის მოყავისფრო–მოშავო, სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება, საერთო წონით 13,5798 გრამი (ობ.N8) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კანაფის ფისს წონით 1,5616 გრამს.
- გამჭვირვალე, უფერო პოლიეთილენის ნაჭერში გახვეული მოყავისფრო–მოშავო, სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება, წონით 26,91 გრამი (ობ.N9) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კანაფის ფისს წონით 3,4175 გრამს.
- ქართულენოვანი ნაბეჭდი წარწერებით ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული მომწვანო მცენარეული მასა გამომშრალ და დაქუცმაცებულ მდგომარეობაში, სპეციფიკური სუნით, წონით 1,67გრამი (ობ.N10) წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას.
გ------- თ------ს ძე შ----ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული:
- ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის საერთო წონაა 5,1962გრამი. (ობ.№2-3, 7-9);
- ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) საერთო წონაა 3,3450 გრამი. (ობ.№1, 5-6);
- ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას საერთო წონაა 1,9257გრამი (ობ.№410);
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა თ-----------–--ამ და ა-–---------------------ემ.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის №5------------- დასკვნით (17.03.2017) ექსპერტიზაზე წარდგენილი გ------- თ------ს ძე შ----ის პირადი და მისი საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული:
- ობიექტი №№1,5 - მოთეთრო-მოყავისფრო ფერის კრისტალური ნივთიერება ერთნაირი ქიმიური შემადგენლობისაა;
- ობიექტები №№2,3,7,8 - მოყავისფრო-მოშავო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება ერთნაირი ქიმიური შემადგენლობისაა;
- ობიექტები №№4,9 - მომწვანო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა ერთნაირი ქიმიური შემადგენლობისაა.
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა თ-------------–---–მა და ა-–---------------------ემ.
მოწმე ბ------------მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2017 წლის 17 თებერვალს მიიღო ინფორმაცია, რომ გ------- შ----ე იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და მას როგორც პირადად, ასევე სახლში უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. გ------- შ----ის საცხოვრებელი სახლი უნდა ყოფილიყო თბილისში, ა-–--------------------------ში და თავად გ------- შ----ე უნდა ყოფილიყო იქვე, მიმდებარე ტერიტორიაზე. დაახლოებით 15:00 საათის შემდეგ ორი ჯგუფი გაემართა ა-–--------------------------------–-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს გ------- შ----ე თანმხლებ პირთან - ბ--------------სთან ერთად. მასთან მივიდნენ ბ------------ი, მ--–---- ქ---------ე და კ-------------------------–-ილი. მოახსენეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და განუმარტეს, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი პირადი ჩხრეკა. გ------- შ----ეს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა. ჩხრეკისას კ-------------------------–-ილმა გ------- შ----ის ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო მომწვანო ფერის მცენარეული მასა (სავარაუდოდ მარიხუანა), ასევე პლასტინისებური მასა და კრისტალისებური ნივთიერება, თუმცა არ ახსოვს, ქურთუკის რომელი ჯიბიდან იქნა ამოღებული ხსენებული ნივთიერებები. ასევე არ ახსოვს, რაში იყო ეს ნივთიერებები გახვეული. გამომძიებელმა გ------- შ----ეს განუმარტა, რომ იყო დაკავებული. ჩხრეკის ოქმი შეავსო მ--–---- ქ---------ემ, რომელიც მანქანაში იყო ჩამომჯდარი სავარძელზე და იქ ავსებდა ოქმს, ასევე იჯდა მანქანის ე.წ. ,,კაპოტზეც“ და შესაძლოა, ამ დროს ე.წ. ,,ტორპედოზეც“ მოეთავსებინა ნივთები. გ------- შ----ემ ოქმს ხელი არ მოაწერა. ჩხრეკისას ამოღებული ნივთები სათითაოდ გადაეცემოდა მ--–---- ქ---------ეს, რომელიც აღწერდა მათ და უთითებდა ოქმში. ნივთები არ დათვალიერებულა, ისე დაილუქა. ამის შემდეგ, ჯგუფი წავიდა გ------- შ----ის ბინაში ჩხრეკის ჩასატარებლად, სადაც დახვდათ გ------- შ----ის მამა და ნათესავები. გამომძიებელმა მათ წარუდგინა ჩხრეკის ნებართვა, ჩაატარეს ჩხრეკა, რომელსაც აწარმოებდა კ-------------------------–-ილი. ჩხრეკა საძინებელი ოთახიდან დაიწყო. კ-------------------------–-ილმა საძინებელში კარადიდან გამოიღო იმავე სახის მომწვანო მცენარეული მასა, ასევე ზურგჩანთიდან ამოიღო სამი სახეობის ნივთიერება, რომელთაგან ზოგიერთი ქაღალდში იყო გახვეული. როგორც ახსოვს, 30-36 ცალი აბი იყო, სავარაუდოდ ,,ექსტაზი“. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდეგ ოჯახის წევრებმა ხელმოწერით დაადასტურეს ეს მოქმედებები. გ------- შ----ემ უარი განაცხადა ოქმზე ხელმოწერაზე. საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ დაბრუნდნენ სამსახურში. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და ოქმებზე მისი ხელმოწერების ნამდვილობა.
მოწმე კ-------------------------–-ილმა (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2017 წლის 17 თებერვალს მიიღეს ინფორმაცია, რომ გ------- შ----ე იყო ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი. ამავე ინფორმაციის მიხედვით, იგი უნდა ყოფილიყო ქ. თბ--–--–-----–--------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და როგორც პირადად, ისე საცხოვრებელ სახლში უნდა ჰქონოდა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებები. პოლიციის სპეციალურ ბაზაში მოხდა გ------- შ----ის ფოტოსურათების მოძიება და იდენტიფიცირება, რის შემდეგაც თანამშრომლებთან - ბ------------თან და მ--–---- ქ---------ესთან ერთად გაემართა მითითებულ მისამართზე. ადგილზე მისვლისას შენიშნეს გ------- შ----ე, რომელსაც თან ახლდა სხვა მამაკაცი. გ------- შ----ეს წარუდგნენ და აუხსნეს, რომ უნდა გაეჩხრიკათ. მან და ბ------------მა დაიწყეს გ------- შ----ის პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის დროს გ------- შ----ე მანქანაში ჩასვეს თუ არა, არ ახსოვს. როგორც ახსოვს, ჩხრეკა მიმდინარეობდა ქუჩაში. გ------- შ----ე ჩხრეკის შემდეგ ჩასვეს იმავე მანქანაში, რომლითაც საგამოძიებო ჯგუფი მივიდა შემთხვევის ადგილზე. ჩხრეკის დროს ეს მანქანა იდგა შორიახლოს, მანძილი 300-400 მეტრი არ იქნებოდა. ჩხრეკისას გ------- შ----ის ქურთუკის მარცხენა ზედა ჯიბიდან მან ამოიღო ნარკოტიკული ნივთიერებები - ორი ცალი მომრგვალო ფორმის მუქი ფერის პლასტელინისმაგვარი ნივთიერება, ვერცხლისფერ ფოლგის ქაღალდში გახვეული კრისტალისებური ნივთიერება და მომწვანო ფერის მცენარეული მასა. ჩხრეკისას ამოღებული ნივთები მიაწოდა მ--–---- ქ---------ეს, რომელმაც ისინი მოათავსა კონვერტში, რის შემდეგაც ამოღებული ნივთიერებები დაილუქა. ნივთმტკიცებები დალუქა მ--–---- ქ---------ემ. ნივთმტკიცებებს, როგორც წესი, გამომძიებელი ითვლის, თუმცა ამ შემთხვევაში როგორ იყო, არ ახსოვს. გამომძიებელთან ერთად მას ამოღებული ნივთიერებები არ დაუთვალიერებია. გამომძიებელი ხმამაღლა აღწერდა თუ არა ამოღებულ ნივთებს დალუქვამდე, არ ახსოვს. ასევე მ--–---- ქ---------ემ გ------- შ----ეს განუმარტა უფლებები როგორც პირადი ჩხრეკის, ისე დაკავების წინ. გ------- შ----ეს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავების შემდეგ ისინი გაემართნენ გ------- შ----ის საცხოვრებელ სახლში, რომელიც იქვე მდებარეობდა. ბინის ჩხრეკას ესწრებოდა გ------- შ----ის მამა და ნათესავი ქალი. ჩხრეკა დაიწყო გ------- შ----ის საძინებელი ოთახიდან, რა დროსაც კარადის უჯრაში და საწოლის გვერდით დადებულ ჩანთაში მან აღმოაჩინა და ამოიღო სხვადასხვა ნივთიერებები, კერძოდ: მუქი ფერის მრგვალი ფორმის პლასტელინიზირებული და კრისტალიზირებული ნივთიერებები, ასევე აბები და მცენარეული მომწვანო ფერის ნივთიერებები. ამოღებული ნივთიერებები დაილუქა. ბინის ჩხრეკის შემდეგ გ------- შ----ე გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში.
მოწმე მ--–---- ქ---------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 17 თებერვალს მუშაობდა გამომძიებლად. ბრალდებული ვერ გაიხსენა ვერც ვიზუალურად და ვერც სახელითა და გვარით. ასევე ვერ გაიხსენა განსახილველი სისხლის სამართლის საქმე. სისხლის სამართლის საქმეში არსებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმებზე არსებულ ხელმოწერებთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ ხელმოწერები ჰგავს მის ხელმოწერას, თუმცა მათი ნამდვილობა (ავთენტურობა) ვერც დაადასტურა და ვერც უარყო. მანვე განმარტა, რომ ამჟამად მსჯავრდებულია ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის.
მოწმე თ----- შ----ემ განმარტა, რომ იგი არის გ------- შ----ის მამა. 2017 წლის 17 თებერვალს, დაახლოებით საღამოს 6 საათზე მას დაურეკა მეუღლემ და უთხრა, რომ მათი ვაჟი იყო დაკავებული და პოლიციას სურდა მათ ბინაში ჩხრეკის ჩატარება. იგი მივიდა სახლში, სადაც დახვდა მეუღლე, 3-4 პოლიციელი და მათი ოჯახის ორი ახლობელი, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ საგამოძიებო მოქმედებებს. პოლიციელებმა ჰკითხეს, ჰქონდათ თუ არა რამე კანონსაწინააღმდეგო, შემდეგ კი დაიწყეს ჩხრეკა. შევიდნენ გ------- შ----ის ოთახში და ნახეს ზურგჩანთა, საიდანაც დაიწყეს შეფუთვების ამოღება. ეს პროცედურა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. ზურგჩანთიდან ამოღებული ნივთები დაალაგეს მაგიდაზე და დაიწყეს მათი შეფუთვა. ზურგჩანთა რამდენჯერმე გაიტანეს და შემოტანეს. ზურგჩანთას გ-------ს მეგობრები იყენებდნენ და ის გ-------ს არ ეკუთვნოდა. ზურგჩანთაში იყო თეთრეული, რომელიც მის ვაჟს არ ეკუთვნოდა. ზურგჩანთა მათ სახლში დაახლოებით ერთი კვირით ადრე გაჩნდა. მის ვაჟს ბევრი მეგობარი სტუმრობდა, რომლებიც რჩებოდნენ ხოლმე მათ სახლში. ყოფილა შემთხვევა, რომ გ------- გასულა სახლიდან, მისი მეგობრები კი დარჩენილან. გ-------ს დაკავების წინა ღამეს ოთახში მეგობრები სტუმრობდნენ. გ-------ს ოთახი არ იკეტებოდა. სახლის ჩხრეკის შემდეგ შემთხვევის ადგილს გადაუღეს ფოტოები. შეადგინეს საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რომელსაც მან მოაწერა ხელი.
მოწმე თ------------ამ განმარტა, რომ გ------- შ----ე არის მისი ნათესავი. 2017 წლის თებერვალში იმყოფებოდა გ------- შ----ის სახლში - ქ. თბილისში, ყ---------------------------------ში, რა დროსაც პოლიციელებმა მიიყვანეს დაკავებული გ------- შ----ე. პოლიციელებმა განმარტეს, რომ გ------- დააკავეს ქუჩაში და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ მის ბინაში, სადაც იმყოფებოდნენ თვითონ, მისი მეუღლე და გ------- შ----ის მშობლები. გ-------ს მამამ - თ----- შ----ემ მას სთხოვა, რომ დასწრებოდა ჩხრეკას, რაზეც იგი დაეთანხა. გ-------ს ოთახის ჩხრეკას დაესწრო თუ არა თავად გ-------, არ ახსოვს. სამართალდამცავები მისაღები ოთახიდან პირდაპირ შევიდნენ გ-------ს ოთახში, სადაც ზურგჩანთიდან და უჯრიდან ამოიღეს რაღაც ნივთიერებები, რის შემდეგაც დაიწყეს მათი დახარისხება. სამართალდამცავებს სხვა უჯრები არ შეუმოწმებიათ, რადგან, როგორც განაცხადეს, იცოდნენ, სად იყო აღნიშნული ნივთიერებები. გ------- შ----ის სახლში ხშირად მიდიოდნენ გ-------ს მეგობრები, რომლებიც მასთან რჩებოდნენ. ხსენებული ზურგჩანთა შემთხვევის დღეს პირველად ნახა და არ იცის, ვის ეკუთვნოდა.
ბრალდებულმა გ------- შ----ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე გამამტყუნებელი განაჩენისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ნარკოტიკული დანაშაულის საქმეზე ისეთი გადამწყვეტი მტკიცებულება, როგორიც არის პირადი და ბინის ჩხრეკის ოქმები და ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ დადგენილ დასაშვებობის და უტყუარობის მაღალ სტანდარტს, რისი გათვალისწინებითაც შეუძლებელია, ამ მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ რაიმე ფაქტი ან გარემოება უტყუარად დაადგინოს და მით უფრო საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია, მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე.
ამდენად, დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა ენიჭება კუმულაციურად სამი სპეციალური წინაპირობის არსებობისას: ა) ცნობილია მისი წარმომავლობა; ბ) ავთენტიკურია; გ) შესაძლებელია დაიკითხოს პირი, რომელმაც შექმნა/მოიპოვა ან ვისთანაც ინახებოდა დოკუმენტი სასამართლოში წარდგენამდე. პირი, რომელმაც შექმნა დოკუმენტი, არის ის, ვინც უშუალოდ შეადგინა საგამოძიებო ან/და საპროცესო მოქმედების ოქმი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულების დასაშვებობის წინაპირობად კანონმდებლის მიერ იმის მითითება, რომ მხარეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დაკითხონ პირი, ვინც შექმნა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ოქმი, არ უნდა იქნეს გაგებული ფორმალურად და ამ მოთხოვნის შესასრულებლად არ არის საკმარისი მხოლოდ მხარეებისთვის ამ შესაძლებლობის შექმნა, ვინაიდან ეს დათქმა მიზნად ისახავს სწორედ საპროცესო გარანტიის შექმნას მტკიცებულებების მოპოვების/საპროცესო დამაგრების პროცესში საკანონმდებლო პროცედურებისა და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვის უზრუნველსაყოფად.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას დევნის განმახორციელებელი ორგანო შებოჭილია პროცესუალური ნორმებით, რომლებსაც მინიმუმამდე დაჰყავს თვითნებობის, შეცდომის დაშვების და სახელმწიფოს ხელთ არსებული მნიშვნელოვანი რესურსების ბოროტად გამოყენების საფრთხე. მყარმა პროცესუალურმა გარანტიებმა, როგორიც არის, მაგალითად, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ოქმის შემდგენი პირის სასამართლოში ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობა, უნდა დააბალანსოს ბუნებრივი უპირატესობა, რომელიც შესაძლოა, ბრალდების მხარეს გააჩნდეს დაცვის მხარესთან შედარებით და შესაძლებლობა მისცეს ბრალდებულს, სრულყოფილად დაიცვას საკუთარი ინტერესები, რაც, თავის მხრივ, მართლმსაჯულების ინტერესებს ემსახურება.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა მ--–---- ქ---------ე, რომელმაც სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით შეადგინა ბრალდებულ გ------- შ----ის პირადი და ბინის ჩხრეკის ოქმები, რა დროსაც (ამ ოქმების თანახმად) ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, რაც ექსპერტიზის დასკვნით აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, თუმცა სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ--–---- ქ---------ემ არ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედების ოქმების სისწორე, მათი კანონთან შესაბამისობა და მათზე საკუთარი ხელმოწერების ნამდვილობა. მეტიც, მ--–---- ქ---------ემ საერთოდ ვერ გაიხსენა ბრალდებული გ------- შ----ე და მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე, რისი გათვალისწინებით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ეს მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და დაუშვებელია როგორც უშუალოდ ბინისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, ასევე ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ იგი ეჭვქვეშ არ აყენებს მოწმეების ბ------------ის და კ-------------------------–-ილის (გამომძიებლები) ჩვენებების სანდოობას, რომლებმაც დაადასტურეს, რომ პირადი და ბინის ჩხრეკის ოქმები სწორედ მ--–---- ქ---------ემ შეადგინა, თუმცა მიაჩნია, ამ მოწმეთა ჩვენებები ვერ დააბალანსებს იმ არსებით ხარვეზს და ვერ გააქარწყლებს იმ გონივრულ ეჭვებს, რომლებიც არსებობს საგამოძიებო მოქმედების (ბინისა და პირადი ჩხრეკის) ოქმების უტყუარობასთან დაკავშირებით, როდესაც მათი სისწორე და კანონთან შესაბამისობა არ დადასტურებულა თავად ამ დოკუმენტების შემქმნელი პირის მიერ. ამასთან, საყურადღებოა, რომ ბ------------ის და კ-------------------------–-ილის ჩვენებებში არის არაერთი განსხვავება და ბუნდოვანება, რაც შესაძლოა, განპირობებული იყოს იმ გარემოებით, რომ საგამოძიებო მოქმედებებიდან მოწმეთა დაკითხვამდე გასულია ხანგრძლივი პერიოდი და სხვა შემთხვევაში ეს განსხვევებები უმნიშვნელოდ ყოფილიყო მიჩნეული, მაგრამ არა ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით პირის მსჯავრდების შემთხვევაში. ასე მაგალითად: მოწმე ბ------------მა განმარტა, რომ ჩხრეკის ოქმის შევსებისას მ--–---- ქ---------ე მანქანაშიც იყო ჩამომჯდარი სავარძელზე და იქ ავსებდა ოქმს, ასევე მანქანის ე.წ. ,,კაპოტზეც“ იჯდა და შესაძლოა, ამ დროს ე.წ. ,,ტორპედოზეც“ მოეთავსებინა ნივთები, მაშინ როდესაც მოწმე კ-------------------------–-ილმა დაადასტურა, რომ პირადი ჩხრეკის დროს ოპერატიული ჯგუფის ავტომანქანა იდგა შორიახლოს, თუმცა არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, გამომძიებელი მანქანაში ან მანქანასთან ავსებდა საგამოძიებო მოქმედების ოქმს. მოწმე ბ------------მა სასამართლოში დაკითხვისას ასევე ვერ გაიხსენა, ჩხრეკისას კ-------------------------–-ილმა გ------- შ----ის ქურთუკის რომელი ჯიბიდან ამოიღო ხსენებული ნივთიერებები. ასევე ვერ გაიხსენა, რაში იყო ეს ნივთიერებები გახვეული.
ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩხრეკაში მონაწილე ორივე პირმა - ბ------------მა და კ-------------------------–-ილმა დაადასტურეს, რომ ჩხრეკისას ამოღებული ნივთები არ დათვალიერებულა, ისე დაილუქა გამომძიებლის მიერ, მაშინ, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ნივთიერი მტკიცებულება უნდა დათვალიერდეს და დაილუქოს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნას, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და, შესაძლებლობის შემთხვევაში, შეიფუთოს;
რაც შეეხება ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების კუთვნილებას, სააპელაციო სასამართლოს სურს, მოიშველიოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა უკანონო ნივთის კუთვნილებასთან მიმართებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის №294აპ-15 განაჩენი), რომლის თანახმადაც არსებითად იგივე ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მსჯავრდებული რ. ა-ი უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა). პალატამ განმარტა, რომ „...ბრალდების მხარემ კი ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამოღებული იარაღი შეიძინა და შეინახა რ. ა-მა. ბრალდების მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს ეჭვს შეატანინებდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებში, რომ სახლში (საიდანაც ამოიღეს იარაღი და საბრძოლო მასალა) რ. ა-ს გარდა კიდევ სხვა პირებიც ცხოვრობდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნა, რომ ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა შეიძინა და შეინახა რ. ა-მა, არის მხოლოდ ვარაუდი, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს...“.
ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ და სააპელაციო პალატასაც დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბინაში, სადაც ჩატარდა ჩხრეკა, გ------- შ----ე მარტო არ ცხოვრობდა, ასევე მასთან ხშირად სტუმრობდნენ მისი მეგობრები, უგულებელყოფილი არ არის ეჭვი ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სხვა პირისთვის შესაძლო კუთვნილების თაობაზე, რომელიც ყოველთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
რაც შეეხება საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №3------------- და №5------------- დასკვნებს, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ საექსპერტო კვლევებით შესაძლებელია ნარკოტიკული საშუალებების სახეობის, შემადგენლობის ან/და ოდენობების დადგენა, თუმცა შეუძლებელია იმის უტყუარად მტკიცება, თუ სად, ვისგან, როდის და რა ვითარებაში მოხდა კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენა და ამოღება. ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც სააპელაციო პალატამ დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია როგორც პირადი, ასევე ბინის ჩხრეკის ოქმები და ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ნივთმტკიცებები, მხოლოდ ქიმიური ექსპერტის დასკვნებით გამორიცხულია იმის ცალსახად დადგენა, ეკუთვნოდა თუ არა კვლევის ობიექტები (ნარკოტიკული საშუალებები) გ------- შ----ეს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია მტკიცებულებების შეფასების ერთი სტანდარტი, რაც ეჭვქვეშ არ დააყენებს მათ სანდოობას და საბოლოო ჯამში დააკმაყოფილებს უტყუარობის მაღალ სტანდარტს, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. შესაბამისად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, როგორც ამას ბრალდების მხარე მიუთითებს (რომ შესაძლებელია, გამონაკლის შემთხვევაში, საგამოძიებო მოქმედების ოქმი აკმაყოფილებდეს დასაშვებობის და უტყუარობის სტანდარტს მიუხედავად იმისა, რომ მისი სისწორე/კანონთან შესაბამისობა ერთმნიშვნელოვნად არ დაუდასტურებია მის უშუალოდ შემდგენ პირს, თუმცა არც უარუყვია), არსობრივად მცდარია და ეწინააღმდეგება გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი მტკიცებულებების უტყუარობის და „in dubio pro reo“ - ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება(იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.). მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §68).
სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ცალსახად ვერ დადგინდა, გ------- შ----ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტი.
6. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივნისის გამამართლებელი განაჩენი გასაჩივრებულია ბრალდების მხარის მიერ, თუმცა სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ------- შ----ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან/და გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ არ იწვევდეს რაიმე სახის გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ტოვებდეს კითხვის ნიშნებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების (შეძენა/შენახვა) უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ნარკოტიკული დანაშაულის საქმეზე გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები - როგორიც არის პირადი და ბინის ჩხრეკის ოქმები და ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიჩნეული იქნა დაუშვებელ მტკიცებულებებად, ვინაიდან ამ საგამოძიებო მოქმედებების სისწორე/კანონთან შესაბამისობა არ დადასტურდა საგამოძიებო მოქმედებების ოქმების უშუალოდ შემდგენი პირის მიერ და არსებობს გაუქარწყლებელი ეჭვები იმის თაობაზე, თუ სად, როგორ და რა პირობებში მოხდა ნივთიერი მტკიცებულების (ნარკოტიკული საშუალებების) აღმოჩენა და ამოღება, რაც მთლიანობაში უკარგავს მათ სანდოობას, ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის მაღალ სტანდარტს და გამორიცხულია მათზე დაყრდნობით გონივრულ ეჭვს მიღმა ანუ ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით სააპელაციო პალატის დარწმუნება პირის ბრალეულობაში.
ამდენად, სააპელაციო პალატა მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ერთმანეთთან შეთანხებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად ვერ დადასტურდა გ------- შ----ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა - დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რისი გათვალისწინებით მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივნისის გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და უნდა დარჩეს უცვლელი.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ, ნარკოტიკული საშუალებები (რომელიც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში), რომელიც ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის დ----- მ---------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივნისის განაჩენი გ------- შ----ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
გ------- შ----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს;
ცნობად იქნას მიღებული, რომ გ------- შ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;
გირაოს თანხა - 10 000 ლარი განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს;
გამართლებულ გ------- შ----ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
ნივთიერი მტკიცებულება:
- ნარკოტიკული საშუალებები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: მ. თეთრაული
ხ. კიკილაშვილი