განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119003132958
№1ბ/1644-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე
სხდომის მდივანი: ნანა გიგიტაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: დავით მუხიაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: გ-------------–---–ი
მსჯავრდებული: მ------- კ----------ი, დაბადებული: 1----–-–-----------------ს, პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ---–-----------–----–----------------–-----------.
თარჯიმანი: ზ------- გ------ა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
მხარეთა პოზიციები:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით მუხიაშვილმა და მოითხოვა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მ------- კ----------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა. აპელანტს მიაჩნია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენი ფაქტობრივი გარემოებების ნაწილში კანონიერიც არის და დასაბუთებულიც, მაგრამ დანიშნული სასჯელის ნაწილში არის უსამართლო. სასჯელის უსამართლობა ვლინდება სასამართლოს მიერ სასჯელის განსაზღვრისას, სსკ-ის 53-ე მუხლით გასათვალისწინებელი კრიტერიუმებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასათანადოდ შეფასებაში, რის გამოც მ------- კ----------ის მიმართ გამოყენებული იქნა სასჯელის აშკარად ლმობიერი სახე. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია თითოეული კრიტერიუმი ობიექტურად შეაფასოს. უგულვებელჰყო რა სასამართლომ აღნიშნული და არ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ხერხი, მ------- კ----------ის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივი მიზანი დანაშაულის ხასიათი, მისი მომეტებული საფრთხე, ის რომ დანაშაული ჩადენილია ქალის მიმართ, რაც მეტყველებს იმაზე რომ მსჯავრდებული არაფრად აგდებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმალური ცხოვრების წესს, მიუთითებს მის ძალადობისკენ მიდრეკილებაზე. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ მცდარი გადაწყვეტილება მიიღო ნივთიერი მტკიცებულებების ნაწილშიც, მისი მსჯავრდებულისათვის დაბრუნების შემდგომ არ იმსჯელა მსჯავრდებულის უფლების შეზღუდვის საკითხზე. ამდენად ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, თუმცა სასჯელის ნაწილში უსამართლო, რის გამოც იგი უნდა შეიცვალოს სხვა უფრო მკაცრი და სამართლიანი სასჯელით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს, მსჯავრდებულ მ------- კ----------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით მუხიაშვილმა, მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა, მ------- კ----------ის მიმართ, ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, მსჯავრდებულმა მ------- კ----------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-------------–---–მა მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი, მ------- კ----------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
მ------- კ----------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მ------- კ----------ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედებების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ბ---–-----------------------–---------ში მდებარე, მ------- კ----------ის და მისი დის გ----–------ დ-–----------ას საზიარო სახლის აივანზე, დის შვილის შ-------ა ა-–---------ას სტუმრობით უკმაყოფილო მ------- კ----------მა, ჯერ ხელი კრა შ-------ა ა-–---------ას მარცხენა მხარის არეში, შემდეგ კი თმით ძლიერად მოქაჩა. შ-------ა ა-–---------ამ ორივე შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ბ---–-----------------------–---------ში მდებარე, მ------- კ----------ის და მისი დის გ----–------ დ-–----------ას საზიარო სახლის აივანზე, მ------- კ----------მა ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიყენა შ-------ა ა-–---------ას, ხოლო შემდეგ დაემუქრა მოკვლით, რომ თოფით გაუხვრიტავდა შუბლს, რის გამოც შ-------ა ა-–---------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგან იცოდა რომ მ------- კ----------ი სახლში ინახავდა თოფს და შეეძლო მისი გამოტანა და სროლა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენით მ------- კ----------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, სსკ–ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მიესაჯა:
საქართველოს სსკ–ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ–ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მ------- კ----------ს მიესაჯა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ–ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, პატიმრობაში გატარებული დროის გათვალისწინებით შეუმცირდა სასჯელი მ------- კ----------ს და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მ------- კ----------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ მ------- კ----------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ - შ-------ა ა-–---------ას გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების - გ----–------ დ-–----------ას, გ---–---- კ----------ას, ა------- მ--------ას გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით და თავად მ------- კ----------ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ მ------- კ----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ------- კ----------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. მანვე, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მსჯავრდებულ მ------- კ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა იარაღის გამოყენების მუქარით.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა ნაწილობრივ ეთანხმება სახელმწიფო ბრალდების, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის გაზრდის და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი მ------- კ----------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას, ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მ------- კ----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, თუმცა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მჯავრდებულ მ------- კ----------მა მუქარის განხორციელებისას, აქცენტი გააკეთა მის საკუთრებაში არსებულ თოფზე, რომლის თაობაზე ინფორმაციას ფლობდა დაზარალებულიც. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული ქმედება განხორციელდა იარაღის გამოყენების მუქარით, პალატას მიაჩნია მსჯავრდებულ მ------- კ----------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის შესაბამისად, ერთი წლის ვადით უნდა შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები, რაც უფრო მეტად ეფექტური იქნება მ------- კ----------ის მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მისი რესოციალიზაციის თვალსაზრისით.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას და განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ------- კ----------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, შეურიგდა დაზარალებულს, კმაყოფაზე ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი. აღნიშნული გარემოებების, დამნაშავის რესოციალიზაციის და სასჯელის სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მ------- კ----------ის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება, სამართლიანი და კანონიერია, ამასთან იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ მ------- კ----------ის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა მოხდა იარაღის გამოყენების მუქარით, სასჯელის - ჯარიმის ოდენობა აღნიშნული დანაშაულისთვის უნდა გაიზარდოს და განისაზღვროს 4850 (ოთხიათას რვაასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით მუხიაშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენში მსჯავრდებულ მ------- კ----------ის მიმართ, უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 297-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სახელმწიფო ბრალმდებლის, ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორის დავით მუხიაშვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენში მ------- კ----------ის მიმართ შევიდეს ცვლილება.
მ------- კ----------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ–ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 4850 (ოთხიათას რვაასორმოცდაათი) ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის შესაბამისად 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს - იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ------- კ----------ს დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნოს - ჯარიმა 4850 (ოთხიათას რვაასორმოცდაათი) ლარის ოდენობით და 1 (ერთი) წლის ვადით იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების უფლების შეზღუდვა.
საქართველოს სსკ–ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, მ------- კ----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დროის პერიოდი 2019 წლის 30 ივლისიდან 2019 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით და სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და 1 (ერთი) წლის ვადით იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების უფლების შეზღუდვა.
მ------- კ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მ------- კ----------ს ჩამოერთვას სანადირო თოფი MC-21-12, №7--- და შეზღუდული უფლებების აღდგენამდე, მ------- კ----------ზე საკუთრების უფლების შენარჩუნებით, შესანახად გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე