განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002907404
საქმე №1ბ/1671-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატა შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მაია თეთრაული
სხდომის მდივანი - ლელა ბახტაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ---------------–-–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - კ---- ც--–--ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, რ.თ------–---–ის ქ. №14-ში;
ადვოკატი - ა-–--------------------–---–ი;
ბრალად წარდგენილი დანაშაულის კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - განზრახ მკვლელობის მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით; 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 02:10 საათზე თბილისში, რ----- თ------–---–ის ქუჩა N14-ში კ---- ც--–--ემ მეუღლეს ნ--- გ-------ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნისას არასრულწლოვანი შვილის 7 წლის ლ---- ც--–--ის თანდასწრებით განსაკუთრებული სისასტიკით, სიცოცხლის მოსპობის განზრახვით, საყოფაცხოვრებო დანის გამოყენებით მიაყენა მრავლობითი ჭრილობები, კერძოდ - გულმკერდის მარჯვენა ნახევრის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო 2 შემავალი ჭრილობა და ხელის მტევნებზე - მრავლობითი ჭრილობები. დაჭრილი ნ--- გ-------ი გადაიყვანეს თბილისში, უ----------------ში მდებარე ა-–----–---–ის სახელობის კლინიკაში, სადაც ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
2019 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 02:10 საათზე თბილისში, რ----- თ------–---–ის ქუჩა N14-ში კ---- ც--–--ემ ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნისას არასრულწლოვან შვილს 7 წლის ლ---- ც--–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაარტყა მუშტი მარჯვენა ფეხის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლოს დაადგინა:
2019 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 02:10 საათზე თბილისში, რ----- თ------–---–ის ქუჩა N14-ში კ---- ც--–--ემ მეუღლეს ნ--- გ-------ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნისას მჭრელი თვისებების მქონე საგნით - საყოფაცხოვრებო დანით და მკვრივი, ბლაგვი საგნით - ხელით და მუშტით მიაყენა ნაკლებად მძიმე ხარისხის არა შემავალი მრავლობითი დაზიანებები ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით, კერძოდ: სხვა თითის ნერვის ტრავმა, სხვა თითის მომხრელი კუნთის და მყესის ტრავმა მაჯის და მტევნის დონეზე, სხვა თითების სისხლძარღვების ტრავმა, თავის მრავლობითი ზედაპირული დაუზუსტებელი ლოკალიზაციის ტრავმა, გულ-მკერდის სხვა ნაწილის ღია ჭრილობა, იდაყვის ღია ჭრილობა, ნაკვეთი ჭრილობები გულ-მკერდის მარჯვენა ნახევარში, მარჯვენა წინამხრის გარეთა ზედაპირზე, იდაყვის მედიალურად და ქვემოთ, მარცხენა წინამხრის შიგნითა ზედაპირზე და მტევანზე, მარცხენა მტევნის ხელგულის არეში, მარჯვენა პერიოკულურ მიდამოში ექსკორიაციები, ზედა ყბაზე კბილების მექანიკურად დაზიანება.
2019 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 02:10 საათზე თბილისში, რ----- თ------–---–ის ქუჩა N14-ში კ---- ც--–--ემ ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნისას არასრულწლოვან შვილს 7 წლის ლ---- ც--–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარჯვენა ფეხის არეში დარტყმით მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენით:
კ---- ც--–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
კ---- ც--–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველ ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ კ---- ც--–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ - თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------–-–---–მა.
მხარეთა პოზიციები:
ბრალდების მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი არის ნაწილობრივ დაუსაბუთებელი და უკანონო, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ კ---- ც--–--ემ ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით, ასევე - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; დაზარალებულ ნ--- გ-------ის ჩვენებით დგინდება, რომ მისთვის დანით დაზიანების მიყენებამდე მან გოჩა ც--–--ეს თავში ჩაარტყა ლარნაკი. კ---- ც--–--ის მიერ მისთვის დანით დაზიანებების მიყენება გაგრძელდა დაახლოებით 2-3 წუთი და შემდეგ, ისედაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა, ლარნაკის თავში ჩარტყმის გამო დაკარგა გონება. სწორედ ეს გარემოება გახდა შემაკავებელი ფაქტორი, რის გამოც კ---- ც--–--ემ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. ნ--- გ-------მა კი თავს უშველა - გონებადაკარგული მეუღლე მიატოვა და მეზობლებთან გაიქცა დახმარების სათხოვნელად. მნიშველოვანია ის გარემოებაც, რომ ნ--- გ-------ის მიმართ ძალადობას ესწრებოდა არსრულწლოვანი ლ---- ც--–--ე, რომელმაც დაინახა ყველაფერი. ნ--- გ-------ის ჩვენებით, კ---- ც--–--ის მიერ მისთვის დაზიანებების მიყენებისას ლ---- ც--–--ე ოთახში იმყოფებებოდა, თუმცა სასამართლოში დაკითხულმა არასრულწლოვანმა განმარტა, რომ არ დაუნახავს მამის ხელში დანა, რადგან სახლიდან დედის ცემის შემდეგ გაიქცა. ლ---- ც--–--ე გამოძიებაში დეტალურად საუბრობდა ლითონის საგანზე, რომელიც იყო წვეტიანი, თუმცა არსებითი განხილვისას ურყო აღნიშნული ფაქტი და განმარტა, რომ წვეტიანის საგანი მას არ დაუნახავს, რაც არადამაჯერებელია. ბრალდების მხარის მტკიცებით, კ---- ც--–--ის განზრახვაზე, მოეკლა ნ--- გ-------ი, მიუთითებს მისი წინარე მოქმედებები, მიყენებული დაზიანებების სიმრავლე და ხელისშემშლელი ფაქტორი, რის გამოც ვერ შეძლო განზრახვის ბოლომდე მიყვანა. ბრალდება მიიჩნევს, რომ სახეზეა განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილი ძალადობრივი დანაშაული, ვინაიდან კ---- ც--–--ე ნ--- გ-------ის მოკვლას ცდილობდა არასრულწლოვნი შვილის თანდასწრებით.
დაცვის მხარის პოზიციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული და უნდა დარჩეს ძალაში.
4. მტკიცებულებების ერთობლიობა:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი მხარეების მიერ სადავოდ არ იქნა მიჩნეული, რისი გათვალისწინებითაც მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების (როგორც სადავო, ასევე უდავო) შინაარსზე, განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ცალ-ცალკე და ერთობლივად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს, რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.
დანაშაულის შესახებ 2019 წლის 6 თებერვლის შეტყობინების თანახმად, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ინციდენტის თარიღია 06/02/2019, 02:06:42 საათი, ტიპი: ოჯახური ძალადობა. მამკაცი მეუღლის და შვილის მიმართ ახორციელებს ფიზიკურ ძალადობას. ბავშვს, სავარაუდოდ, დაზიანებული აქვს ფეხი. ქალი ითხოვს შველას. შეტყობინების ინიციატორია თ------------ე.
ელ-სმენით 2019 წლის 6 თებერვლის შეტყობინების თანახმად, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რ----- თ------–---–ის ქ. N14-ში ოჯახური კონფლიქტის დროს მეუღლემ ნ--- გ-------ს მიაყენა ჭრილობა გულ-მკერდის და ხელის არეში და იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა ალ.ა-–----–---–ის სახელობის კლინიკაში, ხოლო მის შვილს - 7 წლის ლ---- ც--–--ეს მამამ მიაყენა ზედაპირული ტრავმა ფეხის არეში. ბავშვს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.
ნ--- გ-------მა განმარტა, რომ ქორწინებაში იმყოფება კ---- ც--–--ესთან და ჰყავთ საერთო შვილი - 8 წლის ლ---- ც--–--ე. ისინი ცხოვრობდნენ რ----- თ------–---–ის N14-ში, სახელოსნოს მეორე სართულზე (ანტრესოლზე). კ---- ც--–--ე პერიოდულად სვამდა და ჰქონდა პათოლოგიური სიმთვრალე. 2019 წლის 6 თებერვალს, საღამოს 20-21 საათისთვის კ---- ც--–--ე სახლში დაბრუნდა ნასვამი და დაიძინა. დაახლოებით 4-5 საათში გაიღვიძა, დაიწყო ტანსაცმლის ძებნა. როდესაც შეიტყო, რომ მეუღლემ ვერ იპოვა ნივთი, რომელსაც იგი ეძებდა, ძლიერად გაარტყა სახეში, რასაც მოჰყვა ცხვირ-პირში მუშტის დარტყმა. ცდილობდა, ხელ-ფეხით წინააღმდეგობა გაეწია და მოეგერიებინა მეუღლის თავდასხმა. იგი იმყოფებოდა სახელოსნოს მეორე სართულზე (ანტრესოლზე). კ---- ც--–--ე ავიდა მასთან, ხელში ეკავა მჭრელი საგანი, შესაძლებელია დანა, თუმცა კარგად ვერ ხედავდა, რადგან თვალი ჰქონდა ჩასისხლიანებული. მან ორჯერ ჩაარტყა თავში მეუღლეს ლარნაკი, რომელიც გატყდა. კ---- ც--–--ემ დაუჭირა ხელი და მჭრელი საგნით (შესაძლოა დანით) დასერა, ასევე დაარტყა 4-5-ჯერ. შემდეგ კი მოულოდნელად გაჩერდა და რამდენიმე წამი ჩუმად იჯდა. ამით ისარგებლა და გაიქცა მეზობელ ნ--- საბაშვილთან. მეზობელს უთხრა, რომ მეუღლემ მიაყენა დაზიანებები და სთხოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.
ნ--- გ-------ის განმარტებით, გულ-მკერდის არეში დაზიანებების მიყენების მომენტი არ ახსოვს, რადგან იყო აღელვებული და ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ჩხუბისას ბავშვი ცდილობდა მის დაცვას. როდესაც მეუღლემ სახეში დაარტყა, მან სთხოვა შვილს, გარეთ გასულიყო. ლ----მ დაუჯერა და მართლაც გავიდა გარეთ. კ---- ც--–--ეს შვილისთვის დაზიანება არ მიუყენებია და არც კონფლიქტი ჰქონია ბავშვთან. მისთვის უცნობია, საიდან მიიღო დაზიანება ლ---- ც--–--ემ, რადგან თავად დაზიანების ფაქტი არ დაუნახავს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 6 თებერვლის ოქმის თანახმად, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, რ----- თ------–---–ის ქ.N14-ში, სადაც არის სახელოსნო და საცხოვრებელი ე.წ. ,,ანტრესოლი“. სახელოსნო ოთახისა და ანტრესოლის ხის იატაკზე და ღია ფერის კედლებზე ნ---ხი იქნა მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქები. ოთახი იყო არეული, ტუმბოზე და მის ქვეშ ეყარა გატეხილი სარკის და კერამიკული ჭურჭლის ნამტვრევები.
ლ---- ც--–--ემ განმარტა, რომ დედა - ნ--- გ-------ი და მამა - კ---- ც--–--ე პერიოდულად კამათობენ, ხმამაღლა საუბრობენ და ყვირიან. 2019 წლის 6 თებერვალს სწორედ მათი კამათის ხმაზე გაეღვიძა. მამა იყო მთვრალი და დედას ეჩხუბებოდა. მან იგი საწოლზე დააგდო და მუშტი დაარტყა ერთხელ სახეში, დედამ კი ლარნაკი ჩაარტყა. დედამ სთხოვა, იქიდან წასულიყო. ლარნაკის ჩარტყმის შემდგ მამა სახელოსნოში ჩავიდა, კარის ბოქლომი დაამტვრია, სამუშაო ადგილიდან აიღო წვეტიანი, მოშავო ფერის ბასრი საგანი და ,,ანტრესოლზე“ ავიდა. იგი მეზობელთან გაიქცა და სთხოვა სასწრაფოს გამოძახება.
ლ---- ც--–--ის განმარტებით, როდესაც მამა ,,ანტრესოლზე“ ავიდა, თითონ უკვე მეზობელთან იმყოფებოდა, რის გამოც დედისთვის რაიმე საგნის დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს. სახლიდან გაქცევის შემდეგ მივიდა მეგობარ ს----თან და მას და მის მშობლებს უთხრა, რომ სასწრაფო გამოეძახათ. მოგვიანებით გამომძიებელს უთხრა, რომ ფეხი სტკიოდა, რადგან კამათის დროს მამამ დედა საწოლზე დააგდო, იგი კი დედის დახმარებას ცდილობდა. მამამ ამ დროს ხელი ჰკრა და მუხლებით იატაკზე დაეცა. ამ შემთხვევამდე მამა მას ხელით არ შეხებია.
დაბადების მოწმობით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დადგენილია, რომ ლ---- ც--–--ე დაბადებულია 2011 წლის 9 თებერვალს. მშობლები: მამა - კ---- ც--–--ე, დედა: ნ--- გ-------ი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 3 აპრილის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დასტურდება, რომ 2019 წლის 6 თებერვალს ლ---- ც--–--ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა მუხლის სახსრის საპროექციოდ წინა ზედაპირზე ნაჭდევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობაში მითითებულ თარიღს - 2019 წლის 6 თებერვალს.
თ------------ემ განმარტა, რომ ცხოვრობს რ----- თ------–---–ის N14-ის პირველ სართულზე მდებარე სახლში, რომლის გვერდით არის სახელოსნო. 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 01:30 საათზე შემოესმა ჩხუბის ხმა, ასევე გაიგო ბავშვის ტირილის და მსხვრევის ხმა. თავდაპირველად არ მიაქცია ყურადღება. შემდეგ გავიდა გარეთ და დარწმუნდა, რომ ხმაური სახელოსნოდან მოდიოდა. სახლში შებრუნებულმა ეზოს მხარეს გაიხედა ფანჯარაში, რა დროსაც გაიგონა ქალის ყვირილი, რომელიც შვილს ეუბნებოდა, გაიქეციო. მან დაინახა 7-8 წლის ბიჭი, რომელიც თაღში გარბოდა. ბავშვი სახლში შეიყვანა. ბავშვი იყო ნაცემი და იტკიებდა ყველაფერს, მათ შორის ფეხს, რომელიც ჰქონდა შესიებული, ასევე იყო ანერვიულებული და ამბობდა, რომ მამამისმა სცემა, კერძოდ, ხელში აიყვანა და ისროლა, რის გამოც სტკიოდა სხეული. ბავშვმა სთხოვა, დაერეკა საპატრულო პოლიციაში, რადგან დედამისი მარტო იმყოფებოდა სახლში მამასთან.
თ------------ის განმარტებით, პარალელურად ესმოდა ქალის ხმა, რომელიც ითხოვდა, ვინმეს დაერეკა საპატრულო პოლიციაში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მოსვლის შემდეგ ბავშვთან ერთად გავიდა მათ შესახვედრად. მეზობლისგან შეიტყო, რომ ბავშვის დედა იყო დაჭრილი და სისხლიანი, რასაც თავადაც მოჰკრა თვალი.
მ------ საბაშვილმა განმარტა, რომ ცხოვრობს რ----- თ------–---–ის ქ. N14-ში. 2019 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 02:00 საათზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა სახლში და ეძინა, როცა მათთან მივიდა კ---- ც--–--ის მეუღლე ნ--- გ-------ი და ითხოვა დახმარება. ნ--- გ-------ი იყო სისხლიანი და გული წაუვიდა. საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟების მისვლის შემდგომ დაზარალებულმა განაცხადა, რომ მეუღლემ დაჭრა. მის და კ---- ც--–--ის სახლებს შორის დაახლოებით 10 მეტრიანი დაშორებაა. ინციდენტის დროს ხმაური არ გაუგონია, რადგან ეძინა და მის ოთახს ეზოს მხარეს ფანჯარა არ აქვს. მოგვიანებით ნახა კიბესთან დაგდებული დანა.
მ------ საბაშვილის საცხოვრებელი ბინის 2019 წლის 6 თებერვლის დათვალიერების ოქმის თანახმად, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, მ------ საბაშვილის საცხოვრებელი ბინა მდებარეობს თბილისში, თ------–---–ის ქ.N14, ბინა N28-ში, სადაც შესასვბლელში მეტლახის იატაკზე, ანტრესოლის ასასვლელ ხის კიბეზე ნ---ხი იქნა მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქები, ანტრესოლის კიბის მეორე საფეხურზე კი ნ---ხი იქნა მოვერცხლისფრო დანა, რომელსაც ტარზე და მჭრელ პირზე აღენიშნება სისხლისმაგვარი ლაქები. მ------ საბაშვილის განმარტებით ეს დანა მისმა მეზობელმა ნ---- გ-------მა დადო კიბეზე.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 9 აპრილის ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ნ--- გ-------ს 2019 წლის 6 თებერვალს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით კლინიკაში დაუდგინდა დიაგნოზი: სხვა თითის ნერვის ტრავმა, სხვა თითის მომხრელი კუნთის და მყესის ტრავმა მაჯის და მტევნის დონეზე. სხვა თითების სისხლძარღვების ტრავმა, თავის მრავლობითი ზედაპირული დაუზუსტებელი ლოკალიზაციის ტრავმა, გულ-მკერდის სხვა ნაწილის ღია ჭრილობა, იდაყვის ღია ჭრილობა, ნაკვეთი ჭრილობები გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, მარჯვენა წინამხრის გარეთა ზედაპირზე, იდაყვის მედიალურად და ქვემოთ, მარცხენა წინამხრის შიგნითა ზედაპირზე და მტევანზე, მარცხენა მტევნის ხელგულის არეში, მარჯვენა პერიოკულურ მიდამოში ექსკორიაციები, ზედა ყბაზე მექანიკურად დაზიანებული კბილები. დაზიანებები ნაკვეთი ჭრილობების სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედების შედეგად. მარჯვენა პერიოკულურ მიდამოში ექსკორიაციები, ზედა ყბაზე 11-21 კბილების მექანიკური დაზიანებები - რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. დაზიანებები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
ექსპერტიზის ზემოაღნიშნული დასკვნის შინაარსის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----------------–--ემ და დამატებით განმარტა, რომ ნ--- გ-------ს ჰქონდა მხოლოდ ნაკვეთი ჭრილობები, მათგან არც ერთი არ ყოფილა შემავალი. თითის მყესები ჰქონდა დაზიანებული, რის გამოც ჩაუტარდა ოპერაცია, რათა აღედგინა დაზიანებამდე არსებული ფუნქციები. ამასთან, ექპერტმა ვერ შეძლო დაზუსტებით იმის თქმა, სამედიცინო დახმარების დროული ჩარევის გარეშე დადგებოდა თუ არა ნ--- გ-------ის სიკვდილი.
ამდენად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ნ--- გ-------ს დაუდგინდა ნაკლებად მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. დაზიანებები ნაკვეთი ჭრილობების სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედების შედეგად, ხოლო ექსკორიაციები და კბილების მექანიკური დაზიანებები კი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად.
ნ--- გ-------ის ჩვენებით ირკვევა, თუ რა ვითარებაში მიიღო მან სამედიცინო ექსპერტის დასკვნით დადგენილი დაზიანებები 2019 წლის 6 თებერვალს. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მისი მეუღლე კ---- ც--–--ე მთვრალი დაბრუნდა შინ და დაიძინა. დაახლოებით 4-5 საათში გაიღვიძა და დაუწყო ცემა, ჯერ სახეში გაარტყა ძლიერად, ასევე ურტყამდა მუშტს ცხვირ-პირში. მოგვიანებით კი აიღო დანა, დაუჭირა ხელი და დასერა, დანა დაარტყა 4-5-ჯერ.
საყურადღებოა, რომ ბრალად წარდგენილი ქმედების დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მხოლოდ ნ--- გ-------ი, კ---- ც--–--ე და მათი არასრულწლოვანი შვილი, რომელიც მშობლების ჩხუბმა გამოაღვიძა და შემთხვევის ადგილიდან მხოლოდ მას შემდეგ გაიქცა, რაც დაინახა, როგორ დააგდო მამამ დედა საწოლზე და მუშტი ჩაარტყა სახეში. ამდენად, ლ---- ც--–--ე შეესწრო კ---- ც--–--ის მხრიდან ნ--- გ-------ზე ფიზიკური ძალადობის პირველ ეპიზოდს, რა დროსაც კ---- ც--–--ემ სახეში მუშტი ჩაარტყა ნ--- გ-------ს. როდესაც ბავშვი სახლიდან გაიქცა, შემთხვევის ადგილზე მხოლოდ დედა-მამა დატოვა.
ნ--- გ-------ის და კ---- ც--–--ის მეზობლის - თ------------ის ჩვენებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ სახლიდან გაქცევის შემდეგ ლ---- ც--–--ემ მას სთხოვა, დაერეკა პოლიციაში, რადგან მისი დედა მარტო იყო სახლში მამასთან.
ნ--- გ-------ის და კ---- ც--–--ის სხვა მეზობლის - მ------ საბაშვილის ჩვენებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ გვიან ღამით მის სახლში მივიდა ნ--- გ-------ი, რომელიც იყო სისხლიანი, ამბობდა, რომ მეულემ დაჭრა და შველას ითხოვდა.
სწორედ მ------ საბაშვილის სახლის დათვალიერებისას იქნა ამოღებული სისხლიანი დანა, რომლითაც მიაყენა დაზიანებები ნ--- გ-------ს კ---- ც--–--ემ და რომელიც, დაზარალებულის განმარტებით, წამოიღო მან შემთხვევის ადგილიდან.
ამდენად, სააპელაციო პალატას ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2019 წლის 6 თებერვალს სწორედ კ---- ც--–--ემ მჭრელი თვისებების მქონე საგნის (საყოფაცხოვრებო დანის) და მკვრივი, ბლაგვი საგნის (ხელის და მუშტის) მოქმედების შედეგად მიაყენა ნ--- გ-------ს ნაკლებად მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იქნენ ის გამომძიებლები და სამედიცინო პერსონალი, ვინც 2019 წლის 6 თებერვალს, უშუალოდ ბრალად წარდგენილი ქმედებიდან მალევე ნახა დაზარალებულები ნ--- გ-------ი და ლ---- ც--–--ე, აღმოუჩინა მათ სამედიცინო დახმარება ან/და მონაწილეობდა პირველად საგამოძიებო მოქმედებებში. კერძოდ:
ო--------–---–მა (გამომძიებელი) დაადასტურა მის მიერ (მისი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და განმარტა, რომ 2019 წლის 6 თებერვალს რადიო სადგურის მეშვეობით მიღებული შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე თ---------------ასთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე - თბილისში, თ------–---–ის ქ. N14-ში. დაზარალებული იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების მანქანაში და გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა, რომელიც, მისი თქმით, კ---- ც--–--ემ მიაყენა. ნასვამი ბრალდებული იმყოფებოდა სახლში, ტანსაცმელზე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. მან დააკავა კ---- ც--–--ე და ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, ასევე ამოღებულ იქნა ბრალდებულის ტანსაცმელი. კ---- ც--–--ეს ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანება თავის და ხელების არეში, ასევე - ფეხზე.
რ------------------ემ (გამომძიებელი) დაადასტურა მის მიერ (მისი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და განმარტა, რომ 2019 წლის 6 თებერვალს, 02:06 საათზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამომძიებელმა გ-----------–---–---–მა დაიწყო გამოძიება. მას დაევალა შემთხვევის ადგილზე გასვლა, რომელიც მდებარეობდა თ------–---–ის ქუჩა N14-ში. ადგილზე მისულმა გაარკვია, რომ დაჭრილი დაზარალებული ნ--- გ-------ი იყო მეზობელთან - თ------–---–ის ქუჩა N14, ბინა 28-ში, მ------ საბაშვილის ოჯახში, რომელსაც დასახმარებლად მიმართა. შემთხვევის ადგილზე მან ნახა დანა და სისხლის ლაქები. ადგილზე იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები. მან დაათვალიერა მ------ საბაშვილის საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც ამოიღეს დანა და სისხლის მაგვარი ლაქები. სისხლიანი დანა ეგდო კიბის მესამე ან მეოთხე საფეხურზე. ასევე დაათვალიერეს უშუალოდ ბრალდებულის და დაზარალებულის საცხოვრებელი სახლი, ამოღებულ იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, საწოლთან იყო კერამიკის ნამსხვრევები. გამოიკითხა ლ---- ც--–--ე, რომელსაც სტკიოდა მუხლი, დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა.
ჯ----–-–--------–მა (ექიმი-რეანიმატოლოგი) განმარტა, რომ მუშაობს ქ. თბილისის ალ. ა-–----–---–ის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში. 2019 წლის 6 თებერვალს კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა ნ--- გ-------ი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის გადმოცემით პაციენტს აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც მიაყენა მეუღლემ ცივი იარაღით. მოწმემ განმარტა, რომ დაზარალებულმა პირადადაც დაუდასტურა, რომ მას მეუღლემ მიაყენა ჭრილობები. ნ--- გ-------ს მართლაც აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობა, მათ შორის - გულ-მკერდის არეში, მარჯვენა ნახევარში, ასევე ორივე ზედა კიდურზე, სახეზე, ჩამოცვენილი ჰქონდა რამდენიმე კბილი. ჭრილობები დამუშავდა, მათ შორის სისხლმდენი ჭრილობები გაიკერა.
ხ------------–--ემ (კლინიკის მენეჯერი) განმარტა, რომ 2019 წლის 6 თებერვალს ქ. თბილისის ალ. ა-–----–---–ის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს პაციენტი ნ--- გ-------ი. პაციენტს გაეწია სამედიცინო დახმარება, მათ შორის დასჭირდა ქირურგიული ჩარევა და 2 დღის დაყოვნებით - 8 თებერვალს გაწერეს საავადმყოფოდან.
სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა როგორც სადავო, ასევე უდავო მტკიცებულებები ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია და შესაბამისად, სააპელაციო პალატა მათ სიღმისეულად არ მიმოიხილავს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავისთავად ის ფაქტი, რომ კ---- ც--–--ის ქმედებებს შედეგად მოჰყვა მისი მეუღლის მრავლობითი დაზიანება, მათ შორის გულ-მკერდის არეში, უპირობოდ არ ნიშნავს, რომ კ---- ც--–--ეს ამოძრავებდა ნ--- გ-------ის მოკვლის განზრახვა.
სააპელაციო პალატა იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებას, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნას: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვა. ამასთან, ასევე უნდა დადგინდეს ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს იქნება მოკლებული. (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №33აპ-18).
ამდენად, სააპელაციო პალატა შეაფასებს სასამართლოში წარმოდგენილ როგორც უდავო, ასევე სადავო მტკიცებულებებს და ამ მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით შეეცდება, დაადგინოს, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება როგორც ზოგადად, ასევე კონკრეტლად დაზიანებების მიყენების მომენტში, ბრალდებულის ქცევა დანაშაულის ჩადენისას და შემდგომში, მიყენებული დაზიანებების ხარისხი, რაოდენობა და ლოკალიზაცია, ჩადენილი ქმედების ხასიათი, რაც საბოლოო ჯამში ნათელს მოჰფენს, თუ რა განზრახვა ამოძრავებდა კ---- ც--–--ეს მისი მეუღლისთვის დაზიანებების მიყენების დროს და სურდა თუ არა ამ უკანასკნელის მოკვლა.
როგორც თავად დაზარებულმა ნ--- გ-------მა განმარტა, მას შემდეგ, რაც მეუღლემ მიაყენა დაზიანებები (რაც ექსპერტის დასკვნის თანახმად მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით), კ---- ც--–--ემ შეწყვიტა ქმედება და ჩუმად დაჯდა, ისე რომ დაზარალებულმა შეძლო სახლიდან გასვლა და თან გაიყოლა დანა, რომლითაც თავს ესხმოდა მეუღლე.
ამდენად, დაზარალებულის ჩვენებით ცალსახად არის დადგენილი, რომ კ---- ც--–--ემ მეუღლეს ნ--- გ-------ს მიაყენა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კვლავ შეეძლო უფრო მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენება ისე, რომ მისთვის ხელის შეშლას ვერავინ მოახერხებდა (სახლში იმყოფებოდნენ მარტო), შეწყვიტა დანაშაულებრივი ქმედება. მეტიც, დაზარალებულს მისცა საშუალება, აეღო დანა და წასულიყო.
მოცემულ შემთხვევაში ასევე საყურადღებოა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ ნ--- გ-------ს ჰქონდა მხოლოდ ნაკვეთი ჭრილობები და არც ერთი არ ყოფილა შემავალი. ოპერაცია მხოლოდ იმიტომ ჩაუტარდა, რომ თითის მყესები ჰქონდა დაზიანებული. ამასთან, ექპერტმა ვერ შეძლო დაზუსტებით იმის თქმა, სამედიცინო ჩარევის გარეშე დადგებოდა თუ არა ნ--- გ-------ის სიკვდილი.
სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რაიმე კონკრეტული მოტივი, თუ რატომ შეიძლებოდა კ---- ც--–--ეს ჰქონოდა ნ--- გ-------ის მოკვლის განზრახვა (სურვილი), არც თავად დაზარალებულს მიუთითებია სასამართლოსთვის და არც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილა.
რაც შეეხება ბრალდების მტკიცებას, თითქოს ბრალდებულმა ვერ შეძლო მკვლელობის განზრახვის სისრულეში მოყვანა, რადგან დაზარალებულმა ლარნაკი ჩაარტყა და იგი გაითიშა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს თავად დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრობას, რომელიც დეტალურად აღწერს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას. ნ--- გ-------ის განმარტებით, ბრალდებულმა ჯერ სახეში გაარტყა ძლიერად, შემდეგ ურტყამდა მუშტს ცხვირ-პირში, რის შემდეგ აიღო დანა და მიუახლოვდა. დაზარალებულმა მას ლარნაკი ჩაარტყა ორჯერ. ბრალდებულმა მას ხელი დაუჭირა და დანით მიაყენა ჭრილობები. მხოლოდ ამის შემდეგ გაჩერდა იგი და რამდენიმე წამი იჯდა ჩუმად. დაზარალებულმა აიღო დანა და გაიქცა მეზობლებთან. საყურადღებოა, რომ ნ--- გ-------ს არ უთქვამს, რომ მისმა მეუღლემ გონება დაკარგა ან გაითიშა, არამედ დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც მეუღლემ დანით მიაყენა დაზიანებები, გაჩერდა და გაუნძრევლად იჯდა, რაც ნამდვილად არ ნიშნავს, რომ კ---- ც--–--ე უგონო მდგომარეობაში იყო, რის გამოც ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა. გარდა ამისა, მოწმე ო--------–---–მა განმარტა, რომ დაახლოებით 7-10 წუთში მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ნახა მთვრალი ბრალდებული, რომელიც იყო სახლში მეორე სართულზე. ეს გარემოება ასევე გამორიცხავს ლარნაკის ჩარტყმის შედეგად ბრალდებულის უგონო მდგომარეობაში ყოფნას.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ კ---- ც--–--ეს სურდა მეუღლის მოკვლა და მასზე დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა.
აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით კი უსაფუძვლო ხდება სასამართლოს მიერ იმაზე მსჯელობა, ქმედება ჩადენილია თუ არა განსაკუთრებული სისასტიკით - ნ--- გ-------ის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ბრალდების მხარე დაადასტურებდა კ---- ც--–--ის ქმედებაში ნ--- გ-------ის მოკვლის განზრახვის არსებობას, სახეზე არ გვექნებოდა გოჩა ც--–--ის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ქმედება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე იმის შესახებ, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13).
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე კ---- ც--–--ეს ედავებოდა მეუღლის მკვლელობის მცდელობას, რომელიც ამ უკანასკნელმა თითქოსდა არასრულწლოვანი შვილის - 7 წლის ლ---- ც--–--ის თანდასწრებით ჩაიდინა, რაშიც გამოიხატა სწორედ გოჩა ც--–--ის მხრიდან განსაკუთრებული სისასტე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მხოლოდ კ---- ც--–--ე, ნ--- გ-------ი და ლ---- ც--–--ე. აქედან, კ---- ც--–--ეს სასამართლოსთვის შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების მისეული ვერსია არ შეუთავაზებია. ამდენად, იმის დასადგენად, თუ კონკრეტულად რას შეესწრო არასრულწლოვანი ლ---- ც--–--ე, მნიშვნელოვანია სწორედ ნ--- გ-------ის და ლ---- ც--–--ის ჩვენებები. ლ---- ც--–--ემ დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს დაინახა, თუ როგორ დაადგო საწოლზე მთვრალმა მამამ დედა და ჩაარტყა მუშტი სახეში, რის საპასუხოდ დედამ ლარნაკი ჩაარტყა მამას თავში. პარალელურად დედამ მას სთხოვა, წასულიყო. ამდენად, არასრულწლოვანის ჩვენების თანახმად, დანის გამოყენებით დედის დაზიანებას იგი არ შესწრებია, რადგან იყო მეზობელთან. იგივე დაადასტურა ნ--- გ-------მა, რომელმაც განმარტა, რომ მეუღესთან ჩხუბის დროს, როცა კ---- ც--–--ემ სახეში დაარტყა მუშტი, არასრულწლოვან შვილს სთხოვა, გარეთ გასულიყო. შვილმა დაუჯერა და სახლიდან წავიდა. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ლ---- ც--–--ე დედისთვის დანით დაზიანებების მიყენებას არ შესწრებია.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ კ---- ც--–--ემ მის მეუღლეს ნ--- გ-------ს დანით, ხელითა და მუშტით მიაყენა ნაკლებად მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით, თუმცა უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ კ---- ც--–--ეს ამოძრავებდა ნ--- გ-------ის მოკვლის განზრახვა, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
რაც შეეხება 2019 წლის 6 თებერვალს კ---- ც--–--ის მიერ არასრულწლოვან შვილზე - ლ---- ც--–--ეზე ძალადობას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დადასტურებულია, რომ 2019 წლის 6 თებერვალს ლ---- ც--–--ეს აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა მუხლის სახსრის საპროექციოდ, წინა ზედაპირზე ნაჭდევის სახით, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
ცალკე აღებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება დაზიანებების არსებობა/არარსებობა, რაოდენობა, ხარისხი, სიმძიმე, ლოკალიზაცია, თუმცა იმის მტკიცება, თუ ვინ მიაყენა მსხვერპლს კონკრეტული დაზიანება და რა ვითარებაში, შესაძლებელია მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, როგორიც შეიძლება იყოს თავად დაზარალებულის ან მოწმეთა ჩვენებები.
თავად ლ---- ც--–--ის ჩვენებით დასტურდება, როგორ მოუყვა გამომძიებელს, თუ რატომ სტკიოდა ფეხი, რადგან კამათის დროს დედის დახმარებას ცდილობდა, მამამ კი ხელი ჰკრა და მუხლებით იატაკზე დაეცა. ამ შემთხვევამდე მამა მას ხელით არ შეხებია.
ასევე საყურადღებოა მოწმე თ------------ის განმარტება, რომელიც მართალია, უშუალოდ ლ---- ც--–--ისთვის დაზიანების მიყენების მომენტში შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, თუმცა ნახა ბავშვი ძალადობიდან მალევე. ღამით მას შემოესმა ჩხუბის ხმა, ასევე გაიგონა, როგორ ითხოვდა შველას ქალი, რომელიც შვილს სთხოვდა, გაქცეულიყო. მან ლ---- ც--–--ე, რომელიც გარბოდა თაღში, სახლში შეიყვანა. ბავშვი იყო განერვიულებული და ნაცემი, იტკიებდა ყველაფერს, მათ შორის - ფეხს, რომელიც ჰქონდა შესიებული. ამბობდა, რომ მამამისმა სცემა, ხელში აიყვანა და ისროლა. ამდენად, თ------------ის განმარტება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მისი მონათხრობი შეეხება ფაქტებს, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა დაზარებულისგან იმწუთიერად, მომხდარი ფაქტიდან მალევე, რაც, ცხადია, მისი შინაარსის სანდოობას მნიშვნელოვნად ზრდის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გარდა ბავშვის მონათხრობისა, თ------------ემ თავადაც შეამჩნია დაზიანებები ლ---- ც--–--ეს.
მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში საყურადღებოა 2019 წლის 6 თებერვლის შეტყობინების შინაარსი, რომლის თანახმად ინციდენტის თარიღია 06/02/2019 წელი, 02:06:42 საათი, ტიპი: ოჯახური ძალადობა, მამკაცი მეუღლის და შვილის მიმართ ახორციელებს ძალადობას, ბავშვს, სავარაუდოდ, დაზიანებული აქვს ფეხი, ქალი ითხოვს შველას. ინიციატორი: თ------------ე. ელ-სმენის 2019 წლის 6 თებერვლის შეტყობინების თანახმად თ------–---–ის ქ. N14-ში ოჯახური კონფლიქტის დროს მეუღლემ ნ--- გ-------ს მიაყენა ჭრილობა გულ-მკერდის და ხელის არეში, სასწრაფომ გადაიყვანა ა-–----–---–ის კლინიკაში, ხოლო მის შვილს - 7 წლის ლ---- ც--–--ეს მამამ მიაყენა ზედაპირული ტრავმა ფეხის არეში. მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება.
დაზარალებულმა ნ--- გ-------მა განმარტა, რომ კ---- ც--–--ეს ლ---- ც--–--ისთვის დაზიანება არ მიუყენებია, თუმცა მისთვის უცნობია, საიდან მიიღო დაზიანება მისმა არასრულწლოვანმა შვილმა.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ--- გ-------ის ჩვენების ის ნაწილში, სადაც გამორიცხავს კ---- ც--–--ის მიერ ბავშვისთვის დაზიანების მიყენებას, არაინფორმატიულია და დაზარალებული, შესაძლებელია, კეთილსინდისიერად ცდებოდეს, რადგან, როგორც თავადვე დაადასტურა, იმყოფებოდა თავდაცვის პოზიციაში. ამასთან, ვერ დაინახა, ზუსტად რა საგანი ეკავა ხელში მის მეუღლეს, როდესაც დაზიანებები მიაყენა, რადგან თვალი ჩასისხლიანებული ჰქონდა და არც დაზიანებების მიყენების მომენტი ახსოვს, რადგან იყო აფექტში. ამასთან, ნ--- გ-------მა ვერ ახსნა, სად და რა ვითარებაში შეიძლებოდა, მიეღო მის 7 წლის შვილს დაზიანება. როგორც აღინიშნა, ლ---- ც--–--ემ განმარტა, რომ მშობლების ჩხუბის დროს მამამ ხელი კრა და მუხლებზე დაეცა, ხოლო თ------------ემ კი დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილიდან გამოსული ლ---- ც--–--ე შეიყვანა სახლში, რა დროსაც იგი ფეხს იტკიებდა და ამბობდა, რომ მამამ სცემა. ამასთან, მას აღენიშნებოდა ფეხის შესიება.
ამდენად, სააპელაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ კ---- ც--–--ემ არასრულწლოვან შვილს - 7 წლის ლ---- ც--–--ეს მარჯვენა ფეხის არეში დარტყმით მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა ქმედების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
5. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
სააპელაციო პალატა იმსჯელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი როგორც სადავო, ასევე უდავო მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც განაჩენში წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე მთლიანობაში პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებებს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული და არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის ოჯახის წევრის მიმართ, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია, აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე.
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა შეიძლება, ჩადენილ იქნას მხოლოდ განზრახ (პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით), კერძოდ: პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის დადგომის გარდაუვალობას, ან კიდევ შესაძლებელია, დამნაშავეს არ სურდეს ასეთი შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას. ამდენად, სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად მოიცავდა კ---- ც--–--ის განზრახვა ნ--- გ-------ის სიცოცხლის მოსპობას, ჰქონდა თუ არა მას დანაშაულის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა და რის გამო არ დადგა სასიკვდილო შედეგი.
ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის ხეხსა და საშუალებას, სხეულის დაზიანებათა/ჭრილობათა რაოდენობას, ხასიათსა და ლოკალიზაციას, დანაშაულის ჩადენამდე და მის შემდეგ ბრალდებულის, დაზარალებულის ქცევასა და მათ ურთიერთობას.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის თანახმად ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი როგორც სადავო, ასევე უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად იქნა დადასტურებული კ---- ც--–--ის მიერ ნ--- გ-------ის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ უნდა დაადგინოს კ---- ც--–--ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას თუ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2018 წლის 17 მაისის №680აპ-17 განაჩენში განმარტა, რომ პრაქტიკაში ხშირად ძალიან რთულია ამ ორი დანაშაულის გამიჯვნა, რის გამოც პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქმის ყველა დეტალს. ლ. მ-ს საქმეზე (იხ. სუსგ №227აპ-16) პალატამ აღნიშნა, რომ ამ ორი სამართლებრივი მოცემულობის (განზრახ მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნას: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დანაშაულებრივი ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ასევე დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ. სწორედ ყველა ამ გარემოებათა შეფასების შედეგად უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ - ჩადენილი უმართლობა გამოწვეული იყო თუ არა პირის მოკვლის სურვილით. ზემოაღნიშნულ საქმეზე და ასევე 2011 წლის 25 ივლისის 252აპ-11 და 2016 წლის 29 სექტემბრის N227აპ-16 განაჩენებში, რომელიც შეეხება მოცემული საქმის მსგავს ფაქტობრივ გარემოებებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადააკვალიფიცირა 117-ე მუხლზე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად ვერ დგინდება, რომ კ---- ც--–--ეს ჰქონდა ნ--- გ-------ის მოკვლის განზრახვა, კერძოდ: კ---- ც--–--ემ მეუღლეს ნ--- გ-------ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნისას საყოფაცხოვრებო დანის, ხელისა და მუშტის მოქმედებით მიაყენა არა შემავალი, ნაკლებად მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. ამასთან, კ---- ც--–--ეს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, სისრულეში მოეყვანა მკვლელობის განზრახვა ასეთის არსებობის შემთხვევაში და დანით არაერთი, გაცილებით მძიმე დაზიანება მიეყენებინა ნ--- გ-------ისთვის, ვინაიდან ისინი მარტონი იყვნენ სახლში, რაც ფაქტობრივად მას არ განუხორციელებია.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. აღნიშნული განზრახ, ძალადობრივ დანაშაულს წარმოადგენს, რომლისგანაც სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია და სავალდებულოდ უნდა დადგინდეს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომლის გარეშეც ქმედების სსკ-ის 118-ე მუხლით დაკვალიფიცირება გამოირიცხება.
სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ კ---- ც--–--ემ მეუღლეს ნ--- გ-------ს მიაყენა ნაკლებად მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით, კერძოდ: სხვა თითის ნერვის ტრავმა, სხვა თითის მომხრელი კუნთის და მყესის ტრავმა მაჯის და მტევნის დონეზე, სხვა თითების სისხლძარღვების ტრავმა, თავის ზედაპირული დაუზუსტებელი ლოკალიზაციის მრავლობითი ტრავმა, გულ-მკერდის სხვა ნაწილის ღია ჭრილობა, იდაყვის ღია ჭრილობა, ნაკვეთი ჭრილობები გულ-მკერდის მარჯვენა ნახევარში, მარჯვენა წინამხრის გარეთა ზედაპირზე, იდაყვის მედიალურად და ქვემოთ, მარცხენა წინამხრის შიგნითა ზედაპირზე და მტევანზე, მარცხენა მტევნის ხელგულის არეში, მარჯვენა პერიოკულურ მიდამოში ექსკორიაციები, ზედა ყბაზე მექანიკურად დაზიანებული კბილები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კ---- ც--–--ის მიმართ წარდგენილ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ კ---- ც--–--ე არის 2011 წელს დაბადებული ლ---- ც--–--ის მამა.
სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ კ---- ც--–--ემ არასრულწლოვან შვილს - ლ---- ც--–--ეს მარჯვენა ფეხის არეში მიაყენა დაზიანება, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, თუმცა არ მოჰყოლია სსკ-ის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამდენად, კ---- ც--–--ის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ნყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ კ---- ც--–--ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითიც მსჯავრი დაედო კ---- ც--–--ეს, უალტერნატივოდ ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს, კ---- ც--–--ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ურჩია წევრ სახელმწიფოებს, ოჯახში ძალადობის ყველა ფორმა სისხლისსამართლებრივ დანაშაულად დაეკვალიფიცირებინათ და გაეთვალისწინებინათ იმგვარი ზომების მიღება, inter alia, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას განესაზღვრა დროებითი ზომები მსხვერპლთა დასაცავად, დამნაშავისათვის კონტაქტის, მსხვერპლთან კომუნიკაციის დამყარებისა და მიახლოების, დაცულ ტერიტორიაზე ცხოვრების ან შესვლის ასაკრძალად, დადგენილი ზომების ნებისმიერი დარღვევისათვის სასჯელის დაკისრება დამნაშავეზე და პოლიციის, სამედიცინო და სოციალური სერვისებისათვის სავალდებულო რეაგირების ოქმის შექმნა.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ:
საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ. ოპუზის საქმეში განმცხადებელი და დედამისი განმცხადებლის ქმრის სისტემატური ძალადობრივი თავდასხმების მსხვერპლნი იყვნენ, რაც დაგვირგვინდა დედამისის მოკვლით. განმცხადებლის ქმრის მხრიდან მუდმივად გამწვავებადი ძალადობის ისტორიის გათვალისწინებით, რის შესახებაც ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ, სასამართლომ დაასკვნა, რომ მათ შეეძლოთ, განეჭვრიტათ სასიკვდილო თავდასხმა. სისხლის სამართალწარმოება იქამდე დაწყებული იქნა განმცხადებლის ქმრის მიმართ, მაგრამ მთავრობა ამტკიცებდა, რომ დევნის განმახორციელებელ ორგანოებს თითოეულ შემთხვევაში, როცა დაიწყეს დევნა, უწევდათ შიდა სამართლის თანახმად მისი შეწყვეტა, რადგან განმცხადებელს და დედამისს გაჰქონდათ თავიანთი საჩივრები. ისევე, როგორც ამ სიტუაციაში, დევნის განმახორციელებელ ორგანოებს კანონი არ აძლევდა საშუალებას, გაეგრძელებინა სისხლის სამართალწარმოება, რადგან სადავო ქმედებები არ იწვევდა ავადმყოფობას ან შრომისუნარიანობის დაკარგვას 10 დღით ან მეტი ვადით. სასამართლომ დაასკვნა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო არ იყო საკმარისი სახელმწიფოს იმ პოზიტიური ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც მოითხოვდა ოჯახური ძალადობის ყველა ფორმის დასასჯელად სისტემის შექმნას და ეფექტიან ამოქმედებას, აგრეთვე დადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი პოზიტიური ვალდებულება, გაეტარებინა პრევენციული ოპერატიული ღონისძიებები რისკის ქვეშ მყოფი ინდივიდის სიცოცხლის დასაცავად. ამას ერთვოდა ისიც, რომ გამოძიება იყო არასაკმარისად სწრაფი. შესაბამისად, განცხადებლის დედის მიმართ დაირღვა მე-2 მუხლი და თავად განცხადებლის მიმართ დაირღვა მე-3 მუხლი, აგრეთვე დაირღვა მე-14 მუხლი, როგორც მე-2, ისე მე-3 მუხლთან მიმართებით.
ამდენად, სააპელაციო პალატა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ზემოაღნიშნულ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებების პირობებში კ---- ც--–--ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივს/მიზანს (ურთიერთშელაპარაკება/ოჯახის წევრებზე ძალადობა), ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დამნაშავის მყარ სურვილს, ჩაედინა დანაშაული, რაც დაზარალებულისთვის მრავლობითი დაზიანების მიყენებაში გამოიხატა), ჩადენილი ქმედების ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ერთობლიობა), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დანაშაული ჩადენილია დანის გამოყენებით, ამასთან, გასათვალისწინებელია დაზარალებულებისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის მიყენებული ტრავმა, რაც ხანგრძლივ და, შესაძლოა, წაუშლელ კვალს დატოვებს მის ფსიქიკაზე), მსჯავრდებულის პიროვნებას (დანაშაული ჩადენილია სიმთვრალის დროს), ასევე გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მისი უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა და მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად ადასტურებს კ---- ც--–--ის საზოგადოებისგან იზოლაციის აუცილებლობას, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ კ---- ც--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველ ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას (დაზარალებულის სამართლიან დაკმაყოფილებას), ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას (ზოგადი და კერძო პრევენციული მიზანი) და ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას (იქნება დამაფიქრებელი მისი ქმედების მძიმე შედეგებზე, აღძრავს მასში სინანულს ჩადენილის გამო და ხელს შეუწყობს მის საზოგადოებაში ღირსეულად რეინტეგრაციას).
ამასთან, ვინაიდან კ---- ც--–--ე წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა და სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ კ---- ც--–--ის მიმართ არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებითაც ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: კ---- ც--–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი, დოდო კორაშვილისგან ამოღებული ნ--- გ-------ის ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს; მ------ საბაშვილის ბინის დათვალიერებისას ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქები, დანა, თ------–---–ის ქ. N14-ის დათვალიერების შედეგად ამოღებული 3 ცალ სტერილურ ჩხირზე მოწითალო ფერის ლაქები, კ---- ც--–--ის ნერწყვის ნიმუში, ნ--- გ-------ის სისხლის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა 2 ცალ ელექტრონულ დისკზე, შენახული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ კ---- ც--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
კ---- ც--–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
კ---- ც--–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველ ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველ ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და კ---- ც--–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა კ---- ც--–--ეს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2019 წლის 6 თებერვლიდან.
ცნობად იქნას მიღებული, რომ კ---- ც--–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - კ---- ც--–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი, დოდო კორაშვილისგან ამოღებული ნ--- გ-------ის ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს; მ------ საბაშვილის ბინის დათვალიერებისას ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქები, დანა, თ------–---–ის ქ. N14-ის დათვალიერების შედეგად ამოღებული 3 ცალ სტერილურ ჩხირზე მოწითალო ფერის ლაქები, კ---- ც--–--ის ნერწყვის ნიმუში, ნ--- გ-------ის სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს; შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა 2 ცალ ელექტრონულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე
მ. თეთრაული