განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001647190
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/6103-18 30 ოქტომბერი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები – თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე
აპელანტი - შპს „----------- ლ------------ი“
წარმომადგენელი/დირექტორი - ი-----–------------, ვ-------------------
მოწინააღმდეგე მხარე - ც----- წ------–---–-, ლ---- ჩ--------–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კო-–--იის 2018 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - მარჩენალის გარდაცვალებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ც----- წ------–---–-ა და ლ---- ჩ--------–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს „----------- ლ------------ის“ წინააღმდეგ მიმართეს და მარჩენალის გარდაცვალებით გამოწვეული ზიანის სახით, მოპასუხისთვის ც----- წ------–---–-ს სასარგებლოდ - 122 000 ლარის ოდენობით, ხოლო, ლ---- ჩ--------–ის სასარგებლოდ - 122 000 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრება მოითხოვეს;
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კო-–--იის 2018 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „----------- ლ------------ს“ ც----- წ------–---–-ს სასარგებლოდ 23 796 ლარის, ხოლო ლ---- ჩ--------–ის სასარგებლოდ 39 660 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „----------- ლ------------მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. ც----- წ------–---–- 1997 წლიდან ო-–-- ჩ--------–თან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა, რომელთანაც 2007 წლის 14 ოქტომბერს შვილი, ლ---- ჩ--------–ი, შეეძინა (ს.ფ. 24, 25).
6. ო-–-- ჩ--------–ი, შპს „----------- ლ------------ში“ მემონტაჟე მექანიკოსის თანამდებობაზე, უვადოდ იყო დანიშნული. 2015 წლის 18 მარტს, ო-–-- ჩ--------–მა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საწარმოო ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც გარდაიცვალა (ს.ფ. 152-153, 191-192).
7. ო-–-- ჩ--------–ის პირველი რიგის მემკვიდრეები მეუღლე, ც----- წ------–---–- და შვილი, ლ---- ჩ--------–ი, არიან (ს.ფ. 24, 25).
8. ო-–-- ჩ--------–ის გარდაცვალების შემდეგ, დაკრძალვისა და სხვა სარიტუალო ხარჯები მოპასუხე - შპს „----------- ლ-------------ა“ დაფარა. კომპანია, 2016 წლის ნოემბრამდე, ლ---- ჩ--------–ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 250 ლარს იხდიდა (ს.ფ. 34-35).
9. მოსარჩელე ც----- წ------–---–ს მხედველობის მკვეთრი დაქვეითება, კერძოდ, თვალის ბადურის ჩამოშლა (დაავადების წარმოშობის პერიოდის მითითების გარეშე) აღენიშნება. ც----- წ------–---–ს პენსია უვადოდ, თვეში 180 ლარის ოდენობით, აქვს დანიშნული (ს.ფ. 218, 219).
10. 2014 წლის 11 აგვისტოს ო-–-- ჩ--------–სა და შპს „ს------“ შორის გაფორმებული გადახდის განვადებით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ბინის შესაძენად ო-–-- ჩ--------–ის დავალიანება, 2015 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით, 18 635 აშშ დოლარს შეადგენდა (ს.ფ. 28, 39, 49).
11. არასრულწლოვანი ლ---- ჩ--------–ი თბილისის მერიის 21-ე ხელოვნების სკოლაში, საფორტეპიანო განყოფილებაში სწავლობს, სწავლის გადასახადი თვეში 45 ლარს შეადგენს (ს.ფ. 220).
12. ო-–-- ჩ--------–ის გარდაცვალებამდე, მისი ყოველთვიური შემოსავალი ხელფასისა, თუ კომპანიისათვის გაწეული სხვადასხვა მომსახურების საფუძველზე, საშუალოდ 991,5 ლარს შეადგენდა (ს.ფ. 52-60, 129-133).
13. 2015 წლის 18 მარტს, ქ. თბილისში, ლ-------------–---–------------–- მდებარე მშენებარე შენობაში, სადაც ლიფტის დამონტაჟებას შპს „----------- ლ------------ი“ ახორციელებდა, აღნიშნულ ფირმაში მექანიკოსის თანამდებობებზე მომუშავე ო-–-- ჩ--------–ისა და ე-–--------–------- მიერ ლიფტის დამონტაჟებისას, როდესაც ისინი ლიფტის შახტაში მე-9 სართულზე დროებით მოწყობილ ფენილზე იმყოფებოდნენ და დაახლოებით 150 კგ წონის ლიფტის ლითონის კოჭის მონტაჟს აწარმოებდნენ. ლიფტის ლითონის კოჭი, ლიფტის მიმმართველის ე.წ. კრონშტეინებზე გადებულ ლითონის მილზე, რგოლის სახით დახვეულ და შეკრულ 6 მმ სისქის გლინულაზე (ე.წ. კატანკაზე) ჩამოკიდებულ ამწე მექანიზმის (ე.წ. ტალის) ქვედა მოძრავ კაუჭზე ფენილიდან დაახლოებით 40 სმ. სიმაღლეზე იყო დაკიდებული, ინციდენტის დროს გლინულას რგოლი გაიხსნა, აღნიშნული კოჭი ჩამოვარდა და იმ ფენილს დაეცა, რომელზეც ო-–-- ჩ--------–ი და ე-–-----ა ლ-----ე იდგნენ, ფენილი ჩატყდა, რა დროსაც ე-–-----ა ლ-----ემ ლიფტის მიმმართველ ლიანდაგზე ჩამოკიდება მოახერხა, რის გამოც მან ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, ხოლო, ო-–-- ჩ--------–ი ლიფტის შახტაში ჩავარდა და გარდაიცვალა (ს.ფ. 152-154).
14. ო-–-- ჩ--------–ის სიკვდილის მიზეზია სხეულის ბლაგვი შერწყმული ტრავმა ჩონჩხის ძვლების მრავლობითი მოტეხილობებითა და შინაგანი ორგანოების ტლანქი დაზიანებით. ო-–-- ჩ--------–ის გვამიდან აღებულ სისხლში მეთილის, ეთილის და იზოპროპილის სპირტები არ აღმოჩნდა. სისხლსა და შინაგან ორგანოებში ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები არ აღმოჩნდა. ო-–-- ჩ--------–ის სიკვდილის მიზეზია 2015 წლის 18 მარტს, ქ. თბილისში, ლ-------------–---–-----------–- მდებარე მშენებარე შენობაში, ლიფტის დამონტაჟებისას მიღებული დაზიანება, რაც დამდგარ შედეგთან - გარდაცვალებასთან მიზეზობრივ კავშირშია (ს.ფ. 144-151).
15. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ო-–-- ჩ--------–ი სამონტაჟო სამუშაოების უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელ პირს არ წარმოადგენდა.
საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში მიაწოდოს დასაქმებულს მის ხელთ არსებული სრული, ობიექტური და გასაგები ინფორმაცია ყველა იმ ფაქტორის შესახებ, რომლებიც მოქმედებს დასაქმებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებაზე.
საქმის მასალებში წარმოდგენილია ო-–-- ჩ--------–სა და შპს „ჯ---------– ლ------------ს“ შორის 2010 წლის პირველ თებერვალს გაფორმებული უვადო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ო-–-- ჩ--------–ი მემონტაჟე მექანიკოსის თანამდებობაზე იყო დანიშნული. ამავე ხელშეკრულებით დასაქმებულის ვალდებულებას, სხვა მრავალთა შორის, შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა წარმოადგენდა. ასევე, საქმეზე მტკიცებულების სახით დართულია შპს „----------- ლ------------ის“ 2014 წლის 04 აგვისტოს ბრძანება N3, რომლის თანახმად, ახალი თანამშრომლების მიღებისთვის საკმარისი თანხების არარსებობის გამო, ლიფტების სამონტაჟო სამუშაოებზე და ზოგადად სამონტაჟო სამუშაოების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ბრიგადირებს: დ-----------–--–---–-, ო-–-- ჩ--------–სა და გ------------------ დაეკისრათ. სააპელაციო პალატა აქვე მიაპყრობს ყურადღებას იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ბრძანების დასაქმებულებისთვის გაცნობის და მათ მიერ ბრძანებაზე ხელმოწერის ფაქტი საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. შრომის სამართალში ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი მოქმედებს, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. ისეთ პირობებში, როდესაც დამსაქმებლის მიერ გამოცემულია ბრძანება, რომელიც დასაქმებულებს დამატებით მეტად საპასუხისმგებლო ვალდებულებებს აკისრებს, რათ თავის მხრივ, შესაძლებელია დამსაქმებლის მხრიდან მუშაკის დამატებით გადამზადების ვალდებულებასაც კი მოიცავდეს და ხსენებული ბრძანების მუშაკისთვის გაცნობის, სათანადო ინფორმაციის მიწოდებისა და დასაქმებულის მიერ დამატებითი ვალდებულების აღებაზე თანხმობის ფაქტი არ დგინდება, აღნიშნულს სააპელაციო პალატა ბრძანების გამოცემისას დაშვებულ იმგვარ ფორმალურ დარღვევად მიიჩნევს, რომელსაც დასაქმებულისთვის არ შეიძლება შრომით ხელშეკრულებაში მითითებული ძირითადი მოვალეობებისგან განსხვავებული ვალდებულებები წარმოეშვა. გარდა ამისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ დადგენილებას, სადაც აპელანტის მოსაზრების საწინააღმდეგოდ, შრომით უსაფრთხოებაზე უფლებამოსილ პირად ჯ----–------------- მითითებული, ხსენებული წერილობითი მტკიცებულება კი, კანონით დადგენილი წესით, არცერთი მოდავე მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა (ს.ფ. 137).
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, მასზედ, რომ შრომით უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი თავად ო-–-- ჩ--------–ი იყო, რაც აპელანტი საწარმოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას გამორიცხავდა.
16. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ო-–-- ჩ--------–ის გარდაცვალებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ სუბიექტს შპს „----------- ლ------------ი“ წარმოადგენს.
საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვას მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. დასახელებული მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილების თანახმად კი, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1182-ე მუხლის თანახმად, მეუღლეები მოვალენი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. ასეთ დახმარებაზე უარის თქმისას ან/და სარჩოს მიცემის შესახებ მეუღლეთა შორის შეთანხმების არარსებობისას სასამართლო წესით სარჩოს მიღების უფლება აქვთ: ა. შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს; ბ. ცოლს ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში.
სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის თანახმად, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო. სარჩოს სანაცვლოდ დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ერთჯერადი ანაზღაურება, თუკი არსებობს ამის მნიშვნელოვანი საფუძველი. დასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნორმა სარჩოს მიღების უფლებას განსაზღვრავს და სარჩოს გადახდაზე ვალდებულ პირად მიიჩნევს ზიანის მიმყენებელს, ანუ პირს, რომლის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არის მიზეზობრივი კავშირი. ნორმა ასევე განსაზღვრავს სარჩოს გადახდის ხანგრძლივობასაც, რომელიც ძალაშია ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო.
ასევე, საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი.
საქმეზე უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ფაქტი მასზედ, რომ ო-–-- ჩ--------–ი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, კერძოდ, 2015 წლის 18 მარტს, ქ. თბილისში, ლ-------------–---–------------–- მდებარე მშენებარე შენობაში, სადაც ლიფტის დამონტაჟებას შპს „----------- ლ------------ი“ ახორციელებდა, მექანიკოსის თანამდებობებზე მომუშავე ო-–-- ჩ--------–ისა და ე-–--------–------- მიერ ლიფტის დამონტაჟება ხდებოდა. ხსენებული პირები, ლიფტის შახტაში მე-9 სართულზე დროებით მოწყობილ ფენილზე, იმყოფებოდნენ და დაახლოებით 150 კგ წონის ლიფტის ლითონის კოჭს, რომელიც ლიფტის მიმმართველის ე.წ. კრონშტეინებზე გადებულ ლითონის მილზე რგოლის სახით დახვეულ და შეკრულ 6 მმ სისქის გლინულაზე (ე.წ. კატანკაზე) ჩამოკიდებულ ამწე მექანიზმის (ე.წ. ტალის) ქვედა მოძრავ კაუჭზე ფენილიდან დაახლოებით 40 სმ სიმაღლეზე იყო დაკიდებული, ამონტაჟებდნენ. გლინულას რგოლი გაიხსნა, აღნიშნული კოჭი ჩამოვარდა და იმ ფენილს დაეცა, რომელზეც ო-–-- ჩ--------–ი და ე-–-----ა ლ-----ე იდგნენ. ფენილი ჩატყდა, რა დროსაც ე-–-----ა ლ-----ემ ლიფტის მიმმართველ ლიანდაგზე ჩამოკიდება მოახერხა, რის გამოც მან ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, ხოლო, ო-–-- ჩ--------–ი აღნიშნულ ლიფტის შახტაში ჩავარდა და გარდაიცვალა.
ამ მიმართებით, სააპელაციო საჩივრით შედავებულია დასაქმებულის გარდაცვალებასა და დამსაქმებლის მიერ განხორციელებულ ქმედებებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. აპელანტის მოსაზრებით, ვინაიდან სამუშაო მოედნის მოწყობის ვალდებულება დამკვეთს ეკისრება და მუშაკის გარდაცვალება სწორედ სამუშაო მოედანზე უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია, აღნიშნული დამსაქმებლისთვის ზიანის ანაზღაურების სახით, სარჩოს დაკისრების ვალდებულებას გამორიცხავდა. სააპელაციო პალატა აღნიშნულ შედავებას ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ დასაქმებულის უფლება სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფაზე და დამსაქმებლის ვალდებულება ასეთი გარემოს შექმნაზე საერთაშორისო და შიდა ფუნდამენტური იურიდიული პრინციპებიდან გამომდინარეობს, კერძოდ, ხსენებული პრინციპი განმტკიცებულია, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მესამე მუხლითა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმად, ყველას აქვს სამართლიანი და ხელსაყრელი სამუშაო პირობების უფლება. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლის ბ) პუნქტით სადაც მითითებულია, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული პირის უფლებას სამართლიან და ხელსაყრელ სამუშაო გარემოზე, რომელიც უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო პირობებს უზრუნველყოფს. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული ქარტიის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით, მე-3 მუხლის პირველი პუნქტითა და 31-ე მუხლის პირველი პუნქტით სადაც განმარტებულია, რომ ყველას აქვს სიცოცხლის უფლება, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს თავისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიმრთელის უზრუნველყოფა, თითოეულ დასაქმებულს აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი სამუშაო პირობები, რომელიც არ ხელყოფს მის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებასა და ღირსებას. გარდა ამისა, ზემოხსენებული პრინციპების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები განმარტებულია ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) მეათე თავში, სადაც სოციალური უსაფრთხოების შესახებ საკითხებია განმარტებული. წევრი სახელმწიფოები (საქართველო, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია ხსენებული ძირითადი პრინციპების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაცია მოახდინოს) ვალდებულნი არიან, გააუმჯობესონ დასაქმებულთა საცხოვრებელი და სამუშაო პირობები იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს მათი ჰარმონიზაცია, გაუმჯობესების პარალელურად. ზემოთ მოყვანილი სამართლებრივი ინსტრუმენტები, როგორც პირდაპირი და ირიბი სამართლის შემეცნების წყაროები, იმ სტრუქტურული დისბალანსის გათვალისწინებით, რაც შრომითსამართლებრივ ურთიერთობას ახლავს თან, შრომითი უსაფრთხოების წესების განსაკუთრებული დაცვის ვალდებულებას განამტკიცებენ. ზოგადად შრომის უსაფრთხოება ეს არის სამუშაო გარემოს ისეთი მდგომარეობა, რომლის დროსაც დასაქმებულზე სახიფათო საწარმოო ფაქტორების ზემოქმედების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. სააპელაციო პალატის აზრით, შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა თავის თავში არა მხოლოდ გარკვეული სამართლებრივი ჩარჩოს შედგენას (წესების გაწერა), არამედ დანერგილი წესების იმპლემენტაციის მუდმივ კონტროლს მოიაზრებს. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, რაც უფრო მაღალია საფრთხის რისკი, მით უფრო მაღალი უნდა იყოს დასაქმებულის ვალდებულება შრომითი უსაფრთხოების დაცვის თაობაზე. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მომეტებული საფრთხის წყარო გულისხმობს ნებისმიერ ისეთ ნივთს/გარემოებას, რომელიც თავისი თვისებებით მომეტებული საფრთხის შემცველია. საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას ადამიანის მიერ მასზე სრული კონტროლის შეუძლებლობის გამო. მაღალ სართულიან შენობებში ლიფტის დამონტაჟება სწორედ ამგვარი ნივთად/სამუშაოდ უნდა ჩაითვალოს, რადგან იგი სამუშაოს შემსრულებლის მხრიდან სრულ კონტროლს არ ექვემდებარება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ვინაიდან პოტენციური საფრთხის წყაროების გამოყენება სამართლებრივად ნებადართულია, კომპენსაციის სახით, უფრო მკაცრია იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც ასეთი საგნების მოხმარებით საფრთხის წყაროს ქმნის.
17. იმისათვის რათა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურება მოხდეს, აუცილებელია ზიანის მიმყენებლის ქმედება არამართლზომიერი იყოს. ქმედება მაშინაა მართლსაწინააღმდეგო, როცა, პირი შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე სხვის უფლებებს ხელყოფს და შესაბამისად, სამართლის ნორმებს არღვევს. ქმედება, იურიდიული გაგებით, უმოქმედობასაც გულისხმობს, ანუ დამსაქმებლის მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევა არა მხოლოდ აქტიურ მოქმედებაში, მაგალითად შესაბამისი წესებისა და რეგულაციების არარსებობაში, არამედ უმოქმედობაშიც ანუ, წესებისა რეგულაციების იმპლემენტაციის არასათანადო და არაჯეროვან კონტროლშიც შეიძლება გამოიხატოს. ვინაიდან წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტში სააპელაციო პალატამ დადგენილად არ მიიჩნია ის გარემოება, რომ სამონტაჟო სამუშაოების უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელ პირს ო-–-- ჩ--------–ი წარმოადგენდა და ამასთანავე უდავოდაა დადგენილი, რომ გარდაცვლილი პირი შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში სწორედ აპელანტ კომპანიასთან იმყოფებოდა, პალატა ასკვნის, რომ ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი რეგულაციების თანახმად, დასაქმებულისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა აპელანტის ვალდებულებას წარმოადგენდა. რაც შეეხება აპელირებას მასზედ, რომ სამუშაო მოედნის მოწყობა, როგორც წესი დამკვეთის ვალდებულებას წარმოადგენდა და ფენილის დამზადების ხარისხის მხოლოდ ვიზუალურად შეფასება, დეფექტის აღმოჩენის შესაძლებლობას არ იძლეოდა, აპელანტი საწარმოს პასუხისმგებლობის ხარისხს არ ამცირებს და მით უფრო ასეთი პასუხისმგებლობის დამკვეთზე გადატანას ვერ დაედება საფუძვლად, ვინაიდან ხსენებული საკითხი დამკვეთ და შემსრულებელ კომპანიებს შორის არსებული ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას შეეხება და შემსრულებელ საწარმოში შრომით ურთიერთობაში მყოფი პირის მატერიალურ უფლებებზე გავლენას ვერ მოახდენს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, იმ პირობებშიც კი, თუ ამ მსჯელობას სასამართლო არ განავითარებდა, უმნიშვნელოვანესია ყურადღება მიექცეს საქმის მასალებში არსებულ კ------------------ სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტის) N--------- ექსპერტიზის დასკვნას, სადაც მითითებულია, რომ უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის No62 დადგენილების #1 მუხლის N96 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, მუშებსა და ინჟინერტექნიკურ პერსონალს სამშენებლო მოედანზე ყოფნისას უნდა ეხუროთ ჩაფხუტები, რაც აწ გარდაცვლილ ო-–-- ჩ--------–ს უბედური შემთხვევის მოხდენის დროს თავზე არ ეხურა. „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში CHAII III-4-80“-ის N1.19". პუნქტის თანახმად, განმეორებითი ინსტრუქტაჟი ყველა თანამშრომელს უნდა ჩაუტარდეს სამ თვეში ერთხელ მაინც. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან გამომდინარე, გარდაცვლილ ო-–-- ჩ--------–ს ბოლო ინსტრუქტაჟი 2012 წელს ჩაუტარდა, უბედური შემთხვევის დადგომამდე დაახლოებით ორი წლით ადრე.
ამასთანავე, წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში CHAII III-4-80-ის“ N7.4. პუნქტის მოთხოვნების თანახმად, ტვირთების ჩაბმა უნდა იწარმოოს ინვენტარული ჩასაბმელებით ან სპეციალური ტვირთდამჭერით, რომელიც დამზადებული იქნება დამტკიცებული პროექტით. ჩაბმის სახემ ტვირთის ჩამოვარდნა ან დაცურება უნდა გამორიცხოს. ასევე, უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის N62 დადგენილების N3 მუხლის N2 პუნქტის მიხედვით, ტექნიკური აღჭურვილობისა და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ანდა სათადარიგო ნაწილის გამოყენება დაუშვებელია. აგრეთვე, ამავე ნორმატივის N5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ტვირთის ჩაბმა ასაწევად არ უნდა მოხდეს თვითნაკეთი ჩასაბმელით და ამწე მექანიზმის ქარხნული ჩასაბმელით ან ტვირთის ჩასაბმელი სპეციალური მოწყობილობით უნდა განხორციელდეს. ჩაბმის ხერხი უნდა გამორიცხავდეს ტვირთის ვარდნის ან სრიალის შესაძლებლობას უნდა განხორციელდეს. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ლიფტის აღნიშნული ლითონის კოჭი, ჩამოკიდებული ამწე მექანიზმით (ე.წ. ტალით) ლითონის მილზე ხელით (კუსტარულად) რგოლის სახით დახვეულ და შეკრულ გლინულაზე (ე.წ. კატანკაზე) რომ არ ყოფილიყო, აღნიშნული კოჭი არ ჩამოვარდებოდა და ფენილს, რომელზეც გარდაცვლილი ო-–-- ჩ--------–ი იდგა, არ ჩატეხდა და შესაბამისად, არც უბედური შემთხვევა არ დადგებოდა.
რაც შეეხება ბრალს, დელიქტური ვალდებულების საერთო საფუძვლები სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლზეც ვრცელდება. ბრალის ცნებაში ამოსავალია სამოქალაქო ბრუნვისთვის ჩვეული სიფრთხილის მოთხოვნათა გათვალისწინება. სამოქალაქო კოდექსი ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს ეფუძნება, შესაბამისად, პირი მოქმედებს ბრალეულად, როცა მას გაცნობიერებული აქვს და სურს, ან არ სურს რა სხვისთვის ზიანის მიყენება, ის სამოქალაქო ბრუნვის მონაწილისათვის საჭირო გულმოდგინებისა და წინდახედულების გაუთვალისწინებლობით არღვევს კანონით. თუ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებას.
შესაბამისად, ვინაიდან საქმეზე აპელანტი საწარმოს მიერ დადგენილია არაერთი უსაფრთხოების წესის დარღვევა, რაც თავისთავად გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ნორმატიული აქტებით დადგენილი რეგულაციებისა და საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას, პალატა ასკვნის, რომ აპელანტი საწარმოს ბრალეული ქმედება დამდგარ შედეგთან მიმართებით სახეზეა, ვინაიდან დამსაქმებლის ვალდებულება - დასაქმებულისთვის უსაფრთხო შრომის გარემო უზრუნველეყო, არ შესრულებულა. პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ვალდებულებას არ გამორიცხავს ფაქტი მასზედ, რომ სამუშაო მოედანი დამკვეთ კომპანიას უნდა მოემზადებინა, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც აღნიშნულ მოედანზე განთავსებული დანადგარების, ხელსაწყოებისა, თუ დაგებული ფილების, სწორედ დამკვეთ კომპანიას უნდა უზრუნველეყო. აღნიშნულთან მიმართებით პალატა განმარტავს, რომ მაშინაც, როდესაც სამუშაო მოედანი, ხელშეკრულების შესაბამისად, დამკვეთის პასუხისმგებლობის არეალში ექცევა, მითითებული გარემოება არ გამორიცხავს დამსაქმებლის უპირობო ვალდებულებას თავისი დასაქმებულისათვის უსაფრთხო შრომითი პირობების შექმნისა ანდა დამკვეთის მიერ შექმნილი პირობების გაკონტროლების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვალდებულება დამკვეთმა არ შეასრულა და სამუშაო მოედანზე უსაფრთხო შრომითი პირობები არ შექმნა, მითითებული ფაქტი დამსაქმებელს დასაქმებულის წინაშე პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს.
18. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის ავტორის შედავებას სარჩოს გაანგარიშების წესთან მიმართებით, რომლის თანახმად, გარდაცვლილი პირი, ხელფასის სახით, ყოველთვიურად, არა 991,50 ლარს არამედ, 500 ლარს იღებდა.
პალატა მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების არსი დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირებაში მდგომარეობს, რისთვისაც მხედველობაშია მისაღები მარჩენალის ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე საწარმოში მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც შრომის უნარის შეზღუდვის გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს მუშაობას, რის გამოც, მას არ აქვს უნარი, მიიღოს შემოსავალი ხელფასის სახით, რომელსაც იგი მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება და შესაბამისად აღარ აქვს შესაძლებლობა არჩინოს მის კმაყოფაზე მყოფი პირები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველთვიური სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენს, რასაც დაზარალებული დაწესებულებიდან ჯანმრთელობის დაზიანებამდე იღებდა და რასაც ის მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის თანახმად, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო. სარჩოს სანაცვლოდ დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ერთჯერადი ანაზღაურება, თუკი არსებობს ამის მნიშვნელოვანი საფუძველი.
დასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნორმა სარჩოს მიღების უფლებას განსაზღვრავს და სარჩოს გადახდაზე ვალდებულ პირად მიიჩნევს ზიანის მიმყენებელს, ანუ პირს, რომლის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არის მიზეზობრივი კავშირი. ნორმა ასევე განსაზღვრავს სარჩოს გადახდის ხანგრძლივობასაც, რომელიც ძალაშია ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო. შესაბამისად, იგულისხმება, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, მარჩენალი იმუშავებდა საპენსიო ასაკის მიღწევამდე და სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული, ერჩინა მის კმაყოფაზე მყოფი პირები.
რაც შეეხება სარჩოს ოდენობის გაანგარიშებას, ამ მიზნით მხედველობაშია მისაღები მარჩენალის ის შემოსავალი, რითიც იგი უზრუნველყოფდა მათ კმაყოფაზე მყოფ პირებს (მეუღლე, შვილი) მისი სიცოცხლის განმავლობაში და, რომლის ფარგლებშიც მას ექნებოდა შესაძლებლობა, უზრუნველეყო საბინაო, კომუნალური, მკურნალობასთან თუ სხვა საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა. შესაბამისად, სარჩოს სახით, ზიანის ანაზღაურების კრიტერიუმს სწორედ ხელფასისა და სხვა მომსახურების საფუძველზე მიუღებელი ის თანხა წარმოადგენს, რაც ო-–-- ჩ--------–ს გარდაცვალებამდე გააჩნდა. ამრიგად, სარჩოს გადაანგარიშება უნდა მოხდეს მუშაკის შემოსავლის პროპორციულად და მისი გათვალისწინებით. საქმის მასალებში შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით წარმოდგენილია გარდაცვლილი ო-–-- ჩ--------–ის გარდაცვალებამდე მიღებული შემოსავლის ამონაწერი, საიდანაც დასტურდება, რომ მისი ყოველთვიური შემოსავალი ხელფასისა, თუ სხვადასხვა კომპანიისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, საშუალოდ 991,5 ლარს შეადგენდა. სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული შედავება მასზედ, თუ რა სახის გაანგარიშებით იყო შესაძლებელი გარდაცვლილი პირის საშუალო ყოველთვიური შემოსავლის სხვა ოდენობით გამოთვლა. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ გარდაცვლილი მარჩენალის ხელფასის გაყოფა ოჯახის წევრთა რაოდენობაზე და შემდეგ მისი გამრავლება წლის იმ რაოდენობაზე, რომელიც გარდაცვლილ პირს საპენსიო ასაკის მიღწევამდე ჰქონდა დარჩენილი, მართებულად განხორციელდა. ამ მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა არსებობს, რომელსაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება.
19. სააპელაციო პალატა პროცესის მხარეებს განუმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით ვერ დაამტკიცებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის მხარეებზე დაკისრება. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს,. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპზე დაყრდნობით, აპელანტ საწარმოს მარჩენალის გარდაცვალებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების გამომრიცხველი გარემოებების არსებობა უნდა ემტკიცებინა. აღნიშნულის სამტკიცებლად საწარმომ მიუთითა, რომ შრომითი უსაფრთხოების კონტროლზე უფლებამოსილი პირი თავად გარდაცვლილი ო-–-- ჩ--------–ი იყო. ხსენებული არგუმენტი პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან დასაქმებულზე ვალდებულების დელეგირების შესახებ ბრძანება გარდაცვლილი პირის მიერ ხელმოწერილი არ იყო და ასევე საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით დასაქმებულისთვის ინფორმაციის ჯეროვანი მიწოდების ფაქტი არ დასტურდებოდა. ასევე, აპელანტის მოსაზრებით, ვინაიდან წარმოდგენილი ხელშეკრულებით სამუშაო მოედნის მოწყობის ვალდებულება დამკვეთ კომპანიას ეკისრებოდა, მათი ბრალეულობა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და მის გამომწვევ გარემოებებს შორის არ იკვეთებოდა. ამ მიმართებითაც სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ დასაბუთებული შედავება განხორციელებული არ ყოფილა, ვინაიდან აპელანტის, როგორც დამსაქმებლის უშუალო ვალდებულებას დასაქმებულებისთვის უსაფრთხო შრომის პირობების შექმნა წარმოადგენდა. შესაბამისად, ორ მეწარმე სუბიექტს შორის შესაძლო არაჯეროვანი შესრულების თაობაზე პრეტენზიები დამსაქმებლის მიერ შრომის უსაფრთხო პირობების შექმნის ვალდებულებისგან გათავისუფლებას და მით უფრო, აღნიშნული ვალდებულების მესამე პირისთვის გადაცემას ვერ გამოიწვევდა. რაც შეეხება სარჩოს ოდენობას, ამ მიმართებით სააპელაციო საჩივარში მხოლოდ ზოგადი მითითებაა გაკეთებული და სარჩოს 500 ლარით გაანგარიშების მოტივირებული დასაბუთება წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია რაც მისი დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
აღნიშნულის საპირისპიროდ, პალატის აზრით, მოსარჩელე მხარემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი წარმატებით დასძლია, კერძოდ, სასამართლოს შრომითი ხელშეკრულება, ექსპერტიზის დასკვნები, დაზარალებულად ცნობის შესახებ ცნობა და გარდაცვლილი მარჩენალის შემოსავლის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოუდგინა, რასაც შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მართებულად მოჰყვა.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 2 538 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „----------- ლ------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები თამარ ალანია
თამარ ზამბახიძე