განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1733-19
N330310018002399178
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ხატია არდაზიშვილი
მოსამართლეები: ნანა ჭიჭილეიშვილი
დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა
წარმომადგენელი - ა----------ე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - დ--------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს-----------–-----ე
(კანონიერი წარმომადგენელი - ფ----------–-–---–ი)
წარმომადგენელი - მ--–----------ე
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (ასკ-ის 16.1 მუხლი)
დავის საგანი - სარჩოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტების მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი სრულად არ დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 მარტის გადაწყვეტილებით ს-----------–-----ის (კანონიერი წარმომადგენელი ფ----------–-–---–ი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისრათ ს-----------–-----ის სასარგებლოდ, სარჩოს სახით, ყოველთვიურად 409 ლარის გადახდა, სარჩელის შემოტანის მომენტიდან ს-----------–-----ის სრულწლოვანების მიღწევამდე.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. ს-----------–-----ე დაიბადა 2----–-–------------ს, ზ----------ში. მისი მშობლები არიან: მამა - ს--------–-----ე, დედა - ს--–----------------ე.
ს--–----------------ე (დაბ. 2---------წ.) გარდაიცვალა 2----–-–---------–--ს, გარდაცვალების ადგილი: ზ----------ში, ა----–------–------------–-----------------ი“.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზ----------ის რაიონული განყოფილების 2014 წლის 23 ოქტომბრის №0------------ გადაწყვეტილების თანახმად, ფ----------–-–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა; ს-----------–-----ის მეურვედ დაინიშნა ფ----------–-–---–ი (ტ.1, ს.ფ. 16-19).
1.2.2. 2013 წლის 31 აგვისტოს ს--------–-----ე მივიდა ს--–----------------ესთან და მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, აღნიშნული ფაქტის შესახებ ს--–----------------ემ აცნობა პოლიციას; 2013 წლის 31 აგვისტოს ს--–----------------ემ მიმართა ზ----------ის რაიონულ პროკურატურას განცხადებით და აცნობა ს--------–-----ის მიერ განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ. 2013 წლის 12 სექტემბერს ზ----------ის რაიონულმა პროკურატურამ ს--–----------------ეს აცნობა, რომ 2013 წლის 31 აგვისტოს შეტყობინების საფუძველზე გამოძიება არ დაწყებულა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
2014 წლის 05 ივლისს, ს--–----------------ე იმყოფებოდა ზ----------ში და ასეირნებდა შვილს. მასთან მივიდა ყოფილი მეუღლე ს--------–-----ე და ბავშვი წაიყვანა. ბავშვის წაყვანის შემდეგ ს--------–-----ე ტელეფონით დაუკავშირდა ს--–----------------ეს და მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოგვიანებით, ს--–----------------ესთან მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ს--------–-----ე და ქუჩაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ემუქრებოდა მას. მითითებულ ფაქტის შესახებ ს--–----------------ემ სატელეფონო შეტყობინებით აცნობა შსს გენერალურ ინსპექციას, ის ითხოვდა დახმარებას და ს--------–-----ისაგან მოსალოდნელი საფრთხისაგან დაცვას. 2----–-–---------–--ს, ამ უკანასკნელ ფაქტთან დაკავშირებით, ს--–----------------ეს ახსნა-განმარტება ჩამოართვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, 2015 წლის 25 ივლისს ს--------–-----ე პარკში დახვდა ს--–----------------ეს და ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლა (ტ.1, ს.ფ. 57-72; 154-161).
1.2.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის №1/ბ-2------- განაჩენით, ს--------–-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელი; ს--------–-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით. მისი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 25 ივლისიდან - დაკავების მომენტიდან.
მითითებული განაჩენის თანახმად, ს--------–-----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2----–-–---------–--ს, დაახლოებით, 20:50 საათზე, ქ. ზ----------ში, ე.წ. „ი-----------ში“ ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, საქართველოს შსს ზ----------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ს--------–-----ემ მოკლა ყოფილი მეუღლე - ს--–----------------ე (ს.ფ. 20-46).
1.2.4. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 ივლისის №3/3----- გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფ----------–-–---–ის სარჩელი; მოპასუხეებს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას ფ----------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრათ 20 000 ლარის გადახდა. გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხეებმა არ განახორციელეს კანონით განსაზღვრული ვალდებულებები ჯეროვნად, არ გაატარეს სათანადო ღონისძიებები დანაშაულის თავიდან აცილებისა და ს--–----------------ის მიმართ განხორციელებული სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის აღკვეთისა და სიცოცხლის უფლების დასაცავად (ს.ფ. 47-72; 140-143).
1.2.5. ს--–----------------ე სკოლის პერიოდში დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ოლიმპიადაში, კონფერენციასა და კონკურსში მონაწილეობისათვის.
ს--–----------------ე 2011 წელს 31 ივლისს მონაწილეობდა საერთაშორისო სამოდელო კონკურსში „მ---------------------------–-------“ და იგი დაჯილდოვდა ნომინაციაში - „მ---–----ი“.
ს--–----------------ე გარდაცვალებამდე წარმოადგენდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტს, რომლის სტუდენტის სტატუსი შეწყდა გარდაცვალების გამო (ს.ფ. 146-152).
1.2.6. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2014 წელს შეადგენდა - 818,0 ლარს (ს.ფ. 153).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. იდენტური შინაარსის მატარებელია საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.12.2009წ. №2/3/423, 31.07.2015წ. №2/3/630 გადაწყვეტილებებზე, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის 5.5 მუხლზე (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება).
სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. აღნიშნული კოდექსის 208.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა სუს 10.04.2014წ. №ბს-648-623 (2კ-13) გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო''.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ხსენებული კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის სახეზე უნდა იყოს ზიანი, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობს მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო მოსამსახურის ქმედებით ზიანის მიყენების საკითხის განხილვისას, ასევე, უნდა დადგინდეს, რომ ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, გამომდინარეობდა მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის სახეზე უნდა იყოს მითითებული კომპონენტები ერთდროულად, რომელიმეს არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.07.2015წ. №3/3----- გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფ----------–-–---–ის სარჩელი, მოპასუხეებს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას ფ----------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრათ 20 000 ლარის გადახდა, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეებმა არ განახორციელეს კანონით განსაზღვრული ვალდებულებები ჯეროვნად, არ გაატარეს სათანადო ღონისძიებები დანაშაულის თავიდან აცილებისა და ს--–----------------ის მიმართ განხორციელებული სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის აღკვეთისა და სიცოცხლის უფლების დასაცავად.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ს--–----------------ის მცირეწლოვანი შვილის - ს-----------–-----ის კანონიერ წარმომადგენელს წარმოადგენს ფ----------–-–---–ი და ამასთან, მოსარჩელე - ს-----------–-----ე ითხოვს საქართველოს გენერალურ პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მის სასარგებლოდ, სარჩოს სახით, სოლიდარულად დაეკისროთ ყოველთვიურად 700 ლარის გადახდა, ს-----------–-----ის სრულწლოვანების მიღწევამდე. ამასთან, მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ იგი წარმოადგენდა იმ პირის კმაყოფაზე მყოფს, რომლის სიცოცხლის დაცვაც ვერ უზრუნველყვეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მათზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 409-ე მუხლის შესაბამისად კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამავე კოდექსის 1006-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სარჩოს დაკისრების სავალდებულო პირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, რაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებულია, ს-----------–-----ე უფლებამოსილია, მოითხოვოს დედის გარდაცვალებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს განმარტებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ რა დრომდეა ძალაში რჩენის ვალდებულება, რა დრომდე იქნებოდა ვალდებული მარჩენალი, ერჩინა მის კმაყოფაზე მყოფი პირები, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სასამართლოს დასკვნით, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლი განმარტებული უნდა იქნას იმგვარად, რომ პირის ვალდებულება, არჩინოს მის კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი, მოქმედებს სწორედ ამ უკანასკნელის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე, ვინაიდან ითვლება დედის კმაყოფაზე მყოფად, რომელსაც უფლება ჰქონდა დედის სიცოცხლეში მიეღო კუთვნილი შემოსავლის ნაწილი. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, არასრულწლოვანის სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის სარჩოს ყოველთვიურად დაკისრება კონკრეტული ვადით, როდესაც მოპასუხის ვალდებულება - ეხადა სარჩო, შეწყდებოდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია სარჩოს ოდენობის სწორად განსაზღვრა, რათა გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფი პირისათვის შესაბამისი ოდენობის სარჩოს გადახდით მიღწეული იქნეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზანი. ზიანის ოდენობა განისაზღვრება გარდაცვლილის ხელფასის (შემოსავლის) იმ წილის ოდენობით, რომელსაც პირი იღებდა ან უფლება ჰქონდა მიეღო სარჩოს სახით მარჩენალის გარდაცვალებამდე. მართალია, პირის გარდაცვალების გამო სარჩენისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ზიანის მიმყენებელს წარმოეშობა იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რაც დაზარალებული პირის გარდაცვალების მომენტში არსებობს და ამავე დროს, განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ს--–----------------ეს გარდაცვალების დროისათვის არ გააჩნდა ოფიციალური შემოსავალი, მაგრამ მითითებულ გარემოებაზე მოპასუხეთა აპელირება სასამართლომ მიიჩნია დაუსაბუთებლად. სასამართლოს განმარტებით, გარდა იმისა, რომ როგორც მხარემ განმარტა, ს--–----------------ე უცხო ენაში ამზადებდა მოსწავლეებს და ამასთან, ეწეოდა სამოდელო საქმიანობას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი ასაკი და სოციალური მდგომარეობა. კერძოდ, ს--–----------------ე, რომელიც სკოლის პერიოდში წარმატებულ და აქტიურ მოსწავლეს წარმოადგენდა, გარდაცვალების დროს იყო სტუდენტი. შესაბამისად, ვინაიდან ს-----------–-----ე წარმოადგენს მცირეწლოვანს, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება მოსარჩელისათვის იგივე ხარისხით შემოსავლის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების გათვალისწინებით, რომელიც ყოველ წელს ადგენს საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ოდენობას, ს--–----------------ის საშუალო ხელფასად უნდა ჩაითვალოს მისი გარდაცვალების დროს - 2014 წლის საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 818,0 ლარი. ამასთან, ს--–----------------ის შემოსავლიდან ს-----------–-----ის წილის განსაზღვრისთვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს ორი პირი: თავად ს--–----------------ე და ს-----------–-----ე, ვინაიდან მხოლოდ მას ჰქონდა უფლება მიეღო მშობლის (დედის) შემოსავლის ნაწილი სარჩოს სახით. შესაბამისად, ს-----------–-----ის სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 409 (818:2=409) ლარით.
ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოთხოვნა მოპასუხეთათვის მარჩენალის გარდაცვალების გამო სარჩოს დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ საფუძვლიანია და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ს-----------–-----ის სასარგებლოდ ყოველთვიურად სარჩოს სახით 409 ლარის ანაზღაურება, სრულწლოვანების მიღწევამდე. ამასთან, სარჩოს გადახდა უნდა განხორციელდეს ზიანის ანაზღაურების სასამართლოში განსახილველი სარჩელის შემოტანიდან.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლზე და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნია, რომ ს-----------–-----ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს: მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მის სასარგებლოდ სარჩოს სახით ყოველთვიურად 409 ლარის გადახდა, სარჩელის შემოტანის მომენტიდან ს-----------–-----ის სრულწლოვანების მიღწევამდე.
2. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
2.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. აპელანტი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 4.2 მუხლზე, დღეს მოქმედი კონსტიტუციის 18.4 მუხლზე, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლებზე, სამოქალაქო კოდექსის 108-ე, 992-ე, 1006-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, ზიანის ოდენობა განისაზღვრება ხელფასის (შემოსავლის) იმ წილის ოდენობით, რომელსაც პირი იღებდა ან უფლება ჰქონდა მიეღო სარჩოს სახით მარჩენალის გარდაცვალებამდე. პირის გარდაცვალების გამო სარჩენისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ზიანის მიმყენებელს წარმოეშობა იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რაც დაზარალებულის გარდაცვალების მომენტში არსებობს. ამდენად, გადასახდელი სარჩოს ოდენობა უნდა დადგინდეს რეალური შემოსავლის გაყოფით. აპელანტის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, არ არის წარმოდგენილი შემოსავლის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, დაზარალებულის მიერ არათუ რეალური, არამედ საერთოდ შემოსავლის მიღება არ დასტურდება.
აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ერთის მხრივ მიუთითებს გარდაცვლილის ხელფასის (შემოსავლის) თაობაზე მტკიცებულებათა წარმოდგენისა და დადასტურების აუცილებლობაზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ეს არ დგინდება, ხოლო მეორეს მხრივ, მოსარჩელე მხარეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ათავისუფლებს მისგან. საგულისხმოა, რომ სამართლებრივი ნორმა, რომლითაც მოსარჩელე გათავისუფლებულია მსგავს დავებში მტკიცების ტვირთისგან, არ არსებობს. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილება ცალსახად სცდება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, მოსარჩელე მხარის ახნა-განმარტება მუშაობის ფაქტთან/შემოსავლის სავარაუდო მიღებასთან დაკავშირებით მოკლებულია მტკიცებულებით საფუძველს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაცემული ზოგადი ცნობა ვერ ჩაითვლება იმგვარ მტკიცებულებად, რომლითაც შესაძლოა განისაზღვროს მარჩენალის შემოსავლის ოდენობა და შესაბამისად, სარჩოს თანხა.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობზე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12, 1289-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზ----------ის რაიონული განყოფილების 23.10.2014წ. N04-0603/3689 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებელ ფ----------–-–---–ის (ს-----------–-----ის ბებიის) განცხადება და იგი დაინიშნა ს-----------–-----ის (დაბადებული 02.01.2013წ.) მეურვედ. დაზარალებული (მარჩენალი) ს. ჯ---------ე გარდაიცვალა 2----–-–---------–--ს. დაზარალებულის უფლებამონაცვლე ფ----------–-–---–მა 2015 წლის 22 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ, მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. სარჩელის წარდგენის მომენტისათვის ფ. ჭ--–-–---–ი იყო ს-----------–-----ის მეურვე. ს-----------–-----ის კანონიერმა წარმოამდგენელმა ფ----------–-–---–მა 2018 წლის 18 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, სარჩოს დაკისრების მოთხოვნით, მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. აღნიშნული სამართლებრივი ნორმები და მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ფ----------–-–---–ი 2014 წლის 23 ოქტომბრიდან არის ს-----------–-----ის მეურვე, რომელსაც დავალებული ჰქონდა მისი უფლებების და ინტერესების დაცვა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზიანის დადგომიდან - დაზარალებულის (მარჩენალი) გარდაცვალებიდან (2----–-–---------–--ი) წინამდებარე სარჩელის წარდგენამდე (2018 წლის 16 აპრილი) გასულია 3 წელი (3 წელი ამოიწურა 2017 წლის 25 ივლისს), შესაბამისად, გასულია რა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მოთხოვნის უფლების 3 წლიანი ვადა, სასარჩელო განცხადება არის ხანდაზმული. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე ორგანოების თაობაზე შეტყობის მომენტიდან (მორალური ზიანის თაობაზე სარჩელი წარდგენილია 2015 წლის 22 იანვარს) წინამდებარე სარჩელის წარდგენამდე (2018 წლის 16 აპრილი) გასულია 3 წელი (3 წელი ამოიწურა 2018 წლის 22 იანვარს), შესაბამისად, გასულია რა, სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მოთხოვნის უფლების 3 წლიანი ვადა, სარჩელი ხანდაზმულია.
აპელანტი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოპასუხეებისათვის სოლიდარულად, ს-----------–-----ის სასარგებლოდ, ყოველთვიურად 409 ლარის გადახდის დაკისრებას, სარჩელის შეტანის მომენტიდან ს-----------–-----ის სრულწლოვანების მიღწევამდე. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა იყო სარჩოს დაკისრება სრულწლოვანების მიღწევამდე და არა წინარე პერიოდიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. შესაბამისად, ცალსახაა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა და უნდა გაუქმდეს.
2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე ს-----------–-----ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, არის ქმედუუნარო (მცირეწლოვანი). სარჩელზე თანდართული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზ----------ის რაიონული განყოფილების 23.10.2014წ. 0------------ გადაწყვეტილების შესაბამისად, ფ----------–-–---–ი ს-----------–-----ის მეურვეა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად მტკიცების ტვირთი, მიუხედავად მოსარჩელის მცირეწლოვნებისა, ეკისრება მის კანონიერ წარმომადგენელს -ფ----------–-–---–ს, რომელსაც როგორც ს-----------–-----ის კანონიერ წარმომადგენელს, ევალება მცირეწლოვნის უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების დაცვა სასამართლოში. სასამართლოს მსჯელობა, მტკიცების წარდგენის ვალდებულებასთან დაკავშირებით, იმ მოტივით რომ მხარე არის მცირეწლოვანი, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.
აპელანტი მიუთითებს სუს 30.01.2012წ. Nას-356-336-2011, 14.11.2013წ. Nბს-378-367 (კ-13) გადაწყვეტილებებზე და აღნიშნავს, რომ პირის გარდაცვალების გამო სარჩენისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ზიანის მიმყენებელს წარმოეშობა იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რაც დაზარალებულის გარდაცვალების მომენტში არსებობს, ამდენად გადასახდელი სარჩოს ოდენობა უნდა დადგინდეს რეალური შემოსავლის გაყოფით. აპელანტის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, არ არის წარმოდგენილი შემოსავლის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, დაზარალებულის მიერ შემოსავლის მიღება არ დასტურდება. გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144.1 მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამავე კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის 3 წლიანი და ათვლის დაწყება დაკავშირებულია ორი ალტერნატიული წინაპირობის არსებობაზე: როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის, ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, 2015 წლის 22 იანვარს ფ----------–-–---–მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება, 200 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა და განსახილველ საქმეზე მხარის მიერ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა ემყარება ერთსა და იმავე ფაქტობრივ გარემოებებს (მოპასუხეების მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება, დანაშაულის თავიდან აცილებისა და ს--–----------------ის სიცოცხლის უფლების დასაცავად სათანადო ღონისძიებების არგატარება, რასაც 2----–-–---------–--ს ს--------–-----ის მიერ ს--–----------------ის მკვლელობა მოყვა). 2015 წლის 22 იანვრისათვის ცნობილი იყო როგორც ზიანის, ისე ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირების შესახებ, შესაბამისად სარჩელის შეტანის ხანდაზმულობის ვადა, სულ მცირე, ამ თარიღიდან უნდა აითვალოს. მიმდინარე საქმეზე (3/2308-18) თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.04.2018წ. განჩინებით დგინდება, რომ, სარჩელი წარდგენილ იქნა 2018 წლის 16 აპრილს, ხოლო მოსარჩელე მხარე დაზუსტდა 2018 წლის 24 აპრილს. ანუ სარჩელი წარდგენილ იქნა ხანდაზმულობის ვადის - 3 წლის გასვლის შემდგომ და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
3.1. სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005.1 მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 409-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამავე კოდექსის 1006-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო.
საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის სახეზე უნდა იყოს ზიანი, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობს მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო მოსამსახურის ქმედებით ზიანის მიყენების საკითხის განხილვისას, ასევე, უნდა დადგინდეს, რომ ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, გამომდინარეობდა მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის სახეზე უნდა იყოს მითითებული კომპონენტები ერთდროულად, რომელიმეს არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.07.2015წ. №3/3----- გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფ----------–-–---–ის სარჩელი, მოპასუხეებს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას ფ----------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრათ 20 000 ლარის გადახდა, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეებმა არ განახორციელეს კანონით განსაზღვრული ვალდებულებები ჯეროვნად, არ გაატარეს სათანადო ღონისძიებები დანაშაულის თავიდან აცილებისა და ს--–----------------ის მიმართ განხორციელებული სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის აღკვეთისა და სიცოცხლის უფლების დასაცავად. განსახილველ საქმეზე კი, მოთხოვნილია მოპასუხეებისათვის სარჩოს სახით, ყოველთვიურად 700 ლარის გადახდის დაკისრება, სოლიდარულად, ს-----------–-----ის სრულწლოვანების მიღწევამდე. მოთხოვნის საფუძვლად მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იგი წარმოადგენდა იმ პირის კმაყოფაზე მყოფს, რომლის სიცოცხლის დაცვაც ვერ იქნა უზრუნველყოფილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, მათზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად. საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ვინაიდან სარჩოს დაკისრების სავალდებულო პირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, რაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებულია, ს-----------–-----ე უფლებამოსილია, მოითხოვოს დედის გარდაცვალებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
რაც შეეხება სარჩელის ხანდაზმულების საკითხს, პალატა იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის განმარტებას, რომ ს--------–-----ის ბრალდების საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენის დადგენის მომენტიდან - 2015 წლის 17 აპრილიდან დაიწყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან ამ დროიდან გახდა მხარისათვის ცნობილი, რომ ს--------–-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით. აღნიშნულმა განაჩენმა წარმოშვა ს-----------–-----ისათვის სარჩოს მიღების მოთხოვნის უფლება, რაც მოგვიანებით დაადასტურა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 ივლისის №3/3----- გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად, მოპასუხეებმა (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს მთავარ პროკურატურა) არ განახორციელეს კანონით განსაზღვრული ვალდებულებები ჯეროვნად, არ გაატარეს სათანადო ღონისძიებები დანაშაულის თავიდან აცილებისა და ს--–----------------ის მიმართ განხორციელებული სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის აღკვეთისა და სიცოცხლის უფლების დასაცავად. ამდენად, 2015 წლის 17 აპრილიდან სამი წლის ვადაში ს-----------–-----ემ (კანონიერი წარმომადგენელი - ფ----------–-–---–ი) მოახდინა მისი უფლების რეალიზაცია და მიმართა სასამართლოს სარჩოს დაკისრების მოთხოვნით.
ასევე პალატა არ იზიარებს აპელანტების განმარტებას, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყო სარჩოს დაკისრება სრულწლოვანების მიღწევამდე და არა წინარე პერიოდიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამდენად, სარჩოს გადახდის დაკისრება სარჩელის შემოტანის მომენტიდან, უსაფუძვლოა და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სარჩელის შემოტანის მომენტიდან ს-----------–-----ემ (კანონიერი წარმომადგენელი - ფ----------–-–---–ი) გამოხატა ნება, მიეღო სარჩო, ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 მარტის გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც კანონიერია.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ რა დრომდეა ძალაში რჩენის ვალდებულება, რა დრომდე იქნებოდა ვალდებული მარჩენალი, ერჩინა მის კმაყოფაზე მყოფი პირები, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლი განმარტებული უნდა იქნას იმგვარად, რომ პირის ვალდებულება, არჩინოს მის კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი, მოქმედებს სწორედ ამ უკანასკნელის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე, ვინაიდან ითვლება დედის კმაყოფაზე მყოფად, რომელსაც უფლება ჰქონდა დედის სიცოცხლეში მიეღო კუთვნილი შემოსავლის ნაწილი. ამდენად, მიზანშეწონილია არასრულწლოვანის სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის სარჩოს ყოველთვიურად დაკისრება კონკრეტული ვადით. ამასთანავე, სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია სარჩოს ოდენობის სწორად განსაზღვრა, რათა გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფი პირისათვის შესაბამისი ოდენობის სარჩოს გადახდით მიღწეული იქნეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზანი. ზიანის ოდენობა განისაზღვრება გარდაცვლილის ხელფასის (შემოსავლის) იმ წილის ოდენობით, რომელსაც პირი იღებდა ან უფლება ჰქონდა მიეღო სარჩოს სახით მარჩენალის გარდაცვალებამდე. მართალია, პირის გარდაცვალების გამო სარჩენისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ზიანის მიმყენებელს წარმოეშობა იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რაც დაზარალებული პირის გარდაცვალების მომენტში არსებობს და ამავე დროს, განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ს--–----------------ეს გარდაცვალების დროისათვის არ გააჩნდა ოფიციალური შემოსავალი, თუმცა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი ასაკი და სოციალური მდგომარეობა - ს--–----------------ე, რომელიც სკოლის პერიოდში წარმატებულ და აქტიურ მოსწავლეს წარმოადგენდა, გარდაცვალების დროს იყო სტუდენტი. ამასთანავე, ს--–----------------ე უცხო ენაში ამზადებდა მოსწავლეებს და ეწეოდა სამოდელო საქმიანობას. შესაბამისად, ვინაიდან ს-----------–-----ე წარმოადგენს მცირეწლოვანს, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, არ უნდა იქნეს გაზიარებული მოპასუხის პოზიცია, მოსარჩელისათვის იგივე ხარისხით შემოსავლის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულებასთან დაკავშირებით.
პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე მითითებას, რომლითაც ყოველ წელს დგინდება საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ოდენობა. მოცემულ შემთხვევაში, ს--–----------------ის საშუალო ხელფასად უნდა ჩაითვალოს მისი გარდაცვალების დროს - 2014 წლის საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 818,0 ლარი. ამასთან, ს--–----------------ის შემოსავლიდან ს-----------–-----ის წილის განსაზღვრისთვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს ორი პირი: თავად ს--–----------------ე და ს-----------–-----ე, ვინაიდან მხოლოდ მას ჰქონდა უფლება მიეღო მშობლის (დედის) შემოსავლის ნაწილი სარჩოს სახით. შესაბამისად, ს-----------–-----ის სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 409 (818:2=409) ლარით. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ მოთხოვნა მოპასუხეთათვის მარჩენალის გარდაცვალების გამო სარჩოს დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ საფუძვლიანია და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ს-----------–-----ის სასარგებლოდ ყოველთვიურად სარჩოს სახით 409 ლარის ანაზღაურება, სარჩელის შემოტანის მომენტიდან ს-----------–-----ის სრულწლოვანების მიღწევამდე.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 მარტის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე: ხატია არდაზიშვილი
მოსამართლეები: ნანა ჭიჭილეიშვილი
დავით ახალბედაშვილი