განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310019002871054
საქმე №3ბ/1838-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
26 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მანანა ჩოხელი
მოსამართლეები - გიორგი ტყავაძე
ლეილა მამულაშვილი
აპელანტი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე - ეკატერინე შუბითიძე
მესამე პირი - უსფ ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი - სასწავლო უნივერსიტეტი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
2.მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის პოზიცია
მოწინააღმდეგე მხარე და მესამე პირის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ეკატერინე შუბითიძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 18 თებერვლის №MES 0 19 000183522 გადაწყვეტილება. დაევალა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეკატერინე შუბითიძის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში - ჰავაის ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის N397გ განკარგულების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გამა“-სა და ამერიკის შეერთებული შტატების ჰავაის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქ. თბილისში შეიქმნა ჰავაის უნივერსიტეტის ფილიალი.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ოქტომბრის დადგენილებით დარეგისტრირდა შპს ჰავაის ამერიკული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2005 წელს უნივესიტეტმა შეიცვალა სამართლებრიფი ფორმა, სახელწოდება და მას მიენიჭა უცხოური აკრედიტაცია. უნივერსიტეტი გახდა საწარმოს ფილიალი და ეწოდა შპს ,,ამერიკული ჰუმანიტარული უნივესიტეტის თბილისის ფილიალის კოლეჯი“, ხოლო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 08 ივლისს N533 ბრძანებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმადაც ამერიკული ჰუმანიტარული სასწავლო უნივესიტეტის თბილისის ფილიალ კოლეჯს შეეცვალა სახელწოდება და 2010 წლის 28 ივნისიდან ეწოდა უსფ ,,ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი - სასწავლო უნივერსიტეტი“. 2010 წლის 26 აგვისტოს N21/ს გადწყვეტილებით, ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალ - სასწავლი უნივერსიტეტს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 5 წლის ვადით. აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებას ავტორიზაციის ვადა გაუვიდა 2015 წლის 26 აგვისტოს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს N413 ბრძნებით, შპს ჰავაის ამერიკულ უნივერსიტეტის თბილისის ფილიალს უარი ეთქვა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N33 ბრძანების თანახმად, გაიცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ფილიალზე - ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის კოლეჯზე.
2005 წლის 01 ოქტომბერს დამფუძნებელთა N1 კრების ოქმით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჰავაის ამერიკული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალის ლიკვიდაციაზე.
2000 წლის 29 ივნისს აშშ ჰავაის ამერიკული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალის ადმინისტრატორისა და ზურაბ შუბითიძეს (ეკატერინე შუბითიძის მამა) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც გაიწერა მხარეთა უფლება-მოვალეობები.
2004 წლის 15 ივნისს ეკატერინე შუბითიძეს ჰავაის უნივერსიტეტმა მიანიჭა სამართლისა და დიპლომატიის ბაკალავრის წოდება და მის სახელზე გაიცა უნივერსიტეტის დამთავრების დამადასტურებელი NSE 112982 დიპლომი.
2018 წლის 26 ოქტომბერს ეკატერინე შუბითიძემ N1386314 განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა განათლების ფაქტის დადასტურება.
სსიპ განათლების განვითრების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 30 ოქტომბრის N MES 2 18 31400767 წერილით ეკატერინე შუბითიძეს განემარტა, რომ საგანმანათლებლო დოკუმენტში ეკატერინე შუბითიძის ნაცვლად ფიქსირდებოდა ეკა შუბითიძე, რის გამოც ვერ დგინდებოდა დიპლომის კუთვნილება, ამიტომ ეკატერინე შუბითიძეს განესაზღვრა ვადა დამატებითი დოკუმენტაციის წარსადგენად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის დადგენილებით (საქმე N2/130-19) დაკმაყოფილდა ეკატერინე შუბითიძის განცხადება იურდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის მოთხოვნით და დადგენილ იქნა იურდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - ეკატერინე შუბითიძისადმი (დაბადების თარიღი - 29.11.1982 წელი, დაბადების ადგილი - საქართველო, ქუთაისი, პირადი ნომერი 01-27018435, დაბადების აქტის ჩანაწერი - N1863) უფლების დამდგენი საბუთის, სახელდობრ ამერიკული უნივერსიტეტის სენატის მიერ 15.06.2004 წელს გაცემული სამართლისა და დიპლომატიის ბაკალავრის ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის (N SE 112982) კუთვნილების ფაქტი, რომელშიც მითითებული სახელი - ,,ეკა“ არ ემთხვევა მის დაბადების მოწმობაში მითითებულ სახელს - ,,ეკატერინე“.
2019 წლის 04 თებერვალს ეკატერინე შუბითიძემ N117224 განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა განათლების მიღების ფაქტის დადასტურება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის 05 თებერვალს N MES 2 19 00124844 ეკატერინე შუბითიძეს, ხოლო N MES 8 19 00124831 წერილით ამერიკულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს მიმართა წერილებით და მოითხოვა ინფორმაციის წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა ეკატერინე შუბითიძის მიერ განათლების მიღებისა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 05 თებერვალს N MES 8 19 00124831 წერილის პასუხად ამერიკულმა ჰუმანიტარულმა უნივერსიტეტმა 2019 წლის 08 თებერვალს N1 წერილით მიმართა სსიპ განთალების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრს და დაადასტურა, რომ 2000-2004 წლებში ეკა (ეკატერინე) შუბითიძე ნამდვილად სწავლობდა ზემოთ ხსენებულ უმაღლეს სასწავლებელში, რომლის სრული საბაკალავრო კურსი სამართალსა და დიპლომატიაში დასრულდა 2004 წელს, რის საფუძველზეც ამავე წლის ივნისში მიენიჭა შესაბამისი კვალიფიკაცია და გაიცა განათლების დამადასტურებელი დიპლომი N SE 112982.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 05 თებერვალს N MES 0 19 00124824 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, სსიპ განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურის რეესტრის სამმართველომ 2019 წლის 15 თებერვალს N MES 3 19 00170745 სამსახურებრივ ბარათში განმარტა, რომ 2005 წლის 18 აგვისტოს N413 ბრძანების თანახმად, შპს ,,ჰავაის ამერიკული უნივერსიტეტის ფილიალს“ უარი ეთქვა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე.
საქმეში დაცული მასალებით დადასტურებულია, რომ ეკატერინე შუბითიძემ დაასრულა კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლის სამართალმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა და 2010 წლის 14 ოქტემბერს მიენიჭა სამართლმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი.
ეკატერინე შუბითიძემ 2010 წლის 06 ოქტომბერს დოქტორანტის სტატუსით სწავლა განაგრძო კავკასიის უნივერსიტეტში.
დადასტურებულია, რომ ეკატერინე შუბითიძე 2015 წლის 11 თებერვლიდან არის სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
სსიპ განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 18 თებერვლის N MES 0 19 00183522 გადაწყვეტილებით ეკატერინე შუბითიძეს უარი ეთქვა საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ აღნიშნა, რომ განათლების მიღება არის ფაქტი, რომელიც ამა თუ იმ კვალიფიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლების შედეგად შეძენას გულისხმობს. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ვ" ქვეპუნქტის თანახმად, აკადემიური ხარისხი არის კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ამავე მუხლის ,,ო" ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, პირის მიერ მიღებული განათლების აღიარება იმ სამართლებრივი ჩარჩოს გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს, რაც არსებობდა განათლების მიღების პროცესში და არა შემდგომში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გამოყენებით. ამგვარი მიდგომა შესაძლოა გამართლებული იყოს თუ ნორმის ახლებური მოწესრიგება პირის უფლებათა რეალიზების უკეთესი საშუალებაა, ვიდრე ამას მანამდე არსებული ნორმის ფარგლები განაპირობებდა.
აქვე, სასამართლო mutatis mutandis მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).
გარდა ყოველივე აღნიშნულისა, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტიც (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) აღიარებს განათლების უფლებას; კერძოდ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი განათლება უნდა გახდეს ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის თითოეულის ნიჭის საფუძველზე, ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელების, და კერძოდ, უფასო განათლების თანდათან შემოღების გზით.
გაერთიანებული ერების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კომიტეტის აღნიშნული მუხლის 1999 წლის ზოგადი კომენტარის თანახმად, განათლების უფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა დანარჩენი უფლება, სახელმწიფოს აკისრებს სამი სახის ვალდებულებას: ვალდებულებას - პატივი სცეს, ვალდებულებას - დაიცვას და ვალდებულებას - განახორციელოს განათლების უფლება. განხორციელების ვალდებულება კი, თავის მხრივ, მოიცავს ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის ვალდებულებებს. პატივისცემის ვალდებულება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ იმ ღონისძიებებისაგან თავის შეკავებას, რომლებიც ხელს უშლის ან აბრკოლებს განათლების უფლების რეალიზაციას. დაცვის ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს ყველა იმ ღონისძიების გატარებას, რომელიც ხელს უშლის მესამე პირების მიერ უფლების დარღვევას. განხორციელების (ხელშეწყობის) ვალდებულების ძალით, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, რათა ინდივიდებმა და საზოგადოებამ შეძლონ და გაუადვილდეთ განათლების უფლების რეალიზაცია. განხორციელების (უზრუნველყოფის) ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს განათლების უფლების რეალიზაცია მაშინ, როცა, მათი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ცალკეულ ინდივიდებსა თუ საზოგადოებას არ შეუძლია განათლების უფლების თავად რეალიზაცია მათ ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი მუშაობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტების, სამინისტროს მიერ დამტკიცებული ცენტრის დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
სასამართლომ მოიხმო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებას“, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ცენტრის ფუნქციებს. კერძოდ, მითითებული დებულების მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს განათლების აღიარებას და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2019 წლის 04 თებერვალს, ეკტერინე შუბითიძემ N117224 განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა მის მიერ ამერიკულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში 2000-2004 წლებში მიღებული განათლების აღიარება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 18 თებერვალს N MES 0 19 00183522 გადაწყვეტილებით ეკატერინე შუბითიძეს უარი ეთქვა მის მიერ 2000-2004 წლებში ამერიკულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში მიღებული განათლების აღიარებაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
მითითებული დებულების მეორე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან - საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში - საგანმანათლებლო რესურსცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დააწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.
,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თვიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდგ ცენტრი; ა) აღიარებს პირის მიერ მიღებულ განათლებას; ბ) უარს ამბობს პირის მიერ მიღებული განათლების აღიარებაზე. ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტი განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრს განათლების მიღების ფაქტის დადგენას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით ეკატერინე შუბითიძეს ამერიკულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში მიღებული განათლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ამერიკულ ჰუმანიტარული უნივერსიტეტი ეკატერინე შუბითიძისათვის 2000-2004 წლებში უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის სფეროში საგანმანათლებლო მომსახურების გაწევისა და მისთვის 2005 წელს კვალიფიკაციის მინიჭების პერიოდში არ ფლობდა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიას. ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტი 2006 წლის 20 იანვრამდე არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა ლიცენზირებას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობა.
სასამართლომ მოიხმო „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 251-ე მუხლის პირველი პუნქტს, რომლის თანახმად, ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას.
სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელი ანიჭებს მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას იმ პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, ხოლო ცენტრის უფლებამოსილებას წარმოადგენს იმ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების საკითხის განხილვა, რომელიც არსებული მდგომარეობით არ ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აქტის გაუქმების რამდენიმე შემთხვევას იცნობს, თუმცა, კოდექსის სიტყვასიტყვითი წაკითხვის საფუძველზე, კანონიერი ნდობის პრინციპი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აქტს აუქმებს საკუთარი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია არა დიპლომისა და შესაბამისი ცნობის ბათილად ცნობა, არამედ მიღებული განათლების აღიარებაზე უარი (რაც, სასამართლოს რწმენით, განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე გამორიცხავს მიღებული განათლების გამოყენებას პროფესიული მიზნებისათვის) სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია. ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას (როგორც აღინიშნა, დიპლომი აქტი არ არის), ვერ დააბრკოლებს სასამართლოს, რომ კანონი განმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით; ანუ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც; დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს; ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლოს ღრმა რწმენით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ეკატერინე შუბითიძემ მის სახელზე გაცემული №SE 112982 დიპლომის ნამდვილობის მიმართ არსებული კანონიერი ნდობის საფუძველზე განაგრძო საგანმანათლებლო და პროფესიული საქმიანობა. მან მოიპოვა მაგისტრის ხარისხი და სწავლას განაგრძობს სამართლის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოპასუხის პოზიციას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ეკატერინე შუბითიძის სახელზე გაცემული №SE 112982 დიპლომის ნამდვილობა კავშირში არ არის მის მიერ კავკასიის უნივერსიტეტში მიღებული მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნამდვილობასთან, რამეთუ დაუშვებელი და გაუგებარია, როგორ უნდა გააჩნდეს პირს მაგისტრის ხარისხი, თუკი უარყოფილია მის მიერ უმაღლეს დაწესებულებაში ბაკალავრის საფეხურის დასრულების ფაქტი. სასამართლო მიუთითებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს და ადგენს, რომ ეკატერინე შუბითიძის მიმართ გაცემული №SE 112982 დიპლომის ნამდვილობა პირდაპირ და უშუალო ბმაშია აღნიშნული პირის მიერ მაგისტრის ხარისხის მიღების ფაქტისა და დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად განხორციელებული ქმედებების ნამდვილობასთან.
აქვე, სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა.
სახეზე არ არის აგრეთვე სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს სზაკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ აღიაროს მიღებული განათლება. განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას და მიღებული დიპლომის საფუძველზე ახორციელებდა საქმიანობას.
სასამართლომ აღინიშნა ისიც, რომ კანონიერი ნდობის არსებობას და დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით; ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა უნდა იყოს დაცული; კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ, უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის N397გ განკარგულების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გამა“-სა და ამერიკის შეერთებული შტატების ჰავაის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქ. თბილისში შეიქმნა ჰავაის უნივერსიტეტის ფილიალი. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ოქტომბრის დადგენილებით დარეგისტრირდა შპს ჰავაის ამერიკული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი. აღნიშნული დაწესებულება საქმიანობდა საქართველოში ლიცენზირების გარეშე. შესაბამისად, მის მიერ წარმოებული სასწავლო პროცესი ჩართული არ იყო საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში, თუმცა მხარდაჭერილი იყო საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან და სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა დამფუძნებელი სასწავლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, ასევე სასწავლო პროგრამებით. ამასთან, მნიშვნელოვანია პირის ნდობა უნივერსიტეტისადმი, რომელიც წლების მანძილზე ფუნქციონირებს და შეუფერხებლად წარმართავს სასწავლო პროცესს. მით უფრო, რომ მოცემული დავის ფარგლებში თავად მესამე პირმა დაადასტურა, რომ საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის N397გ განკარგულებისადმი ნდობა გააჩნდა თავად უნივერსიტეტს, ვინაიდან აღნიშნული განკარგულებით უნივერსიტეტი მოქმედებდა საქართველოს განათლების სამინისტროს მეთოდური უზრუნველყოფის ფარგლებში და ამ პროცესში, მხოლოდ 2005 წელს მიიღო მითითება საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზირების აუცილებლობის თაობაზე, რაც მყისიერად შესრულდა უნივერსიტეტის მხრიდან, ხოლო სახელმწიფოს უნივერსიტეტის საქმიანობაში ლიცენზირების გამომრიცხავი ფაქტორები არ დაუდგენია, ლიცენზია გაიცა დაუბრკოლებლად (იხ. სხდომის ოქმი). შესაბამისად, სტუდენტისათვის, რომელიც ენდობოდა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო პროცესის წარმართვის კანონიერების პრინციპს, იმთავითვე ვერ იქნებოდა ცნობილი უნივერსიტეტის ფილიალის არალიცენზირებულობის თაობაზე. აღნიშნული გარემოება თავისთავად გამორიცხავს განათლების მიმღები პირის რაიმეანონსაწინააღმდეგო ქმედების დადასტურების შესაძლებლობას, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა აღმჭურველი აქტის კანონიერი ნდობის პრინციპზე.
აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 18 თებერვლის №MES 0 19 00183522 აქტის თანახმად, ეკატერინე შუბითიძეს უარი ეთქვა მიღებული განათლების აღიარებაზე. ასეთ პირობებში ეკატერინე შუბითიძისათვის მიღებული განათლების აღიარებაზე უარი უთანაბრდება მის სახელზე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის გაუქმებას, რაც მოცემულ შემთხვევაში მის მიერ სამართლის მაგისტრის ხარისხის მოპოვებას, დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების კანონიერებასა თუ იურისტის სპეციალობით განხორციელებული მთელი რიგი ქმედებების კანონიერებასაც კითხვის ქვეშ აყენებს, ყოველივე ეს პირის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოების დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედების დადასტურების გარეშე დაუშვებელია.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მოსაზრებით, პირის კერძო ინტერესი - ჰქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი, დანართი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. სასამართლო განმარტავს, აღნიშნული ნორმით გარანტირებული, სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება, გულისხმობს არა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს კანონშესაბამის მოქმედებას, არამედ მის ვალდებულებას, სრულყოფილად შეაფასოს საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, რამეთუ სამართალწარმოების პროცესი კანონის სიტყვასიტყით განმარტებასთან ერთად ნორმის მიზნის განსაზღვრასა და შინაარსის გაანალიზებასაც გულისხმობს.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით, როგორებიცაა ნიშნების ფურცელი, თავად შპს ჰავაის ამერიკული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალის განმარტება და განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ეჭვქვეშ არ აყენებს ეკატერინე შუბითიძის მიერ შპს ჰავაის ამერიკული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში 2000-2004 წლებში განათლების მიღების ფაქტს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 18 თებერვლის №MES 0 19 00183522 გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული, რომ მოპასუხეს არ შეუფასებია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხისადმი ფორმალური მიდგომით უგულვებელყო პირის უფლება მიღებული განათლების აღიარებით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით ხელმისაწვდომი გახდეს დასაქმების ბაზარი, სამომავლო განათლება და სხვა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 18 თებერვლის №MES 0 19 00183522 გადაწყვეტილება და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ეკატერინე შუბითიძის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომელიც აქტის ბათილად ცნობის პირობებს განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ცენტრმა დაიცვა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება. შესაბამისად, გადაწყვეტილებები მიიღო კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით.
სასამართლო თავად უთითებს, რომ დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადაო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამავდორულად, კი იმ მოცემულობით, როცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ყველა საკანონმდებლო დანაწესი სრულყოფილადაა შესრულებული და დაცული, აქტი მაინც იქნა ბათილად ცნობილი, რაც ნიშნავს, იმას, რომ სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ეწინააღმდეგება მის მიერვე ხსენებულ ზოგად, მაგრამ ძირეულ დანაწესს.
სააპელაციო საჩივრის ავტორს მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით ,,სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.“
აღნიშნული საერთაშორისო აქტებით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე, როგორც საზოგადოებისათვის ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.
სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
იგივე უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს არა მხოლოდ უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის გარანტიას, არამედ სამართლიანი გამჭვირვალე სასამართლოს უფლებას, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების ამომწურავად შეფასებას.
სააპელაციო საჩივრის ავტორს აღნიშნავს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები.
სასამართლო უსაფუძვლოდ აპელირებს ცენტრის მიერ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. სასამართლო ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატა ცენტრის მხრიდან კონსტიტუციის დებულებების დარღვევა. სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ნორმათა ციტირებითა და მათი ფორმალური მითითებით, რაც დაცლილია ნორმის მითითების სამართლებრივი ლოგიკისაგან. აღსანიშნავია, რომ სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესის პრაქტიკულ რეალიზებას ემსახურება ცენტრის თითოეული ქმედება, კერძოდ, ცენტრის მიზანია, ყველას ჰქონდეს თანაბარ პირობებში განათლების მიღების უფლება, საბოლოოდ კი, ხარისხიანი განათლებით უზრუნველყოფილი იქნეს ქართული საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაცია საერთაშრისო საგანმანათლებლო სივრცეში. ცენტრის მხრიდან არათუ დარღვეულია კონსტიტუციური დებულება, არამედ პირიქით, სრულად არის იგი დაცული. მხოლოდ ხარისხიანი, შესაბამისად კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიღებული განათლება წარმოედგენს სამართლით დაცულ სიკეთეს. ცენტრი, სწორედ ის ადმინისტრაციული ორგანოა, რომელსაც საკანონმდებლო დონეზე ევალება განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობს სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის სრულყოფილ და ჯეროვან დაცვას. ზოგადად, ცენტრს არავისთვის აუკრძალავს (და ვერც აუკრძალავს) განათლების სასურველი ფორმით, სასურველ დაწესებულებაში მიღება, ეს ცხადია, კონკრეტული პირის არჩევანია, თუმცა, ის თუ რამდენად მოხდება ამ განათლების სახელმწიფო დონეზე აღიარება, ეს უკვე დამოკიდებულია კონკრეტულ საკანონმდებლო დანაწესებზე, რისი დაცვის უპირველესი ვალდებულბაც სწორედ სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აკისრია. შეუძლებელია ცენტრის აქტი არღვევდეს საქართველოს კონსტიტუციას და ზღუდავდეს კონკრეტული პირის, მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის უფლებას მიიღოს განათლება. როგორც უკვე აღინიშნა, მისთვის არ აუკრძალავთ კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების მიღების უფლება. ამასთან, ცენტრს არ უგულებელყვია და არ გაუბათილებია მის მიერ უკვე მიღებული სწავლის შედეგები, არამედ ცენტრმა თავის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მოახდინა იმ ფაქტების კონსტატაცია, რომლებიც დასტურდებოდა სხვადასხვა სახის მტკიცებულებებით და ამ ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად მივიდა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგამდე. აქვე საგულისხმოა, რომ ეს სამართლებრივი შედეგი გამომდინარეობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობიდან.
სასამართლო, ასევე უთითებს მე-6 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესებამებოდეს კონსტიტუციას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. აღნიშნული მუხლიც მხოლოდ ფორმალურადაა სასამართლოს მხრიდან მოხმობილი, რადგან მას არ მიესადაგება კონკრეტული ფაქტობრივ-სამართლებრივი მოცემულობა. განათლების სფეროში არსებული ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა განამტკიცებს განათლებას, როგორც ადამიანის ძირითად უფლებას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს დაცული, განხორცილებული და პატივცემული. ამავდროულად, სახელმწიფო შიდა ნორმატიული აქტებით უზრუნველყოფს დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. განათლების კანონმდებლობაში არსებული როგორც აღმჭურველი, ასევე, მავალდებულებელი ხასიათის დანაწესები ემსახურება ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას, რომლის გარეშეც განათლების, როგორც ადამიანის ძირითადი უფლების განმტკიცება მხოლოდ ფორმალური ჩანაწერია, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარეშე აღნიშნული უფლება არა ყველასი, არამედ არავისი გამოდის. არც ერთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტი არ უთითებს, რომ სახელმწიფომ ნორმატიულ დონეზე არ გაწეროს განათლების ხარისხის უზრუნველმყოფი მექანიზმები. ქართული კანონმდებლობა არ მოდის წინააღმდეგობაში საერთაშორისო აქტებთან, შესაბამისად, სასამართლოს მიერ მათზე აპელირება არაა მართებული. ცენტრის მიერ გადაწყვეტილება გამოცემულია ეროვნული და საერთაშორისო აქტების გათვალისწინებით, მათი მოთხოვნების დაცვითა და შეჯერებით.
სასამართლო, ასევე, აპელირებს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს, ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. აღნიშნული დანაწესიც მოკლებულია ნორმის გამოყენების ლოგიკას, რადგან არაა საკმარისი მსჯელობა განვითარებული თუ რა კუთხით მიესადაგება იგი მოსარჩელის სახელზე გამოცემული აქტის კანონიერება-უკანონობას. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას, რომ საჯარო დაწესებულებამ მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა, ცენტრი, ცალსახად და აბსოლუტურად ეთანხმება ამ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ იგი მოქმედებდა სწორედ ხსენებული დანაწესის ფარგლებში. ცენტრის ყოველი გადაწყვეტილება განმსჭვალულია განათლების უფლების ნამდვილი შინაარსის გაზიარებისა და პრაქტიკული რეალიზების მოტივით, შესაბამისად, სახეზე არ არის უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ზოგადად, ზემოხსენებულ ჩარჩო ნორმებზე აპელირებით, რეალურად, სასამართლო განათლების უფლების ხელშეშლასა და დაბრკოლებაში საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" არსებობას და მის პრაქტიკაში რეალიზებას მოიაზრებს, ამგვარი განმარტება ზიანს მიაყენებს ქვეყანაში არსებულ განათლების სისტემას, მეტიც არღვევს სახელისუფლებო შტოთა გაწონასწორების პრინციპს. ამასთან, ნორმათა არაკონსტიტუციურად მიჩნევის შემთხვევაში, სასამართლოს აქვს რეაგირების კანონთან შესაბამისი ბერკეტი, რაც არ გულისხმობს, მოქმედი საკანონმდებლო აქტის იგნორირებასა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონიერების პრინციპის დარღვევისაკენ მითითებას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო პრაქტიკულად უგულებელყოფს მოქმედ სამართლებრივ რეალობას და ეჭვქეშ აყენებს საგანმანათლებლო ინსტიტუციების ლეგიტიმაციას.
სააპელაციო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, სასამართლო უთითებს ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ'' საქართველოს კანონის რეგულაციებზე, მის მიზნებსა და ზოგადად, ცენტრის ფუნქციებზე, ასევე, ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების ,,წესის'' შესაბამის ნორმებზე. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტსა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. სასამართლო არ ახდენს აღნიშნულ ნორმასთან განსახილველ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მისადაგებას, კერძოდ: ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტი (თბილისის ფილიალი) 2000-2004 წლებში არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, რადგანაც მის სახელზე პირველი ლიცენზია გაიცა 2006 წელს. შესაბმისად, ვერ დგინდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი. სასამართლო უთითებს ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ'' საქართველოს კანონის 25-ე პრიმა მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლება მიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას. აღნიშნული მუხლის მოხმობის შემდგომ სასამართლო ავითარებს მსჯელობას, რომ კანონმდებელი მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას ანიჭებს იმ პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, ხოლო ცენტრის უფლებამოსილებას წარმოადგენს იმ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების საკითხის განხილვა, რომელიც არსებული მდგომარეობით არ ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. ცენტრი აღნიშნულთან მიმართებით განმარტავს, რომ ის წარმოადგენს ორგანოს რომლის კომპეტენციაშიც შედის საგანმანათლებლო საქმიანობა შეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების საკითხი. რა დროსაც წარმოების ფარგლებში დგინდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის სამართლებრივი სტატუსი, თუ რამდენად იყო იგი უფლებამოსილი განეხორციელებინა პირის მიმართ კვალიფიკაციის მინიჭება და მის სახელზე გაეცა საგანმანათლებლო დოკუმენტი. შესაბამისად, აუცილებელია პირის მიერ სწავლის პერიოდი იყოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული. განათლების აღიარების მოთხოვნის უპირობო დაკმაყოფილების წინაპირობა არ არის მხოლოდ ის ფაქტი, რომ დაწესებულება აღარ ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. განათლების აღიარების ,,წესის'' პირდაპირი მოთხოვნაა, რომ განსახილველ პერიოდში საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებას ეფუქციონირა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაითლებოდა მინიჭებული კვალიფიკაცია იურიდიული შედეგების გამომწვევ ქმედებად.
ამდენად, აპელანტს მიაჩნია, რომ გაუმართლებელია სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებისთვის იმ პროცედურული ნორმის მოშველიება, რომელსაც საქმეში არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე ვერ ესადაგება შესაბამისი მოცემულობა.
ამავდროულად, სასამართლო მოიხმობს, თუმცა ფაქტობრივ გარემოებებს არ უსადაგებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის'' რიგ დებულებებს და ამასთან, უსაფუძვლოა სასამართლო მსჯელობა ცენტრის მიერ მათ დარღვევასთან დაკავშირებითაც.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია და განხორციელდა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების სპეციალური მარეგულირებელი აქტის - წესის არსისა და მიზნის საწინააღმდეგო განმარტება.
ზემოაღნიშნული ,,წესი'' განმარტავს, თუ რას ნიშნავს საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება და საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარება, კერძოდ, წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. ამავე წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. მთელი ზემოახნიშნული, მსჯელობა, ცხადია, წარმოადგენს ნორმატიულ სინამდვილეს, რომელთა საფუძველზეც სასამართლო ასკვნის, რომ ხსენებული ,,წესი'' ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. ამავე „წესის“ მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით კი ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. მე-2 პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს; ხოლო პირის მიერ პროგრამის ნაწილობრივ გავლა – საგანმანთლებლო პროგრამის შესაბამისი ნაწილის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, განმცხადებლები განცხადებას დაურთავენ მიღებული განათლების დამადასტურებელ მათ ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს ან/და მიუთითებენ ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი:ა) აღიარებს პირის მიერ მიღებულ განათლებას; ბ) უარს ამბობს პირის მიერ მიღებული განათლების აღიარებაზე.
განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებით, განისაზღვრება, განათლების რა ნაწილი იქნა მიჩნეული აღიარებულად.
სწორედ აღნიშნულის შესაბამისად გამოიცა ცენტრის მიერ 2019 წლის 18 თებერვალს N183522 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო თავადვე უთითებს იმ გარემოებაზე, რაც ცენტრის მხრიდან მიჩნეულია მოსარჩელის განათლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებად, თუმცა არ მიიჩნევს მას საკმარის ფაქტობრივ სამართლებრივ საფუძვლად და აკმაყოფილებს სასარჩელო მოთხოვნას. ზემოხსენებული საკანონმდებლო მოცემულობისა და იმ ფაქტობრივი გარემოების ფონზე, რომ 2006 წლამდე დაწესებულებას, სადაც მოსარჩელე ეკატერინე შუბითიძემ მიიღო განათლება, არ გააჩნდა ლიცენზია, სასამართლო მაინც სრულიად უსაფუძვლოდ არ იზიარებს ცენტრის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
ზემოხსენებული წესის მოქმედების პირობებში ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია საქმეზე სხვაგვარი რეაგირების შესაძლებლობას, ისევე, როგორც სასამართლოა ვალდებული მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და დაასაბუთოს იგი მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით.
სააპელაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სასამართლომ უგულებელყო შემდეგი ფაქტობრივ-სამართლებრივი მოცემულობა:
ეკატერინე შუბითიძის მიერ შპს ,,ჰავაის ამერიკული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში“ 2000-2004 წლებში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ცენტრმა 2019 წლის 05 თებერვალს N124831 და N12844 წერილებით, მიმართა ამერიკულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს და განმცხადებელს, მოითხოვა აღნიშნული წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დოკუმენტაციის (კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმი/ბრძანება, დიპლომის გაცემის რეგისტრაციის დამადასტურებელი სხვა სახის დოკუმენტი/ცნობა, რომელიც ადასტურებს კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს) წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა ეკატერინე შუბითიძის მიერ შპს ჰავაის ამერიკული უნივერსიტეტს თბილისის ფილიალში 2000-2004 წლებში განათლების მიღებისა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტის დადასტურება.
ცენტრში 2019 წლის 02 თებერვალს შესული ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის N1 ( N 155034) წერილის შესაბამისად, ეკა (ეკატერინე) შუბითიძე 2000-2004 წლებში სწავლობდა აღნიშნულ დაწესებულებაში, 2004 წელს მან დაასრულა სამართლისა და დიპლომატიის საბაკალავრო კურსი, მიენიჭა შესაბამისი კვალიფიკაცია (მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული) და მის სახელზე სათაო უნივერსიტეტის მიერ გაიცა SE 112982 დიპლომი. ამასთან, აღნიშნული წერილით მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად ჰავაის ამერიკული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი წარმოადგენდა ამერიკული უნივერსიტეტის ფილიალს საქართველოში, რომელიც ახორციელებდა სათავო უნივერსიტეტის მიერ დადგენილ/ შემუშავებულ საბაკალავრო პროგრამას. სწავლის დასრულების შემდგომ თავად უზრუნველყოფდა კურსდამთავრებულთათვის დიპლომის გადაცემას. შესაბამისად აღნიშნული უნივერსიტეტის ფილიალის მიერ არ ხორციელდებოდა დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოება, ხოლო კურსდამთავრებულთა სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, მათ შორის ბრძანებების და ოქმების დაარქივება დაწესებულების ლიკვიდაციის შემდგომ დაწესებულების მიერ არ მომხდარა, აღნიშნული SE 112982 დიპლომის ეკატერინე შუბითიძისადმი კუთვნილების ფაქტი დადგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის დადგენილებით, საქმე N2/130-19.
ამასთან, ცენტრში დაცული უწყებრივი სალიცენზიო მონაცემების მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006 წლის 20 იანვარს „ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალ კოლეჯზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0612020 ლიცენზია. იმ დროისათვის მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 66 (1) მუხლის თანახმად, ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი კოლეჯი, როგორც ახლადდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ჩაითვალა ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად 5 წლის ვადით. (2010 წლის 28 ივნისიდან ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალ კოლეჯს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი - სასწავლო უნივერსიტეტი. სსიპ - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის 2010 წლის 26 აგვისტოს №21/ს გადაწყვეტილებით, ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალ - სასწავლო უნივერსიტეტს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 5 წლის ვადით. "უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-20 და 88-ე მუხლის მე-3 პუნქტების შესაბამისად, ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი - სასწავლო უნივერსიტეტი ჩაითვალა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ინსტიტუციური აკრედიტაციის დარჩენილი ვადით (2015 წლის 26 აგვისტომდე). ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალ - სასწავლო უნივერსიტეტს 2015 წლის 26 აგვისტოს ამოეწურა ავტორიზაციის ვადა.) შესაბამისად, მას საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება ენიჭება მხოლოდ 2006 წლიდან, აღნიშნული გამომდონარებს მოცემული პერიოდისთვის არსებული სამართლებრივი რეგულირებებიდან, კერძოდ: სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის, (ლიცენზია – სახელმწიფო ორგანოს სპეციალური ნებართვა, რომელიც ლიცენზიის მფლობელს აძლევს უფლებას განსაზღვრული პირობების დაცვით განახორციელოს გარკვეული სახის საქმიანობა); მე-4 მუხლის პირველი პუნქტის "ლ" ქვეპუნქტის, (კერძო აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობაზე ლიცენზიის გამცემი ორგანო – საქართველოს განათლების სამინისტრო;) "სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ა" ქვეპუნქტისა (ლიცენზია – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, განუსაზღვრელი ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით;) და მე-6 მუხლის "ვ" ქვეპუნქტის, (აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებათა საქმიანობაზე ლიცენზიის გამცემი ორგანო – საქართველოს განათლების სამინისტრო;) "საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ვ" ქვეპუნქტის, (ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა (ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიებს გასცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) და მე-4 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის, (ლიცენზირებადი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობის ერთ-ერთი სახეა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა) "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "ა" ქვეპუნქტისა (ლიცენზია – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება) და მე-6 მუხლის 28-ე პუნქტის (საქმიანობის ლიცენზიის ერთ-ერთი სახეა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია) ნორმებიდან გამომდინარე, ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის (თბილისის ფილიალი) 2006 წლის 20 იანვრამდე არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა ლიცენზირებას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობა (ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი), მოცემულ შემთხვევაში - უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელიც დასრულდებოდა კვალიფიკაციის მინიჭებით და სახელმწიფოს მიერ აღიარებული აკადემიური ხარისხის (მათ შორის - ბაკალავრის აკადემიური ხარისხის) ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემით. შესაბამისად არ არსებობს 2006 წლის 20 იანვრამდე განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად მიღებული განათლების აღიარების სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ არა რამდენიმე თვე ან წელი, არამედ, საბაკალავრო პროგრამა სრულად გავლილია არალიცენზირებულ დაწესებულებაში.
ზემოხსენებული ფაქტობრივ - სამართლებრივი გარემოებები უგულებელყოფილია სასამართლო გადაწყვეტილებით, ამასთან, ყურადღება მახვილდება მოცემულობაზე, რომლის მიხედვითაც, ხსენებულ დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესი მხარდაჭერილი იყო სახელმწიფო უწყებათა მხრიდან, თუმცა, ამის ობიექტურად გამოკვეთილი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, გარდა მესამე პირის ახსნა განმარტებისა. საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მხარდაჭერის და სახელმწიფოს ნებართვის ერთადერთი ფაქტი იყო ლიცენზიის მინიჭება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასამართლო, ასევე, უთითებს, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის N 397გ განკარგულებაზე, აღსანიშნავია, რომ ამ განკარგულებით მხოლოდ გადაწყდა ზემოხსენებული დაწესებულების ფილიალის თბილისში შექმნა. ეს განკარგულება არ წარმოადგენდა მისი ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძველს, არამედ იგი იყო მხოლოდ მხარეთა შორის გამოხატული ნების სამომავლო რეალიზებაზე შეთანხმება. აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტი არ მოქმედებდა სამინიტროს მეთოდური უზრუნველყოფის ფარგლებში. აღნიშნულზე შესაბამის უწყებას ინფორმაცია არ მოიპოვება. ცხადია, ეს ლოგიკურიცაა, რადგან ჯერ დაწესებულებას უნდა მიემართა სამინისტროსთვის ლიცენზიის მინიჭების მოთხოვნით, რასაც მოყვებოდა რიგი ღონისძიებები, რომელთა მეთოდური უზრუნველყოფის სახეთათვის მიკუთვნება იქნებოდა შესაძლებელი.
შესაბამისად, ის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც სასამართლო ეყრდნობა, ვერ შეცვლიდა ლიცენზიის არსს, მიზანს, მის საჭიროებას. ზემოხსენებული განკარგულებისადმი ნდობა ვერ ექნებოდა დაწესებულებას, რადგან, მათთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ლიცენზიის არსებობის თაობაზე და მხოლოდ მის საფუძველზე საქმიანობის სავალდებულოობის შესახებ. ლიცენზიით განსახორციელებელი საქმიანობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მის საფუძველზე, აღნიშნულ დოკუმენტს, სხვა სახის, მაგ. პირთა შორის შეთანხმება და ა.შ. ვერ ჩაანაცვლებს, რასაც ასევე გაუთავებლად აპელირებს მესამე პირი - საქმიანობაშეწყვეტილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი.
ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებაში უთითებს, რომ შესაბამისი ნორმატიული აქტები ცენტრს განათლების მიღების ფაქტის დადგენას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი. ამასთან, ირიბადაც არ არის მითითება თუ რა გარემოება არ გამოიკვლია ცენტრმა. სწორედ გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ დადგინდა, რომ სახეზე არ იყო დაწესებულების იმგვარი სამართლებრივი სტატუსი (ლიცენზიის ქონა) რაც შესაძლებელს გახდიდა მიღებული განათლების აღიარებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილების მიღების არგუმენტაცია აცდენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის'' იმ ნორმათა შინაარსსა და მიზანს, რომლებითაც რეგულირებულია საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარების პროცედურა.
სააპელაციო საჩივრის ავტორს თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60-ე (1) მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გარანტირებულ კანონიერი ნდობის პრინციპის არსი და მისი მნიშვნელობა.
საგულისხმოა, რომ ცენტრმა იმსჯელა უმაღლესი განათლების დიპლომის მიმართ ეკატერინე შუბითიძის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხის თაობაზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60(1) მუხლით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ცენტრმა მიიჩნია, რომ ის არ იზღუდება კანონიერი ნდობის პრინციპით, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს, იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. კანონიერი ნდობის მარეგულირებელი ნორმის გამოყენების საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოს, საზოგადოებისა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე მეტყველებს შესაბამისი ლიცენზიის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი, როდესაც საქმიანობის აღნიშნული რეგულირებიდან გამომდინარე, კონკრეტული, ლიცენზირებას დაქვემდებარებული იურიდიული პირის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობისადმი სახელმწიფოს, საზოგადოებასა და მესამე პირებს გააჩნდა მომეტებული ინტერესი, ვინაიდან უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების/საქმიანობის შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან.
გარდა ამისა, დიპლომი არ წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის იმ სამართლებრივ ფორმას, რომელთან მიმართებითაც, ფორმალურად მაინც, შესაძლებელია კანონიერი ნდობის საკითხზე მსჯელობა, კერძოდ, დიპლომს არ გააჩნია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბუნება. ამავდროულად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად (ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე) ადგენს, რომ კანონიერი ნდობის საკითხი მიემართება მხოლოდ აღმჭურველ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საკითხის მომწესრიგებელი დანაწესებიდან ნათლად იკითხება კანონმდებლის ნება, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ ზემოაღნიშნულ საქმიანობის სამართლებრივ ფორმასთან მიმართებითაა შესაძლებელი დაცულ იქნეს აქტის ადრესატის კანონიერი ინტერესები კანონიერი ნდობის, როგორც დამცველობითი ფუნქციის მქონე ინსტიტუტის მეშვეობით.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები ვრცელდება სწორედ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო (ცენტრი) ბათილად ცნობს თავის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამიტომ იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმა ცენტრმა გამოიყენოს გადაწყვეტილების მიღებისას, ცენტრის მიერ უნდა იყოს განხორციელებული ისეთი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც ეკატერინე შუბითიძემ მიიღო რაიმე უფლება ან სარგებელი. გამოცემული აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ბათილად ცნობდა ეკატერინე შუბითიძის მიმართ ადრე გამოცემულ აქტს, რომლითაც იგი აღიჭურვა გარკვეული უფლებით ან რომლითაც მან მიიღო სარგებელი. (მეტიც, მოცემულ საქმეში განსახილველია განათლების აღიარების საკითხი, შესაბამისად, არსობრივად, ამეტაპზე არც არსებობს მოსარჩელის სახელზე გამოცემული აქტი). ამდენად, აღნიშნულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია.
ამასთან, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს, იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. კანონიერი ნდობის მარეგულირებელი ნორმის გამოყენების საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოს, საზოგადოებისა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე მეტყველებს ლიცენზიის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი, ამგვარი საქმიანობის შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან. საგულისხმოა ისიც, რომ კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს. იგი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განკუთვნილი ინსტრუმენტია. ცხადია, ეს გულისხმობს, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა უფლებამოსილი თავისი მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დროს, უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების შეპირისპირება და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
ამდენად, თუნდაც დავუშვათ, რომ დიპლომთან მიმართებით შესაძლებელია არსებობდეს კანონიერი ნდობა, მოცემულ შემთხვევაში კანონიერების პრინციპს, ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, უნდა მინიჭებოდა უპირატესი მნიშვნელობა კანონიერი ნდობის პრინციპთან მიმართებით. საქართველოს უზენაესი სასამართლო ვრცლად მსჯელობს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპის შეპირისპირებაზე. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ "აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (მიუხედავად მისი უკანონობისა) განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებას. ამ პირობებში უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული სამართლის ასევე უმნიშვნელოვანესი კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს შორის კონფლიქტი და თანაზომიერების პრინციპის მეშვეობით დადგინდეს, თუ რომელი პრინციპის დაცვა არის კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტული, რომელი პრინციპია აღმატებული ხარისხის და რომლის უზრუნველყოფა არის დაცვის ღირსი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის ,,კანონიერების პრინციპი", რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. ამ მნიშვნელოვან პრინციპს უპირისპირდება კანონმდებლის მიერ აღიარებული ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი". ორივე პრინციპი კონსტიტუციური რანგისაა და გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან. ამდენად, შეუძლებელია ცალსახად პრობლემის გადაწყვეტა. ადმინისტრაციული წარმოებისა და ადმინისტრაციული სასამართალწარმოების ამოცანაა კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას მოახდინონ ამ ორი პრინციპის შეპირისპირება და თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღება. (#-ბს-143-137(კ-10), 6 ივლისი, 2010 წელი). შესაბამისად, იმ პირობებში, თუ სასამართლო ჩათვლიდა, რომ დიპლომთან (რომელიც არ არის ინდივიდიულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) მიმართებითაც შესაძლებელია კანონიერი ნდობის პრინციპზე მსჯელობა, მას მყარად უნდა დაესაბუთებინა რა გარემოებებზე დაყრდნობით ჩათვალა, რომ კანონიერების პრინციპი მოცემულ შემთხვევაში არ იყო უპირატესი მნიშვნელობის მქონე. სასამართლო გადაწყვეტილებით გაბათილებული უნდა ყოფილიყო ცენტრის აქტში ასახული დასაბუთებული მსჯელობა, საიდან გამომდინარეც მოსარჩელეს არ გააჩნდა კანონიერი ნდობა. აღნიშნულის გარეშე, მხოლოდ კანონიერი ნდობის პრიმატზე მითითება და მასზე გადაწყვეტილების დაყრდნობა, კანონსაწინააღმდეგო შედეგის არსებობის წინაპირობაა. კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენება არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს განათლების სისტემის სამართლებრივად გამართულ ფუნქციობირებას.
შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ავტორისთვის გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ კანონიერი ნდობის პრიმატი კანონიერების პრინციპთან მიმართებით. ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება აზრს უკარგავს ადმინისტრაციულ წარმოებას და ადმინისტრაციულ ორგანოს აიძულებს მიიღოს აშკარად კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რითიც უგულებელყოფს კანონიერების პრიცნიპს.
მოცემულ შემთხვევაში, ცენტრმა გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარების „წესის“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა „წესის" ნორმები, რომლებიც საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების და განათლების აღიარების პროცედურასა და წესს არეგულირებენ.
შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას ცენტრმა შეამოწმა სახეზე იყო თუ არა შესაბამისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები ეკატერინე შუბითიძის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის. მოცემულ შემთხვევაში ცენტრმა იმოქმედა მმართველობის კანონიერების პრინციპის შესაბამისად.
საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ასეთი ფართო განმარტება, საფრთხეს უქმნის თავად სასამართლო წარმოების მიზანს, მიღებულ იქნას კანონთან შესაბამისი, სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება. საკანონმდებლო რეგულაციებისაგან ამდენად განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რაც შესაძლოა გამომდინარეობდეს სასამართლოს შინაგანი რწმენიდან (თუმცა, შინაგანი რწმენის საფუძველსაც კანონი წარმოადგენს), უდავოა, რომ გადაწყვეტილება მოითხოვს მეტ დასაბუთებასა და არგუმენტაციას.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კერძო და საჯარო ინტერესზე. თუმცა არ ასაბუთებს ცენტრმა სად დაარღვია ეკატრინე შუბითიძის მიმართ კერძო და საჯარო ინტერესი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი არეგულირებს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისთვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განიმარტება დისკრეციული უფლებამოსილების ცნებაც, რომლის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო ან კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ხოლო ამავე კოდექსის თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ვადებში. მოცემულ შემთხვევაში ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, შესაბამისად ამ ეტაპზე საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით რამოდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ცენტრი იმოქმედებდა იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა რამდენიმე პოზიტიური ან რამდენიმე ნეგატიური გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთის შერჩევით.
სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ არც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და არც სხვა სამართლებრივი აქტი, არ ავალდებულებს ცენტრს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ კონკრეტულ პირს გააჩნია კერძო ინტერესი ქონდეს უმაღლესი განათლება, უგულებელყოს კანონმდებლობის მოთხოვნები და მმართველობითი ღონისძიება განახორციელოს კანონდარღვევით, ყოველივე ეს კი, თვითნებურად საჯარო და კერძო ინტერესების დისბალანსს დააბრალოს.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, ცენტრს არ შეუზღუდავს მოსარჩელისთვის უმაღლესი განათლების მიღების უფლება და არც წარსულში მიღებული სწავლების შედეგი გაუბათილებია. ცენტრმა მხოლოდ კანონმდებლობის და ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების სრული დაცვით გამოსცა აქტი, რომლითაც კი არ გააუქმა მოსარჩელის მიერ მიღწეული სწავლის შედეგები, არამედ მოახდინა მხოლოდ მათი ფიქსაცია და სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. ამდენად, გაუგებარია რატომ წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობის კონკრეტული ნორმების რეალიზება, კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის დარღვევას და კერძო ინტერესის დაუსაბუთებელ შეზღუდვას.
სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ცენტრი არღვევდეს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლს, რომლის შესაბამისადაც ,,არავის შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციების შესრულების დროს, რომელსაც იგი განათლებისა და სწავლების დარგში (...)“. ცენტრი აღნიშნავს, რომ მოსარჩელისთვის არავის აუკრძალავს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების მიღების უფლება. ამასთან, ცენტრს არ უგულებელყვია და არ გაუბათილებია მათ მიერ უკვე მიღებული სწავლის შედეგები, არამედ ცენტრმა თავის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მოახდინა იმ ფაქტების კონსტატაცია, რომლებიც დასტურდებოდა სხვადასხვა სახის მტკიცებულებებით და ამ ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად მივიდა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგამდე.
სააპელაციო საჩივრის ავტორის თქმით, ცენტრი გადაწყვეტილების მიღებისას სრულიად იზიარებს ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-13 მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადმიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემა.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ცენტრის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე ეროვნული და საერთაშორისო აქტების გათვალისწინებით გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ზემოაღნიშნულ ნორმებთან. შესაბამისად, ცენტრს არ დაურღვევია ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი“ და არ შეუზღუდავს კონკრეტული პირის, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის უფლება მიიღოს განათლება.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დადგენილი შინაარსი.
საგულისხმოა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით განმტკიცებული ყველა ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, ლიცენზირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის პირობებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა არღვევს სხვა პირთა (ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ის პირები, რომლებმაც სწავლა დაასრულეს იმავე ან ანალოგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის სახელმწიფოს მხრიდან აღიარების რეჟიმში და მოიპოვეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება ან ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის ამავე ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების ის სტუდენტები, რომელთაც არ მიეცათ სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ან, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება) უფლებებს, რა დროსაც ვერ ხორციელდება ყველასათვის თანაბარი უფლების რეალიზაცია. არათანასწორი მოპყრობის პირობებში ადგილი აქვს მნიშვნელოვნად თანასწორისადმი თვითნებურად უთანასწოროდ ან მნიშვნელოვნად უთანასწოროსადმი თვითნებურად თანასწორად მოპყრობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანასწორობის პრინციპის დარღვევად ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან კანონის ნორმის ადრესატთა ერთი ჯგუფისადმი, ადრესატთა მეორე ჯგუფთან შედარებით, განსხვავებულად მოპყრობა იმის მიუხედავად, რომ ჯგუფებს შორის არ არსებობს ისეთი მასშტაბის განსხვავება, რომლითაც შეიძლება გამართლებული იქნეს უთანასწორო მოპყრობა. ზემოხსენებული სამართლებრივი აქტების საფუძველზე, არ დგინდება კანონის ნორმის ადრესატთა დიფერენცირების (არათანასწორი მოპყრობის) ლეგიტიმური საჯარო მიზანი, დიფერენცირების გამოსადეგი კრიტერიუმის, დიფერენცირების ინტენსივობისა და სიძლიერის აუცილებლობის და თავად დიფერენცირების შესაბამისობის (ზომიერების) არსებობა.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები, მისცა მათ არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება და სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ეკატერინე შუბითიძის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში - ჰავაის ამერიკული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში მიღებული განათლების აღიარება.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განათლების მიღების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას.
დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით ეკატერინე შუბითიძეს ამერიკულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში მიღებული განათლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ამერიკულ ჰუმანიტარული უნივერსიტეტი ეკატერინე შუბითიძისათვის 2000-2004 წლებში უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის სფეროში საგანმანათლებლო მომსახურების გაწევისა და მისთვის 2005 წელს კვალიფიკაციის მინიჭების პერიოდში არ ფლობდა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიას. ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტი 2006 წლის 20 იანვრამდე არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა ლიცენზირებას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობა.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის N397გ განკარგულების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გამა“-სა და ამერიკის შეერთებული შტატების ჰავაის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქ. თბილისში შეიქმნა ჰავაის უნივერსიტეტის ფილიალი. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ოქტომბრის დადგენილებით დარეგისტრირდა შპს ჰავაის ამერიკული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი. აღნიშნული დაწესებულება საქმიანობდა საქართველოში ლიცენზირების გარეშე. შესაბამისად, მის მიერ წარმოებული სასწავლო პროცესი ჩართული არ იყო საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში, თუმცა მხარდაჭერილი იყო საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან და სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა დამფუძნებელი სასწავლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, ასევე სასწავლო პროგრამებით.
პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის პრეტენზიებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ და მიუთითებს „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) აღიარებს პირის მიერ მიღებულ განათლებას; ბ) უარს ამბობს პირის მიერ მიღებული განათლების აღიარებაზე. ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განათლების მიღების ფაქტის დადგენას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.
სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას კანონიერი ნდობის პრინციპზე მითითების თვალსაზრისით და განმარტავს, რომ არ შეიძლება მოქალაქეს მოეთხოვოს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ასეთი გათვალისწინებულია კანონით. დაუშვებელია პირისთვის განმსაზღვრელ უფლებაზე ისეთი სახის საკანონმდებლო რეგულაციის გავრცელება, რომელიც ქმედების განხორციელების დროს არ იყო კანონით გათვალისწინებული და გონივრული განსჯის შედეგად განჭვრეტადი მაშინ, როდესაც არის დაცული პროპორციულობა კერძო პირთა და საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს შორის.
სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის, მნიშვნელოვანია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, თუმცა მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად, კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც, დაცვის ღირსია პირის კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
პალატა დადგენილად მიიჩნევს რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ამასთანავე, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას, მოსარჩელე ენდობოდა მის მიმართ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში, ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა. დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას.
პალატის მოსაზრებით, ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა უნდა იყოს დაცული, კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ, უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება. მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონიერების პრინციპის აღმატებული დაცვის ინტერესესი, შესაბამისად, მოქალაქის ნდობა უფრო მნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აპელანტ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე: მანანა ჩოხელი
მოსამართლეები: გიორგი ტყავაძე
ლეილა მამულაშვილი