განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2020
საქმის ნომერი
180100119003205800
ინსტანცია
თარიღი
05.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100119003205800

საქმე № 1ბ/64 -20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - ა-----–---------–-----ი, დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ–------------–----–----------------–----------–---------

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

სასჯელი:

ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ-------------–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ა-----–---------–-----ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. აპელანტი საჩივარში უთითებს, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სათანადოდ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული, კერძოდ, ძალადობის ხასიათი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი და განუსაზღვრა აშკარად მსუბუქი სასჯელი. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ა-----–---------–-----ის მიმართ დანიშნული მსუბუქი სასჯელი, ვერ მოახდენს დანაშაულის პრევენციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სხვა პირებზე ზემოქმედებას, რათაც მათაც არ ჩაიდინონ ანალოგიური დანაშაული. ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს უნდა დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

ა-----–---------–-----მა ჩაიდინა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 06 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ--------------------------–---------–-------ში, ა-----–---------–-----ი სასტიკად მოეპყრო ცხოველს, კერძოდ, საკუთარი სახლის ეზოში, მის სახელზე რეგისტრირებული გლუვლულიანი სანადირო თოფიდან ესროლა მეტისის ჯიშის უპატრონო ძაღლს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად დაიღუპა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა-----–---------–-----ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ა-----–---------–-----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ა-----–---------–-----ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - თ--------------–-------------------------–------ს, ა-----–---------–-----ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით, ამოღებული სისხლის ლაქა და ძაღლის ლეში, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილით, გამოცდის და გაკვეთის ოქმით, ამოღების ოქმით და ამოღებულ სანადირო თოფით, ქიმიური, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ა-----–---------–-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა-----–---------–-----მა ჩაიდინა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ა-----–---------–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ გულწრფელად აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული.

ა-----–---------–-----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა იარაღის (გლუვლულიანი სანადირო თოფის) გამოაყენებით.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა, ხოლო ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა მისი ქონებრივი შესაძლებლობა (სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თიანეთის რაიონული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელ მ---------–---–-- მიმართვის წერილის თანახმად, ა-----–---------–-----ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში). სააპელაციო პალატა მიუითითებს, რომ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელების შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არის არასამართლიანი და დაუსაბუთებელი, ვინაიდან კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სახით - ჯარიმის დანიშვნა, ყოველთვის არ გულისხმობს მის უსამართლობას.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ა-----–---------–-----ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული მსუბუქი სასჯელი ვერ მოახდენს დანაშაულის პრევენციას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სხვა პირებზე ზემოქმედებას, რათა მათაც არ ჩაიდინონ ანალოგიური დანაშაული. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ ა-----–---------–-----ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთ მითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.

 

სააპელაციო პალატა ასევე, ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, ა-----–---------–-----ის მიმართ დამატებითი სასჯელის დანიშნვის და დანაშაულის იარაღის - სანადირო თოფის ჩამორთმევის შესახებ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მე- 2 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი. არ არის სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობა ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით საჭიროება, ან/და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რომ ა-----–---------–-----ს ჩამორთმევას გლუვლულიანი სანადირო თოფი, ვინაიდან ა-----–---------–-----ი არ არის საზოგადოებისათვის საშიში პიროვნება, მისი წარსული არაფრით არ არის შებღალული, მან აღნიშნული იარაღი გამოიყენა თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მაშინ როდესაც თავისი წარმოდგენით, უცხო ძაღლმა მის ეზოში საფრთხე შეუქმნა ოჯახის წევრების უსაფრთხოებას. ამასთან, ა-----–---------–-----ს შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული აქვს გლუვლულიანი სანადირო თოფი, რომლის გამოყენების წესების დარღვევისათვის არასდროს არ არის შემჩნეული.

 

სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები, ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ მითითებული საფრთხეებიც და სწორედ, აღნიშნული გარემოებების შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ა-----–---------–-----ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სახის სასჯელის - ჯარიმის დანიშვნის შესახებ და ითვალისწინებს რა ა-----–---------–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ა-----–---------–-----ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს სისხლისსამართლებრივი სანქცია გამოყენებული, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას ა-----–---------–-----ის მიმართ სასჯელის გამკაცრება მიზანშუწონლად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა ა-----–---------–-----ის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულებისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა-----–---------–-----ის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია სასჯელის სახით-ჯარიმის გამოყენება, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ა-----–---------–-----ის სათანადო ქცევას.

 

ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ა-----–---------–-----ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი ა-----–---------–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ა-----–---------–-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ა-----–---------–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს ა-----–---------–-----ს პ--------------- სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი წითელი ლაქა, რომელიც დალუქული სახით ინახება შსს თიანეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში განადგურდეს, ხოლო გლუვლულიანი სანადირო თოფი და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა - რომელიც დალუქული სახით ინახება შსს თიანეთის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს - ა-----–---------–-----ს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი