განაჩენი

სისხლის სამართლის 10.02.2020
საქმის ნომერი
330100119002948668
ინსტანცია
თარიღი
10.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002948668

№1ბ/1943-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 თებერვალი 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე

სხდომის მდივნები: ნანა გიგიტაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები: ზურაბ კახეთელიძე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ი-–------------ე

მსჯავრდებული: ს----- მ---–-–---–ი, დაბადებული: 1----–-–----------------–ს, პირადი ნომერი: 4----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----–--------–----–------------------------------------------------ში.

 

კვალიფიკაცია ბრალდების დადგენილების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილი (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა), საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და საქართველოს სსკ-ის 19,3781-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მესამე ნაწილი (პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის აკრძალული საგნის - ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით).

 

სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა ზურაბ კახეთელიძემ და მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, ს----- მ---–-–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ–ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით, სსკ–ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ–ის 19,3781-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. შემდეგ გარემოებათა გამო: მოწმე ვ------- დ-----ის ჩვენებით, ს----- მ---–-–---–ს უშუალო კონტაქტი ჰქონდა როგორც ხელსაქმით დაკავებულ, ასევე ძირითადი სარეჟიმო კორპუსის მე-3 სართულის A, B და C ფლიგელის საკნებში განთავსებულ პატიმრებთან და მას არ ჰქონდა შეზღუდვა ნებისმიერი პატიმრისთვის გადაეცა ნივთი, რაც შეიტანა მე-15 დაწესებულებაში. აღნიშნული ასევე დადასტურებულია მოწმეების, ს----- ო----–-–---–ის, გ------- ა--–-–---–ის და ჯ---- კ------–--ის ჩვენებებით, ს----- მ---–-–---–ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ 2016 წლის 5 აპრილის ბრძანებით. მსჯავრდებულ ს----- მ---–-–---–ს დაწესებულებაში შეჰქონდა ორი სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალება, რაც იმთავისთვე გამორიცხავს პირადი მოხმარების მიზანს. ვინაიდან პენიტენციური დაწესებულება არის დახურული სისტემა, რომელიც დაქვემდებარებულია უსაფრთხოებისა და რეჟიმის განსაკუთრებულ წესს, აღჭურვილია ვიდეოსათვალთვალო კამერებით, შესაბამისი დანაყოფები მუდმივად ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს და შეუძლებელია ს----- მ---–-–---–ს მოეხმარა ამ რაოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება დაწესებულების ტერიტორიაზე და აღნიშნული შეუმჩნეველი დარჩენილიყო სხვა თანამშრომლებისთვის ან პატიმრებისთვის. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს, რომ ს----- მ---–-–---–ს განზრახული ჰქონდა მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გადაეცა დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა დაწესებულებაში შესვლამდე შეამოწმებდნენ მსჯავრდებული შეგნებულად მიდის რისკზე და ცდილობს შენიღბული ფორმით შეიტანოს ნარკოტიკული საშუალება დაწესებულებაში შემდგომი გასაღების მიზნით და აღნიშნული გამორიცხავს განაჩენში არსებულ მსჯელობას, რომ ნარკოტიკული საშუალების გადაცემა არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს, გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება და ს----- მ---–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით, სსკ–ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ–ის 19,3781-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე, მსჯავრდებულ ს----- მ---–-–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი-–------------ემ და მოითხოვა დანიშნული სასჯელის შემსუბუქება. შემდეგ გარემოებათა გამო: ს----- მ---–-–---–მა გულწრფელად აღიარა და მოინანია დანაშაულის ჩადენა და ითანამშრომლა გამოძიებასთან, შემოწმების დაწყებამდე ნებაყოფლობით წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება შემმოწმებელ პირებს. სასამართლომ არასწორად მიუთითა დამამძიმებელ გარემოებად, რომ მსჯავრდებული იყო საჯარო მოხელე და დანაშაულის ჩადენით შელახა საჯარო მოხელის იმიჯი და რეპუტაცია. ამ დროს კი ისეთმა შემამსუბუქებელმა გარემოებებმა, როგორიცაა კმაყოფაზე მყოფი ავადმყოფი მეუღლე და 4 მცირეწლოვანი შვილი და არის საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილე, ასახვა ვერ ჰპოვა განაჩენის დადგენილებით ნაწილში. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს, გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება, ს----- მ---–-–---–ს შეუმსუბუქდეს სასჯელი და დანიშნული სასჯელის ნაწილი შეეცვალოს პირობითი მსჯავრით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა ზურაბ კახეთელიძემ, მხარი დაუჭირ აბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებული ს----- მ---–-–---–ი დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ფარგლებში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, მსჯავრდებულმა ს----- მ---–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-–------------ემ მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, მოითხოვეს სასჯელის შემსუბუქება და დანიშნული სასჯელიდან ნაწილის შეცვლა პირობითი მსჯავრით.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

ს----- მ---–-–---–მა ჩაიდინა, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის აკრძალული საგნის - ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ქ-----–-------------------------–----------------------ში მცხოვრებმა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N15 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორმა ს----- მ---–-–---–მა უკანონოდ შეიძინა და ამავე მისამართზე შეინახა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა წონით 65,8 გრამი. ასევე უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი წონით 0,00933 გრამი და გამომშრალი მარიხუანა წონით 2,4 გრამი.

2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 09:35 საათზე, ს----- მ---–-–---–ი გამოცხადდა მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანში მდებარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის N15 დაწესებულებაში, რა დროსაც მას მსჯავრდებულისათვის გადაცემის მიზნით, სამსახურებრივი უნიფორმის საყელოში შენიღბული სახით მოთავსებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები - ბუპრენორფინი წონით 0,00933 გრამი და გამომშრალი მარიხუანა წონით 2,4 გრამი, რაც აღმოჩენილი იქნა მისი შემოწმება - დათვალიერების დროს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ს----- მ---–-–---–ის ბრალეულობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3781-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ს----- მ---–-–---–მა ჩაიდინა, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა და ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.

 

ს----- მ---–-–---–ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედებების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის N15 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორმა ს----- მ---–-–---–მა უკანონოდ შეიძინა და ქ-----–-------------------------–----------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში შეინახ,ა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა წონით 65,8 გრამი.

 

ასევე უკანონოდ შეიძინა და სამსახურებრივი უნიფორმის საყელოში შეინახა, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი წონით 0,00933 გრამი და გამომშრალი მარიხუანა წონით 2,4 გრამი, რომლებიც 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 09:35 საათზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N15 დაწესებულების ტერიტორიაზე, მისი შემოწმება-დათვალიერებისას იქნა აღმოჩენილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით:

 

ს----- მ---–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-3781 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს----- მ---–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.

 

ს----- მ---–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ს----- მ---–-–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ს----- მ---–-–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

მსჯავრდებულ ს----- მ---–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 5 თებერვლიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის N15 დაწესებულების დირექტორის მოადგილის ვ------- დ-----ის და უსაფრთხოების განყოფილების უფროსის - მოწმე ს----- ო----–-–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული შემოწმება - დათვალიერების ოთახში, სადაც განთავსებულია სკანერების აპარატი, მოხდა სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის ს----- მ---–-–---–ის შემოწმება. შემოწმების დაწყებამდე, ს----- მ---–-–---–ს შეეთავაზა რამე აკრძალული ნივთი ან ნივთიერება თუკი ჰქონდა, ნებაყოფლობით წარმოედგინა. ს----- მ---–-–---–მა ქურთუკიდან მოისხნა საყელო და შემმოწმებელ პირებს განუცხადა, რომ საყელოში შენახული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. ვ------- დ-----ემ, ს----- მ---–-–---–ის თანდასწრებით შეამოწმა ქურთუკის საყელო, საყელოს ერთ-ერთ საღილეში აღმოჩნდა შავი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული ნივთიერება.

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის N15 დაწესებულების, უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორის - მოწმე გ------- ა--–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული შემოწმება - დათვალიერების ოთახში, ჩატარდა სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის ს----- მ---–-–---–ის შემოწმება. ს----- მ---–-–---–ის ქურთუკის საყელოში აღმოჩენილი იქნა პოლითილენის პარკი, მასში მოთავსებული ნივთიერებით. ამოღებული ობიექტები, ქურთუკის საყელო და პოლითილენის პარკი დაილუქა გ------- ა--–-–---–ის მიერ.

 

ნივთიერი მტკიცებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის N15 დაწესებულების შემოწმება - დათვალიერების ოთახში განთავსებული კამერის ვიდეო ჩანაწერი, რომელიც დეტალურად ასახავს შემოწმების ოთახში 2019 წლის 5 თებერვალს, 09:34 საათიდან 10:09:16 საათის პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, სრულ თანხვედრაშია მოწმეების გ------- ა--–-–---–ის, ვ------- დ-----ის და ს----- ო----–-–---–ის ჩვენებებთან. 09:36:30 საათზე კადრში ნათლად ჩანს შემოწმების პროცესი, ს----- მ---–-–---–მა მოიხსნა ქურთუკის საყელო და მიაწოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის N15 დაწესებულების დირექტორის მოადგილეს ვ------- დ-----ეს, რომელიც იწყებს მის შემოწმებას. 09:37:26 საათზე ვ------- დ-----ე ქურთუკის საყელოს დებს სკანირების აპარატზე. კადრში ჩანს ს----- მ---–-–---–ის ქურთუკის საყელოდან პოლითილენის პარკის ამოღების ფაქტი.

 

გამომძიებლის ბ----- ლ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N15 დაწესებულებაში ჩატარებული შემოწმების შედეგად სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის ს----- მ---–-–---–ის სამსახურებრივი ქურთუკის საყელოდან ამოღებული იქნა ნარკოტიკული ნივთიერება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

უდავო მტკიცებულებები:

 

N15 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ჯ----ს კ------–--ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, მოწმე სკანირების ოთახის კართან, შუშის მეშვეობით ადევნებდა თვალს ს----- მ---–-–---–ის შემოწმებას. სამსახურებრივი ქურთუკის საყელოს შემოწმების დროს შევიდა ოთახში, რა დროსაც დაინახა, რომ ვ------- დ-----ემ ბრალდებულის ქურთუკის საყელოდან ამოიღო მცირე ზომის მოშავო ფერის ფუთა. საყელო და საყელოში მოთავსებული ფუთა დაილუქა ს----- მ---–-–---–ის თანდასწრებით.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, 13:22 საათზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო ოპერატიული სამმართველოს გამომძიებელმა ბ----- ლ------ემ დააკავა პენიტენციური სამსახურის N15 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი ს----- მ---–-–---–ი.

 

2019 წლის 5 თებერვალს, 16:20 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში, ქ-----–-------------------------–----------------------ში მდებარე ს----- მ---–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარებული იქნა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა მომწვანო-მოყავისფრო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული დაქუცმაცებული ნივთიერება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 6 თებერვლის N483/სქ-573/ქრ.-215/ტრ. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა:

ს----- მ---–-–---–ის ქურთუკის საყელოდან ამოღებული მწვანე გამომშრალი მასა, წონით 2,4 გრამი წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას.

ს----- მ---–-–---–ის ქურთუკის საყელოდან ამოღებული გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭერში გადახვეული თეთრი ოვალური ფორმის ტაბლეტი, წარწერით B8, წონით 0,39 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით 0,00775 გრამს. თეთრი ქაღალდის და შემდგომ ოქროსფერ ფოლგის ნაჭერში შეხვეული თეთრი ფხვნილი ტაბლეტის ნატეხების ჩანართებით, წონით 0,08 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით 0,00158 გრამს. წარმოდგენილ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა 0,00933 გრამი.

ს----- მ---–-–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მომწვანო-მოყავისფრო მცენარეული მასა, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას საერთო წონით 65,8 გრამი.

ს----- მ---–-–---–მა დასკვნით და საბოლოო სიტყვაში დაადასტურა, 2019 წლის 5 თებერვალს, მისი სამსახურებრივი ქურთუკის საყელოდან და საცხოვრებელი ბინიდან ნარკოტიკული ნივთიერებების ამოღების ფაქტი და განმარტა, რომ არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებებს ინახავდა პირადი მოხმარებისთვის.

 

2019 წლის 5 თებერვლის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N702411 დასკვნის მიხედვით, ს----- მ---–-–---–ს ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორის ზურაბ კახეთელიძის და მსჯავრდებულ ს----- მ---–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-–------------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ს----- მ---–-–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, ,,არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება, როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე, უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა “, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „ არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი “.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/).

 

სააპელაციო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, სრულიად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არსებულ მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ს----- მ---–-–---–ის მიერ, საქართველოს სსკ–ის 19,3781-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. რაც შეეხება საქართველოს სსკ–ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ–ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს, მათი ჩადენა გარდა მსჯავრდებულ ს----- მ---–-–---–ის აღიარებისა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული და უდავო - ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ: ს----- მ---–-–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებით, ს----- მ---–-–---–ის შემოწმება-დათვალიერების ამსახველი ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმით, ვიდეოჩანაწერით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებით, მოწმეების ვ------- დ-----ის, ს----- ო----–-–---–ის, გ------- ა--–-–---–ის და ჯ---- კ------–--ის ჩვენებებით და 2019 წლის 6 თებერვლის N483/სქ-573/ქრ.-215/ტრ. ექსპერტიზის დასკვნით.

 

სააპელაციო პალატა, სრულიად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არსებულ მსჯელობას, რომ სასამართლოში გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ ს----- მ---–-–---–ი, 2019 წლის 5 თებერვალს გეგმავდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის აკრძალული საგნის - ნარკოტიკული საშუალების გადაცემას. მსჯავრდებულის განმარტებით, იგი არის ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი, 2019 წლის 5 თებერვალს პირადი მოხმარებისთვის შეინახა სამსახურებრივი ქურთუკის საყელოში ორი სახის ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც იმ დღეს სამსახურში უნდა მოეხმარა, იგი ამ ნივთიერებების გადაცემას სხვა პირისითვის - მსჯავრდებულისთვის არ გეგმავდა, ამ განმარტების საწინააღმდეგოდ ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ს----- მ---–-–---–ის პოზიციას და ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ამ ეპიზოდში მის ბრალეულობაში. ის, რომ ს----- მ---–-–---–ი არის ნარკოტიკების მომხმარებელი, გარდა მისი განმარტებისა, მტკიცდება ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითაც. შესაბამისად, აპელანტის პოზიციას - ვინაიდან ს----- მ---–-–---–ს უშუალო კონტაქტი ჰქონდა N15 დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმრებთან, დაწესებულებაში შეჰქონდა ორი სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალება და ვინაიდან პენიტენციური დაწესებულება არის დახურული სისტემა, რომელიც დაქვემდებარებულია უსაფრთხოებისა და რეჟიმის განსაკუთრებულ წესს, აღჭურვილია ვიდეოსათვალთვალო კამერებით, შესაბამისი დანაყოფები მუდმივად ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, შეუძლებელი იქნებოდა ს----- მ---–-–---–ს მოეხმარა ამ რაოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება დაწესებულების ტერიტორიაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ ბრალდების მხარის მოსაზრებას და ვარაუდს და არა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის იმ სტანდარტს, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ს----- მ---–-–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა - პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის აკრძალული საგნის - ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ამასთან აპელანტის მტკიცება, რომ ს----- მ---–-–---–ი ვერ შეძლებდა ნარკოტიკული საშუალების დაწესებულების ტერიტორიაზე მოხმარებას და ეს ადასტურებს ნარკოტიკული საშუალების დაუდგენელი მსჯავრდებულისათვის გადაცემის მცდელობას - არალოგიკურია, ვინაიდან ს----- მ---–-–---–ს უფრო მეტი თავისუფლება და შესაძლებლობები გააჩნდა დაწესებულების ტერიტორიაზე მოეძებნა მყუდრო, შესაფერისი ადგილი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, ვიდრე დაწესებულებაში მყოფ ნებისმიერ მსჯავრდებულს, რომელთა გადაადგილება და შესაძლებლობები უფრო მეტად შეზღუდულია და კონტროლდება, ვიდრე თანამშრომლის.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, ს----- მ---–-–---–ის ბრალდების საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსკ–ის 19,3781-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებაში, საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით, მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მომზადებაზე. მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, მათ უტყუარობაზე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული, სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

მსჯავრდებულ ს----- მ---–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე, კმაყოფაზე ჰყავს ავადმყოფი მეუღლე და 4 არასრულწლოვანი შვილი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, დანაშაულის ჩადენა ისეთ დაწესებულებაში, რომელიც ექვემდებარება უსაფრთხოებისა და რეჟიმის განსაკუთრებულ წესებს.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ს----- მ---–-–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვს წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილი - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოციდან ორას ოც საათამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.“.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის - დაცვის მხარის მოთხოვნას სასჯელის შემცირების თაობაზე და განმარტავს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა: მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ასევე დანაშაულის ჩადენის მოტივი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მსჯავრდებულის პიროვნება, შესაძლო მართლსაწინააღმდეგო შედეგი და მსჯავრდებულოის დამოკიდებულება სამსახურებრივ ვალდებულებებსა და სტატუსზე, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ცდილობდა დახურულ დაწესებულებაში და სამსახურებრივი მოვალეობის - მსჯავრდებულთა უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის განხორციელებას აპირებდა ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ და ს----- მ---–-–---–ს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელის სახე და ზომა. ასევე დაუსაბუთებელია აპელანტის პოზიცია, დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის მოთხოვნასთან მიმართებაშიც, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი მსჯავრდებულ ს----- მ---–-–---–ს წაასწრეს დანაშაულის ჩადენის მომენტში, როდესაც უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. პალატა განმარტავს, ს----- მ---–-–---–ის მიმართ დანიშნულია სასჯელის ის სახე და ზომა, რომლის პირობებშიცაა შესაძლებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის, საქართველოს გენერალური პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორის ზურაბ კახეთელიძის და მსჯავრდებულ ს----- მ---–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-–------------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ს----- მ---–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 297-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, საქართველოს გენერალური პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორის ზურაბ კახეთელიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ს----- მ---–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-–------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ს----- მ---–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.

 

ს----- მ---–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-3781 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს----- მ---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ს----- მ---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ს----- მ---–-–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ს----- მ---–-–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

მსჯავრდებულ ს----- მ---–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონიძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ ს----- მ---–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს, ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 5 თებერვლიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ:

 

ნარკოტიკული ნივთიერებები, შუშის ქილები, კუსტარულად დამზადებული მოწყობილობა და ქურთუკის საყელო - განადგურდეს.

 

ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონები, 2 ცალი სიმ ბარათი, მეხსიერების ჩიპი, ფულადი თანხა 9 ლარი და სამსახურებრივი მოწმობა - დაუბრუნდეს მსჯავრდებულის მიერ მათ შენახვაზე უფლებამოსილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე