განაჩენი

სისხლის სამართლის 20.02.2020
საქმის ნომერი
010100119003248266
ინსტანცია
თარიღი
20.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100119003248266

საქმე №1/ბ-798-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

12 თებერვალი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე ლერი თედორაძე

მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - ა----–----–---------ს

მსჯავრდებულის - ნ-----–------------ის

ადვოკატების - პ------------–--ის, ქ-------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა, სისხლის სამართლის საქმე, ნ-----–-------------------------ის მიმართ, დაბადებული 2--------- (პირადი №0----------), საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ.თ---–--------–---------

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით ნ-----–------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:

- ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება;

 

- ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება ან შეძენა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჩადენილი ჯგუფურად;

 

- ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.

 

ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის N42 ბრძანებით, დამტკიცდა „დამატებითი ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესი და პირობები.“

 

გ----------–------–---–ი, ა---------–--ე, ნ-----–------------ი და სხვა მონაწილენი 2019 წლის თებერვალში შეკავშირდნენ და განიზრახეს მათ მიერ დაფუძნებული კომპანიებით ფიქტიური სამეურნეო ოპერაციების განხორციელება, უსაფუძვლოდ დღგ-ს ზედმეტობის შექმნა და აღნიშნული ყალბი ზედმეტობის/აქტივის სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორებაში გამოყენება. შპს „თ---------------“ (ს/ნ 4--------) საქართველოში, იმპორტის რეჟიმით, შემოყვანილი ჰყავდა 295 000 ლარის საბაჟო ღირებულების ამწეკრანი, რომლის შეძენაც სურდა შპს „ნ-----“ (ს/ნ 4--------) დირექტორს, ნ-----–------------ს, რის შესახებაც ცნობილი გახდა შპს „გ-------“ დირექტორ - გ----------–------–---–ისთვის.

 

გ----------–------–---–მა 2019 წლის 18 აპრილს, მიმართა საგადასახადო ორგანოს და მიიღო მის მიერ 2016 წელში ერთპიროვნულად დაფუძნებული კომპანიის - შპს „გ-------“ (ს/ნ 4--------, იურიდიული მისამართი - ლ---------, ს------–---------), შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე (RS.GE) წვდომისათვის საჭირო მონაცემები (მომხმარებლის სახელი და პაროლი) და მის მიერ გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით პირადი აღრიცხვის ბარათზე უსაფუძვლოდ/ხელოვნურად წარმოექმნა ზედმეტობა დღგ-ში, ჯამში 54 915.25 ლარი.

 

2019 წლის 19 აპრილს სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ფილიალში, შპს „გ-------“ მინდობილი პირის, ა---------–--ის მონაწილეობით, გაფორმდა ფიქტიური გარიგება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე, რითაც, შპს „თ--------------ის“ მიერ იმპორტირებულ ამწეკრანზე საკუთრების უფლება ფორმალურად გადავიდა შპს „გ------ზე“ საბაჟო დეკლარაციაში მითითებული ღირებულებით (295 000 ლარი).

 

2019 წლის 19 აპრილს აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო გაფორმება განხორციელდა შპს „გ-------“ სახელზე ა---------–--ის მიერ, რისთვისაც გამოყენებულ იქნა ამავე კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე, 2019 წლის 18 აპრილს უსაფუძვლოდ /ხელოვნურად წარმოქმნილი დღგ-ის თანხები (აქტივი) 53 100 ლარის ოდენობით.

 

2019 წლის 22 აპრილს, შპს „გ-------“ დირექტორმა გ----------–------–---–მა და შპს „ნ-----“ დირექტორმა ნ-----–------------მა დაამზადეს ეა-4-------- ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომ თითქოსდა, შპს „ნ-----“ მიერ, შპს „გ-------გან“ იქნა შეძენილი 2019 წლის 19 აპრილს განბაჟებული ამწეკრანი, 345 000 ლარად. შპს „ნ----მ“ 2019 წლის 19 აპრილს საგადასახადო ორგანოში წარადგინა დღგ-ს ყალბი დეკლარაცია, რითაც დასახელებულ კომპანიას (შპს „ნ-----“) უსაფუძვლოდ/ხელოვნურად წარმოექმნა დღგ-ს თანხა 52 627.12 ლარის ოდენობით.

 

გ----------–------–---–მა და ნ-----–------------მა, ა---------–--ის და სხვათა მონაწილეობით, მოტყუებით, სახელმწიფო ქონებრივად დააზარალეს 53 100 ლარით.

 

შპს „ფ----------------------ის“ (ს/ნ 4--------, დამფუძნებელი და დირექტორი საბერძნეთის მოქალაქე ი-------------------------–--ს) წარმომადგენელმა ნ-----–------------მა, 2018 წლის 31 მაისსა და 31 ივლისს, შეიძინა შპს „ჰ--------ის“ (მინდობილი პირი ა---------–--ე) მიერ იმპორტირებული და განუბაჟებელი HOWO-ს მარკის ორი ავტომანქანა (სატარიფო ღირებულებით თითოეული 28 000 ლარად), რომელთა საბაჟო გაფორმება მოახდინა ა---------–--ემ, როგორც შპს „ფ---------------------ის“ მინდობილმა პირმა.

 

2019 წლის 16 მაისს, შპს „ფ---------------------ა“ და შპს „გ-------“ შორის გაფორმდა ფიქტიური გარიგება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების უფლების 10 000 ლარად გადაცემის შესახებ, რითაც HOWO-ს მარკის ავტომანქანა (სარეგისტრაციო ნომერი R--------) გაფორმდა შპს “გ------ზე,“ რაზედაც გამოიწერა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა. 2019 წლის 02 ივლისს შპს „გ-------“ და შპს „ნ-----“ შორის გამოიწერა ყალბი ანგარიშფაქტურა HOWO-ს მარკის ავტომანქანის (სარეგისტრაციო ნომერი R-------) 55 000 ლარად (დღგ-ის თანხა 8 389.83 ლარი) მიწოდების შესახებ.

 

2019 წლის 16 მაისს, შპს „ფ---------------------“ და შპს „გ-------“ შორის გაფორმდა ფიქტიური გარიგება, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების უფლების 11 000 ლარად გადაცემის შესახებ, რითაც HOWO-ს მარკის ავტომანქანა (სარეგისტრაციო ნომერი O--------) გადაფორმდა შპს „გ------ზე“, რაზედაც გამოიწერა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა. 2019 წლის 08 აგვისტოს, შპს „გ-------“ და შპს „ნ-----“ შორის გამოიწერა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა HOWO-ს მარკის ავტომანქანა (სარეგისტრაციო ნომერი O----------) 54 000 ლარად (დღგ-ის თანხა 8 237.39 ლარი) მიწოდების შესახებ.

 

გ----------–------–---–მა, ა---------–--ემ და ნ-----–------------მა, სხვათა მონაწილეობით, აღნიშნული ქმედებით სახელმწიფო მოტყუებით, ქონებრივად დააზარალეს 13 423.69 ლარით.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით, ნ-----–------------ის მიმართ, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება:

 

აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორის დ-------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: დამტკიცდა ზემდგომი პროკურორის თანხმობით დადებული საპროცესო შეთანხმება, აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ-------------ეს, ბრალდებულ ნ-----–------------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ გ-------------–-–---–ს შორის;

 

ბრალდებული ნ-----–-------------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით; სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, ნ-----–------------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ნ-----–------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 04 ოქტომბრიდან 2019 წლის 25 ოქტომბრამდე.

 

კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალა პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი (საპროცესო შეთანხმება) სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: პ------------–--ემ და ქ-------------ემ, რომლებიც საქმეში წარმოდგენილი საჩივრით ითხოვენ მათი სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვას, გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოების გასაგრძელებლად აჭარის ა/რ პროკურატურისთვის დაბრუნებას, შემდეგ გარემოებათა გამო: საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, დაშინებითა და მოტყუებით, ამასთანავე, მსჯავრდებულს არ მიუღია კვალიფიციური იურიდიული დახმარება და პროცესში მონაწილე პირებისგან მიიღო უკანონო დაპირება, ასევე, საქმის არსებითად განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ აპელანტმა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული და დასჯადი ქმედება.

 

აპელანტთა აღნიშვნით, მსჯავრდებულის დაკითხვის დროს გამომძიებლები - ა-----–-----------ე და კ----------------------–--ე წერდნენ არა იმას, რასაც მსჯავრდებული მათ ეუბნებოდა, არამედ იმას, რაც მათ აწყობდათ და რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. გამომძიებლები ცდილობდნენ, რომ მსჯავრდებულს ხელი მოეწერა მათთვის სასურველ ჩვენებაზე, ეღიარებინა ის, რაც არ ჩაუდენია და ემუქრებოდნენ, თუ არ მოაწერდა მათთვის სასურველ ჩვენებებს ხელს, შეუქმნიდნენ ისეთ მძიმე პირობებს, რომ მაინც მოაწერდა მსჯავრდებული მათ ხელს. შემდგომი დაკითხვაც, მუქარების ფონზე, 5-6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც მსჯავრდებულისთვის ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო, მაგრამ მაინც მოაწერა ხელი იმას, რასაც ის თვლიდა სიმართლედ, მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებელმა არაერთხელ ამოუბეჭდა არასწორი ჩვენება.

 

აპელანტების მითითებით, მესამე დაკითხვამდე მსჯავრდებულმა აცნობა გამომძიებელ - კ----------------------–--ეს, რომ საქმიანი ვიზიტის გამო ქვეყნის დატოვებას აპირებდა 5 დღით, რის პასუხადაც, კ----------------------–--ემ მიუგო, რომ მას მხოლოდ მოწმის სტატუსი ჰქონდა და შესაბამისად, შეეძლო ქვეყნის დატოვება, თუმცა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა არ გაუშვეს ქვეყნიდან, რის შემდეგაც ესაუბრა კ----------------------–--ეს, რომელმაც უთხრა, რომ უნდა გამოცხადებულიყო ორშაბათს, 12:00 საათზე, ბათუმში საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად და იქ გაიგებდა თუ რატომ არ გაუშვეს ქვეყნიდან. დაბარებულ დროსა და ადგილზე გამოცხადების შემდეგ, მას წარმოუდგინეს და ხელი მოაწერინეს იმ დღით დათარიღებულ სასამართლო განჩინებაზე, რომლითაც ეკრძალებოდა საზღვრის კვეთა.

 

აპელანტთა აღნიშვნით, მსჯავრდებულის 19 დღიანი პატიმრობის შემდეგ, ადვოკატის განცხადების საფუძველზე, მასთან საპროცესო შეთანხმების დასადებად მივიდნენ გამომძიებელი კ---------–--ე და ადვოკატი გ-------------–-–---–ი. ითხოვდა, რომ საკანში დაებრუნებინათ, თუმცა, კ---------–--ემ არ მისცა მას საკანში დაბრუნების უფლება და არც წინასწარი დაკავების დაწესებულების მორიგე თანამშრომელი მოსულა. კ---------–--ე კვლავ დაშინების და შანტაჟის გზით აიძულებდა, რომ ხელი მოეწერა მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმებისთვის, გადაეხადა თანხა, რომელიც როგორც მსჯავრდებულს შეატყობინეს ბევრად აღემატებოდა 66 542 ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მინიმუმ 5 წლიანი თავისუფლების აღკვეთით ემუქრებოდა. ამ ყველაფერს კი უბრალოდ, ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე ესწრებოდა ადვოკატი გ-------------–-–---–ი. აპელანტის განმარტებით, მსჯავრდებულმა იმიტომ მოაწერა ხელი საპროცესო შეთანხმებას, რომ ფიქრობდა სასამართლო სხდომაზე უარყოფდა მას, მაგრამ მას შემდეგ რაც საპროცესო გარიგების დადასტურების სხდომა ჩაატარა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა, რომელსაც განჩინება ჰქონდა გამოტანილი საზღვრის კვეთის აკრძალვის შესახებ, მისი დაკავებისა და დაპატიმრების დადასტურების შესახებ, ყოველგვარი იმედი გადაეწურა, იფიქრა, რომ მთავარი იყო გამოსულიყო და თავისუფლებაზე მყოფს ემოქმედა კანონის ფარგლებში.

 

აპელანტების მითითებით, რომ უპირობოდ დგინდება გამოძიების მიერ მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მე-13 და მე-14 მუხლების იგნორირების ფაქტები, ასევე, აპელანტის ინტერესების არაკვალიფიციურად დაცვის, დაპირებით და მოტყუებით საპროცესო შეთანხმებაზე ხელის მოწერის ფაქტები, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს აპელანტის მოთხოვნები.

 

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების - პ------------–--ის და ქ-------------ის სააპელაციო საჩივარზე აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორმა ი-----–------------–--ემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა, რომ უარი ეთქვას დაცვის მხარეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში იქნეს დატოვებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ ნ-----–------------სა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს პ------------–--ესა და ქ-------------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და საქმის წარმოების გასაგრძელებლად აჭარის ა/რ პროკურატურისთვის დაბრუნება.

 

აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორ ა----–----–---------ს, რომელმაც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის უარყოფა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი შეეხება საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოტანილი განაჩენის შესაბამისობას მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან, საკითხის გადაწყვეტის მიზნით, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განიხილოს, ასახავს თუ არა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება კანონით გათვალისწინებულ პირობებს და რამდენად შესაბამისობაშია უკვე გამოტანილი განაჩენით დადგენილი ფაქტობრივ გარემოებები კანონის მოთხოვნებთან.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და ეთანხმება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე. საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე შეთანხმება შეუძლია როგორც ბრალდებულს, ასევე, პროკურორს. საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის იდება ადვოკატის უშუალო მონაწილეობითა და ბრალდებულის წინასწარი თანხმობით, რაც, დადასტურებული უნდა იყოს ბრალდებულის წერილობით განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი. კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, საპროცესო შეთანხმების შესახებ დგება ოქმი, რომელშიც ასახულია ბრალდებულსა და პროკურორს შორის მოლაპარაკების პროცესი, მხარეთა შეთანხმების შემდგომ, ოქმს ხელს აწერს პროკურორი, ბრალდებული და მისი ადვოკატი, რის შემდეგაც, პროკურორი წერილობით ადგენს შუამდგომლობას, რომელშიც ასახულია შეთანხმების პირობები, თან ურთავს ბრალდებულის წერილობით განცხადებას და არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად, სისხლის სამართლის საქმეს უგზავნის სასამართლოს, რომელიც, ვალდებულია დარწმუნდეს, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია ნებაყოფილობით, ყოველგვარი წამების, არადამიანური მოპყრობის, ან სხვაგვარი ძალადობის, ასევე, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების პირობებს და ჰქონდა კვალიფიციური იურდიული დახმარების შესაძლებლობა, სასამართლო, ასევე, ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ბრალდებული აცნობიერებს, რომ უფლება აქვს უარი თქვას საპროცესო შეთანხმებაზე განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, ამასთან, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეულ შეთანხმებაში ყველა პირობაა ასახული. სასამართლო საქმის გარემოებებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობა, მხარეთა მიერ შეკრებილი და წარდგენილი მტკიცებულებები, მხარეთა თანდასწრებით გამოიკვლია საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

საქმეში წარმოდგენილი, 2019 წლის 21 ოქტომბრით დათარიღებული ოქმით საპროცესო შეთანხმების დადების შესახებ დასტურდება, რომ ბრალდებულ ნ-----–------------სა (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ-------------–-–---–ის მონაწილეობით) და პროკურორ დ-------------ეს შორის, ზემდგომი პროკურორის ა----------------ის თანხმობით, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმების საფუძველი გახდა ნ-----–------------ის განცხადება, შედგენილი 22.10.19წ. (იხ. ტ. 5. ს.ფ. 4), რომლითაც მან მიმართა ბრალდების მხარეს, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილით.

 

აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორმა დ-------------ემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, ნ-----–------------ის მიმართ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და მოითხოვა მასსა და ნ-----–------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ოქმში ასახული პირობებით, აღნიშნულ შუამდგომლობას ხელმოწერით დაეთანხმა ნ-----–------------ი და მისი ადვოკატი გ-------------–-–---–ი.

 

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას წარმოდგენილი პირობებით, მხარი დაუჭირა პროკურორმა დ-------------ემ, ბრალდებულმა ნ-----–------------მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-------------–-–---–მა.

საქმეში ნაცვლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ (9043/05), ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხარის საჩივარი და დაადგინა, რომ საპროცესო შეთანხმებით არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის, კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის და კონვენციის 34-ე მუხლის მოთხოვნები და განმარტა, რომ სააპროცესო შეთანხმების საფუძველზე, „ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით სისხლის სამართალწარმოება მცირდება, აღნიშნული არ შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად... თუმცა, იმისათვის რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ეფექტიანი იყოს, აუცილებელია იგი განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. დამატებით უფლებაზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს...“ იქვე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ,,საქმის განმხილველმა სასამართლომ მომჩივანსა და მის ადვოკატებს გამოჰკითხა, ხომ არ დაექვემდებარა განმცხადებელი იძულებას ან სხვა უკანონო ქმედებას, სასამართლო აღნიშნავს რომ მომჩივანმა ნათლად დააფიქსირა თავისი პოზიცია. იგი აცნობიერებდა საპროცესო შეთანხმების პირობებს, მის მნიშვნელობასა და სამართლებრივ შედეგებს, აღნიშნული საპროცესო შეთანხმება იძულების, ან რაიმე უკანონო მოქმედების შედეგად არ ყოფილა დადებული... სასამართლოს მიაჩნია, რომ მომჩივანსა და პროკურატურას შორის მიღწეული შეთანხმება დოკუმენტურად დაფიქსირდა, მასზე ხელი პროკურორმა და მისმა ადვოკატებმა მოაწერეს და გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს გადაეცა. სასამართლოს მიაჩნია რომ აღნიშნული მნიშვნელოვანი ფაქტორია იმდენად, რამდენადაც მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა სასამართლო გადასინჯვას დაექვემდებარა“ ასევე, ,,განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს, რომ კონვენციის 34-ე მუხლის შესაბამისად, მომჩივანს... სასამართლოსთან თავისუფალი კომუნიკაციის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და იგი დაცული უნდა იყოს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისაგან“. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მიუხედავად იმისა, საპროცესო შეთანხმებით, მხარე უარს აცხადებს საქმის არსებითად განხილვაზე, მხარე სრულად უნდა გაეცნოს საქმის მასალებს და ნებაყოფილობით უნდა განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობა, რომლის შემოწმებასაც ავალდებულებს შუამდგომლობის განმხილველ სასამართლოს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს, რომ ბრალდებული უზრუნველყოფილი იყოს დაცვით და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით, იცნობდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებების შინაარსის, რადგან თუ ეს უფლებები არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონის აღნიშნული მოთხოვნები სრულად იქნა გათვალისწინებული შუამდგომლობის განმხილველი სასამართლოს მიერ და მსჯავრდებული სამართალწარმოების ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებით, მსჯავრდებულმა ნ-----–------------იმ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მის მიმართ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოტანილი განაჩენი და მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმება მასთან დადებული იქნა იძულებითა და მოტყუებით, არ არსებობდა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი მტკიცებულებები, ასევე, პროკურორის მიერ შეთანხმების დადებისას დარღვეული იქნა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნა, რადგანაც, შეთანხმების დადებამდე არ შეხვედრია მას და არ შეუთანხმებია მასთან შეთანხმების პირობები, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისული იყო მხოლოდ გამომძიებელი, რის გამოც, მოითხოვა სასამართლო განაჩენის გაუქმება და სისხლის სამართლის საქმის პროკურორისათვის დაბრუნება, რასაც სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნათა თანახმად, განსაზღვრულია ის ძირითადი საფუძვლები, რომლის დადასტურების შემთხვევაში შესაძლებელია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების შესახებ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმება და სისხლის სამართლის საქმის პროკურორისათვის დაბრუნება თუ:

 

ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო;

ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება;

გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა;

დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

სააპელაციო სასამართლომ მოისმინა და გაანალიზა, როგორც მხარეთა მოსაზრებები სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, ასევე, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩატარებული სასამართლო სხდომის ოქმს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულმა ნ-----–------------იმ ადვოკატის მონაწილეობით პირველი ინსტანციის სასამართლოში სრულყოფილი პასუხი გასცა საპროცესო შეთანხმების განმხილველი მოსამართლის მიერ, სსსკ-ის 212-ე, 213-ე, მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე დასმულ ყველა შეკითხვას, მათ შორის: ადგილი ხომ არ ჰქონდა მის მიმართ, შეთანხმების დადების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან იძულებას, მუქარას, მოტყუებას ან სხვა სახის დარღვევას. ამასთან, სასამართლომ განუმარტა, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში, იგი ხელს არ შეუშლიდა საპროცესო შეთანხმების დადებას, ბრალდებულმა განუმარტა სასამართლოს, რომ მის მიერ ადვოკატის თანდასწრებით ნებაყოფილობით იქნა დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალდების მხარესთან, რაც უკვე წარმოადგენდა იმის საფუძველს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, სასამართლო დარწმუნებულიყო საპროცესო შეთანხმების დასაბუთებულობასა და მის კანონიერებაში, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს საფუძველი არ ჰქონდა გასჩენოდა ეჭვი, რომ ბრალდებულის მიმართ შესაძლებელი იყო შეთანხმების დადებისას ადგილი ჰქონოდა რაიმე სახის მოტყუებას, ან იძულებას, რადგანაც სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით ბრალდებულთან რამდენჯერმე დასვა და დააზუსტა აღნიშნილი საკითხი და ამ უკანასკნელის მხრიდან მიიღო უარყოფითი პასუხი, რომ ასეთ ზემოქმედებას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლოში წარმოდგენილი მასალების ანალიზის საფუძველზე, პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულის მიმართ საპროცესო შეთანხმების დადების დროს ბრალდების მხრიდან ადგილი არ ჰქონია ისეთი სახის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას, რაც ბრალდებულს იძულებულს გახდიდა ემოქმედა მისი ნების საწინააღმდეგოდ და ისე დაედო შეთანხმება პროკურორთან, ამ მასალების თანახმად, არ იკვეთება შეთანხმების დადების დროს რაიმე სახის მოტყუების, იძულების ან მუქარის განხორციელების ფაქტი, სააპელაციო საჩივარში მხარის მითითებას იმის თაობაზე, რომ საპროცესო შეთანხმების დადებამდე ოჯახთან ერთად ვერ გაემგზავრა სხვა ქვეყანაში, რადგანაც დაბარებული იქნა პროკურატურაში გამოკითხვაზე, პალატის აზრით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებულ ისეთი სახის იძულებად, რამაც საბოლოოდ განაპირობა მისი მხრიდან საპროცესო შეთანხმების დადება. მითუმეტეს, რომ მსჯავრდებული თავიდანვე უზრუნველყოფილი იყო დაცვით და ასევე, სასამართლო განხილვის უფლებითაც, სადაც მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა განეცხადებინა აღნიშნულის შესახებ და უარი ეთქვა საპროცესო შეთანხმების დადებაზე, მითუმეტეს ამ უფლების შესახებაც საქმის განმხილველმა მოსამართლემ განუმარტა მას შუამდგომლობის სასამართლო განხილვის დროს.

 

დაცვის მხარის მითითებას, იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა დაემტკიცებია მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რადგანაც, სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობდა სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგანაც, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლით, დგინდება, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სისხლის სამართლის საქმეში ნამდვილად არსებობს სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც შუამდგომლობის განმხილველმა სასამართლომ დაამტკიცა მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება და აღნიშნულზე იმსჯელა კიდეც მხარეთა თანდასწრებით სასამართლო სხდომაზე, სადაც მონაწილეობდა, როგორც დაცვის მხარე, ასევე, ბრალდებას მხარს უჭერდა ის პროკურორი, რომელთანაც, საპროცესო შეთანხმების ოქმის თანახმად, გაფორმდა მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება. ამ დროს დაცვის მხარეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია, არც საქმეში არსებული მტკიცებულებების რელევანტურობა საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და არც საქმის განხილვაში მონაწილე პროკურორის (იგივე პირის, რომელიც ხელს აწერს საპროცესო შეთანხმების ოქმს) მიმართებით არ განუცხადებია, რომ ეს უკანასკნელი არ შეხვედრია ბრალდებულს შუამდგომლობის სასამართლო განხილვამდე, რაზედაც, დაცვის მხარე მიუთითებს სააპელაციო საჩივარში. აქედან გამომდინარე, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, მიიჩნიოს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულვებელყო, როგორც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ასევე, საპროცესო შეთანხმებისათვის სსსკ-ის XXI თავით დადგენილი არსებითი მოთხოვნები, რადგანაც, საპროცესო კანონმდებლობა აღნიშნული პუნქტის შესაბამისად, დადგენილი განაჩენის გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს მხოლოდ საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ კანონით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნების უგულვებელყოფას, რაც, მოცემულ შემთხვევში, სასამართლოს სხდომის ოქმის შესწავლით დადგენილი ვერ იქნა, იმის გამო, რომ საქმის განმხილველი სასამართლოსათვის, განაჩენის გამოტანის დროს უცნობი იყო სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების არსებობის შესახებ, რაც, იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ არ არსებობს სასამართლო განაჩენის გაუქმებისათვის სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აუცილებელი მოთხოვნის საფუძველი, ე.ი. გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის განმხილველი სასამართლო ვერ უგულვებელყოფდა სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ისეთ მოთხოვნას, რაც მისთვის უცნობი იყო, რადგანაც, აღნიშნულის შესახებ მხარეებს არ განუცხადებიათ შუამდგომლობის სასამართლო განხილვის დროს. ხოლო, რაც შეეხება, დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარზე თანდართული N2 პენიტენციური დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას, რომ 2019 წლის 04 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულ ნ-----–------------ს შეხვდა გამომძიებელი და არ შეხვედრია სასამართლო სხდომაში მონაწილე პროკურორი, მხარის მიერ წარდგენილი და განხილული არ ყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით, ხოლო მისი წარმოდგენა სააპელაციო სასამართლოში არ წარმოადგენს უკვე დადგენილი განაჩენის გაუქმების არსებით საფუძველს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სსსკ-ის 210-ე მუხლის 12 პუნქტის მოთხოვნის თანახად, საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორი ვალდებულია გააფრთხილოს ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ, ასევე, საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში, რადგანაც მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი (სსსკ-ის 33-ე მუხლის 1;4 პუნქტები).

 

საქმის მასალებში არსებული, მხარეთა შორის დადებულ საპროცესო შეთანხმებისა და საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის ოქმებს ზემდგომი პროკურორის თანხმობით, ხელს აწერს და ამ შუამდგომლობის განხილვის სასამართლო სხდომაზე უშუალოდ მონაწილეობს ის პროკურორი, რომლის შესახებაც გაცემულია ცნობა იმის თაობაზე, რომ იგი სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში არ შეხვედრია ბრალდებულს, ასევე, ამავე სასამართლო სხდომის ჩანაწერის შესწავლით დგინდება, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, გარდა იმისა, რომ შეთანხმების დადებისას ადგილი ხომ არ ჰქონდა რაიმე სახის ძალადობას, მუქარას ან მოტყუებას, პროცესში მონაწილე პროკურორის თანდასწრებით, ბრალდებულთან გაარკვია შეთანხმების დადებისას ადგილი ხომ არ ჰქონდა მის მიმართ რაიმე სახის სხვა საპროცესო დარღვევას, მათ შორის მტკიცებულებათა მოპოვებისა და მათი დამაგრების დროს, რაზედაც, საქმის განხილვაში მონაწილე ბრალდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა განუმარტეს სასამართლოს, რომ ასეთ შემთხვევას საპროცესო შეთანხმების დადებისას ბრალდების მხრიდან ადგილი არ ჰქონია, ე.ი. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით და სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, პალატა მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის კანონიერებას, თუ სასამართლოსთვის იმთავითვე ცნობილი იქნებოდა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების შესახებ და ამის მიუხედავად არ შეაფასებდა რამდენად არსებითი იყო ეს დარღვევა და არ გაითვალისწინებდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს. ასეთ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა განიხილავდა საკითხს და დაადგენდა, რამდენად არსებითად იქნა დარღვეული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. სააპელაციო პალატა საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულია შეაფასოს და გადაწყვეტილება მიიღოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებების კანონიერების შესახებ და მოკლებულია შესაძლებლობას გამოიკვლიოს, დაადგინოს, შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენამდე, საერთოდ შეხვდა თუ არა პროცესში მონაწილე პროკურორი, ან მისი დავალებით გამომძიებელი ბრალდებულს და დაარღვიეს თუ არა მათ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნა, აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარში მითითებული აღნიშნული გარემოებების შესწავლა ამ საჩივრის სააპელაციო განხილვისათვის კანონით დადგენილ ფარგლებს სცდება და განხილვის სხვა საგანს წარმოადგენს, ხოლო, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩატარებულ სასამართლო სხდომის ჩანაწერის შესწავლით ირკვევა, რომ რაიმე სახის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა შუამდგომლობის განმხილველი სასამართლოს, ან ამ განხილვაში მონაწილე პროკურორის მიერ დადგენილი და დადასტურებული არ არის. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების - პ------------–--ისა და ქ-------------ის სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის (საპროცესო შეთანხმების შესახებ) გაუქმებისა და სისხლის სამართლის საქმის პროკურორისათვის დაბრუნების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგანაც, უსაფუძვლოა და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების, პ------------–--ისა და ქ-------------ის, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი, ნ-----–------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

3.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/

 

მოსამართლეები: /მ. გორგოძე/

 

/თ. სვანიძე/