განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100119003281452
№1ბ/184-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - რ----- ო---------ი, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–------------, პირადი ნომერი 2----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: თ--–----------–----–----------------–-----------–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-------------------–----–--–-----------–-------------------------ში.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის პირველი ნაწილი (საფლავის ძეგლის და მისი სხვა მიწისზედა ნაგებობის დანგრევა ან დაზიანება).
სასჯელი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის პირველი ნაწილით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა ორი ცალი გაუსროლელი ვაზნა, „CZ 858 TACTICAL - 2P“ მოდელის, სანადირო დანიშნულების კარაბინი NB------, ცარიელი მჭიდი და ჩაქუჩი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით გველესიანმა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ რ----- ო---------ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: რ----- ო---------მა ჩაიდინა განზრახი დანაშაული, ცეცხლსასროლი იარაღის და ჩაქუჩის გამოყენებით დააზიანა და გაანადგურა ხ-------–ა მ--------ისა და ს-------–- მ--------ის საფლავზე არსებული საფლავის ძეგლები. სასამართლომ არ გაითვალისწინა რომ დაზარალებულის გააჩნდა პრეტენზია და გამოიყენა სიმბოლური სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. შესაბამისად, აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ რ----- ო---------ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
რ----- ო---------მა ჩაიდინა საფლავის ძეგლის და მისი სხვა მიწისზედა ნაგებობის დანგრევა და დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 07 ივლისს, თ--–----------–----–----------------–----------–-ში, შურისძიების მოტივით, რ----- ო---------მა, ჩაქუჩის გამოყენებით დააზიანა და გაანადგურა ხ-------–ა მ--------ისა და ს-------–- მ--------ის საფლავზე არსებული საფლავის ძეგლები, ხოლო შემდგომ კუთვნილი „CZ 858 TATICAL - 2P“ მოდელის, სანადირო დანიშნულების კარაბინიდან გასროლით დააზიანა და გაანადგურა ხ-------–ა მ--------ისა და ს-------–- მ--------ის საფლავის მიწისზედა ნაგებობის სახურავი, რითაც ჯამში 2953 ლარისა და 95 თეთრის მატერიალური ზიანი ზიანი გამოიწვია
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენით, რ----- ო---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის ჩადენის იარაღი ორი ცალი გაუსროლელი ვაზნა, „CZ 858 TACTICAL - 2P“ მოდელის, სანადირო დანიშნულების კარაბინი NB------, ცარიელი მჭიდი და ჩაქუჩი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები რ----- ო---------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ რ----- ო---------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ს-------– შ-----– ყ----ს გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების: ნ-------–- ა--------------ს და ვ--–---- ს--------ას გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებისა და ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით და თავად რ----- ო---------ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ რ----- ო---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რ----- ო---------მა ჩაიდინა საფლავის ძეგლის და მისი სხვა მიწისზედა ნაგებობის დანგრევა და დაზიანება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ----- ო---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი რ----- ო---------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ----- ო---------ი გამოძიების დაწყების მომენტიდანვე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, რაც სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნა ზემოაღნიშნული, ასევე, დანაშაულის ჩადენის მოტივი, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და წარსული ცხოვრება და ქმედების შემდგომი ყოფა-ქცევა და მსჯავრდებულ რ----- ო---------ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, დამატებით სასჯელთან - ქონების ჩამორთმევასთან ერთად, რაც მოცემულ შემთხვევაში სრულიად საკმარისია მსჯავრდებულზე ზემოქმედების მოსახდენად, რომ მას გაუჩნდეს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რ----- ო---------ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის დავით გველესიანის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის დავით გველესიანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენი რ----- ო---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
რ----- ო---------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის ჩადენის იარაღი: „CZ 858 TACTICAL - 2P“ მოდელის, სანადირო დანიშნულების კარაბინი NB------, ორი ცალი გაუსროლელი ვაზნა, ცარიელი მჭიდი და ჩაქუჩი.
მსჯავრდებულ რ----- ო---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
მსაჯვრდებულ რ----- ო---------ის სპორტული შარვალი, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
ერთი ცალი ცარიელი კოლოფი, ნამწვი, თერთმეტი ცალი გასროლილი მასრა, ანაწმენდები, რ----- ო---------ის ხელებიდან აღებული ანაწმენდები, რ----- ო---------ის ნერწყვის ნიმუში, კარაბინიდან, მასრებიდან და ვაზნებიდან აღებული ამაწმენდები, განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ჯორბენაძე