განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2020
საქმის ნომერი
330100119003339197
ინსტანცია
თარიღი
20.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003339197

საქმე № 1ბ/328-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 მარტი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - ჯ---- ლ----------, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ--–----------------------–---------------------–----------------–---------------–-------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (2019 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (2018 წლის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის ეპიზოდი);

 

სასჯელი:

დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით. სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 13 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ---- ლ----------ს ადვოკატმა გ--------------მ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულ ჯ---- ლ----------ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ სასჯელის დანიშვნის ნაწილში განაჩენი უსამართლოა, ვინაიდან სახეზე იყო შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაკავებისთანავე ითანამშრომლა გამოძიებასთან, სრული მოცულობით უდავოდ იქნა მიჩნეული ბრალდების მხარის მტკიცებულებები. ჯ---- ლ----------ს პიროვნების დახასიათების მიზნით, აპელანტი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული არის 56 წლის, არ არის ნასამართლევი, მასა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი მისი მხრიდან სრულად ამოწურულია, მას არანაირი პრეტენზია და მოთხოვნა არ გააჩნია, მზად არის საერთოდ არ ჰქონდეს არანაირი ურთიერთობა დაზარალებულთან (თუ ასეთი იქნება მ--- გ------–--ის სურვილი) და იმავდროულად იზრუნოს შვილებზე. ჯ---- ლ----------ს ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელთგან ერთი მუდმივად საჭიროებს სამედიცინო მკურნალობას, რომელიც არის საკმაოდ ძირადღირებული. მსჯავრდებული არის დასაქმებული, გამოირჩევა მშვიდი ხასიათით, არის ყურადღებიანი და თვაზიანი. ჯ---- ლ---------- არის აფხაზეთის ომის ვეტერანი. მას მიღებული აქვს მონაწილეობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებებში, რა დროსაც 1993 წლის 22 ივნისს, აფხაზეთში, გუმისთაზე, საბრძოლო მოქმედების დროს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას აფეთდა ნაღმზე, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავალი ნამსხვრევოვანი ჭრილობები და ჩაუტარდა მარცხენა წვივის ქვედა მესამედის ტრავმული ამპუტაცია. მსჯავრდებული არის შეზღუდული შესაძლებლობების, შეზღუდვის სტატუსი განსაზღვრულია, როგორც მნიშვნელოვანი. ოჯახში არსებული ეკონომიკური და მატერიალური გაჭირვების, მისი მცირეწლოვანი შვილის ავადმყოფობის გამოც, ჯ---- ლ---------- ცდილობდა ეშოვა სხვა უფრო შემოსავლიანი სამსახური, რაც დღესდღეობით არც ისე ადვილია. აღნიშნული იწვევდა გარკვეულ უკმაყოფილებას როგორც მისი, ასევე მეუღლის მხრიდანაც და ფაქტიურად იყო კონფლიქტური სიტუაციების გამომწვევი ერთადერთი მიზეზი. აპელანტს მიაჩნია, რომ იმ დროის განმავლობაში, რაც ჯ---- ლ---------- იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში და არის პატიმარი, მან უფრო მეტად გაანალიზა თავისი საქციელის არამართებულობა. ის თვლის, რომ ძალადობა, ჩადენილი თუნდაც ოჯახის წევრებისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების ვერშექმნით და ამით გამოწვეული უკმაყოფილებით, არავითარ შემთხვევაში არ არის მისაღები და არის დასაგმობი. საქმეში წარმოდგენილია დაზაარლებულის - მ--- გ------–--ის ნოტარიალურად დამოწმებული განხცხადება, რომლის მიხედვითაც იგი თანახმაა ჯ---- ლ----------ს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების, მათ შორის არასაპატიმრო სასჯელის, გამოყენების თაობაზე. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა სრულად შეფასებული როგორც ჯ---- ლ----------ს პიროვნება, ასევე საქმეში არსებული შემამსუბუქებელ გარემოებათა მთელი ერთობლიობა. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, პასუხისმგებლობის დამამძიმებელად მითითებულ გარემოებას - არასრულწოლოვნთა თადასწრებით, ვინაიდან აღნიშნული მიაჩნია დანაშაულის მაკავალიფიცირებელ გარემოებად. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს ისეთი სახის სასჯელი, რომლიდანაც ჯ---- ლ----------ს 6 (ექვსი) თვე სასამართლომ აკმაროს რეალურ (ვადიან) სასჯელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი ჩაეთვალოს პირობით.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

ჯ---- ლ----------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, თ---–--–-----------–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჯ---- ლ----------მ ურთიერთშელაპარაკების დროს, მეუღლე - მ--- გ------–--ე, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, დააგდო იატაკზე და ფეხებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში, ასევე ძლიერად მოუჭირა ხელები ყელის არეში. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად მ--- გ------–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

თანაცხოვრების პერიოდში, კერძოდ, ბოლო ორი წლის მანძილზე, ჯ---- ლ---------- მეუღლეს - მ--- გ------–--ეს, ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით, ასევე, 2019 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, თ---–--–-----------–----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჯ---- ლ----------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს მ--- გ------–--ეს, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული მუქარა მ--- გ------–--ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის აგვისტოს თვეში, თ---–--–-----------–----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჯ---- ლ----------მ ურთიერთშელაპარაკების დროს, მეუღლეს - მ--- გ------–--ეს, რომელიც იმყოფებოდა ორსულად, მუცელში და სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ფეხი, აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად მ--- გ------–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის გაზაფხულზე, თ---–--–-----------–----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჯ---- ლ----------მ ურთიერთშელაპარაკების დროს მეუღლე მ--- გ------–--ე, ძლიერად მიანარცხა კედელზე, რა დროსაც მ--- გ------–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მსჯავრდებულ ჯ---- ლ----------ს ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ჯ---- ლ----------ს ქმედებებს. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: : დაზარალებულ მ--- გ------–--ის და მოწმეების: დ-------------–-------–---–---------–------------------–-------–-–-----–---------------------–------------–---------- გამოკითხვის ოქმებით, ვიზუალური დათვალიერების შესახებ ოქმით და ფოტოსურათებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სისხლის სამართლის საქმეში საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ჯ---- ლ----------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის ფაქტი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ჯ---- ლ----------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ეპიზოდი).

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ჯ---- ლ----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

ჯ---- ლ----------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა: მუქარის ჩადენა არასრულწლოვნების თანდასწრებით, დანაშაულის მასშტაბი: ჩადენილია დანაშაულის 4 ეპიზოდი, რამდენიმე დამამძიმებელი გარემოებით, ფიზიკური ძალადობის ხერხი - ინტენსიური დარტყმები სხეულის სხვადასხვა ადგილზე. დანაშაულის ჩადენა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, რა დროსაც მსჯავრდებული კონტროლს კარგავდა საკუთარ ქცევებზე და ძალადობდა მსხვერპლზე.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ ჯ---- ლ----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ--------------ს, სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ჯ---- ლ----------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და არ გახდეს მისთვის შემაკავებელი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ ჯ---- ლ----------ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქის საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული ოჯახის წევრის-მეუღლის მიმართ, არასრულწლოვნების თანდასწრებით, რაც წარომადგენს მის მიერ ჩადენილი დანაშაულების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, რის გამოც სასამართლოს უფრო მსუბუქი სასჯელი უნდა გამოყენებინა. პალატა მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამაძიმებელ გარემოებას.

საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს. სააპელაციო პალატა ასევე აცხადებს, რომ 2018 წლის 30 ნოემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც ამოქმედდა 2018 წლის 28 დეკემბრიდან, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლს დაემატა მე-3 და მე-4 ნაწილები. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლი) პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. პალატა მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ჯ---- ლ----------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა მეუღლის მიმართ, არასრულწოვანი შვილების თანდასწრებით (2019 წლის 31 ოქტომბერის ეპიზოდი), რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ვინაიდან აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მის მიერ ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშნებს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულები სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ასევე, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. რაც შეეხება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 31 ოქტომბერის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ ჯ---- ლ----------ს სასჯელი დანიშნული აქვს სწორედ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, მაგრამ მაკვალიფიცირებელ გარემოებას არ წარმოადგენს - არასრულწლოვანთა თანდასწრებით, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ზ/აღნიშნული გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მსუბუქი სასჯელის დასანიშნად.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადვოკატის მიერ ჯ---- ლ----------ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულის პიროვნული მახსიათებლების და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჯ---- ლ----------მ აღიარა ჩადენილი დანაშაული, არ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები სადავოდ, მსჯავრდებულის მიმართ მსუბუქი სასჯელის დანიშვნაც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. ის, რომ ჯ---- ლ----------ს ჰყავს 2 არასრულწლოვანი შვილი, არის აფხაზეთის ომის ვეტერანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შეზღუდულ შესაძლებლობას ხელი არ შეუშლია დანაშაულის 4 ეპიზოდის ჩადენაში ოჯახის წევრის მიმართ), ვერ გადაწონის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს. პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ შემამსუბუქებელ გარემოებებს არ ითვალისწინებს სასამართლო სასჯელის დანიშვნისას, ასევე უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა დაუნიშნოს შესაბამისი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ჯ---- ლ----------ს მხრიდან მეუღლის მიმართ ასეთი ქცევა განპირობებული იყო მისი ზრუნვით უკეთეს პირობებში ეცხოვრათ ოჯახის წევრებს, ვინაიდან საქმის მასალებით (რაც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია) დასტურდება, რომ ჯ---- ლ---------- მსხვერპლს სოციალური იერარქიით თავისზე დაბლა მდგომ, უუფლებო სუბიექტად განიხილავდა და მოიხსენებდა დამამცირებელი, ღირსების შემლახველი სიტყვებით. ამონარიდი დაზარალებულ მ--- გრიკელიძის გამოკითხვის ოქმიდან ,,... სისტემატურად მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგინებდა, ბოზს მეძახდა, როდესაც, თანხის კრიზისი იყო ხოლმე ოჯახში, მომაძახებდა ,,ხიდზე დადექი და ტრაკი გააქირავე, ფული მოიტანეო’’, ...ჯ---- ლ---------- არის უაზროდ ეჭვიანი, მიუხედავად იმისა, რომ მე არასოდეს საბაბი არ მიმიცია, 9 თვის ორსულს, სახლში ვიჯექი და მეუბნეოდა ,,ბოზი ხარო’’ ,,ყველა სახლში მჯდომი ოჯახის ქალი ბოზია და შენც ბოზი ხარო..’’. მსჯავრდებულის მცდარი სტერეოტიპული განწყობები წარმოადგენს სამომავლო საფრთხეებს ოჯახში ძალადობის გაგრძელების კუთხით.

 

ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით. ამასთან, „ქალთა წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციის თანახმად, მოძალადის მხრიდან ქმედების აღიარება და მონანიება სასამართლომ ავტომატურად არ უნდა განიხილოს შემამსუბუქებელ ფაქტორად.

 

სააპელაციო პალატა მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ჯ---- ლ----------მ მეუღლის - მ--- გ------–--ის მიმართ არაერთხელ განხორციელა ძალადობა, გასათვალისწინებელია ფიზიკური ძალადობის ხერხი - ინტენსიური, მრავალჯერადი დარტყმა სხეულის სხვადასხვა არეში, ძალადობის ჩადენა რამდენიმე დამამძიმებელი გარემოებით: 1. არასრულწლოვანი ბავშვების (შვილების) თანდასწრებით; 2. ორსული მეუღლის მიმართ. პირველმა შემთხვევამ შესაძლოა არასრულწლოვნთა ფსიქიკასა და შემდგომ განვითარებაზე სავალალო ზემოქმედება იქონიოს. დაზარალებული გამოკითხვის ოქმში აღნიშნავს, რომ მამის ძალადობრივი ქმედების გამო ბავშვების ემოციური ფონი იყო არასახარბიელო, ტიროდნენ. მეორე შემთხვევამ, როდესაც მოძალადე შეგნებულად, წინასწარი განზრახვით ძალადობს 3 თვის ორსულ მეუღლეზე, იაზრებს საფრთხეს, რისკის ქვეშ დააყენოს მუცლადმყოფი ბავშვის სიცოცხლე და შემდგომი განვითარება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულის მიმართ ძალადობის ჩადენის დროს მსჯავრდებული ხშირ შემთხვევაში იყო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში. ჯ---- ლ---------- ალკოჰოლზე დამოკიდებული პირია, რა დროსაც ხდება უკიდურესად აგრესიული და ძალადობს მეუღლეზე (დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი). მსხვერპლის მიმართ მუქარას წინ უსწრებდა უკიდურესად მაღალი დონის ფიზიკური ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, 2018 წლის აგვისტოს თვეში ფიზიკური ძალადობა ჩადენილი იყო პირის მიმართ, რომელიც გარკვეული გარემოებების გამო მოწყვლადია, მსხვერპლი იყო ორსულად. ის, რომ ჯ---- ლ---------- წარსულში არ არის ნასამართლევი ოჯახური ძალადობის დანაშაულის ჩადენისათვის არ წარმოადგენს პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას: უდავო მტკიცებულებით დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ უკანასკნელი ეპიზოდის ჩადენამდე ჯ---- ლ---------- არაერთხელ ძალადობდა მსხვერპლზე, ამცირებდა, თუმცა ყველა ეს დანაშაულებრივი ფაქტი რჩებოდა ლატენტური, რაც იწვევდა დამნაშავე პირის დაუსჯელობის განცდას და დროის მცირე პერიოდში ახალი განზრახი ეპიზოდების ჩადენას. ასევე გასათვალისწეინებელია დამნაშავე პირის დამოკიდებულება ალკოჰოლზე, რომელიც მას კონტროლს აკარგინებდა საკუთარ ქცევებზე და ხდებოდა ოჯახში ძალადობის და მუქარის ჩადენის საფუძველი, გონივრულად მიუთითებს ოჯახში ამ კატეგორიის დანაშაულის გაგრძელების რისკებზე. ამასთან, ძალადობა ჩადენილი იქნა მსხვერპლის არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს არასრულწლოვნის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც ცალსახად წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც მის საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის.

 

ამ ფონზე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის პოზიციის მიუხედავად, რომლის მიხედვით, ის თანახმაა ჯ---- ლ----------ს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების თაობაზე, სახელმწიფოს ვალდებულებაა იმოქმედოს მსხვერპლის ინტერესებიდან გამომდინარე, მსხვერპლის პოზიციის მიღმა არსებული მოტივების მიუხედავად.

 

პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ, მანამ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან თავდაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს მრავალი ფაქტორი, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობა, შეცოდება, ნათესავების მხრიდან ზეწოლა, მოძალადიდან მომდინარე შიში და სხვა. ძალადობის მსხვერპლები ზოგჯერ ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის საჯაროდ და გაბედულად დაფიქსირებას, რის შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე განიცდიან, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის უსაფრთხოებას კი ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხეც, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

 

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთის მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორეს მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში ,,OPUZ V. TURKEY „- ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მხრიდან ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეულ იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა, მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა მსგავსი ტიპის დანაშაულებში, კერძოდ, საქმეზე „ცივეკი თურქეთის წინააღმდეგ“ (Civek v. Turkey, განაცხადი №55354/11, 23/02/2016), რომლის მიხედვითაც, ოჯახში ძალადობის ფაქტზე დააკავეს განმცხადებლის ქმარი, თუმცა სასამართლოს ბრძანებით მას დაევალა თავი შეეკავებინა მეუღლის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ძალადობრივი ან მუქარის შემცველი ქმედებისაგან, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ცივეკი მოკლა მისმა ქმარმა. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მოძალადე მეუღლის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სახელმწიფომ არ მიიღო ზომები აღნიშნული მკვლელობის თავიდან ასარიდებლად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ იცოდა აშკარა და სერიოზული საფრთხის წინაშე ცივეკის ყოფნის შესახებ. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ჰალიმე კილიჩი თურქეთის წინააღმდეგ“ (Halime Kilic v. Turkey, განაცხადი №63034/11, 28/06/2016), რომლის მიხედვითაც, განმცხადებლის შვილმა მისი მეუღლის წინააღმდეგ რამდენიმე დამცავი ორდერი აიღო, თუმცა სახელმწიფომ აღნიშნული ორდერების დარღვევისათვის არ დასაჯა ის პირი და შედეგად მან თავისი მეუღლე მოკლა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლების დარღვევა და დაუშვებლად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მომჩივნის ქალიშვილი ქმრის ძალადობრივი ქმედებების პირისპირ დაუცველი აღმოჩნდა. სასამართლოს შეფასებით, განმეორებით ძალადობრივ ქმედებებსა და მსხვერპლის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ მუქარაზე თვალის დახუჭვით, ეროვნულმა ხელისუფლებამ შექმნა გარემო, რომელიც ხელს უწყობდა ოჯახში ძალადობას.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით (ოჯახური) ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე, სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. მართალია, ჯ---- ლ----------ს მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, დაზარალებულთან შერიგებულია, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა განმარტავას, რომ სასჯელის სამართლიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. გასაჩივრებული განაჩენის მიხედვით დგინდება, რომ პირველი ინსტანციის სასმართლომ მსჯავრდებულ ჯ---- ლ----------ს მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინა როგორც დამამძიმებელი, ასვე შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ჯ---- ლ----------ს აღიარება, მონანიება და მისი ოჯახური მდგომარეობა, დაზარალებულის პოზიცია. პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის მოტივსა ფიზიკური ძალადობის სიმძაფრეზე, კერძოდ, მის მიერ მსხვერპლისთვის სხეულზე მრავალჯერადი დარტყმების მიყენების ფაქტზე, დანაშაულის სიმრავლეზე და ინტენსივობაზე, ჩადენილია დანაშაულის 4 ეპიზოდი დროის მცირე მონაკვეთში, ფიზიკური ძალადობას ესწრებოდა მოწყვლადი ჯგუფის წევრი - არასრულწლოვანები, დანაშაულის ხერხსა და მასშტაბზე, ფიზიკური ძალადობის თითოეულ ეპიზოდში ადგილი ჰქონდა ინტენსიურ დარტყმებს სხეულის სხვადასხვა არეში, ხელებით და ფეხებით, მოძალადის ალკოჰოლზე დამოკიდებულებაზე, არაფხიზელი მდგომარეობა ხდება მსხვერპლზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის დამუქარის ჩადენის მაპროვოცირებელი ფაქტორი, რამაც პალატის შეფასებით გამოიწვია მოვალეობათა დარღვევის მაღალი ხარისხი, რისი გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ჯ---- ლ----------ს ქმედებები წარმოადგენს ოჯახის წევრებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველს, მიუთითებს მის არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე ოჯახის წევრების მიმართ, რისი გათვალისწინებითაც მხოლოდ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი, უზრუნველყოფს დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას.

 

ამასთან, დაცვის მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებაზე.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ჯ---- ლ----------სთვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. ჯ---- ლ----------სთვის დანაშაულთა ერთობლიობით 2(ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის საფუძველზე, მის მიმართ 2(ორი) წლის ვადით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლების აკრძალვა, არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი დანაშაული. პალატას მიაჩნია, რომ ჯ---- ლ----------ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით, დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 13 იანვრის განაჩენი ჯ---- ლ----------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ჯ---- ლ----------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ჯ---- ლ----------ს ადვოკატის გ--------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 13 იანვრის განაჩენი ჯ---- ლ----------ს მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ჯ---- ლ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

ჯ---- ლ----------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის საფუძველზე, 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება.

ჯ---- ლ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.

ჯ---- ლ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.

ჯ---- ლ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ჯ---- ლ----------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით. სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება;

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ჯ---- ლ----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

მსჯავრდებულ ჯ---- ლ----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 2 ნოემბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი