დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1156(კ-25) 19 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - მ. ნ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2023 წლის 1 ნოემბერს მ. ნ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2017 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის 1 სექტემბრის ჩათლით მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის სახით მიყენებული მატერიალური ზიანის - 75 000 ლარის (ყოველთვიურად 1 000 ლარი) მოპასუხეზე დაკისრება.
სარჩელის თანახმად, 2017 წლის აპრილში მ. ნ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მისი გარდაცვლილი მეუღლის - ბ. ბ-ას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ პირად აღიარების, ხოლო მოსარჩელისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების თაობაზე. აღნიშნულ განცხადებას მოსარჩელემ თან დაურთო ბ. ბ-ას გარდაცვალების მოწმობა, სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევა და სხვა საჭირო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდნენ მისი აფხაზეთში, კერძოდ საბრძოლო მოქმედებების შესრულების დროს (26.09.1993წ.) გარდაცვალების ფაქტს. მოსარჩელის მითითებით, სამსახურმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში, სადაც საბოლოოდ სარჩელი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის საფუძველზე დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომლითაც მ. ნ-ას სარჩელი ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული) მიღებიდან 10 თვის შემდეგ, 2023 წლის აგვისტოში მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების თაობაზე და შესაბამისად, მას 2023 წლის სექტემბრიდან დაენიშნა კომპენსაცია ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ რამდენადაც სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა მიჩნეული, მას კომპენსაცია უნდა დანიშვნოდა 2017 წლის ივნისიდან და მოპასუხის არასათანადო ქმედების გამო მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი შეადგენდა 75 000 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით მ. ნ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოს სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 11 მაისის №174-26 ოქმით, ბ. ბ-ას მეუღლეს - მ. ნ-ას უარი ეთქვა ბ. ბ-ას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ დადასტურდა მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტი. თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 11 მაისის №174-26 სხდომის ოქმი და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 30 მაისის №3060/02-03-14/04-01 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ნ-ასთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ნ-ას, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ოჯახის წევრს, სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2023 წლის 23 აგვისტოდან. შესაბამისად, კომპენსაციის გაცემა დაიწყო 2023 წლის სექტემბრის თვიდან.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაზე და აღნიშნა, რომ სოციალური პაკეტის მიღების წინაპირობას წარმოადგენს უფლებამოსილ ორგანოში განცხადების წარდგენა და სწორედ იგი წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს, რომლის ფარგლებშიც ადმინისტრაციული ორგანო ადგენს სოციალური პაკეტის გაცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. ამდენად, საქალაქო სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ომში დაღუპულის სტატუსი მიანიჭა მას შემდეგ, რაც განცხადების საფუძველზე მოსარჩელემ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები (საბრძოლო მოკვლევა). სასამართლოს მითითებით, 2017-2023 წლების პერიოდზე სოციალური პაკეტის გაცემის კანონისმიერი საფუძვლები არ არსებობდა, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო საკუთარი ინიციატივით სოციალურ პაკეტს ვერ დაუნიშნავდა პირს, თუკი მის მიერ წარდგენილი არ იქნებოდა განცხადება შესაბამისი მოთხოვნითა და სათანადო დოკუმენტაციით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2023 წლამდე, მ. ნ-ას მიერ განცხადების და მტკიცებულებების სრულად წარდგენამდე სსიპ ვეტერანების სახელმწიფო დეპარტამენტს არ ევალებოდა პირისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების ვალდებულება, შესაბამისად, არ არსებობდა მოპასუხეთა ბრალეული ქმედება, რასაც შეეძლო გამოეწვია მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება, კერძოდ 2017-2023 წლების პერიოდზე სოციალური პაკეტის მიუღებლობა 75 000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ნ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით მ. ნ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ნ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაეკისრა მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება ყოველთვიურად 1 000 ლარის ოდენობით, 2017 წლის პირველი ივნისიდან 2023 წლის პირველი სექტემბრის ჩათვლით, სულ 75 000 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 11 მაისის №174-26 სხდომის ოქმი და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 30 მაისის №3060/02-03-14/04-01 გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ნ-ას უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე, მიჩნეულ იქნა უკანონოდ. შესაბამისად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, მ. ნ-ას დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოსარჩელე ვერ იღებდა კუთვნილ თანხას, ექვემდებარებოდა ანაზღაურებას, რამეთუ უდავო იყო, რომ 2017 წლის პირველი ივნისიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში მოსარჩელე მოპასუხის მიერ უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაბრკოლდა მიეღო კანონით მისთვის განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაცია, რითაც მას მიადგა ზიანი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელის მიერ განცდილ მატერიალურ ზიანსა და მოპასუხის მიერ გამოცემულ უკანონო აქტს შორის, რაც სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობად მიიჩნია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან, როდესაც უფლების დარღვევა ხდება სახელმწიფოს ძალაუფლების მატარებლის ქმედებით და მისი თავიდან აცილება შეუძლებელია. სახელმწიფო ვალდებულია, ეს დარღვევა ზიანის ანაზღაურებით აღმოფხვრას. მოყვანილი ნორმებით ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევ მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს უშუალოდ.
კასატორმა ასევე მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-16 და 24-ე მუხლებზე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №281 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 76-ე, 78-ე, 83-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, განსახილველ შემთხვევაში მ. ნ-ას საქმის გადაწყვეტისათვის სავალდებულო დოკუმენტი - საბრძოლო მოკვლევა ადმინისტრაციულ ორგანოში 2023 წლის აგვისტომდე არ ჰქონდა წარმოდგენილი, ასევე არ იყო წარდგენილი ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, რომ სტატუსის მაძიებელი არ იმყოფებოდა მეორედ ქორწინებაში, რაც განცხადების შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა. მითითებული საბუთების შეტანისთანავე კი, 2023 წლის 23 აგვისტოს, მ. ნ-ას მიენიჭა ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო სზაკ-ის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება. აღნიშნული პრაქტიკის დანერგვა გამოიწვევს ქაოსს და უსამართლობის წახალისებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების შემტანი შემოიფარგლება მხოლოდ განცხადების და იმ საბუთების წარდგენით, რომელსაც იგი ჩათვლის საჭიროდ და არა იმ საბუთების (დოკუმენტაციის), ინფორმაციის წარდგენით, რომელიც საქმის გადაწყვეტისათვის არის საჭირო და მისი მოპოვება მხოლოდ მას შეუძლია.
ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ საბრძოლო მოკვლევა მნიშვნელობას იძენს იმ შემთხვევაში, როდესაც გარდაცვლილი პირის საომარ მოქმედებებში მონაწილოებისა და შესაბამის სამხედრო შენაერთში ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება შესაბამის სამხედრო უწყებაში. კერძოდ, მოცემულ შეთხვევაში 2016 წლის 13 იანვრის MOD 1 16 00034166 წერილით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით, მათთან დაცული საარქივო მასალებში ბ. ბ-ას შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვებოდა. ასევე აღსანიშნავია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები, რომელიც გაცილებით ვიწროა, ვიდრე სასამართლოსი. ამდენად, ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, რაც უკავშირდება მნიშვნელოვანი ოდენობის სახელმწიფო გასაცემლის პირისათვის დანიშვნას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვალდებულია დაეყრდნოს მხოლოდ დაინტერესებული პირისა და მის მიერ მოძიებულ უტყუარ დოკუმენტაციას/ინფორმაციას. კასატორი მიიჩნევს, რომ სხვა შემთხვევაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული დისკრეციული უფლებამოსილების მიღმა გადაწყვეტილების მიღებით, შესაძლოა საფრთხე შეექმნას სახელმწიფო ბიუჯეტის რაციონალურად და მიზნობრივად ხარჯვას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით, 2017 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს განსაზღვრავს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი განსაზღვრავს ვეტერანთა კატეგორიებს, რომელთაც მიეკუთვნებიან: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) თავდაცვის ძალების ვეტერანები.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძველს წარმოადგენს მარჩენალის გარდაცვალება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 29 მაისს მ. ნ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და მოითხოვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპული ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭება შემდგომში კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით სარგებლობის მიზნით.
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოს სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 11 მაისის №174-26 ოქმით, ბ. ბ-ას მეუღლეს - მ. ნ-ას უარი ეთქვა ბ. ბ-ას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენაზე იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდებოდა მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტი. ბ. ბ-ას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დადგენის შესახებ უარის თქმის პირობებში, მ. ნ-ას მოთხოვნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი მ. ნ-ას მიერ, სამართალწარმოების გზით სადავოდ იქნა გამხდარი.
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2022 წლის 31 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ნ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 11 მაისის №174-26 სხდომის ოქმი და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 30 მაისის №3060/02-03-14/04-01 გადაწყვეტილება და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ნ-ასთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
2023 წლის 22 აგვისტოს მ. ნ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, კვლავ წარადგინა ნოტარიულად დამოწმებული საბრძოლო მოკვლევა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 13 ივლისის №01/166158 წერილი. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2023 წლის 24 აგვისტოს SSVA00023240 ცნობის თანახმად, მ. ნ-ა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 2023 წლის 23 აგვისტოდან, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ოჯახის წევრი. საიდენტიფიკაციო კოდით ..., შესაბამისად, მოსარჩელეზე კომპენსაციის გაცემა დაიწყო 2023 წლის სექტემბრის თვიდან.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინებასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც უდავოდ დადგენილია სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მ. ნ-ასთან მიმართებაში მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობა, მათ შორის ის გარემოება, რომ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისია შედგებოდა 18 წევრისაგან, გადაწყვეტილება კი მიღებული იქნა მხოლოდ 9 წევრის (და არა უმრავლესობის) მონაწილეობით, ამასთან არ დასტურდებოდა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმეთა გამოკითხვის პროცესში მ. ნ-ას ან მისი წარმომადგენლის ჩართულობა. გარდა ამისა სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო შეფასებული მ. ნ-ას მეუღლის გარდაცვალების მოწმობა (ბ. ბ-ა გარდაიცვალა საბრძოლო დავალებების შესრულების დროს) და საბრძოლო მოკვლევა (საქმეში დაცული იყო სამი საბრძოლო მოკვლევა, რომელთა ერთობლივი თუ ინდივიდუალური შეფასება მათი სარწმუნოობისა და სათანადოობის კუთხით არ მომხდარა), ასევე ისიც, რომ ბ. ბ-ას ვაჟს სახელმწიფო კომპენსაცია დანიშნული ჰქონდა 1997 წლის 31 მარტიდან თავდაცვის სამინისტროს ხაზით - მარჩენალის გარდაცვალების გამო და სხვა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კერძოდ, მითითებული კოდექსის 992-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დასახელებული კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 409-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მ. ნ-ას 2017 წლის 29 მაისის განცხადების კანონით დადგენილი წესით განხილვის შედეგად ამ უკანასკნელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპული ოჯახის წევრის სტატუსი მიენიჭებოდა და შემდგომში სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებოდა 2017 წლის 1 ივნისიდან, შესაბამისად, უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით მოსარჩელემ ვერ შეძლო ამ უფლების რეალიზება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ცალსახაა მიზეზშედეგობრივი კავშირი მოსარჩელის მიერ განცდილ მატერიალურ ზიანსა და მოპასუხის მიერ გამოცემულ უკანონო აქტს შორის და მართებულია სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა