დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 14.07.2014
საქმის ნომერი
2კ-12აპ.-14
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.07.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№12აპ-14 14 ივლისი, 2014 წელი

ა-ა ბ-ა, 12აპ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ის, პროკურორების - ჯ. კ-ის, ი. ნ-ის, მსჯავრდებულების - ზ. შ-ასა და ა. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ვ-ის, რ. ს-ასა და გ. ო-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ბრალდების არსი:

1.1. ,,ა-ის“ ეპიზოდი

1.1.1. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბ. ა-ამ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით და სამსახურებრივი მდგომარეობის ძალით, მისი ადმინისტრაციული რესურსის და მასზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირების მეშვეობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე გ. კ-ესთან ერთად ორგანიზება გაუკეთა ზ. ა-ის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, კერძოდ: 2011 წლის 12 სექტემბერს, გამთენიისას, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პატრულის სამმართველოს უფროსმა გ. ბ-ემ ე.წ. „საქმის გარჩევის“ მიზნით თბილისში, გორგასლის ქუჩის №...–ში მდებარე რესტორან „მ-ს“ კუპეში მიიყვანა დაზარალებული ზ. ა-ე, სადაც გამოძიებით დაუდგენელმა ბ. ა-ას დაცვის წევრებმა უკანონოდ აღკუკვეთეს თავისუფლება. იგი რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ ხელებგაკავებული, ხოლო გ. კ-ე და ბ. ა-ა პირადი ღირსების შეურაცხყოფით აყენებდნენ მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ასევე სთხოვდნენ დაზარალებულს მისი კუთვნილი BMW–X6 მარკის ავტომანქანის სასჯელაღსრულების დაწესებულებისათვის გადაფორმებას და გ. ბ-ისათვის ვალის დაბრუნებას. ამის შემდეგ ბ. ა-ამ და გ. კ-ემ კუპეში მყოფ გ. მ-ეს მისცეს დავალება, რომ ზ. ა-ე სადმე წაეყვანათ და დაემწყვდიათ. გ. მ-ის მითითებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა - მ. დ-ამ და გ. კ-მა, ასევე ბ. ა-ას დაცვის ძიებით დაუდგენელმა ორმა პირმა ზ. ა-ე წაიყვანეს თბილისში, მუხიანის დასახლების მე–... მ/რაიონი, ...–ე კორპუსი, ბინა №...–ში, სადაც გაგრძელდა ზ. ა-ის თავისუფლების უკანონო აღკვეთა. დაზარალებული, მისი ნების საწინააღმდეგოდ, თავისუფლება აღკვეთილი ჰყავდათ 2011 წლის 12 სექტემბრის 21 საათამდე.

1.1.2. ბრალდების დადგენილების თანახმად, ბ. ა-ას (ნასამართლობის არმქონე) ბრალდება წარედგინა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდეობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 333–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით; ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისათვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია სსკ–ის 25,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით.

1.1.3. ბრალდების დადგენილების თანახმად, გ. კ-ეს (ნასამართლობის არმქონე) ბრალდება წარედგინა თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისათვის, წინასწარი შეთანმხებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ–ის 25,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით.

1.1.3. გ. მ-ეს (ნასამართლობის არმქონე), მ. დ-ას (ნასამართლობის არმქონე) და გ. კ-ს (ნასამართლობის არმქონე) ბრალი წარედგინათ თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

1.2. ,,ს-ის“ ეპიზოდი

1.2.1. 2010 წლის 18 თებერვალს, ღამით, დაახლოებით 2-3 საათზე, ს-ის მეორე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე განთავსებული შენობის ბრიფინგის ოთახში ბ. ა-ამ, გ. კ-ემ, ამავე ბრიგადის მეთაურის მ. კ-ის თანდასწრებითა და ხელშეწყობით ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეებს: მ. ბ-ეს, ი. ზ-ს, თ. ი-ს, ლ. შ-ს, ე. მ-ას, გ. გ-ს, ბ. ა-ეს, ბ. ჯ-ს, დ. გ-ეს, გ. ხ-ს, დ. დ-ს, რ. გ-ეს, ჯ. ნ-ეს, მ. ფ-ეს, ლ. ძ-ს, ო. დ-სა და მ. მ-ს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა იმ მიზეზით, რომ მათ, სამხედრო სწავლების დროს პოლკოვნიკ ტ. ლ-ის გინებით შეურაცხყოფილებმა, უარი განაცხადეს სადილზე. თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით ბ. ა-ამ და გ. კ-ემ არსებითად შელახეს დაზარალებულების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. ამის შემდეგ, ბ. ა-ას ორგანიზებით, მ. კ-ის დახმარებითა და მისი მეთვალყურეობით მე–4 ქვეითი ბრიგადის სერჟანტმა ა. გ-ემ, ძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, დასჯის მიზნით, ხსენებული სამხედრო მოსამსახურეები ჩაკეტა მ. კ-ის სამსახურებრივ ზედამხედველობასა და დაქვემდებარებაში მყოფი მე–2 ქვეითი ბრიგადის აბანოში, სადაც მათ გამოურთეს გათბობა, არ მისცეს საკვები და 2010 წლის 20 თებერვლამდე ამყოფეს გაუსაძლის პირობებში, რამაც ზემოაღნიშნული ჯარისკაცების ფსიქიკური და მორალური ტანჯვა გამოიწვია. უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი ჯარისკაცების მეთვალყურეობას 3 დღის განმავლობაში ახორციელებდნენ მ. კ-ის დაქვემდებარებაში მყოფი მე-2 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები.

1.2.2. ბრალდების დადგენილების თანახმად, ბ. ა-ას ბრალდება წარედგინა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოწვია, ჩადენილი დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ–ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით; თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისათვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ–ის 25,143–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და წამების ორგანიზებისათვის, ე.ი. პირისათვის ისეთი პირობების შექმნისა და ისეთი მოპყრობისათვის, რომელიც თავისი ხასიათითა და ხანგრძლივობით იწვევს ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დაშინება და დასჯა მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი და მეტი პირის მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ–ის 25,1441 მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით;

1.2.3. ბრალდების დადგენილების თანახმად, გ. კ-ეს ბრალდება წარედგინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

1.2.4. ბრალდების დადგენილების თანახმად, მ. კ-ეს (ნასამართლობის არმქონე) ბრალდება წარედგინა თავისუფლების უკანონო აღკვეთაში დახმარებისათვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი და მეტი პირის მიმართ, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ–ის 25,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით და წამებაში დახმარებისათვის, ე.ი. პირისათვის ისეთი პირობების შექმნასა ან მოპყრობაში, რომელიც თავისი ხასიათით, ხანგრძლივობით იწვევს ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დაშინება და დასჯა მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი და მეტი პირის მიმართ, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია სსკ–ის 25,1441 მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

1.2.5. ბრალდების დადგენილების თანახმად, ა. გ-ეს ბრალდება წარედგინა, თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი და მეტი პირის მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია სსკ–ის 143–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

1.3. ვ-ის ეპიზოდი

1.3.1. 2011 წლის 26 ოქტომბერს, ღამის საათებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, მინისტრის კაბინეტში, მინისტრმა ბ. ა-ამ, გ. კ-ემ და ზ. შ-ამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს: ბ. გ-ეს, დ. ხ-ს, გ. კ-ეს, ნ. ქ-ესა და შ. ბ-ს, რა დროსაც მათ სთხოვდნენ ბუნტის მოწყობისა და ჯარში არეულობის შეტანის აღიარებას. ამავდროულად, მე–4 ქვეითი ბრიგადის სერჟანტმა ა. გ-ემ ბ. გ-ე ჩაიყვანა სამინისტროს ეზოში, სადაც ბუნტის მოწყობის აღიარების მიზნით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულების სამაგალითოდ დასჯის მიზნით, ბ. ა-ას ბრძანებით ა. გ-ის მიერ ნაცემი ბ. გ-ე და დარჩენილი სამხედრო მოსამსახურეები გადაიყვანეს ვ-ში დისლოცირებულ მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, სადაც ბ. ა-ამ, გ. კ-ემ, ზ. შ-ამ და ა. გ-ემ დაზარალებულებს კვლავ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოგვიანებით, 2011 წლის 26 ოქტომბერს, გამთენიისას, ბ. ა-ას დავალებით აღნიშნული პირები გადაიყვანეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, დააყენეს დერეფანში და რამდენიმე საათის განმავლობაში პირადი ღირსების შეურაცხყოფით აიძულებდნენ ხმამაღლა ეყვირათ „გაუმარჯოს მეოთხე ბრიგადას“. ბ. ა-ამ, გ. კ-ემ, ზ. შ-ამ და ა. გ-ემ დაზარალებულ ბ. გ-ის მიმართ გამოყენებული სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობით, ბ. გ-ე მიიყვანეს თვითმკვლელობამდე, კერძოდ - 2011 წლის 27 ოქტომბერს, რუსთავში, ზ-ის №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დედის საფლავზე, მაღალი ძაბვის ელექტროკაბელზე შეხებით მან სცადა თვითმკვლელობა.

1.3.2. ბრალდების დადგენილების თანახმად, ბ. ა-ას ბრალდება წარედგინა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 333–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით.

1.3.3. ბრალდების დადგენილების თანახმად, გ. კ-ეს ბრალდება წარედგინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

1.3.4. ბრალდების დადგენილების თანახმად, ა. გ-ს ბრალდება წარედგინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

1.3.5. ბრალდების დადგენილების თანახმად, ზ. შ-ას ბრალდება წარედგინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

1.4. პ. პ-ის ეპიზოდი

1.4.1. 2011 წლის 25 სექტემბერს, ღამის საათებში, ვ-ის მე-4 ქვეითი ბრიგადის შტაბის ბრიფინგის ოთახში, ამავე ბრიგადის მეთაურმა ზ. შ-ამ დაიბარა მასზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული ცალკეული დაცვის ასეულის პირველი დაცვის ოცეულის მეთაური პ. პ-ი. ზ. შ-ამ ბრიფინგის ოთახში შეკრებილი სამხედრო მოსამსახურეების თვალწინ, იმ მიზეზით, რომ პ. პ-ს სამხედრო ნაწილში უნებართვოდ მობილური ტელეფონი ჰქონდა შეტანილი, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით დაუწყო მას ცემა და გინება, რაც გაგრძელდა 30 წუთს. პ. პ-ს ფიზიკური დაზიანებების მიღების შედეგად აღენიშნებოდა მარცხენა ყურის ნიჟარის უკანა სისხლნაჟღენთი, მარცხენა თვალბუდის მიდამოში ნაჭდევი და სისხლნაჟღენთი, ცხვირის მიდამოში და მარცხენა თვალბუდის მიდამოში ნაჭდევი და სისხლნაჟღენთი, ცხვირის მიდამოში და მარცხენა ყურის ნიჟარის წინ-ნაჭდევები.

1.4.2. ბრალდების დადგენილების თანახმად, ზ. შ-ას ბრალდება წარედგინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

2. პირველი და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენით: ბ. ა-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნეტებით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 25,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 25,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 25,1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში. ბ. ა-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

2.2. გ. კ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 25,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში. გ. კ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა, რომელიც განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

2.3. მ. კ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 25,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 25,1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

2.4. გ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. გ. მ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

2.5. მ. დ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. მ. დ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

2.6. გ. კ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. გ. კ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

2.7. ა. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში. ა. გ-ის მიმართ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ოდენობით, რომლის მოხდისაგანაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, სრულად გათავისუფლდა. ა. გ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა, რომელიც განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

2.8. ზ. შ-ას მიმართ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (პ. პ-ის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ოდენობით, რომლის მოხდისაგანაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, სრულად გათავისუფლდა. ზ. შ-ას მიმართ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (მე-4 ბრიგადის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ოდენობით, რომლის მოხდისაგანაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, სრულად გათავისუფლდა. ზ. შ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა, რომელიც განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

2.9. გადაწყდა საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი:

- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი Jericho B ფირმის პისტოლეტი №..., ორი მჭიდითა და 30 ვაზნით, სარეგისტრაციო მოწმობა N ..., უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი GLOCK 17 პისტოლეტი – N ..., სამი მჭიდითა და 50 ვაზნით, სარეგისტრაციო მოწმობა N ..., უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი Benelli argo special ერთლულიანი თოფი N ..., სარეგისტრაციო მოწმობა N ..., უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი fabarm ფირმის თოფი, N ..., სარეგისტრაციო მოწმობა N ..., უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი 208 ცალი ვაზნა უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

- საქმეზე საბოლოო გადაწყეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი კომპაქტდისკები უნდა შეინახოს საქმის შენახვის ვადით.

გამართლებულებს განემარტათ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

2.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორებმა, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, ბ. ა-ას, გ. კ-ის, ზ. შ-ას, მ. კ-ის, ა. გ-ის, გ. მ-ის, მ. დ-ასა და გ. კ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდების მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

2.11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

2.12. გ. კ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა (,,ვ-ის“ ეპიზოდი) და სსკ-ის 25,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში. გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით (,,ს-ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა 3 თვის ვადით, რომლის მოხდისგანაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, სრულად გათავისუფლდა. გ. კ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა, რომელიც განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

2.13. ა. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ს-ის ეპიზოდი). ა. გ-ის მიმართ სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებზე და სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 1 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16, მე-18 მუხლების თანახმად, მას ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ასევე 9 თვით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. მსჯავრდებულ ა. გ-ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მომენტიდან. მასვე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა - 2012 წლის 14 ნოემბრიდან 2012 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. ა. გ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა, ხოლო გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

2.14. ზ. შ-ას ბრალდება სსკ–ის 125–ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან („ვ-ის“ ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 333–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებზე და სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 1 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16, მე–18 მუხლების თანახმად, ზ. შ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ასევე 9 თვით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. ზ. შ-ას ბრალდება საქართველოს სსკ–ის 125–ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (პ. პ-ის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 333–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებზე და სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 1 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16, მე–18 მუხლების თანახმად, ზ. შ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ასევე 9 თვით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და ზ. შ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და 9 თვით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. მსჯავრდებულ ზ. შ-ას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მომენტიდან. მასვე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა - 2012 წლის 7 ნოემბრიდან 2012 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. ზ. შ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა, ხოლო გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

2.15. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენი ბ. ა-ას, მ. კ-ის, გ. მ-ის, მ. დ-ასა და გ. კ-ის მიმართ, ასევე ნივთმტკიცების ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. საკასაციო საჩივრის არსი:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: პროკურორებმა - ჯ. კ-ემ და ი. ნ-მა; მსჯავრდებულმა გ. კ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-ემ; ზ. შ-ასა და ა. გ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ. ვ-მა, რ. ს-ამ და გ. ო-მა.

3.2. მსჯავრდებული გ. კ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ გ. კ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას შემდეგი საფუძვლებით: გ. კ-ეს 2012 წლის 12 ნოემბერს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით ბრალდება წარედგინა პროკურორ გ. შ-ის მიერ, ხოლო ამავე წლის 13 ნოემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 10 000 ლარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის წინასასამართლო სხდომის განჩინებით გაუქმდა, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ, უკანონოდ წარდგენილი ბრალდება, ხოლო გირაო დაუბრუნდა უკან. 2012 წლის 19 ნოემბერს გ. კ-ეს პროკურორ კ. ნ-ის მიერ წარედგინა მე-3 ბრალი, თუმცა აღნიშნულიც წინასასამართლო სხდომაზე გაუქმდა იმავე საფუძვლით, როგორც პირველ შემთხვევაში. გ. კ-ეს საბოლოო ბრალდება წარედგინა 2013 წლის 22 იანვარს, დანაშაულთათვის, რაც გათვალისიწინებულია სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებთ (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 25,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წლის 12 და 19 ნოემბრის დადგენილებები დაუშვებლად იყო ცნობილი, იხელმძღვანელა სსსკ-ის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით და ვინაიდან საკუთარი ინიციატივით სისხლისსამართლებრივ დევნას ვერ შეწყვეტდა, არ იმსჯელა ამ ბრალდებებზე. თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ბრალდებების ნაწილში იმსჯელა არსებითად, იმ საფუძვლით ყველა ეპიზოდი გაერთიანებული იყო ბოლო - 2013 წლის 22 იანვრის ბრალდების შესახებ დადგენილებაში, რითაც, კასატორის მოსაზრებით, დაარღვია სსსკ-ის 72-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, ამ კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად მიიჩნია, რომ 2013 წლის 1 მარტის განჩინება არაფერს წარმოადგენდა და ბრალდების დადგენილებები (2012 წლის 12 და 19 ნოემბრის) სასამართლომ უკანონოდ ცნო დაუშვებლად, ასევე დაარღვია პრინციპი, რომ ყოველგვარი ეჭვი გ. კ-ის სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო. კასატორები ასევე უთითებენ, რომ მხოლოდ ცხრა მოწმე ადასტურებს გ. კ-ის მხრიდან სამხედროების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ ბრიფინგის ოთახში იმყოფებოდა ბრალდების მხარის კიდევ თერთმეტი მოწმე, რომლებიც ამ ფაქტს არ ადასტურებენ. ამ ცხრა მოწმის (დაზარალებულების) ჩვენებებშიც, რომლებიც საფუძვლად დაედო გ. კ-ის მსჯავრდებას, არის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები. წინააღმდეგობებია ასევე სირბილის დროს ჯ-ის წაქცევისა და ფეხის ამორტყმის ფაქტზე ოთხი მოწმის (ბ. ჯ-ი, ლ. ძ-ი, გ. გ-ი, ი. ზ-ი) ჩვენებებში, ხოლო დანარჩენი 16 არ ადასტურებს ამ ფაქტს. რაიმე გადაცდომას (ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას) პლაცზე, ან შტაბის შენობიდან გამოსულ გინების ხმას არ ადასტურებენ მოწმეები (გვარდიის თანამშრომლები) გ. გ-ი, გ. გ-ი და კ. ბ-ა, ასევე მოწმეები - კ. მ-ე, მ. მ-ე, ტ. მ-ე, ვ. ვ-ე, ბ. ი-ი, კ. გ-ე, დ. მ-ი, ბრალდების მოწმეები კ. ღ-ა, ლ. მ-ი, თ. ს-ა, გ. ს-ე, ბ. ს-ა, მ. ჩ-ა. ბრიფინგის ოთახში, სამწყობრო მოედანზე ე.წ. ,,პლაცზე“ მომხდარი რაიმე ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები არ დაადასტურეს ასევე დაცვის მხარის მოწმეებმა - ბ. ა-ამ, მ. კ-ემ, ა. გ-ემ, რ. ჯ-ამ, მ. ს-ემ, კ. ბ-ემ, ზ. გ-ამ, თ. ტ-ემ, ასევე დაცვის წევრებმა და ბრიგადის თანამშრომლებმა - რ. ნ-მა, გ. ყ-მა, ზ. მ-ემ, დ. შ-ამ, პ. ფ-ამ, ი. ტ-ამ, კ. კ-მა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ გ. კ-ის უდანაშაულოდ ცნობას სსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში.

3.3. პროკურორები საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და ბ. ა-ას, გ. კ-ის, მ. კ-ის, ა. გ-ის, გ. მ-ის, მ. დ-ასა და გ. კ-ის დამნაშავედ ცნობას იმ კვალიფიკაციით, რაც გამოძიების მიერ ჰქონდათ ბრალად წარდგენილი. კასატორები განაჩენის შეცვლის ძირითად საფუძვლად უთითებენ შემდეგ გარემოებებზე: თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არ არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, ვინაიდან დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 259-ე, 82-ე მუხლებისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მოთხოვნები; ასევე დაირღვა სსსკ-ის 275-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ - სასამართლომ არასაკმარისად დაასაბუთა, რატომ იყო მტკიცებულებები არასარწმუნო და არასაკმარისი; ,,ს-ის“ ეპიზოდში დაუსაბუთებელია აპელაციის მოსაზრება ბ. ა-ას ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან ერთი მხრივ დადგენილად მიიჩნევს მისი მხრიდან სამხედრო მოსამსახურეების სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, ხოლო მეორე მხრივ არასწორად აფასებს, რომ ასეთი ქმედება არ წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას; ბ. ა-ამ სწორედ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიაყენა დაზარალებულებს სიტყვიერი შეურაცხყოფა; ს-ის ბაზაზე 19 ჯარისკაცის გადაყვანა მოხდა ა-ას ბრძანებით, რომლის შესრულებას ხელმძღვანელობდა ნ. ძ-ი. აღნიშნული დასტურდება ჯარისკაცების ჩვენებებით, რაც დაადასტურა ასევე პ. გ-მაც, ხოლო ზ. ა-ის ჩვენებით ნ. ძ-მა სამხედროების ს-ში გადაყვანის თაობაზე ბრძანება მიიღო ტელეფონზე საუბრისას და უთხრა, რომ იგიც უნდა გამოცხადებულიყო ს-ში ბ. ა-ასთან. ამდენად, აპელაციის მითითება, რომ არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ სამხედროების გადაყვანა მოხდა ბ. ა-ას ბრძანებით, არ გამომდინარეობს ამ მტკიცებულებებიდან; სამხედროების ს-ში გადაყვანას აკონტროლებდა მინისტრის პირველი მოადგილე ნ. ძ-ი, რომლის ერთადერთი უფროსიც იყო ბ. ა-ა, შესაბამისად, სხვისგან ვერ მიიღებდა მითითებას; სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ პირები, ვინც დაზარალებულები გადაიყვანეს და ბაზაზე იმყოფებოდნენ, იყვნენ ნიღბებით, რათა მოგვიანებით უკანო ქმედებების შემთხვევაში ვერ ამოეცნოთ დაზარალებულებს. ქმედებები უნდა შეფასებულიყო ერთობლიობაში, ეს ფაქტი კი სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა; აპელაციამ ერთი ეპიზოდი ცალ-ცალკე ნაწილებად დაანაწევრა, რითაც ერთიანი განზრახვა უარყო; სსკ-ის 25, 143-ე და 25,1441-ე მუხლებშიც დაუსაბუთებელია აპელაციის გადაწყვეტილება. ყველა დაზარალებულმა მიუთითა, რომ ბრიფინგის ოთახიდან გაყვანის შემდეგ ა. გ-ემ ავარჯიშა, შემდეგ კი ა-ამ ცინიკურად გასცა ბრძანება წაიყვანეთ და მოასვენეთო. კასატორები უთითებენ, რომ ბრძანება არა მხოლოდ ორი სიტყვით, არამედ ერთითაც შეიძლება გამოიხატოს, მაგ. ,,მოკალი“, ,,ააფეთქე“, ,,გაანადგურე“, ,,ჩაკეტე“. ამასთან, ბრძანება შეიძლება გაიცეს არავერბალურადაც - მიმიკით, ჟესტიკულაციით. სასამართლო დაეყრდნო ამ მოწმეთა სუბიექტურ შეფასებას (იყო თუ არა ცინიკურად გაცემული) და არა ბრძანების შემდგომ ფაქტობრივად განხორციელებულ მოქმედებას; დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განაჩენი როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ასევე პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, კერძოდ: მეთაურის პასუხისმგებლობა ორ კონცეფციას ეფუძნება. ა. უფროსმა, რომელმაც გასცა ბრძანება და ბ. უფროსს, რომელსაც არ გაუცია ბრძანება, მაგრამ ახორციელებს ძალაუფლებასა და კონტროლს ქმედებაზე. აღნიშნულ საკითხებზე არსებობს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეწინააღმდეგება. მეთაურის ცოდნა უნდა ივარაუდებოდეს მაშინაც, თუ მას ჰქონდა ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა, მაგრამ მან განზრახ თავი შეიკავა მისი მოპოვებისაგან, ანუ არ განახორციელა ეფექტური, ჯეროვანი და სათანადო კონტროლი. ასეთია საერთაშორისო სისხლის სამართლის თანამედროვე დოგმატიკა, რომლისგან განსხვავებითაც, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სსკ-ის 333-ე, 143-ე და 1441-ე მუხლების არასწორი განმარტება გააკეთეს; პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა დ. მ-ისა და ვ. ვ-ის ჩვენებები ირიბ მტკიცებულებებად; მ. კ-ესთან დაკავშირებით კასატორები უთითებენ, რომ იგი ვალდებული იყო არ დაეშვა და აღმოეფხვრა დანაშაული და სხვა მძიმე შედეგები. ამის საწინააღმდეგოდ, თავის დაქვემდებარებაში არსებული შენობა დანაშაულის ჩასადენად დაუთმო დანაშაულის ორგანიზატორს და უფრო მეტიც, საკუთარი ჯარისკაცები გუშაგად დაუყენა უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ ჯარისკაცებს და სამი დღის განმავლობაში გაუსაძლის პირობებსა და ტანჯვაში ამყოფა; მ. კ-ის, როგორც ბრიგადის მეთაურის გარეშე ვერავინ გამოყოფდა აბანოს შენობას სამხედროების თავისუფლების უკანონოდ აღსაკვეთად და ვერ გაიხსნებოდა მის დასაცავად საგუშაგო. ეს დადასტურებულია მ-ის, ვ-ის, იურისტ დ-ის, უშუალოდ მე-2 ბრიგადის 23-ე ბატალიონის ,,ალფა“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეების, ბრიგადის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლების, ხ. ჯ-ის და სხვა სამხედრო პოლიციელების მიერ მიცემული ჩვენებებით. კასატორები ასევე მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ თითქოს გ. კ-ამ ჩვენების მიცემისას უარყო, რომ სამხედროების ჩაკეტვის შესახებ ბრძანება გაცემული ჰქონდა მინისტრს, აღნიშნული არასწორია, პირიქით, გ. კ-ამ ეს ფაქტი დაადასტურა, რომლის თაობაზეც შეიტყო თანამოსამსახურე თ. ბ-ისაგან; ა. გ-ესთან მიმართებით ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არამართებულად მიუთითა დაზარალებულთა ჩვენებებს შორის წინააღმდეგობებზე. აღნიშნული ჩვენებებით უტყუარად დგინდება, რომ ერთ-ერთი პირი, ვინც სამხედროები გადაიყვანა აბანოს შენობაში, იყო ა. გ-ე. მოწმეთა ჩვენებები დაჩეხილი და კონტექსტიდან ამოგლეჯილია და სრულყოფილად არ ასახავს ფაქტებს; ო. დ-ს, ლ. ძ-სა და ბ. ჯ-ს, რომლებიც უშუალოდ იცნობდნენ ა. გ-ეს, არ უარუყვიათ უკანასკნელის მიერ მათი აბანოში გადაყვანის ფაქტი, მათ განმარტეს, რომ არ ახსოვდათ შეიარაღებულ პირებს შორის იყო თუ არა ა. გ-ე; სააპელაციო სასამართლომ მომეტებული ყურადღება გაამახვილა ფაქტობრივ გარემოებებთან შემხებლობაში არმყოფ, წვრილმან, უმნიშვნელო დეტალებზე, რომელიც საქმის არსს არ ცვლის. გ. კ-ესთან მიმართბით ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება მის მიერ სამხედრო მოსამსახურეებისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები. ამასთან, სააპელაციო პალატამ არასწორად დააკვალიფიცირა გ. კ-ის ქმედება სსკ-ის 387-ე მუხლით, ვინაიდან იგი ამ დანაშაულის სუბიექტი არ არის და მისი ქმედება წარმოადგენს სსკ-ის 333-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს; ,,ა-ის“ ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს შორის არაარსებით წინააღმდეგობებზე, რომლებიც გავლენას ვერ ახდენს ფაქტების დადგენაზე; სასამართლომ ფაქტობრივად უგულებელყო გ. ბ-ის ჩვენება, რომლის თანახმადაც, მან თავად მიიყვანა ზ. ა-ე რესტორან ,,მ-ოს“ კუპეში, შესვლისთანავე გ. კ-ესა და ზ. ა-ეს შორის დაიძაბა ურთიერთობა. ბ. ა-ას ბრძანებით მან დატოვა რესტორანი, 15-20 წუთი გაჩერდა გარეთ და შემდეგ დაბრუნდა სამსახურში. გ. ბ-ე ინციდენტიდან 4-5 დღის შემდეგ შეხვდა ზ. ა-ეს, რასაც ასევე ადასტურებს შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, რომლის თანახმადაც, 2011 წლის 14 სექტემბერს გ. ბ-ემ დაურეკა ზ. ა-ეს და მათ შორის საუბარი გაგრძელდა 119 წამი. ამ სატელეფონო საუბრის დროს დაგეგმეს შეხვედრის დრო და ადგილი. გ. ბ-ის განმარტებით, ზ. ა-ეს თვალზე ეტყობოდა ჩალურჯება, რაზეც ზ. ა-ემ უთხრა, რომ კ-ესთან მოუვიდა რაღაც უთანხმოება. გ. ბ-ისა და ც. დ-ის ჩვენებები ადასტურებს, რომ მინისტრი ზ. ა-ის რესტორანში მისვლიდან 2 საათის შემდეგაც კი იმყოფებოდა რესტორანში, ხოლო სააპელაციო სასამართლომ უაპელაციოდ გაიზიარა დაცვის მხარის მოწმე თ. ტ-ის ჩვენება, რომლითაც თითქოსდა გააბათილა გ. ბ-ის ჩვენება ბ. ა-ას რესტორანში კიდევ ორი საათით დარჩენის შესახებ; გ. ბ-ე არის პირდაპირი მოწმე, რომელმაც პირადად ნახა თვალებჩალურჯებული ზ. ა-ე; სააპელაციო სასამართლომ ზ. ა-ის მიერ განცხადების დაწერის საკითხთან დაკავშირებით არსებულ წინააღმდეგობებს მისცა სერიოზული სამართლებრივი დატვირთვა, თუმცა ეს მხოლოდ მცირედი დეტალებია, რომლებსაც ბრალდებასთან ფაქტობრივად შემხებლობა არა აქვს; არაარსებითია მოწმე შ. ვ-ის ჩვენება, რომელმაც არაფერი იცის საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ და მხოლოდ ზ. ა-ის დახასიათებით შემოიფარგლა; სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღების მიღმა დატოვა მოწმე ე. ჯ-ის მიერ ჩვენებისას განმარტებული არსებითი გარემოებები; კასატორი ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ზ. ა-ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი, გ. კ-ისა და მ. დ-ას ამოცნობის ოქმები, ვინაიდან ინფორმაციის წყარო არის ერთი და იგივე პირი ზ. ა-ე, არ არის დამოუკიდებელი ხასიათის პირდაპირი მტკიცებულებები. კასატორის განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტი და ამოცნობის ოქმები სსსკ-ის 75-ე, 129-ე, 130-ე და 131-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადგენენს დამოუკიდებელ საგამოძიებო მოქმედებებს; სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს ასევე პირდაპირი მტკიცებულებების დაყოფას დამოუკიდებელ და არადამოუკიდებელ პირდაპირ მტკიცებულებებად, ხოლო პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების განმარტება, რომ ეჭვისგამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება სულ მცირე - ორი პირდაპირი მტკიცებულება, რომლებიც სრულ თანხვედრაში უნდა იყოს ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, არასწორია და წარმოადგენს კანონის არასწორ და თვითნებურ განმარტებას, ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობის რომელიმე ნორმიდან; კასატორი ასევე უთითებს, რომ თუ რაოდენობრივი თავალსაზრისით არ არსებობდა ორი პირდაპირი მტკიცებულება, რატომ გადასცა წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ საქმე არსებითად განსახილველად და რატომ არ შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა; შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარების დეტალური ნუსხა ადასტურებს დაზარალებულის ჩვენებას, რაც სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს და მხოლოდ ის მიუთითეს, რომ ცალსახად არ ადასტურებს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტს; ,,ვ-ის“ ეპიზოდთან დაკავშირებით კასატორები უთითებენ, რომ სააპელაციო პალატის განმარტება, რომ დაზარალებულთა ჩვენებები მინისტრის კაბინეტში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არ შეესაბამება საქმეში არსებულ მასალებს და დამახინჯებულია; სამინისტროს ეზოში ბ. გ-ის ცემის ფაქტი სასამართლომ არამართებულად შეაფასა, ვინაიდან არსებობს საკმარისი მტკიცებულებები ა. გ-ის მიერ ბ. გ-ის მიმართ განხორციელებული ძალადობის დასადგენად; მე-4 ქვეით ბრიგადაში ბრიფინგის ოთახში განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო არარსებით დეტალებს და დაამახინჯა ფაქტები გ. კ-ის მიერ გ. კ-ისათვის ყურის აწევისა და დაზარალებულებისათვის სამხედრო ნიშნების ჩამოხევასთან დაკავშირებით; კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას ბ. ა-ას მიერ მისივე კაბინეტში შ. ბ-ისათვის დანის ჩარტყმისა და ბრიფინგის ოთახში ამავე პირისათვის ჯოხის თავში ჩარტყმის ფაქტის დადგენის შემდეგ მის სამართლებრივ შეფასებას; მე-4 ქვეითი ბრიგადიდან დაზარალებულების სამხედრო პოლიციაში გადაყვანა ასევე დასტურდება შ. ა-ას, კ. ე-ას, ლ. გ-ის, ი. ჩ-ას ჩვენებებით, რომელთაც განმარტეს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში სამხედროები იდგნენ დერეფანში და ყვიროდნენ ,,გაუმარჯოს მე-4 ქვეით ბრიგადას“. მათივე ჩვენებით დასტურდება, რომ ამ პროცესს ხელმძღვანელობდა თ. გ-ა; სასამართლომ არამართებულად განმარტა, რომ ამ ფაქტს შემხებლობა არა აქვს ბრალდებულებთან - ბ. ა-თან, გ. კ-ესთან, ზ. შ-ასთან, ა. გ-ესთან, რითაც ფაქტობრივად ერთიანი დანაშაულებრივი ეპიზოდი დანაწევრებულია ცალკე ეპიზოდებად, რაც ემსახურება იმ მიზანს, რომ გაწყდეს ჯაჭვი ბრალდებულების მხრიდან განხორციელებული ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს შორის; კასატორი დაცვის მხარის მტკიცებულებებთან დაკავშირებით უთითებს, რომ მოწმეთა ნაწილის ჩვენებები არ არის სარწმუნო და ისინი არიან ტენდენციურები სხვადასხვა პირადი მოტივებით, ხოლო მოწმეთა ნაწილი არ ფლობს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას; ბრალდებულების ჩვენებები არის სიცრუე და ემსახურება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევისა და პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბრალების მიზნებს; მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან შეთანხმებულია, რიგ შემთხვევებში შეიცავს არსებით წინააღმდეგობებს და აბათილებს მათ მიერვე განვითარებულ ვერსიას.

3.4. ზ. შ-ასა და ა. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები - მ. ვ-ი, რ. ს-ა და გ. ო-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ მათი ქმედების სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებიდან სსკ-ის 125-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას. ამასთან, უთითებენ, რომ საქმეზე არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის არის საჭირო. კასატორები საკასაციო საჩივარში უთითებენ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს კონკურენცია ზოგად და სპეციალურ ნორმებს შორის, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სპეციალური ნორმით. შესაბამისად, მსჯავრდებულების - ა. გ-ისა და ზ. შ-ას ქმედებები უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 125-ე მუხლით. სააპელაციო სასამართლო ეწინააღმდეგება თავისივე პოზიციას, როდესაც გ. კ-ის ქმედება დააკვალიფიცირა სპეციალური ნორმით - სსკ-ის 387-ე მუხლით, ხოლო ზ. შ-ასა და ა. გ-ის ქმედებები ზოგადი ნორმით - სსკ-ის 333-ე მუხლით. კასატორები ასევე უთითებენ, რომ მსჯავრდებულთა მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებები არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით. პ. პ-ისა და ძმები ა-ების ჩვენებები არ არის სარწმუნო; შ. ბ-ის ჩვენება არსებითად ეწინააღმდეგება ბრალდების სხვა მტკიცებულებებს; მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბ. გ-ემ თვითმკვლელობა სცადა ბანკის ვალების გამო და არა მსჯავრდებულთა ქმედებებიდან გამომდინარე; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბ. გ-ეს მიღებული ჰქონდა ელექტროკონტაქტური დამწვრობა, რაიმე სხვა დაზიანება მას არ აღენიშნებოდა, რაც იმაზე მიუთებს, რომ ა. გ-ეს იგი არ უცემია; ბ. გ-ემ, რომელმაც ფიცი დადო სასამართლოს წინაშე, იცრუა, რომ არსად მუშაობდა, თუმცა სიცრუე დადასტურდა ირ. ს-ას ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ 2013 წლის იანვარში გ-ე, ხ-ი და ქ-ე აღდგენილ იქნენ სპეცრაზმში; შ. ბ-მა განცხადება დაწერა კონტრდაზვერვის შენობაში უცნობ გამომძიებელთან, რომელიც დაეხმარა განცხადებების შედგენაში და არა პროკურატურაში; დაცვის მხარის მოწმეების - კ. კ-ის, ლ. რ-ას, ვ. კ-ის, დ. ჩ-ის, ი. ს-ას ჩვენებებით არ დასტურდება დაზარალებულებისათვის რაიმე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი; დაცვის მხარის მოწმეების - ც. ხ-ის, დ. მ-ისა და ზ. პ-ის ჩვენებებით დგინდება, რომ ჩვენების მიცემისას გამოძიება ახორციელებდა იძულებას, მუქარასა და ჩვენებებში ცრუ ინფორმაციის შეტანას.

3.5. ადვოკატმა გ. გ-ემ შესაგებლით ითხოვა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის დასაბუთება:

4.1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრები და შესაგებელი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პროკურორების - ჯ. კ-ის, ი. ნ-ის, მსჯავრდებულების - ზ. შ-ასა და ა. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ვ-ის, რ. ს-ასა და გ. ო-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

4.2. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულ გ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ის საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებაზე, რომელიც ეხება გ. კ-ის მიმართ 2012 წლის 12 და 19 ნოემბრის ბრალდების შესახებ დადგენილებებით წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ შეფასებას. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ა-ის“ და „ს-ის“ ეპიზოდებში გ. კ-ის ქმედებების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების თაობაზე და აღნიშნავს, რომ წინასასამართლო სხდომის განჩინებით არ იქნა დაშვებული არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოტანილი 2012 წლის 12 და 19 ნოემბრის პირის ბრალდების შესახებ დადგენილებები, ასევე ამ დადგენილებების გამოტანის შემდეგ ბრალდებულის დაკითხვის ოქმები, შუამდგომლობები აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ და სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, რაც ამორიცხულ იქნა მტკიცებულებათა ნუსხიდან. 2012 წლის 8 ნოემბრისა და 2013 წლის 22 იანვრის („ა-ის“, „ს-ის“, „ვ-ის“ ეპიზოდები) ბრალდების შესახებ დადგენილებები დარჩა ძალაში.

4.3. საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი იმავე ბრალდების გამო ან/და სასამართლოს განჩინება იმავე ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში წინასასამართლო სხდომის განჩინებით გ. კ-ის მიმართ ,,ა-ისა“ და ,,ს-ის“ ეპიზოდებში სისხლისსამართლებრივი დევნა არ შეწყვეტილა, არ იქნა დაშვებული მხოლოდ 2012 წლის 12 და 19 ნოემბრის ბრალდების შესახებ დადგენილებები (არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოტანილი), ხოლო 2013 წლის 22 იანვრის გ. კ-ის ბრალდების შესახებ დადგენილება, რომელიც მოიცავს ბრალდების ყველა ეპიზოდს, დარჩა ძალაში, რაც პირდაპირ არის მითითებული წინასასამართლო სხდომის განჩინებაში. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ, სსსკ-ის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, თითქოს ,,ა-ისა“ და ,,ს-ის“ ეპიზოდებში გ. კ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო, არამართებულად გააუქმა 2013 წლის 22 იანვრის გ. კ-ის ბრალდების შესახებ დადგენილება ,,ა-ისა“ და ,,ს-ის“ ეპიზოდებთან დაკავშირებით.

4.4. საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, როდესაც არსებობს ამ კოდექსით დადგენილი საფუძველი, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლო მხარის შუამდგომლობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი, ამასთან, აღნიშნული საპროცესო ნორმა მხარის შუამდგომლობის გარეშე სასამართლოს მიერ დევნის შეწყვეტის საპროცესო წესსაც არ ითვალისწინებდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სწორად გადაწყვიტა სადავოდ ქცეული სამართლებრივი საკითხი, ხოლო გ. კ-ის ქმედებებზე იმსჯელა მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში, რასაც საკასაციო პალატა სრულად იზიარებს.

,,ს-ის“ ეპიზოდი:

4.5.1. საკასაციო პალატამ საქმეზე არსებული მტკიცებულებები შეაფასა რელევანტურობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ,,ს-ის“ ეპიზოდში ბ. ა-ასა და ა. გ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ვერ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობით. ამასთან, გ. კ-ესა და მ. კ-ეს მსჯავრი უნდა დაედოთ შეცვლილი კვალიფიკაციით, კერძოდ:

4.5.2. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, 2010 წლის 18 თებერვალს, ღამით, დაახლოებით 2-3 საათზე, ს-ის მეორე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე განთავსებული შენობის ბრიფინგის ოთახში ბ. ა-ამ, გ. კ-ემ, ამავე ბრიგადის მეთაურის მ. კ-ის თანდასწრებითა და ხელშეწყობით, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეებს: მ. ბ-ეს, ი. ზ-ს, თ. ი-ს, ლ. შ-ს, ე. მ-ას, გ. გ-ს, ბ. ა-ეს, ბ. ჯ-ს, დ. გ-ეს, გ. ხ-ს, დ. დ-ს, რ. გ-ეს, ჯ. ნ-ეს, მ. ფ-ეს, ლ. ძ-ს, ო. დ-სა და მ. მ-ს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა იმ მიზეზით, რომ მათ, სამხედრო სწავლების დროს პოლკოვნიკ ტ. ლ-ის გინებით შეურაცხყოფილებმა, უარი განაცხადეს სადილზე.

4.5.3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ს-ის მე-2 ქვეითი ბრიგადის ბრიფინგის ოთახში ბ. ა-ას მხრიდან დაზარალებულების მიმართ რაიმე სახის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა - თ. ბ-ემ, გ. გ-მა, ე. მ-ამ, ო. დ-მა, ლ. ძ-მა, ბ. ჯ-მა, დ. შ-მა, ი. ზ-მა, მ. მ-მა, რ. გ-ემ, ლ. შ-მა, ჯ. ნ-ემ, მ. ბ-ემ, დ. გ-ემ, დ. დ-მა და ბ. ა-ემ დაადასტურეს მხოლოდ ბ. ა-ას მიერ მათი სიტყვიერი შეურაცხყოფის (გინების) ფაქტი. დაზარალებულების ნაწილმა დაადასტურა ასევე ბ. ა-ას მიერ ლ. შ-ისათვის პლასტმასის ბოთლის სროლის ფაქტი, რომელიც არავის მოხვედრია. საწინააღმდეგოდ, მათ განმარტეს, რომ ბ. ა-ას ბრიფინგის ოთახში მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ხოლო ბრალდების მხარეს სხვა მტკიცებულება, რომელიც ბრიფინგის ოთახში ბ. ა-ას მხრიდან სამხედროების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს დაადასტურებდა, სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

4.5.4. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმის თაობაზე, რომ პირის მსჯავრდებისათვის აუცილებელია შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებს კონკრეტულ ფაქტებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულების მიერ მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და თანხვედრილია ერთმანეთთან ბ. ა-ას მხრიდან სამხედრო მოსამსახურეებისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ნაწილში. აღნიშნული დასტურდება ასევე ზ. ა-ის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ჩვენებით, თუმცა საკასაციო პალატა არ ეთანხმება ბ. ა-ას ქმედების სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებას შემდეგ გარემოებათა გამო:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 333-ე მუხლით კრიმინალიზებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, მისთვის ნორმატიული აქტით მინიჭებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლების გადამეტებას. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა - ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლებები, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა. სასამართლო ვალდებულია, შეაფასოს დარღვევის არსებითობა, რომელიც არ არის ერთმნიშვნელოვანი, წინასწარ ჩამოყალიბებული ან კანონმდებლობით განსაზღვრული და დამოკიდებულია კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე. ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, წარმოადგენს ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას.

- საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბ. ა-ას ქმედება - ბრიფინგის დარბაზში სამხედრო მოსამსახურეების მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა - მართალია, სცილდება მისი, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, მაგრამ იგი არ შეიძლება შეფასდეს დაზარალებულთა ღირსების იმ ხასიათის შეურაცხყოფად, რაც დაზარალებულების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებით დარღვევას იწვევს.

4.5.5. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბ. ა-ას ქმედება - სამხედრო მოსამსახურეების სიტყვიერი შეურაცხყოფა და ლ. შ-ისათვის ბოთლის სროლა, რომლიც არავის მოხვედრია, მართალია, მორალური თვალსაზრისით ცალსახად მიუღებელი და გასაკიცხია, მაგრამ ვერ შეფასდება დაზარალებულის ღირსების იმ ხასიათის შეურაცხყოფად, რაც ფიზიკური პირის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევას იწვევს. შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს ამ დანაშაულის შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ნიშანი, როგორიცაა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა - ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლებების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა. ბ. ა-ას ქმედება უნდა შეფასდეს ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართულ უღირს საქციელად, რაც წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და არა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის საწინააღმდეგო მოსაზრებას და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის განაჩენი ბ. ა-ას მიმართ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში (ს-ის ეპიზოდი) გამართლების შესახებ უნდა დარჩეს უცვლელად.

4.5.6. ,,ს-ის“ ეპიზოდში გ. კ-ეს ბრალი წარედგინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის განაჩენით გ. კ-ის ქმედება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნული მუხლით დაედო მსჯავრი.

4.5.7. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება გ. კ-ის მიერ ს-ის მე-2 ქვეით ბრიგადაში ბრიფინგის ოთახში სამხედრო მოსამსახურეებისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, თუმცა არ იზიარებს ქმედების სამართლებრივ შეფასებას, კერძოდ: მოწმეების - ლ. ძ-ის, ბ. ჯ-ის, ო. დ-ის, გ. გ-ის, ლ. შ-ის, ი. ზ-ის, დ. შ-ის ჩვენებები ცალსახად ადასტურებენ, რომ გ. კ-ემ ლ. ძ-ილსა და ო. დ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო ის გარემოება, რომ სხვა დაზარალებულების ჩვენებებში ამ ფაქტთან დაკავშირებით არის გარკვეული ცდომილებები, დაზარალებულების ნაწილს კი არ დაუნახავს ან არ ახსოვს გ. კ-ის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, რაზეც დაცვის მხარეც აპელირებს, ვერ დააყენებს ეჭვქვეშ ლ. ძ-ის, ბ. ჯ-ის, ო. დ-ის, გ. გ-ის, დ. შ-ის, ი. ზ-ისა და ლ. შ-ის ჩვენებების სანდოობას გ. კ-ის მიერ დაზარალებულების ფიზიკური შეურაცხყოფის ნაწილში, ვინაიდან მათ შორის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა არ ფიქსირდება და პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტის უტყუარად დასადგენად.

ამდენად, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია გ. კ-ის მიერ სამხედრო მოსამსახურეების მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.

4.5.8. საქართველოს სსკ-ის 382-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულად ითვლება მე-13 კარით გათვალისწინებული ქმედება, მიმართული საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო სამსახურის წესის წინააღმდეგ, ჩადენილი იმ სამხედრო მოსამსახურის მიერ, რომელიც საქართველოს სამხედრო ძალებში მსახურობს გაწვევით ან კონტრაქტის საფუძველზე, აგრეთვე რეზერვისტის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას. სსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ხელქვეითის მიერ უფროსის ან უფროსის მიერ ხელქვეითის შეურაცხყოფა სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებისას ან ამ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

4.5.9. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ. კ-ე მითითებულ პერიოდში იყო მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური და ამავდროულად სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი და წარმოადგენდა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეს. შესაბამისად, ცალსახაა, რომ იგი სამხედრო სამსახურში არ მსახურობდა გაწვევით ან კონტრაქტის საფუძველზე. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. კ-ე, სსკ-ის 382-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არ არის სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სუბიექტი, რაც გამორიცხავს მისი ქმედების სსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირებას.

4.5.10. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ გ. კ-ის ქმედება - სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელის ერთჯერადი დარტყმა - არ წარმოადგენს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს - მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილს ძალადობით, რაც მას ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ჰქონდა წარდგენილი. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ გ. კ-ემ დაზარალებულთა მიმართ განახორციელა ერთჯერადი დარტყმები (მრავალჯერადი დარტყმები უტყუარად დადგენილი არ არის). ამასთან, სასამართლოსთვის წარდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ გ. კ-ის აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა დაზარალებულთა ჯანმრთელობის რაიმე ხარისხის დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური თვალსაზრისით სახეზეა სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი ნიშანი - ძალადობა, გ. კ-ის მიერ ხელის ერთჯერადი დარტყმა, რომელსაც არ მოჰყოლია დაზარალებულების რაიმე სახის დაზიანება და უშუალოდ ამ მოქმედებას არ გამოუწვევია დაზარალებულთა უფლებებისა და მათი კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა, აღნიშნული ვერ შეფასდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად, ჩადენილი ძალადობით, ვინაიდან არ არსებობს ამ დანაშაულის შემადგენლობის ისეთი სავალდებულო ნიშანი, როგორიცაა ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების არსებითი დარღვევა, რაც გამორიცხავს გ. კ-ის ქმედების სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. კ-ის ქმედება - სამხედრო მოსამსახურეებისათვის ერთჯერადად ხელის დარტყმა, რომელსაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის რაიმე სახის დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, წარმოადგენს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს - სხვაგვარ ძალადობას, ვინაიდან არსებობს ამ დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი. შესაბამისად, გ. კ-ის ქმედება სსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და აღნიშნული მუხლით უნდა დაედოს მსჯავრი.

4.5.11. ბრალდების დადგენილების თანახმად (,,ს-ის“ ეპიზოდი), ბ. ა-ას ორგანიზებით, მ. კ-ის დახმარებითა და მისი მეთვალყურეობით, მე–4 ქვეითი ბრიგადის სერჟანტმა ა. გ-ემ, ძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად დასჯის მიზნით, ხსენებული სამხედრო მოსამსახურეები ჩაკეტა მ. კ-ის სამსახურებრივ ზედამხედველობასა და დაქვემდებარებაში მყოფი მე–2 ქვეითი ბრიგადის აბანოში, სადაც მათ გამოურთეს გათბობა, არ მისცეს საკვები და 2010 წლის 20 თებერვლამდე ამყოფეს გაუსაძლის პირობებში, რამაც ზემოაღნიშნული ჯარისკაცების ფსიქიკური და მორალური ტანჯვა გამოიწვია. უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი ჯარისკაცების მეთვალყურეობას 3 დღის განმავლობაში ახორციელებდნენ მ. კ-ის დაქვემდებარებაში მყოფი მე-2 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები. ამდენად, ბ. ა-ას ამ ეპიზოდში ბრალი წარდგენილი აქვს ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისათვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ და წამების ორგანიზებისათვის, ე.ი. პირისათვის ისეთი პირობების შექმნისა და ისეთი მოპყრობისათვის, რომელიც თავისი ხასიათითა და ხანგრძლივობით იწვევს ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დაშინება და დასჯა მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ორი და მეტი პირის მიმართ; მ. კ-ეს - თავისუფლების უკანონო აღკვეთაში დახმარებისათვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი და მეტი პირის მიმართ და წამებაში დახმარებისათვის, ე.ი. პირისათვის ისეთი პირობების შექმნასა ან მოპყრობაში, რომელიც თავისი ხასიათით, ხანგრძლივობით იწვევს ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დაშინება და დასჯა მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი და მეტი პირის მიმართ, ხოლო ა. გ-ეს - თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი და მეტი პირის მიმართ.

4.5.12. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, კერძოდ: იმისათვის, რომ პირის ქმედება შეფასდეს როგორც ორგანიზატორის მოქმედება, აუცილებელი არ არის მისი უშუალო მონაწილეობა დანაშაულის ჩადენაში. მთავარია, რომ ის იყოს დანაშაულის მომწყობი და ხელს უწყობდეს მის განხორციელებას.

4.5.13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბ. ა-ას ქმედების თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და წამების ორგანიზატორად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია უტყუარად დადგინდეს მის მიერ ასეთი ბრძანების რეალურად გაცემის არსებობა-არარსებობის ფაქტი და შეფასდეს, ბ. ა-ამ ბრძანების გაცემისას რა იგულისხმა სიტყვებში - ,,წაიყვანეთ და მოასვენეთ“. იყო ეს ცინიკურად გაცემული და ნიშნავდა სამხედრო მოსამსახურეებისათვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მითითებას, თუ მასში სამხედროების რეალურად დასვენება იგულისხმა და ამსრულებელმა სწორად არ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ არც ერთი დაზარალებული და მოწმე არ უთითებს, რომ ბ. ა-ამ გასცა სამხედრო მოსამსახურეების ჩაკეტვის - თავისუფლების აღკვეთის ან მათი წამების ბრძანება. უფრო მეტიც: არც ერთი მტკიცებულებით უტყუარად არ დასტურდება, რომ ბ. ა-ამ საერთოდ იცოდა სამხედრო მოსამსახურეების თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და წამების ფაქტები. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ შემთხვევიდან მეორე დღეს ბ. ა-ამ თათბირზე იკითხა სამხედრო მოსამსახურეების ბედი, ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად არ ნიშნავს იმას, რომ მან იცოდა სამხედროების უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისა და წამების შესახებ, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც პასუხის გაცემისას მას ფაქტობრივად მოატყუეს და უთხრეს, რომ ჯარისკაცებმა საჭმელი ჭამეს. დ. მ-ისა და ვ. ვ-ის ჩვენებებით ბ. ა-ამ მეორე დღეს თათბირზე იკითხა სამხედრო მოსამსახურეების ბედის შესახებ, რაზეც დ. მ-ის განმარტებით, მ. კ-ემ, ხოლო ვ. ვ-ის ჩვენებით, გ. კ-ემ დაუდასტურეს, რომ სამხედროებმა საჭმელი ჭამეს. ამდენად, ნათელია, რომ ამ ორი მოწმის ჩვენებაც არ არის თანმიმდევრული, თუმცა ცალსახაა ის ფაქტი, რომ მინისტრი შეყვანილ იქნა შეცდომაში, ვინაიდან სამხედროები ამ დროიდან კიდევ მინიმუმ ერთი დღე იყვნენ საჭმლის გარეშე. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ შეუძლებელია იმ ფაქტის დადგენა, მ. კ-ემ და გ. კ-ემ რეალურად იცოდნენ თუ არა სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობა იმ პირობებში, როდესაც არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მათი აბანოში ან აბანოსთან მისვლის და ჯარისკაცების მდგომარეობის უშუალოდ ნახვის, ან რომელიმე სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ ინფორმაციის მათთვის მიწოდების ფაქტები, თუ სამხედრო იერარქიიდან გამომდინარე, მ. კ-ის დაქვემდებარებაში მყოფმა სამხედროებმა მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია. აღნიშნული კითხვები პასუხგაუცემელია. სასამართლო ვერ დაეყრდნობა დაზარალებულთა ნაწილის განმარტებას, რომ ბ. ა-ას მიერ ბრძანება გაცემული იყო ცინიკურად, ვინაიდან დაზარალებულების მეორე ნაწილმა მიუთითა, რომ ბრძანება მოსვენების შესახებ სწორად იყო გაცემული. აღნიშნული არის დაზარალებულების სუბიექტური შეფასება, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს, რომ სამხედროების ჩაკეტვის თაობაზე ბრძანება ბ. ა-ას არ გაუცია, ხოლო პირდაპირი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულების გარეშე ეს ფაქტი ვერ დადგინდება.

4.5.14. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. აღნიშნული რეგულაცია ფუძემდებლური პრინციპის - უდანაშაულობის პრეზუმფციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ემსახურება მცდარი მსჯავრდების რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზანს.

4.5.15. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით და პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის გარეშე, შეუძლებელია დადგინდეს ბ. ა-ას მიერ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და სამხედროებისათვის გაუსაძლისი პირობების შექმნის ორგანიზებისა და მის მიერ ასეთი ბრძანების გაცემის ფაქტები, ვინაიდან ეჭვი იმის თაობაზე, რომ სიტყვები - ,,წაიყვანე და მოასვენე“ - ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად არ გამოხატავს ბ. ა-ას ბრძანებას სამხედრო მოსამსახურეების თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და წამების შესახებ - უარყოფილი არ არის. შესაბამისად, მტკიცებულებათა შეფასებისას არსებული ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

4.5.16. საკასაციო პალატა არ მსჯელობს სამხედროების ვ-დან ს-ში გადაყვანასთან ბ. ა-ას შესაძლო კავშირზე, ვინაიდან ეს ბრალდების ფორმულირებიდან არ გამომდინარეობს, ე.ი. ბ. ა-ას, გ. კ-ეს, ა. გ-ესა და მ. კ-ეს ამ მიმართებით ბრალდება წარდგენილი არ ჰქონიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის აპელირებას, რომ სასამართლომ დაანაწევრა მთლიანი ბრალდება ცალკეულ ეპიზოდებად და სამხედროების ვ-დან ს-ში გადაყვანის დროიდან თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და წამების ორგანიზებით დამთავრებული, ბ. ა-ას ამოძრავებდა ერთიანი განზრახვა, ვინაიდან აღნიშნულზე მსჯელობის შესაძლებლობას წარდგენილი ბრალდების ფორმულირება და ფარგლები არ იძლევა, შესაბამისად, ამ გარემოებაზე ბრალდების მხარის მითითება უსაფუძვლოა. საკასაციო პალატა იმავე საფუძვლით არ მსჯელობს სამწყობრო მოედანზე ვარჯიშსა და იქ რაიმე სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის შესაძლო მიყენების ფაქტებზე. საკასაციო პალატა მსჯელობს და აფასებს მხოლოდ ბრიფინგის ოთახში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და წამების ორგანიზების კუთხით ბ. ა-ას ბრძანების არსებობა-არარსებობის ფაქტებს.

4.5.17. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ბრალდების მხარის მითითებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ბ. ა-ას სიტყვების - ,,წაიყვანეთ და მოასვენეთ“ შემდეგ განხორციელებული ქმედება - სამხედრო მოსამსახურეების აბანოში გადაყვანა და ჩაკეტვა, მისი ბრძანების სწორედ ამგვარ შესრულებას ნიშნავდა. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული არის მხოლოდ ვარაუდი, რომელიც პირდაპირი მტკიცებულებით არ დასტურდება. ბრძანება შინაარსობრივად თავისუფლების აღკვეთისა და წამების თვალსაზრისით არ არის აშკარა, პირდაპირი და ცალსახა, იგი დაზარალებულებმაც აღიქვეს არაერთმნიშვნელოვნად, ხოლო მეორე დღეს ბ. ა-ას მიერ სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობით დაინტერესება და მისი შეცდომაში შეყვანა, რითაც ბ. ა-ას შეუქმნეს მცდარი წარმოდგენა, რომ ჯარისკაცებმა საჭმელი მიიღეს და იმყოფებოდნენ ჩვეულებრივ პირობებში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სიტყვებში - ,,წაიყვანეთ და მოასვენეთ“ ბ. ა-ამ არ იგულისხმა დაზარალებულების ჩაკეტვა. ამდენად, საკასაციო პალატა განმეორებით აღნიშნავს, რომ პირდაპირი და სარწმუნო მტკიცებულების გარეშე ვერ დადგინდება ბ. ა-ას მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ორგანიზების მიზნით ასეთი ბრძანების გაცემის ფაქტი და სიტყვები - ,,წაიყვანეთ და მოასვენეთ“ ვერ გახდება ბ. ა-ას სსკ-ის 25,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 25,1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების საფუძველი.

4.5.18. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ ა. გ-ის ქმედების ფაქტობრივ და სამართლებრივ შეფასებას და აღნიშნავს, რომ დაზარალებულების ჩვენებებს შორის, რომლებიც ადასტურებენ ა. გ-ის მიერ მათი აბანოში გადაყვანის ფაქტს და რომლებიც არ ადასტურებენ ამ ფაქტს, არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები და არა უმნიშვნელო, როგორც ბრალდების მხარე უთითებს. დადგენილია, რომ ა. გ-ის იდენტიფიცირება მოხდა ო. დ-ის, ლ. ძ-ისა და ბ. ჯ-ის მიერ, რომლებიც პირადად იცნობდნენ ა. გ-ეს, თუმცა მათ არ დაადასტურეს, რომ მათი აბანოში გადაყვანა განახორციელა ა. გ-ემ, ხოლო იმ დაზარალებულთა ნაწილმა, რომლებიც არ იცნობდნენ ა. გ-ეს, დაადასტურეს ამ უკანასკნელის მიერ მათი აბანოში გადაყვანის ფაქტი.

4.5.19. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სწორედ იმ დაზარალებულებმა, რომლებიც უშუალოდ არ იცნობდნენ ა. გ-ეს და მხოლოდ გადმოცემით იციან მისი ვინაობა, მიუთითეს ა.გ-ის მიერ მათი აბანოში გადაყვანის თაობაზე (ვინც უშუალოდ იცნობდნენ მას, არ დაადასტურეს), თუმცა ბრალდების მხარეს მათი მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობა (ამოცნობები) არ ჩაუტარებია, რათა უტყუარად დაედგინა, დაზარალებულებმა ნამდვილად იცოდნენ თუ არა იქ მყოფი პირებიდან, რომელი იყო ა. გ-ე და სწორად ახსოვდათ თუ არა იმ პირის სახე, რომელმაც ისინი აბანოში გადაიყვანა, მით უმეტეს, ამის აუცილებლობა ცალსახაა იმ პირობებში, როდესაც ა. გ-ეს რიგ შემთხვევებში ნიღაბი ეკეთა, დაზარალებულების ჩვენებები არ არის თანმიმდევრული, ხოლო ერთ-ერთმა დაზარალებულმა კი სასამართლო სხდომაზე ა. გ-ის ნაცვლად საბადრაგო სამსახურის თანამშრომელზე მიუთითა. ამდენად, საკასაციო პალატა ასევე, ამ გარემოებიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას, უტყუარად დაადგინოს ა. გ-ის მიერ დაზარალებულების აბანოში გადაყვანის ფაქტი.

4.5.20. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს პ. გ-ის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ ,,მაღალმა ბიჭმა“ (ა. გ-ემ) სამხედრო მოსამსახურეები გადაიყვანა ადმინისტრაციული შენობის მარჯვნივ მდებარე ერთსართულიან მწვანე შენობაში. ბრალდების მხარის მოწმეებმა - რ. გ-ამ და პ. მ-მა განმარტეს, რომ სამწყობრო მოედნიდან აბანოს შენობის დანახვა ფაქტობრივად შეუძლებელია. ს-ის მე-2 ქვეით ბრიგადაში შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ აბანოს შენობა მდებარეობს ბრიგადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელსაც დასავლეთით ესაზღვრება საქვაბე, აღმოსავლეთით - სასადილო, ჩრდილოეთით - ყაზარმები, ხოლო სამხრეთით - ავტოპარკი. აბანოდან ბეტონის შიდა მიმოსვლითი გზა მიემართება ბრიგადის სამწყობრო მოედნისკენ, რომელიც მდებარეობს ბრიგადის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სამწყობრო მოედანს ჩრდილოეთით ესაზღვრება შიდა შემოვლითი გზა, ღია სავარჯიშო მოწყობილობები და საყარაულო კოშკი, სამხრეთით - ყაზარმები, აღმოსავლეთით - შიდა შემოვლითი გზა, ხოლო დასავლეთით - მინისტადიონი და სავარჯიშო მოწყობილობა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე დართულია სურათები, რომლებიდანაც იმის გარკვევა, თუ რამდენად ჩანს სამწყობრო მოედნიდან აბანოს შენობა, ფაქტობრივად შეუძლებელია. ამ ფაქტის დადგენა შეუძლებელია ასევე დ. შ-ისა და თ. ბ-ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, რომლებსაც ასევე ერთვის სურათები. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პ. გ-ის ჩვენება არ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ვინაიდან ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მოწმეების - რ. გ-ასა და პ. მ-ის ჩვენებებს, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, რომლის თანახმადაც, სამწყობრო მოედანი და აბანოს შენობა მდებარეობს ბრიგადის სხვადასხვა მხარეს და აბანოს შენობას სამწყობრო მოედანი ან პირიქით - არ ესაზღვრება. რაც შეეხება მოწმე გ. ს-ის ჩვენებას, რომ საარტილერიო ბატალიონის უზრუნველყოფის ასეულის ყაზარმიდან დაინახა ჯარისკაცების აბანოში გადაყვანა, რისი შესაძლებლობაც მოწმე რ. ც-ემაც დაადასტურა, არ ნიშნავს ერთმნიშვნელოვნად იმას, რომ ასევე დაინახავდა სამწყობრო მოედანზე მყოფი პ. გ-ე ა. გ-ის მიერ ჯარისკაცების აბანოში გადაყვანის ფაქტს.

4.5.21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებას დაზარალებულთა ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების პირობებში ა. გ-ის მიერ სამხედრო მოსამსახურეების აბანოში შესაძლო გადაყვანის ფაქტის უტყუარად დადგენის შეუძლებლობის თაობაზე. პალატა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს ასევე ბ. ჯ-ის, ლ. ძ-ისა და ო. დ-ის ჩვენებებს, რომლებიც უშუალოდ იცნობდნენ ა. გ-ეს და რომლებმაც ვერ დაადასტურეს ა. გ-ის მიერ მათი აბანოში გადაყვანის ფაქტი, განსხვავებით იმ დაზარალებულებისაგან, რომლებიც არ იცნობდნენ ა. გ-ეს და მისი ვინაობა გაიგეს აბანოში, ვ-ში ან სხვა გარემოებებში ბ. ჯ-ის, ლ. ძ-ისა და თუ სხვა პირისაგან, რაც დამატებით არსებული წინააღმდეგობის პირობებში კრიტიკას ვერ უძლებს და ვერ დადგინდება ა. გ-ის მიერ სამხედრო მოსამსახურეების თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მიზნით აბანოში გადაყვანის ფაქტი, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის განაჩენი ამ ნაწილშიც უნდა დარჩეს უცვლელად.

4.5.22. მ. კ-ის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მისი გამართლების თაობაზე და მიაჩნია, რომ მ. კ-ის ქმედება საქართველოს სსკ–ის 25,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.5.23. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა (დაზარალებულების) ჩვენებებით დგინდება, რომ მ. კ-ე, რომელიც იყო ს-ის მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაური, დაზარალებულების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების დროს იმყოფებოდა მეორე ქვეითი ბრიგადის ბრიფინგის ოთახში, ასევე სამწყობრო მოედანზე ესწრებოდა ჯარისკაცთა ფიზიკურ დატვირთვას, თუმცა არც ერთი ჩვენებით არ დასტურდება, რომ მ. კ-ემ რომელიმე სამხედრო მოსამსახურეს მიაყენა სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა, ან დაეხმარა ორგანიზატორს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და წამებაში.

4.5.24. საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დასჯადი ქმედებაა სამსახურებრივი გულგრილობა ე.ი. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

4.5.25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი გულგრილობა გამოიხატება სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, შესაბამისად, განმსაზღვრელია კონკრეტული მოხელისათვის ნორმატიული აქტებით დაკისრებული მოვალეობების ზუსტად დადგენა, რათა შეფასდეს, შედიოდა თუ არა კონკრეტული ქმედების განხორციელება მის სამსახურებრივ მოვალეობაში. ამასთან, დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა და ამდენად, აუცილებელია ფიზიკური ან იურიდიული პირის, საზოგადოების ან სახელმწიფოს ინტერესების არსებით დარღვევას ჰქონდეს ადგილი, რომლის გარეშეც ქმედება სამსახურებრივ გულგრილობად ვერ დაკვალიფიცირდება.

4.5.26. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების შინაგანი წესდების მე-3 თავის 61-ე პუნქტის თანახმად, ბრიგადის მეთაური არის ბრიგადის მთელი პირადი შემადგენლობის პირადი უფროსი. ამავე თავის 62-ე პუნქტის თანახმად, იგი ვალდებულია, მიიღოს ზომები დანაშაულისა და სხვა შემთხვევათა თავიდან ასაცილებლად, ასევე შეატყობინოს სამხედრო პროკურორს, პირადად მიიღოს მონაწილეობა იმ კატასტროფათა და სხვა შემთხვევათა გამოკვლევა-გამოძიებაში, რამაც გამოიწვია ადამიანთა დაღუპვა ან სხვა მძიმე შედეგები.

4.5.27. საკასაციო პალატას სამხედრო მოსამსახურეებისათვის მე-2 ბრიგადის აბანოში ჩაკეტვისა და მათი გაუსაძლის პირობებში ყოფნის ფაქტები დადგენილად მიაჩნია, ვინაიდან იგი დასტურდება დაზარალებულებისა და სხვა მოწმეთა ჩვენებებით, თუმცა ვინაიდან ამ და სხვა მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დგინდება ამავე ბრიგადის მეთაურის - მ. კ-ის უშუალო კავშირი ამ ფაქტებთან, აღნიშნული გამორიცხავს მისი ქმედების დაკვალიფიცირებას სსკ-ის 25,143-ე და 25,144-ე მუხლებით. ამასთან, ვინაიდან მ. კ-ე, როგორც ბრიგადის მეთაური, საქართველოს შეიარაღებული ძალების შინაგანი წესდების მე-3 თავის 61-ე პუნქტის თანახმად, იყო იმ ჯარისკაცების პირადი უფროსი, რომლებიც დარაჯობდნენ აბანოს შენობას (თავისუფლებააღკვეთილ პირებს), ასევე ამავე თავის 62-ე პუნქტის თანახმად, ვალდებული იყო, მიეღო ზომები დანაშაულისა და სხვა შემთხვევათა თავიდან ასაცილებლად და აღნიშნული შეეტყობინებინა პროკურორისათვის, რაც მან ვერ უზრუნველყო, ვერ შეასრულა ბრიგადის მეთაურის პირდაპირი სამსახურებრივი ვალდებულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო (უტყუარად არ დასტურდება, რომ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე, თუმცა ვალდებული იყო, სცოდნოდა), რითაც არსებითად იქნა ხელყოფილი სამხედრო მოსამსახურეების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. კ-ის ქმედება წარმოადგენს სამსახურებრივ გულგრილობას, შესაბამისად, მის მიმართ საქართველოს სსკ–ის 25,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და აღნიშნული მუხლით უნდა დაედოს მსჯავრი, ხოლო სსკ–ის 25,1441 მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებაში მ. კ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

4.6. ზ. ა-ის ეპიზოდი

4.6.1. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას ზ. ა-ის ეპიზოდში ბ. ა-ას, გ. კ-ის, გ. მ-ის, მ. დ-ასა და გ. კ-ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.6.2. ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება - დაზარალებულ ზ. ა-ის ჩვენება, რომელმაც უშუალოდ განიცადა საკუთარ თავზე მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედება - ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე გაიგონა გ. კ-ისა და ბ. ა-ას ბრძანება მისი ჩაკეტვის შესახებ, რომელიც სისრულეში მოიყვანეს გ. მ-ემ, მ. დ-ამ და გ. კ-მა.

4.6.3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ზ. ა-ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი და მისი ამსახველი ოქმი, მ. დ-ასა და გ. კ-ის ამოცნობის ოქმები არ წარმოადგენს ზ. ა-ის ჩვენებისაგან დამოუკიდებელ სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებს (მიუხედავად იმისა, რომ დაკითხვა, ამოცნობა და საგამოძიებო ექსპერიმენტი სხვადასხვა საპროცესო მოქმედებებია), ვინაიდან ინფორმაციის წყარო არის ერთი და იგივე პირი - ზ. ა-ე, შესაბამისად, ბრალდების მხარის მითითება ამ გარემოებაზე უსაფუძვლოა და პალატა არ იზიარებს.

4.6.4. ზ. ა-ის ეპიზოდში არსებულ ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას - დაზარალებულის ჩვენებასა და სხვა მტკიცებულებებს შორის არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზ. ა-ის ჩვენების სანდოობას. გ. ბ-ეს, რომელიც, ზ. ა-ის განმარტებით, შეესწრო მისი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, ლოგიკურია, რომ უნდა დაედასტურებინა ზ. ა-ის მიმართ ასეთი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, თუმცა მან ამის საწინააღმდეგოდ განმარტა, რომ ბ. ა-ასა და გ. კ-ეს მისი რესტორანში ყოფნის პერიოდში ზ. ა-ისათვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. გ. ბ-ემ არ დაადასტურა ასევე ბ. ა-ას მიერ მისთვის ,,პანღურის“ ამორტყმის ფაქტი.

4.6.5. ზ. ა-ის ჩვენება არ არის თანმიმდევრული გ. ბ-ის ჩვენების იმ ნაწილთან, სადაც ზ. ა-ე უთითებს, რომ შემთხვევიდან 10-12 დღე სახლიდან არ გასულა, ხოლო გ. ბ-ემ კი მიუთითა, რომ 4-5 დღის შემდეგ შეხვდა ზ. ა-ეს.

4.6.6. საკასაციო საჩივარში ბრალდების მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხით ცალსახად დასტურდება ზ. ა-ის ჩვენების უტყუარობა, საფუძველს მოკლებულია. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხით შესაძლებელია დადგინდეს მხოლოდ კონკრეტულ ტელეფონის ნომრებს შორის სატელეფონო კავშირის არსებობა, დრო და სავარაუდო ადგილი. ამ სახის მტკიცებულებით შეუძლებელია დადგინდეს კომუნიკაციის სუბიექტებს შორის საუბრის შინაარსობრივი მხარე, ანუ რასთან დაკავშირებით საუბრობდნენ ისინი. ამდენად, არაარგუმენტირებული იქნება ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ზ. ა-ის მიმართ ძალადობისა და მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ ბინაში უკანონოდ ჩაკეტვის ფაქტების დადგენა.

4.6.7. ბრალდების მხარემ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ გ. ბ-ე არის პირდაპირი მოწმე, რომელმაც შემთხვევიდან 4-5 დღეში უშუალოდ ნახა თვალჩალურჯებული ზ. ა-ე. ეს ფაქტი დადგენილადაც რომ ჩაითვალოს, არაფრით არ ნიშნავს ცალსახად და უტყუარად იმას, რომ ზ. ა-ეს ბ. ა-ამ ან გ. კ-ემ მიაყენეს სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა (თვალი მათი ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ჩაულურჯდა), რომ აღარაფერი ვთქვათ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაზე, ვინაიდან ზ. ა-ის ჩვენების გარდა, ეს ფაქტები არ დასტურდება სხვა პირდაპირი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებით, ხოლო იმასთან მიმართებით, მან რა გარემოებებში და ვისგან მიიღო ეს დაზიანება, გ. ბ-ე არის ირიბი მოწმე, რადგან იგი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის თვითმხილველი არ არის და მხოლოდ ზ. ა-ისაგან იცის შესაძლო თავდამსხმელის ვინაობა.

4.6.8. მოწმე ე. ჯ-ის ჩვენებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს საკასაციო საჩივარში მითითებული აქვს მხოლოდ მისთვის სასარგებლო არგუმენტები, რომლებიც ამავდროულად ე. ჯ-ის ჩვენებიდან არ გამომდინარეობს. მართალია, მოწმემ დაადასტურა, რომ ,,კუპეში“ ადგილი ჰქონდა ხმამაღალ საუბარს, თუმცა მნიშვნელოვანი არაფერი უთქვამთ მისთვის, რომ გამოკითხვა დაეწყო და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზ. ა-ეს ბ. ა-ა და გ. კ-ე დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ურტყამდნენ, რაც მოხვდებოდათ, ასევე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. მოწმე ე. ჯ-მა ასევე მიუთითა, რომ ჭურჭლის დიდი რაოდენობით დამტვრევის ან გაქრობის შემთხვევაში მოახსენებდნენ, რაც ასევე ეწინააღმდეგება ზ. ა-ის ჩვენების ამ ნაწილს. პროკურორის მითითება, რომ თითქოსდა მოწმე ე. ჯ-ის ჩვენებით დამტვრეულ ინვენტარს ღამის დარაჯად მომუშავე პირი არემონტებს, რომელიც შეთავსებით ხელოსანიცაა, არ გამომდინარეობს მოწმის ჩვენებიდან. საწინააღმდეგოდ, მან განმარტა, რომ პირი, რომელსაც შეეძლო სკამის შეკეთება, დილით 10 საათზე მიდის სამსახურში და ღამე სკამს ვერ შეაკეთებდა. ამასთან, მოწმის ჩვენების თანახმად, ხსენებული პირი ღამის დარაჯი არ არის.

4.6.9. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას დაზარალებულ ზ. ა-ის მეუღლის - ც. დ-ის ჩვენების შეფასებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი დანაშაულებრივი ფაქტის შემსწრე არ არის და ამის თაობაზე მხოლოდ მეუღლისაგან იცის, ზ. ა-ის ჩვენების, როგორც ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულების, სანდოობისა და გულწრფელობის შესაფასებლად მნიშვნელოვანია ამ ჩვენებების თანმიმდევრულობა, რაც სახეზე არ არის. მართალია, ეს ეხება პოლიციაში წარსადგენი განცხადების თაობაზე მათი ჩვენებების წინააღმდეგობას, თუმცა ეს არაარსებითი დეტალიც კი, როგორც ბრალდების მხარე უთითებს, ზ. ა-ის ჩვენების არაგულწრფელობაზე მიუთითებს.

4.6.10. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ეპიზოდში მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობის პირობებში, ბრალდების მხარის მითითება არაარსებით და მცირე მნიშვნელობის მქონე დეტალებზე, ვერ დაუკარგავს მნიშვნელობას მტკიცებულებებს შორის არსებულ თუნდაც უმნიშვნელო წინააღმდეგობებს, რომ აღარაფერი ვთქვათ არსებით წინააღმდეგობებზე, რომლებიც ასევე ნათელი და ცალსახაა, ვინაიდან ერთობლიობაში სწორედ ეს წინააღმდეგობები უკარგავს ზ. ა-ის ჩვენებას დამაჯერებლობასა და სარწმუნოობას.

4.6.11. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ბრალდების მხარის მითითებაზე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არც ერთი ნორმიდან არ გამომდინარეობს ის, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის შეიძლება საჭირო იყოს ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში, სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით განმტკიცებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობასა და ამავე კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო. ის მოწმეები, რომლებიც უშუალოდ არ არიან ფაქტის შემსწრე, სხვა სახის მტკიცებულებები, რომლებიდანაც პირდაპირ არ გამომდინარეობს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, წარმოადგენს მხოლოდ პირდაპირი მოწმეების ჩვენებების ან სხვა მტკიცებულებების დადასტურებისა და შემოწმების საშუალებას და მათ საფუძველზე ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად ფაქტების დადგენა უმეტეს შემთხვევაში ობიექტურად შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულებრივი ქმედებების შემსწრე არის მხოლოდ ერთადერთი პირი - დაზარალებული ზ. ა-ე, რომლის ჩვენებაც ვერ უძლებს კრიტიკულ შეფასებას და, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს.

4.6.12. ამდენად, საკასაციო პალტას მიაჩნია, რომ ზ. ა-ის ჩვენება რიგ ფაქტებთან მიმართებით არსებითად ეწინააღმდეგება სხვა არაპირდაპირი მოწმეების ჩვენებებს, რომლებიც ერთადერთი ფაქტის შემსწრე მოწმის (დაზარალებულის) ჩვენების უტყუარობისა და გულწრფელობის დადასტურების საშუალება უნდა ყოფილიყო, ხოლო სატელეფონო ზარების დეტალური ნუსხა, რომელიც მისი არსიდან გამომდინარე, ვერ დაადასტურებს რაიმე სახის ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს, არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით, სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილითა და სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ უტყუარ, დამაჯერებელ, აშკარა და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. შესაბამისად, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, მხოლოდ მათ საფუძველზე უტყუარად დაადგინოს ბ. ა-ასა და გ. კ-ის მიერ ზ. ა-ის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, ასევე მათი, გ. კ-ის, მ. დ-ასა და გ. მ-ის მიერ, ზ. ა-ის ნების საწინააღმდეგოდ, ბინაში ჩაკეტვისა და მისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ფაქტები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის განაჩენი ბ. ა-ას, გ. კ-ის, გ. მ-ის, მ. დ-ასა და გ. კ-ის მიმართ ზ. ა-ის ეპიზოდში უნდა დარჩეს უცვლელად.

4.7. პ. პ-ის ეპიზოდი

4.7.1. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პ. პ-ის ეპიზოდში ზ. შ-ას მსჯავრდების შესახებ და აღნიშნავს, რომ ამ ეპიზოდში სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში დატოვებისათვის საჭირო შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც აკმაყოფილებს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით რეგლამენტირებულ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ ზ. შ-ას ქმედების სამართლებრივი შეფასებაც მართებულია, თუმცა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. შ-ას სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.7.2. დაზარალებულმა პ. პ-მა დაადასტურა, რომ ბრიფინგის ოთახში ზ. შ-ამ მიმართა ,,ბიჭო, შენი დედაო, შენ რა, არ ასრულებ მინისტრის ბრძანებასო, რატომ მოხვდა ტელეფონი სამხედრო ტერიტორიაზეო?“, ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა: დაარტყა სახისა და გულ-მკერდის არეში, კიდევ დაარტყა ხელიც და ფეხიც, რა დროსაც იგი წაიქცა. წაქცეულს კიდევ დაარტყა. შეურაცხყოფას აყენებდა მხოლოდ ზ. შ-ა. ამ ფაქტს შეესწრნენ მაიორი ს-ი, ჯ-ა, ჩ-ი და სხვებიც, რომელთა გვარებიც არ ახსოვს. გონზე რომ მოვიდა, წაქცეულს ხელი მოჰკიდა ს-მა და წაიყვანა დასაბანად, ამ დროს მან დაინახა ძმები ა-ები, თ-ი და კ-ე. ჩავიდა თელავში, ვინაიდან ასე სახლში არ მიესვლებოდა და დარჩა მეგობარ გ. შ-თან, რომელსაც მოუყვა თავისი ამბავი, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩააყენა უფროსმა ზ. შ-ამ. მეორე დღეს ჩაიტარა ექსპერტიზა.

4.7.3.პ. პ-ის მიერ ჩვენებაში მითითებული ფაქტი ასევე დაადასტურა მოწმე გ. ს-მა, რომელიც არის ფაქტის უშუალო შემსწრე. მან განმარტა, რომ სამხედრო ნაწილში ტელეფონის შეტანის გამო ზ. შ-ამ დაიბარა პ. პ-ი ბრიფინგის ოთახში. მოწმის განმარტებით, იგი ბრიფინგის ოთახში შევიდა მოგვიანებით, როდესაც შეასრულა ზ. შ-ას დავალება და გაარკვია პ. პ-ის დისციპლინური სახდელების არსებობა. ბრიფინგის ოთახში ზ. შ-ა პ. პ-ს ხმამაღლა ელაპარაკებოდა და თან აგინებდა. შემდეგ ზ. შ-ამ პ. პ-ს მუშტი დაარტყა მკერდში, შემოუარა და ახლა უკნიდან ჩაარტყა ფეხი, რის შედეგადაც პ. პ-ი წაიქცა. მან ააყენა პ. პ-ი და წაიყვანა პირსაბანში. მას სახეზეც ეტყობოდა, რომ ნაცემი იყო, გაწითლებულ სახეს იწმენდდა ცხვირსახოცით.

4.7.4.დაზარალებულ პ. პ-ისა და მოწმე გ. ს-ის ჩვენებების სისწორე დაადასტურეს ირიბმა მოწმეებმა - ა. და ფ. ა-ებმა, ტ. თ-მა, რომლებიც ბრიფინგის ოთახის გარეთ ელოდებოდნენ. მათ განმარტეს, რომ პ. პ-ისათვის ბრიფინგის ოთახში შესვლამდე, სახეზე რაიმე დაზიანება არ შეუმჩნევიათ. პ. პ-ი ბრიფინგის ოთახიდან გამოიყვანა გ. ს-მა. მას სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე და მოსდიოდა სისხლი, ეტყობოდა, რომ ნაცემი იყო. მათ შეკითხვაზე პ. პ-მა უპასუხა, რომ სცემა მეთაურმა ზ. შ-ამ.

4.7.5. პ. პ-ის სახეზე სიწითლეების არსებობა დაადასტურეს ასევე ირიბმა მოწმეებმა - გ. კ-ემ, ლ. ჯ-ამ, გ. შ-ემ. მათ განმარტეს, რომ ნაწილის ტერიტორიაზე ნახეს პ. პ-ი, რომელსაც სახეზე ეტყობოდა სიწითლეები. მათ კითხვაზე პ. პ-მა უპასუხა, რომ სცემა მეთაურმა ზ. შ-ამ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა ასევე მოწმე გ. შ-მაც.

4.7.6. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, პ. პ-ს მარცხენა ყურის ნიჟარის უკან აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, მარცხენა თვალბუდის მიდამოში - ნაჭდევი და სისხლნაჟღენთი, ცხვირის მიდამოში და მარცხენა ყურის ნიჟარის წინ - ნაჭდევები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებების შედეგად და განეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. მოწმე ქ. ბ-მა (ექსპერტი) დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე. ასევე დამატებით განმარტა, რომ პ. პ-ის განმარტებით, დაზიანებები მიაყენა უფროსმა, ხოლო კონკრეტულად ვინ, პ. პ-ს მისთვის არ უთქვამს.

4.7.7.საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მითითებაზე პ. პ-ის ჩვენების არასანდოობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ პ. პ-ის ჩვენება დასტურდება ასევე სხვა პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულებებით, ისინი თანმიმდევრულია, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების - ზ. შ-ას მიერ მისი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის დადგენის თვალსაზრისით. ამ მტკიცებულებებს შორის არ არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რის გამოც დაცვის მხარის მითითება ვერ გახდება პ. პ-ის ჩვენების სარწმუნოობისა და დამაჯერებლობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი. დაცვის მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ თითქოსდა პ. პ-ს ოფიცერმა პ-მაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ექსპერტიზის დასკვნაში ასახული დაზიანებები სწორედ ამით არის გამოწვეული, საკასაციო პალატა ამ ეპიზოდში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დაცვის მხარის მოსაზრებას არ იზიარებს. ამასთან, დაცვის მხარის მოსაზრებები ეწინააღმდეგებოდა თავისივე მოწმის - ზ. პ-ის ჩვენებას, რომელმაც მის მიერ პ. პ-ის ცემის ფაქტი არ დაადასტურა. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გარდა სახის არეში დარტყმისა, პ. პ-ისა და გ. ს-ის ჩვენებით ასევე დასტურდება ზ. შ-ას მიერ გულ-მკერდის არეში მუშტისა და ზურგის მხრიდან ფეხის ჩარტყმის ფაქტები, რის შედეგადაც პ. პ-ი წაიქცა. ამდენად, დაცვის მხარის მითითება ამ გარემოებაზე სრულიად უსაფუძვლო და არაარგუმენტირებულია.

4.7.8.დაცვის მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ძმები ა-ბის ჩვენებები არის ერთმანეთის იდენტური და ეს ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გამოძიება ახდენდა ჩვენებების კოპირებას, საკასაციო პალატა არ იზიარებს. მოწმის ჩვენება, სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ა. და ფ. ა-ებმა სასამართლოს ჩვენება მისცეს მხარეთა მონაწილეობით, შეჯიბრებითობის პრინციპის მოქმედების პირობებში სასამართლო სხდომაზე და მიუთითეს კონკრეტულ ფაქტებზე, ხოლო დაცვის მხარის მიერ მხოლოდ მითითებული საფუძვლით მოწმეების ჩვენებების დისკრედიტაციის მცდელობა, ვერ დაუკარგავს მათ დამაჯერებლობასა და სარწმუნოობას.

4.7.9. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ზ. შ-ას ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სპეციალური ნორმით - სსკ-ის 125-ე მუხლით და აღნიშნავს, რომ ქმედების სსკ-ის 333-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დამნაშავის ქმედება დაკავშირებული იყოს მის სამსახურებრივ მდგომარეობასთან, მისგან გამომდინარეობდეს და ჩადენილი იყოს მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის პროცესში და მასთან დაკავშირებით. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისას პასუხისმგებლობისათვის აუცილებელია, რომ მოხელეს სამსახურებრივი უფლებამოსილება გააჩნდეს იმ პირის ან ორგანოს მიმართ, რომელთაც ზიანი მიადგათ მოხელის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, წინააღმდეგ შემთხვევაში პირის ქმედება ამ მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. მოცემულ შემთხვევაში 2011 წლის 26 სექტემბრის №... სამანდატო კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, კომისიის თავმჯდომარემ, მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა ზ. შ-ამ და კომისიის სხვა წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო პ. პ-ის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ. სამანდატო კომისიის სხდომის წინა დღეს - 2011 წლის 25 სექტემბერს ზ. შ-ამ ბრიფინგის ოთახში, ტელეფონის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე უკანონოდ შეტანის გამო, სცემა პ. პ-ს, კერძოდ: სხეულის სხვადასხვა ადგილებში დაარტყა ხელი და ფეხი, რის გამოც პ. პ-ი წაიქცა, სახეზე განუვითარდა სიწითლეები და ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. ამდენად, ზ. შ-ამ არაკანონიერი მეთოდით ფაქტობრივად დასაჯა პ. პ-ი ტელეფონის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე შეტანის გამო, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა და გამომდინარეობდა ზ. შ-ას სამსახურებრივი საქმიანობიდან, მისი ფუნქციებიდან, თუმცა არა ამ ფორმითა და მეთოდებით. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პ. პ-ის დაზიანებები მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ. შ-ას აღნიშნული ქმედება წარმოადგენს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ვინაიდან სამოხელეო დანაშაულის სუბიექტის - მოხელე ზ. შ-ას მიერ ქმედება ჩადენილია მის პირდაპირ დაქვემდებარებასა და უფლებამოსილების სფეროში მყოფ სამხედრო მოსამსახურის მიმართ, მისი საქმიანობის პროცესში და ფუნქციებიდან გამომდინარე, თუმცა მისთვის ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების გადამეტებით, გვერდის ავლითა და უკანონო მეთოდით დასჯის ფორმით, რამაც დაზარალებულის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. ზ. შ-ას ქმედება არ წარმოადგენს მხოლოდ ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს - ცემას, აქ საკითხი ეხება უფრო მასშტაბურ და მნიშვნელოვან, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს და მის არსებით ხელყოფას, ვინაიდან მან სწორედ დადგენილი წესების გვერდის ავლით უკანონო მეთოდით დასაჯა პ. პ-ი დისციპლინური დარღვევის გამო, რითაც შეიზღუდა და შეილახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

4.7.10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ. შ-ას მიერ პ. პ-ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი წარმოადგენს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის განაჩენი პ. პ-ის ეპიზოდში ზ. შ-ას მიმართ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად. რაც შეეხება ზ. შ-ას მიმართ ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) წარდგენილ ბრლდებას, იგი ამ ბრალდებაში უნდა გამართლდეს განაჩენის 4.5.5. პუნქტში აღნიშნული საფუძვლით.

,,ვ-ის“ ეპიზოდი

4.8.1. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას ,,ვ-ის“ ეპიზოდში ბ. ა-ასა და გ. კ-ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, ამასთან, მიაჩნია, რომ ა.. გ-ისა და ზ. შ-ას ქმედება სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.8.2. ბრალდების დადგენილების თანახმად, 2011 წლის 26 ოქტომბერს, ღამის საათებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, მინისტრის კაბინეტში, მინისტრმა ბ. ა-ამ, გ. კ-ემ და ზ. შ-ამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს: ბ. გ-ეს, დ. ხ-ს, გ. კ-ეს, ნ. ქ-სა და შ. ბ-ს, რა დროსაც მათ სთხოვდნენ ბუნტის მოწყობისა და ჯარში არეულობის შეტანის აღიარებას. ამავდროულად, მე–4 ქვეითი ბრიგადის სერჟანტმა ა. გ-ემ ბ. გ-ე ჩაიყვანა სამინისტროს ეზოში, სადაც ბუნტის მოწყობის აღიარების მიზნით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

4.8.3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულების - ბ. გ-ის, დ. ხ-ის, გ. კ-ის, ნ. ქ-სა და შ. ბ-ის ჩვენებები არ არის თანმიმდევრული, ხოლო რიგ გარემოებებთან მიმართებით ისინი ურთიერთგამომრიცხავია, მათი ჩვენებები არ დასტურდება სხვა აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, შესაბამისად, ისინი არ წარმოადგენენ იმ სახის უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც სასამართლოს ბ. ა-ას კაბინეტში მათ მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას მისცემდა.

4.8.4. დაზარალებულმა ნ. ქ-ემ არ დაადასტურა ბ. ა-ას კაბინეტში მისთვის რაიმე ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. მისი განმარტებით, ბ. ა-ამ უთხრა: ,,აბა, მოყევი, რა გინდოდა ბიჭო, რა უნდა დაგელია, რა ბუნტი უნდა აგეტეხა, რა უნდა გაგეფუჭებინაო“, მან უპასუხა, რომ მკურნალობდა და სასმელს არ სვამდა. იგი ბ. ა-ას მითითებით მალევე გაიყვანეს.

4.8.5. დაზარალებულმა დ. ხ-მა ასევე ფაქტობრივად არ დაადასტურა ბ. ა-ას კაბინეტში მის მიმართ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, თუ არ ჩავთვლით მინისტრის მიერ მისი ერთი უცენზურო სიტყვით მოხსენიებას. მოწმის ჩვენებით ბ. ა-ას ოთახში იმყოფებოდნენ თავად ბ. ა-ა, გ. კ-ე, ზ. შ-ა და ი. ს-ა. მან მიუთითა, რომ ბ. ა-ამ ოთახში მანამდე შეყვანილ შ. ბ-ს ჰკითხა - ,,ესეც იქ იყოო?“, რაზეც ბ-მა თავი დაუქნია და მიუგო - ,,მგონიო“. ამის შემდეგ ბ. ა-ას ბრძანებით იგი გაიყვანეს ოთახიდან.

4.8.6. ასევე არ დაადასტურა მინისტრ ბ. ა-ას კაბინეტში მისი ან სხვა რომელიმე დაზარალებულისათვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი დაზარალებულმა გ. კ-ემ, რომელმაც საწინააღმდეგოდ განმარტა, რომ იგი ბ. ა-ას კაბინეტში არ შეუყვანიათ, მაშინ, როდესაც ბ. ა-ას, გ. კ-ესა და ზ. შ-ას ბრალდების დადგენილების თანახმად, ბრალი ედებათ ასევე მინისტრის კაბინეტში გ. კ-ის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისათვის.

4.8.7. დაზარალებულ შ. ბ-ის ჩვენებით კაბინეტში იმყოფებოდნენ ბ. ა-ა, გ. კ-ე, ზ. შ-ა ი. ს-ა. იგი დასვეს სკამზე. მოასმენინეს ჩანაწერი, სადაც იგი გამოთქვამდა უკმაყოფილებას და ცუდად მოიხსენიებდა (გინებით) ხელმძღვანელობას. გვერდით ეჯდა გ. კ-ე, რომელმაც დაარტყა ხელი, ხოლო ბ. ა-ამ დაარტყა დანის პირი, უკნიდანაც დაარტყეს, ვინ, არ იცის. შემოიყვანეს ასევე ერთი სამხედრო მოსამსახურე, ის დაზარალებული, რომლის გვარიც არ იცის და მასაც ურტყამდნენ, ვინ, ვერ გაარჩია. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ბ. ა-ამ და გ. კ-ემ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც უთითებს, რომ ერთი მხრივ დაინახა პირი, რომლის გვარიც არ იცის, როგორ შეიყვანეს და ურტყამდნენ, ხოლო ამავდროულად მიუთითა, რომ ვერ გაარჩია, ვინ ურტყამდა. მისი ოთახში ყოფნის დროს დ. ხ-იც შეიყვანეს. აღნიშნული განმარტება საკასაციო პალატას არარეალურად მიაჩნია, ვინაიდან თუ ხედავ ადამიანს და ხედავ, როგორ ურტყამენ, ანუ ხედავ დაპირისპირების ორივე სუბიექტს, მაშინ ისიც უნდა დაინახო, ვინ ურტყამს და თუ არ იცნობ, მიუთითო, რომ ურტყამდა მისთვის უცნობი პირი (პირები), ვერ გაარჩიო, ვინ ურტყამს, როდესაც ხედავ დაზარალებულსა და თავდამსხმელს - ეს კითხვა პასუხგაუცემელი რჩება, მით უმეტეს - იმ პირობებში, როდესაც საკითხი ეხება ერთ ოთახში მიმდინარე მოვლენებს და არა დიდ სივრცეში. ამდენად, შ. ბ-ის ჩვენებით ვერ დგინდება კონკრეტული პირის (პირების, ბრალდებულის) ვინაობა, რომელმაც თითქოსდა კაბინეტში შეყვანილ მისთვის უცნობ დაზარალებულს მიაყენა ფიზიკური შერაცხყოფა, ზოგადად, ცემის ნაწილში კი მისი საეჭვო განმარტება ვერ იქნება გაზიარებული. გარდა აღნიშნული საეჭვო გარემოებისა, შ. ბ-ის ჩვენება ეწინააღმდეგება კიდევ ერთი დაზარალებულის - ბ. გ-ის ჩვენებას. ბ. გ-ემ მიუთითა, რომ ბ. ა-ას შეკითხვაზე შ. ბ-მა მინისტრს დაუდასტურა - ,,ესეც იქ იყოო“. მისივე ჩვენებით აგინეს, ხოლო გ. კ-ემ დაუწყო ცემა სახის არეში. შ. ბ-მა არ დაადასტურა ბ. გ-ისა და დ. ხ-ის მიერ დასახელებული ფაქტი, რომ თითქოს ბ. ა-ამ ჰკითხა შ. ბ-ს - ისინიც იყვნენ თუ არა ხელმძღვანელობის უცენზურო სიტყვებით მოხსენიების დროს მასთან ერთად, ხოლო მან კი თითქოს დაუდასტურა. აღნიშნულიც მათ ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობად უნდა შეფასდეს. აღსანიშნავია, რომ ბ. გ-ეს ასევე არ დაუდასტურებია ბ. ა-ას კაბინეტში შ. ბ-ის ცემის ფაქტი.

4.8.8. ბრალდების მხარის მითითებით, პირი, რომლის სახელი და გვარი არ იცოდა შ. ბ-მა და რომელიც, თითქოსდა მისი თანდასწრებით სცემეს ბ. ა-ას კაბინეტში, არის ბ. გ-ე. ბ. გ-ემ კი განმარტა, რომ სახის არეში ცემა დაუწყო გ. კ-ემ, რომელიც შ. ბ-ის განმარტებით, მის გვერდით იჯდა და მას სცემდა. აღნიშნულიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათი ჩვენებების გულწრფელობასა და სანდოობას.

4.8.9. გარდა ზემოაღნიშნულისა, შ. ბ-მა სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის შეკითხვაზე, რატომ იძლევა ბრალდებულების მამხილებელ ჩვენებას, უპასუხა, რომ განაწყენებული იყო და ჩვენების მიცემის დღესაც განაწყენებულია მის ყოფილ ხელმძღვანელებზე (ბრალდებულებზე) და ამიტომ მისცა ასეთი ჩვენება, რაც სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას, გაიზიაროს მისი ჩვენების რომელიმე ნაწილი, ვინაიდან დაზარალებულის ასეთი განმარტება, მისი ჩვენების უტყუარობის შეფასების თვალსაზრისით, კრიტიკას ვერ უძლებს.

4.8.10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ორი პირდაპირი მტკიცებულება, რომლებიც აშკარად და ცალსახად დაადასტურებდნენ ბ. ა-ას კაბინეტში კონკრეტული პირის ან ბრალდებულის მიერ რომელიმე დაზარალებულის ცემის ან გინების ფაქტს, გარდა იმისა, რასაც საკუთარ თავზე ამბობენ. მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე დაზარალებულების - ნ. ქ-ის, დ. ხ-ისა და გ. კ-ისათვის რაიმე სახის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი ბ. ა-ას კაბინეტში ფაქტობრივად არ დგინდება, რაც ბრალდებულებს ბრალად აქვთ წარდგენილი, ხოლო ის მნიშვნელოვანი და არსებითი წინააღმდეგობები, რომლებიც დაზარალებულების ჩვენებებს შორის იკვეთება, ასევე შ. ბ-ის არასარწმუნო, სუბიექტური დამოკიდებულება და ზოგადი განმარტება, რომ სცემდნენ დაზარალებულს (ბ. გ-ეს), რომლის გვარი არ იცის და არც ის იცის, კონკრეტულად ვინ სცემდა, ბ. გ-ე კი არ ადასტურებს შ. ბ-ის ცემის ფაქტს, არ აძლევს საკასაციო პალატას ბ. ა-ას, გ. კ-ისა და ზ. შ-ას მიერ ბ. ა-ას კაბინეტში შ. ბ-ისა და ბ. გ-ისათვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას.

4.8.11. ა. გ-ის მიერ ბ. გ-ის სამინისტროს ეზოში ჩაყვანასთან დაკავშირებით, სადაც ბრალდების დადგენილების თანახმად, ბუნტის მოწყობის აღიარების მიზნით ბ. გ-ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში სახეზეა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ ბ. გ-ის ჩვენება, რომელიც სხვა პირდაპირი მტკიცებულებით არ დასტურდება. სხვა დაზარალებულები ამის თვითმხილველნი არ არიან. დ. ხ-ის განმარტება იმის თაობაზე, რომ ა. გ-ემ ბ. გ-ე გამოიყვანა ბ. ა-ას ოთახიდან და ჩაიყვანა დაბლა, ეჭვს იწვევს, ვინაიდან დ. ხ-ი, მისივე განმარტებით, ამ დროს იმყოფებოდა მინისტრის მისაღებში და აქედან როგორ დაინახა ბ. გ-ის დაბლა, ეზოში ჩაყვანა (ეს იმას ნიშნავს, რომ უშუალოდ მინისტრის მისაღებიდან ჩადიოდა კიბე ქვედა სართულებზე), - ეს კითხვა პასუხგაუცემელია. თუმცა ა. გ-ის მიერ ბ. გ-ის ეზოში ჩაყვანის ფაქტი დადგენილადაც რომ მივიჩნიოთ, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომელმაც, მისივე განმარტებით, საკუთარ თავზე განიცადა ძალადობა და შეურაცხყოფა, არ იძლევა უტყუარად ა. გ-ის მხრიდან ბ. გ-ის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის დადგენის შესაძლებლობას, რადგან სხვა პირდაპირი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებით ეს არ დასტურდება.

4.8.12. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დაზარალებულების სამაგალითოდ დასჯის მიზნით, ბ. ა-ას ბრძანებით ა. გ-ის მიერ ნაცემი ბ. გ-ე და სხვა სამხედრო მოსამსახურეები გადაიყვანეს ვ-ში დისლოცირებული მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, სადაც ბ. ა-ამ, გ. კ-ემ, ზ. შ-ამ და ა. გ-ემ დაზარალებულებს კვლავ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოგვიანებით, 2011 წლის 26 ოქტომბერს, გამთენიისას, აღნიშნული პირები გადაიყვანეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, დააყენეს დერეფანში და რამდენიმე საათის განმავლობაში პირადი ღირსების შეურაცხყოფით აიძულებდნენ ხმამაღლა ეყვირათ „გაუმარჯოს მეოთხე ბრიგადას“. ბ. ა-ამ, გ. კ-ემ, ზ. შ-ამ და ა. გ-ემ დაზარალებულ ბ. გ-ის მიმართ გამოყენებული სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობით, ბ. გ-ე მიიყვანეს თვითმკვლელობამდე, კერძოდ - 2011 წლის 27 ოქტომბერს, რუსთავში, ზ-ის №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დედის საფლავზე, მაღალი ძაბვის ელექტროკაბელზე შეხებით მან სცადა თვითმკვლელობა.

4.8.13. რაც შეეხება ბ. ა-ას, გ. კ-ის, ზ. შ-ასა და ა. გ-ის მიერ ვ-ში დისლოცირებული მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე დაზარალებულებისათვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბ. ა-სა და გ. კ-ის მხრიდან ასეთი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი უტყუარად არ დგინდება, ხოლო ზ. შ-ასა და ა. გ-ის მიმართ დასტურდება არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:

4.8.14. დაზარალებულ ნ. ქ-ის ჩვენებით მე-4 ქვეით ბრიგადაში ბრიფინგის ოთახში ბ. ა-ამ მიაყენათ სიტყვიერი შეურაცხყოფა. გ. კ-ემ მათ სამხედრო ნიშნები აახია და ბრძანა მათი დაქვეითება და ,,პახაობა“, რაზეც გ. კ-ემ უარი განაცხადა. ამის გამო გ. კ-ემ მას ყური აუწია. დ. ხ-მა განმარტა, რომ ბრიფინგის ოთახში მინისტრმა ბ. ა-ამ მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შ. ბ-ს ჯოხისმაგვარი რაღაც ჩაარტყა თავში ან ბეჭზე. გ. კ-ემ განმარტა, რომ ბრიფინგის ოთახში მათ ლანძღავდნენ, აგინებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ბ. ა-ამ შ. ბ-ს ჯოხი ჩაარტყა თავში, ხოლო მას კ-ემ აუწია ყური. ბ. გ-ის განმარტებით, ბ. ა-ამ შ. ბ-ს წვრილი ჯოხისმაგვარი რაღაც ჩაარტყა, შემდეგ დაიწყეს მათი ლანძღვა და დამცირება. შ. ბ-ის ჩვენებით, ბრიფინგის ოთახში ბ. ა-ამ მიმართა მათ დამამცირებელი სიტყვებით, რომ იყვნენ მოღალატეები და ჯარისათვის შეუფერებლები და ჯოხისმაგვარი რაღაც, მგონი, თავში ჩაარტყა.

4.8.15. დაზარალებულების ჩვენებები ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის ნეიტრალური მოწმის - გ. ს-ის ჩვენებას, რომელმაც არ დაადასტურა ბ. ა-ას, გ. კ-ის, ზ. შ-ასა და ა. გ-ის მიერ მე-4 ქვეითი ბრიგადის ბრიფინგის ოთახში ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. მოწმემ განმარტა, რომ მინისტრმა ბ. ა-ამ აუწყათ, რომ ,,ეს ნაძირლები არიან, ვინც ბუნტის მოწყობას აპირებდნენო“, სხვა რაიმე შეურაცხყოფას იქ ადგილი არ ჰქონია. მისივე განმარტებით, ბ. ა-ამ თქვა - ,,ამათ ზედმეტი არაფერი აკადროთო და სჯობია წაიყვანოთ აქედან, ვინაიდან ოფიცრებისათვის შეურაცხყოფა აქვთ მიყენებული და ზედმეტი გართულებების თავიდან აცილების მიზნით ასე სჯობიაო“. სამხედრო მოსამსახურეებს სახეზე რაიმე ძალადობის კვალი არ ეტყობოდათ. გ. კ-ეს ხუთი ყოფილი სპეცრაზმელისათვის რაიმე სახის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

4.8.16. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული წინააღმდეგობა დაზარალებულების ჩვენებებსა და ბრალდების მხარის მოწმე გ. ს-ს შორის არის არსებითი. ამ მოწმის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან იგი, პირველ რიგში, არის ნეიტრალური და საქმის შედეგებით დაუინტერესებელი პირი, რომელმაც თანმიმდევრულად აღწერა ნანახი ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო პ. პ-ის ეპიზოდში დაადასტურა კიდეც ზ. შ-ას მიერ დაზარალებულის გინებისა და ცემის ფაქტი. ამდენად, საკასაციო პალატა ვერც ამ ნაწილში გაიზიარებს დაზარალებულთა ჩვენებებს, რომელთა შეფასებისას და სხვა მტკიცებულებებთან დაპირისპირებისას დაფიქსირებული წინააღმდეგობები, ასევე დაზარალებულ შ. ბ-ის სუბიექტური ფაქტორები კრიტიკას ვერ უძლებს, შესაბამისად, პალატა მოკლებულია გონივრულ შესაძლებლობას, მათი არასარწმუნო, არადამაჯერებელი და არაგულწრფელი ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს ბ. ა-ასა და გ. კ-ის მიერ ხუთი სამხედრო მოსამსახურისათვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, მით უმეტეს - იმ პირობებში, როდესაც იგი სხვა უტყუარი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

4.8.17. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში დაზარალებულების რამდენიმე საათის განმავლობაში ყვირილის შესახებ - ,,გაუმარჯოს მეოთხე ბრიგადას“ და აღნიშნავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადგინდა ბრალდებულების - ბ. ა-ას, გ. კ-ის, ზ. შ-ასა და ა. გ-ის ამ ფაქტთან უშუალო კავშირი, რომელსაც ხელმძღვანელობდა თ. გ-ა.

4.8.18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბ. ა-ას კაბინეტში და ვ-ის მე-4 ქვეითი ბრიგადის ოთახში სამხედრო მოსამსახურეებისათვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი ასევე არ დასტურდება ბ. ა-ას, გ. კ-ის, ა. გ-ის, ზ. შ-ასა და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით.

4.8.19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ-ის ეპიზოდში ბ. ა-ას კაბინეტიდან დაწყებული, ვ-ის მე-4 ქვეით ბრიგადაში გაგრძელებული და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დასრულებული, საქმეზე არსებული უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ბ. ა-ასა და გ. კ-ის მიერ სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები, რის გამოც მათ მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი ამ ნაწილში უნდა დარჩეს ძალაში.

4.8.20. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე ზ. შ-ასა და ა. გ-ის მიერ ვ-ის მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის დადგენისა და მისი სამართლებრივი შეფასების შესახებ და აღნიშნავს, რომ დაზარალებულების - ნ. ქ-ის, დ. ხ-ის, ბ. გ-ისა და გ. კ-ის ჩვენებებით დასტურდება ბრიფინგის ოთახიდან გარეთ, ეზოში, ზ. შ-ასა და ა. გ-ის მიერ მათი ცემის ფაქტი და მიუხედავად ჩვენებებს შორის არსებული მცირე წინააღმდეგობებისა, რომლებიც ერთობლიობაში არ არის არსებითი, ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სამხედრო მოსამსახურის ცემა ზ. შ-ასა და ა. გ-ის მიერ ასევე დასტურდება მოწმე პ. ს-ის ჩვენებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების ამ ნაწილში არსებობს საკმარისი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა ზ. შ-სა და ა. გ-ის მიერ სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკურ შეურაცხყოფასთან მიმართებით.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ბ. ა-ას მიერ ბრიფინგის ოთახში წარმოთქმულ სიტყვებზე, რომ სამხედრო მოსამსახურეები შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით გადაეყვანათ ბაზიდან, რაც განხორციელდა, თუმცა მალევე, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ზ. შ-ამ და ა. გ-ემ მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზიდან გაყვანილი სამხედროები უკან მიაბრუნეს და დაუდგენელი მოტივით სცემეს. ამასთან, ზ. შ-ასა და ა. გ-ის ქმედებები განხორციელდა არა უშუალოდ მათი სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისა და საქმიანობის პირობებში (მიუხედავად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისა) არამედ არაოფიციალურ, არასამსახურებრივ გარემოში - მე-4 ქვეითი ბრიგადის ეზოში, რამაც მიიღო პირადი ანგარიშსწორების ხასიათი, რაც გამორიცხავს ა. გ-ისა და ზ. შ-ას ქმედებების სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცრების შესაძლებლობას და წარმოადგენს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს - სხვაგვარ ძალადობას, ჩადენილს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

4.8.21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის განაჩენი ა. გ-ისა და ზ. შ-ას მიმართ ,,ვ-ის“ ეპიზოდში სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტზე და მათ აღნიშნული მუხლით უნდა დაედოთ მსჯავრი.

4.9.1. მსჯავრდებულების - გ. კ-ისა და მ. კ-ის მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს მსჯავრდებულების პიროვნულ მახასიათებლებს, მათ წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის გამოც მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. კ-ეს სასჯელად უნდა განესაზღვროს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 100 საათი, ხოლო მ. კ-ეს სასჯელად უნდა განესაზღვროს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა 10 000 ლარი. გ. კ-ე ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო მ. კ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელზე ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-18, მე-20 მუხლების თანახმად, არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება.

4.10.1. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - ცეცხლსასროლი იარაღები და ვაზნები უნდა დარჩეს მესაკუთრის საკუთრებაში მფლობელობის უფლების გარეშე, განკარგვის უფლებით - ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე, ვინაიდან ნასამართლობა ლიცენზიის გაუქმების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, ხოლო პროკურორების - ჯ. კ-ის, ი. ნ-ის, მსჯავრდებულების - ზ. შ-ასა და ა. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ვ-ის, რ. ს-ასა და გ. ო-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ცვლილება შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 დეკემბრის განაჩენში, კერძოდ:

2. მსჯავრდებულ გ. კ-ის ქმედება სსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (,,ს-ის“ ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე. გ. კ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (,,ს-ის“ ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 100 საათი. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის თანახმად, გ. კ-ე გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 დეკემბრის განაჩენი გ. კ-ის მიმართ სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

3. მსჯავრდებულ ა. გ-ის ქმედება სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებიდან (ვ-ის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტზე. ა. გ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 1 წლით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ა. გ-ეს დანიშნული სასჯელები შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვროს 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და 9 თვით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. ა. გ-ეს სასჯელის ვადა აეთვალოს 2013 წლის 4 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2012 წლის 14 ნოემბრიდან ამავე წლის 16 ნოემბრის ჩათვლით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 დეკემბრის განაჩენი ა. გ-ის მიმართ სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

4. მსჯავრდებულ ზ. შ-ას ქმედება სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებიდან (ვ-ის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტზე. ზ. შ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 1 წლით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ზ. შ-ას დანიშნული სასჯელები შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვროს 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და 9 თვით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. ზ. შ-ა გამართლდეს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (პ. პ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში. ზ. შ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 1 წლით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ზ. შ-ას დანიშნული სასჯელები შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და 9 თვით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზ. შ-ას მიმართ დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ და 9 თვით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევამ - შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და 9 თვით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

ზ. შ-ას სასჯელის ვადა აეთვალოს 2013 წლის 4 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2012 წლის 7 ნოემბრიდან იმავე წლის 10 ნოემბრის ჩათვლით.

5. მ. კ-ის ქმედება სსკ-ის 25, 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე. მ. კ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს - ჯარიმა 10 000 ლარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 დეკემბრის განაჩენი მ. კ-ის მიმართ სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 დეკემბრის განაჩენი ბ. ა-ას, გ. მ-ის, მ. დ-ასა და გ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

7. გამართლებულებს განემარტოთ, რომ უფლება აქვთ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.

8. გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი:

-საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცება - „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცება - კომპაქტდისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი: Jericho B ფირმის პისტოლეტი №..., ორი მჭიდითა და 30 ვაზნით, სარეგისტრაციო მოწმობა N ...; GLOCK 17 პისტოლეტი – N ..., სამი მჭიდითა და 50 ვაზნით, სარეგისტრაციო მოწმობა N ...; Benelli argo special ერთლულიანი თოფი N ..., სარეგისტრაციო მოწმობა N ...; fabarm ფირმის თოფი, N ..., სარეგისტრაციო მოწმობა N ... და 208 ცალი ვაზნა დარჩეს მესაკუთრის საკუთრებაში მფლობელობის უფლების გარეშე, განკარგვის უფლებით - ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე.

9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი