დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №172აგ-16 თბილისი
ი-ა გ. 172აგ-16 20 ოქტომბერი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - იმედა გუგუშვილის
მსჯავრდებულ - გ. ი-ს
ადვოკატ - თ. გ-ს
კანონიერი წარმომადგენლის - ნ. ბ-ს
მონაწილეობით განიხილა თბილისის პროკურატურის თბილისის პროკურორის მოადგილის - გიორგი გაბოძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განაჩენით გ.ი-ა, - დაბადებული 19.. წლის 15 იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 88-ე მუხლის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით.
2. სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის №..... განკარგულების საფუძველზე მსჯავრდებული გ. ი-ა გათავისუფლდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განაჩენით დადგენილი სასჯელის შემდგომი მოხდისგან და მოეხსნა ნასამართლობა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 დეკემბრის განაჩენით გ. ი-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 88-ე მუხლის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 26 მარტის განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულ გ. ი-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 25 მარტიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ბრალდებულ გ. ი-ს ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 26 მარტის განჩინებაზე.
6. 2016 წლის პირველ ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულმა გ. ი-მ და მისმა ადვოკატმა თ. გ-მ, რომლებმაც მოითხოვეს მსჯავრდებულ გ. ი-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 დეკემბრის განაჩენის გაუქმება 2015 წლის 12 ივნისს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. ი-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის დადგენილი სასჯელი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა (შეუმსუბუქდა) და განესაზღვრა 1 წლით შინაპატიმრობა, რაც ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მხედველობაში იქნა მიღებული, რომ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულ გ. ი-ს განაჩენის გამოტანის დროს უკვე მოხდილი ჰქონდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 დეკემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და მსჯავრდებულ გ. ი-ს მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე ბრალდების მხარემ - პროკურორმა იმედა გუგუშვილმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს.
10. მსჯავრდებულ გ. ი-ს ადვოკატი თ. გ-ე არ დაეთანხმა ბრალდების მხარეს და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის ძალაში დატოვება.
11. მსჯავრდებული გ. ი-ა დაეთანხმა თავისი ინტერესების დამცველ ადვოკატს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. 2015 წლის 12 ივნისს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის დებულებებს, გარდა ამ კოდექსის საპროცესო ნორმებისა, აქვს უკუძალა, თუ ამით უმჯობესდება არასრულწლოვნის მდგომარეობა. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების მიხედვით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების დებულებებიც, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსს ან/და არასრულწლოვნისთვის შეღავათს ითვალისწინებს, ხოლო ამ კოდექსში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია კანონის ანალოგიის გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და თუ ეს არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი.
4. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 19.. წლის 15 იანვარს დაბადებულმა გ. ი-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 დეკემბრის განაჩენით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული ჩაიდინა 2014 წლის 14 ნოემბერს - არასრულწლოვანმა, 17 წლის ასაკში. ამდენად, მსჯავრდებულ გ. ი-ს მიმართ ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ნორმები.
5. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით, - რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა და მსჯავრდებულ გ. ი-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის დადგენილი სასჯელი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა (შეუმსუბუქდა) და განესაზღვრა 1 წლით შინაპატიმრობა, რაც ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ამასთან მხედველობაში იქნა მიღებული, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მსჯავრდებულ გ.ი-ს უკვე მოხდილი ჰქონდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 დეკემბრის განაჩენის მიღების დროს ითვლებოდა ნასამართლობის არმქონედ - საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ გ. ი-ს მიმართ მართებულად გაავრცელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული შეღავათი.
6. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ასევე სასჯელმოხდილს ამავე აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის №..... განკარგულებაში, რომლითაც გ. ი-ა გათავისუფლდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განაჩენით დადგენილი სასჯელის შემდგომი მოხდისგან, პირდაპირ არის მითითებული, რომ გ. ი-ს ნასამართლობა მოეხსნა და იგი იყო ნასამართლობის არმქონე. გარდა ამისა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არასრულწლოვანს ნასამართლობა გაქარწყლებულად ეთვლება სასჯელის მოხდისთანავე, ხოლო პირობით მსჯავრდებისას - გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი არ მოქმედებს, თუ არასრულწლოვანი კვლავ ჩაიდენს დანაშაულს. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელმოხდილი არასრულწლოვანი ამ კოდექსის მიზნებისთვის ახალი განაჩენის დადგომამდე ითვლება წარსულში ნასამართლობის არმქონედ - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 დეკემბრის განაჩენის მიღების დროს გ. ი-ა იყო ნასამართლობის არმქონე.
7. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ნასამართლობის მოხსნისა და გაქარწყლების განმარტებასთან მიმართებით სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 და მე-17 მუხლების გამოყენების შესახებ და დამატებით აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის საფუძველზე ამ კოდექსის 177-ე-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებითა და 224-ე, 231-ე, 237-ე, 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა (კანონის ეს მოთხოვნა გაითვალისწინა კიდეც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 2014 წლის 30 დეკემბრის განაჩენის მიღების დროს და გ. ი-ა მიიჩნია ნასამართლობის არმქონედ, რომელსაც დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის - ქურდობისთვის სასჯელი განუსაზღვრა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და არა მე-3 ნაწილით - როგორც არაერთგზის ჩადენილი ქმედებისთვის). სასამართლოს ამ პოზიციას განამტკიცებს ასევე სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვით, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა 18 წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის, აგრეთვე ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებულია ამ კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
8. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის დანაწესზე, კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ, ხოლო მე-6 ნაწილის შესაბამისად, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის №..... განკარგულებით ნასამართლობამოხსნილი გ. ი-ა, ბუნებრივია, არ ითვლება ნასამართლევად საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიზნებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი დაეკარგებოდა როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებულ შეღავათებს, რომლებიც კანონმდებელმა დააწესა სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პირველი მუხლებიდან გამომდინარე, კერძოდ: სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება. ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ეს კოდექსი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ კოდესის მიზანია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ბავშვის უფლებათა კონვენციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
10. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით სწორად გამოიყენა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის დათქმაზე, რომ არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მის მიმართ წარსულში გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. პალატა ვერც ამავე კოდექსის 74-ე მუხლთან მიმართებით გაიზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ ამ მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე (თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაეთვალოს), საკმარისია ამ მუხლის გამოყენებისთვის არსებობდეს მსჯავრდებულის მიმართ ერთხელ მაინც გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და არა - წარსულში ნასამართლობა. ზემოთ აღნიშნული სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-74-ე მუხლების მიზნებისთვისაც, თუ არასრულწლოვანი ნასამართლობის არმქონეა (მას მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს ნასამართლობა), მის მიმართ წარსულში გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული და ასევე, ეს გარემოება არ უნდა იქნეს გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის გამოყენების დროს.
11. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ნორმის შინაარსის ბუნდოვანების შემთხვევაში ნორმა უნდა განიმარტოს არასრულწლოვანთა საუკეთესო (ჭეშმარიტი) ინტერესების სასარგებლოდ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მსჯავრდებულ გ. ი-ს მიმართ განსაზღვრული სასჯელის მკაცრი სასჯელით შეცვლის შესახებ და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საკასაციო მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის თბილისის პროკურორის მოადგილის - გიორგი გაბოძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ი-ს მიმართ;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი