საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 21.06.2024
საქმის ნომერი
2კ-1415აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.06.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100122005653482

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1415აპ-23 ქ. თბილისი

დ. ი. 1415აპ-23 21 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის გრიგოლ კაპანაძის, მსჯავრდებულ ი. დ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. შ–ს, მსჯავრდებულ ლ. ჯ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. გ–ს, ასევე მისი ადვოკატების – პ. გ–სა და ქ. ჭ–ს, მსჯავრდებულ დ. წ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. გ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

1.1. ი. დ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა ქურდული სამყაროს წევრობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.2. ნ. შ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:

1.2.1. ქურდული სამყაროს წევრობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.2.2. ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევი პირის მიერ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით;

1.2.3. ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.3. ლ. ჯ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:

1.3.1. ქურდული სამყაროს წევრობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.3.2. მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით;

1.4. დ. წ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა ქურდული სამყაროს წევრობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ი. დ–ს, ნ. შ–ს, ლ. ჯ–სა და დ. წ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. ნ. შ–ს და ი. დ–ე აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“, მათ სისტემატიური და აქტიური კავშირი აქვთ ,,კანონიერ ქურდებთან“ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან. ისინი ,,კანონიერი ქურდის“ დავალებით აქტიურად მოქმედებენ ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად და თავისი ქმედებით გამოხატავენ მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.

2.2. დ. წ–ი და ლ. ჯ–ე აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და თავისი ქმედებით გამოხატავენ მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.

2.3. ლ. ჯ–ე და დ. წ–ი (მეტსახელად „ბ–ა“) მუქარით, იძულებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, თავისთვის სარგებლის და უპირატესობის მისაღებად, ლ. ჯ–ე 2015 წლიდან 2021 წლის პერიოდში, ხოლო დ. წ–სი 2021 წლის პერიოდში, სისტემატიურად, მათ შორის ლ. ჯ–ე ფიზიკური ძალადობით, ახორციელებდნენ ბ–ს რაიონის სოფელ ტ–ში მცხოვრებ, ინდ. მეწარმე პ. გ–სგან ფულადი თანხის მიღებასა და მისი სამეწარმეო საქმიანობიდან მუდმივად ითხოვდნენ ე.წ. “ქურდულ წილს“.

2.4. ბ–ს რაიონის სოფელ ტ–ში მცხოვრებმა, მეწარმემ პ. გ–მმა, 2015 წელს თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში გააკეთა ხის მასალის სახერხი საამქრო, ხოლო ლენტური ტიპის სახერხი დანადგარის შეძენაში მისი ნაცნობი, ქალაქ ბ–ში მცხოვრები ლ. ჯ–ე დაეხმარა. პატივისცემის ნიშნად, პ. გ–მა მას გადასცა ხის მასალის გაყიდვიდან აღებული გარკვეული ოდენობის თანხა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ ლ. ჯ–ე პერიოდულად აკითხავდა პ. გ–ს, რომელთან საუბარშიც მუდმივად იმეორებდა, რომ წარმოადგენდა “ქურდული სამყაროს“ წევრს და თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით სძალავდა ფულად თანხებს. მას შემდეგ, რაც ფულის გადაცემამ მიიღო სისტემატური ხასიათი, პ. გ–ს იძულებული გახდა აღარ შეესრულებინა მისი მოთხოვნები. აღნიშნული თანხების გადაცემაზე ლ. ჯ–მ კვლავ დაუკონკრეტა, რომ იყო “ქურდული სამყაროს“ წევრი, საქმის კურსში იყვნენ „კანონიერი ქურდები“ და ამიტომაც ეკუთვნოდა წილი, იგი გაუწევდა მფარველობას და სხვა პირები აღარ შეაწუხებდნენ. პ. გ–ს, ასეთი სახის იძულების შემდეგ კვლავ განაგრძობდა ლ. ჯ–სათვის მისი შემოსავალიდან ფულადი თანხის დიდი ნაწილის გადაცემას, რამაც საბოლოოდ გამოიწვია საამქროს გაკოტრება და სამეწარმეო საქმიანობის შეჩერება.

2.5. მიუხედავად საქმიანობის შეჩერებისა, ლ. ჯ–ე, საკუთარი კრიმინალური გავლენის შენარჩუნების მიზნით, 2021 წლის სხვადასხვა პერიოდში, ქალაქ ბ–ში მცხოვრებ ქურდული მენტალიტეტის მქონე პირებთან, მათ შორის დ. წ–სთან (მეტსახელად “ბაია“) ერთად სისტემატურად მიდიოდა პ. გ–ს ოჯახში და სთხოვდა ფულად თანხებს.

2.6. 2021 წლის ზაფხულის პერიოდში, პ. გ–ს შვილი - ა. გ–ი, თავისი ოჯახის კუთვნილი „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომერი ..., რომელზედაც განთავსებული იყო 2,5 კუბური მეტრი ხე-ტყის გადამუშავებული პროდუქტი – ფიცარი, გადაადგილდებოდა ბ–ს რაიონის სოფელ ა–ს ტერიტორიაზე. აღნიშნული ცნობილი გახდა ლ. ჯ–სათვის, რომელიც საკუთარი კრიმინალური გავლენის მოპოვების მიზნით, დ. წ–სთან და დაუდგენელ ორ პირთან ერთად დაედევნა ა. გ–ის, რომელიც იძულებით შეაჩერეს, ჩამოართვეს მანქანა და გადაიყვანეს მათთვის სასურველ ადგილზე.

2.7. ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდგომ პ. გ–მმა გადაწყვიტა და დახმარებისთვის მიმართა „ქურდული სამყაროს“ წევრებს, მათ შორის, ნ. შ–ს (მეტსახელად „კ–ა“) და ი. დ–ს, რომლებმაც „კანონიერ ქურდებთან“ შეთანხმებით, ლ. ჯ–ს ქმედება შეაფასეს და მიიღეს პ. გ–ს სასარგებლო გადაწყვეტილება, ლ. ჯ–სა და დ. წ–ს დაეკისრათ ავტომანქანების მესაკუთრისთვის დაბრუნება და პ. გ–მზე, საკუთარი კრიმინალური გავლენის შეწყვეტა.

2.8. ნ. შ–მ (მეტსახელად „კ–ა“) „კანონიერი ქურდებისა“ და „ქურდული სამყაროს“ წევრ ი. დ–ს დავალებითა და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, სხვისთვის სარგებლის მისაღებად, 2021 წლის პერიოდში დაშინებით, მუქარით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ლ. ჯ–სა და დ. წ–ს მოსთხოვა „ქურდების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება, კერძოდ დაავალა, რომ ბ–ს რაიონის სოფელ ტ–ში მცხოვრებ, მეწარმე პ. გ–სსთვის დაებრუნებინათ მათ მიერ წართმეული „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, ასევე ნ. შ–ს შუამავლობით „კანონიერი ქურდები“ და „ქურდული სამყაროს“ წევრები, მათ შორის ი. დ–ე, პ. გ–სთვის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლისა და მისივე კუთვნილი „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანის წართმევის, საკითხის გადაწყვეტისა და გარჩევის მიზნით იბარებდნენ ლ. ჯ–ს. იმავდროულად, ნ. შ–ს მოუწოდებდა პ. გ–ს შეხვედროდა ლ. ჯ–სეს და მისგან კვლავ იძულების, მუქარისა და ქონების მოთხოვნის შემთხვევაში გასწორებოდა ფიზიკურად. ლ. ჯ–მ და დ. წ–მა, რომლებიც წარმოადგენენ “ქურდული სამყაროს“ წევრებს და აღიარებენ “ქურდულ სამყაროს“, გაითვალისწინეს „ქურდული გარჩევის“ გზით კანონიერი ქურდების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და 2021 წლის სექტემბერში პ. გ–ს დაუბრუნეს წართმეული „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა.

2.9. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 ივნისი განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევმა ნ. შ–მ ექიმის დანიშნულების გარეშე კვლავ უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება – ბუპრენორფინი, რაც 2020 წლის 6 სექტემბერს, ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის N.... დასკვნით დაუდგინდა.

2.10. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი), ასევე გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნ. შ–ს 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მიუხედავად აღნიშნულისა, 2020 წლის 4 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში, ქალაქ ბ–ში, რ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარედ ნ. შ–ს მოძრაობდა „მერსედესის“ მოდელის ავტომანქანით (სახ. ნომრით .....), რა დროსაც შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შეაჩერეს.

2.11. ლ. ჯ–მ დადუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი მარიხუანა 23,69 გრამის ოდენობით, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა მისივე საცხოვრებელ სახლში, ხოლო აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, 2021 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 07:00 საათზე, ქალაქ ბ–ში, ....ის ქუჩა N..-ში მდებარე ლ. ჯ–ს საცხოვრებელ სახლში, შსს .....ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 სექტემბრის განაჩენით:

3.1. ნ. შ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათავლისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის;

3.1.1. ნ. შ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ნ. შ–ს ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1.2. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

3.1.3. საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

3.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. შ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

3.1.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, წინამდებარე განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის განაჩენით, გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 ივნისის განაჩენით, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინებით და გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 3000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. შ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

3.1.6. ნ. შ–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

3.1.7. ნ. შ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან, 2021 წლის 23 დეკემბრიდან;

3.2. ი. დ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;

3.2.1. ი. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

3.2.2. ი. დ–ს სასჯელის ვადა აეთვალა 2022 წლის 10 მარტიდან.

3.3. დ. წ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;

3.3.1. დ. წ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

3.3.2. დ. წ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 23 დეკემბრიდან;

3.4. ლ. ჯ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.4.1. საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

3.4.2. საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჯარიმა – 3000 ლარი;

3.4.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ჯ–სეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

3.4.4. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

3.4.5. ლ. ჯ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 23 დეკემბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

4.1. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ, რომელმაც მითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულების – დ. წ–ს, ი. დ–ს და ნ. შ–ს დამნაშავედ ცნობა მათთვის ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით; ასევე, ლ. ჯ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება;

4.2. დ. წ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. გ–მა, ასევე მსჯავრდებულმა ლ. ჯ–მ და მისმა ადვოკატებმა – პ. გ–მ და მ. ა–მმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ. წ–სა და ლ. ჯ–სის უდანაშაულოდ ცნობა;

4.3. ნ. შ–ს და ი. დ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ნ. შ–მ და რ. ჭ–მა მოითხოვეს ნ. შ–ს და ი. დ–ს უდანაშაულოდ ცნობა მსჯავრადშერაცხილ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილში. ასევე, ნ. შ–ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის შემცირება.

4.4. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინეს მსჯავრდებულ ლ. ჯ–ს ადვოკატებმა – პ. გ–მ და მ. ა–მა, ასევე დ. წ–ს ადვოკატმა ნ. გ–მა. აპელანტებმა მოითხოვეს დაუშვებლად იქნეს ცნობილი/არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 სექტემბრის განაჩენში ი. დ–ს და ლ. ჯ–ს მიმართ შევიდა ცვლილება, ხოლო ნ. შ–ს და დ. წ–ს მიმართ განაჩენი დარჩა უცვლელად;

5.1. ნ. შ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის;

5.1.1. ნ. შ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ნ. შ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

5.1.2. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

5.1.3. საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

5.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. შ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

5.1.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის განაჩენით, გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 ივნისის განაჩენით, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინებით და გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა – 3000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. შ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

5.1.6. ნ. შ–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

5.1.7. ნ. შ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან, 2021 წლის 23 დეკემბრიდან;

5.2. ი. დ–ს ქმედება, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

5.2.1. ი. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

5.2.2. ი. დ–ს სასჯელის ვადა აეთვალა 2022 წლის 10 მარტიდან;

5.3. დ. წ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;

5.3.1. დ. წ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

5.3.2. დ. წ–ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 23 დეკემბრიდან.

5.4. ლ. ჯ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ლ. ჯ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

5.4.1. საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

5.4.2. საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჯარიმა – 3000 ლარი;

5.4.3. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

5.4.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ჯ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

5.4.5. ლ. ჯ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 23 დეკემბრიდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

6.1. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი გრიგოლ კაპანაძე ითხოვს მსჯავრდებულების – დ. წ–ს, ლ. ჯ–ს და ნ. შ–ს დამნაშავედ ცნობას მათთვის ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ი. დ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას;

6.2. მსჯავრდებული ლ. ჯ–ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. გ–ი, ასევე მისი ადვოკატები – პ. გ–ე და ქ. ჭ–ე, მსჯავრდებულ დ. წ–ს ადვოკატი – ნ. გ–ი, მსჯავრდებულ ი. დ–ს ადვოკატი – ნ. შ–ე ითხოვენ მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობას.

6.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ლ. ჯ–ს ადვოკატმა ნ. გ–მა, რომელიც ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივარი და ლ. ჯ–ე გამართლდეს.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ., Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

9. განსახილველ საქმეზე გამოძიების დაწყებისა და ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროს (არ მითითებას) თაობაზე, დაცვის მხარის პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

9.1. საქართველოს სსსკ-ის მე-100 მუხლის თანახმად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება; საქართველოს სსსკ-ის 101-ე მუხლის თანახმად, გამომძიებელი უფლებამოსილია დანაშაულის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე დაიწყოს გამოძიება (დაუშვებელია პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე); „ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი საიდუმლო თანამშრომლის ან ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროს გახმაურება-გამჟღავნება აკრძალულია გასული დროის მიუხედავად, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის პოზიციას გამოძიების დაწყებამდე ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების სავალდებულო წესით ჩატარების შესახებ, ვინაიდან „ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების ჩატარებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც ,,დადგენილი წესით მიღებულია განცხადება ან შეტყობინება, რომ მზადდება, ხდება ან მოხდა დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლის გამოც აუცილებელია გამოძიების ჩატარება, მაგრამ არ არსებობს დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნები, რაც საკმარისი იქნებოდა გამოძიების დასაწყებად“. ასეთი ნიშნების საკმარისობა კი წყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.

9.2. ,,იმ შემთხვევაში, თუ წყაროს არ ექნებოდა კონფიდენციალურობის გარანტია, ის და სხვა პოტენციური პირები თავს შეიკავებდნენ სამართალდამცავ ორგანოებთან მომავალში თანამშრომლობისგან, რაც დააზარალებდა მნიშვნელოვან სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს. როგორც აღინიშნა, უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება იმავე ეფექტურობით უნდა აღწევდეს კონკრეტულ ლეგიტიმურ მიზანს, ხოლო წყაროს განსაიდუმლოება მნიშვნელოვნად ამცირებს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-28). ოპერატიული წყაროსა და ანონიმური პირის მიერ სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიწოდებულ ინფორმაციას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სახელმწიფოს კრიმინალთან ბრძოლაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42, 45, 47 ).

10. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ განსახილველ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის დ. დ–ს 2021 წლის 4 სექტემბრის პატაკი. მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იმავე დღეს (04.09.2021) დეტექტივ-გამომძიებელი დ. დ–სი გამოიკითხა მოწმის სახით (ტ. N1; ს.ფ. 4-8). ასევე სს საქმეში წარმოდგენილია დეტექტივ-გამომძიებლის დ. დ–ს მიერ მოგვიანებით შედგენილი პატაკები, მათ შორის:

10.1. 2021 წლის 8 სექტემბრის პატაკი (ტ. N1; ს.ფ. 94) და დ. დ–სის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი (ტ. N1; ს.ფ. 95-97); 2021 წლის 15 სექტემბრის პატაკი (ტ. N1; ს.ფ. 65-66) და დ. დ–ს მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი (ტ. N1; ს.ფ. 67-70); 2021 წლის 1 ოქტომბრის პატაკი (ტ. N1; ს.ფ. 84-85) და დ. დ–სი მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი (ტ. N1; ს.ფ. 86-89);

10.2. დეტექტივ-გამომძიებელი დ. დ–ი ასევე მონაწილეობდა: 2021 წლის 13 დეკემბერს დ. წ–სის ბრალდებულის სახით დაკავებასა და პირად ჩხრეკაში (ტ. N1; ს.ფ. 251-258); 2021 წლის 23 დეკემბერს ნ. კ–ს ბინის ჩხრეკაში და ოქმის თანახმად, განახორციელა საგამოძიებო მოქმედების მსვლელობის მობილური ტელეფონით გადაღება (ტ.N1; ს.ფ. 261-268); 2021 წლის 23 დეკემბერს მობილური ტელეფონით გადაღებული ნ. კ–სის ბინის ჩხრეკის ვიდეომასალის კომპიუტერულ დისკზე ჩაწერასა და დალუქვაში (ტ. N2; ს.ფ. 1).

10.3. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს შსს ........ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელ გ. ფ–ს 2021 წლის 25 დეკემბრის მიმართვას (ტ. N2; ს.ფ. 103).

11. განსახილველ შემთხვევაში, შსს .......ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელი დ. დ–ი 2021 წლის 4 სექტემბრის პატაკში ასახულ მის მიერ მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, იმავე დღეს გამოიკითხა მოწმის სახით (შეიძინა მოწმის სტატუსი). მათ შორის, მისივე ჩვენების თანახმად, მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია დაედო საფუძვლად აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყებას. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოწმის სახით გამოკითხვის შემდეგ, მას არ ჰქონდა გამომძიებლის სტატუსით იგივე სს საქმეში მონაწილეობის უფლება.

11.1. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს თავად დეტექტივ-გამომძიებლის დ. დ–ს სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, რომ 2021 წლის 4 სექტემბრის პატაკში ასახული ინფორმაცია საფუძვლად დაედო საქმეზე გამოძიების დაწყებას და მიღებული ჰქონდა სანდო ადამიანისაგან პირადად (14:03:05; 14:05:38; 14:16:59; 15:21:42; 15:26:44), შემდგომ პატაკებში მითითებული ინფორმაცია კი მას მიღებული ჰქონდა მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების („სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერის“) შედეგად (აღნიშნულს შესაბამისი პატაკების შინაარსიც ადასტურებს). აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმემ, მათ შორის, მიუთითა, რომ: იგი უშუალოდ მოსმენას ვერ ახორციელებდა; სხვამ დაამუშავა; თანამშრომლებისაგან გახდა მისთვის ცნობილი კონკრეტული საუბრების შინაარსი; ,,ჩემი სამსახური აწარმოებდა მოსმენას, ვეცნობოდი მე“ (14:19:30; 15:05:25), თუმცა დაკითხვისას ასევე განმარტა – ,,მე ვუსმენდი“ (14:57:31; 14:58:07; 15:00:48); გარდა ამისა, აღნიშნა, რომ გაცნობის უფლება სამსახურებრივად მინიჭებული ჰქონდა, კერძოდ, ხელმძღვანელისაგან სიტყვიერად ჰქონდა დავალებული, დაუყონებლივ გადაემოწმებინა მიღებული ინფორმაცია (14:40:21), მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის მიმღები პირი არ იყო (15:06:48); მანვე განმარტა, რომ კონკრეტული პირების ქურდულ სამყაროსთან შემხებლობის შესახებ დამატებით ინფორმაციას (ფარული საგამოძიებო მოქმედების გარდა) ასევე დამატებით აწვდიდა სანდო წყარო (14:56:12); ტელეფონის ნომრები დაადგინა ოპერატიული მუშაობის შედეგად, სხვადასხვა წყაროსგან; ასევე კითხვაზე, მან, როგორც საქმეში მოწმის სტატუსის მქონემ, რატომ მიიღო მონაწილეობა შემდგომ საპროცესო მოქმედებებში, განმარტა, რომ სხვა საშუალებას სამსახურში არსებული რესურსი არ იძლეოდა.

11.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, გამომძიებელი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა, როგორც მოწმე; ასევე საქართველო სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველ ნაწილს (არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია) და საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლს (მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით).

11.3. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებას ვერ დაუდებს საფუძვლად იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მოპოვებულია: დ. დ–ს, როგორც დეტექტივ-გამომძიებლის მიერ ჩატარებული საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების შედეგად მას შემდეგ, რაც იგი განსახილველ საქმეში დაიკითხა მოწმის სახით, მითუფრო იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ დ. დ–სის 2021 წლის 4 სექტემბრის პატაკი და გამოკითხვის ოქმი გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი; ასევე – იმ პატაკების საფუძველზე „სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის“ შედეგად მიღებულ ინფორმაციას, რომელიც, თავის მხრივ, დაეფუძნა ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებულ იმ ინფორმაციას (ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის N11/დ-48-ს-2021 განჩინების საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას), რომლის მიმღები პირიც თავად დ. დ–ი არ იყო, თუმცა მისივე განმარტებით უშუალოდ/თანამშრომლებისგან მაინც ეცნობოდა.

12. აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას მსჯავრდებულების უდანაშაულობის შესახებ და ითვალისწინებს დაზარალებულის ჩვენებას, რომ ლ. ჯ–ე წლების განმავლობაში მფარველობდა მის ბიზნესს, რაც გულისხმობდა, რომ სხვა არავინ შეაწუხებდა და მიაკითხავდა მას ფულის გამოსართმევად, რის სანაცვლოდაც სძალავდა დიდი ოდენობით თანხებს. შიშის გამო უხდიდა ფულს, როგორც ქურდული გავლენის მქონე პირს. ასევე ნ. შ–ს, ი. დ–ს და დ. წ–ს მიმართ დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ისინი მონაწილეობდნენ მასსა და ლ. ჯ–ს შორის არსებული უთანხმოების „ქურდული სამყაროს“ წესებით გარჩევაში.

12.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმის/დაზარალებულის ჩვენებაში არსებული ცდომილებები/უზუსტობები არ არის იმ შინაარსის, რაც სასამართლოს ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს მისცემდა. პირიქით, დაზარალებულის ჩვენება და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის N11/დ-48-ს-2021 განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული აუდიო ინფორმაცია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით არის თანხვდენილი.

13. დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის N........... განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ აუდიო ინფორმაციას, მათ შორის, ფონოგრამებს: ........., ........., ........, ........, ........., ........, ........, ......, ........., .......... და ფონოსკოპური ექსპერტიზის დასკვნას (როლითაც დასტურდება, რომ ჩანაწერებში საუბრობენ სწორედ მსჯავრდებულები).

14. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ვერც დაცვის მხარის მტკიცებას მსჯავრდებულების სრულად უდანაშაულობის და ვერც ბრალდების მხარის პოზიციას, რომ, მათ შორის, დ. წ–მ, ლ. ჯ–მ და ნ. შ–მ ჩაიდინეს არა მსჯავრადშერაცხილი საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, არამედ – ბრალადწარდგენილი საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება, მათ შორის, არც სს საქმეში წარმოდგენილი ფარული ჩანაწერებით.

15. ,,ქურდული სამყაროს“ წევრობა, დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 223(1)-ე მუხლის პირველი პუნქტით, მჭიდროდ არის დაკავშირებული „კანონიერი ქურდობის“ დანაშაულთან, რომლის დასჯა ხდება სისხლის სამართლის კოდექსის იგივე მუხლის მეორე პუნქტით. ორივე დანაშაული დაკავშირებულია ორგანიზებული დანაშაულის კარგად ცნობილ ინსტიტუტთან, და მათი გათვალისწინება მოხდა 2005 წლის 20 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ უფრო ფართო ხასიათის საკანონმდებლო პაკეტში, რათა მომხდარიყო კრიმინალური გაერთიანებების წინააღმდეგ ბრძოლის ინტენსიფიკაცია; შესაბამისად 2005 წლის 20 დეკემბერს ორი ახალი სამართალდარღვევის, კერძოდ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „კანონიერი ქურდობის“ შემოტანით, საქართველოს კანონმდებლებმა უბრალოდ სისხლის სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციეს ცნებები და ქმედებები, რომლებიც უკავშირდება კრიმინალურ („ქურდების“) ქვეკულტურას (იხ. Ashlarba v. Georgia №45554/08, §36, §38, ECtHR 15/07/2014).

15.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების განსაიდუმლოების თაობაზე 2021 წლის 23 დეკემბრის დადგენილებას, რომლის თანახმად, მტკიცებულების სახით გამოყენების მიზნით სს საქმეში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი მასალები განსაიდუმლოვდა და დაერთო სს საქმეს (ტ. N5; ს.ფ. N1-5). ასევე, საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლს; ასევე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2022 წლის 1 ივლისის N.... ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ კონკრეტულ აუდიოგრამებს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო ჩანაწერებში მოსაუბრე მამაკაცების ხმები იდენტურია ხმის ნიმუშებში მოსაუბრე: პ. გ–ს, ნ. შ–ს, ლ. ჯ–სა და დ. წ–ს ხმების; ასევე იმ გარემოებას, რომ ექსპერტმა ე. კ–მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ დასკვნა არის კატეგორიული და ჩანაწერის ხარისხი არ უშლიდა ხელს კვლევის ჩატარებას. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სს საქმეში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია წარმოდგენილია არამხოლოდ კრებსების, არამედ – აუდიომასალის სახითაც. მითუფრო, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმის თანახმად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა N11/დ-48-ს-2021 განჩინების საფუძველზე მოპოვებული ინფორმაცია, კონვერტში მოთავსებული 5 ცალი CD დისკი (ტ. N12, ს.ფ. 72-83).

15.2. დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ საქმის ფარგლებში სრულყოფილად არ ჩატარებულა ექსპერტიზები, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, ერთი მხრივ, საქართველოს სსსკ-ი 38-ე მუხლის დანაწესს, ხოლო, მეორე მხრივ, იმ გარემოებას, რომ შეჯიბრებით სამართალწარმოებაში (იხ. საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლი) მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი), მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ (საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი); მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება და კასატორიც არ უთითებს, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა, მათ შორის, ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56).

16. მსჯავრდებულ დ. წ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. გ–ს მტკიცებაზე, რომ მოწმე პ. ო–ი არის ეროვნებით ...ი და გაუგებარი და ბუნდოვანია ესმის თუ არა ქართული ენა და ჰქონდა თუ არა უფლება გამოკითხვის ოქმზე დაესვა ხელმოწერა. ამასთან, სასამართლო სხდომაზე ვერ განმარტა ხელმოწერა ქართულ ენაზე აქვს შესრულებული თუ არა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2022 წლის 8 ივლისს სასამართლო სხდომაზე მოწმე პ. ო–ი დაიკითხა თარჯიმნის მონაწილების გარეშე, ქართულ ენაზე (ტ.10; ს.ფ. 190-316), რა დროსაც მოწმემ დაადასტურა, რომ გამოკითხვის ოქმზე მის მიერ არის შესრულებული ხელმოწერა, ამასთან, მუდმივად აწერს ერთგვაროვნად (15:41:15; 15:42:08).

17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ლ. ჯ–ს, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილში უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით, ლ. ჯ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის ამსახველი ვიდეომასალით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მის მიერ მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა.

17.1. მსჯავრდებულ ლ. ჯ–სის ადვოკატების – პ. გ–სა და ქ. ჭ–ს მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებისათვის დაუშვებელი მტკიცებულებაა ჩხრეკის ოქმი და საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეო მასალა, ვინაიდან საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მუხედავად იმისა, რომ სახლში იყო მსჯავრდებულის მეუღლე, იგი არ დაასწრეს საგამოძიებო მოქმედებას, იმავდროულად, ისე, რომ არ გააფრთხილეს და არ მიუღიათ ლ. ჯ–ს თანხმობა, უკანონოდ განახორციელეს საგამოძიებო მოქმედების ვიდეოგადაღება, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ: ,,ბრალდების მხარის ვალდებულებაა, გამოიყენოს კანონიერი საშუალებები იმისათვის, რომ გაამყაროს ჩხრეკა/ამოღების ფაქტისადმი სანდოობა.... აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს სამართალდამცავთა ცალსახა ვალდებულება, მოიპოვონ ჩხრეკის სანდოობის უზრუნველმყოფი მტკიცებულებები, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-106); „ბუნებრივია, საგამოძიებო მოქმედების კომპლექსურობის გათვალისწინებით, ყველა შემთხვევაში, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ვერ მოხდეს ჩხრეკის ფაქტის ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარება, თუმცა უნდა დადასტურდეს, რომ უფლებამოსილმა პირმა მიიღო გონივრული ზომები იმისთვის, რომ უზრუნველყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება“ (იქვე, II-108). იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება (ისევე როგორც საქართველოს სსსკ-ი) არ უთითებს უფლებამოსილი პირის მიერ ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვებისას, მათ შორის, ვიდეოგადაღებისას, დაინტერესებული პირისგან ნებართვის აღებაზე.

17.2. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ლ. ჯ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. გ–ს მტკიცებას, რომ მისი სახლიდან ამოიღეს მცენარე – გვირილა, რომელიც წარმოაჩინეს, როგორც მარიხუანა, რათა მისი დაკავების საფუძველი ჰქონოდათ. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო, მათ შორის, ითვალისწინებს, იმ გარემოებას, რომ საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა ჩატარდა 2021 წლის 23 დეკემბერს (ტ. N1; ს.ფ. 234-241), ხოლო სს საქმეში ასევე წარმოდგენილია 2021 წლის 16 დეკემბრით დათარიღებული, მათ შორის, ლ. ჯ–ს დაკავების თაობაზე შუამდგომლობა (ტ. N1; ს.ფ. 186-189) და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინება, დაკავების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ (ტ. N1; ს.ფ. 196-202).

17.3. რაც შეეხება კასატორის პოზიციას მსჯავრდებულის უდანაშაულობის თაობაზე, იმაზე მითითებით, რომ სს საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, იმ გარემოებაზე, რომ ამოღებული საგანი ეკუთვნის მსჯავრდებულს (მაგ.: თითის ანაბეჭდი ან/და დნმ-ი) საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის გენეტიკური პროფილის ბიოლოგიური კვალის არარსებობა შემთხვევის ადგილზე ან დანაშაულის საგანზე a priori არ ნიშნავს ამ პირის უდანაშაულობას, რადგან უკავშირდება კვალწარმოქმნის პროცესის თავისებურებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 27 ივლისის განჩინება N 190აპ-20).

18. რაც შეეხება შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. მით უფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულებისათვის სასჯელის დამძიმება.

19. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

20. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).

21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

22. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

23. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

24. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს: საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტს (საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე); იმ გარემოებას, რომ დეტექტივ-გამომძიებელმა დ. დ–მა, 2021 წლის 4 სექტემბრის პატაკში ასახულ მის მიერ მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოკითხვის შემდეგ შეიძინა მოწმის სტატუსი, რაც წარმოადგენდა სისხლის სამართლის პროცესში მისი, როგორც გამომძიებლის სტატუსით მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებას, რის გამოც მას, გამომძიებლის სტატუსით აღარ უნდა მიეღო მონაწილეობა რიგ მოქმედებებში; ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა საქმის განხილვისას ყურადღება არ გაამახვილეს საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტსა (გამომძიებელი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა, როგორც მოწმე) საქართველო სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილზე (არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია); დაშვებული ზემოაღნიშნული დარღვევა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა იმდაგვარი, რასაც, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი სხვა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები, შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

25. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

26. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის გრიგოლ კაპანაძის, მსჯავრდებულ ი. დ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატ – ნ. შ–ს, მსჯავრდებულ ლ. ჯ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. გ–ს, ასევე მისი ადვოკატების – პ. გ–სა და ქ. ჭ–ს, მსჯავრდებულ დ. წ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. გ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ გაბინაშვილი