განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 438-აპ 19 მაისი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე (მომხსენებელი),მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ რ. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 ნოემბრის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა 2004წ. 5 აგვისტოს საპროცესო შეთანხმება შიდა ქართლის საოლქო პროკურორ დ. წ-ს, ბრალდებულ რ. ო-სა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ თ. თ-ს შორის.
განაჩენით რ. ო ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის I ნაწილით და სსკ-ის 55-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 25 დღიური მინიმალური ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით. რ. ო-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
2004წ. 6 სექტემბერს რ. ო-მ განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრების მოთხოვნით იმ მოტივით, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მას არ გაეწია კვალიფიციური იურიდიული დახმარება და საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, მაგრამ ვინაიდან გასული იყო განაჩენის გასაჩივრების 14-დღიანი ვადა, ითხოვა სააპელაციო გასაჩივრების გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლა, რათა მას ესარგებლა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.
გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 სექტემბრის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა რ. ო-ს განცხადება სააპელაციო საჩივრის გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ დაუშვებლობის მოტივით. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 11 ნოემბრის განჩინებით აღნიშნული დადგენილება უცვლელად დატოვა. სააპელაციო პალატამ, მართალია, დაადასტურა მსჯავრდებულის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-2 მუხლიდან გამომდინარე, გაასაჩივროს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, მაგრამ საპროცესო გარიგების დროს გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების ასეთ საშუალებად მიიჩნია ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესაძლებლობა, საქართველოს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.
კასატორმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 ნოემბრის განჩინების გაუქმება მსჯავრდებულ რ. ო-სათვის გასაჩივრების ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ და გაცდენილი გასაჩივრების ვადის მსჯავრდებულისათვის საპატიოდ ჩათვლა.
დაცვის მხარის პოზიციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-2 მუხლის, ისევე როგორც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მათი დაცვის ქვეშ მყოფს უფლება აქვს, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივროს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, ვინაიდან საპროცესო შეთანხმება დაიდო სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებით მოთხოვნათა უგულებელყოფით, რითაც მან დაკარგა საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, რომლის აღდგენასაც იგი ითხოვს მისთვის გასაჩივრების უფლების მიცემით. ადვოკატის პოზიციით, ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებდა ასეთი განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობას, არ ნიშნავს იმას, რომ მსჯავრდებულს ასეთი უფლება არ გააჩნია, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილია, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან მიმართებით. თვით საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო კოდექსი ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, შესაბამისად მოქმედებენ ეს ხელშეკრულებები.
პროკურორმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, პროცესზე გამოსული ადვოკატის პოზიციას და მიიჩნია, რომ სსსკ-ის 6797-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა იყო იმპერატიული ხასიათის. იგი მსჯავრდებულს არ აძლევდა საპროცესო შეთანხმების დროს გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების უფლებას; ამასთან, მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც მხარი არ დაუჭირა მსჯავრდებულისათვის გასაჩივრების უფლების მიცემას და საკასაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ მოუსმინა მხარეებს - მსჯავრდებულ რ. ო-ს, მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატ გ. ძ-ს, პროკურორ ჯ. კ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ცვლილებით შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 აგვისტოს განაჩენით, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, დამტკიცდა 2004წ. 5 აგვისტოს საპროცესო შეთანხმება პროკურორ დ. წ-ს, ბრალდებულ რ. ო-სა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ თ. თ-ს შორის. განაჩენით რ.ო ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. განაჩენით მსჯავრდებულ რ. ო-ს განემარტა, რომ განაჩენი არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ “ხალხის გაზეთის” რედაქტორი რ. ო დააკავეს 2004წ. 2 აგვისტოს, 3 აგვისტოს მიცემულ იქნა ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ნარკოტიკული დანაშაულისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 4 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, ხოლო 5 აგვისტოს, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ აღიარებდა დანაშაულს და არც გამოძიებასთან რაიმე თანამშრომლობა გაუწევია, ზემდგომ პროკურორთან, გენერალური პროკურატურის პროკურატურის ორგანოებში სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის უფროსთან შეთანხმებით მოხდა მასთან ბრალზე გარიგება და სასჯელზე შეთანხმება, რის საფუძველზეც 6 აგვისტოს სასამართლოში შევიდა შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. შუამდგომლობის მიხედვით, ბრალდებულმა უარი თქვა სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე, მაშინ, როდესაც ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმში, რომელიც შედგენი.2004წ. 3 აგვისტოს, გაკეთებულია შემდეგი შენიშვნა: “ბრალდებულმა რ. ო-მ უარი განაცხადა ბრალდებულის დაკითხვის ოქმზე ხელის მოწერაზე იმ მოტივით, რომ თავისი შინაგანი რწმენით იგი თავს ბრალდებულად არ თვლის და შეურაცხმყოფელად მიაჩნია აღნიშნულ ოქმზე ხელის მოწერა და ჩვენების მიცემა”. ოქმში ვკითხულობთ, რომ რ.ოქრუაშვილი “თავს ბრალდებულად არ ცნობს და, აქედან გამომდინარე, არც ერთ დოკუმენტზე, სადაც სიტყვა “ბრალდებული” ეწერება, არ მოაწერს ხელს. რაც შეეხება ჩვენების მიცემაზე უარის თქმას, განმარტა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში”. ასეთ ვითარებაში 5 აგვისტოს, ბრალდებულის დამატებითი დაკითხვის გარეშე, პროკურორ დ. წ-ს მიერ შედგენილ საპროცესო შეთანხმების ოქმში ვკითხულობთ: “ბრალდებულმა რ. ო-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ. ამასთან ერთად ჩვენს შორის მოხდა შეთანხმება მის მიმართ საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენების თაობაზე”. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პროკურორმა საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო ისეთ ვითარებაში, როცა აღკვეთის ღონისძიების შეფარდება მოხდა 4 აგვისტოს და სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ იმყოფებოდა გორის რაიონულ სასამართლოში, რის გამოც შიდა ქართლის საოლქო პროკურორმა აღნიშნული საქმე გამოითხოვა სასამართლოდან და შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რომელიც შედგენი.5 აგვისტოს, გორის რაიონულ სასამართლოში შეიტანა 6 აგვისტოს. შუამდგომლობის განხილვა მოსამართლემ დაიწყო შუამდგომლობის შესვლის დღესვე, 9 საათსა და 40 წუთზე და იხილავდა 10 საათსა 20 წუთამდე, ხოლო იმავე დღეს, 11 საათზე, გამოაცხადა განაჩენი, რომლითაც დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება წარმოდგენილი სახით, მაშინ, როდესაც სსსკ-ის 6794-ე მუხლის მე-4 ნაწილი ითვალისწინებდა შესაძლებლობას, მხარეთა მიერ საპროცესო შეთანხმების შინაარსის სათანადოდ გააზრებისა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმის მიზნით, შუამდგომლობა განხილულიყო მისი სასამართლოში წარდგენიდან ერთთვიან ვადაში.
2004წ. 6 სექტემბერს მსჯავრდებულმა რ. ო-მ განაჩენის დამდგენ სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომელშიც მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას არ გაეწია კვალიფიციური იურიდიული დახმარება, რის გამოც საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით და სსსკ-ის 6796-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა განაჩენის გასაჩივრება, რათა ესარგებლა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. მსჯავრდებულმა ითხოვა საპატიოდ გაშვებული (ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება) სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა.
გორის რაიონული სასამართლოს იმავეწ. 16 სექტემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ რ. ო-ს განცხადება არ დაკმაყოფილდა დაუშვებლობის მოტივით, რასაც შემდგომ დაეთანხმა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა მსჯავრდებულ რ.ოქრუაშვილის კერძო სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით.
საკასაციო პალატა არ ეთანხმება რაიონული და საოლქო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია მათი მოტივაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მსჯავრდებულ რ. ო-ს თითქოს არ ჰქონდა მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრების უფლება. სასამართლოებმა ყურადღება არ გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, საპროცესო გარიგება მხარეებს შორის დადებულია საპროცესო კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით. მართალია, იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6797-ე მუხლის მე-2 ნაწილი იმპერატიულად მიუთითებდა, რომ საპროცესო შეთანხმების დროს გამოტანილი “სასამართლო განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე”, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ასეთი განაჩენის გადასინჯვის შესაძლებლობას იძლეოდა მხოლოდ საერთო წესით ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მაგრამ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა სისხლის სამართლის პროცესის სფეროში არ ამოიწურება მხოლოდ საპროცესო კოდექსით, იგი აგრეთვე შედგება იერარქიულად მასზე მაღლა მდგომი სამართლებრივი აქტებისაგან, როგორიცაა საქართველოს კონსტიტუცია, ასევე საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ და აქვთ პირდაპირი მოქმედების ძალა.
კერძო საკასაციო საჩივრის განხილვისას რ. ო-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე, რაც გამომდინარეობს კონვენციის მე-6 მუხლიდან, ასევე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლიდან.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, განსაკუთრებით მისი მე-40 და 42-ე მუხლებიდან, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი აქტებიდან. ამ უფლებაზე ბრალდებულის უარი შეიძლება მიღებულ იქნეს კანონით მკაცრად განსაზღვრული წესით, მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ნებაყოფლობითობა არავითარ ეჭვს არ იწვევს, ასევე არავითარ ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის გარემოება, რომ იგი დადებულია ყოველგვარი ზეწოლისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო მეთოდებისა და საშუალებების გამოყენების გარეშე. ამასთან, ბრალდებულს და მის ადვოკატს უნდა ჰქონდეთ საკმარისი დრო და საშუალება მათთვის შეთავაზებული საპროცესო შეთანხმების პირობებისა და მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების გასაანალიზებლად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. სწორედ ამიტომ ითვალისწინებს საპროცესო კანონი გარკვეულ ვადას შუამდგომლობის შეტანიდან განაჩენის გამოტანამდე.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ რ. ო-სთან საპროცესო შეთანხმება დაიდო არამართლზომიერად, სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს, რათა მის მიმართ განხორციელდეს სამართლიანი სამართალწარმოება იმ ძირითადი საპროცესო უფლებების დაცვით, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპროცესო კოდექსი საპროცესო შეთანხმების დროს გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობას ფორმალურად არ იძლეოდა, საკასაციო პალატას აქვს მყარი იურიდიული საფუძველი, მიიღოს სამართლებრივი გადაწყვეტილება ამ განაჩენის კანონიერების თაობაზე. პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ადვოკატებმა კერძო საკასაციო საჩივარსა და საკასაციო პალატის სხდომაზე ასეთ საფუძვლად სწორად მიუთითეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-2 მუხლზე, ისევე როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტზე და ამ საფუძვლით სწორად მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრების უფლება. ეს ნორმები, რომლებიც იერარქიულად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლზე მაღლა მდგომი სამართლებრივი ნორმებია, მოიცავს და გულისხმობს მსჯავრდებულის უფლებას, მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გადასინჯოს უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლომ. მსჯავრდებული რ. ო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობაში ზოგადი ნორმის (სსსკ-ის 236-ე მუხლი) სახით არსებული განაჩენის გასაჩივრების ვადის აღდგენის უფლებით ითხოვდა იმ ძირითადი უფლების რეალიზაციას, რომელიც მას საქმის არსებითი განხილვის გარეშე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებით მოუსპო განაჩენის დამდგენმა სასამართლომ. სამართლიანი სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებაა და, მიუხედავად ეროვნულ საკანონმდებლო დონეზე არსებული აკრძალვისა, რაც, სსსკ-ის 6797-ე მუხლის (კანონის 2004წ. 24 ივნისის რედაქცია) მე-2 ნაწილის შესაბამისად, განაჩენის გასაჩივრების დაუშვებლობას გულისხმობს, რეალიზებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტითა და ამ კონვენციის მე-7 ოქმის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით.
გორის რაიონული სასამართლოს დადგენილებით და შემდგომ - თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებით რ.ო-ს მოთხოვნა საქმის სამართლიანი განხილვის შესახებ უარყოფილ იქნა სსსკ-ის 6797-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მიუხედავად ამ ნორმის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 ოქმთან წინააღმდეგობისა. ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა განაჩენის ზემდგომი სასამართლოს მიერ გადასინჯვის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გააიგივა საპროცესო კოდექსით ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის ზოგად წესთან. აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული განაჩენის გადასინჯვის პროცედურა, რომელიც პროკურატურაში მსჯავრდებულის მიმართვის შემთხვევაში დაწყებულ სისხლის სამართლის განსაკუთრებულ წარმოებას წარმოადგენს, სცდება ევროპული კონვენციის მე-7 ოქმით გარანტირებულ განაჩენის გასაჩივრების უფლებას. კონვენციის მე-7 ოქმის მე-2 მუხლის მოთხოვნა ერთმნიშვნელოვნად შეეხება დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრების უფლებას. იმის გამო, რომ 2004წ. 24 ივლისის რედაქციით მოქმედი საპროცესო შეთანხმების ნორმები ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლისა და ამ კონვენციის მე-7 ოქმის მე-2 მუხლის, ასევე გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლის მოთხოვნებს, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. თვით საქართველოს საპროცესო კოდექსი (2004წ. 24 ივნისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა საქმის არსებითი განხილვის გარეშე, სასამართლოს მიერ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების შესახებ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების ამკრძალავ ნორმას, ზოგადი ნაწილის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილში ახდენს კონსტიტუციის ნორმის ინტერპრეტაციას და იმპერატიულად აცხადებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმის წინააღმდეგობა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან იწვევს ამ უკანასკნელის პირდაპირ მოქმედებას. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების პრიმატი ეროვნულ კანონმდებლობაზე სასამართლოს იმ ეტაპზე აძლევდა შესაძლებლობას, პირდაპირ (საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული გასაჩივრების დადგენილი ვადების საპატიოდ, თუ არასაპატიო მიზეზებით გასვლის საკითხის გადაწყვეტის გარეშე) მიეცა მსჯავრდებულ რ.ოქრუაშვილისათვის განაჩენის გასაჩივრების უფლება. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში მსჯავრდებულ რ.ო-სა და მისი დამცველი ადვოკატების მიერ დაყენებული მოთხოვნა განაჩენის გასაჩივრების კანონით დადგენილი საერთო ვადის აღდგენის თაობაზე, უპირობოდ გულისხმობდა მხარის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის მოთხოვნას, რაზეც სასამართლოს უცილობლად უნდა ემსჯელა.
საკასაციო პალატის მიერ მსჯავრდებულ რ.ო-ს კერძო საკასაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე, საქართველოს საპროცესო კოდექსში 2005წ. 25 მარტს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, კერძოდ, სსსკ-ის 6796-ე მუხლით, რეალიზებულია მსჯავრდებულის უფლება, გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი. პალატა ხელმძღვანელობს სსსკ-ის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი საპროცესო კანონის ანალოგიის პრინციპით და მსჯავრდებულ რ.ოქრუაშვილის საჩივრის დაკმაყოფილების მიზნით, სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად, უთითებს სსსკ-ის 6796-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული მუხლი მსჯავრდებულს განაჩენის გასაჩივრების უფლებას აძლევს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემდეგ შემთხვევებში: თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება ან საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საპროცესო შეთანხმებისათვის კანონით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.
აუქმებს რა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 აგვისტოს განაჩენს, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:
კონკრეტულ შემთხვევაში განაჩენის გაუქმების საფუძველია ის, რომ განაჩენის დამდგენმა სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის LXIV1 თავით “საპროცესო შეთანხმება” გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები, კერძოდ: სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შიდა ქართლის პროკურორის 2004წ. 5 აგვისტოს შუამდგომლობა და გორის რაიონული სასამართლოს იმავე წლის 6 აგვისტოს განაჩენი საპროცესო შეთანხმების საფუძვლად უთითებენ იმ დროს მოქმედი საპროცესო შეთანხმების ორივე საფუძველს - ბრალზე გარიგებას და სასჯელზე შეთანხმებას, რაც ეჭვქვეშ აყენებს პროკურატურის მიერ შემოთავაზებული შუამდგომლობისა და შემდგომ - სასამართლოს მიერ დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების განაჩენის კანონიერებას. ბრალდებულ რ.ო-სა და ბრალმდებელს შორის გაფორმებული შუამდგომლობა არაფერს ამბობს, თუ რაში გამოიხატა ბრალზე გარიგებისას ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება ან გამოძიებასთან თანამშრომლობა და ასევე, სასჯელზე შეთანხმების საფუძველში ვერ უთითებს, თუ რაში გამოიხატა რ.ო-ს გამოძიებასთან სავალდებულო თანამშრომლობა.
საქმის მასალების მიხედვით, წინასწარი გამოძიება საქმეზე მიმდინარეობდა 2004წ. 2-დან 5 აგვისტომდე. ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: რ.ო-ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა მოყავისფრო ნივთიერება, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება “ჰეროინს”, საერთო წონით 0,29 გრამი; იმავე დღეს რ.ო-ს სამუშაო ოფისში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, საერთო წონით 0,58 გრამი; ასევე ჩატარდა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც სახლის მეორე სართულზე, ჩრდილო-დასავლეთის მხარეს არსებულ ოთახში, კარადის თავზე მოთავსებულ მუყაოს ყუთში აღმოჩნდა სამი, 7.62 მმ კალიბრიანი კარაბინის ვაზნა და ერთი, 7.62მმ კალიბრიანი პისტოლეტის ვაზნა, რაც, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, გამოსაყენებლად ვარგისია და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. არც ერთ ოქმზე რ.ო ხელს არ აწერს. რ.ო ეჭვმიტანილად ცნეს 2004წ. 2 აგვისტოს. იგი დააკავეს იმავე დღეს, 10 საათსა და 45 წუთზე. რ.ო ეჭვმიტანილად დაიკითხა იმავე დღეს. მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და ოქმს ხელი არ მოაწერა. ასევე, არ ჩაიბარა ეჭვმიტანილის უფლება-მოვალეობათა ნუსხა. 3 აგვისტოს რ.ო-მ აიყვანა დამცველები. პროკურორის სახელზე დაწერილ განცხადებაში კი პატიმრობაში მყოფი ბრალდებული რ.ოქ წერს: “არ მსურს საპროცესო შეთანხმების პროცედურებს დაესწრონ ჩემი ადვოკატები, გარდა თ.თ-ს. სხვა დამცველებთან ამ მომენტიდან ვწყვეტ ურთიერთობას და აღარ მსურს ვიმყოფებოდე მათი დაცვის ქვეშ როგორც გამოძიების, ასევე სასამართლო განხილვის დროს”. 3 აგვისტოს ეჭვმიტანილის სახით დამატებით დაკითხვის ოქმში რ.ო-მ კატეგორიულად უარყო მისთვის წაყენებული ბრალდებები და მიუთითა, რომ მის მიმართ განხორციელებული უკანონო მოქმედებები არის მიზანმიმართული პროვოკაცია და უკავშირდება მის სამსახურებრივ-ჟურნალისტურ მოღვაწეობას. 3 აგვისტოს რ.ო-ს მიმართ გამოტანილ იქნა ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის დადგენილება, რომელშიც მან აღნიშნა, რომ თავს ბრალდებულად არ ცნობს, ბრალდებულად დაკითხვაზე უარი განაცხადა და ოქმს ხელი არ მოაწერა. 4 აგვისტოს ბრალდებულ რ.ო-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. 5 აგვისტოს მან განცხადებით მიმართა შიდა ქართლის საოლქო პროკურორს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თხოვნით. პროკურორმა ბრალდებულ რ.ო-ს საპროცესო გარიგების დადებასთან დაკავშირებით სურვილის შესახებ იმავე დღეს აცნობა გენერალური პროკურატურის პროკურატურის ორგანოებში სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსს და შეადგინა ცნობა, რომ მას დაევალა, განეხორციელებინა სათანადო პროცედურები. იმავე დღეს ბრალდებულსა და ბრალმდებელს შორის შედგა შეთანხმება და ოქმი, რომლებშიც მითითებულია, რომ რ.ო-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და თანხმობა განაცხადა ბრალზე გარიგებასა და სასჯელზე შეთანხმებაზე. თუმცა, იმავე დღეს შედგენილ შუამდგომლობაში არ მითითებულა, თუ რაში გამოიხატა ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარება ან მისი თანამშრომლობა გამოძიებასთან, რაც სასჯელზე შეთანხმების სავალდებულო პირობა იყო. არც ზემდგომ პროკურორს დაუმტკიცებია საპროცესო შეთანხმების პირობები. ასევე, არ მიუცია აღიარებითი ჩვენება განსასჯელ რ.ო-ს 6 აგვისტოს გამართულ სასამართლო პროცესზე და არ გამოკვლეულა გამოძიებასთან მისი თანამშრომლობის საკითხი, გარდა იმ ფორმალური განცხადებისა, რომელიც დაფიქსირებულია სასამართლო სხდომის ოქმში, რომ ის სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომელშიც ედება ბრალი, ასევე - სასჯელსაც და რომ ორივე ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს. სასამართლომ არ გამოიკვლია რ.ო-ს მიერ სამი დღის წინ წინასწარი გამოძიებისათვის მიცემული კატეგორიული ჩვენება მისი უდანაშაულობის შესახებ და აგრეთვე მისი სათანადო ახსნა-განმარტება.
ზემოაღნიშნული პალატას აძლევს საფუძველს, ეჭვქვეშ დააყენოს რ. ო-სთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად გამოტანილი განაჩენის კანონიერების საკითხი. მტკიცება იმისა, რომ ბრალდებული რ.ო სრულყოფილად აღიქვამდა შუამდგომლობის შინაარსსა და მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგს _ დაუსაბუთებელია. ყოველივე ამის შემდეგ სადავო ხდება მსჯავრდებულის ქცევის ნებაყოფლობითობა, კვალიფიციური იურიდიული დახმარებით ბრალდებულის ან განსასჯელის უზრუნველყოფა და, ამდენად, არ გამოირიცხება დაცვის უფლების შეზღუდვა.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი მოთხოვნის უგულებელყოფამ განაპირობა საკასაციო პალატის გადაწყვეტილება, იხელმძღვანელოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით და გააუქმოს გორის რაიონული სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის წესით საქმის არსებითი განხილვის გარეშე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე გამოტანილი განაჩენი რ.ოქრუაშვილის მიმართ და საქმე, სსსკ-ის 6796-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დააბრუნოს წინასწარ გამოძიებაში მსჯავრდებულ რ.ო-ს მიერ მოთხოვნილი საქმის სამართლიანი განხილვის უფლების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. ამასთან, სასამართლო აუქმებს როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს მსჯავრდებულ რ.ო-ს საჩივრების დაუშვებლობის მოტივით განუხილველობის თაობაზე.
საკასაციო პალატის მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე გამოტანილი განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება წინასწარ გამოძიებაში არ სცილდება საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს, ვინაიდან საკასაციო სასამართლომ განაჩენის გაუქმებით გადაწყვიტა ამ გადაწყვეტილების მხოლოდ კანონიერების საკითხი, რომელიც სსსკ-ის 243-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურით მოხდა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი საკასაციო სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში იმსჯელოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე. ვინაიდან საპროცესო შეთანხმების დროს გამოტანილი განაჩენის ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების პროცედურას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებდა, საკასაციო სასამართლომ, იხელმძღვანელა რა ანალოგიის პრინციპით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებზე დაყრდნობით, მსჯავრდებულის სასარგებლოდ მიიღო განაჩენის გაუქმებისა და საქმის წინასწარ გამოძიებაში დაბრუნების გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-2 მუხლით, საქართველოს სსსკ-ის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 236-ე, 243-ე, 568-ე, 6796-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 ნოემბრის განჩინება, ასევე გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 სექტემბრის დადგენილება და გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 აგვისტოს განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და საქმე დაბრუნდეს წინასწარ გამოძიებაში.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.