დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-243-565-05 26 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ახალაძე
დავის საგანი: გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
სასამართლოში სარჩელი აღძრა სს „ბ-ის“ უფლებამონაცვლის _ შპს „ა-ის” გაკოტრების საქმეთა მმართვულმა ვ. ს-ემ. მოპასუხედ დაასახელა სს „გ-ი“ და მოითხოვა მოპასუხისათვის შპს „ა-ის” სასარგებლოდ 23910 ლარის დაკისრება. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
1996 წლიდან ფუნქციონირება შეწყვიტა სს „გ-ის“ ტყიბულის ფილიალმა. უპატრონოდ დარჩა ქ. ტყიბულში, ........ ქ. ¹55-ში მდებარე შენობა, სადაც აღნიშნული ფილიალი იყო განთავსებული.
მხარეთა შორის მოხდა შენობაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შესახებ წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულების წერილობით გაფორმებამდე, სს „გ-ისაგან“ სს „ბ-ს“ გადაეცემოდა აღნიშნული შენობა და სეიფების გასაღებები.
ვინაიდან შენობას მუდმივად შეძენილად თვლიდნენ, შპს „მ-თან“ გააფორმეს ხელშეკრულება შენობის ფასადისა და შემოგარენის კეთილმოწყობაზე. აღნიშნული სამუშაოების შესრულებისათვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 10364 ლარი, რადგანაც სამეწარმეო რეესტრში და სხვა საბუთებით შენობის ღირებულება არ დგინდებოდა, შენობის ღირებულება ქ. ტყიბულის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ იქნა შეფასებული და მისმა ღირებულებამ შეადგინა 18219 ლარი. მოპასუხემ, ნაცვლად აღნიშნულისა, შენობაში მოითხოვა 96000 ლარის გადახდა, რაზედაც ვერ შეთანხმდნენ.
1998 წელს მოპასუხე მხარემ შენობა უკან დაიბრუნა, ხოლო 1999წ. 18 აგვისტოს საიჯარო ხელშეკრულებით, 30300 ლარად, გამოსყიდვის უფლებით, გადასცა სს „ს-ს“. მყიდველმა თანხა მთლიანად გადაუხადა 2000წ. 19 ოქტომბერს და შენობა გადავიდა მის საკუთრებაში.
მოსარჩელემ მოითხოვა ქონების გაუმჯობესებისათვის მის მიერ გაწეული ხარჯის – 10364 ლარის ანაზღაურება. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებაზე. ამავე დროს მოითხოვა ფულის კურსის ცვალებადობით გამოწვეული სხვაობა, თანახმად სკ-ის 389-ე მუხლისა. მოსარჩელის მტკიცებით შენობის, დაბრუნების დროს – 1998წ. ოქტომბერში მოპასუხე მხარეს უნდა გადაეხადა აღნიშნული თანხა _ 10 364 ლარი, რაც შესაბამისად სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის 2004წ. 22 იანვრის ცნობისა, 2004წ. 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 15916 ლარს.
სკ-ის 981-ე მუხლის მეორე ნაწილზე მითითებით, მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის ძირითად ვალზე პროცენტის გადახდევინება, რამაც, მისი ანგარიშით, შეადგინა 7 950 ლარი.
სულ მთლიანად მოითხოვა (15916+7950) 23910 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოთხოვნა შეამცირა, ფულის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით მოთხოვნილ თანხაზე უარი განაცხადა.
სასამართლოს შესაგებლით მიმართა მოპასუხე მხარე სს „გ-აც“, რომელმაც არ ცნო სარჩელი და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
2004წ. 18 მაისის გადაწყვეტილებით, ტყიბულის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. მოპასუხე სს „გ-ს“ მოსარჩელე შპს „ა-ის“ სასარგებლოდ დააკისრა 18314 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „გ-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო პალატის მთავარ სხდომაზე სააპელაციო საჩივარს მხარი დაუჭირა აპელანტ სს „გ-ის“ წარმომადგენელმა თ. ღ-ამ და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სს „გ-ის“ სააპლაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სს “ბ-ის” უფლებამონაცვლე შპს “ა-ის” გაკოტრების საქმეთა მმართველის ვ. ს-ის წარმომადგენლის ს. ფ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს, სკ-ის 159-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შენობის კეთილსინდისიერ მფლობელად ცნობისათვის საფუძველი არ გააჩნდა. ამასთან, სასამართლომ სარჩელი მიიჩნია ხანდაზმულად სკ-ის 129-ე-130-ე მუხლების შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ა-ის” წარმომადგენელმა ს. ფ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასატორის აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია როგორც პროცესუალური, ისე _ მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და საპროცესო ნორმების დარვვევას შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, სასამართლომ უგულებელყო სსკ-ის 249-ე, 244-ე მუხლების მოთხოვნები, რომელთა გამოყენებაც მას ევალებოდა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 159-ე მუხლი. პალატამ არასწორად მიიჩნია მოცემული დავა სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავად და ამ აზრის დასაბუთების მიზნით არასწორად განმარტა და არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდქსის 317-ე, 323-ე და 327-ე მუხლები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებათა მიმართ, რომლებც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. მხარეთა ახსნა-განმარტებით კი ირკვევა, რომ მხარეთა შორის შედგა სიტყვიერი შეთანხმება, რომლის თანახმად, ქ. ტყიბულში, ....... ქ. ¹55-ში მდებარე სს „გ-ის“ შენობაზე მხარეებს უნდა დაედოთ ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების დადებამდე სს „ბ-ი“ შევიდა აღნიშნულ შენობაში და მიიჩნევდა რა მას შეძენილად, ჩაუტარა ფასადსა და შემოგარენს რემონტი ფირმა „მ-ის“ მეშვეობით. ის გარემოება, რომ სს „ბ-ი“ ფლობდა ამ შენობას, მხარეთა შორის დავას არ იწვევს (აღნიშნული დადასტურებულია მხარეთა მიერ საკასაციო პალატის სხდომაზეც).
მოცემულ შემთხვევაში სს „ბ-ი“ არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, სკ-ის 163-ე მუხლის შესაბამისად, არაუფლებამოსილ კეთილსინდისიერ მფლობელად. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდან არ ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია, დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. მითითებული ნორმის მეორე ნაწილის თანახმად, მას შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან მიიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობით.
პალატა იზიარებს კასატორის აზრს იმის თაობაზე, რომ მფლობელის კეთილსინდისიერების საკითხი წარმოადგენს შეფასების საგანს და მასში ვლინდება პირის დამოკიდებულება ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლებისადმი. ასეთ შემთხვევაში კი პირი შეიძლება მხოლოდ მაშინ იქნას მიჩნეული კეთილსინდისიერ მფლობელად, თუ მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა ურთიერთობის არსებული დეფექტი, ხოლო თუ მფლობელს მოეთხოვებოდა, დაენახა მფლობელობის ხარვეზიანობა, იგი ჩაითვლება არაკეთილსინდისიერ მფლობელად. სკ-ის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. აღნიშნული ნორმის საფუძველზე შეუძლებელი იყო სს „ბ-ს“ იგი შეძენილად მიეჩნია. ამ შემთხვევაში მოეთხოვებოდა დაენახა მისი მფლობელობის ხარვეზიანობა.
კასატორი ვერ უთითებს ვერც ერთ სამართლებრივ საფუძველზე, რაც შეიძლება საფუძვლად დასდებოდა მხარეთა შორის ურთიერთობებს მფლობელობასთან მიმართებაში. აღნიშნული ფართის ყიდვის სურვილი არ წარმოშობს ფართის ფლობის მართლზომიერებას. თუ მხარეთა შორის ურთიერთობა შეფასდება როგორც თხოვების ხელშეკრულება, სკ-ის 619-ე მუხლის თანახმად, მონათხოვრემ უნდა გასწიოს ნათხოვარი ნივთის მოვლისათვის საჭირო ჩვეულებრივი ხარჯები, სხვა ხარჯების ანაზღაურება კი ხდება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესებით. გარე ფასადის რემონტი არ შეიძლება ჩაითვალოს ნივთის მოვლისთვის საჭირო ჩვეულებრივ ხარჯებად. რაც შეეხება სხვა ხარჯებს, ამ თანხების ანაზღაურება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებისას დაუშვებელია, თუ შესრულება ეწინააღმდეგება მეპატრონის ნებას ან არ შეესაბამება მის ინტერესებს (სკ-ის 974-ე მუხლი). საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მეპატრონემ ანუ სს „გ-მა“ გამოხატა ნება შენობის, გარე ფასადის შეკეთების თაობაზე.
რაც შეეხება უსაფუძვლო გამდიდრებას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ის 980-ე მუხლი. აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების წესი არ გამოიყენება, როცა გადაცემული საგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი მიჩნეულ იქნეს სამუდამოდ შეძენილად. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სს „ბ-ს“ არ შეეძლო მიეჩნია შენობა შეძენილად სკ-ის 183-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.