დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 27.10.2017
საქმის ნომერი
ას-373-347-2017
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.10.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-373-347-2017 27 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ა-ი“ (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი 2009“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება (ძირითად სარჩელში), თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „ა-ი 2009-მ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, მოწინააღმდეგე მხარე, გამყიდველი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მყიდველი ან მოვალე) მიმართ მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 27 276 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.1.1. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მშენებარე ობიექტზე მოსარჩელე მოპასუხეს აწვდიდა ქვიშა-ხრეშს. საქონლის მოწოდება და ანგარიშსწორება ხდებოდა მხარეთა შორის დადებული რამოდენიმე ხელშეკრულების პირობების თანახმად. 2015 წლის 17 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა მორიგი ხელშეკრულება ქვიშა-ხრეშის შესყიდვაზე, რომლის მიხედვითაც მოპასუხისათვის უნდა მიეწოდებინათ 20000-30000 კბ/მ ქვიშა-ხრეში, 1 კბ/მ ფასი იყო 12 ლარი დღგ-ს ჩათვლით. სახელშეკრულებო ურთიერთობა გრძელდებოდა 2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 16 თებერვლამდე. 2015 წლის 1 დეკემბერამდე მიწოდებული საქონლის ღირებულება შემძენს მთლიანად აქვს ანაზღაურებული, ხოლო ამ დროიდან სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულებამდე გადაუხდელი აქვს 27 276 ლარი. მხარეთა შორის ჩამოყალიბებული იყო ანგარიშსწორებისა და მიწოდებული საქონლის შემოწმების პრაქტიკა. არც ერთი ზედნადები მოპასუხეს არ უარუყვია. იმ შემთხვევაში, თუკი შესრულება იყო ნაკლიანი (საქონელი არ გადასცემია შემძენს ან მიიღო ნაკლები), მას უნდა განეხორციელებინა ზედნადებების უარყოფა. ყველა მიწოდების კონტროლს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლის თანდასწრებით ახორციელებდა შემძენი და რაიმე პრეტენზია არ გამოთქმულა. მიღებულ საქონელს შემძენი ყრიდა ზღვაში, რის გამოც, ამ ეტაპზე ნივთის ნაკლის დადგენა შეუძლებელია. მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდის შეწყვეტიდან ოცი დღის შემდეგაც აგრძელებდა მოპასუხე ტვირთის მიღებას, ამასთანავე, რამდენიმე ზედნადების შესწორება მართლაც განხორციელდა, თუმცა, მას არ გააჩნია მტკიცებულება რომელიც მოსარჩელის მიმართ პრეტენზიის არსებობას დაადასტურებდა. საგულისხმოა, რომ პრეტენზიის გაცხადება უნდა განხორციელებულიყო ნივთის ნაკლის აღმოჩენისთანავე, მოპასუხის ქმედება ემსახურება დავალიანების დაფარვისაგან თავის არიდებას, სწორედ ამ მიზნით აიღო მან შესაბამისი ორგანოდან ცნობა ავტომანქანების დასაშვები წონის განსაზღვრის თაობაზე. ტვირთს არც მოპასუხე მხარე იღებდა წონით. ისინი მეწარმეები არიან და ჩამოყალიბებული ჩვეულების/ტრადიციის შესაბამისად, მოპასუხე იღებდა შესრულებას, ხოლო ანგარიშსწორების ურთიერთობას არეგულირებდნენ სასაქონლო ზედნადებით.

1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ ზედმეტად გადახდილი თანხის _ 28 058,60 ლარის დაბრუნების მოთხოვნით.

1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: პროდუქციის მიწოდების რეესტრით დადგენილია, რომ შეგებებულ სარჩელზე მოპასუხის მიერ განხორციელდა 902 რეისის მიწოდება, რეესტრის თანახმად, სულ მიწოდებული უნდა ყოფილიყო 212 976 ლარის ღირებულების 17 748 კბ.მ ინერტული მასალა, პროდუქციის მიწოდების პარალელურად ზედნადებების საფუძველზე გამოიწერა სამი ანგარიშ-ფაქტურა, რომელთაგანაც მესამე, (22.01.2016წ.) შეგებებულ მოსარჩელეს აღარ დაუდასტურებია, ვინაიდან გამყიდველი ვალლდებული იყო, მოეხდინა კორექტირება და დაეზუსტებინა მოწოდებული პროდუქციის ფაქტობრივი ღირებულება. მიღებული პროდუქციის სანაცვლოდ შემძენის მიერ სულ 186 000 ლარია გადახდილი, რაც დადასტურებულია საბანკო ქვითრებით. საქმის მასალებით დგინდება, რომ გამოწერილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეგებებული მოსარჩელის დავალიანება შეადგენს 26 976 ლარს, ხოლო, ფაქტობრივი მიწოდების გათვალისწინებით, ლაბორატორიული დასკვნისა და შს სამინიტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გადამზიდველი ავტოტრანსპორტის მაქსიმალური ტვირთამწეობის დაანგარიშების შედეგად დადგინდა, რომ მყიდველის მიერ ზედმეტად იქნა გადახდილი 55 034.60 ლარი. ვინაიდან მათ არ გადაუხდიათ 26 976 ლარი, ზედმეტად გადახდილ თანხას _ 55 034.60 ლარს უნდა გამოაკლდეს 26 976 ლარი და თავდაპირველ მოსარჩელეს მყიდველის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ზედმეტად გადახდილი თანხა. ვინაიდან გამყიდველმა აღარ მოახდინა ზედნადებების კორექტირება, ამიტომ შეწყდა მასთან ხელშეკრულება.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოპასუხემ თავდაპირველი სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ მოსარჩელე საქონლის მიწოდებას ახორციელებდა აწონვის გარეშე, სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ არსებობს ნაკლის გამო პრეტენზიის განცხადების გამომრიცხველი წინაპირობები. მოსარჩელის მიერ გამოწერილ ზედნადებებში დაფიქსირებული წონა არ შეესაბამება ფაქტობრივ ვითარებას. სამოქალაქო კოდექსის 655-ე მუხლის თანახმად, შესრულებულის ნაკლის გამო, შემძენს პრეტენზიის წარდგენის უფლება ჰქონდა ერთი წლის განმავლობაში. მოპასუხეს არ დაურღვევია მეწარმის კეთილსინდისიერების პრინციპი. როგორც ანგარიშ-ფაქტურა, ასევე _ ზედნადებები არ უნდა ჩაითვალოს ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების უტყუარ დოკუმენტად, აღნიშნული დოკუმენტაციით ხორციელდება საგადასახადო ანგარიშსწორება, თუმცა ნებისმიერი მათგანი შეიძლება დაკორექტირდეს გასწორების შემთხვევაში. მოსარჩელემ არასწორად უჩვენა ზედდებულებში 4586.2 კბ.მ პროდუქცია, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 55 034.6 ლარი, საიდანაც 28 058.60 ლარი გადახდილია, ხოლო დარჩენილი 26 976 ლარის გადახდას უსაფუძვლოდ ითხოვს მოსარჩელე.

2.2. შეგებებული სარჩელი ასევე არ ცნო თავდაპირველმა მოსარჩელემ და განმარტა, რომ გამყიდველი იმ პირობებში, როცა მოპასუხეს ანგარიშფაქტურა არ დაუდასტურებია, დოკუმენტაციის კორექტირებას ვერ განახორციელებდა. ასეთ შემთხვევაში კორექტირება ხდება არა ანგარიშფაქტურის, არამედ _ სასაქონლო ზედნადების, რაც შეეხება თავად კორექტირებას, ის მხოლოდ მას შემდეგ ხდება რაც საქონლის მიმღები მხარე წარმოადგენს პრეტენზიას, რომელიც აღიარებულ იქნება საქონლის გამგზავნის მიერ. მოპასუხე მხარეს მიწოდებულ საქონელთან დაკავშირებით სარჩელის წარმოდგენამდე არანაირი პრეტენზია არ ჰქონია და ამ ტიპის მტკიცებულება არ ერთვის სარჩელს. ამასთან, მოსარჩელეს არ აქვს დადასტურებყული ბოლო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო, დანარჩენი ორი დადასტურებული აქვს, სასარჩელო პრეტენზია კი მოიცავს სამივე ანგარიშფაქტურით მიწოდებული პროდუქციის ოდენობას. ნაკლიანი საქონელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მხარეს არ უნდა მიეღო და უნდა მოეწოდებინა ინფორმაცია ნაკლის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 483-ე მუხლის თანახმად, მხარემ მიიღო რა შესრულება, ამის შემდეგ მისი პრეტენზია უსაფუძვლოა, რადგანაც მიწოდებული საქონლის ოდენობისა და მოცულობის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია. სამოქალაქო კოდექსის 668-ე-680-ე მუხლების შესაბამისად, გაგზავნილი და მიწოდებული იქნა შეთანხმებული ოდენობის საქონელი. მხარის პოზიცია, რომ ავტომანქანებს არ შეეძლო ფაქტიურად გადაეზიდათ ნებადართულზე მეტი საქონელი და მიეწოდებინათ შეგებებული სარჩელის მოსარჩელისათვის, არ უნდა იქნას გაზიარებული. თავდაპირველი მოპასუხე გზების დეპარტამენტთან ერთად აწარმოებდა ყველანაირ კონტროლს, მათ შორის _ მიღებული საქონლის. ამ კონტროლთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია მხარეს და მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებული არ არის, კერძოდ, მას არ წარუდგენია შესრულებული სამუშაოს ჟურნალი, საანგარიშო პერიოდის შესრულებული სამუშაოთა საგადასახადო ფორმები, სამუშაოთა მოცულობებისა და ღირებულების აქტი და ანგარიშ-ფაქტურა, სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტები, შესრულებულ სამუშაოებში მონაწილე პირების ჩამონათვალი და მათ მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობა, სხვა პირებისაგან შეძენილი იგივე საქონლის სასაქონლო ზედნადებები და ანგარიშფაქტურები.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 27 276 ლარის გადახდა, ხოლო შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. დაზუსტებული საკასაციო განაცხადი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე განჩინების მიმართ:

წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:

1.1.1. 2015 წლის 17 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: ა) მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მოპასუხისათვის საკუთრებაში გადაეცა 20 000-დან 30 000-მდე კბ.მ ქვიშა-ხრეში. საქონლის დატვირთვა და მიწოდება უნდა განეხორციელებინა მოსარჩელეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში; ბ) მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, 1 კბ.მ ქვიშა-ხრეშზე გადაეხადა 12 ლარი, რაშიც შედიოდა მიმწოდებლის მიერ დატვირთვის, ტრანსპორტირებისა და დღგ-ს ხარჯები;

1.1.2. თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მიწოდებული საქონლის ნაწილის ღირებულების ანაზღაურება, რასაც საქონლის მიმღებმა დაუპირისპირა ნაკლიანი შესრულება, კერძოდ, შესაგებლით მოპასუხემ განმარტა, რომ გამყიდველმა მას მიაწოდა საქონელი შეთანხმებულზე ნაკლები ოდენობით, რის გამოც მას ეკისრება ფაქტობრივად მიწოდებულ საქონელზე შეთანხმებული ფასის გადახდის ვალდებულება. მანვე, მოთხოვნათა გაქვითვის მიზნით შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში გამყიდველის მიმართ და მოითხოვა ზედმეტად გადახდილი საქონლის ღირებულების გამყიდველისათვის დაკისრება. შეგებებული სარჩელით, მყიდველმა ფაქტობრივად აღიარა, რომ გამყიდველმა მას საერთო ჯამში 212 976 ლარის ღირებულების 17 748 კბ.მ ქვიშა-ხრეში მიაწოდა, რომლიდანაც მას გადახდილი აქვს მხოლოდ 186 000 ლარი და გამყიდველის მიმართ დარჩენილი დავალიანება - 26 976 ლარი უნდა გაიქვითოს მყიდველის კუთვნილ მოთხოვნაში - 55 034.6 ლარში, რის შემდეგაც გამყიდველს უნდა დაეკისროს მყიდველის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ უსაფუძვლოდ გადახდილი 28 058.6 ლარის უკან დაბრუნების ვალდებულება. საქმის განხილვისას კი, მყიდველი კატეგორიულად უარყოფდა გამყიდველის მიმართ რაიმე დავალიანების არსებობას და მოითხოვდა, გამოკვლეულიყო მტკიცებულებები მიწოდებული საქონლის ოდენობასთან დაკავშირებითაც;

1.1.3. გამყიდველმა მყიდველს საერთო ჯამში მიაწოდა 212 976 ლარის ღირებულების 17 748 კბ.მ ქვიშა-ხრეში და 300 ლარის ღირებულების 15 კბ.მ ღორღი. ამ საქონლის ან მისი ნაწილის გამყიდველისათვის დაბრუნების ფაქტზე მყიდველს არ მიუთითებია, არამედ, უდავოა მიწოდებული საქონლის მყიდველის მიერ მიღებისა და გახარჯვის ფაქტი;

1.1.4. მყიდველის მიერ წარდგენილი საგადახდო დავალებების თანახმად, მას გამყიდველისათვის საერთო ჯამში გადახდილი აქვს 186 000 ლარი, შესაბამისად, გადასახდელი თანხა შეადგენს 212 976 ლარს (მიწოდებული ქვიშა-ხრეშის ფასი) + 300 ლარი (მიწოდებული ღორღის ფასი) – 186 000 (უკვე გადახდილი თანხა) = 27 276 ლარი. მყიდველი ღორღის ფასს (300 ლარს) არ ითვალისწინებდა, რითაც იყო გამოწვეული სხვაობა სარჩელით მოთხოვნილ თანხასა (27 276 ლარი) და შეგებებულ სარჩელში გასაქვით მოთხოვნად მიჩნეულ თანხას (26 976 ლარი) შორის, თუმცა, ვინაიდან მყიდველმა ღორღიც მიიღო და გახარჯა ობიექტზე, მისი ღირებულება გაითვალისწინება საქონლის ფასში.

1.2. საკასაციო განაცხადის მოცულობა და კასატორის პრეტენზიები (საკასაციო განხილვის ფარგლები):

1.2.1. უპირველესად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საკასაციო მოთხოვნაზე (სსსკ-ის 404-ე (1) და 409-ე მუხლების თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ): თავდაპირველად წარდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე სრულად ასაჩივრებდა ქვემდგომი სასამართლოს განჩინებას და მოითხოვდა მის გაუქმებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან საჩივრის შეუსაბამობის გამო, 2017 წლის 3 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა მათ შორის განაცხადის დაზუსტება (სსსკ-ის 396.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). ხარვეზის გამოსწორების მიზნით მხარის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს (იხ. #ა-1545-17 განცხადება) და განმარტა, რომ მოთხოვნის დაზუსტების ნაწილში მან ხარვეზი გამოასწორა, განცხადებაზე დართული ე.წ „დაზუსტებული საკასაციო საჩივრის“ თანახმად კი, იგი მოითხოვს ქვემდგომი სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განჩინების გაუქმებას და შპს „ა-ის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას, შესაბამისად, პალატაც სწორედ ამ მოთხოვნის ფარგლებში შეაფასებს საკასაციო პრეტენზიებსა და მხარის მიერ სადავოდ მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს (ამ საკითხის იურიდიული კვალიფიკაციის თაობაზე იხ. ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.3.1. პუნქტი);

1.2.2. ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან მტკიცებულებები შეფასებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დარღვევით. ხელშეკრულების საგნის მყიდველისათვის მიწოდების ფაქტი პრაქტიკულად დადგინდა მხოლოდ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე დაყრდნობით, თუმცა, მხედველობაში არ იქნა მიღებული ის გარემოება, რომ მყიდველს იგი არც კი დაუდასტურებია;

1.2.3. მიღებული განჩინება არასაკმარისადაა დასაბუთებული, რადგანაც ხელშეკრულების პირობების კვლევა სასამართლოს არ განუხორციელებია (სკ-ის 327-ე მუხლი), ხელშეკრულების თანახმად კი, საქონლის აწონვის, დოკუმენტების შედგენისა და მიწოდების ვალდებულება ეკისრებოდა გამყიდველს, რომელმაც მტკიცებულებათა კვლევის ვერც ერთ ეტაპზე ვერ დაადასტურა ზედდებულების ზუსტი წონით შევსების ფაქტი, ამასთანავე, პალატას არ შეუფასებია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმადაც გამყიდველი ვალდებულია, მიაწოდოს მყიდველს ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარისხის საქონელი. მოცემულ შემთხვევაში, დავა ეხება არა საქონლის ხარისხს, არამედ _ ოდენობას, შესაბამისად, სასამართლო ვერ ასაბუთებს გამოყენებული ნორმების საჭიროებას. პირველი ინსტანციის სასამართლო ფაქტობრივად აღიარებდა შეთანხმებულზე ნაკლები ოდენობით ტვირთის გადაცემის ფაქტს, თუმცა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი მოტივირებულია იმით, რომ მყიდველს დაკარგული აქვს შედავების უფლება პრეტენზიის დროულად წარუდგენლობის გამო. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თავდაპირველი მოსარჩელე სისტემატურად არღვევდა ვალდებულებას, მან ერთხელ გამოასწორა საკუთარი შეცდომა, რასაც მოწმობს ზედდებულის კორექტირების ფაქტი, ხოლო, მეორე შემთხვევაში, მყიდველმა შეწყვიტა მასთან ხელშეკრულება და სამართლებრივ ურთიერთობაში შევიდა სხვა კომპანიასთან, მანვე უარი განაცხადა ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებაზე. გარდა ამისა, სასამართლომ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართალურთიერთობა მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულებად მიიჩნია არასწორად, რადგანაც, სინამდვილეში სახეზე იყო როგორც ნასყიდობის, ისე _ ნარდობის ხელშეკრულება;

1.2.4. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ შეგებებულ მოსარჩელეს დავალიანების არსებობა არ უღიარებია. აღნიშნულით ირღვევა მხარეთა თანასწორობა, რამდენადაც მოპასუხე შეგებებული სარჩელით ითხოვდა ურთიერთმოთხოვნების გაქვითვას, რაც წარმოადგენს არითმეტიკულ გაანგარიშებას და არავითარი სამართლებრივი ბუნება არ გააჩნია;

1.2.5. მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე დადგინდა, რომ გამყიდველი არ ახორციელებდა საქონლის აწონვას, შესაბამისად, მას არ შეუძლია, დაეყრდნოს სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის დისპოზიციას, მყიდველი კი, ამავე კოდექსის 492-ე მუხლის შესაბამისად, სარგებლობს ფასის შემცირების უფლებით. გამყიდველი 87 912 ლარის დაკისრების მოთხოვნას ამყარებს 2016 წლის 22 იანვრის ანგარიშ-ფაქტურაზე. 2016 წლის 22 იანვრის შემდეგ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობის საქონლის მიწოდება დასრულებული არ ყოფილა. როგორც მოწმედ დაკითხულმა გ. შ-იამ განაცხადა, თავდაპირველ მოსარჩელეს მიეცა არაერთი შენიშვნა, გაესწორებინა ზედდებულში მითითებული წონის მაჩვენებლები. არაზუსტი მონაცემების წარდგენის ფაქტს ადასტურებს საქმეში არსებული კორექტირებული ზედდებული. მონაცემების უზუსტობის შესახებ ეჭვი გაამყარა გადაზიდვაში მონაწილე ავტომანქანების ტვირთამწეობის მონაცემების გამოთხოვამ და მათმა შედარებამ ზედდებულებში მითითებულ წონებთან. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ სხვადასხვა გადამზიდველების მეშვეობით ტვირთის გადატანა დაადასტურა, როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებდა მისი ტრანსპორტით გადატანის ვალდებულებას, შესაბამისად, მას უნდა გაეწია მომსახურებაც, სახეზეა შერეული ხელშეკრულება (ნასყიდობა და ნარდობა), ხოლო სამოქალაქო კოდექსის 654-ე მუხლი კასატორს აძლევს შესაძლებლობას, პრეტენზია წარადგინოს ერთი წლის ვადაში. ამდენად, დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარისათვის ცნობილი იყო კასატორის პრეტენზია, ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობები, რადგანაც მისი მხრიდან სწორედ ზედდებულის კორექტირებაზე უარი გახდა კასატორის მიერ ამ დოკუმენტის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი (სკ-ის 369-ე მუხლი). თავის მხრივ, თავდაპირველ შესაგებელში მითითებული იყო, რომ სასარჩელო მოთხოვნა შეეხებოდა არა მხოლოდ დაუდასტურებელ ანგარიშ-ფაქტურაში მითითებულ, არამედ _ მთელ სახელშეკრულებო თანხას, ხოლო, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ანგარიშ-ფაქტურა საგადასახადო მიზნებისათვის შექმნილი მკაცრი აღრიცხვის ბლანკია და არ წარმოადგენს სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების წარმოშობის დამადასტურებელ კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტს. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ საქმეში მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები არ არის წარმოდგენილი, რომლებიც არც იქნა შედგენილი იმ მიზეზით, რომ მოწინააღმდეგე მხარე არღვევდა ვალდებულებას. ზედდებულებში წარდგენილი ინფორმაციის სისწორეზე, საქონლის რაოდენობასა და მიწოდებაზე, ხელშეკრულების თანახმად, პასუხისმგებელი იყო სწორედ მოსარჩელე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზედდებულებში შეტანილი მონაცემები აღემატებოდა ავტოტრანსპორტისათვის დადგენილ დასაშვებ ნორმებსა და ტვირთამწეობას, ხოლო მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ დატვირთვა ხორციელდებოდა აწონვის გარეშე. ეს ფაქტობრივი გარემოებები იძლევა თავდაპირველი სარჩელის უარყოფის შესაძლებლობას. მტკიცებულებათა კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ზედდებულებში არასწორადაა შეტანილი 4586,2 კბ.მ საქონელი, რომლის ღირებულებაც 55 034,6 ლარს შეადგენს და ამ ღირებულებიდან გადახდილია 28 058,60 ლარი, რომლის შთანთქმასაც ემსახურებოდა შეგებებული სარჩელის აღძვრა, ზემოხსენებული თანხა გადახდილია ვალდებულების გარეშე და სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის შესაბამისად, ექვემდებარება დაბრუნებას. გარდა ამისა, საგულისხმოა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეგულაცია დასაშვები ტვირთამწეობის გადაჭარბების შემთხვევაში დამრღვევი პირის პასუხისმგებლობის თაობაზე. ისეთ ვითარებაში, როდესაც მხარე კანონის დარღვევაზე მითითებით ცდილობს სადავო ფაქტის დადასტურებას, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის საფუძველზე ამგვარ მტკიცებულებაზე არ უნდა დააყრდნოს გადაწყვეტილება.

1.3. საკასაციო პალატის შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

1.3.1. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. სასამართლო, უპირველესად შეჩერდება ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.1. პუნქტში დასმულ საკითხზე და განმარტავს, რომ საკასაციო განაცხადის გათვალისწინებით, ვინაიდან მხარე არ მოითხოვს ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ფაქტობრივად, ამ მხრივ არც პრეტენზია აქვს წარმოდგენილი, ივარაუდება, რომ ამ თვალსაზრისით იგი ეთანხმება დადგენილ სამართლებრივ შედეგს, უფრო მეტიც, როგორც თავადაც აღნიშნავს და ეს გარემოება ქვემდგომმა სასამართლოებმაც დაადგინეს, შეგებებული სარჩელი მიმართული იყო თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნის ჩასათვლელად (სსსკ-ის 189-ე (2) მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამასთანავე, საკასაციო მოთხოვნას გააჩნია სხვა პროცესუალური დატვირთვაც: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 402-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ ნაწილში, რომლის კანონიერებაზეც მხარე პრეტენზიას არ აცხადებს, ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება/განჩინება შედის კანონიერ ძალაში. ასეთ შემთხვევაში კი, ფაქტებს, რომლებსაც ემყარება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, პრეიუდიციული ძალა აქვს და მხარეებს ამ ფაქტების შედავების უფლება არ გააჩნიათ (იხ. სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და 266-ე მუხლი). ასეთ ვითარებაში დადასტურებულად მიიჩნევა თავდაპირველი სარჩელის საფუძვლად დადგენილი გარემოებები, თუმცა, საპირისპირო ვითარებაშიც კი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მაინც არ იარსებებდა შემძენის პრეტენზიების დაკმაყოფილების წინაპირობები.

1.3.2. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას მხარეთა შორის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის თაობაზე, რამდენადაც ხელშეკრულების შინაარსის სამართლებრივი ანალიზი იძლევა მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალურთიერთობის წარმოშობილად მიჩნევის წინაპირობებს, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ, როგორც გამყიდველმა, იკისრა კასატორისათვის საქონლის გაგზავნის ვალდებულებაც (დამატებით იხ. სკ-ის 480-ე მუხლი), ამგვარი შეთანხმება სრულად გამომდინარეობს განსახილველი ნორმის პირველი ნაწილიდან და იგი არ იძლევა მხარეთა შორის ასევე ნარდობის ურთიერთობის წარმოშობის საფუძველს (სკ-ის 629-ე მუხლი). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნასყიდობა სინალაგმატურ ვალდებულებათა რიცხვს განეკუთვნება, რომლის ფარგლებშიც მხარეები გამოდიან, როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე _ ურთიერთმოვალეები. სინალაგმატური ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნათა შესრულების წესს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო, თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა.

1.3.3. ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.3.1. პუნქტში განვითარებული მსჯელობის მიუხედავად, პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე: მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან მიაწოდა მოპასუხეს ნასყიდობის საგანი, რომელიც მიიღო და განკარგა მყიდველმა, თუმცა მას სრულად არ აუნაზღაურებია საქონლის ღირებულება, შესაბამისად, სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილი წარმოადგენს. თავის მხრივ, მოვალის შესაგებელი ემყარება იმ ფაქტს, რომ მიღებული შესრულება იყო ნაკლიანი, კერძოდ, მას სრულად არ გადასცემია ნასყიდობის საგანი (სკ-ის 488-ე (2) მუხლის თანახმად, ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთს მცირე რაოდენობით), შესაბამისად, სარგებლობს ამავე კოდექსის 492-ე მუხლით გათვალისწინებული ფასის შემცირების უფლებით, უფრო მეტიც, შეგებებული სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს ის, რომ ნაკლიანი შესრულების მიღების გამო, მან ზედმეტად გადაიხადა თანხა და ითხოვს მის უკან დაბრუნებას, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი უმთავრესი გარემოება შესრულების რაოდენობაა.

1.3.4. შესრულების რაოდენობასთან მიმართებით (ნივთობრივი ნაკლის არსებობა) პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ მისი შედავება გადამზიდავი ავტომობილების ტვირთამწეობის, დასაშვები ოდენობის ტვირთის გადამეტების გამო შესაძლო პასუხისმგებლობის, საშემფასებლო ანგარიშის, ასევე, მოწმეთა ჩვენებების არასწორი შეფასების თაობაზე (სსსკ-ის 105-ე მუხლი) ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი. ამ თვალსაზრისით სასამართლო მხედველობაში იღებს იმ უდავო გარემოებას, რომ შემძენმა მიწოდებული საქონლის ის ნაწილიც მიიღო, რომლის გამოც გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა არ დაუდასტურებია. ის გარემოება, რომ მან განაცხადა პრეტენზია, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, არამედ, მხარე მხოლოდ სიტყვიერი შედავებით შემოიფარგლება, რაც, ბუნებრივია, საქონლის მიღების ფაქტიდან გამომდინარე, ვერ აქარწყლებს უნაკლო შესრულების პრეზუმფციას. პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორის წარმომადგენლის მიერ მიცემულ განმარტებებზე: მოსამართლის შეკითხვაზე მხარემ აღნიშნა, რომ იგი ენდობოდა მოწინააღმდეგე მხარეს და ამიტომ იღებდა შესრულებას, ხოლო მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა შესრულების ნაკლი, შეწყვიტა ხელშეკრულება.

1.3.5. საკასაციო პალატა მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგადი პრინციპის გათვალისწინებით განმარტავს, რომ ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავისას გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული სტანდარტი, როდესაც ფაქტის მიმთითებელი მხარე, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე, ვალდებულია, წარადგინოს განკუთვნადი მტკიცებულებები, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, ვითარებას ცვლის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტთა სპეციფიკურობა _ ხელშემკვრელ მხარეებად გვევლინებიან მეწარმეები, რომელთა მიმართ კანონი, განსხვავებით სამოქალაქო ბრუნვის ჩვეულებრივი სუბიექტებისაგან, წინდახედულობის მაღალ სტანდარტს ადგენს. ამგვარი მიდგომა ემსახურება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, შესაბამისად, მტკიცების ზოგადპროცესუალური სტანდარტისაგან განსხვავებით, მატერიალური კანონმდებლობა ადგენს, რომ (სკ-ის 495-ე (1) მუხლი) თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება. ამდენად მეწარმეთა შორის ნასყიდობის საგნის ნივთობრივი ნაკლის თაობაზე წარმოშობილი დავისას არაჯეროვანი შესრულების მტკიცება ეკისრება შემძენს, რომელიც კანონით განსაზღვრული წინადახედულობის დარღვევის შემთხვევაში კარგავს შედავების უფლებას. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ ნივთობრივი ნაკლის გამოვლენის თაობაზე მხარეთა შორის ვადა დათქმული არ ყოფილა, უფრო მეტიც, მყიდველმა მიიღო საქონელი და განკარგა იგი, ხოლო წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ნაკლის არსებობის თაობაზე მის შედავებას დაადასტურებდა, საქმეში არ მოიპოვება, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ განკუთვნადობის თვალსაზრისით, კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ შეიძლება, გახდეს საკმარისი შესრულების ნაკლის დადგენისათვის. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობის ქვაკუთხედს ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისირება წარმოადგენს და იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდა, რომ მეწარმე გამყიდველი ნივთის ნაკლის გამო დუმდა, იგი სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის პირველი ნაწილით ვერ დაიცავს თავს (იხ. სკ-ის 495-ე (2) მუხლი), თუმცა, ნიშანდობლივია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ნორმის წინაპირობების არსებობა _ საქონლის ნივთობრივი ნაკლი, რომლის თაობაზეც განზრახ დუმდა გამყიდველი.

1.3.6. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.3.1. და 1.3.5. პუნქტებში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით გასაზიარებელია ქვემდგომი სასამართლოს დასკვნა, რომ გამყიდველმა შეასრულა ნასყიდობის საგნის გადაცემის ვალდებულება, საქონელი მიიღო მყიდველმა და მას წარმოეშვა ფასის გადახდის ვალდებულება.

1.3.7. რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, ვინაიდან მის ფაქტობრივ საფუძველს ასევე წარმოადგენს ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულება, რომლის ფარგლებშიც, როგორც შეგებებული მოსარჩელე განმარტავს, მას ვალდებულების გარეშე აქვს გადახდილი თანხა და ეს თანხა ექვემდებარება დაბრუნებას, პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს მას, რადგანაც ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებით გამოირიცხება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, შესაბამისად, მყიდველის მხრიდან ვერ იქნა დადასტურებული კონდიქციური ვალდებულების წინაპირობების არსებობა (სკ-ის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი).

1.4. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების სამართლებრივი დასაბუთება:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს, რომლის წინააღმდეგაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული შედავება არ ყოფილა წარმოდგენილი კასატორის მხრიდან. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

2. კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები:

2.1. 2017 წლის 25 ოქტომბერს კასატორმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მიუთითა მტკიცებულებებზე, რომელთა გამოკვლევაც სურდა მას. განცხადებას ერთვის საქმეში უკვე დაცული მტკიცებულებების ასლები.

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს საკასაციო სამართალწარმოების სპეციალურ ნორმას, რაც გამორიცხავს ამ ნორმით მოწესრიგებული საკითხის სხვაგვარ რეგულაციას (სსსკ-ის 399-ე მუხლი), თავად მოხმობილი ნორმის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამდენად, საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებას და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენას კანონი კრძალავს, ხოლო საქმეში უკვე არსებული მტკიცებულებების განმეორებით წარდგენა არ ემსახურება მართლმსაჯულების განხორციელების მიზანს. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულებათა საქმისათვის განმეორებით დართვის საფუძველი, შესაბამისად, ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

3. სასამართლო ხარჯები:

რადგანაც წინამდებარე განჩინებით კასატორის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს პროცესის ხარჯების მხარეთა შორის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები, ხოლო, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 104-ე, 407-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კასატორს დაუბრუნდეს 25.10.2017წ. #ა-4413-17 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 61 (სამოცდაერთი) ფურცლად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი