დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 06.02.2025
საქმის ნომერი
ას-656-2024
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.02.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

06 თებერვალი 2024 წელი

№ას-656-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ.ჟ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ს–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების რეგისტრაცია, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. თ.ს–მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ნ.ჟ–ძის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 30.06.2015 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება (რეგ. №150691347) დამოწმებული ნოტარიუს ი.ხ–ის მიერ;

1.2. უძრავი ქონება მდებარე - ქ.თბილისი, .......... (ს/კ ..........) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდეს მოსარჩელის სახელზე;

1.3. აღიარებული იქნეს 30.06.2015 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების ნაცვლად, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი შემდეგი პირობებით: ხელშეკრულების დადების თარიღი - 30.06.2015 წელი; ხელშეკრულების მონაწილე მხარეები - მსესხებელი მოსარჩელე, გამსესხებელი - მოპასუხე; სესხის ოდენობა - 45 890.16 აშშ დოლარი; ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 1 თვე და 15 დღე; პროცენტის ოდენობა - თვეში 5%; მოთხოვნის უზრუნველყოფა - კრედიტორის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში - იპოთეკის საგნის (მდებარე ქ.თბილისი, .......... (ს.კ. .........) რეალიზაცია.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელე დაუკავშირდა მის ნაცნობ მ.ს–ს, რომელმაც, თავის მხრივ, მოიძია ს.ხ–ი და ს.ზ–ძე. ს.ზ–ძესთან შედგა მოლაპარაკება, რომ იგი ასესხებდა თ.ს–ს 45 890.16 აშშ დოლარს, თვე-ნახევრის ვადით, თვეში 5% დარიცხვით, რაზედაც ისინი უნდა შეხვედროდნენ ნოტარიუსთან და გაეფორმებინათ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. 2015 წლის 30 ივნისს, ს.ზ–ძემ და ს.ხ–მა მოსარჩელეს გადასცეს სესხის თანხა, რომელიც მან, ამ პირების თანდასწრებით, გადასცა ოპერატორს სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე გადასარიცხად. აღნიშნულ პირებთან ერთად, მოსარჩელე გამოცხადდა სააღსრულებო ბიუროში და წარადგინა 45 890.16 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდის ქვითარი და განცხადება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სახელზე აუქციონის შეწყვეტასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შემდგომ, მოსარჩელე იძულებით მიიყვანეს ნოტარიუს ი.ხ–ის სანოტარო ბიუროში და მისთვის, ფაქტობრივად, თავისუფლების აღკვეთით, სიტყვიერი შეურაცხყოფით, მუქარით აიძულეს, ხელი მოეწერა ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელე ყიდდა ბინას და ეძებდა მყიდველს. 2015 წლის 30 ივნისს მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს. მყიდველმა გამყიდველს გადასცა ნასყიდობის საფასური 65 000 აშშ დოლარი, რომლის ნაწილი მან საქართველოს ბანკში გადაიხადა მყიდველის თანდასწრებით, ნაწილით კი - როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, გაარემონტა და გააქირავა ქონება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა მოსარჩელის სახელზე; მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 45 890.16 აშშ დოლარის გადახდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით:

6.1. ნ.ჟ–ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

6.2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;

6.3. თ.ს–ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

6.4. ბათილად იქნა ცნობილი თ.ს–სა და ნ.ჟ–ძეს შორის 2015 წლის 30 ივნისს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (რეგ. №150691347 დამოწმებული ნოტარიუს ი.ხ–ის მიერ);

6.5. უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ........., ს/კ .........., საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა თ.ს–ის საკუთრებად;

6.6. დადგინდა, რომ თ.ს–სა და ნ.ჟ–ძეს შორის 2015 წლის 30 ივნისს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: მსესხებელი თ.ს–ი, გამსესხებელი ნ.ჟ–ძე, სესხის ოდენობა - 45 890.16 აშშ დოლარი, ვადა - 1 თვე და 15 დღე, პროცენტი - თვეში 5%, მოთხოვნის უზრუნველყოფა - კრედიტორის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში - იპოთეკის საგნის (მდებარე: ქ. თბილისი, .........., ს/კ ..........) რეალიზაცია;

6.7. 30.06.2015 წლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნ.ჟ–ძის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თ.ს–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე: ქ. თბილისი, ..........., ბინა №12, ს/კ .........).

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. 2013 წლის 30 სექტემბერს ნოტარიუს ცირა დიდებულის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი №131030776, რომლის თანახმადაც მოვალეს/მოსარჩელეს გააჩნდა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება 17.06.2013 წელს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის შესახებ სანოტარო აქტის საფუძველზე, სესხის ძირითადი თანხა - 40 000 აშშ დოლარი, ორი თვის სახელშეკრულებო სარგებელი 2800 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 18 სექტემბრიდან აღსრულებამდე. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მომხდარიყო იპოთეკის საგნის (თბილისის, ........... (ამჟამად №12), ფართი 74.30 კვ.მ.-ის) იძულებითი რეალიზაცია.

7.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა და განისაზღვრა 0.01%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 18 სექტემბრიდან აღსრულებამდე.

აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, სადავო უძრავ ქონებაზე გამოცხადდა იძულებითი საჯარო აუქციონი. საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრით №1/6523 ირკვევა, რომ მოვალემ/მოსარჩელემ 2015 წლის 30 ივნისს ს.ს. „ს.ბ“-ს მეშვეობით კერძო აღმასრულებელ ნ.ბ–ის ანგარიშზე გადაიხადა დავალიანება 103 174.85 ლარი.

შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2015 წლის 30 ივნისის №2651 ბრძანების საფუძველზე შეწყდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კერძო აღმასრულებლისათვის სააუქციონო მომსახურების ფარგლებში №13062279 სააღსრულებო საქმეზე მიმდინარე იძულებით აუქციონი (№17438, ლოტი №11791, მოვალე - თ.ს–ი, კრედიტორი - ე.მ–ი) და უძრავი ქონება გათავისუფლდა ყადაღისაგან.

7.3. 2015 წლის 30 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სანოტარო წესით (ნოტარიუსთან ი.ხ–თან) გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ზემოხსენებულ უძრავ ქონებაზე (ნასყიდობის ფასი 65 000 აშშ დოლარი).

7.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 13 ივნისის №205746 წერილით ირკვევა, რომ 2015 წლის 30 ივნისს სააგენტოს მიმართა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე და ყადაღის რეგისტრაცია. რეესტრის 2015 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. მოსარჩელის წარმომადგენელმა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლად მიუთითა, რომ მოსარჩელის/მესაკუთრის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობდა იძულება, უკანონო და ამორალური გარიგების დადებასთან დაკავშირებით.

7.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილის თანხმად, შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს პოლიციის პირველ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №002230818002 საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებულია სსკ-ის 150-ე მუხლის 12 პირველი ნაწილით.

7.6. მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ გადაუცია აუქციონზე ვალის გასასტუმრებლად საჭირო 103 174.85 ლარზე (45 890.16 აშშ დოლარზე) მეტი თანხა.

7.7. ხელშეკრულების დადების შემდეგ, მოსარჩელემ უძრავ ქონებაში ჩაატარა სარემონტო სამუშაოები ამ ქონების გაქირავების მიზნით. სანოტარო წესით დამოწმებული 08.07.2016 წლის ქირავნობის ხელშეკრულებით და 29.12.2017 წლის იჯარის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ სარემონტო სამუშაოების დროს გახარჯული თანხა გაიქვეთებოდა იჯარის თანხიდან ეტაპობრივად.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ შემდეგი სამართლებრივი შეფასება მისცა:

8.1. სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელე ამ გარიგების თვალთმაქცურობაზე (ნასყიდობის ხელშეკრულებით სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დაფარვაზე) მიუთითებს. ამდენად, შესამოწმებელია, დაიდო თუ არა მხარეთა შორის სსკ-ის 56.2 მუხლით გათვალისწინებული თვალთმაქცური გარიგება, ანუ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა თუ არა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილიც მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს.

8.2. საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნათელყოფს, რომ მოსარჩელემ და მოპასუხემ რეალურად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დადეს, რომლის დასაფარად ფორმალურად ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს. მოსარჩელის მიზანი და სურვილი სადავო ქონების გაყიდვა რომ ყოფილიყო, ის არ ეცდებოდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ უკვე სარეალიზაციოდ გატანილ ქონებაზე აუქციონის შეჩერებას და სარემონტო სამუშაოების ჩატარებას. მოწინააღმდეგე მხარემ/მოპასუხემ დამაჯერებლად ვერ ახსნა, თუ რამ აიძულა მოსარჩელე, სადავო ხელშეკრულების დადების დღესვე, მიემართა საჯარო რეესტრისათვის სარეგისტაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ არა ის, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ნება მოსარჩელემ ისეთ პირობებში გამოავლინა, რომელიც ნამდვილი ნებისადმი (სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება) გამოვლენილი ნების (ნასყიდობის ხელშეკრულების დადება) შესაბამისობას გამორიცხავს.

8.3. პალატამ ყურადღება მიაპყრო მოწმეების: ლ.მ–ას (იხ. 09.02.2022 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 12:10:59 წუთიდან), ნ.მ–ისა (იხ. 08.04.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 17:14:28 წუთიდან) და ნ.გ–ის (იხ. 08.04.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 17:51:27 წუთიდან) ჩვენებებს. ამ ჩვენებებით, პალატამ არაორაზროვნად დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ბინის გაყიდვა არ სურდა, ის ეძებდა მხოლოდ იმ პირს, ვინც სესხს მისცემდა და უკვე არსებულ იპოთეკარს ჩაანაცვლებდა. ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებები პალატამ თანმიმდევრულად მიიჩნია, ვინაიდან მათ შორის შორის არ არსებობდა ისეთი არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, მით უფრო, რომ ეს ჩვენებები შეესაბამებოდა ამ განჩინების 7.1.-7.7. პუნქტებში აღწერილ, მტკიცებულებებით გამყარებულ, ფაქტობრივ გარემოებებს.

8.4. რაც შეეხება მოწმეების: ა.ც–ისა (იხ. 08.04.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:49:53 წუთიდან) და ს.ზ–ძის ჩვენებებს (იხ. 08.04.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო 13 ჩანაწერი 16:18:05 წუთიდან), პალატამ მიუთითა, რომ ეს მოწმეები საქმის შედეგით უშუალოდ დაინტერესებული პირები იყვნენ, ამასთან, მათი ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდიოდა და ვერ აქარწყლებდა ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გამყარებულ, სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

8.5. ზემოხსენებული გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო გარიგება თვალთმაქცური გარიგებაა, კერძოდ, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. შესაბამისად, ასეთი გარიგება ბათილია სსკ-ის 56.2 მუხლის საფუძველზე. პალატის მოსაზრებით, ვინაიდან მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი, სსკ-ის 976.1 „ა“ და 979.1 მუხლების შესაბამისად, სადავო უძრავი ნივთი - მდებარე: ქ.თბილისი, ............, ს/კ .......... (ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.07.2015 წლის №882015397195-03 გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ მონაცემებში შევიდა ცვლილება ნაცვლად ბინა №3-სა, მიეთითა ბინა №12), საკუთრებაში უნდა დაბრუნებოდა მოსარჩელეს. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის გამო, სსკ-ის 56.2 მუხლის გამოყენებით, განსახილველ ურთიერთობაზე უნდა გავრცელებულიყო იმ გარიგების წესები, რომლის დასადებადაც მხარეებმა ნება გამოავლინეს, ანუ სესხისა და იპოთეკისათვის დადგენილი წესები. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ პირველი მოპასუხისგან სესხად მიიღო 45 890.16 აშშ დოლარი, რადგან, სადავო შემთხვევაში, სწორედ მითითებული თანხის მოსარჩელისათვის გადაცემაა დადგენილი და სესხის სარგებელი იყო თვეში 5%, რაც დასტურდება მოსარჩელის განმარტებითა და ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 19 მაისის №5002610916 დასკვნით - საკომუნიკაციო ჩანაწერის ტექსტის დადგენის თაობაზე. ამავე დასკვნისა და მოწმე ლ.მ–ას ჩვენების საფუძველზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სესხის ვადა 1 თვესა და 15 დღეს შეადგენდა. გარდა ამისა, სადავო ქონებაზე უნდა დადგენილიყო მოპასუხის იპოთეკის უფლება, რადგან, მოსარჩელის განმარტებით, გამსესხებლის მოთხოვნა იპოთეკით იყო უზრუნველყოფილი.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

9.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორადაა შეფასებული საქმეში არსებული გარემოებები და მტკიცებულებები, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, რომელზე დაყრდნობითაც ნასყიდობის ხელშეკრულება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია თვალთმაქცურ გარიგებად და საქმის შედეგით დაინტერესებულ მოწმეთა ჩვენების საფუძველზე დაადგინა მხარეთა შორის სესხის არსებობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, საქმეზე №ას-50-50-2018, საქმეში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულება მიჩნეულია ნამდვილ ხელშეკრულებად. შესაბამისად საკასაციო სასამართლომ სრულად უნდა გააუქმოს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არ დაკმაყოფილდება ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნოტარიუსს მითითებული აქვს, რომ მან შეამოწმა მხარეთა ქმედუნარიანობა და მხარეთა ნების გამოვლენის ნამდვილობა, რაშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონია. ამავე ხელშეკრულების მე-7 მუხლის მიხედვით, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 65 000 აშშ დოლარად, ხოლო მე-8 მუხლის მიხედვით, მყიდველმა გამყიდველს ხელშეკრულების დამოწმებამდე სრულად გადასცა და გამყიდველმა სრულად მიიღო ნასყიდობის ფასი. შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება და მხარეთა მიერ გამოხატული ნება არის ნამდვილი.

9.2. სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნაზე დაფუძნებით არ უნდა დაედგინა ნ.ჟ–ძესა და თ.ს–ს შორის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადება, ვინაიდან მოცემულ საკომუნიკაციო ჩანაწერში არ მონაწილეობს კასატორი, საუბარი მიმდინარეობს სხვა პირებს შორის, რომელთაც არავითარი უფლებამოსილება არ ჰქონდათ, ესაუბრათ მისი სახელით და გამოეხატათ მისი ნება.

9.3. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თ.ს–მა სადავო უძრავი ქონება გააქირავა და გაარემონტა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, შესაბამისად, ის ფაქტი, რომ თ.ს–ს არ უნდოდა ქონების გაყიდვა, ვერ დადასტურდება ორი წლის შემდეგ განხორციელებული ქმედებებით.

9.4. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სადავო ხელშეკრულების დადების დღეს თ.ს–ის წარმომადგენლის მიერ საჯარო რეესტრისთვის მიმართვა, შეეჩერებინათ ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია, გამოწვეული იყო გამოვლენილი ნების არანამდვილობით. საქმის განხილვის ყველა ეტაპზე და, ასევე, სარჩელშიც, მოსარჩელე მისი ნების გამოვლენაში ხელშემშლელ ფაქტორად ასახელებდა გარკვეული პირების მხრიდან მასზე მუქარის, ძალადობისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის განხორციელებას, თუმცა ორივე ინსტანციის სასამართლომ თ.ს–ის მიმართ ზემოაღნიშნული ქმედებების განხორციელების ფაქტი ვერ დაადგინა.

9.5. სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა მოწმეების: ლ.მ–ას, ნ.მ–ის და ნ.გ–ის ჩვენებები და ჩათვალა ისინი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების მტკიცებად. ლ.მ–ა, როგორც თვითონ აღნიშნა და მოსარჩელის წარმომადგენელმაც დაადასტურა, მუშაობს მოსარჩელის წარმომადგენლის საადვოკატო ბიუროში, მანვე ჩააბარა საჯარო რეესტრში სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების შეჩერების მოთხოვნა თ.ს–ის ინტერესების დაცვისათვის. ლ.მ–ა პირდაპირ იყო დაინტერესებული საქმის შედეგით, შესაბამისად, მის მიერ მიცემული ჩვენება არ უნდა ჩათვლილიყო სარწმუნო და ობიექტურ ჩვენებად. მოწმე ნ.მ–მა სასამართლოს განუმარტა, რომ წლების მეგობრობა აკავშირებს თ.ს–თან და, ბუნებრივია, დაინტერესებულია საქმის შედეგით, ისევე როგორც მოწმე ნ.გ–ი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. წინამდებარე საქმეში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, წარმოადგენს თუ არა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2015 წლის 30 ივნისს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცურ გარიგებას.

15.1. თვალთმაქცური გარიგების ფაქტობრივ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი. აღნიშნული ნორმის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

15.2. დასახელებული სამართლებრივი ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. მოჩვენებითი გარიგების დროს ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა. მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი.

15.3. რაც შეეხება თვალთმაქცურ გარიგებას, უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში/გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება - ერთი თვალთმაქცური და მეორე, რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია (იხ. სუსგ. №ას-1142-1088-2014, 23.01.2015წ.; №ას-487-461-2015, 17.01.2015წ.).

15.4. თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისთვის აუცილებელი ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს.

16.1. უწინარეს ყოვლისა, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ თ.ს–სა და ნ.ჟ–ძეს შორის 2015 წლის 30 ივნისს დადებული უძრავი ნივთის ხელშეკრულების ნამდვილობა ერთხელ უკვე იყო სასამართლოს შეფასების საგანი. დასახელებულ დავაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ას-50-50-2018 განჩინებით თ.ს–ის სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სესხის და იპოთეკის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარების შესახებ დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდებოდა, ვინაიდან, სარჩელით არ მოთხოვნილა რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, როგორც გარიგების ბათილობის სამართლებრივი შედეგი. დასახელებულ განჩინებაში სასამართლომ გამოკვეთა აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის პრობლემა და დაასკვნა, რომ მიკუთვნებითი სარჩელის გარეშე იგი იურიდიული შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა შესაბამისად, არსებითი განხილვის გარეშე, სარჩელი განუხილველი დატოვა. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დასახელებულ განჩინებაში საკასაციო პალატას არ გადაუწყვეტია დავის არსებითი მხარე, ამდენად, კასატორის პრეტენზია მასზედ, რომ სასამართლოში სადავო გარიგებათა ნამდვილობა ერთხელ უკვე შემოწმებულია, მოკლებულია პროცესუალურ საფუძვლიანობას.

16.2. საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლს, რომელიც მოსარჩელეს უფლებას აძლევს, აღმოფხვრას გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას და კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.

16.3. მოცემული საქმის ფარგლებში, მოსარჩელემ, აღიარებით სარჩელთან ერთად, წარადგინა მიკუთვნებითი სარჩელიც, სახელდობრ, მოითხოვა სადავო უძრავი ნივთის მისთვის მიკუთვნებაც, შესაბამისად, აღმოიფხვრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ას-50-50-2018 განჩინებით გამოკვეთილი სარჩელის დასაშვებობის პრობლემა, რამაც სასამართლოს მისცა შესაძლებლობა, ამჯერად უკვე არსებითად შეფასებულიყო სადავო გარიგების კანონიერების საკითხი.

17.1. უწინარესად, საკასაციო პალატა სამართლებრივად შეაფასებს საკასაციო საჩივრის იმ არგუმენტს, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლოს, აუდიო-ჩანაწერზე ჩატარებული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაზე დაფუძნებით არ უნდა დაედგინა ნასყიდობის ნაცვლად სესხისა და იპოთეკის სამართალურთიერთობა, ვინაიდან ამ კომუნიკაციის ამსახველ ჩანაწერში არ მონაწილეობდა თავად კასატორი, სხვა პირებს კი, მისი სახელით მოქმედების უფლებამოსილება არ გააჩნდათ. აღნიშნულის საპირწონედ, პალატა მოწმეეების - ა.ც–ისა და ს.ზ–ძის ჩვენებებზე დაფუძნებით შენიშნავს, რომ ნ.ჟ–ძე ა.ც–ის (ყოფილი) მეუღლეა; დასახელებული მოწმეები სასამართლოს წინაშე ადასტურებენ, რომ სადავო უძრავი ნივთის მოსანახულებლად იყვნენ ს.ხ–თან ერთად და მათ ნ.ჟ–ძე თან არ ხლებიათ; ა.ც–ი და ს.ზ–ძე არ მიუთითებენ თანხის თ.ს–ისთვის გადაცემის ეპიზოდში ნ.ჟ–ძის მონაწილეობას; იგი არც სააღსრულებო ბიუროში გაჰყოლია თ.ს–ს ქონებაზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შესაწყვეტად, არამედ, თ.ს–ი და ნ.ჟ–ძე ერთმანეთს პირველად შეხვდნენ უშუალოდ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების პროცესში, სანოტარო ბიუროში. ა.ც–მა მოწმის სახით განმარტა, რომ სადავო უძრავ ქონებას ის იძენდა მისივე ფულადი რესურსებით, უშუალოდ ნ.ჟ–ძეზე ქონების აღრიცხვა კი, წარმოადგენდა ა.ც–ისვე გადაწყვეტილებას. მოწმის აღნიშნულ განმარტებას არცერთ ეტაპზე არ შესწინააღმდეგებიან მოპასუხის წარმომადგენლები. ამრიგად, დგინდება, რომ მთელი წინასახელშეკრულებო პერიოდის მოლაპარაკების პროცესში, მათ შორის, გარიგების არსებით პირობებზე შეთანხმებისას, აგრეთვე ანგარიშსწორების პროცედურაში, ნ.ჟ–ძეს თ.ს–ის წინაშე ურთიერთობებში წარმოადგენდნენ ა.ც–ი, ს.ზ–ძე და ს.ხ–ი; ისინივე კომუნიცირებდნენ თ.ს–თან იმ ეტაპიდანვე, როგორც კი, უძრავ ქონებაზე აკრძალვის განცხადების წარდგენის გამო, გამოვლინდა ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება.

17.2. საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 107.2 მუხლის პირველ წინადადებას, რომლის თანახმადაც, ნების გამოვლენას არ სჭირდება ის ფორმა, რომელიც აუცილებელია იმ გარიგების დასადებად, რომლისთვისაც გაცემულია უფლებამოსილება. მაშასადამე, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შესაძლოა, არსებობდეს წერილობითი მინდობილობის გარეშეც. ამრიგად, ზემოაღწერილ მოქმედებათა გათვალისწინებით, პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას, რომ თ.ს–თან ურთიერთობაში, ა.ც–ი, ს.ზ–ძე და ს.ხ–ი სწორედაც ნ.ჟ–ძეს წარმოადგენდნენ, მაშასადამე, 30.06.2015 წლის შეხვედრის ამსახველ აუდიოჩანაწერში (რომელიც, თავის მხრივ, დაშიფრულია ს.ს.ი.პ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 19.05.2016 წლის ფონოსკოპიური დასკვნით) მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, სწორედაც ნატო ჟორჟოლაძეს შეერაცხება.

17.3. საგულისხმოა, რომ ფონოსკოპიურ დასკვნაში ასახულ საუბარში ს.ხ–ის, ა.ც–ისა და ს.ზ–ძის მონაწილეობა მოპასუხე მხარეს არც შესაგებლით და არც საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას, მათ შორის, არც აღნიშნული საუბრის ამსახველი აუდიო-ჩანაწერის მტკიცებულების სახით გამოკვლევისას, არ უარუყვია. აღნიშნული ჩანაწერითა და მისი დაშიფვრის ამსახველი ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით კი, დგინდება, რომ ხელშეკრულების დადების დღესვე, ნ.ჟ–ძის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ თ.ს–ს თანხა გადასცეს თვე-ნახევრით, ბინაც სწორედ თვე-ნახევრის განმავლობაში იყო მიყიდული და თუ ქალბატონი (იგულისხმება თ.ს–ი) ამ ვადაში თანხას მიიტანდა, თვე-ნახევრის განმავლობაში, მისი ბინა თ.ს–ს უკანვე დაუბრუნდებოდა (ციტატები: „მომიტანს ეს ქალბატონი თვენახევარი ვუცდი მას, თუ გინდა ხვალ (...გაურკვეველია) ვუცდი მაგას მე თვენახევარი“; „ხო მერე ფულს რო მოიტან ვის რა ჯანდაბათ უნდა“ [იგულისხმება ბინა]; „ვინ არ გაძლევს მერე“ [იგულისხმება ბინა]; „ხოდა მერე ეს ადამიანი თანხას რო აბრუნებდა რა ვერ გავიგე ჩვენ ბინას ვართმევდით?“). ციტირებული ფრაზები ნ.ჟ–ძის მხარეს დიალოგში მონაწილე პირებისაგან, სწორედაც იმას მეტყველებს, რომ ბინის შეძენისას მყიდველ მხარეს ამოძრავებდა არა საკუთრივ უძრავი ნივთის, როგორც ობიექტის, დაუფლების ინტერესი, არამედ მასზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით მოპოვებულ უფლებას იგულვებდა თ.ს–ისთვის გადაცემული თანხების უკან დაბრუნების საშუალებად. აღნიშნული სამართალურთიერთობა კი, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა როგორც უძრავი ნივთით უზრუნველყოფილ სასესხო და არა ნასყიდობის სამართალურთიერთობად.

18.1. მოწმეების - ლ.მ–ას, ნ.მ–ისა და ნ.გ–ის - ჩვენებების არასარწმუნოობასთან მიმართებით გამოთქმული საკასაციო პრეტენზიის საპასუხოდ, უპირველესად, პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს. ამგვარ ვითარებაში, მხარეთა მტკიცებითი ფორმა, როგორც წესი, ორიენტირებულია მხოლოდ მოწმეთა ჩვენებაზე და, მეტი დამაჯერებლობისათვის, მათ მიერ დასახელებულ მოწმეთა თანაფარდობაზე. თუ მოსარჩელის არგუმენტაცია გამყარებულია მოწმეთა ჩვენებებით, ამ მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს ყველა იმ გარემოების არსებობა, რომელიც თვალთმაქცური გარიგების შემადგენლობას ქმნის, ხოლო დასკვნა იმის შესახებ, ჩაითვალოს თუ არა თვალთმაქცურად გარიგება, უნდა გამოიტანოს სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე. ამდენად, მოწმეთა მიერ ხდება არა გარიგების თვალთმაქცურობის დადასტურება ან უარყოფა, არამედ – იმ გარემოებებისა, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ შესაბამისი დასკვნა უნდა გააკეთოს (იხ. სუსგ. №ას-1142-1088-2014, 23.01.2015წ.).

18.2. საკასაციო პალატის განსჯით, მიუხედავად დასახელებული მოწმეების ახლო ურთიერთობისა მოსარჩელესთან, რაიმე პირადი მოტივი, რის გამოც, შესაძლოა, მათ სინამდვილისგან შეუსაბამო ჩვენება მიეცათ სასამართლოს წინაშე, გამოკვეთილი არ არის. მათ ჩვენებას სააპელაციო სასამართლო იყენებს იმ გარემოების დასადგენად, რომ თ.ს–ის განზრახვას არ წარმოადგენდა სადავო უძრავი ნივთის გაყიდვა, არამედ, ეძებდა პირს, ვისგანაც ამავე ბინის უზრუნველყოფით აიღებდა სესხს, რომელსაც მიმართავდა უკვე არსებული სესხის გადასახდელად და ამ ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგის თავიდან ასარიდებლად. მნიშვნელოვანია, რომ ხსენებული გარემოება დადგენილია არა მარტოოდენ მოწმეების ჩვენებებზე დაფუძნებით, არამედ, უპირატესად, საქმეში დაცული წერილობითი მტკიცებულებებით, მათ შორის, ხსენებული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითა (ა.ც–ის ციტატა: „...ამან თქვა [იგულისხმება თ.ს–ი] ოღონდ აქედან გამომიყვანეთო, ვიღუპებიო და ერთი თვე ნახევარიო მეო ფულს გჩუქნი შენო. ასე ხო იყო ლაპარაკი, თქვი ქალბატონო თქვი ასე“ [მიმართავს თ.ს–ს]) და საქმეში დაცული დოკუმენტებით, რომლებიც მოწმობს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დღეს ნასყიდობის საგანი ვადამოსული ვალდებულების იძულებით გადასახდევინებლად, აუქციონზე სარეალიზაციოდ იყო გატანილი. ამ მოცემულობაში, პალატის განსჯით, დასახელებულ მოწმეთა ჩვენებების გაუთვალისწინებლადაც კი, შესაძლებელი იყო სასამართლოს დაესკვნა, რომ მხარეთა საერთო მიზანს არა ქონების ყიდვა-გაყიდვა, არამედ თანხის გასესხება და მისი დაბრუნების უზრუნველსაყოფად უძრავი ნივთის გამოყენება წარმოადგენდა.

19.1. პალატა განმარტავს, რომ ნების გამოვლენა არის კონკრეტული სამართლებრივი შედეგის დადგომისკენ მიმართული სუბიექტური ნების ობიექტურად შეცნობადი განცხადება. „ნება“ შინაგანი, სუბიექტური კომპონენტია. იგი მიმართულია სამართლებრივი შედეგის დადგომაზე. „გამოვლენა“ ამ ნების ობიექტური გაცხადებაა იმ სახით, რომ გასაგები, აღქმადი იყოს ადრესატის მიერ. ნების გამოვლენის ნამდვილობის წინაპირობაა მისი შემადგენლობის არსებობა, ანუ სამართლებრივ შედეგზე მიმართული ნების ფორმირებისა და მისი სათანადოდ გამოხატვის პროცესის დასრულება (დ. კერესელიძე., „კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები“, თბილისი, 2009, გვ. 237-240).

19.2. იმისთვის, რომ ნების გამოვლენამ სამართლებრივად ვარგისი შედეგი წარმოშვას, პირის მიერ ობიექტურად გამოვლენილი ნება უნდა შეესაბამებოდეს პირის სუბიექტურ ნებას. მათ შორის ცდომილება გარიგების ბათილობის სამართლებრივ შედეგს განაპირობებს. საკასაციო პალატის განსჯით, სადავო ხელშეკრულების დადების დღეს საჯარო რეესტრისთვის მიმართვა, შეეჩერებინათ ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია, მოწმობს სწორედაც იმ ფაქტს, რომ თ.ს–ის მიერ ობიექტურად გამოვლენილი ნება ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე არ წარმოადგენდა მისი სუბიექტური ნების გაცხადების აქტს.

19.3. რაც შეეხება იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულებების დადებისა და ფართის გარემონტების ფაქტებს, მართალია, ისინი წარმოშობილია სადავო გარიგების დადების შემდეგ, მაგრამ მათ ირიბი მტკიცებულებითი მნიშვნელობა მაინც აქვთ იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ თ.ს–ს ქონების გაყიდვის ნება არ ჰქონია და ამგვარი გარიგების დადების მიუხედავად, დავის პირობებშიც კი, აგრძელებდა სადავო უძრავი ნივთის საკუთრად ფლობას და ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მიუხედავად, მისი მესაკუთრული დამოკიდებულება ნივთის მიმართ არ შეცვლილა, არამედ განაგრძობდა ნივთზე ხარჯების გაწევასა და მის გაუმჯობესებას. სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისაგან, რომელმაც იცის, რომ ნივთი გაყიდა და უთუოდ დადგება ნივთზე საკუთრებისა და მფლობელობის მყიდველისთვის გადაცემის აუცილებლობა, ამ ნივთის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე განგრძობადი ზრუნვა ნაკლებსავარუდო, უჩვეულო მოქმედებაა.

20.1. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეთა საერთო მიზანს წარმოადგენდა არა ნასყიდობის, არამედ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება, მაშასადამე, ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია თვალთმაქცურობის საფუძვლით, სამოქალაქო კოდექსის 56.2 მუხლის შესაბამისად. გარიგების ბათილობის თანმდევი სამართლებრივი შედეგი კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბათილი გარიგების საფუძველზე გადაცემულის უკან დაბრუნებაა. ამრიგად, სადავო უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვა მართებულია.

20.2. გარიგების თვალთმაქცურობის დადგენის შემთხვევაში, გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (სსკ-ის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილი). შესაბამისად, სადავო გარიგების ბათილობის გამო, მათზე უნდა გავრცელდეს სესხისა და იპოთეკისთვის დადგენილი წესები (სსკ-ის 623-ე და 289-ე მუხლები). თუმცა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაფარული გარიგების ნამდვილობისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ მოჩვენებითი გარიგების ბათილად ცნობა. დაფარული გარიგება უნდა იყოს მართლზომიერი და ამ საფუძვლით ნამდვილი. ამდენად, უნდა დადასტურდეს დაფარული გარიგების ნამდვილობის აუცილებელი ყველა წინაპირობის არსებობა.

20.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. იმავე კოდექსის 623-624-ე მუხლების მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

20.4. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულება რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება და ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების საგნის მოვალისთვის რეალურად გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა. ამასთან, კანონი არ ადგენს გარიგების ფორმის შეზღუდვას და უშვებს სესხის ხელშეკრულების, როგორც წერილობითი, ასევე, ზეპირი ფორმით დადების შესაძლებლობას. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულების არსებითი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისთვის თანხის ან სხვა გვაროვნული ნივთის გადაცემა, ასევე, მსესხებლის ნება, იკისროს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთის უკან დაბრუნების ვალდებულება.

20.5. ბათილი ნასყიდობის ხელშეკრულების ჩანაწერი, რომ თ.ს–ისთვის გადაცემულია 65 000 აშშ დოლარი, ცხადია, გათვალისწინებული არ უნდა იქნეს გაცემული სესხის ოდენობის განსასაზღვრად. ამ თვალსაზრისით, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიდგომას, სესხის ოდენობა დაადგინოს ნეიტრალურ მტკიცებულებებზე დაფუძნებით, ასეთი კი, 30/06/2015 წლით დათარიღებული ქვითარია, რომლითაც, თ.ს–მა გაისტუმრა სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე წარმოშობილი დავალიანება 103 174.85 ლარის ოდენობით, რაც ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურისის შესაბამისად, 45 890.16 აშშ დოლარს შეადგენდა. მოსარჩელე მხარე არ უარყოფს, რომ დასახელებული თანხა სწორედ ნ.ჟ–ძის მხარისაგან (სახელდობრ, ს.ზ–ძისა და ა.ც–ისგან) მიიღო. სხვა თანხის გადაცემის დამადასტურებელი ნეიტრალური ხასიათის მტკიცებულება საქმეში დაცული არ არის.

20.6. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სესხის ხანგრძლივობა (ერთი თვე და 15 დღე) და სარგებლის ოდენობა (თვეში 5%) დგინდება მოსარჩელის განმარტებითა და ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 19 მაისის №5002610916 დასკვნით - საკომუნიკაციო ჩანაწერის ტექსტის დადგენის თაობაზე.

20.7. რაც შეეხება იპოთეკას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). იმავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით, შესაბამისად, წერილობით ფორმით [3111-ე მუხლის პირველი ნაწლი: ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე შესაბამისი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით დადებული გარიგება].

20.8. მოცემულ შემთხვევაში სადავო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება დაკვალიფიცირდა თვალთმაქცურ, ბათილ გარიგებად. ამასთან, დადგინდა, რომ რეალურად დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის. თვალთმაქცური გარიგება დადებული იყო წერილობითი ფორმით, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებაც ნამდვილია, თუმცა მისი ძალაში შესვლისთვის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, უნდა მოხდეს იპოთეკის მეორე მოპასუხის სასარგებლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

21.1. ამრიგად, საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

21.2. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

21.3. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შედეგის გათვალისწინებით, კასატორს საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის - 6000 ლარის 70%, რაც შეადგენს 4200 ლარს, უკან უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ჟ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ნ.ჟ–ძეს (პ/ნ ..........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის (საგადასახადო დავალება №9296, გადახდის თარიღი: 16.05.2024წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი