დაკმაყოფილდა ნაწილობრივ
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-346-2026 10 ივლისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
კასატორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს“, შპს „გ.ლ.ს–ი“ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების შპს „ს–ს“ სამეურვეო ქონებიდან (გადახდისუუნარობის მასიდან), შესაბამისად რეაბილიტაციის გეგმიდან ამოღება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ს–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, მოვალე, საწარმო) და შპს „გ.ლ.ს–ის“ მიმართ და მოითხოვა მოვალის სამეურვეო ქონებიდან და რეაბილიტაციის გეგმიდან შემდეგი უძრავი ნივთების ამოღება - საკადასტრო კოდები: .........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ......., ..........., ............
2. მოპასუხეებმა სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა სამეურვეო ქონების მასიდან უძრავი ნივთების, რომელიც რეგისტრირებულია შემდეგი საკადასტრო კოდებით: ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ......, ..........., ........... ამოღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 დეკემბრის განკარგულებით სახელმწიფო საკუთრებაში (ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ) არსებული ქონებები ( ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., .........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ...........) 1000 ლარად გადაეცა საკუთრებაში შპს „ს–ს“. ქონების გადაცემის საპრივატიზებო პირობებად განისაზღვრა საპრივატიზებო თანხის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და პრეზიდენტის 2009 წლის 22 სექტემბრის N652 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ს–სთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ პრეზიდენტის 2010 წლის 30 აგვისტოს N848 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულება.
6.2. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 აგვისტოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ს–სთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ განკარგულებით „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 აშშ დოლარად შპს „ს–ს“ გადაეცა 299.405 კუბ.მ ხე-ტყის მასალა. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვრა საპრივატიზებო თანხის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვეში და ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული ხე-ტყის მასალის გამოყენებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში ღია აუზებისა და ნავმისადგომების აშენება და ექსპლუატაციაში შეყვანა არა უგვიანეს 2010 წლის 31 დეკემბრისა.
6.3. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 22 სექტემბრის სახელმწიფო ქონების ფიზიკური პირის ს. გ–თვის სიმბოლურ ფასად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ №652 განკარგულებით „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 300 მ3 სამასალე მერქანი პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა ფიზიკურ პირ ს. გ– სიმბოლურ ფასად - 1 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვრა თანხის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში და ამ განკარგულებით გადაცემული 300მ3 სამასალე მერქნის გამოყენებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში არანაკლებ 60 ადგილიანი სასტუმროს მშენებლობა და მისი 2011 წლის 1 მაისისთვის დასრულება.
6.4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2011 წლის 26 იანვარს და 2011 წლის 11 აგვისტოს წერილობით მიმართა შპს „ს–ს“, რათა წარედგინა საპრივატიზაციო ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება.
6.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 თებერვლის განჩინებით შპს „ს–ს“ მიმართ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმე და მეურვედ დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. ამავე სასამართლოს 2021 წლის 05 ივლისის განჩინებით რეაბილიტაციის მმართველად დაინიშნა შპს „ჯ-ჯ-ი“. ამავე სასამართლოს 2021 წლის 24 დეკემბერს დამტკიცდა რეაბილიტაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს შპს „ს–ს“ საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილის რეალიზაცია აუქციონზე ან პირდაპირი მიყიდვის წესით. შპს „ს–ს“ საკუთრებაში ერიცხებოდა სადავო მიწის ნაკვეთები და ისინი შესულია გადახდისუუნარობის მასაში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
6.6. სააპელაციო პალატამ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლზე, რომლის თანახმად, „ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას“ და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სარჩელის წარმოდგენილ რედაქციაში არსად მიუთითებია, რომ მოპასუხედ დასახელებულმა შპს „ს–მ“ შეასრულა საპრივატიზაციო ვალდებულებები. მეტიც, პალატის მიხედულებით საქმის მასალებში მოიპოვებოდა მტკიცებულება ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ. ამ კონტექსტში პალატამ ყურადღება მიაპყრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 26 იანვარს და 2011 წლის 11 აგვისტოს წერილობით მიმართვებზე, სადაც ქონების მოპასუხისთვის გადამცემი მოითხოვდა ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებას. მართალია, შპს „ს–მ“ შეტყობინებას 10.02.2011 წლის და 08.09.2011 წლის წერილებით უპასუხა, თუმცა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2013 წლის 01 თებერვალს მიმართა შპს „ს–ს“ და განუმარტა, რომ კომპანიის მიერ 25.12.2012წ. წარდგენილი დოკუმენტაცია არ ასახავდა ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას შესაბამისი განკარგულებით დადგენილ ვადაში. მეტიც, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 14.06.2022წ. წერილით მიმართა შპს „ს–ს“ რეაბილიტაციის მმართველს და განუმარტა, რომ თუ არ შესრულდებოდა საპრივატიზაციო ვალდებულებები 17.03.2023 წლიდან ხელშეკრულებები ავტომატურად შეწყდებოდა.
6.7. ვინაიდან, მოვალე და გადახდისუუნარობის საქმეში კრედიტორი ბანკები მიუთითებდენ მოთხოვნის შემაფერხებელ შესაგებელზე - ხანდაზმულობაზე, პალატამ იმსჯელა ხანდაზმულობის საკითხზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლის თანახმად, „1. სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.“ ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, „1. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. 2. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. 3. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.“ სადავო ურთიერთობების დროს მოქმედი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ პრივატიზებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი“.
6.8. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადა ამოიწურა ერთ შემთხვევაში 2010 წლის 31 დეკემბერს, მეორე შემთხვევაში კი - 2011 წლის 01 მაისს, სარჩელი კი წარდგენილია 2025 წელს, სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადის დასრულების შემდეგ. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის ათვლის საწყისად თუნდაც, სულ მცირე, 2013 წლის 01 თებერვალი (შპს „ს–სთან“ გაგზავნილი ბოლო კორესპონდენციის თარიღი) იქნეს მიჩნეული, სარჩელი 12 წლის შემდეგაა წარმოდგენილი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება კანონით დადგენილ ხანდაზმულობის პერიოდს.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორი მიუთითებს, რომ ხელშეკრულების ავტომატურად შეწყვეტის შემდგომ, კანონის შესაბამისად, ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის მიზნით სააგენტომ მიმართა საჯარო რეესტრს. თუმცა, ვინაიდან ქონებებზე რეგისტრირებული იყო ყადაღა, საკუთრების უფლების რეგისტრაცია ვერ განხორციელდა.
8.2. მოცემულ დავაში სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი. სააგენტოს 2022 წლის 14 ივნისის N4/33297 წერილით შპს „ს–ს“ ეცნობა, რომ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაუგვიანეს 2023 წლის 16 მარტს შეუსრულებლობის ან/და ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილებების განუხორციელებლობის შემთხვევაში, 2023 წლის 17 მარტიდან მოხდებოდა ხელშეკრულების ავტომატურად შეწყვეტა. სასამართლომ კი, არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება და მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოება ხანდაზმულობის ვადის აღდგენას ისახავდა მიზნად.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 07 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391.5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს როგორც გასაჩივრებული განჩინება, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი შპს „ს–სა“ და შპს „გ.ლ.ს–ის“ მიმართ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების შპს „ს–ს“ სამეურვეო ქონებიდან (გადახდისუუნარობის მასიდან), რეაბილიტაციის გეგმიდან ამოღების შესახებ, განუხილველად უნდა დარჩეს.
11. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, განმარტავს, რომ საპროცესო სამართლებრივი დოქტრინა სარჩელს განსაზღვრავს, როგორც დაინტერესებული პირის მიმართვას სასამართლოსადმი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მოთხოვნით (სსსკ-ის მე-2 და მე-3 მუხლები) (იხ. სუსგ საქმე №ას-955-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი).
12. წინამდებარე სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა უძრავი ქონებების შპს „ს–ს“ სამეურვეო ქონებიდან (გადახდისუუნარობის მასიდან), რეაბილიტაციის გეგმიდან ამოღება. ამდენად, მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის განსახილველი საკითხი, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის კვლევას შეეხება. უნდა ითქვას, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაციას თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა და, დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, ბუნებრივია, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ-შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის _ იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, რა დროსაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
13. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის განხილვისას, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, საპროცესო ეკონომიის პრინციპი, რომელიც უფლების რეალური დაცვის ხელშეწყობის საშუალებაა და ემსახურება იმას, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარემ ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უზრუნველყოს.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე (იხ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი) განმარტა შემდეგი: აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი რამ სასამართლომ გადაწყვეტილებით აღიაროს, მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ, 10.11.2015, საქმეზე #ას-937-887-2015; იხ. სუსგ-ები # ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტური და რეალური დაცვა უნდა იყოს. ის არ უნდა იყოს ფორმალური ხასიათის, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. საქმეზე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე, იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად, შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია (იხ. სუსგ საქმე №ას-36-2019, 27 ივნისი, 2019 წელი). ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (იხ. სუსგ საქმე №ას-302-285-2017, 16 ივნისი, 2017 წელი).
16. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ წინაპირობად მითითებულია, რომ კასატორსა და მოვალეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოვალემ იკისრა გარკვეული სახის ვალდებულებები. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა მოვალემ. ამავე სარჩელის სამართლებრივი დასაბუთების გრაფაში კი ვკითხულობთ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უძრავ ქონებაზე გადაცემული საკუთრების უფლება უნდა დაუბრუნდეს კასატორს. საკასაციო საჩივარში დამატებით მითითებულია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან ქონება წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, ხოლო საჯარო რეესტრში რეგისტრაციით უბრალოდ ხდება არსებული ფაქტის ფიქსაცია, რაც ამ შემთხვევაში ვერ განხორციელდა ქონებებზე არსებული ყადაღის გამო.
17. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ყოველგვარი ანალიზის გარეშეც ცხადია, რომ კასატორის საბოლოო მიზანი უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების დაბრუნებაში მდგომარეობს. ამრიგად, სასამართლო შეფასების საგანია, რამდენად არსებობს ურთიერთკავშირი სასარჩელო მოთხოვნასა და მოსარჩელის საბოლოო მიზანს შორის.
18. „უძრავი ქონების ბაზარი სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს. სამეწარმეო თუ არასამეწარმეო დანიშნულების უძრავ ქონებას უდიდესი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ზოგადად, უძრავი ქონების ბაზრის ერთ-ერთ ფუნდამენტს აყალიბებს საკანონმდებლო სისტემა, რომელიც განსაზღვრავს უძრავი ქონების შეძენის სამართლებრივ ფორმებს. მსოფლიოში არსებობს უძრავ ქონებაზე საკუთრების შეძენის არაერთი სისტემა. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სტაბილურობით, გარიგებების დადების ფორმებით, პროცედურებით, სირთულით და სხვა. განსხვავებული კონფიგურაციის სისტემები, ცხადია, განსხვავებულ გავლენას ახდენენ უძრავი ქონების ბაზარზე და მთლიანად ეკონომიკაზე. კონსტიტუციური კონტროლის ფარგლებში სასამართლო არ და ვერ განსაზღვრავს უძრავი ქონების შეძენისა და გასხვისების რომელიმე სისტემის არსებობის ან არარსებობის მიზანშეწონილობას. კანონმდებელი უფლებამოსილია, ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური გამოწვევების შესაბამისად დაადგინოს ესა თუ ის სისტემა. ცხადია, კანონმდებლის მიხედულება ამ სფეროში შეუზღუდავი არ არის და ექვემდებარება შემოწმებას კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, კანონმდებლის მიერ შერჩეულმა და დანერგილმა სისტემამ არ უნდა დაადგინოს არაგონივრული და უსამართლო ბალანსი და არ უნდა გამოიწვიოს საკუთრების უფლების დარღვევა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N3/4/550, §27).
19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლების წარმოშობის ორი განსხვავებული ფორმით რეგულირების უფლებას ანიჭებს. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აწარმოებს: 1. საკუთრების უფლების რეგისტრაციას და 2. საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაციას. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სამართლებრივი შედეგი ორივე შემთხვევაში რეგისტრირებული, ანუ წარმოშობილი საკუთრების უფლებაა. „... უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს (სსკ-ის 311.1-ე მუხლი), წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მესამე პირთათვის იურიდიული ძალა არ გააჩნია, თუმცა, ეს ვალდებულება ს–ვთოსამართლებრივი ვალდებულებაა, გამიზნული კონკრეტული პირის საკუთრების უფლების დადასტურებისათვის ...“ (იხ. სუსგ Nას-880-2024, 15 ოქტომბერი 2024წ., § 9.15).
20. დასკვნამდე, საკასაციო პალატა მიმოიხილავს იმ ნორმის დათქმას, რომელზეც მოსარჩელე მხარე აპელირებს, მისი საკუთრების უფლების მოპოვების თვალსაზრისით.
21. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 20.6 მუხლით, სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში. ცხადია, რომ ნორმა გარკვეული ფაქტობრივი საფუძვლით (ხელშეკრულების პირობების დარღვევა) ადგენს საკუთრების უფლების დაბრუნების შესაძლებლობას, ხოლო რამდენად არსებობს ესა თუ ის წინაპირობა, ეს უკვე შესაბამისი მოთხოვნის ფარგლებში განსახილველი საკითხია. ამასთან, მოხმობილი ნორმა არ გამორიცხავს ან არ აწესებს ზემოთ დასახელებული მუხლებისგან განსხვავებულ მიდგომას, საკუთრების უფლების წარმოშობის ჭრილში.
22. მაგალითისათვის, განსხვავებულ მართლწესრიგს ადგენს კანონმდებელი საოჯახო და სამემკვიდრეო სამართლის კონკრეტულ შემთხვევებში (სსკ-ის 1158.2 მუხლით, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი) (სსკ-ის 1433-ე მუხლით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან). აგრეთვე, აღნაგობის უფლების შეწყვეტისას (სსკ-ის 234.3 მუხლით, აღნაგობის უფლების შეწყვეტისას აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული ნაგებობა ხდება მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი).
23. ამრიგად, სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის შეფასებას, რომ მისი საკუთრების უფლება ხელშეკრულების შეწყვეტით წარმოიშვა ავტომატურად და საჯარო რეესტრი მხოლოდ ფაქტის დადასტურებას ახდენს.
24. საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული დავის განხილვა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი მოთხოვნის ფარგლებში. წარმოდგენილი სარჩელის პირობებში, როდესაც მოთხოვნა შეეხება მხოლოდ მოვალის სამეურვეო ქონებიდან და რეაბილიტაციის გეგმიდან კონკრეტული უძრავი ნივთების ამოღებას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს და შეაფასოს საკუთრების უფლების საკითხები (სსსკ-ის 248-ე მუხლით, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა).
25. პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის აპელირებაზე მასზედ, რომ უძრავ ნივთებზე ყადაღის არარსებობის შემთხვევაში, მას უკვე რეგისტრირებული ექნებოდა საკუთრების უფლება ქონებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, მოსარჩელის მიერ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა უძრავი ქონების რეგისტრაციაზე უარის თქმის აღნიშნული საფუძვლიდან (სასამართლო განჩინების საფუძველზე ყადაღის არაებობას) არ გამომდინარეობს, სამეურვეო ქონებიდან აქტივის გამორიცხვა არ ცვლის იურიდიულ მდგომარეობას საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში, აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს მითითებული ყადაღის არსებობა ვერ ადასტურებს.
26. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებით მოსარჩელე ვერ აღწევს მის საბოლოო მიზანს, რადგან სამეურვეო ქონებიდან ნივთის გამორიცხვა არ წარმოადგენს საკუთრების უფლების მოპოვების წინაპირობას. სასარჩელო მოთხოვნას ირიბი კავშირიც კი არ გააჩნია საკუთრების უფლების მოპოვებასთან. უფრო მეტიც, მოსარჩელის მიზნის მისაღწევად არც ხელის შემშლელ გარემოებას წარმოადგენს ნივთების სამეურვეო ქონებაში არსებობა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა აღიარებითი მოთხოვნის მიმართ მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, როგორც აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებისა და განხილვის აუცილებელი წინაპირობა (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი).
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, შპს „ს–ს“ და შპს „გ.ლ.ს–ის“ მიმართ, მოვალის სამეურვეო ქონებიდან და რეაბილიტაციის გეგმიდან შემდეგი უძრავი ნივთების - საკადასტრო კოდები: ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ........., ..........., ........... ამოღების შესახებ, განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინებისა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი (გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია).
28. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187.2. მუხლის მე-2 წინადადებით, რომლის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ საქმე №ას-36-2019, 27 ივნისი, 2019 წელი). რადგანაც მოცემულ შემთხვევაში აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
29. სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული, პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს მისი უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინება, რომლითაც სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეებს - შპს „ს–ს“ (ს/ნ ........) და შპს „გ.ლ.ს–ს“ (ს/ნ .........) (რეაბილიტაციის მმართველს) აეკრძალათ, №..........., №..........., №..........., №..........., №..........., №..........., №..........., №..........., №....... და №........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთების ნებისმიერი ფორმით განკარგვა №2/1076-14 საქმის ფარგლებში არსებული კრედიტორების უზრუნველყოფის მიზნით.
30. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე, 399-ე, 372-ე, 187.2, 284-ე, 285-ე, 408.3, 1991 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 დეკემბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი შპს „ს–ს“ და შპს „გ.ლ.ს–ის“ მიმართ, მოვალის სამეურვეო ქონებიდან და რეაბილიტაციის გეგმიდან შემდეგი უძრავი ნივთების - საკადასტრო კოდები: ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., ..........., .........., ..........., ........... ამოღების შესახებ, დარჩეს განუხილველად.
4. გაუქმდეს თბილისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინება, რომლითაც სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეებს - შპს „ს–ს“ (ს/ნ ..........) და შპს „გ.ლ.ს–ს“ (ს/ნ ..........) (რეაბილიტაციის მმართველს) აეკრძალათ, №..........., №..........., №..........., №..........., №..........., №..........., №..........., №..........., №......... და №........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთების ნებისმიერი ფორმით განკარგვა №2/1076-14 საქმის ფარგლებში არსებული კრედიტორების უზრუნველყოფის მიზნით.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლევან ნემსაძე
მიხეილ ჯინჯოლია