1. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (შემდგომ – მოძრავი ქონება) განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ის სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება. სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით. ამის შემდეგ შესაბამისი სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოძრავი ქონების შემდგომი განკარგვის მიზნით ქონების სააგენტოს მიმართავს და მოძრავ ქონებას გადასცემს. მოძრავი ქონების განკარგვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო, გარდა ამ კანონის 311 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება:

ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებზე, რომლებიც განკარგავენ მათთვის სარგებლობაში გადაცემულ ან/და მათ ბალანსზე რიცხულ მოძრავ ქონებას. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები მათთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად;

ბ) სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მისთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებულ ქონებაზე, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია და რომელიც სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა განადგურდეს. სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მისთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ნადგურდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

3. თუ მოძრავი ქონება სარგებლობაში არ აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე არ ერიცხება სხვა სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მისი განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო.

31. პირს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს მის მიერ დაზიანებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან/და სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონება, ამ ქონების დაზიანებამდე არსებული საბალანსო ღირებულების არანაკლები ღირებულების ქონების მიღების სანაცვლოდ. სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტისა და ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე პირს საკუთრებაში გადასცეს მოძრავი ქონება და სანაცვლოდ მიიღოს და ბალანსზე აიყვანოს შესაბამისი ქონება.

4. (ამოღებულია - 29.05.2020, №5989);

5. (ამოღებულია - 11.11.2025, №1023).

6. მოძრავი ქონების განკარგვის ფორმებია:

ა) აუქციონის (მათ შორის, ელექტრონული აუქციონის) ფორმით პრივატიზება;

ბ) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება:

ბ.ა) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით;

ბ.ბ) სავაჭრო ობიექტის (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით;

გ) მესამე პირის მეშვეობით პრივატიზება;

დ) განაწილება;

ე) განადგურება;

ვ) ლიზინგის ფორმით გადაცემა.

7. (ამოღებულია - 29.05.2020, №5989);

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6332 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6377 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 5 აპრილის კანონი №523 – ვებგვერდი, 24.04.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1037 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2878 – ვებგვერდი, 23.12.2014წ.

საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.

საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1023 – ვებგვერდი, 14.11.2025