1. ოქმის შევსებისას აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი (წელი, თვე, რიცხვი და დრო);
ბ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი;
გ) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი და რეკვიზიტები;
ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმა, რომლის დარღვევასაც შედეგად მოჰყვა ოქმის შედგენა;
ვ) დამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი, მისამართი და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში (პირადობის მოწმობაში, პასპორტში, მართვის მოწმობაში) აღნიშნული პირადი ნომერი;
ზ) მოწმეთა სახელები, გვარები და მისამართები, თუ ასეთები არიან;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები;
ი) შენიშვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით (დანართი №3).
3. ოქმის შედგენისას დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება ოქმში.
4. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
5. თუ დამრღვევი უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. სამართალდამრღვევი პირი უფლებამოსილია წარადგინოს ოქმზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, ახსნას ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები