1. ელექტროსადგურების, ელექტრული და თბური ქსელების ძირითადი ამოცანაა ელექტრული ენერგიისა და სითბოს გამომუშავება, გარდაქმნა, განაწილება და მომხმარებლისათვის მიწოდება (შემდგომში – ენერგოწარმოება).
2. ენერგეტიკული დარგის ძირითადი ტექნოლოგიური რგოლია ენერგოსისტემა, რომელიც წარმოადგენს ელექტროსადგურების, ელექტრული და თბური ქსელების (შემდგომში – ენერგოობიექტები) კომპლექსს, რომლებიც დაკავშირებული არიან ერთმანეთთან მუშაობის რეჟიმის ერთიანობით და აქვთ ცენტრალიზებული ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვა.
3. ყოველ ენერგოობიექტზე საწარმოო ქვედანაყოფებს შორის (საამქროები, უბნები, ლაბორატორიები და ა.შ.) უნდა იყოს განაწილებული მოწყობილობების, შენობა-ნაგებობების და კომუნიკაციების მომსახურების საზღვრები და ფუნქციები.
4. მოწყობილობების, შენობა-ნაგებობების უსაფრთხო ექსპლუატაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინსტრუქციებითა და სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტებით.
5. ენერგოსისტემის ყოველმა მუშაკმა თავის ფუნქციის საზღვრებში უნდა უზრუნველყოს ელექტროსადგურების და ქსელების მოწყობილობების, შენობება-ნაგებობების მოწყობისა და ექსპლუატაციის შესაბამისობა ტექნიკური უსაფრთხოებისა და სახანძარო უსაფრთხოების წესებთან.
6. ენერგოსისტემის მუშაკთა მოვალეობებია:
ა) მომხმარებლების ენერგომომარაგების დადგენილი პირობების შესრულება;
ბ) გასაცემი ენერგიის ნორმალური ხარისხის უზრუნველყოფა (ელექტროენერგიის ნორმირებული სიხშირე და ძაბვა, თბოშემცველის ნორმირებული წნევა და ტემპერატურა);
გ) ოპერატიულ-დისპეტჩერული დისციპლინის დაცვა;
დ) შენობა-ნაგებობების და დანადგარების ექსპლუატაციისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფა;
ე) ენერგოწარმოების მაქსიმალური საიმედოობის და ეკონომიურობის უზრუნველყოფა;
ვ) დანადგარებისა და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციისას სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დაცვა;
ზ) შრომის უსაფრთხოების და ჰიგიენის მოთხოვნების შესრულება;
თ) ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე ენერგოწარმოების მავნე გავლენის შემცირება;
ი) ენერგიის გამომუშავების, გადაცემის და განაწილების პროცესში გაზომვების ერთიანობის უზრუნველყოფა;
კ) ენერგოობიექტის და გარემოს ეკოლოგიის გაუმჯობესების, ენერგოობიექტის ეკონომიურობის, იმედიანობის და უსაფრთხოების გაზრდის მიზნით სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევების გამოყენება;
ლ) ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესში დაიცვან საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონების”.
7. ენერგოსისტემაში უნდა ხორციელდებოდეს:
ა) წარმოების განვითარება, რათა დაკმაყოფილდეს მზარდი მოთხოვნილება ელექტროენერგიასა და სითბოზე;
ბ) ელექტროსადგურებისა და ქსელების ეფექტიანი მუშაობა შრომის ნაყოფიერების გაზრდის, საწარმოო ხარჯების შემცირების, მოწყობილობების დადგმული სიმძლავრის ეფექტიანი გამოყენების, ენერგიის დაზოგვისა და მეორადი რესურსების გამოყენების გზით;
გ) მოწყობილობების, შენობა-ნაგებობების, მართვის სისტემების, კომუნიკაციების მუშაობის უსაფრთხოებისა და საიმედოობის გაზრდა;
დ) ძირითადი საწარმოო ფონდების განახლება ელექტროსადგურებისა და ქსელების ტექნიკური გადაიარაღებისა და რეკონსტრუქციის, მოწყობილობების მოდერნიზაციის გზით;
ე) ახალი ტექნიკის, ექსპლუატაციისა და რემონტის ტექნოლოგიის, წარმოებისა და შრომის ეფექტიანი და უსაფრთხო მეთოდების დანერგვა და ათვისება;
ვ) პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, წარმოების მოწინავე მეთოდების დანერგვა და გავრცელება.
8. ენერგოდანადგარების ტექნიკურ მდგომარეობაზე და მათი უსაფრთხო მომსახურების უზრუნველსაყოფი ღონისძიებების გატარებაზე მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.
9. წინამდებარე წესები ვრცელდება ორგანულ სათბობზე მომუშავე თბოელექტროსადგურებზე, ჰიდროელექტროსადგურებზე, ელექტრო და თბოქსელებზე საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში და იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ასრულებენ სამუშაოებს ამ ენერგოობიექტებისათვის