1. მშენებლობადასრულებული ელექტროსადგურები, ელექტრული და თბური ქსელების ობიექტები, აგრეთვე ენერგოობიექტის სირთულის მიხედვით მათი გასაშვები რიგები და კომპლექსები ექსპლუატაციაში მიიღება მოქმედი წესებით. ეს მოთხოვნა ვრცელდება აგრეთვე იმ ენერგოობიექტებზე, რომელთა ექსპლუატაციაში მიღება ხდება გაფართოების და/ან რეკონსტრუქციის შემდეგ.
2. გასაშვები კომპლექსი შეიძლება შეიცავდეს ენერგოობიექტის სრულ საპროექტო მოცულობას ან მის ნაწილს, რომელიც უზრუნველყოფს მოცემული პარამეტრებით მის ნორმალურ ექსპლუატაციას და შედგება შენობა-ნაგებობების და ობიექტების ერთობლიობისაგან. გასაშვებ კომპლექსში უნდა შედიოდეს მოწყობილობები, შენობა-ნაგებობები, ძირითადი საწარმოო, დამხმარე-საწარმოო, დამხმარე, საყოფაცხოვრებო, სატრანსპორტო, სარემონტო და სასაწყობო დანიშნულების შენობები და მათი ნაწილები, სადისპეტჩერო და ტექნოლოგიური მართვის, კავშირგაბმულობის საშუალებები, საინჟინრო კომუნიკაციები, გამწმენდი ნაგებობები, კეთილმოწყობილი ტერიტორია, საზოგადოებრივი კვების, ჯანდაცვის პუნქტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ელექტროენერგიისა და სითბოს წარმოებას, გადაცემას და მომხმარებლისათვის გაცემას, თევზის გატარებას თევზსავალი ნაგებობების საშუალებით. გასაშვები კომპლექსის პროექტით გათვალისწინებული მოცულობით უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნორმატიული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები და მომუშავეთა უსაფრთხოება, წყალსაცავებისა და ჰაერის გაჭუჭყიანებისაგან დაცვა, სახანძრო უსაფრთხოება.
გასაშვები კომპლექსის პროექტი შემუშავებული და შეთანხმებული უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
3. ენერგოობიექტების (გასაშვები კომპლექსის) კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღებამდე:
ა) უნდა ჩატარდეს მოწყობილობების ინდივიდუალური და ცალკეული სისტემების ფუნქციონალური გამოცდები, რაც უნდა დასრულდეს აგრეგატების ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების საცდელი გაშვებით;
ბ) უნდა განხორციელდეს მოწყობილობის კომპლექსური გასინჯვა;
გ) შენობება-ნაგებობების მშენებლობის და მოწყობილობების მონტაჟის დროს უნდა ხდებოდეს მოწყობილობების და შენობა-ნაგებობების ცალკეული კვანძების მიღება.
4. მოწყობილობების და ცალკეული სისტემების ინდივიდუალური და ფუნქციონალური გამოცდები ტარდება საპროექტო სქემით დამკვეთის პერსონალის მონაწილეობით მოცემული კვანძის ყველა სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების დამთავრების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღებამდე. ინდივიდუალური და ფუნქციონალური გამოცდების წინ უნდა შემოწმდეს წინამდებარე წესების, მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების და ქარხანა-დამამზადებლის მოთხოვნების და მოწყობილობების მონტაჟის ინსტრუქციების შესრულება.
5. მშენებლობისა და მონტაჟის დროს დაშვებული დეფექტები და დაუმთავრებელი სამუშაოები, აგრეთვე ინდივიდუალური და ფუნქციონალური გამოცდების დროს გამოვლენილი დეფექტები უნდა აღმოიფხვრას მოწყობილობების კომპლექსური გასინჯვის დაწყებამდე სამშენებლო და სამონტაჟო ორგანიზაციების, ქარხანა-დამამზადებლების მიერ.
6. ენერგოობიექტების საცდელი გაშვებები სრულდება კომპლექსურ გამოცდებამდე. საცდელი გაშვების დროს უნდა შემოწმდეს მოწყობილობების და ტექნოლოგიური სქემების მუშაობის უნარიანობა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესაძლებლობა; ჩატარდეს კონტროლის და მართვის ყველა სისტემის, მათ შორის, ავტომატური რეგულატორების, დაცვის და ბლოკირების მოწყობილობების, სიგნალიზაციისა და საკონტროლო-მზომი ხელსაწყოების გამოცდა და გაწყობა; საცდელი გაშვების წინ უნდა შესრულდეს ენერგოობიექტების საიმედო და უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობები:
ა) საექსპლუატაციო და სარემონტო პერსონალის დაკომპლექტება-მომზადება (ცოდნის შემოწმებით), საექსპლუატაციო ინსტრუქციების, შრომის დაცვის ინსტრუქციების და ოპერატიული სქემების, აღრიცხვისა და ანგარიშგების ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავება და დამტკიცება;
ბ) სათბობის, მასალების, ინსტრუმენტების და სათადარიგო ნაწილების მარაგების მომზადება;
გ) დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებების, სახანძრო სიგნალიზაციის და ხანძრის ქრობის სისტემების, ავარიული განათების და ვენტილაციის მოქმედებაში შეყვანა;
დ) კონტროლისა და მართვის სისტემების დამონტაჟება და გაწყობა.
7. კომპლექსურ გასინჯვას აწარმოებს დამკვეთი. კომპლექსური გასინჯვის დროს უნდა შემოწმდეს ძირითადი აგრეგატებისა და მათი დამხმარე მოწყობილობების დატვირთვის ქვეშ ერთობლივი მუშაობა. ენერგოდანადგარების კომპლექსური გასინჯვის დასაწყისად მიიჩნევა მისი ქსელში ან დატვირთვის ქვეშ ჩართვის მომენტი.
აკრძალულია მოწყობილობების კომპლექსური გასინჯვა პროექტით გაუთვალისწინებელი სქემების მიხედვით. ელექტროსადგურების მოწყობილობების კომპლექსური გასინჯვა ითვლება დამთავრებულად, თუ ძირითადმა მოწყობილობებმა გაუჩერებლად იმუშავეს 72 საათის განმავლობაში: თბოელექტროსადგურებში (გაზოტურბინებში) – ძირითად საწვავზე, ნომინალური დატვირთვით და ორთქლის საპროექტო პარამეტრებით, ჰიდროელექტროსადგურებში – გასაშვები კომპლექსით გათვალისწინებული წყლის წნევით და ხარჯით. ამავე დროს, გასაშვები კომპლექსით გათვალისწინებულმა ყველა დამხმარე მოწყობილობამ უნდა იმუშაოს მუდმივად ან რიგ-რიგობით. ელექტროქსელებში კომპლექსური გასინჯვა ითვლება დამთავრებულად, თუ ქვესადგურის მოწყობილობებმა ნორმალური და უწყვეტი დატვირთვის ქვეშ იმუშავეს 72 საათის განმავლობაში, ხოლო ელექტროგადამცემმა ხაზებმა – 24 საათის განმავლობაში. თბოქსელებში კომპლექსური გასინჯვა ითვლება დამთავრებულად, თუ გასაშვები კომპლექსით გათვალისწინებული ნომინალური წნევით და ტემპერატურით მოწყობილობებმა იმუშავეს შეუფერხებლად 24 საათის განმავლობაში. გაზოტურბინების კომპლექსის გასინჯვის დროს აუცილებელ პირობად ითვლება აგრეთვე 10-ჯერ წარმატებული ავტომატური გაშვება, ხოლო ჰიდროსადგურებისათვის – ჰიდროაგრეგატის 3-ჯერ წარმატებული ავტომატური გაშვება. კომპლექსური გასინჯვის დროს უნდა იყოს ჩართული პროექტით გათვალისწინებული საკონტროლო მზომი ხელსაწყოები, ბლოკირებები, დისტანციური მართვის და სიგნალიზაციის, დაცვის და ავტომატური რეგულირების ის საშუალებები, რომელთაც არ სჭირდება რეჟიმული გაწყობა. იმ შემთხვევაში, თუ კომპლექსური გასინჯვები თბოსადგურებისათვის არ შეიძლება ჩატარდეს ძირითად საწვავზე ან ნომინალური დატვირთვა და ორთქლის (გაზტურბინული დანადგარისათვის გაზის პარამეტრები) საპროექტო პარამეტრები თბოსადგურებისათვის, წყლის ნომინალური წნევა და ხარჯი ჰიდროსადგურებისათვის, ან დატვირთვა ქვესადგურის და ელექტროგადამცემი ხაზებისათვის ერთდროული ან ცალკეული გასინჯვების დროს და თბოშემცველის პარამეტრები თბოქსელებისათვის არ იქნა მიღწეული რაიმე მიზეზებით და ეს არ არის გამოწვეული გასაშვები კომპლექსით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობით, გადაწყვეტილებას სარეზერვო სათბობზე და აგრეთვე ზღვრული პარამეტრებითა და დატვირთვებით კომპლექსური გასინჯვების ჩატარებაზე ღებულობს მიმღები კომისია და ეს აუცილებლად აღნიშნული უნდა იყოს გასაშვები კომპლექსის ექსპლუატაციაში მიღების აქტში.
8. გასაშვები კომპლექსის, რიგების ან მთლიანობაში ენერგოობიექტის ექსპლუატაციაში მიღება უნდა მოხდეს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9. ობიექტის (ენერგოობიექტის (გასაშვები კომპლექსის)) ექსპლუატაციაში მიღების მიზნით მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები, მათ შორის, დამკვეთის მიერ შექმნილი ექსპერტის (ექსპერტთა ჯგუფის) დასკვნა (აქტი), რომელიც მოწყობილობაზე ინდივიდუალური გამოცდების ჩატარების შემდეგ აქტის გაფორმებით ღებულობს მოწყობილობას მასზე კომპლექსური გამოცდების ჩასატარებლად.)
10. აკრძალულია მოწყობილობების და შენობა-ნაგებობების დეფექტებით და დაუმთავრებელი სამუშაოებით ექსპლუატაციაში მიღება. კომპლექსური გამოცდების დამთავრების და გამოვლენილი ხარვეზებისა და დეფექტების აღმოფხვრის შემდეგ ექსპერტმა (ექსპერტა ჯგუფმა) უნდა გააფორმოს მოწყობილობებისა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო დასკვნა. ექსპერტი (ექსპერტთა ჯგუფი) ადგენს სერიული მოწყობილობების ათვისების პერიოდის ხანგრძლივობას, რომლის განმავლობაშიც დამთავრებული უნდა იყოს აუცილებელი გამოცდები, გაწყობის სამუშაოები და უზრუნველყოფილი იყოს მოწყობილობების ექსპლუატაცია საპროექტო მონაცემების შესაბამისად.
11. დამკვეთმა მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს უნდა წარუდგინოს დოკუმენტაცია, მომზადებული მოქმედი ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებული მოცულობით.
12. მშენებლობადამთავრებული ცალკე მდგომი შენობა-ნაგებობები და ელექტროტექნიკური მოწყობილობები, ჩაშენებული და მიშენებული საწარმო, დამხმარე საწარმო და დამხმარე დანიშნულების სათავსები მათში დამონტაჟებული მოწყობილობებით, მართვისა და კავშირგაბმულობის საშუალებებით, ექსპლუატაციაში მიიღება მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანოს მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
13. საცდელი (ექსპერიმენტული), საცდელ-სამრეწველო ენერგოტექნოლოგიური დანა-დგარები ექსპლუატაციაში მიიღება შესაბამისი ორგანოს მიერ, თუ ისინი მომზადებულია პროექტით გათვალისწინებული ცდების ჩასატარებლად ან პროექტით გათვალისწინებული პროდუქციის გამოსაშვებად.
14. ენერგოობიექტების ექსპლუატაციაში მიღების თარიღად ითვლება შესაბამისი ორგანოს მიერ მისი ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სათანადო აქტის თარიღი