1. 10 მვტ და მეტი სიმძლავრის ყოველ თბოელექტროსადგურში, 13 მვტ და მეტი სიმძლავრის ყოველ ჰიდროელექტროსადგურში უნდა იყოს დამუშავებული მოწყობილობის ენერგეტიკული მახასიათებლები, რომლებიც ადგენენ მისი მუშაობის ტექნიკო-ეკონომიკური მაჩვენებლების აბსოლუტური ან ფარდობითი გაანგარიშების დამოკიდებულებას ელექტრული და თბური დატვირთვებისაგან. გარდა ამისა თბოელექტროსადგურში უნდა იყოს დამუშავებული გაშვებულ ელექტრო და თბოენერგიაზე სათბობის საწყის-ნომინალური ხვედრითი ხარჯების გრაფიკები, ხოლო ჰიდროელექტროსადგურში – გაშვებულ ელექტროენერგიაზე წყლის ნორმატიული ხვედრითი ხარჯის გრაფიკები. მოწყობილობების ენერგეტიკული მახასიათებლების და სათბობის ან წყლის ხვედრითი ხარჯების გრაფიკების დამუშავება, გადახედვა, შეთანხმება და დამტკიცება უნდა განხორციელდეს მოქმედი დებულებებისა და მეთოდური მითითებების შესაბამისად.
2. წინამდებარე წესების მოთხოვნების შესრულებისას ენერგეტიკული მახასიათებლები უნდა ასახავდნენ ათვისებული მოწყობილობების მუშაობის რეალურად მისაღწევ ეკონომიურობას.
3. ელექტრული ქსელებისთვის ნორმირებულ მაჩვენებელს წარმოადგენს ელექტროენერგიის ტექნოლოგიური ხარჯი მის გადაცემაზე.
4. ენერგეტიკული მახასიათებლები ფორმით, მოცულობითა და შინაარსით უნდა შეესაბამებოდნენ მოქმედი ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების მოთხოვნებს.
5. ელექტროსადგურებში და ელექტრულ ქსელებში საბოლოო შედეგების გაუმჯობესების მიზნით უნდა წარმოებდეს:
ა) ენერგიაშემცველის ხარჯისა და ტექნოლოგიური პარამეტრების გაზომვების მოთხოვნილი სიზუსტის დაცვა;
ბ) საკონტროლო-მზომი ხელსაწყოებისა და საინფორმაციო-მზომი სისტემების ჩვენებების საფუძველზე მოწყობილობების მუშაობის მაჩვენებლების აღრიცხვა (ცვლების მიხედვით, დღეღამური, თვის, წლის) დადგენილი ფორმის შესაბამისად;
გ) ტექნიკო-ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზი მოწყობილობების მდგომარეობის, მათი მუშაობის რეჟიმების, სათბობის ეკონომიის რეზერვების, ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების გატარების ეფექტურობის შეფასების მიზნით;
დ) მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების შესაბამისად საკონტროლო-მზომი ხელსაწყოების უტყუარი მუშაობის, აღრიცხვისა და ანგარიშის სწორად წარმართვა;
ე) მუშაობის ანალიზისა და ხარვეზების აღმოფხვრის, ასევე ენერგეტიკული მახასიათებლების მიხედვით განსაზღვრულიდან გადახრის მიზეზების დადგენის, მუშაობის მოწინავე გამოცდილების გაზიარების მიზნით თვეში ერთხელ პერსონალთან ენერგოსისტემის სტრუქტურული ერთეულის მუშაობის შედეგების განხილვა;
ვ) მოწყობილობების იმედიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის, სათბობ-ენერგეტიკული რესურსების არარაციონალური ხარჯვისა და დანაკარგების შემცირების ღონისძიებების დასახვა და შესრულება.
6. ელექტროენერგეტიკაში ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლად დადგენილია:
ა) ელექტროსადგურისა და ენერგოსისტემის ელექტრული მუშა სიმძლავრე და დადგმული სიმძლავრის გამოყენების კოეფიციენტი;
ბ) გაცემულ ელექტროენერგიაზე სათბობის ხვედრითი ხარჯი;
გ) ჰიდროელექტროსადგურის წყლის ჩამონადენის გამოყენების კოეფიციენტი და გაცემულ ელექტროენერგიაზე წყლის ხვედრითი ხარჯი;
დ) ელექტროსადგურების საკუთარ მოხმარებაზე ელექტროენერგიის ხარჯი;
ე) ელექტროქსელებში ელექტროენერგიის ტექნოლოგიური ხარჯი მის გადაცემაზე