1. საგადასახადო პერიოდი არის დროის მონაკვეთი, რომლითაც განისაზღვრება პირის საგადასახადო ვალდებულება კონკრეტული გადასახადის მიხედვით.

2. თუ საწარმო/ორგანიზაცია დაფუძნდა (სახელმწიფო რეგისტრაცია გაიარა) კალენდარული წლის დაწყების შემდეგ ამ წლის 1 დეკემბრამდე, მისთვის პირველი საგადასახადო პერიოდია დროის მონაკვეთი მისი დაფუძნების (რეგისტრაციის) დღიდან ამ წლის ბოლომდე. ამასთანავე, ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს დაფუძნების დღედ ითვლება ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების დადების დღე.

3. თუ საწარმო/ორგანიზაცია დაფუძნდა 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მისთვის პირველი საგადასახადო პერიოდია დროის მონაკვეთი დაფუძნების დღიდან მომდევნო წლის ბოლომდე, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. თუ საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია განხორციელდა კალენდარული წლის დამთავრებამდე, მისთვის უკანასკნელი საგადასახადო პერიოდია დროის მონაკვეთი ამ წლის დასაწყისიდან მისი ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის დასრულების დღემდე.

5. თუ საწარმო/ორგანიზაცია დაფუძნდა მისი ლიკვიდაციის/ რეორგანიზაციის წლის წინა წლის 30 ნოემბრის შემდეგ, მისთვის პირველი და უკანასკნელი საგადასახადო პერიოდებია დროის მონაკვეთი დაფუძნების დღიდან ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის დასრულების დღემდე.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული წესები არ გამოიყენება იმ საწარმოების/ორგანიზაციების მიმართ, რომლებსაც გამოეყო ან მიუერთდა ერთი ან რამდენიმე საწარმო/ორგანიზაცია.

7. თუ საგადასახადო პერიოდის განმავლობაში საქართველოს საწარმო/ორგანიზაცია იძენს უცხოური საწარმოს სტატუსს ან, პირიქით, უცხოური საწარმო – საქართველოს საწარმოს სტატუსს, საგადასახადო პერიოდი იყოფა ორ ნაწილად: პირველ ნაწილში საწარმო/ორგანიზაცია გადასახადის გადამხდელია თავდაპირველი სტატუსის შესაბამისად, ხოლო მეორეში – შეძენილი სტატუსის შესაბამისად.

71
. (ამოღებულია - 26.12.2013, №1886).

8. ამ მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული წესები არ გამოიყენება იმ გადასახადის მიმართ, რომლის საგადასახადო პერიოდი არ არის კალენდარული წელი.

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6212 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2013 წლის

26 დეკემბრის კანონი №1886
- ვებგვერდი, 30.12.2013