1. თევზის მეურნეობის მოწყობის მიზანია სასაქონლო თევზის გამოზრდა და მისი მოპოვება.
2. თევზის მეურნეობის მოწყობისათვის შესაბამისი ფართობების შერჩევა ხდება სათანადო საქმიანობით დაინტერესებული პირის (პირების) განცხადების ან სააგენტოს ინიციატივის საფუძველზე.
3. თევზის მეურნეობის მოწყობისათვის შეირჩევა მდინარეები, ტბები, წყალსაცავები და მათი მიმდებარე ტყით დაუფარავი ფართობები.
4. იკრძალება ეკოსისტემისათვის უცხო და აგრესიულად ინვაზიური სახეობების შემოყვანა და მათი გამრავლება.
5. თევზის მეურნეობისათვის ფართობების შერჩევის მასალები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:
ა) ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);
ბ) მდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო და კვარტალ(ებ)ი) შესახებ;
გ) არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ;
დ) შერჩეული ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ;
ე) კონკრეტული სიტუაციისათვის საჭირო სხვა შესაძლო მონაცემების შესახებ.
6. ფართობების შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც თევზის მეურნეობის წარმოების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბ. მეტრზე მეტი ოდენობით. მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი შემდგომი რეალიზაციისათვის გადაეცემა სააგენტოს და რეალიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით