1. ვიზიტები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) სახელმწიფო ვიზიტი;

ბ) ოფიციალური ვიზიტი;

გ) სამუშაო ვიზიტი;

დ) გავლითი ვიზიტი;

ე) არაოფიციალური ვიზიტი.

2. სახელმწიფო ვიზიტი. სახელმწიფო ვიზიტი ეწოდება უმაღლესი დონის ვიზიტს, რომლის დროს სტუმრის დახვედრა, გაცილება და პროგრამით გათვალისწინებული ყველა სხვა ღონისძიება იმართება სრული საპროტოკოლო ცერემონიის დაცვით. სახელმწიფო ვიზიტი ეწყობა საზღვარგარეთის ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის საქართველოში პირველი სტუმრობისას (ამ თანამდებობაზე მოღვაწეობის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ) ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში.

3. ოფიციალური ვიზიტი. ოფიციალური ვიზიტის დროს სტუმრის დახვედრა, გაცილება და პროგრამით გათვალისწინებული ყველა სხვა ღონისძიება იმართება სრული საპროტოკოლო ცერემონიის დაცვით. ოფიციალური ვიზიტის ყურადღების ცენტრშია პოლიტიკური მოლაპარაკება. საპროტოკოლო ცერემონიის ღონისძიებებით გათვალისწინებულია ოფიციალური სადილი (ვახშამი), დასწრება კონცერტზე ან თეატრალურ წარმოდგენაზე, დედაქალაქის ღირსშესანიშნაობათა დათვალიერება, ზოგ შემთხვევაში – პარლამენტში გამოსვლა, შეხვედრა პოლიტიკური პარტიების, საქმიანი წრეების ან საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან, უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინით შემკობა, საპატიო ჯილდოს გადაცემის ცერემონია. ოფიციალური ვიზიტისას, როგორც წესი, გათვალისწინებულია შემაჯამებელ დოკუმენტებზე ხელმოწერა.

4. სამუშაო ვიზიტი. სამუშაოა ისეთი ვიზიტი, როდესაც მაღალი დონის უცხოელი სტუმრები ეწვევიან ქვეყანას მოლაპარაკებისა და პოლიტიკური კონსულტაციებისათვის, აგრეთვე ხელშეკრულებების ხელმოსაწერად, საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად და სხვ.

5. გავლითი ვიზიტი. გავლით ვიზიტს განეკუთვნება მაღალი დონის უცხოელი სტუმრების სატრანზიტო ვიზიტი ქვეყანაში.

6. არაოფიციალური ვიზიტი. არაოფიციალური ვიზიტების რიცხვს განეკუთვნება მაღალი დონის უცხოელი სტუმრების ვიზიტები გამოფენების ან რაიმე სხვა ობიექტების გახსნაზე, საზოგადოებრივ, საერთაშორისო ღონისძიებებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, დასასვენებლად, სამკურნალოდ, სპორტულ შეჯიბრებებსა და კონკურსებზე დასასწრება