1. დახვედრა
ა) საქართველოში სტუმრად ჩამოსულ საზღვარგარეთის ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურს (მეუღლითურთ) ხვდებიან საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ), პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ელჩი სტუმრის ქვეყანაში, ქალაქის მერი, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი, სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის, სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისა და პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსები. დახვედრაში მონაწილეობენ აგრეთვე საქართველოში აკრედიტებული სტუმრის ქვეყნის საელჩოს დიპლომატები. სხვა დამხვედრ პირთა შემადგენლობა განისაზღვრება დელეგაციის წევრთა და თანმხლებ პირთა შემადგენლობისა და პოლიტიკურ მოსაზრებათა გათვალისწინებით. მინისტრები, პარლამენტის წევრები, უწყებების ხელმძღვანელები, ქალაქის ხელისუფლების ხელმძღვანელები აეროპორტში მიბრძანდებიან თვითმფრინავის ჩამოსვლამდე 30 წუთით ადრე, მთავარი დამხვედრი პირები – 15 წუთით ადრე. თვითმფრინავის ჩამოფრენამდე 10 წუთით ადრე ოფიციალური დამხვედრი პირები და საქართველოში აკრედიტებული სტუმრის ქვეყნის საელჩოს დიპლომატები იკავებენ თავიანთ ადგილებს აეროდრომის ტერიტორიაზე (იხ. სქემა 1);
ბ) თბილისის აეროპორტში გამოიფინება მარცხნივ სტუმრის ქვეყნისა და მარჯვნივ საქართველოს (თუ შევხედავთ საფრენი მინდვრიდან) სახელმწიფო დროშები და მისასალმებელი ტრანსპარანტი სტუმრისა და ქართულ ენებზე. აეროპორტის მეორე სადგომზე დაეფინება წითელი ფიანდაზი შესაბამისი სქემის მიხედვით და დაიდგმება პოდიუმი, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი და მთავარი სტუმარი აბრძანდებიან სახელმწიფო ჰიმნების შესრულების დროს (მიკროფონებით აღჭურვილი პოდიუმი გამოიყენება სტუმრების მისასალმებელი სიტყვების წარმოთქმის შემთხვევაში). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი ასრულებს სტუმრის ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნებს. ცერემონიით გათვალისწინებულია შეიარაღებული ძალების სამი სახეობის ჯარისაგან შემდგარი საპატიო ყარაულის გამწკრივება და აღლუმი;
გ) მთავარი სტუმრის თვითმფრინავი ჩერდება ქ. თბილისის აეროდრომის მე-3 სადგომზე. თვითმფრინავის გაჩერების შემდეგ მას მიადგება №2 ტრაპი (იმ შემთხვევაში თუ თვითმფრინავს აქვს ერთი გამოსასვლელი, დელეგაციის წევრები და თანმხლები პირები ჩამობრძანდებიან თვითმფრინავიდან მთავარი სტუმრის ჩამოსვლის შემდეგ), რომლითაც ჩამობრძანდებიან სტუმრის თანმხლები პირები და ჟურნალისტები. მათ ტრაპთან ხვდებიან სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურისა და საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მიუძღვებიან სტუმრებს მათთვის განკუთვნილი ადგილისაკენ. სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლები თანმხლებ პირებს მიაცილებენ ავტომანქანების სადგომამდე და სთხოვენ დაიკავონ მათთვის განკუთვნილი ადგილები ავტომობილებში. №2 ტრაპიდან ჩამობრძანდებიან აგრეთვე ოფიციალური დელეგაციის წევრები, რომლებსაც ტრაპთან ხვდებიან სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლები და საქართველოში სტუმრის ქვეყნის საელჩოს თანამშრომლები. დელეგაციის წევრებს აცილებენ მათთვის გამოყოფილი სექტორისაკენ, რომელიც განლაგებულია საფრენ მინდორზე აეროპორტის შენობის პარალელურად დაფენილი წითელი ფიანდაზის გასწვრივ;
დ) საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ) უახლოვდება თვითმფრინავს, რომელსაც მიადგება ფიანდაზით დაფარული №1 ტრაპი. ოფიციალური დამხვედრი პირები და სტუმრის ოფიციალური დელეგაციის წევრები იკავებენ ადგილს საფრენ მინდორზე აეროპორტის შენობის პარალელურად დაფენილი წითელი ფიანდაზის გასწვრივ. №1 ტრაპზე აბრძანდებიან სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი და მთავარი სტუმრის ქვეყნის ელჩი საქართველოში, რომლებიც ესალმებიან სტუმარს და მიიწვევენ გასასვლელისაკენ. ისინი ჩამოუძღვებიან მთავარ სტუმარს (მეუღლითურთ) ტრაპზე. სახელმწიფო პროტოკოლის უფროსი წარუდგენს მთავარ სტუმარს (მეუღლითურთ) საქართველოს პრეზიდენტს (მეუღლითურთ). მთავარი სტუმრის მეუღლეს ქართულ ეროვნულ ტანსაცმელში ჩაცმული ქალ-ვაჟი მიართმევენ ყვავილების თაიგულს;
ე) მთავარი სტუმარი (მეუღლითურთ) და საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ) მიემართებიან ორკესტრისა და საპატიო ყარაულისაკენ. საპატიო ყარაულის უფროსი პატაკს აბარებს მთავარ სტუმარს. მთავარი სტუმარი თავის დახრით პატივს მიაგებს საქართველოს სახელმწიფო დროშას;
ვ) მთავარი სტუმარი (მეუღლითურთ) და საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ) სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსის თანხლებით უახლოვდებიან დამხვედრ ოფიციალურ პირებსა და სტუმრის ოფიციალური დელეგაციის წევრებს. მთავარი სტუმარი (მეუღლითურთ) ჩაუვლის მათ მწკრივს. სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი აცნობს სტუმარს დამხვედრ ოფიციალურ პირებს. სტუმრის პროტოკოლის უფროსი აცნობს საქართველოს პრეზიდენტს (მეუღლითურთ) დელეგაციის ოფიციალურ წევრებსა და მთავარი სტუმრის ქვეყნის საელჩოს თანამშრომლებს;
ზ) მთავარი სტუმარი და საქართველოს პრეზიდენტი აბრძანდებიან პოდიუმზე (მთავარი სტუმრის მეუღლე და საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე იკავებენ მათთვის განკუთვნილ ადგილებს პოდიუმის გვერდით). სრულდება სტუმრის ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები. სახელმწიფო ჰიმნების შესრულების შემდეგ საზეიმო მარშით ჩაივლის საპატიო ყარაული;
თ) დახვედრის ცერემონიის დამთავრებისთანავე მთავარ სტუმარს მიართმევენ ავტომობილს. მთავარი სტუმარი ავტომობილში იკავებს საპატიო ადგილს უკანა მარჯვენა განაპირა მხარეს. მის გვერდით დაბრძანდება საქართველოს პრეზიდენტი. ავტომობილში აგრეთვე იმყოფება დაცვის თანამშრომელი (საჭიროების შემთხვევაში თარჯიმანი). საქართველოს პრეზიდენტი მთავარ სტუმარს მიაცილებს სამთავრობო რეზიდენცია „კრწანისამდე“. მთავარი სტუმრის ავტომობილის უკან ჩამწკრივებულია სტუმრების მომსახურებისათვის განკუთვნილი დანომრილი ავტომობილები. მეორე ავტომობილში სხდებიან მთავარი სტუმრის მეუღლე და საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე. მათთან ერთად სხდებიან დაცვის თანამშრომელი და თარჯიმანი. სტუმრები სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის მიერ მომზადებული სქემის შესაბამისად (რომელსაც წინასწარ აცნობენ სტუმართა მხარის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლებს) სხდებიან დანარჩენ ავტომობილებში. მათთან ერთად ავტომობილებში სხდებიან მხოლოდ ის დამხვედრი ოფიციალური პირები, რომლებიც სტუმრობის დამტკიცებული პროგრამის თანახმად მუდმივად თან უნდა ახლდნენ სტუმრებს;
ი) ქალაქის ქუჩებში, აეროპორტიდან რეზიდენციამდე, სტუმართა ავტოკოლონის მოძრაობის მარშრუტის შესაბამისად და პროგრამით გათვალისწინებულ ყველა ობიექტზე გამოიფინება სტუმრის ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები. მთავარი სტუმრის ავტომობილზე მაგრდება მისი ქვეყნის სახელმწიფო დროშა ან პრეზიდენტის შტანდარტი (მარჯვნივ) და საქართველოს სახელმწიფო დროშა (მარცხნივ). ქალაქში მოძრაობისას მთავარი სტუმრის ავტომანქანას დაჰყვება 7 მოტოციკლეტისაგან შემდგარი ესკორტი.
2. გაცილება.
ა) გაცილების ცერემონიის ორგანიზაცია ხორციელდება ძირითადად იმავე წესით, როგორც დახვედრისას. თუ მთავარი სტუმარი (მეუღლითურთ) აეროპორტში რეზიდენციიდან მიემგზავრება, საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ) გაუვლის მას და თან ახლავს გამგზავრებამდე. მთავარი სტუმარი (მეუღლითურთ) და საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ) მიემგზავრებიან მაღალი რანგის სტუმრების მისაღებ დარბაზში. გამცილებელი ოფიციალური პირები აეროპორტში მობრძანდებიან დროის ისეთივე ინტერვალით, როგორც დახვედრისას. გასაცილებლად მოსული ოფიციალური პირები გაბრძანდებიან აეროდრომზე და იკავებენ მათთვის განკუთვნილ ადგილებს (იხ. სქემა 2);
ბ) მთავარი სტუმრის დელეგაციის წევრები და თანმხლები პირები, აეროპორტში მიემგზავრებიან 30 წუთით ადრე. დელეგაციის იმ წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ გაცილების ცერემონიაში, სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელი მიაცილებს მათთვის განკუთვნილი სექტორისაკენ, რომელიც განლაგებულია საფრენ მინდორზე აეროპორტის შენობის პარალელურად დაფენილი წითელი ფიანდაზის გასწვრივ. დელეგაციის დანარჩენი წევრები და თანმხლები პირები სხდებიან თვითმფრინავში;
გ) მთავარი სტუმარი (მეუღლითურთ) და საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ) შებრძანდებიან მაღალი რანგის სტუმრების მისაღებ დარბაზში (იმავე დროს მთავარი სტუმრის თანმხლები პირები მიემართებიან მათთვის განკუთვნილი ადგილისაკენ);
დ) გაცილების ცერემონიის დასაწყისში საპატიო ყარაულის უფროსი პატაკს აბარებს მთავარ სტუმარს. მთავარი სტუმარი თავის დახრით პატივს მიაგებს საქართველოს დროშას. შემდგომ მთავარი სტუმარი და საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსის თანხლებით მიემართებიან იმ ადგილისაკენ, სადაც დგანან გამცილებელი ოფიციალური პირები და სტუმრის ოფიციალური დელეგაციის წევრები. მთავარი სტუმარი (მეუღლითურთ) ჩაუვლის მათ მწკრივს. მთავარი სტუმარი (მეუღლითურთ) ემშვიდობება გამცილებელ ოფიციალურ პირებს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ) – მთავარი სტუმრის ოფიციალური დელეგაციის წევრებს;
ე) მთავარი სტუმარი და საქართველოს პრეზიდენტი აბრძანდებიან პოდიუმზე (მთავარი სტუმრის მეუღლე და საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე იკავებენ მათთვის განკუთვნილ ადგილებს პოდიუმის გვერდით). სრულდება სტუმრის ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები. სახელმწიფო ჰიმნების შესრულების შემდეგ საზეიმო მარშით ჩაივლის საპატიო ყარაული;
ვ) მთავარი სტუმარი (მეუღლითურთ) და საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ) მიემართებიან №1 ტრაპისაკენ. ტრაპთან მთავარი სტუმრის მეუღლეს ქართულ ეროვნულ ტანსაცმელში ჩაცმული ქალ-ვაჟი მიართმევენ ყვავილების თაიგულს. იმავდროულად სტუმრის დელეგაციის წევრები და თანმხლები პირები აბრძანდებიან თვითმფრინავში №2 ტრაპით (იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავს აქვს მხოლოდ ერთი შესასვლელი, სტუმრის დელეგაციის წევრები და თანმხლები პირები აბრძანდებიან თვითმფრინავში იმ დროს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ) და მთავარი სტუმარი (მეუღლითურთ) ემშვიდობებიან ერთმანეთს);
ზ) მაღალი რანგის სტუმარი დახვედრა-გაცილებისას მოძრაობს წითელ ფიანდაზზე;
თ) დახვედრისა და გაცილების ცერემონია, მისი დეტალები წინასწარ არის შეთანხმებული სტუმრის ქვეყნის პროტოკოლის სამსახურთან.
3. დახვედრისა და გაცილების ცერემონიათა გაშუქება. საზღვარგარეთის ქვეყნის პრეზიდენტის (სახელმწიფოს მეთაურის) სახელმწიფო (ოფიციალური) ვიზიტების დროს დახვედრისა და გაცილების ოფიციალური ცერემონიები გადაიცემა საქართველოს ტელევიზიითა და რადიოთი პირდაპირ ეთერში.
4. რეზიდენციაში დაბინავება. მთავარი სტუმრის, დელეგაციის წევრებისა და თანმხლები პირების დაბინავება ხდება სამთავრობო რეზიდენციასა და სასტუმროში. სახლზე, სადაც დაბინავებულია მთავარი სტუმარი, აღმართულია მისი ქვეყნის სახელმწიფო დროშა ან პრეზიდენტის შტანდარტი.
5. საუბრები, მოლაპარაკება, ხელშეკრულებებზე ხელმოწერა და პრესკონფერენცია.
ა) საზღვარგარეთის ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურთან საუბარსა და მოლაპარაკებას, როგორც წესი, უძღვება საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს მხრიდან საუბრის (მოლაპარაკების) მონაწილეთა შემადგენლობა შეზღუდულია და განისაზღვრება იმ სიით, რომელიც წინასწარ მტკიცდება სტუმართა დელეგაციის შემადგენლობის გათვალისწინებით. დროის იმ მონაკვეთისათვის, როდესაც სტუმრობის პროგრამით გათვალისწინებულია ოფიციალური შეხვედრები (საუბრები, მოლაპარაკება), მთავარი სტუმრის მეუღლისა და მისი თანმხლები პირებისათვის ცალკე დგება პროგრამა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტთან მიღების ცერემონია მიმდინარეობს შემდეგნაირად: სამთავრობო რეზიდენცია „კრწანისის“ II სახლის წინ გამოფენილია სტუმრის ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები. საზღვარგარეთის ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის ავტომობილი ჩერდება ცენტრალურ შესასვლელთან. კარის მარჯვნივ და მარცხნივ დგანან სააღლუმო ფორმაში გამოწყობილი საპატიო ყარაულის ჯარისკაცები. ისინი მხედრულ სალამს აძლევენ მთავარ სტუმარს. სამთავრობო რეზიდენცია „კრწანისის“ II სახლის შესასვლელის ზღურბლზე მთავარ სტუმარს ხვდება საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტი და მთავარი სტუმარი აბრძანდებიან რეზიდენციის მე-2 სართულზე „ბუხრიან” დარბაზში, სადაც იმართება საუბარი პირისპირ (იხ. სქემა 3). საუბრის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტი და მთავარი სტუმარი იღებენ სამახსოვრო ფოტოსურათს საქართველოსა და სტუმრის ქვეყნის სახელმწიფო დროშების ფონზე;
გ) მოლაპარაკების მონაწილე საქართველოს წარმომადგენლები მობრძანდებიან სამთავრობო რეზიდენცია „კრწანისის“ II სახლში შეხვედრის დაწყებამდე 30 წუთით ადრე და იკრიბებიან მე-2 სართულზე. მთავარი სტუმრის დელეგაციის წევრები სამთავრობო რეზიდენცია „კრწანისის“ II სახლში მობრძანდებიან 15 წუთით ადრე;
დ) პირისპირ საუბრის დასრულების შემდეგ „ბუხრიან“ დარბაზში მიიწვევენ მოლაპარაკების მონაწილე პირებს, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტთან და მთავარ სტუმართან ერთად უსხდებიან მაგიდას (იხ. სქემა 4). პრესის თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ გადაიღონ მოლაპარაკების დასაწყისი, რის შემდეგაც ისინი ტოვებენ დარბაზს და მიემართებიან მე-3 სართულზე, საკონფერენციო დარბაზში;
ე) მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარი სტუმარი და დელეგაციის წევრები აბრძანდებიან მე-3 სართულზე, საკონფერენციო დარბაზში, სადაც გაიმართება ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია;
ვ) ხელმოწერის ცერემონიისას დარბაზში მაგიდის უკან გამოიფინება მთავარი სტუმრის ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები (იხ. სქემა 5);
ზ) ქართულ და სტუმრის ენებზე ცხადდება ხელმოსაწერ დოკუმენტთა ნუსხა და დოკუმენტებზე ხელმომწერთა ვინაობა. ხელმოწერის ცერემონიის დამთავრების შემდეგ მონაწილეებს მიართმევენ შამპანურს;
თ) ხელმოწერის ცერემონიას ესწრებიან: საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო კანცელარიის უფროსი, საქართველოს ელჩი სტუმრის ქვეყანაში, სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი, პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სხვა ოფიციალური პირები ხელშეკრულებათა ხასიათის მიხედვით;
ი) ვიზიტის ოფიციალური მხარის დამთავრების შემდეგ სამთავრობო რეზიდენცია „კრწანისის“ II სახლის საკონფერენციო დარბაზში იმართება პრესკონფერენცია. პრესკონფერენციის მონაწილე ოფიციალური პირები, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები, რომლებიც აშუქებენ ამ მოვლენებს, იკავებენ შესაბამის ადგილებს სამთავრობო რეზიდენცია „კრწანისის“ II სახლის საკონფერენციო დარბაზში. პრესკონფერენციას უძღვება პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი;
კ) პრესკონფერენციის დამთავრების შემდეგ მთავარი სტუმარი და საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო პროტოკოლის უფროსის თანხლებით ჩაბრძანდებიან რეზიდენციის პირველ სართულზე. შენობის ზღურბლზე პრეზიდენტი ემშვიდობება მთავარ სტუმარს. სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი აცილებს მთავარ სტუმარს მანქანამდე.
6. ოფიციალური სადილი (ვახშამი)
ა) სტუმრის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტი მართავს ოფიციალურ სადილს (ვახშამს). სადილს (ვახშამს) ესწრებიან ოფიციალური პირები სპეციალურად შედგენილი სიის მიხედვით: მინისტრები, პარლამენტის, სახელმწიფო კანცელარიისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელი პირები, საქმიანი წრეების წარმომადგენლები, ისინი, ვინც მონაწილეობს სტუმრების მიღების პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებში. სადილზე (ვახშამზე) სასურველია იმ პირთა დასწრება, რომლებიც ამა თუ იმ სფეროში მონაწილეობენ საქართველოსა და შესაბამისი ქვეყნის თანამშრომლობაში. სადილზე (ვახშამზე) მოწვეულ პირთა სია განისაზღვრება სტუმართა პერსონალური შემადგენლობის გათვალისწინებით. ოფიციალურ სადილზე (ვახშამზე) მოწვეულთა შებრძანება წარმოებს მოსაწვევი ბარათის წარდგენის საფუძველზე. თუ სტუმარს მოსაწვევი ბარათი თან არა აქვს, მან უნდა მიმართოს დაცვის სამსახურის თანამშრომელს, რომელიც შეამოწმებს შესაბამის გვარს მოწვეულთა სიაში;
ბ) მიწვეულთა ოფიციალურ სადილზე (ვახშამზე) დასწრება სავალდებულოა. წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოუცხადებლობა და დაგვიანება ეტიკეტის უხეშ დარღვევად ითვლება.
გ) ოფიციალურ სადილზე (ვახშამზე) ჩაცმულობის ფორმაა: მამაკაცებისათვის – მუქი კოსტიუმი, მანდილოსნებისათვის – საღამოს კაბა;
დ) მთავარი სტუმარი (მეუღლითურთ) სამთავრობო რეზიდენცია „კრწანისის“ II სახლში მიდის სადილის (ვახშმის) დაწყებამდე 5 წუთით ადრე, სადაც მას სახლის ზღურბლზე ხვდება საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ) და მიიწვევს მთავარ სტუმარს (მეუღლითურთ) მე-4 სართულზე საბანკეტო დარბაზში. სხვა მიწვეული სტუმრები 15 წუთით ადრე იკრიბებიან სამთავრობო რეზიდენციის II სახლის მე-4 სართულზე, საბანკეტო დარბაზში;
ე) სტუმრები შებრძანდებიან საბანკეტო დარბაზში და კუვერტული სქემით მათთვის განკუთვნილ ადგილებთან ელოდებიან მთავარი სტუმრისა (მეუღლითურთ) და საქართველოს პრეზიდენტის (მეუღლითურთ) შემობრძანებას დარბაზში. სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლები ეხმარებიან სტუმრებს ადგილის მონახვაში. საბანკეტო დარბაზში შებრძანდებიან მთავარი სტუმარი (მეუღლითურთ) და საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ). მას შემდეგ რაც მთავარი სტუმარი (მეუღლითურთ) და მასპინძელი (მეუღლითურთ) მიუსხდებიან მაგიდას, სადილზე (ვახშამზე) მოწვეული სტუმრები იკავებენ თავიანთ ადგილებს;
ვ) სადილის (ვახშმის) დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტი და მთავარი სტუმარი წარმოთქვამენ სიტყვებს (საჭიროების შემთხვევაში თარგმნილი ტექსტები დაიდება მაგიდებზე). ოფიციალურ სადილზე (ვახშამზე) სიტყვების წარმოთქმის შემდეგ იწყება მუსიკალური ნომრების შესრულება.
ზ) სადილის (ვახშმის) დამთავრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ) აცილებს მთავარ სტუმარს (მეუღლითურთ) II სახლის ზღურბლამდე;
7. დასწრება თეატრის წარმოდგენაზე (კონცერტზე).
ა) თეატრის წარმოდგენაზე (კონცერტზე) დასწრების შემთხვევაში მთავარ სტუმართან (მეუღლითურთ) ერთად ცენტრალურ ლოჟაში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ);
ბ) სცენის თავსა და საპრეზიდენტო ლოჟაზე გამოიკიდება სტუმრის ქვეყნის (მარცხნივ, თუ პარტერიდან ვუყურებთ) და საქართველოს (მარჯვნივ) სახელმწიფო დროშები. წარმოდგენის (კონცერტის) დაწყების წინ სრულდება სტუმრის ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები (თითო კუპლეტი);
გ) წარმოდგენის (კონცერტის) დამთავრების შემდეგ მსახიობებს მთავარი სტუმრისა და საქართველოს პრეზიდენტის სახელით მიართმევენ ყვავილების თაიგულებს.
8. მოგზაურობა საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში. სტუმრის სურვილისამებრ ოფიციალური ვიზიტის პროგრამით შეიძლება საქართველოში მოგზაურობის გათვალისწინება. საქართველოს რაიონებსა და ქალაქებში მოგზაურობისას საზღვარგარეთის ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურს თან დაჰყვებიან სახელმწიფო მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ელჩი სტუმრის ქვეყანაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელი მუშაკები, სახელმწიფო პროტოკოლის თანამშრომლები. დელეგაციის შემადგენლობისა და პოლიტიკურ მოსაზრებათა გათვალისწინებით დელეგაციას შეიძლება თან გაჰყვნენ პარლამენტის წევრები, მინისტრები, უწყებათა ხელმძღვანელები (ან მათი მოადგილეები).
9. სამახსოვრო საჩუქრები. ოფიციალური ვიზიტის დროს გათვალისწინებულია მთავარ სტუმარს (მეუღლითურთ) და მის თანმხლებ პირებს საქართველოს პრეზიდენტის სახელით გადაეცეს სამახსოვრო საჩუქრები, რომლებსაც სტუმრებისათვის შეარჩევს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურ