1. სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაცია – ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს ელექტროდანადგარების მშენებლობის და მონტაჟის სამუშაოებს.
2. გამწყობი ორგანიზაცია – ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს ელექტროდანადგარების გაწყობის სამუშაოებს.
3. ხარაჩო – ერთი ან მრავალიარუსიანი კონსტრუქცია, სხვადასხვა ჰორიზონტებზე სამუშაო ადგილების ორგანიზაციისთვის.
4. კოშკურა – გადასატანი კონსტრუქცია, რომელიც განკუთვნილია სიმაღლეზე მოკლევადიანი სამუშაოებისათვის.
5. საკიდელა – სიმაღლეში გადასაადგილებელი საკიდი კონსტრუქცია სამუშაო ადგილით.
6. ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – სხვადასხვა დანიშნულების აღჭურვილობა (დამცავი ტანსაცმელი, შლემი, სათვალე, რესპირატორი და სხვა), რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულის ჯანმრთელობაზე მძიმე, მავნე და საშიში საწარმოო ფაქტორების აცილებას და/ან შემცირებას.
7. აქტი-დაშვება – მოქმედი ელექტროდანადგარის ტერიტორიაზე ელექტროდანადგარის მონტაჟის (გაწყობის) სამუშაოების წარმოებაზე წერილობითი ნებართვა.
8. საექსპლუატაციო საწარმო – ელექტროსადგური, ელექტრული ქსელები და საწარმოები, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ ელექტროდანადგარებს.
9. აღძრული (გამოწვეული) ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროგადამცემი ხაზი – ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც მთელ სიგრძეზე ან ცალკეულ უბნებზე გადის მოქმედი ელექტროგადამცემი ხაზის ან ელექტროფიცირებული რკინიგზის ცვლადი დენის საკონტაქტო ქსელის ახლოს და რომლის გამორთულ სადენებზე, მათი სხვადასხვა სქემით დამიწების მიუხედავად (ასევე დამიწების არ არსებობისას), მოქმედი ელექტროგადამცემი ხაზების (საკონტაქტო ქსელი) მუშა-დენის უდიდესი მნიშვნელობის დროს, აღიძვრება 25 ვ-ზე მეტი ძაბვა.
10. სამუშაო ზონა – სივრცე, იატაკიდან ან მოედნის დონიდან 2 მეტრამდე სიმაღლით, რომელიც დასაქმებულთა მუდმივი ან დროებითი ადგილსამყოფელია.
11. სამუშაო ადგილი – სადაც დასაქმებული იმყოფება ძირითადი სამუშაო დროის განმავლობაში (სამუშაო დროის 50% ან უწყვეტად 2 საათზე მეტი). ამასთან, თუ სამუშაოს შესრულება მოითხოვს სხვადასხვა ადგილას ყოფნას, სამუშაო ადგილად ითვლება მთელი სამუშაო ზონა.
12. ელექტროდამცავი საშუალებები – დაცვის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ელექტროუსაფრთხოებას.
13. მაეკრანირებელი საშუალებები – გადასატანი ან გადასაზიდი ნაკეთობები, რომლებიც ემსახურება ელექტროდანადგარებთან მომუშავე ხალხის ელექტრული დენის მიერ დაზიანებისაგან, ელექტრული რკალის და ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედებისაგან დაცვას.
14. სამუშაოები მოქმედ ელექტროდანადგარებში – მოქმედი ელექტროდანადგარების ტერიტორიაზე (სათავსში) ელექტროსამონტაჟო (გაწყობის) სამუშაოების წარმოება.
15. გამომცდელი დანადგარი – ელექტრომოწყობილობის გამოსაცდელი გადასაზიდი ან გადასატანი მოწყობილობა დამოუკიდებელი კვებით, რომლის მეშვეობითაც ელექტრომოწყობილობას შეიძლება მიეწოდოს საცდელი ძაბვა.
16. ძაბვის მიწოდება მუდმივი სქემით – ელექტროდანადგარზე ან მის ცალკეულ უბნებზე ძაბვის მიწოდება საკომუტაციო სქემით, რომელიც გათვალისწინებულია ამ ელექტროდანადგარის პროექტით, მასზე საექსპლუატაციო რეჟიმის შემოღების შემდეგ.
17. ძაბვის მიწოდება დროებითი სქემით – გაწყობის სამუშაოების დროს გამოსაცდელი დანადგარების კვებისათვის ძაბვის მიწოდება საკომუტაციო სქემით, რომელიც არ არის გათვალისწინებული გამოსაცდელი დანადგარის პროექტით.
18. სამუშაოები ძაბვის მოხსნით – სამუშაოები, რომლებიც სრულდება ელექტროდანადგარზე, რომლის დენგამტარი ნაწილებიდან საკომუტაციო აპარატების, კაბელების, სალტეების და სადენების გამორთვით მოხსნილია მუშა-ძაბვა და მიღებულია სამუშაო ადგილზე არსებულ დენგამტარ ნაწილებზე ძაბვის მიწოდების საწინააღმდეგო ზომები.
19. შრომის უსაფრთხოება – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, საწარმოო გარემოს მძიმე, მავნე და საშიში ფაქტორებით გამოწვეული ზემოქმედების თავიდან აცილებისა და/ან მინიმიზაციის მიზნით.
20. შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები – მოთხოვნები, რომლებიც დადგენილია საკანონმდებლო აქტებით, ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციით, წესებით და ინსტრუქციებით, რომელთა შესრულება უზრუნველყოფს პერსონალის უსაფრთხოებას.
21. შრომის პირობები – საწარმოო გარემოსა და შრომის ფაქტორების ერთობლიობა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაზე.
თავი II
საერთო მოთხოვნებ