1. მიწის სამუშაოები უნდა ჩატარდეს მექანიზირებული მეთოდით. გრუნტის ხელით დამუშავება დაშვებულია მცირე მოცულობების შემთხვევაში, მანქანებისთვის მიუწვდომელ ადგილებში და ქვაბულების საპროექტო ზომებამდე დაყვანის დროს (ფუძის დაგეგმარება და მოსწორება).
2. ექსკავატორები, საბურღი და ხიმინჯსასობი დანადგარები მუშაობის დროს უნდა დაყენდეს მოშანდაკებულ მოედანზე, ხოლო პნევმატური სვლის მანქანები დამაგრდეს საინვენტარო (გადასატანი) საბჯენებით.
3. სამუშაოს შესრულებისას შესვენების დროს (მისი მიზეზების და ხანგრძლივობის მიუხედავად) ექსკავატორის ისარი უნდა გაიწიოს სანგრევიდან გვერდით, ხოლო ციცხვი დაიშვას გრუნტზე. ციცხვის გაწმენდა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იგი დაშვებულია მიწაზე ქვაბულის გარეთ.
4. მიწის სამუშაოების დროებით შეჩერების შემთხვევაში ექსკავატორი ქვაბულის ნაპირიდან გაყვანილი უნდა იქნეს არანაკლებ 2 მ-ის მოშორებით.
5. ექსკავატორის მუშაობის დროს აკრძალულია რაიმე სხვა სახის სამუშაოების წარმოება სანგრევის მხრიდან და ადამიანების ყოფნა ამ ტერიტორიაზე, რომელიც შემოიფარგლება ექსკავატორის მოქმედების რადიუსს პლუს 5 მ.
6. ექსკავატორის მოძრაობისას ისარი უნდა იქნეს დაყენებული ზუსტად მოძრაობის მიმართულებით, ხოლო ციცხვი აწეული მიწის ზედაპირიდან 0,5-0,7 მ-ზე. ექსკავატორის გადაადგილება დატვირთული ციცხვით აკრძალულია.
7. პასპორტით დადგენილ სიდიდეზე მეტი დახრილობის შემთხვევაში, ექსკავატორის დაშვება და ამოყვანა აუცილებელია განხორციელდეს ტრაქტორის ან ჯალამბრის მეშვეობით.
8. ექსკავატორების ან ამწეების მეშვეობით ავტომანქანების გრუნტით დატვირთვის დროს მძღოლს ეკრძალება ავტომანქანის კაბინაში ყოფნა, თუ კაბინა არ არის მოწყობილი დამცავი საჩიხით.
9. დრაგლაინის მუშაობის დროს ავტომანქანა უნდა იქნეს დაყენებული ისე, რომ მისი კაბინა აღმოჩნდეს ციცხვის მოქმედების რადიუსის გარეთ.
10. აკრძალულია ექსკავატორის მობრუნების და გადაადგილების მექანიზმების გამოყენება გრუნტის მოჭრისათვის, ასევე ციცხვის გრუნტიდან ამოსაღებად.
11. ექსკავატორის მემანქანე ვალდებულია თვალყური ადევნოს დასამუშავებელი ქვაბულის კედლების მდგომარეობას და ჩამონგრევის, ნამზღვლევის ან მეწყერის, ასევე გადმონაშვერების წარმოქმნის მცირეოდენი საფრთხის შემთხვევაშიც კი დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამუშაო და გაიყვანოს ექსკავატორი უსაფრთხო ადგილზე.
12. მიწის ქვეშ დაფარული წყალსადენის, კანალიზაციის, თბოფიკაციის კომუნიკაციები, ასევე დახურულ ტერიტორიაზე განლაგებული გაზსადენები, ჰაერსადენები და კაბელები აღნიშნული უნდა იყოს მიწის ზედაპირზე დაყენებული მაჩვენებლებით.
13. მშენებლობის ტერიტორიაზე მავნე გაზების და საბრძოლო მასალების აღმოჩენის შემთხვევაში მიწის სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, მათი ადგილმდებარეობა აღინიშნოს სპეციალური ნიშნებით და წარწერებით. ამ ზონაში მყოფი მუშაკები დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საშიში ფაქტორების მიზეზების აღმოფხვრამდე.
14. ტრანშეებზე და თხრილებზე, მუშების მოძრაობის ადგილებში დაყენებულ უნდა იქნეს არანაკლებ 0,6 მ სიგანის ბოგირები, მოწყობილი 1 მ სიმაღლის ორმხრივი სახელურებით და გვერდითი დაფებით.
15. დღე-ღამის ბნელ პერიოდში სახიფათო ზონაში განთავსებულ სამუშაო ადგილებში აუცილებელია დამატებით მოეწყოს სამუშაო განათების სანათებისაგან განსხვავებული შუქსიგნალები
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.01.2011
მუხლი 8. მიწის და საბურღი სამუშაოების ორგანიზება
თავი III — საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. სამუშაოების წარმოების მოთხოვნები
- მუხლი 4. მოთხოვნები პერსონალის მიმართ
- მუხლი 5. მოქმედ ელექტროდანადგარებში პერსონალის სამუშაოზე დაშვების ზოგადი მოთხოვნები
- მუხლი 6. ელექტროსადგურების და ქვესადგურების ელექტროდანადგარებზე სამუშაოდ დაშვება
- მუხლი 7. ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში სამუშაოებზე დაშვება
- მუხლი 9. ქვაბულების დამუშავება
- მუხლი 10. მიწისქვეშა კომუნიკაციების და ქვაბულების ახლოს სამუშაოების წარმოება
- მუხლი 11. ფერდობებზე სამუშაოების წარმოება
- მუხლი 12. სამუშაოების წარმოება ზამთრის პერიოდში
- მუხლი 13. ბურღვის სამუშაოები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №01, 04.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.025.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1172040/muxli-8/