1. ზამთრის პერიოდში გრუნტის ამოღება (მშრალი და ქვიშიანის გარდა) გაყინვის სიღრმეზე დაშვებულია სამაგრების დაყენების გარეშე.
2. მშრალი ქვიშიანი გრუნტების დამუშავება უნდა წარმოებდეს მათი გაყინვის სიღრმის მიუხედავად სამაგრების ან ფერდოს მოწყობით. სამაგრების მდგომარეობაზე უნდა დაწესდეს მუდმივი მეთვალყურეობა.
3. ზამთრის პერიოდში დამუშავებული ქვაბულების და ტრანშეების კედლები (სამაგრებით და სამაგრების გარეშე) ექვემდებარება აუცილებელ დათვალიერებას და საჭიროების შემთხვევაში დამატებით გამაგრებას ხანგძლივი ატმოსფერული ნალექით გამოწვეული დათბობის, ასევე ხელოვნური გათბობის შემთხვევაში.
4. ბუნებრივი გაყინვის მეთოდით ქვაბულების და ტრანშეების დამუშავება სამაგრების მოწყობის გარეშე დასაშვებია 4 მ სიღრმემდე, თუკი გაყინვის სიჩქარე და სიღრმე უზრუნველყოფს სამუშაოთა უსაფრთხოებას. მშრალი, ქვიშიანი გრუნტების დამუშავება, მათი გაყინვის მიუხედავად, უნდა წარმოებდეს სამაგრების ან ფერდოების მოწყობით.
5. ზამთრის პირობებში აკრძალულია სანგრევის მექანიზირებული დამუშავება წინასწარი გაფხვიერების გარეშე. ადამიანების ყოფნა გაყინული გრუნტის გაფხვიერების ადგილთან 5 მ-ზე ახლოს დაუშვებელია.
6. სათბურები ქვაბულებზე უნდა მოეწყოს სამუშაოთა წარმოების პროექტის შესაბამისად. სათბურების მოწყობა გაუმაგრებელ ქვაბულებზე და ტრანშეებზე აკრძალულია.
7. გრუნტის ელექტროგათბობის დროს უნდა იყოს დაცული სათანადო უსაფრთხოების წესების მოთხოვნები. გასათბობ მოედანზე უნდა იქნეს დაყენებული ღობეები და გამაფრთხილებელი სიგნალები. დღე-ღამის ბნელ პერიოდში მოედანი უნდა იყოს განათებული.
8. მანძილი ღობეებსა და გასათბობი მოედნის კონტურებს შორის უნდა იყოს არანაკლები 3 მ. ბუნებრივი ტენიანობის გრუნტის ელექტროგათბობა ღია ცის ქვეშ დაშვებულია 380 ვ ძაბვით.
9. ელექტროგათბობას უნდა ემსახურებოდეს ელექტროუსაფრთხოების III ჯგუფის მქონე ელექტრომონტიორი. იგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს აუცილებელი დამცავი საშუალებებით (დიელექტრიკული ხელთათმანები, კალოშები, დენგამზომი მარწუხებით, იზოლირებულსახელურიანი ინსტრუმენტებით). აკრძალულია უცხო პირთა ყოფნა გასათბობ უბნებზე, მისი ძაბვის ქვეშ ყოფნის დროს.
10. დროებითი ელექტრული ქსელები ტრანსფორმატორებიდან გასათბობ უბნებამდე აუცილებელია შესრულდეს იზოლირებული სადენებით, რომლებიც განლაგებულია მიწიდან არანაკლებ 0,5 მ სიმაღლის ხარიხაზე. ტრანსფორმატორის კორპუსი უნდა იყოს დამიწებული.
11. ელექტროგათბობისთვის გამოყენებული მოწყობილობების და სადენების გამართულობა უნდა მოწმდებოდეს ყოველდღიურად, ასევე მოწყობილობის ყოველი გადაადგილების და სადენების გადაწყობის შემდეგ