1. ანძების ასაწყობი მოედნის შერჩევა უნდა წარმოებდეს ტვირთამწე და წევის მექანიზმების თავისუფლად გადაადგილებისათვის საჭირო გზის, სატაკელაჟო გვარლების, სამარჯვების და თვით ანძის მოქმედი ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზებისაგან საჭირო დაშორების უზრუნველყოფის და ანძების აწევის მოხერხებულობის გათვალისწინებით. დანადგარის გადაადგილების და კონსტრუქციების დამაგრების დროს ხალხის გადაადგილებისათვის სახიფათო ზონა, აღნიშნული უნდა იყოს კარგად დასანახი გამაფრთხილებელი ნიშნებით.
2. საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ანძების ასაწყობი მოედანი უნდა იყოს მოშანდაკებული, გასუფთავებული ძირკვებისა და ქვებისაგან, ხოლო ზამთარში – თოვლისაგან. ზედაპირული წყლები გაყვანილი უნდა იქნეს მოედნის გარეთ.
3. ანძების დეტალები უნდა დალაგდეს ჰორიზონტალურად დალაგებულ მყარ ქვესადებებზე.
4. სექციების შეპირაპირების შემდეგ ანძა უნდა დაიდგას ხის ქვესადებებზე ან ჯოჯგინაზე. აკრძალულია სექციების დომკრატებზე ან ტვირთამწე მექანიზმებზე დაკიდებულ მდგომარეობაში დატოვება.
5. ხარაჩოებზე მუშაობის დროს ინსტრუმენტის და დეტალების გაშლა დაშვებულია მხოლოდ ადგილებში, სადაც გამორიცხულია მათი ვარდნა. სამუშაოების დასრულების შემდეგ აკრძალულია ინსტრუმენტის და დეტალების ხარაჩოებზე დატოვება.
6. ანძის აწყობის დასრულების შემდეგ, ანძიდან უნდა ალაგდეს ინსტრუმენტი და გამოუყენებლი დეტალები. აკრძალულია მათი ანძიდან გადმოყრა.
7. აწეული სექცია ან ელემენტი ადგილზე დაყენების შემდეგ უნდა დამაგრდეს საამწყობო ჭანჭიკებით.
8. აწყობის დროს ანძის ქვეშ ყოფნა დასაშვებია მხოლოდ მყარი საინვენტარო საყრდენების არსებობის შემთხვევაში.
9. აკრძალულია ტრავერსების მიერთება კრანით წამოწეულ ანძაზე, რომელიც არ არის დაყრდნობილი ხის ქვესადგამებზე.
10. შეწონასწორება, ჭანჭიკების ხვრელების თანხვდომის შემოწმება და დაყენება უნდა წარმოებდეს მხოლოდ სამონტაჟო ძალაყინის საშუალებით.
11. შემაერთებელი დეტალების ან სექციების ხვრელების თანხვედრის შემდეგ აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს მათი მდგრადი მდგომარეობა ქვესადებების საშუალებით, შემდეგ დამაგრდეს ისინი ჭანჭიკებით. ანძების დაყენებული დეტალებიდან ან სექციებიდან ჯამბარის მოხსნა დაშვებულია მხოლოდ მათი შეერთების ყველა კვანძში ქვემოაღნიშნული რაოდენობის ჭანჭიკებით დამაგრების შემდეგ:
ა) ლითონის ანძებისთვის – 50% ხვრელების საპროექტო რაოდენობიდან, მაგარამ არა- ნაკლებ ორი ჭანჭიკისა ყოველ კვანძში;
ბ) რკინაბეტონის ანძებისთვის – 100% ხვრელების საპროექტო რაოდენობიდან.
12. ანძების აწეულ სექციებზე ან დეტალებზე ასვლა მათი შეერთების მიზნით დასაშვებია მხოლოდ მათი საიმედო დამაგრების და მდგრადობის შემოწმების შემდეგ.
13. ლითონის ანძების დეტალების და სექციების შებრუნების ან გადაბრუნების დროს აკრძალულია მათი შესაძლო გადაადგილების ზონაში ყოფნა.
14. სპეციალური გადასასვლელი ანძების აწყობის დროს (დაშენების მეთოდით) მუშებმა უნდა გაიაროს ინსტრუქტაჟი და სამუშაოები შეასრულონ სამუშაოზე პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით.
15. განივი ტრავერსებიანი რთული ანძების აწყობის დროს, როდესაც ტრავერსის დასაყენებლად ანძის თავი აწეულია 1,5 მ-ზე, ანძის ქვეშ უნდა დაიდგას მყარი საინვენტარო საყრდენები.
16. ანძის ასაწყობი მოედნის ზომა უნდა უზრუნველყოფდეს ანძების დეტალების მოედანზე განფენის მოხერხებულობას და ამწე და საწევი ტრანსპორტის თავისუფალ გავლას.
17. სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი სამუშაოს დაწყებამდე ვალდებულია ყველა მონაწილეს დეტალურად გააცნოს დამტკიცებული სქემა და ანძის აწევის წესი, სიგნალების სისტემა, ასევე ჩაატაროს სამუშაოების უსაფრთხოთ წარმოების ინსტრუქტაჟი.
18. საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის აგების დროს გამოყენებულ ამწევ ისრებს, სახსრებს, გვარლებს და სხვა სამარჯვეებს უნდა ჰქონდეთ საინვენტარო ნიშნის, დასაშვები დატვირთვის და მორიგი გამოცდის თარიღის მაჩვენებელი მარკირება (საჭდეები).
19. სამონტიორო ბრჭყალებს და ასაძრომებს უნდა ჰქონდეთ საინვენტარო ნომრის და მორიგი გამოცდის თარიღის მაჩვენებელი საჭდეები ან დაღი.
20. ყველა ტვირთამწე მანქანა და სამონტაჟო სამარჯვი უნდა იყოს გამოცდილი.
21. მრავალგანშტოიანი ჯამბარების კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს ყველა შტოს თანაბარ დაჭიმვას.
22. ანძის აწევამდე სამუშაოების ხელმძღვანელმა უნდა შეამოწმოს საწევი მექანიზმების, სატაკელაჟო სამარჯვეების გამართულობა, ღუზების ჩალაგების და ჭიმების დაყენების სისწორე, ასევე მთელი ტაკელაჟის დამაგრების სისწორე და საიმედოობა დატვირთვის ქვეშ. ამისათვის ანძა იწევა 0,3 მ სიმაღლეზე და მოწმდება ისრის მდებარეობის სისწორე, ისრის ფეხების საიმედო და თანაბარი დაყრდნობა, ჩაღუნვის, სახსრებში ცალკეული ელემენტების ჩაჭექის ან გატეხვის შესაძლებლობები, ღუზის დამაგრების საიმედოობა, ანძების კონსტრუქციების შესაძლო გადახრების არსებობა (საჭიმების სხვადასხვა სიგრძის ან საჭიმარებიან ანძებზე დიაგონალური საჭიმების და ანძის სხვა კვანძების არათანაბარი დაჭიმვის შედეგად). დათვალიერების პროცესში რაიმე ნაკლოვანებების აღმოჩენის შედეგად ანძა უნდა დაიშვას მიწაზე და გასწორდეს ყველა შემჩნეული დეფექტი. ამის შემდეგ ანძა ისევ უნდა აიწიოს 0,3 მ სიმაღლეზე და განმეორებით შემოწმდეს მთელი ტაკელაჟი დატვირთვის ქვეშ. საპროექტო მდგომარეობამდე ანძის აწევა დასაშვებია მხოლოდ დეფექტების არარსებობის შემთხვევაში. აკრძალულია აწეულ ანძაზე დეფექტების აღმოფხვრა.
23. ანძასთან მისვლა დათვალიერების მიზნით აწევის დროს ნებადართულია მხოლოდ სამუშაოების ხელმძღვანელისთვის. ანძასთან მისასვლელი გზები გაწმენდილი უნდა იყოს საგნებისაგან.
24. აკრძალულია ანძის ისეთ ფუნდამენტებზე დაყენება, რომელიც არ არის სრულად დამონტაჟებული და მთლიანად ამოვსებული გრუნტით.
25. ანძების დაყენება უნდა შესრულდეს სპეციალური მანქანების, სატრანსპორტო საშუალებების, ტაკელაჟის, აღჭურვილობის, ინსტრუმენტების და სამარჯვეების გამოყენებით.
26. ზამთარში ანძების დაყენების დროს, არანაკლებ ანძის სიგრძის ერთნახევარი რადიუსის სამონტაჟო მოედანი უნდა იყოს გასუფთავებული თოვლისაგან, ანძასთან თავისუფალად მისვლის უზრუნველსაყოფად და სამუშაოების უსაფრთხო წარმოების მიზნით. აკრძალულია თოვლისაგან გაუსუფთავებელ მოედანზე სამუშაოების წარმოება.
27. ამწის გამოყენება სამონტაჟო ისრის ნაცვლად აწევის სქემაში “ამწე-ტრაქტორი” დასაშვებია მხოლოდ შემდეგ პირობებში:
ა) ასაწევი ანძის მასა არ უნდა აღემატებოდეს ამწე კრანის ტვირთამწეობას ისრის შესაბამის შვერზე;
ბ) ამწის ისრის მუშა სვლა უნდა უზრუნველყოფდეს ანძის აწევას არანაკლებ 35-400 კუთხით (დასაყენებელი ანძის აწევის კუთხე).
28. ამწის და ტრაქტორის მეშვეობით ანძის დაყენების დროს ანძისგან ყუნწის მოხსნა უნდა ხდებოდეს საწევი ძალვების ტრაქტორზე მთლიანი გადაცემის შემდეგ. ტრაქტორით ანძის აწევის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ამწის გასვლის და ანძის დამუხრუჭების ღონისძიებების შესრულების შემდეგ. აკრძალულია ამწის გავლა აწეული ანძის ქვეშ.
29. ანძის დაყენება ერთი ამწის საშუალებით დაშვებულია შემდეგი პირობების დროს:
ა) ასაწევი ანძის მასა არ უნდა აღემატებოდეს ამწის ტვირთამწეობას ისრის შესაბამის შვერზე;
ბ) ყუნწის მუშა სვლა უნდა უზრუნველყოფდეს ანძის ფუძის ქვედა წერტილის აწევას მიწის ზედაპირიდან (ფუნდამენტიდან) არანაკლებ 0,2-0,5 მ სიმაღლეზე.
30. ერთდგარიანი რკინაბეტონის და ხის ანძების აწევის დროს ამწევი ბაგირი უნდა ჩაიბას სიმძიმის ცენტრის მაღლა. ამწის ისრის შემობრუნების მომენტამდე (ანძის ქვაბულში დაყენების დროს) ანძის კინტი (ფუძე) უნდა აიწიოს მიწიდან არანაკლებ 0,5 მ-ზე.
31. ანძის ქვაბულში მიმართვა უნდა განხორციელდეს სატაცების, საჭიმარების და ბარჯების საშუალებით. აკრძალულია ამ სამუშაოს აღნიშნული სამარჯვების გარეშე ხელით შესრულება.
32. ანძის აწევის და დაყენების დროს აკრძალულია:
ა) ანძის კინტის რაიმე საგნებით დატვირთვა ან მისი ხელით შეკავება კინტის მხარეს გადაწონვის მისაღწევად;
ბ) ანძის ქვეშ, გვარლების ქვეშ, მათი შესაძლო დავარდნის ზონაში და ტვირთამწე მექანიზამების სიახლოვეს სახიფათო ზონაში ყოფნა;
გ) ანძასთან მიახლოება, მის სრულ აწევამდე და ქვაბულში დაშვებამდე;
დ) ანძაზე ასვლა, მის სრულად დამაგრებამდე.
33. დაყენებული ანძიდან ჭიმების და გვარლების მოხსნა დასაშვებია მხოლოდ მისი გამაგრების შემდეგ.
34. ჯალამბრების და სამონტაჟო ისრის საშუალებით ანძების დაყენების დროს აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა:
ა) ჯალამბრების ტვირთამწეობა უნდა იყოს არანაკლები საწევი და სამუხრუჭე ძალვებისა, რომლებიც წარმოიქმნება ანძის აწევის დროს;
ბ) ჯალამბრების დასამაგრებელი ღუზები უნდა შეესაბამებოდეს მათზე მოქმედი ძალვების სიდიდეს და მიმართულებას;
გ) ჯალამბრის ლილვის დასამუხრუჭებლად გამოყენებული იქნეს მხოლოდ მუხრუჭი.
35. სამუშაოების მწარმოებელი ვალდებულია თვალყური ადევნოს, რომ ანძის აწევის დროს ამწეების და ტრაქტორების მემანქანეები და ჯალამბრების მემოტორეები იმყოფებოდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე. აღნიშნულ პირებს ეკრძალებათ სამუშაო ადგილების დატოვება ანძის აწევის დროებით შეჩერების დროს.
36. გზასთან ახლოს ანძის აწევის დროს უნდა იქნეს მიღებული ზომები, ამწე გვარლებისა და ჭიმების გამვლელი ტრანსპორტის მიერ დაზიანების თავიდან აცილების მიზნით (ანძის აწევის ზონაში გზებზე უნდა დადგნენ მესიგნალეები).
37. საჭიმრებიანი პორტალური ანძების დაყენების წინ ანძის სიბრტყეში საჭირო სიხისტის შექმნის მიზნით დაჭიმვის დასარეგულირებლად უნდა დაყენდეს დიაგონალური საინვენტარო გვარლური საჭიმები ქუროებით. აწევის პროცესში ანძის მობრუნების თავიდან აცილების მიზნით დიაგონალური საჭიმების დაჭიმულობა უნდა იყოს თანაბარი. დიაგონალური საჭიმების დაჭიმულობის თანაბრობის შემოწმება უნდა წარმოებდეს ანძის აწევის დაწყების წინ. აკრძალულია ანძის აწევა საჭიმების დაჭიმულობის სხვაობით, რომელიც ნომინალურს აღემატება 15%-ით.
38. ანძის აწევამდე მასზე უნდა დამაგრდეს სამუხრუჭე გვარლი, ბლოკი ისრის დაშვებისთვის და მარეგულირებელი საჭიმები (თუ ისინი გათვალისწინებულია დაყენების სქემაში). აღნიშნული სამუშაოების წარმოება ანძის აწევის პროცესში აკრძალულია.
39. რკინაბეტონის ანძიდან ტაკელაჟის მოხსნის დროს გამოყენებული უნდა იქნეს კოშკურა ამწე ან ნახევრადავტომატური ჯამბარი. კოშკური ამწის, კიბეების და ლაზების არ- არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ასვლამდე ანძაზე თოკის ან კაპრონის კიბის დამაგრება. კიბის დამაგრების კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს მის მიწაზე დაშვებას.
40. აკრძალულია ამწის ისრის გამოყენება ხალხის ანძაზე ასვლის, ტაკელაჟის მოხსნის ან სხვა ოპერაციების შესასრულებლად.
41. ანძაზე ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს მხოლოდ დამცავი ქამრის მასზე მიმაგრების შემდეგ. აკრძალულია სატაკელაჟო გვარლის ან თოკის ერთი ბოლოს მიმაგრება დამცავ ქამარზე, როდესაც მეორე ბოლო სწვდება მიწას.
42. აკრძალულია დემონტირებული სატაკელაჟო გვარლების და სამარჯვეების ანძიდან გადმოყრა. ტაკელაჟის და სამარჯვეების დაშვება ნებადართულია მხოლოდ სახიფათო ზონიდან ხალხის გასვლის შემდეგ.
43. ერთ-ერთი საჭიმარის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში წინასწარ უნდა დაყენდეს და საიმედოდ დამაგრდეს დროებითი საჭიმარი, მხოლოდ მასზე დატვირთვის გადაცემის შემდეგ შეიძლება შესაბამისი მუდმივი საჭიმარის შეცვლა.
44. ანძების დაყენების დროს უნდა იქნეს უზრუნველყოფილი სიგნალების მკაფიო ხილვადობა. გამონაკლის შემთხვევაში, შეზღუდული ხილვადობის პირობებში, სამუშაოების წარმოების აუცილებლობის დროს ანძების დაყენება დაშვებულია მხოლოდ სამუშაოების მწარმოებლის ხელმძღვანელობით, რომელიც ვალდებულია დააყენოს მესიგნალეების საჭირო რაოდენობა.
45. აკრძალულია ანძების აწევის სამუშაოების წარმოება ქარის 10-12 მ/წმ და მეტი სიჩქარის დროს