1. აკრძალულია სადენების და გვარლების გაშლა და დაჭიმვა უშუალოდ ფოლადის ტრავერსებზე და კაკვებზე.
2. სადენების და მეხდამცავი გვარლების* (შემდგომში სადენები) მონტაჟის დაწყებამდე ანძები უნდა დათვალიერდეს გულდასმით და მიღებულ იქნეს ანძების მონტაჟის აქტის ან ჟურნალის მიხედვით.
3. დოლები სადენების გაშლის დროს მყარად უნდა იქნეს დაყენებული სპეციალურ სამარჯვებზე (გასაშლელი ურიკა ან ჯოჯგინა), რომლებიც აღჭურვილი იქნება დოლის დამუხრუჭების საიმედო მოწყობილობებით გაშლის პროცესში.
4. სადენების გაშლის მიმართულება, განსაკუთრებით ციცაბო ფერდობებზე, უნდა შეირჩეს სამუშაოების ხელმძღვანელის მიერ.
5. გასაშლელი სამარჯვეების მეშვეობით დოლებიდან ტრასაზე სადენების გაშლის დროს უნდა იქნეს დაყენებული პირები, რომელიც თვალყურს ადევნებენ სადენების გაშლის სისწორეს და უზრუნველყოფენ მყარ კავშირს გასაშლელი მოწყობილობის მემანქანესთან.
6. დოლიდან ხვიების ნაწილის ჩამოცვენის აღმოჩენის შემთხვევაში მისი გაშლა უნდა იქნეს შეჩერებული.
7. სადენის გაშლის დროს აკრძალულია დოლზე სადენის ხვიების გასწორება, ხოლო მემანქანემ არ უნდა დატოვოს გასაშლელი მოწყობილობის კაბინა.
8. სადენის დოლიდან გაშლის წინ ბოლო 5-6 ხვია უნდა გაიშალოს ხელით, ამასთან, გაშლილი სადენი უნდა დამაგრდეს უახლოეს ანძაზე.
9. სადენების ხელით გაშლის და გაჭიმვის დროს აკრძალულია სადენის ბოლოს ტანზე შემორტყმა, ასევე მარყუჟის ხელზე ან მხარზე ჩამოცმა.
10. სადენის ან გვარლის გაშლის დროს აკრძალულია მათი დატოვება ძირკვებზე ან სხვა დაბრკოლებებზე წამოდებულ მდგომარეობაში და აკრძალულია წამოდებული სადენის კუთხის შიგნით ყოფნა.
11. საწევი მექანიზმის გადაადგილების სიჩქარე უნდა შეირჩეს ადგილის რელიეფის მიხედვით და არ უნდა აღემატებოდეს 5 კმ/სთ.
12. აკრძალულია სადენების გაშლა მათი ანძაზე დაკიდებით ქარის 10-12 მ/წმ-ის სიჩქარის და სქელი ნისლის დროს.
13. სადენების გადაჭრა უნდა განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი ინსტრუმენტის საშუალებით (მეტალის საჭრელი ხერხი, გვარლის საჭრელი). აკრძალულია სადენების და გვარლების გადაჭრა ღოჯით. სადენების და ბაგირების გადაჭრის დროს მათ ბოლოებს უნდა დაეხვეს მავთული.
14. სადენების დაწნეხის შემდეგ აუცილებელია შემაერთებელ ან მჭიმავ მომჭერზე წარმოქმნილი ხიწვების ქლიბით გასუფთავება.
15. აკრძალულია ეთილირებული ბენზინის გამოყენება სადენების ბოლოების და შემაერთებელი მომჭერების გასარეცხად.
16. სადენების თერმული შედუღების სამუშაოებზე დაიშვება სპეციალურად განსწავლული პირები, რომლებმაც ჩააბარეს გამოცდა ამ სამუშაოების წარმოების უფლებაზე.
17. თერმული შედუღების სამუშაოების წარმოების დროს ცხელ და მშრალ ამინდში, მიღებული უნდა იქნეს ცხელი წიდების შემთხვევით მოხვედრით გამოწვეული ხის ანძების და ხმელი ბალახის აალების საწინააღმდეგო ზომები.
18. მინდვრის პირობებში სამუშაოების შესრულების დროს უნდა იქნეს დაცული შემდეგი ხანძარსაწინააღმდეგო წესები:
ა) კოცონის ანთება ხის ნაგებობებიდან და ადვილად აალებადი მასალებიდან (თივის და ჩალის ზვინებიდან) დაშვებულია არანაკლებ 50 მ-ის მანძილზე;
ბ) კოცონების და ცეცხლის სამუშაოების ადგილები აუცილებლად უნდა შემოიფარგლოს მიწაყრილით, რომლიდანაც მთლიანად იქნება მოცილებული ბალახეული მცენარეები, ტყის საფარი და სხვა წვადი ნივთიერებები მინერალურ ფენამდე (ამ ზოლის სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 1 მ);
გ) ასანთის, სიგარეტის, ელექტროდების და თერმული მასრების ნამწვის ჩაყრა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოცულობებში (ვედრო);
დ) დაუშვებელია მუდმივი მეთვალყურეობის გარეშე ცეცხლმოკიდებული ან ბჟუტავი კოცონის, გაზის სანთურების და სხვა ამგვარის დატოვება.
19. აკრძალულია იზოლატორების გირლანდის აწყობა დადგმული, მაგრამ დაუმაგრებელი ანძების ქვეშ.
20. გირლანდების აწყობის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ გამართული ინსტრუმენტები (საკეტის დასაყენებელი მარწუხები, ქანჩის გასაღებები); აკრძალულია იზოლატორების ფაიფურის ნამტვრევების ხელით ხელთათმანების გარეშე აღება.
21. იზოლაციის წინაღობის შემოწმებას უნდა ასრულებდეს მუშაკი, რომელსაც გააჩნია ელექტროუსაფრთხოების არანაკლებ III ჯგუფი.
22. გირლანდების აწევა გასაგორებელ გორგოლაჭებთან ერთად მათში ჩატანებული სადენებით უნდა განხორციელდეს მექანიზირებული მეთოდით, თოკის საჭიმარების გამოყენებით ტრავერსისაგან დაშორების მიზნით. ანძაზე სადენების ვერტიკალური განლაგების შემთხვევაში სადენების გირლანდებით და გასაშლელი გორგოლაჭებით აწევა უნდა განხორციელდეს ზედა ტრავერსიდან.
23. აკრძალულია დამონტაჟებული იზოლატორების გირლანდებზე ჩამოსვლა და მუშაობა. ამისათვის გამოყენებული უნდა იქნეს საამწეო კოშკურები, სპეციალური კიბეები ან საკიდელები.
24. დაყენებულ ანძებზე სამუშაოები უნდა წარმოებდეს სპეციალური ამწე მექანიზმებით (კოშკურები, ტვირთამწეები), ხოლო ანძასთან მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ბრჭყალების, საძრომების და კიბეების მეშვეობით. კიბის დაყენების შემდეგ იგი აუცილებლად უნდა დამაგრდეს ანძაზე ყველა დასაყრდენ წერტილში.
25. ანძაზე ასვლის დროს აკრძალულია სახაზო არმატურის, მოწყობილობის, მასალის თან ატანა. ატანა უნდა განხორციელდეს ბაგირის საშუალებით ანძაზე დაყენებული ბლოკის გავლით.
26. ანძაზე სამუშაოების დაწყება შეიძლება მხოლოდ დამცავი ქამრის ანძაზე ჯაჭვით დამაგრების შემდეგ.
27. საკიდელადან, ტელესკოპური კოშკურიდან ან ჰიდრავლიკური ამწიდან სიმაღლეზე მუშაობის დროს დამცავი ქამრის ჯაჭვი მიმაგრებული უნდა იქნეს მათ მოაჯირზე.
28. ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში სადენების დაკიდების დროს სამუშაო ზონის საზღვარზე, დამაგრების დროს გამოკიდებული უნდა იქნეს გამაფრთხილებელი პლაკატები და დაყენებული მეთვალყურეები. დიდი სიგრძის ანკერული მალების ვიზირების დროს, სადენების დაჭიმვის წინ, წინასწარ უნდა იქნეს გაფრთხილებული მოსახლეობა, ხოლო ყველა გადამკვეთ გზაზე დაყენებული იქნეს მეთვალყურეები.
29. სადენების დამჭიმი წევითი მექანიზმები დაყენებულ უნდა იქნეს ბლოკის დამაგრების წერტილის არანაკლებ ორმაგი სიმაღლის მანძილზე და ზუსტად ფაზის ღერძის მიმართულებით. თუ კი ადგილმდებარეობის პირობების მიხედვით შეუძლებელია აღნიშნული მოთხოვნების დაცვა, გამოყენებული უნდა იქნეს სარინი ბლოკები, ხოლო საჭიროების მიხედვით – დროებით გაძლიერდეს ანძის ტრავერსები.
30. სადენების გადაწყობის დროს გასაშლელი გორგოლაჭებიდან მომჭერებში დაუშვებელია სადენების დასაკავებლად კოშკურა ამწის კალათის გამოყენება.
31. აკრძალულია აწევის პერიოდში იზოლატორების გირლანდების, სამონტაჟო ბლოკების, სადენების, ტროსების და სხვა საგნების ქვეშ ყოფნა, ასევე თერმული შედუღების შესრულების ადგილის ქვეშ ყოფნა ან გავლა.
32. დიდი სიგრძის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მონტაჟისა და დემონტაჟის დროს 3 კმ სიგრძის ცალკეული დამონტაჟებული უბნების სადენები უნდა დამოკლდეს და დამიწდეს.
33. ანკერულ ანძაზე შლეიფების შეერთება უნდა წარმოებდეს მხოლოდ ამ ანძასთან მომიჯნავე საანკერო მალებში სამონტაჟო სამუშაოების დამთავრების შემდეგ. 110 კვ და მეტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების შლეიფები მათი შეერთების წინ დამაგრებული უნდა იქნეს სადენებით ან დამჭიმი გირლანდებით, არანაკლები მეოთხე იზოლატორისა ტრავერსიდან, ხოლო 35 კვ და ნაკლები ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებზე – მხოლოდ სადენზე.
34. აკრძალულია ჭექა-ქუხილის მოახლოების და ჭექა-ქუხილის დროს სადენების მონტაჟის სამუშაოების წარმოება, ასევე ხალხის ყოფნა ანძების სიახლოვეს.
35. დაჭიმვის და ვიზირების დროს აკრძალულია სადენების ქვეშ ყოფნა. სადენების აწევის წინ აუცილებლად უნდა შემოწმდეს ანძების, ღუზების და ტაკელაჟის დამაგრების საიმედოობა. საწევი მექანიზმიდან ღუზაზე ძალვის გადატანის დროს აუცილებად უნდა დადგინდეს სადენების დამაგრების საიმედოობა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაიხსნას საწევი ტრაქტორი.
აკრძალულია სადენების დაჭიმვა ქარის 10-12 მ/წმ-ზე მეტი სიჩქარის და სქელი ნისლის დროს.
36. დისტანციური განმბრჯენები გახლეჩილი ფაზის სადენებზე უნდა დამონტაჟდეს სადენებზე მოძრავი სამონტაჟო ურიკების ან ამწევი კოშკურების საშუალებით (ტელესკოპური, ჰიდრავლიკური).
37. სამონტაჟო ურიკებზე სამუშაოდ დაიშვებიან მემაღლივე ელექტრომემონტაჟეები, რომლებმაც გაიარეს ურიკით სადენებზე უსაფრთხო გადაადგილების მეთოდების სწავლება და ურიკის ექსპლუატაციის და ტექნიკური უსაფრთხოების ცოდნის შემოწმება.
38. გახლეჩილი ფაზის სადენებზე ურიკის აწევა უნდა წარმოებდეს ამწე კოშკურის ან ბლოკების და დამზღვევი გვარლის საშუალებით. ურიკას უნდა ჰქონდეს სამუხრუჭე მოწყობილობა.
39. ელექტრომემაღლივის ურიკაში დაჯდომა დაშვებულია, მხოლოდ ურიკის სადენზე ბოლომდე დაყენების და უსაფრთხო გადაადგილების ქარხნული ინსტრუქციით გათვალისწინებული ყველა ზომის მიღების შემდეგ. ურიკაში ჩაჯდომისთანავე ელექტრომემაღლივემ უნდა დაამაგროს დამზღვევი არანაკლებ ორი სადენისა. აკრძალულია ურიკადან გადმოსვლა მალში. ურიკის გადაადგილების დროს სადენების შემაერთებელ მომჭერებზე აკრძალულია გორგოლაჭის შემზღუდველის მოხსნა.
40. სამონტაჟო ურიკის გადაადგილებისას, ელექტრომემაღლივის სადენებზე დაყრდნობის დროს, ხელების დაცვის მიზნით გამოყენებულ უნდა იქნეს ბრეზენტის ხელთათმანები.
41. პერსონალის გახლეჩილ სადენებზე და გვარლებზე გადაადგილება დისტანციური განმბრჯენების დასაყენებლად დასაშვებია შემდეგ შემთხვევებში:
ა) არანაკლებ 240 მმ2 კვეთის სადენებზე;
ბ) არანაკლებ 70 მმ2 კვეთის გვარლებზე
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.01.2011
მუხლი 17. სადენების და მეხდამცავი გვარლების მონტაჟი
თავი III — საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. ფერდობებზე სამუშაოების წარმოება
- მუხლი 12. სამუშაოების წარმოება ზამთრის პერიოდში
- მუხლი 13. ბურღვის სამუშაოები
- მუხლი 14. ტყეკაფითი სამუშაოები
- მუხლი 15. ფუნდამენტების მოწყობა
- მუხლი 16. ანძების აწყობა და დაყენება
- მუხლი 18. გადაკვეთების მონტაჟი და გადასასვლელების ორგანიზაცია
- მუხლი 19. სამუშაოების წარმოება განსაკუთრებულ ლანდშაფტურ და კლიმატურ პირობებში
- მუხლი 20. სამუშაოების წარმოება ვერტმფრენების გამოყენებით
- მუხლი 21. ექსპლუატაციისათვის უვარგისი გამანაწილებელი ელექტრული ქსელების ნაცვლად ახალი ქსელის მშენებლობა
- მუხლი 22. ტვირთის, მასალების ტრანსპორტირება და ხალხის გადაყვანა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 17, №01, 04.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.025.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1172040/muxli-17/