1. მონტაჟის დაწყებამდე გამანაწილებელი მოწყობილობის სამშენებლო ნაწილი მიღებულ უნდა იქნეს პროექტთან შესაბამისობის და ელექტროსამონტაჟო სამუშაოებისთვის მზადყოფნის ამსახველი აქტით.
2. ყველა მეტალოკონსტრუქცია, რკინაბეტონის და ლითონის ანძები დაყენების შემდეგ უნდა იქნეს დამიწებული. დამიწებას ასევე ექვემდებარება ელექტროგადამცემი ხაზებიდან ჩამომყვანები და შლეიფები ბოლო ანძებზე ან შემყვან პორტალებზე.
3. ელექტროსამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე ღია გამანაწილებელი მოწყობილობის ტერიტორიაზე აუცილებელია შესრულდეს დამამიწებელი მოწყობილობების და მეხამრიდების მონტაჟი, ასევე გამანაწილებელი მოწყობილობის ტერიტორიის განათება.
4. ღია გამანაწილებელი მოწყობილობის კონსტრუქციების ზედა ნაწილებზე ბლოკების, იზოლატორების გირლანდების, არმატურის, სადენების დაყენების, მოსალტვის და სხვა სამუშაოების დროს მიწაზე სახიფათო ზონები უნდა შემოიღობოს, ხოლო შემოღობვის შეუძლებლობის შემთხვევაში საჭიროა სამუშაოების მწარმოებლის განუწყვეტელი ზედამხედველობა.
5. დაუშვებელია საჯამბარე მოწყობილობების დანადგარების იმ ელემენტებზე ჩაბმა, რომლებიც არ არის მიზნისათვის განკუთვნილი.
6. დაუშვებელია დანადგარის და მისი ცალკეული ელემენტების არამიზნობრივი სამაგრი მასალებით დამაგრება.
7. აკრძალულია ამომრთველის ამძრავის აწევის და დაყენების დროს მისი მქნევარით ან სახელურით დაჭერა.
8. მაღალი ძაბვის ამომრთველების, ავტომატების, ამძრავების, ასევე სხვა აპარატების, რომლებსაც გააჩნიათ უკუქცევითი ზამბარები ან თავისუფალი გადახსნის მექანიზმები, აწევა და გადაადგილება უნდა წარმოებდეს მდგომარეობაში “გამორთულია”, ხოლო რომლებსაც არ გააჩნიათ უკუქცევითი ზამბარები – მდგომარეობაში “ჩართულია”.
9. ჩართულ მდგომარეობაში მიწოდებული ამომრთველები და ამძრავები უკუქცევითი ზამბარებით ან თავისუფალი გადახსნის მექანიზმებით მონტაჟამდე უნდა იქნეს გამორთული. დაუშვებელია უკუქცევითი ზამბარების (თავისუფალი გადახსნის ზამბარების) დაჭიმვა ან დაშვება ქარხნული ინსტრუქციით გათვალისწინებული სამარჯვების გარეშე.
10. ერთპოლუსა გამთიშველების მონტაჟის დროს აუცილებელია ზომების მიღება დანის თვითნებური ამოვარდნის თავიდან ასაცილებლად.
11. ცემენტის ხსნარით კედელში, ჭერში ან თაროებზე ჩასამაგრებელი კონსტრუქციების დაყენების დროს აკრძალულია საყრდენი დეტალების (საყრდენი, საჭიმები და ა.შ.) მოხსნა ხსნარის გაშრობამდე.
12. ფარების, პულტების, პანელების და ა.შ. მონტაჟის დროს მათი მდგრადობა საბოლოო დამაგრებამდე უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მყარ სამშენებლო კონსტრუქციებთან დროებითი მიმაგრებით.
13. კამერების, ფარების ან გამანაწილებელი მოწყობილობის ბლოკების გადაადგილება, აწევა და დაყენება უნდა გახორციელდეს მათი გადაყირავების საწინააღმდეგო ზომების მიღებით (სიმძიმის ცენტრის ზემოთ დაჯამბარება, საჭიმარების გამოყენება და ა.შ.).
14. აკრძალულია სამონტაჟო ინსტრუმენტის და დაუმაგრებელი დეტალების დატოვება ფარების კარკასებზე, უჯრედებზე და სხვა კონსტრუქციებზე.
15. დენის ტრანსფორმატორების მონტაჟის და მათზე მეორადი წრედების სადენების მიერთების დროს გამოუყენებელი მეორადი გრაგნილები უნდა იქნეს დამოკლებული და დამიწებული.
16. ზეთიანი ამომრთველების ერთდროულ ჩართვაზე კონტაქტების შემოწმების დროს, ასევე ამომრთველის ავზის შიგნით სამუშაოების წარმოების დროს საჭირო განათებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ძაბვა არა უმეტეს 12 ვოლტისა.
17. ცენტრაფუგის ან ფილტრი-წნეხის დაყენების ადგილზე ზეთის შეთმავსებელ აპარატებთან უნდა იქნეს გამოკიდებული ცეცხლის დანთების, მოწევის და შედუღების წარმოების ამკრძალავი პლაკატები.
აკრძალულია ჩამოსხმა, შევსება და აპარტების გარეცხვა ზეთით, ღია ცეცხლის 10 მ-ზე ნაკლებ მანძილზე არსებობის შემთხვევაში, ასევე მინის ტარის გამოყენება ზეთის ჩამოსხმისა და შევსებისათვის (სინჯის აღების გარდა).
18. დისტანციური მართვის ამძრავებთან შეერთებული ამომრთველების და გამთიშველების რეგულირების დროს, მიღებულ უნდა იქნეს ამძრავების ჩართვა-გამორთვის საწინააღმდეგო ზომები. თუ მექანიზმის რეგულირების პროცესში საჭიროა ოპერატიული დენის ჩართვა, მაშინ მცველების დაყენება შეიძლება აპარატიდან ხალხის გაყვანის შემდეგ.
19. დაუშვებელია ერთდროულად ამომრთველების და გამთიშველების რეგულირება, დათვალიერება, მიერთება მიუხედავად იმისა, ეს აპარატები ერთ კამერაშია განთავსებული ამძრავებთან თუ ამძრავები გატანილია კამერიდან.
იმ დანადგარების და აპარატების დაყენების და რეგულირების დროს, რომლებსაც გააჩნიათ მოძრავი ნაწილები პანელის უკან (ჩამრაზი ბერკეტული ამძრავით და ა.შ.), უნდა გავაფრთხილოდ ამის შესახებ ფარის უკან მომუშავეები.
20. ელექტრომაგნიტური, ძრავიანი, ზამბარიანი და სხვა ამძრავების გამოცდის და რეგულირების დროს ხელით მართვის სახელურები უნდა იქნეს მოხსნილი.
21. აკრძალულია დამცავი სათვალის გარეშე სადენების ბოლოების რჩილვის და მოკალვის წარმოება. სარჩილის დნობა უნდა მოხდეს სპეციალურ ტიგელში, რომელსაც გააჩნია სახურავი ნახვრეტით ერთი სადენის ჩასაშვებად.
აკრძალულია გამდნარი სარჩილით ტიგელის მკერდზე მაღლა აწევა.
22. აკრძალულია სამონტაჟო სამუშაოების წარმოება ან უცხო პირების ყოფნა საჰაერო ამომრთველების გამოცდის ადგილთან 50 მ-ზე ახლოს.
23. ჰაერშემკრებების შიგნით ხალხის ყოფნასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოების დროს, ჰაერის მისაწოდებელ მილსადენზე ვენტილი უნდა გადაიკეტოს, ჩაიკეტოს საკეტით და გამოიკიდოს პლაკატი “არ გააღოთ – მუშაობს ხალხი!”. გამშვები ვენტილები უნდა გაიღოს, ჩაიკეტოს საკეტით და გამოიკიდოს პლაკატი “არ გადაკეტოთ – მუშაობს ხალხი!”.
24. ყველა ტიპის საჰაერო ამომრთველების ტენშეუღწევადობის (ჰერმეტულობის) გამოცდა, როგორც წესი, უნდა წარმოებდეს წნევის დაცემის მიხედვით ხალხის ამომრთველზე ასვლის გარეშე. ამომრთველთან ხალხის მიახლოება და მათი ამომრთველზე ასვლა დაიშვება, მხოლოდ ჰაერის წნევის იმ სიდიდემდე შემცირების შემდეგ, რომელიც გათვალისწინებულია ტენშეუღწევადობის შესამოწმებლად.
25. საჰაერო ამომრთველების გამოცდის დროს ჩართვა-გამორთვის ოპერაციების წარმოებაზე მითითების გაცემის უფლება აქვს სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელ ხელმძღვანელს, მას შემდეგ, რაც იგი დარწმუნდება, რომ ბრიგადის ყველა წევრი იმყოფება ამომრთველიდან უსაფრთხო მანძილზე ან თავშესაფარში.
26. ანძების და ფუნდამენტების კონსტრუქციების ელემენტების დაყენების დროს, აკრძალულია ჭიმების დამაგრება დაუმაგრებელ ანძებზე. დროებითი ჭიმები შეიძლება დამაგრდეს მყარ ანძებზე ან სპეციალურ ღუზებზე
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.01.2011
მუხლი 23. გამანაწილებელი მოწყობილობები
თავი IV — ელექტრომოწყობილობის მონტაჟი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. სადენების და მეხდამცავი გვარლების მონტაჟი
- მუხლი 18. გადაკვეთების მონტაჟი და გადასასვლელების ორგანიზაცია
- მუხლი 19. სამუშაოების წარმოება განსაკუთრებულ ლანდშაფტურ და კლიმატურ პირობებში
- მუხლი 20. სამუშაოების წარმოება ვერტმფრენების გამოყენებით
- მუხლი 21. ექსპლუატაციისათვის უვარგისი გამანაწილებელი ელექტრული ქსელების ნაცვლად ახალი ქსელის მშენებლობა
- მუხლი 22. ტვირთის, მასალების ტრანსპორტირება და ხალხის გადაყვანა
- მუხლი 24. ელექტრული მანქანები
- მუხლი 25. ძალოვანი ტრანსფორმატორები
- მუხლი 26. სააკუმულატორო ბატარეები
- მუხლი 27. ძალოვანი და განათების შიგა ქსელები
- მუხლი 28. საკაბელო ხაზები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 23, №01, 04.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.025.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1172040/muxli-23/