1. აგურში და ბეტონში ხვრელების გაკეთება დაშვებულია დამცავი სათვალეებით ან უმტვრევი გამჭირვალე მასალისაგან დამზადებულ დამცავი ფარის გამოყენებით.
2. კედლებში და სართულებს შორის გადახურვებში გამჭოლი ხვრელების გაბურღვა, ასევე ჰორიზონტალური მიმართულებით არა უმეტეს 4 მმ2 კვეთის სადენების დაჭიმვა უნდა განხორციელდეს ხარაჩოების და გადასატანი კოშკურების გამოყენებით. აკრძალულია ამ სამუშაოების წარმოება მისადგმელი კიბეებიდან და პწკალადან.
3. ამწევი სამარჯვეების მიმაგრება სამშენებლო კონსტრუქციებთან ნებადართულია, სამშენებლო ორგანიზაციასთან შეთანხმებული სამუშაოების წარმოების პროექტით მითითებულ ადგილებში.
4. სადენების, კაბელების, სალტეების, იზოლატორების, მეტალოკონსტრუქციების და სხვა დეტალების სიმაღლეზე აწევის დროს მიღებულ უნდა იქნეს ასაწევი მასალა-ნაკეთობების ვარდნის და ჰაერში ქანაობის თავიდან აცილების ზომები.
5. სიმაღლეზე მონტაჟისათვის აწეული მასალა-ნაკეთობები დაუყოვნებლივ უნდა დამაგრდეს ან დალაგდეს ისეთი სახით, რომ გამოირიცხის მათი ჩამოვარდნის შესაძლებლობა.
6. მასალა-ნაკეთობების დაშვება, ასევე მათი კედლის ღიობებში ან გადასახურებში გადატანა დასაშვებია, სამუშაოების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ, სამუშაო ადგილის შემოღობვის პირობით.
7. აკრძალულია დაგებულ ხოკერებზე, ღარებზე, მილის ბლოკებზე და ა.შ. სიარული, გვარლის მავთულის მონტაჟი მისაყრდნობი კიბის გამოყენებით და ყუთებში, მილებსა და ბლოკებში, რომლებშიც მოთავსებულია ძაბვის ქვეშ მყოფი სადენები, ფოლადის მავთულის გამოყენებით სადენების გატარება და გაჭიმვა.
8. საწეველას (კოშკურა) საკიდელადან, ხარაჩოების ფენილიდან, კიბეებიდან და ა.შ. შენობის ამწეებზე გამოსვლის აუცილებლობის შემთხვევაში, მომუშავეები ვალდებულნი არიან მიემაგრონ დამცავი ქამრით წამწეს ღობეს ან სპეციალურ ტროსს. მიმაგრების ადგილი გათვალისწინებული უნდა იყოს სამუშაოების წარმოების პროექტში და მითითებული უნდა იყოს ოსტატის მიერ.
9. სადენების, მავთულების და ლითონის ლენტების ჯალამბარებით და სხვა სამარჯვეებით გასწორება უნდა წარმოებდეს არაიზოლირებული დენგამტარი ნაწილების, ქსელების და ხაზებისაგან შორს მდებარე შემოღობილ მოედნებზე. ამ მოედნებზე უცხო პირების ყოფნა აკრძალულია.
10. სადენების გასატარებლად გამოყენებული მილების ბოლოები უნდა იქნეს გაწმენდილი ხიწვებისაგან.
11. სადენების და კაბელების გაყვანა უნდა წარმოებდეს მხოლოდ პროექტის შესაბამისად დამაგრებულ მილებში, ღარებში და ხოკერებში.
12. მეგომეტრის საშუალებით იზოლაციის წინაღობის შემოწმება უნდა განხორციელდეს ელექტროუსაფრთხოების არანაკლებ III ჯგუფის მქონე პერსონალის მიერ. სადენების ბოლოები, რომლებიც შესაძლოა აღმოჩნდნენ ძაბვის ქვეშ, შემოღობილ უნდა იქნან ან იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ. ღობეებზე უნდა გამოიკიდოს პლაკატი: “სდექ-ძაბვაა!”.
13. სადენების რჩილვა და მოკალვა უნდა შესრულდეს ბრეზენტის დაგრძელებულ ხელთათმანებში და დამცავ სათვალეებში.
14. აკრძალულია გამდნარი სარჩილით ტიგელის ხელიდან ხელში გადაცემა; გადაცემის დროს ტიგელი უნდა დაიდგას მიწაზე.
15. გამდნარი სარჩილის ფორმაში ჩასხმის მეთოდით რჩილვის დასრულების შემდეგ, ფორმების დაშლა ნებადართულია მხოლოდ მათი გაციების შემდეგ.
16. სანათების მონტაჟის წინ მათი დასამაგრებელი სამარჯვეები უნდა გამოიცადოს მუშა ნახაზებისა და სამუშაოების წარმოების პროექტის მოთხოვნების შესაბამისად.
17. განათების არმატურაში სადენები იმგვარად უნდა იქნეს შეყვანილი, რომ შეყვანის ადგილზე მექანიკურად არ დაზიანდეს, ხოლო ვაზნების კონტაქტები განტვირთული იქნეს მექანიკური ძალვისაგან.
18. კრონშტეინების, საკიდარების ან მილების შიგნით, რომელთა დახმარებით დაყენებულია სანათი არმატურა, სადენების შეერთება დაუშვებელია
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.01.2011
მუხლი 27. ძალოვანი და განათების შიგა ქსელები
თავი IV — ელექტრომოწყობილობის მონტაჟი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 21. ექსპლუატაციისათვის უვარგისი გამანაწილებელი ელექტრული ქსელების ნაცვლად ახალი ქსელის მშენებლობა
- მუხლი 22. ტვირთის, მასალების ტრანსპორტირება და ხალხის გადაყვანა
- მუხლი 23. გამანაწილებელი მოწყობილობები
- მუხლი 24. ელექტრული მანქანები
- მუხლი 25. ძალოვანი ტრანსფორმატორები
- მუხლი 26. სააკუმულატორო ბატარეები
- მუხლი 28. საკაბელო ხაზები
- მუხლი 29. ხიდური ამწეები
- მუხლი 30. საერთო მოთხოვნები
- მუხლი 31. მოწყობილობის იზოლაციის ამაღლებული ძაბვით გამოცდა
- მუხლი 32. გენერატორების და კომპენსატორების გამოცდები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 27, №01, 04.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.025.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1172040/muxli-27/