1. ძაბვის მიწოდებასთან დაკავშირებული გაწყობის სამუშაოები უნდა წარმოებდეს არანაკლებ ორი პირის მიერ, რომელთაგან ერთს უნდა ჰქონდეს ელექტროუსაფრთხოების არანაკლებ IV ჯგუფი 1000ვ მეტი ძაბვის ელექტროდანადგარებში მუშაობის დროს და არანაკლებ III ჯგუფი – 1000 ვ დაბალი ძაბვის ელექტროდანადგარებში.
2. მოქმედ ელექტროდანადგარებში გაწყობის სამუშაოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ტექნიკური ღონისძიებები ხორციელდება საექსპლუატაციო საწარმოს ძალებით და საშუალებებით. აკრძალულია, ამ სამუშაოების შესრულება გამწყობის ორგანიზაციის პერსონალის მიერ.
3. გაწყობის სამუშაოების ხელმძღვანელი ობიექტზე სამუშაოების დაწყებამდე ვალდებულია:
ა) გაიაროს ინსტრუქტაჟი დამკვეთის პასუხისმგებელ წარმომადგენელთან და გააცნოს გამწყობ პერსონალს ობიექტის შინაგანაწესი;
ბ) თითოეულ გამწყობს უნდა შეუმოწმოს საკვალიფიკაციო მოწმობის მოქმედების ვადა და დავალების გაცემის წინ გაითვალისწინოს სამუშაოს შემსრულებლის ელექტროუსაფრთხოების ჯგუფი;
გ) გამწყობ პერსონალს სამუშაო ადგილზე ჩაუტაროს უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი, შეამოწმოს დაცვის საშუალებების არსებობა და მდგომარეობა;
დ) განსაზღვროს დამონტაჟებული მოწყობილობის მდგომარეობა, უსაფრთხოების ღონისძიებების საკმარისობა, დააკომპლექტოს ბრიგადების, ჯგუფების და გამწყობების შემადგენლობა;
ე) ნახაზებით და ნატურაში გააცნოს გამწყობი ბრიგადის წევრებს ელექტრული სქემა და ელექტრული აპარატებისა და მოწყობილობის განთავსება;
ვ) შეათანხმოს სამონტაჟო ორგანიზაციებთან ძაბვის მიწოდების წესი გაწყობის სამუშაოების წარმოებისა და სქემის მოსინჯვისათვის.
4. გაწყობის სამუშაოების ხელმძღვანელი პასუხისმგებელია სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების წესების შესრულებაზე. ყოველდღიურად სამუშაოების დაწყების წინ და სამუშაო დღის განმავლობაში იგი ვალდებულია შეამოწმოს პლაკატების, ღობეების და დამიწებების განლაგება.
5. ელექტროუსაფრთხოების არანაკლებ III ჯგუფის მქონე გამწყობებს ელექტროდანადგარზე ძაბვის არ არსებობის დროს უფლება ეძლევათ ერთპიროვნულად აწარმოონ შემდეგი სამუშაოები: მეორადი კომუტაციის წრედების შემოწმება, სქემების ელემენტების იზოლაციის წინაღობის სიდიდის გაზომვა, აპარატურის წინასწარი აწყობა, მახასიათებლების მოხსნა და სხვა ანალოგიური სამუშაოები.
6. გამწყობი პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით: დიელექტრიკული ხელთათმანებით, კალოშებით, ძაბვის მაჩვენებლით და იზოლირებულ სახელურიანი ინსტრუმენტით.
7. დროებითი სქემის აწყობა, მოწყობილობის გაწყობისათვის (მახასიათებლების მოხსნა, ოსცილოგრაფირება) უნდა შესრულდეს სპეციალურ მაგიდებზე. აკრძალულია ლითონის ზედაპირის ან ლითონის მოჩარჩოს მქონე მაგიდების გამოყენება.
8. დროებითი მკვებავი ხაზები, უნდა მოეწყოს იზოლირებული სადენით (კაბელით), საიმედოდ დამაგრდეს, ხალხის გასასვლელებში აიწიოს არანაკლებ 3,5 მ სიმაღლეზე, სამუშაო ადგილებში არანაკლებ 2,5 მ სიმაღლეზე და გასავლელებში – არანაკლებ 6 მ სიმაღლეზე.
9. შემოწმებისა და გამოცდისათვის დროებითი სქემის კვება უნდა წარმოებდეს ჩართული ან გამორთული მდგომარეობის აღნიშვნებიანი ამომრთველით. ამომრთველთან ერთად კვების წრედში თანმიმდევრობით უნდა დაყენდეს წრედის ხილული წყვეტის (საშტეფსელო გასართი) საკომუტაციო მოწყობილობა. სქემიდან ძაბვის მოხსნის დროს პირველად გამოირთვება ამომრთველი, ხოლო შემდეგ – საშტეფსელო გასართი, ჩართვის დროს – პირველად ჩაირთვება საშტეფსელო გასართი.
10. ელექტრული გამოცდებისათვის დროებითი სქემის აწყობა, სადენების სქემის მიხედვით გადართვა, ხელსაწყოების და აპარატურის გადაადგილება დაუშვებელია ძაბვის მოხსნის და მკვებავი ქსელის ხილული გაწყვეტის გარეშე.
11. მოწყობილობის გაწყობის სამუშაოების წარმოებისას, შესვენებისა და სამუშაოს დასრულების დროს, დროებითი კვების ხაზი უნდა გამოირთოს გამწყობი პერსონალის მიერ მკვებავი ქსელიდან, ხილული გაწყვეტის უზრუნველყოფით.
12. აკრძალულია გაზომვების ჩატარება მისადგმელი კიბეებიდან. გაზომვები უნდა ჩატარდეს სპეციალურად მოწყობილი ხარაჩოების გამოყენებით.
13. გადასატანი ხელსაწყოების და აპარატების ლითონის კორპუსები უნდა იყოს დამიწებული (დანულებული).
14. გაწყობის სამუშაოების პროცესში გადასატანი დამიწების მოხსნა ნებადართულია იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია სამუშაოს პირობიდან გამომდინარე. მითითებები დამიწების შესაძლო მოხსნაზე ჩაიწერება განწეს-დაშვებაში (იზოლაციის წინაღობის გასაზომად). დამიწებების მოხსნა ხორციელდება სამუშაოთა მწარმოებლის მიერ.
15. ძალოვან ელექტრომოწყობილობაზე და ელექტრულ მანქანებზე მუშა ძაბვის მიწოდებით სქემების გამოცდა ნებადართულია მხოლოდ აპარატების და მეორადი კომუტაციის სქემის ურთიერთქმედების ოპერატიული დენით შემოწმების შემდეგ. წინასწარ უნდა შემოწმდეს ელექტრომოწყობილობის დენგაუმტარი ნაწილების დამიწების მდგომარეობა.
16. რამდენიმე ადგილიდან მართვადი სქემების გაწყობის და გამოცდისათვის ოპერატიული დენის მიწოდებამდე უნდა გამოირიცხოს სხვა ადგილებიდან მართვის შესაძლებლობა-(გამოირთოს წრედი და დაიკიდოს პლაკატები “არ ჩართოთ – მუშაობს ხალხი!”.
17. ელექტროდანადგარის მოწყობილობების გაწყობის და მოსინჯვის დროს ძაბვა დანადგარზე მიეწოდება ელექტროსამონტაჟო ორგანიზაციის განაცხადის შესაბამისად, საექსპლუატაციო საწარმოს მიერ. დასაშვებია, 1000 ვოლტამდე ძაბვის მიწოდება ექსპლუატაციაში მყოფი გამანაწილებელი მოწყობილობებიდან, გაწყობის სამუშაოების წარმოებისათვის ელექტროდანადგარის იმ უბნებზე, სადაც დასრულებულია სამონტაჟო სამუშაოები. ამ ზონაში პასუხისმგებლობა უსაფრთხოების ტექნიკაზე ეკისრება გაწყობის სამუშაოების ხელმძღვანელს. ელექტროდანადგარის მომსახურებას აწარმოებს ოპერატიული პერსონალი.
18. საექსპლუატაციო რეჟიმში ჩაყენებული ელექტროდანადგარების გაზომვასთან დაკავშირებული ყველა სამუშაო, რომელიც ტარდება გადასატანი მზომი ხელსაწყოებით, დენის საზომი მარწუხებით, მეგომეტრით და სხვა ხელსაწყოებით, წარმოებს „უსაფრთხოების ტექნიკის წესები ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას” შესაბამისად