1. ამაღლებული ძაბვით იზოლაციის გამოცდა უნდა შესრულდეს გამწყობი ბრიგადის მიერ (არანაკლებ ორი პირის შემადგენლობით), რომელთაგან სამუშაოთა ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს ელექტროუსაფრთხოების არანაკლებ IV ჯგუფი, ხოლო ბრიგადის დანარჩენ წევრებს – არანაკლებ III ჯგუფი.
2. ამაღლებული ძაბვით იზოლაციის გამოცდის სამუშაოები უნდა შესრულდეს გაწყობის სამუშაოების ხელმძღვანელის მიერ გაცემული დაშვება-განწესის შესაბამისად. გამოცდების უსაფრთხო წარმოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სამუშაოთა წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს.
3. ამაღლებული ძაბვით გამოცდების წარმოების უფლების მქონე პირების სია ფორმდება გამწყობი ორგანიზაციის ბრძანებით. დაშვება-განწესის გაცემის უფლება ეძლევა ელექტროუსაფრთხოების V ჯგუფის მქონე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს.
4. გამოსაცდელი დანადგარის, გამოსაცდელი მოწყობილობის გარსაცმები და მართვის პულტის კარკასი გამოცდის ჩატარებამდე უნდა დამიწდეს.
5. გამოსაცდელი მოწყობილობის მიერთება 380/220 ვ ძაბვის ქსელთან უნდა წარმოებდეს ორპოლუსა ამომრთველით და მასთან თანმიმდევრულად ჩართული ხილული გაწყვეტის (საშტეფსელო გასართი) საკომუტაციო აპარატით.
6. გამოსაცდელი დანადგარის ქსელში მიერთების მომენტიდან და სამუშაოების დასრულებამდე ამომრთველთან, რომლის მეშვეობითაც ძაბვა მიეწოდება დანადგარს, უნდა მორიგეობდეს ელექტროუსაფრთხოების არანაკლებ III ჯგუფის მქონე ერთი პირი გამომცდელთა ბრიგადიდან.
7. გამოსაცდელი დანადგარის მაღალი ძაბვის გამომყვანზე დამამიწებელი შტანგით დამიწების დადგმა და მოხსნა, ამ დანადგარის გამოსაცდელ მოწყობილობაზე სადენების მიერთება და მოხსნა უნდა წარმოებდეს ერთი და იმავე პირის მიერ და შესრულდეს დიელექტრიკული ხელთათმანებით, სამუშაოთა წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის განკარგულებით. გამოსაცდელი დანადგარის გამომყვანის დამიწების მიუხედავად, პირმა, რომელიც აწარმოებს მიერთებას გამოსაცდელი სქემით, უნდა დაადოს დამიწება შემაერთებელ სადენს და გამოსაცდელი მოწყობილობის მიწისაგან იზოლირებულ ნაწილებს. ამ დამიწების მოხსნა შეიძლება მხოლოდ მიერთების ოპერაციის დასრულების შემდეგ. გამოცდების ჩატარების და სადენების მიერთების დროს გამოსაცდელი მოწყობილობის დაუმიწებელ ნაწილებთან, ეს უკანასკნელი უნდა განიხილებოდეს, როგორც გამოსაცდელი ძაბვის ქვეშ მყოფი.
8. გამომცდელი დანადგარის გამოსაცდელ მოწყობილობასთან შემაერთებელი სადენები უნდა იქნეს საიმედოდ დამაგრებული იზოლატორებით ან საიზოლაციო საკიდარებით.
9. გამოცდის ადგილი, ასევე შემაერთებელი სადენები უნდა შემოიღობოს ან გამოცდის ადგილზე უნდა იქნეს დაყენებული მეთვალყურე. შემოღობვა უნდა იყოს სასიგნალო ინვენტარული, გამოკიდული პლაკატებით “სდექ – ძაბვაა!”, ან შუქტაბლო იგივე წარწერით.
10. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოსაცდელი ძაბვის ქვეშ მყოფი შემაერთებელი სადენები განთავსებულია 1000 ვ მეტი ძაბვის ელექტროდანადგრების სათავსოების გარეთ (დერეფნები, კიბეები, გასასვლელები, ტერიტორიები), შემოღობვის მიუხედავად აუცილებელია მეთვალყურის დაყენება.
11. კაბელის გამოცდის წინ, თუ მისი ბოლო მოთავსებულია გამანაწილებელი მოწყობილობის ჩაკეტილ უჯრედში, უჯრედის კარზე ან ღობეზე უნდა იქნეს დაკიდებული პლაკატი “სდექ – ძაბვაა!”, ხოლო გათიშული გამთიშველების ამძრავებზე – “არ ჩართოთ – მუშაობს ხალხი!”. თუ აღნიშნული გამანაწილებელი მოწყობილობის უჯრედის კარი არ არის ჩაკეტილი, ან გამოცდა უტარდება კაბელს დაცალკევებული ბოლოებით (ტრასაზე), “სდექ – ძაბვაა!” პლაკატების დაკიდების გარდა უჯრედის კართან ან ადგილთან, სადაც მდებარეობს კაბელის ბოლოები, უნდა იქნეს დაყენებული მეთვალყურე.
12. იმ შემთხვევაში, როდესაც გამომცდელი დანადგარი და გამოსაცდელი მოწყობილობა განთავსებულია სხვადასხვა სათავსოებში, იზოლაციის მდგომარეობის დაკვირვების მიზნით დასაშვებია ელექტროუსაფრთხოების III ჯგუფის ბრიგადის წევრების ყოფნა ამ სათავსოებში. ეს პირები უნდა იმყოფებოდნენ შემოღობვის მიღმა და მათ ეკრძალებათ რაიმე სახის სამუშაოების წარმოება.
13. გამოსაცდელი ძაბვის მიწოდების დროს გაწყობის სამუშაოების ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) შეამოწმოს ბრიგადის ყველა წევრის დასწრება, გაყვანილია თუ არა უცხო პირები და შეიძლება თუ არა მოწყობილობაზე გამოსაცდელი ძაბვის მიწოდება;
ბ) ბრიგადის წევრები გააფრთხილოს სიტყვებით: “ვაწვდი ძაბვას”, რის შემდეგაც გამომცდელი დანადგარის გამომყვანიდან მოიხსნას დამიწება და საკომუტაციო აპარატის ჩართვით მიაწოდოს ძაბვა. დამამიწებელი შტანგის მოხსნის მომენტიდან მთელი გამომცდელი დანადგარი, გამომცდელი მოწყობილობის და შემაერთებელი სადენების ჩათვლით, ჩაითვლება ძაბვის ქვეშ მყოფად და ამ დროს გასაცდელ სქემაში და გამოსაცდელ მოწყობილობაზე რაიმე სახის მიერთებების წარმოება აკრძალულია.
14. გამოცდების ჩატარების დასრულების შემდეგ გაწყობის სამუშაოების ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) დაიყვანოს ნულამდე გამომცდელი დანადგარის ძაბვა;
ბ) გამორთოს ქსელიდან გამომცდელი დანადგარი;
გ) განტვირთოს და დაამიწოს გამომცდელი დანადგარის მაღლი ძაბვის გამომყვანი;
დ) დარწმუნდეს დანადგარზე მუხტის არ არსებობაში და გამწყობი ბრიგადის წევრებს აცნობოს, რომ დანადგარიდან მოხსნილია ძაბვა;
ე) მოხსნას სადენები და შემოღობვები.
15. მაღალი ძაბვის მოძრავ გამომცდელ დანადგართან (ავტოლაბორატორიასთან) მუშაობის დროს ზემოთ ჩამოთვლილი წესების გარდა უნდა შესრულდეს უსაფრთხოების ტექნიკის შემდეგი ღონისძიებები:
ა) ავტოლაბორატორია უნდა იმყოფებოდეს გამოსაცდელი ობიექტის შემოღობვის ზონაში;
ბ) გამოცდების დაწყებამდე ავტოლაბორატორიის კორპუსი უნდა იქნეს დამიწებული არანაკლებ 10 მმ2 კვეთის სპილენძის მოქნილი სადენით.
გ) გამოცდის სქემის აწყობის დროს მაღალი ძაბვის გამომყვანის დამამიწებელი დანა უნდა იმყოფებოდეს მდგომარეობაში “დამიწებულია”, ხოლო ავტოლაბორატორიის მაღალი ძაბვის განყოფილების კარები უნდა იყოს გაღებული;
დ) ცდების ჩატარების დროს ავტოლაბორატორიაში შესვლა და გამოსვლა, ასევე მიწაზე მდგომის მიერ, ავტოლაბორატორიის კორპუსზე ხელით შეხება აკრძალულია.
16. მეგაომმეტრით იზოლაციის წინაღობის გასაზომად დაიშვება პირები, რომლებსაც გააჩნიათ ელექტროუსაფრთხოების არანაკლებ III ჯგუფი.
მეგაომმეტრით გაზომვების ჩატარება შეიძლება მხოლოდ ელექტროდანადგარებზე, რომლებიც ყოველი მხრიდან გამორთული იქნება საკომუტაციო აპარატებით.
მეგაომეტრით გაზომვების ჩატარების დროს, აუცილებელია დარწმუნება გამოსაცდელ მოწყობილობაზე ძაბვის არ არსებობასა და ხალხის არყოფნაში დანადგარის იმ ნაწილში, სადაც ტარდება გაზომვები.
17. კაბელის იზოლაციის, მანქანების და ტრანსფორმატორების გრაგნილების წინაღობის გაზომვის დროს, ხელსაწყოს მიერთებამდე და გაზომვის დასრულების შემდეგ, უნდა მოიხსნას მუხტი სპეციალური განმმუხტველი შტანგის მეშვეობით.
18. განშტოებული სქემების იზოლაციის წინაღობის გაზომვის დროს, ადგილებში, რომლებიც არ იმყოფება გამწყობის მხედველობის არიალში, უნდა დაიკიდოს პლაკატები “სდექ – ძაბვაა!”.
19. ამაღლებული ძაბვით მეორადი კომუტაციის წრედების ელექტრული სიმტკიცის გამოცდა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ელექტროსამონტაჟო სამუშაოების მთლიანი დასრულების და დანადაგრების გასაწყობად გადაცემის შემდეგ.
20. ამაღლებული ძაბვით მეორადი კომუტაციის წრედების იზოლაციის გამოცდის ჩატარების დროს გაწყობის სამუშაოების ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) გაარკვიოს ყველა გამოსაცდელი წრედების, კლემებისა და აპარატების ადგილმდებარეობა;
ბ) დაკიდოს გამაფრთხილებელი პალაკატები ყველა პანელზე, მართვის პულტზე, ყუთებში, კარადებში, ამძრავთან და გამოსაცდელი წრედების და აპარატების სხვა ადგილებში. შემოუღობავი დენგამტარი ნაწილების არსებობის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს მეთვლყურეები