1. 1000 ვოლტამდე ძაბვის ელექტროდანადგარებში ელექტრომოწყობილობის გაწყობის დროს ბრიგადა უნდა შედგებოდეს არანაკლებ 2 კაცისაგან, რომელთაგან ერთს უნდა ჰქონდეს ელექტროუსაფრთხოების არანაკლებ III, ხოლო მეორეს არანაკლებ II ჯგუფი.
გამანაწილებელ ფარებზე, შემკრებებზე და კარადებში გაწყობის სამუშაოები უნდა ჩატარდეს ძაბვის არარსებობის პირობებში, როგორც პირველად, ასევე მეორად წრედებში.
2. იმ სათავსოში, სადაც შესაძლებელია უცხო პირთა ყოფნა, მათში განთავსებული ელექტრომოწყობილობის გაწყობის დროს მიწოდებული ძაბვა უნდა მოიხსნას დანადგარიდან გამწყობი პერსონალის მიერ სამუშაო ადგილების დატოვების შემთხვევაში.
3. გამანაწილებელ ფარებზე, შემკრებებზე და კარადებში, როდესაც ისინი არ იმყოფება ძაბვის ქვეშ, გაწყობის სამუშაოები შეიძლება წარმოებდეს:
ა) დამიწების დადებით;
ბ) დამიწების დადების გარეშე, მაგრამ სამუშაო ადგილზე ძაბვის მიწოდების გამომრიცხავი ზომების მიღების შემდეგ: გამორთული აპარატების ამძრავები ჩაიკეტოს, გამორთული აპარატის წრედებში მოიხსნას მცველები, საკომუტაციო აპარატში წრედის გარღვევის ადგილზე დაყენდეს საიზოლაციო შუასადებები.
ზემოაღნიშნული ზომების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სალტეზე და შემკრებზე მკვებავი ხაზის ბოლოები უნდა ჩახსნას და დაიზოლირდეს.
4. გამანაწილებელი მოწყობილობები, გაწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ, ძაბვის მიწოდების წინ უნდა გამოირთოს საკომუტაციო აპარატებიდან, დამოკლდეს და დამიწდეს ან დაიზოლირდე ის გამავალი ხაზები, რომელთა გაწყობა არ განხორციელებულა ან არ დასრულებულა. აღნიშნული ხაზების საკომუტაციო აპარატებზე უნდა დაიკიდოს პლაკატები: “არ ჩართოთ – მუშაობს ხალხი!’.
.5. გამანაწილებელი მოწყობილობის სალტეებზე მკვებავი კაბელის მიერთების შემდეგ, გამანაწილებელ მოწყობილობებში განთავსებული მოწყობილობის გაწყობა, წარმოებს ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის დროს ტექნიკური უსაფრთხოების წესების შესაბამისად.
6. ელექტროამძრავის ძალოვან წრედებში მუშაობის დროს გენერატორების, გარდაქმნელების, ელექტრომაგნიტური გამაძლიერებლების ძრავები უნდა გამოირთოს კვების წყაროდან და მიღებულ უნდა იქნეს სამუშაო ადგილზე ძაბვის მიწოდების გამომრიცხავი ზომები. ჩამრთველ აპარატებზე უნდა დაიკიდოს პლაკატები “არ ჩართოთ – მუშაობს ხალხი!”.
7. სამუშაოების დაწყებამდე ელექტროძრავებზე, რომლებიც შეიძლება მოვიდეს ბრუნვაში მათ მიერ მოქმედებაში მოსაყვანი მექანიზმებით, (ცენტრიდანული ტუმბო, ვენტილატორი) უნდა შემოწმდეს, რომ შესაბამისი ვენტილები ან შიბერები დაკეტილია და მათზე დაკიდებულია პლაკატები “არ გააღოთ – მუშაობს ხალხი!”