1. კაბელის ტრანშეის გარეშე გაყვანა დანისებრი კაბელჩამწყობის მეშვეობით აკრძალულია ქალაქების და სამრეწველო საწარმოების ტერიტორიებზე, ადგილებში, რომლებსაც გააჩნიათ მიწისქვეშა კომუნიკაციები და საინჟინრო ნაგებობები.
2. კაბელებიანი დოლების გადაგორების დროს აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული ზომები დოლების გამოწეული ნაწილებით დასაქმებულთა ტანსაცმლის ჩათრევის თავიდან ასაცილებლად. გადაგორების წინ დოლებიდან უნდა იქნეს მოცილებული ყველა გამოწეული ლურსმანი, ხოლო კაბელის ბოლოები საიმედოდ იქნეს დამაგრებული. აკრძალულია ხალხის ყოფნა კაბელიანი დოლის დადაადგილების გზაზე.
3. კაბელის გაშლის დროს დოლები უნდა იქნეს დაყენებული შესაბამისი ტვირთამწეობის დომკრატებზე ან სპეციალურ ურიკებზე. დოლების აწევის წინ ყურადღება უნდა მიექცეს, რომ დოლის გარეპირები და მილისები არ იქნეს დაზიანებული, ხოლო გაშლის ღერძი არ დაიძრას ანძებისაგან.
დოლებიდან კაბელის გაშლა დასაშვებია, მხოლოდ სამუხრუჭე სამარჯვის არსებობის დროს.
4. აკრძალულია, კაბელის გაყვანის სამუშაოების შესრულება ხელთათმანების გარეშე.
5. კაბელის გაყვანის დაწყება შეიძლება მხოლოდ ტრანშეიდან სამუშაოების წარმოების ხელის შემშლელი საგნების (ლითონის წნელების, მავთულების, დაფების, მორების, მილების ბოლოების და ა.შ.) გატანის შემდეგ.
6. კაბელების გაყვანა, როგორც წესი, უნდა წარმოებდეს მექანიზირებული მეთოდით (საწევი ჯალამბარების, მიმმართველი გორგოლაჭების მეშვეობით). აკრძალულია მუშების ყოფნა კაბელების მოხვევის კუთხის შიგნით, ასევე მოხვევის კუთხეებში კაბელის ხელით დაჭერა ან ხელით დაჭიმვა. ამ მიზნით მოხვევის ადგილებში უნდა დაყენდეს კუთხური მიმმართველი გორგოლაჭები. კაბელის ხელით გაყვანის დროს ყველა დასაქმებული უნდა იმყოფებოდეს მისგან ერთ მხარეს.
7. აკრძალულია კაბელის, ცარიელი დოლების, მექანიზმების, სამარჯვეების და ინსტრუმენტის უშუალოდ ტრანშეის კიდესთან განთავსება. მანძილი ტრანშეის ნაპირიდან მექანიზმებამდე განისაზღვრულია წინამდებარე წესებით. დაშვებულზე ნაკლებ მანძილზე სიმძიმეების განლაგების აუცილებლობის შემთხვევაში ტრანშეის კედელები უნდა გამაგრდეს.
8. გაშლის დროს გადასადგილებელი ტრანსპორტიორიდან, კაბელჩამწყობიდან, სპეციალურად მოწყობილი ავტომანქანიდან ან მილჩამწყობიდან კაბელის მიღება და ჩალაგება უნდა აწარმოოს არანაკლებ ორმა ადამიანმა.
9. კედლის ღიობების გავლით კაბელის გაჭიმვა დაშვებულია მუშების კედლის ორივე მხარეს ყოფნის პირობით. ხვრელებში, სართულებსშორის გადახურვებში ან მილებში ძალოვანი კაბელების გაყვანის დროს მიღებულ უნდა იქნეს ზომები, რომლებიც გამორიცხავს მომუშავეთა ხელის მოხვედრას ღიობში და მილებში. მანძილი, მილის კანალიზაციებში გასაჭიმი კაბელის შესასვლელიდან მომუშავეთა ხელების ზღვრულ მდებარეობამდე, კაბელის მიწოლის დროს უნდა იყოს არანაკლებ 1 მ.
10. კაბელის, რომელის 1 მეტრის მასა 1 კგ-ზე მეტია, აწევა, დამაგრება და გასწორება მისაყუდებელი კიბეებიდან და პწკალებიდან აკრძალულია.
11. შუალედური საკაბელო ჭებით აღჭურვილ მილის ბლოკებში, კაბელის ჯალამბრების მეშვეობით გაჭიმვისას, უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ჭებში ან კამერებში მყოფ მუშებზე ბრძანებების მკაფიო მიწოდება, ტელეფონის, რადიოს ან სპეციალურად დანიშნული მეკავშირის მეშვეობით.
12. ელექტრული დენით კაბელის გათბობის პროცესზე მეთვალყურეს უნდა ჰქონდეს ელექტროუსაფრთხოების არანაკლებ III ჯგუფი. იგი მეთვალყურეობის პერიოდში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დაცვის საშუალებებით (დიელექტრიკული ხელთათმანებით და კალოშებით).
13. კაბელის ელექტროგათბობისათვის გამოყენებულ ტრანსფორმატორს უნდა ჰქონდეს საკომუტაციო აპარატი მოკლე შერთვებისაგან დაცვით, ხოლო ტრანსფორმატორის მეორადი გრაგნილები, გასათბობი კაბელის ძარღვები და ჯავშანი უნდა იქნეს საიმედოდ დამიწებული. კაბელის გასათბობად აკრძალულია 250 ვ-ზე მეტი ძაბვის გამოყენება.
14. საკაბელო ჭების დათვალიერებას და მასში სამუშაოებს უნდა აწარმოებდეს არანაკლებ სამი პირი, რომელთაგან ორი ინიშნება მეთავლყურედ. სამუშაოები უნდა შესრულდეს განწესი-დაშვებით.
15. მუშების სამუშაოდ დაშვებამდე საკაბლო ჭებში, სადაც შესაძლებელია მავნე აირის გაჩენა უნდა ჩატარდეს გარემოს ტოქსიკური და მომწამლავი აირების არსებობის და ჟანგბადის შემცველობის ანალიზი. ადგილებში, სადაც შესაძლებელია მავნე აირის გაჩენა, დასაქმებულები უნდა აღიჭურვოს დაცვის საშუალებებით: შლანგიანი აირწინაღებით და ჟანგბადიანი მაიზოლირებელი ხელსაწყოებით.
16. აკრძალულია, ჭების ვენტილაციისთვის შეკუმშული აირით დატუმბული ბალონების გამოყენება (ჰაერი, ჟანგბადი).
17. ჭაში მომუშავეებმა უნდა გამოიყენონ დამცავი ქამრები და დამზღვევი ბაგირები. გარეთ მდგარ ერთ-ერთ დამზღვეველს ხელში უნდა ეკავოს ბაგირი და აუცილებლობის შემთხვევაში მიიღოს ზომები დაზარალებულის ევაკუაციისათვის. დაზარალებულისთვის დახმარების აღმოსაჩენად ჭაში ჩასვლა ჟანგბადის მაიზოლირებული ხელსაწყოს ან შლანგიანი აირწინაღის გარეშე აკრძალულია.
18. კოლექტორებში და გვირაბებში მუშაობის დროს გაღებული უნდა იყოს ორი ლუქი და კარები. ამასთან, მუშები უნდა იმყოფებოდნენ მათ შორის.
19. ჭებში, გვირაბებში და კოლექტორებში მუშაობის დროს, მომუშავე პირები უნდა გამოდიოდნენ სუფთა ჰაერზე ყოველი საათის შემდეგ 10 წუთით.
20. საკაბელო ნაგებობებში რაიმე სახის მასალების შენახვა აკრძალულია.
21. ჭებში, გვირაბებში და კოლექტორებში სამუშაო ადგილების განათება უნდა შესრულდეს არა უმეტეს 12 ვ ძაბვის ნათურებით ან აკუმულატორის ფარნებით ფეთქებადდაცული შესრულებით. სარჩილი ლამპების განათება, პროპან-ბუტანის ბალონების დადგმა, მასტიკის (საკაბელო მასის) და სარჩილის გაცხელება უნდა წარმოებდეს ჭების გარეთ.
22. გამდნარი სარჩილი და გაცხელებული მასტიკა უნდა ჩაიშვას ჭაში სპეციალური ციცხვებით ან დახურული ავზაკებით, რომლებიც დაკიდებული იქნება ლითონის ხელჯოხზე კარაბინის მეშვეობით. აკრძალულია სარჩილი ლამპების მიწაზე დადგმის გარეშე ხელიდან ხელში გადაცემა.
23. სარჩილი ლამპების ანთების დროს ცეცხლის შემოფარგვლისთვის გამოყენებული უნდა იყოს ცეცხლგამძლე მასალისაგან დამზადებული ფარები, ხოლო სამუშაო ადგილთან ახლოს უნდა იყოს ქსოვილი უწვადი მასალისაგან (ქეჩასაგან).
24. ეპოქსიდურ კომპაუნდთან სამუშაოდ დაიშვებიან პირები, რომლებმაც გაიარეს სამედიცინო შემოწმება და მიიღეს ექიმის ნებართვა.
25. ეპოქსიდურ კომპაუნდთან და მის გამამყარებელთან მუშაობის დროს აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:
ა) აკრძალულია საკვების შენახვა და მიღება, თამბაქოს მოწევა იმ სათავსოებში, სადაც წარმოებს ეპოქსიდური კომპაუნდით ქუროების მონტაჟი;
ბ) ეპოქსიდური კომპაუნდი და მისი გამამყარებელი, თუ ისინი არ არიან ჰერმენტულად შეფუთული, უნდა ინახებოდეს დახურული მინის ტარით სათავსოებში, რომლებიც კარაგად ნიავდება ან გამწოვ კარადებში;
გ) თხევადი ეპოქსიდური ფისიანი ჭურჭელი ყოველთვის უნდა იქნეს მჭიდროდ დახშული;
დ) ეპოქსიდურ კომპაუნდთან მომუშავე ყველა პირი უზრუნველყოფილი უნდა იყოს რეზინის სამედიცინო ხელთათმანებით, დამცავი სათვალეებით და დამცავი ტანსაცმლით. ტანსაცმლის სახლში წაღება აკრძალულია. გაჭუჭყიანებული ტანსაცმელი უნდა გამოიცვალოს დროულად.
26. ქუროებში ჩასასხმელი საკაბელო მასა უნდა გაცხელდეს მაყალში რკინის ჭურჭლით, რომელსაც ექნება სახურავი და ჩამოსასხმელი ტუჩი. გახურების ტემპერატურა უნდა განისაზღვროს თერმომეტრით. აკრძალულია მასის ადუღება.
27. საკაბელო მასით ან ციცხვის სარჩილით ქვაბის გახურება, გადმოღება და გადატანა, ასევე შეერთებების რჩილვა და ქუროების ამოვსება უნდა წარმოებდეს ხელთათმანებით და დამცავი სათვალეებით.
28. აკრძალულია საკაბელო მასით შევსებული გაუხსნელი ქილების გახურება, რადგანაც გახსნის დროს შესაძლებელია გახურებული მასის ამოხეთქვა.
29. გამდნარი მასის ან სარჩილის მორევა უნდა წარმოებდეს რკინის წნელით, ან რკინის კოვზით. ამოშხეფვის თავიდან ასაცილებლად საჭიროა თვალყურის დევნება, რომ სარევი იყოს მშრალი და სუფთა.
30. კაბელის გარსის და ჯავშანის გაუცხიმოვნებისათვის აცეტონის და ბენზინის გამოყენებისას დაცული უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო წესები. დაუშვებელია, ამ მიზნით ეთილირებული ბენზინის გამოყენება.
31. წყალსატევზე კაბელების გაყვანის დროს უნდა იყოს დაცული წყალსატევებზე უსაფრთხოების მოთხოვნები. სამუშაოები უნდა წარმოებდეს სამუშაოების წარმოების პროექტის შესაბამისად.
32. კაბელების გასაყვანად განკუთვნილი ბარჟის გემბანი და ტრიუმი სამუშაოების დაწყებამდე უნდა იყოს გასუფთავებული ზედმეტი საგნებისაგან: ბაგირებისაგან, ღუზებისაგან, მორებისაგან, დაფებისაგან და ა.შ. ბარჟაზე უნდა იყოს არანაკლებ ორი სამაშველო ნავი, ხოლო კაბელის გაყვანის ადგილებში – სამაშველო საშუალებებით აღჭურვილი არანაკლებ სამი ნავი.
33. ბარჟიდან კაბელების გაყვანის დროს ბოგებს და საბიჯელებს, რომლითაც ხდება კაბელის მიწოდება, უნდა ქონდეთ სახელურები და ნაფენებზე გარდიგარდმო დაკერებული თამასები. დოლიდან ბარჟის გემბანზე (თვითმავალი გემი) კაბელის მიწოდების და მისი წყალში ჩაშვების დროს მუშები უნდა იმყოფებოდნენ კაბელის ერთ მხარეს.
34. წყალსატევის ნაპირზე გვარლის განთავსების ზონაში, რომლითაც ხორციელდება კაბელის დაჭიმვა, უცხო პირების ყოფნა აკრძალულია.
35. წყალსატევის ფსკერზე კაბელჩამწყობი-თხრილსათხრელის გადაადგილების დროს ნავები ხალხით არ უნდა იმყოფებოდეს საბუქსირე გვრლის განთავსების ზონაში. წყალში ჩაძირულ კაბელჩამწყობ-თხრილსათხრელს გვარლით მიმაგრებული უნდა ჰქონდეს მისი ადგილსამყოფლის მაჩვენებელი ტივტივა.
36. კაბელის წყალქვეშ გაყვანის ადგილებში ორგანიზებული უნდა იყოს სამაშველო სადგური (სამაშველო საგუშაგო). სამუშაოების წარმოების ყველა მონაწილე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამაშველო საშუალებით სამუშაოთა წარმოების პროექტის და შრომის დაცვის ინსტრუქციის შესაბამისად
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.01.2011
მუხლი 28. საკაბელო ხაზები
თავი IV — ელექტრომოწყობილობის მონტაჟი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 22. ტვირთის, მასალების ტრანსპორტირება და ხალხის გადაყვანა
- მუხლი 23. გამანაწილებელი მოწყობილობები
- მუხლი 24. ელექტრული მანქანები
- მუხლი 25. ძალოვანი ტრანსფორმატორები
- მუხლი 26. სააკუმულატორო ბატარეები
- მუხლი 27. ძალოვანი და განათების შიგა ქსელები
- მუხლი 29. ხიდური ამწეები
- მუხლი 30. საერთო მოთხოვნები
- მუხლი 31. მოწყობილობის იზოლაციის ამაღლებული ძაბვით გამოცდა
- მუხლი 32. გენერატორების და კომპენსატორების გამოცდები
- მუხლი 33. ტრანსფორმატორების გამოცდები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 28, №01, 04.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.025.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1172040/muxli-28/