1. კაბელიანი დოლის გადაგორებისას აუცილებელია მისი გამოშვერილი ნაწილების მუშების ტანსაცმელზე გამოდების გამომრიცხავი ზომების მიღება. დოლის გადაგორებამდე კაბელის ბოლოები უნდა დამაგრდეს და მოშორდეს დოლიდან გამოშვერილი ლურსმნები. კაბელიანი დოლის გადაგორება დასაშვებია მხოლოდ ჰორიზონტალურ ზედაპირზე, მყარ გრუნტზე ან მაგარ საფენზე, ამასთან, აუცილებელია სამუხრუჭე მოწყობილობების გამოყენება. კაბელები, ცარიელი დოლები, მექანიზმები, სამარჯვები და ინსტრუმენტები განლაგებული უნდა იყოს გრუნტის რღვევის პრიზმის გარეთ, მაგრამ არანაკლებ 1 მეტრი მანძილისა ტრანშეის კიდიდან.
2. კაბელის ხელით ჩადებისას მუშათა რაოდენობა განისაზღვრება ისეთი ვარაუდით, რომ თითოეულ მამაკაცზე მოდიოდეს არა უმეტეს 35 კგ, ხოლო ქალებზე 15 კგ მასის კაბელის უბანი. მუშაობისას გამოყენებულ უნდა იქნეს ბრეზენტის ხელთათმანები.
3. კაბელების ჩადებისას აკრძალულია მოხვევის კუთხეების შიგნით დგომა, აგრეთვე ტრასის მოსახვევში კაბელის ხელით დაჭერა. მოსახვევებში დაყენებული უნდა იყოს კუთხური გორგოლაჭები.
4. ელექტრული დენით კაბელის გასათბობად აკრძალულია 380 ვ-ზე მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორის გამოყენება.
5. კაბელების გადაწყობა და ქუროების გადატანა უნდა მოხდეს საკაბელო ხაზის გამორთვის შემდეგ. ძაბვის ქვეშ მყოფი კაბელების გადაწყობა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, შემდეგი პირობების შესრულებით:
ა) გადასაწყობი კაბელის ტემპერატურა უნდა იყოს არანაკლებ 500C;
ბ) კაბელების გადასაწყობ უბანზე ქუროები მყარად უნდა იყოს დამაგრებული ფიცრებზე ცალუღებით;
გ) მუშაობისას გამოყენებულ უნდა იქნეს დიელექტრიკული ხელთათმანები, რომლებზეც მექანიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად წამოცმული უნდა იყოს ბრეზენტის ხელთათმანები;
დ) სამუშაო უნდა შეასრულონ კაბელის გადაწყობის გამოცდილების მქონე მუშებმა. მათ მეთვალყურეობას უნდა ახორციელებდეს 1000 ვოლტზე მაღალი ძაბვის ელექტროდანადგარებში V ჯგუფის მქონე სამუშაოს ხელმძღვანელი, ხოლო 1000 ვოლტზე დაბალი ძაბვის ელექტროდანადგარებში უსაფრთხოების IV ჯგუფის მქონე სამუშაოს მწარმოებელი