1. სეგხ-ის ანძებზე ელემენტების შეცვლის, ანძების და სადენების დემონტაჟის სამუშაოები უნდა წარმოებდეს ტექნოლოგიური რუკით ან სამუშაოს წარმოების პროექტის მიხედვით და სამუშაოს ხელმძღვანელის მონაწილეობით.
2. ანძებზე ასვლა და მასზე მუშაობა ნებადართულია ანძების, განსაკუთრებით მისი ფუძის, მდგრადობის საკმარისობასა და სიმტკიცეში დარწმუნების შემდეგ.
3. ხის ანძების სიმტკიცის შემოწმებისას ანძების ფუნდამენტი უნდა ამოითხაროს არანაკლებ 0,5 მეტრ სიღრმეზე და გაიზომოს მერქნის ლპობა. რკინაბეტონის ანძების და მისაბრჯენების სიმტკიცის განსაზღვრისას უნდა შემოწმდეს ხომ არა აქვს ბეტონს დაუშვებელი ბზარები, ანძების გარშემო გრუნტი ხომ არ არის დამჯდარი ან ამობურცული, აგრეთვე, ხომ არ არის დარღვეული ანძების (მისაბრჯენის) ბეტონი.
4. მეტალის ანძებზე უნდა შემოწმდეს ფუნდამენტების დაზიანების არარსებობა, ანკერულ ჭანჭიკებზე ყველა ირიბანას და ქანჩის არსებობა, საჭიმარების, დამამიწებელი სადენების მდგომარეობა.
5. ანძების, რომლის სიმტკიცე იწვევს ეჭვს (ჩამაგრების არასაკმარისი სიღრმე, გრუნტის ამობურცვა, მერქნის ლპობა, ბზარები ბეტონში და ა.შ.), გამაგრების აუცილებლობა და მეთოდები განისაზღვრება ადგილზე სამუშაოს მწარმოებლის ან ხელმძღვანელის მიერ. საჭიმარების მეშვეობით ანძების გამაგრების სამუშაო უნდა შესრულდეს ანძებზე აუსვლელად, ე.ი. ანძების გვერდით დაყენებული ტელესკოპური კოშკურიდან ან ადამიანების ამწევი სხვა მექანიზმიდან, ანდა გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური გამამაგრებელი მოწყობილობა, რომლის დასაკიდებლად საჭირო არ არის ანძებზე ასვლა. ანძაზე ასვლა ნებადართულია მხოლოდ მისი გამაგრების შემდეგ.
6. თუ მოსალოდნელია სადენების და გვარლების მხრიდან ორმხრივ ჭიმვაზე გაანგარიშებული ანძის მოხვედრა ცალმხრივი ჭიმვის ქვეშ, მისი წაქცევის თავიდან ასაცილებლად წინასწარ უნდა ჩატარდეს გამაგრების ღონისძიებები. შუალედური ანძების წინასწარი გამაგრების გარეშე აკრძალულია სადენების მთლიანობის დარღვევა და ანძებზე გადაბმების მოხსნა.
7. ანძებზე ასვლის ნებართვა ეძლევათ ბრიგადის წევრებს, რომლებიც დაშვებულნი არიან მაღლივ სამუშაოებზე და აქვთ შემდეგი ჯგუფები:
ა) ყველა სახის სამუშაოზე ანძის წვერამდე – უსაფრთხოების III ჯგუფი;
ბ) გამორთულ ხაზზე ანძის წვერამდე, ხოლო ჩართულ სეგხ-ის დენგაუმტარ ნაწილებზე მომუშავის თავიდან სეგხ-ის ქვედა სადენებამდე არანაკლებ 2 მ მანძილისა – უსაფრთხოების II ჯგუფი;
გ) ცალკეული სახის სამუშაოები სიმაღლეზე უნდა შეასრულოს არანაკლებ ორმა პირმა, რომელთაც აქვთ ასეთი სამუშაოების შესრულებისათვის უსაფრთხოების შესაბამისი ჯგუფები.
8. ანძის შეღებვა მის წვერამდე ასვლით წინამდებარე პუნქტის შესაბამისად შეიძლება, შეასრულოს უსაფრთხოების II ჯგუფის მქონე მომუშავემ. ანძების ღებვისას მიღებულ უნდა იქნეს იზოლატორებსა და სადენებზე საღებავის მოხვედრის გამომრიცხავი ზომები (მაგალითად, გამოყენებულ იქნეს ქვეში).
9. ხის და რკინაბეტონის ანძებზე ასვლისას დამცავი ქამრის ჯამბარა უნდა გადაეცვას დგარზე. კუთხურ მაჭვალიან იზოლატორიან ანძებზე აკრძალულია ასვლა და მუშაობა შიგა კუთხის მხრიდან. ანძებზე მუშაობის დროს საჭიროა დამცავი ქამრის გამოყენება და ბრჭყალების (საძრომების) გამოყენების შემთხვევაში ორივე ბრჭყალზე დაყრდნობა. ანძის დგარზე მუშაობისას საჭიროა ისეთ პოზიციაში დგომა, რომ ძაბვის ქვეშ მყოფი უახლოესი სადენები ყოველთვის იყოს მხედველობის არეში.
10. ანძების დეტალების შეცვლისას მიღებულ უნდა იქნას ზომები მათი წანაცვლების ან ჩამოვარდნის აღსაკვეთად.
11. აკრძალულია П და АП ტიპის ანძების ცალფა და შეწყვილებული მისაბრჯენების შეცვლისას ანძის ორივე დგარის ერთდროულად გამოთხრა. საბრჯენი ჯერ უნდა შეიცვალოს ანძის ერთ დგარზე, დამაგრდეს ბანდაჟები, დაიტკეპნოს მიწა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიცვალოს საბრჯენი სხვა დგარზე. შეწყვილებული საბრჯენების შეცვლა აუცილებელია რიგრიგობით.
12. საბრჯენების ამოღების ან ჩაშვების დროს აკრძალულია ქვაბულში დგომა.
13. ანძებზე საყრდენის წაქცევისა და დაყენების მეთოდებს, მისი გადახრის აღმკვეთ გამაგრების საშუალებებს განსაზღვრავს სამუშაოს ხელმძღვანელი, ხოლო თუ იგი არ არის დანიშნული, განწესის გამცემი.
14. კაკვიანი საჭიმარის გამოყენების შემთხვევაში კაკვი აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი საკეტით.
15. მაიზოლირებელ საკიდარზე მუშაობისას დასაშვებია გადაადგილება ერთჯაჭვიან და მრავალჯაჭვიან (იზოლატორების ორი და მეტი გირლანდით) და დაჭიმულ მრავალჯაჭვიან საკიდარზე. ერთჯაჭვიან დამჭიმავ მაიზოლირებელ საკიდარზე მუშაობა დასაშვებია სპეციალური სამარჯვების გამოყენებით ან მასზე წოლით და სხეულის მდგომარეობის ფიქსაციისათვის ტრავერსზე ფეხით ჩაჭიდებით.
16. მაიზოლირებელ საკიდარზე მუშაობის დროს დამცავი ქამრის ჯამბარა უნდა დამაგრდეს ტრავერსაზე. თუ ჯამბარის სიგრძე არ არის საკმარისი, მაშინ აუცილებელია ქამარზე მიმაგრებული ორი დამზღვევი ბაგირის გამოყენება. ერთი ბაგირი მაგრდება ტრავერსზე, ხოლო მეორეს, წინასწარ შემოვლებულს ტრავერსზე, ბრიგადის დამზღვევი წევრი მოუშვებს ან მოჭიმავს საჭიროების მიხედვით.
17. დამჭიმავ მაიზოლირებელ საკიდზე მუშაობისას დამცავი ქამრის ჯამბარა დამაგრებული უნდა იყოს ტრავერსზე ან ამ მიზნისათვის განკუთვნილ სამარჯვზე.
18. მრავალჯაჭვა მომჭიმავ მაიზოლირებელ საკიდრებზე დასაშვებია დამცავი ქამრის ჯამბარის დამაგრება იზოლატორების ერთ-ერთ გირლანდაზე, რომელზეც მუშაობა არ წარმოებს. აკრძალულია ჯამბარის იმ გირლანდებზე მიმაგრება, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა.
19. გაუმართაობის, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მაიზოლირებელი საკიდარის გადახსნა, აღმოჩენის შემთხვევაში მუშაობა უნდა შეწყდეს.
20. ტრავერსზე სადენების, გვარლების აწევის ან დაშვების და მათი მოჭიმვის დროს აკრძალულია ამ ტრავერსებზე ან მათ ქვეშ სადგარებზე ყოფნა.
21. ტვირთის აწევის სქემა და ამწევი ბლოკების განლაგება უნდა შეირჩეს იმ ანგარიშით, რომ არ წარმოიშვას საყრდენის დაზიანების გამომწვევი ძალვ